პროზა

გიორგი მგალობლიშვილი – წითელი აჩრდილების სასახლე

ვუძღვნი დოდონა კიზირიას

I

– დე, ძალიან მცივა, ვიყინები, – შესჩივლა დედას პატარა დეამ.

– ცოტაც გაუძელი, ჩემო ცუგრუმელავ, მალე მივალთ შინ. აი, უკვე გამოჩნდა მისი წითელი სახურავიც, – ალერსიანად უპასუხა ნენემ შვილს, ჩემოდანი ძირს დადგა და ხელი სისხლისფერი თუნუქის ფურცლებით გადახურულ სახლისაკენ გაიშვირა. მერე თავისთვის ჩაიჩურჩულა, – მგონი, ეს უნდა იყოს…

დედა-შვილი ნელა მიიწევენ წინ, ფრთხილად დგამენ ყოველ ნაბიჯს ყინვისაგან მოლიპულ ქვაფენილზე. ჩრდილოეთის ქარი ავად უზუზუნებთ ყურებში. სიცივისაგან დაბორკილ ფეხებს გაჭირვებით მიათრევენ, მაგრამ თანდათანობით მაინც მიილია ეს ყინულოვანი გზა. ორიოდ მეტრი აშორებთ რკინის უზარმაზარ კარიბჭემდე. ჟანგმოდებული ჭიშკარი დიდი წვალებით გააღეს გათოშილი ხელებით და ეზოში შევიდნენ.

– ეს სახლი კი არა, ნამდვილი სასახლე ყოფილა, – თქვა გაოცებისაგან თვალებგაფართოებულმა გოგონამ.

გავერანებულ ბაღში ტოტებდალეწილი ასწლოვანი ხეები თითებმოკვეთილი ხელებივით იყვნენ ცისკენ აღმართულნი. აქ არც ქარის სისინი ისმის და არც სხვა რამ ხმაური, სრული სიჩუმე სუფევს, მაგრამ ეს არ ჰგავს ზამთრის თოვლიანი საღამოს ჩვეულებრივ ნაზ გარინდებას, უფრო დამთრგუნველი და ძრწოლის მომგვრელი მდუმარებაა. ნისლისფერი სასახლე მოჩვენებასავით დგას შუაგულ ეზოში და ასე გგონია, ხელს შეახებ თუ არა, მაშინვე გაქრება. წუნს ვერ დაუდებთ მის გასაოცრად ნატიფ არქიტექტურას, თუმცა მაინც ძალზე უსიამოვნო გრძნობას იწვევს მრუმე სიდიადითა და ცივი იდუმალებით.

დედა-შვილი მდუმარედ გაუყვნენ სასახლისაკენ მიმავალ წვრილი ქვით მოკირწყლულ გზას, რომელზეც მოდებული, თოვლის ფიფქებით დაფარული, ხმელი ბალახი ყინვას საოცარი სილამაზით შეეჭირხლა.

როდესაც ნენემ ჭრიალით მიხურა მუხის მძიმე სადარბაზო კარი, ჰოლი სრულმა სიბნელემ მოიცვა. კედლებიდან ისეთი სიცივე მოდის, თითქოს ყინულის ლოდებისგან იყოს ნაშენი. ბინდშეპარული დღის შუქი ვერ აღწევს ჭუჭყით ჩაშავებულ უშველებელ ფანჯრებში. ქალმა ხელისცეცებით მიაგნო ჩამრთველს და სინათლე აანთო. ობობას ქსელში გახვეული უზარმაზარი ჭაღი ჭრაქივით ბჟუტავს. ჭერი აბლაბუდებითაა დაფარული. ჩამოხრჩობილ ადამიანებს ჰგვანან გვერდზე გადაწეული ნაცრისფერი ფარდები. მტვრის სქელი ხალიჩა ფარავს იფნის ძველთაძველ პარკეტს, რომელიც ფეხის ყოველ დადგმაზე ავად ჭრიჭინებს.

ფეხაკრეფით დადიან დედა-შვილი მდუმარებითა და სიცარიელით სავსე დარბაზებში. ყველაფერი ისეთი მოუვლელი და უკაცურია, რომ ეტყობა დიდი ხნის წინ მიატოვეს აქაურობა ადამიანებმა.

ჰოლის ბოლოში კიდევ ერთი კარი შენიშნეს. ოთახში დიდებული ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. ნენეს სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა თაროებზე მიჯრით მიწყობილ ძვირფას ყდებში ჩასმულ წიგნებს და სათაურებს შეავლო თვალი, თითქმის ყველა მათგანი ყოფილი საბჭოთა იმპერიის იდეოლოგების შრომები აღმოჩნდა. ამის დანახვაზე ისე დაემანჭა სახე, თითქოს შხამით სავსე ფიალა დაეცალოს. წარსულის საზარელ აჩრდილებზე ფიქრით გულდამძიმებული ქალი ნელა მიაბიჯებს მტვრიან ხალიჩაზე. უცებ დეას წკრიალა ხმა მოესმა:

– დე, ეს ულვაშიანი კაცი ვინ არის? – ჰკითხა ნენეს გოგონამ და გაიშვირა თითი ოთახის ბნელ კუთხეში კედელზე დაკიდებულ მცირე ზომის პორტრეტისაკენ.

– ის არის სტალინი, რომელიც სატანაზე უფრო დაუნდობელი და სისხლისმსმელი იყო. ამ ბნელეთის მოციქულმა მილიონობით ადამიანი გაჟლიტა. ეს კაცი ქართველი იყო, თუმცა სამშობლოსაც ულმობლად მოექცა. ხვალ ზუსტად ასი წელი ხდება, რაც წითელმა არმიამ აიღო თბილისი. – მისდაუნებურად ოდნავ უხეში ხმით უპასუხა დეას მამაკაცის ჭორფლიანი სახის დანახვით გაღიზიანებულმა ქალმა. მერე სევდიანად დაამატა, – სტალინის ბრძანებით დახვრიტეს შენი დიდი პაპა.

ათიოდე წლის გოგონას კარგად არ ესმის დედის მიერ მოყოლილი ამბების აზრი, მაგრამ მთელი არსებით გრძნობს, რომ წინათ რაღაც დიდი საშინელება მომხდარა. მუდამ მხიარულად მოციმციმე თვალებში შიში ჩაუსახლდა. ქალმა უმალ შეამჩნია დეას შეკრთომა, ხელები მოხვია, გულში მაგრად ჩაიხუტა და თავზე სათუთად აკოცა.

– ნუ გეშინია, შვილო, – დედამ ნაზად ჩაუჩურჩულა ყურში ბავშვს. – ახლა კი გავიდეთ აქედან, თორემ ცუდ გუნებაზე გვაყენებს ეს საუკუნის წინანდელი აჩრდილებით სავსე ბიბლიოთეკა.

დედა-შვილი ჰოლში გამოვიდნენ და ხის განიერ კიბეს ზემოთ აუყვნენ. გრძელი და ფართო დერეფნის ორივე მხარეს ჩარიგებულ საძინებლებიდან ერთ-ერთში შევიდნენ. ნენემ თითი ჩამრთველს შეახო თუ არა, მტვრით დაბურულმა ჭაღმა ოთახი მკრთალად გაანათა. კედელში ჩაშენებულ პატარა ბუხრის გვერდით შეშით სავსე ხის ყუთი იდგა.

დედამ გოგონას სიცივისაგან სილურჯე შეპარულ სახესა და ხელებს შეავლო თვალი. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ბუხარს, წლების წინ დარჩენილი ჩამქრალი მუგუზლები შეაქუჩა, ყუთში ჩალაგებულ შეშას პაწაწინა წკირები ჩამოაცალა და შექუჩებულ ნამწვავებში ჩაყარა. ქურთუკის ჯიბეები მოიჩხრიკა, ასანთი ამოიღო და ბუხართან ჩაიჩოქა. ცოტა ხანში ნახევრად ჩაბნელებულ ოთახის კედლებზე მოღუღუნე ცეცხლის მხიარული ათინათი ალიცლიცდა.

ქალმა გადახადა მტვრიანი შალითა ბუხართან მდგარ სავარძელს, რომელშიც შეცივებული ბავშვი ჩააჯინა. ორიოდე წუთით თავადაც ჩამოჯდა სავარძლის რბილსა და განიერ სახელურზე. სითბომ ძარღვებში გაყინული სისხლი აუმოძრავა, გახევებულ სხეულს ნელ-ნელა დაუბრუნდა ადრინდელი მოქნილობა. ცოტა რომ შეთბა, წამოდგა. ჩანთიდან ამოიღო ხაჭაპური, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი, თერმოსით ჩაი და პატარა, მრგვალ მაგიდაზე დაალაგა.

როდესაც ვახშმობა დაასრულეს, ნენემ ფრთხილად დაკეცა საწოლზე გადაფარებული სქელი ქსოვილი, ბუმბულის საბანი ცეცხლს მიაფიცხა. გაწმინდა ფანჯრის მინა, რათა გარეთ გაეხედა. მოუვლელობისა და დრო-ჟამისაგან შეუბრალებლად გაპარტახებული ბაღი წყვდიადში ჩაძირულა. მთვარე ნაცრისფერ ღრუბლებში ხან მიიმალება, ხან ცოტა ხნით გამოაჩენს სავსე პირ-სახეს, მისი ნაზი შუქი ულამაზეს ფერებით მოსავს ციდან ბზრიალ-ტრიალით მომავალ ლამის მუშტისოდენა ფიფქებს. ქალმა თავი უკან გადასწია და უცებ ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ჰაერში მიფრინავდა, ამან ბავშვობა გაახსენა და სევდიანად გაიღიმა.

ბუხარში მოგუზგუზე ცეცხლს ერთიანად მოეთენთა სიცივით დაღლილი დეა. თავთუხისფერი კულულები საყვარლად ჩამოშლია ავარდისფერებულ ლოყებზე. სავარძელში კატასავით მოკუნტულს ზღვისფერი თვალები მიენაბა. ნენემ ქვეშაგებს ჩემოდნიდან ამოღებული თეთრეული გადააგო, ნახევრად მძინარ ბავშვს ტანსაცმელი გახადა და ლოგინში ჩააწვინა.

II

გარეთ უკვე კარგად ინათა, თუმცა დედა-შვილის საძინებელი ოთახი ისევ განთიადის ბინდბუნდშია ჩაძირული. ნენე ნელ-ნელა იღვიძებს, მისი ჯერ კიდევ მთვლემარე გონება უსიამოვნო განცდამ მოიცვა, გულისრევის შეგრძნება ახრჩობს. გრძნობს, რომ სრულიად შიშველი წევს ლოგინში. ბუნდოვნად აგონდება ღამით მომხდარი რაღაც კოშმარის მსგავსი საშინელებები და ზიზღით ებრიცება ტუჩები. ქალი ვერ გარკვეულა ეს ამაზრზენი ამბავი ცხადი იყო თუ სიზმარი. მთელი სხეული ისე უთრთის, თითქოს საზარელი მოჩვენება ენახოს.

ნენემ თვალები ძლივძლივობით გაახილა. ბანგდალეულივით უბრუის თავი. გაიხედა იმ მხარეს, სადაც მწოლიარე შვილი ეგულებოდა, მაგრამ ის არც ლოგინში იყო და არც ოთახში. ქალს ელდა ეცა, სულ გადაავიწყდა ღამეული თავგადასავალი, რომლის გახსენებამაც ასე შეზარა.

ელდანაცემივით წამოვარდა ლოგინიდან. ტანთ სწრაფად იცვამს, თან გულგახეთქილი ეძახის შვილს, მაგრამ ხმას არავინ სცემს, მხოლოდ ყრუ სიჩუმე პასუხობს პირქუში მდუმარებით. უცებ კედელზე ჭიკარტით მიკრული ქაღალდის ნაგლეჯი შენიშნა, სადაც წვრილი ასოებით რამდენიმე პწკარი ეწერა: „შენი მშვენიერი გოგონა თუ გსურს კვლავ იხილო, სარდაფში ჩადი, მოძებნე წითლად მანათობელი სარკე და დახუჭული თვალებით მაგრად მიეკარი მას!..“

დედამ უმალვე იცნო დეას ლამაზი კალიგრაფია და ცრემლმორეულმა გაიფიქრა, ჩემს პატარა გოგონას შეუძლებელია თავად დაეწერა ამგვარი შინაარსის ტექსტი, ალბათ ვიღაცამ უკარნახა…

აცახცახებული ხელებით ნენემ ჩემოდნიდან ფარანი ამოიღო და ოთახიდან გამოვარდა, სწრაფად დაეშვა კიბეზე. ძლივძლივობით მიაგნო სარდაფში ჩასასვლელ პატარა კარს და ქვის ვიწრო, წყვდიადით მოცულ საფეხურებს ფრთხილად ჩაუყვა.

ქალი გაფართოებულ თვალებს დაბნეულად აცეცებს სიბნელეში, ავბედითი წინათგრძნობით დაზაფრულ გულს ბაგაბუგი გაუდის, ხელისგულები ცივი ოფლით დანამვია, მუხლები უსაშველოდ უკანკალებს, მაგრამ მაინც მიიწევს წინ. მალე კიდევ ერთ კარს მიადგა, რომლის ჭუჭრუტანებიდანაც სისხლისფერი სინათლე ჟონავს.

კარი გააღო და ოთახში ფეხი შედგა თუ არა, ქალი დააბრმავა კაშკაშა წითელმა შუქმა, რომელიც კედელთან მდგარი უზარმაზარი მიჭვრიტანიდან იღვრება. როდესაც თვალი შეაჩვია ამ ალისფრად მოელვარე ნათებას, დაინახა, რომ სარკეზე ხან ცელისა და ადამიანის თავის ქალის გამოსახულება ჩნდება, ხან კი ნამგლისა და უროსი.

ნენეს წამით მოეჩვენა, თითქოს ეს ლალისფერი სხივები სისხლის წვეთებია, რომლითაც ისე იჟღინთება მისი სული, როგორც ერთ დროს გარედან ტყვიებით დაცხრილული, ხალხით სავსე მატარებლის ვაგონებიდან დაწრეტილი სისხლით გაპოხილი მიწა. ქალი შიშნარევი ზიზღით შეეხო ავად მოელვარე სარკეს. მკვეთრმა ნათებამ თავისთავად დაახუჭვინა თვალები. მთელი ტანით მიეკრა მიჭვრიტანას, რომლის ცივი, მყარი ზედაპირი სხეულის სითბომ თანდათანობით გაალღო. ნენე გრძნობს ნელ-ნელა როგორ შედის თაფლივით სქელ, ბლანტ მასაში. სულ უფრო მეტად უჭირს სუნთქვა, ასეთი შეგრძნება ჰქონია ზღვაში ღრმად ჩაყვინთვისას. როდესაც გონების დაკარგვას ცოტაღა აკლდა, უცებ ფილტვები კვლავ გაივსო მაცოცხლებელი ჟანგბადით.

ქალმა თვალები გაახილა და მძიმე, ნოტიო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ირგვლივ მიმოიხედა, მიხვდა, გვირაბის ნესტიან კედელს იყო მიყრდნობილი, რომლის ბოლოში ნაცრისფერი სინათლე ჩანდა. თავბრუ ოდნავ ესხმის, ჯერ კიდევ სრულად არ მოსულა გონს. უცებ თვალი მოკრა სიბნელეში მბრწყინავ პატარა საგანს. ფარნის სუსტ შუქზე შეათვალიერა და იცნო დეას თმის სარჭი. ცრემლმორეულმა ნენემ ეს უსულო ნივთი ცოცხალ არსებასავით ჩაიკრა მკერდში, მხნეობა ერთბაშად დაუბრუნდა და ფეხს აუჩქარა.

III

გვირაბიდან გამოსულ ნენეს თვალწინ გადაეშალა პირქუში, ნაცრისფერი ქალაქი. ქუჩებში კანტიკუნტად თუ ჩაივლიან მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მოდელის ავტომობილები. ქალმა უეცრად ვიღაცის ხელის მსუბუქი შეხება იგრძნო მხარზე, მოულოდნელობისაგან შეკრთა და სწრაფად შემოტრიალდა.

– მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი შეშინება. ნენე შერვაშიძე ხართ, არა? მე ლიზა რაბსკაია ვარ, ბატონი საფინის პირადი მდივანი. – დაბალი, მელოდიური ხმით ამბობს ჭოკივით მაღალი, ფერმკრთალსახიანი ქალი, რომელიც ორმოცდახუთ წლამდე თუ იქნება. რუხი პიჯაკი და ვიწრო, მუხლამდე ქვედაბოლო კოხტად ადგას ტანზე. საოცრად ლამაზი, ნატიფი ნაკვთების მიუხედავად მაინც ყინვისაგან დამზრალი ვარდივით უსიცოცხლო და უფერულია.

– დიახ, მე ვარ. რა გნებავთ? – მკვახედ მოუჭრა ნენემ, თან ცდილობს გამოიცნოს, ვინ შეიძლება იყოს საფინი. უეცრად გაახსენდა რომელიღაც წიგნში ამოკითხული ეს ავბედითი სახელი…

– ბატონმა საფინმა პირადად დამავალა, რომ მასთან მიგიყვანოთ. თუ შეიძლება გამომყევით! – მშვიდად უპასუხა ლიზამ და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.

– ნეტავ რად უნდა ჩემთან შეხვედრა?! – ჩუმად ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა ნენემ. იქნებ მასთანაა დეა, გაუელვა თავში და ჩრდილივით აედევნა მდივან ქალს.

რაბსკაიამ გახედა ნენეს და თბილი, მეგობრული ღიმილით მიუგო: – მე ნამდვილად არ ვიცი, რა სურს თქვენგან ბატონ საფინს, მაგრამ გაფრთხილებთ, მისი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ უნდა შეასრულოთ, თუ გინდათ აქედან გააღწიოთ.

– ხომ არ იცით, სადაა ჩემი პატარა გოგონა, დეა მაჩაბელი? – გულისკანკალით ჰკითხა დედამ ლიზას და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ აქვითინებულიყო.

– ახლა სწორედ თქვენს შვილთან მივდივართ. ნუ გეშინიათ, ის მართლა კარგად გრძნობს თავს. დილის ექვსის ნახევარზე სასახლეში მოიყვანა ბატონმა საფინმა ნახევრად მძინარე ბავშვი, მე კი მასზე ზრუნვა მიბრძანა. – უპასუხა მდივანმა ქალმა.

ობობას ქსელივით დახლართულ ქუჩებში გვერდი-გვერდ მიაბიჯებს ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ქალი: ერთ მათგანს სიცოცხლითა და სურვილებით სავსეს, ბოკვერ წართმეული ძუ ვეფხვივით მრისხანებით უელავს სმარაგდისფერი თვალები; მეორეს კი საერთოდ არ უცემს მკერდში გული, სისხლისაგან მთლიანად დაწრეტილი ისე დგამს ნაბიჯებს, თითქოს დასაქოქი თოჯინა იყოს.

შორიდან უცნაური ყრუ გუგუნის ხმა მოისმა, რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ უზარმაზარ მოედანზე გავიდნენ, სადაც ზღვა ხალხი იყო შეკრებილი და თავგამოდებით გაჰყვიროდნენ: „არა თავისუფლებას, გაუმარჯოს მონობას!“ მიტკლისფერ სახეებზე ერთი ნაკვთიც არ უტოკავთ, თითქოს თეთრი ფაიფურის ნიღბები აუფარებიათ. შუშისებრი თვალებით უაზროდ იმზირებიან. ტრანსპარანტებზე, რომლებიც მათ უჭირავთ ხელში, დიდი, სისხლისფერი ასოებით ეწერა: „ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი მხოლოდ მონაა, რადგან იგი არაფერზე ზრუნავს საკუთარი თავის გარდა!“ ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ ცნებებისა და ღირებულებების სრული აღრევაა, გაიფიქრა ამ სანახაობით განცვიფრებულმა ნენემ.

ლიზა ერთი თვალის შევლებით მიხვდა, რა კითხვები აწვალებდა მის თანამგზავრს და სწრაფად დაიწყო ახსნა: – მონურ ფსიქოლოგიასაც აქვს თავისი უპირატესობა და ხიბლი, მონისაგან არასოდეს ითხოვენ რაიმე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. მონობა ჰგავს მატარებელს, რომელიც ლიანდაგიდან ვერსად გადაუხვევს; თავისუფლება კი შუა ზღვაში მცურავი გემივითაა, რომელსაც კაცმა არ იცის, საით წაიყვანს ბობოქარი ტალღები. ეს ხალხი სრულიად უუფლებოა და სწორედ ამით არის ბედნიერი. ამ ფენის გარდა კიდევ არსებობს ძალზე პრივილეგირებულ ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფიც, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნიათ, კანონის უგულებელყოფასაც არ ერიდებიან, როცა სჭირდებათ. თუმცა საზოგადოების ეს ორი ფენა თავისი არსით ერთმანეთის მსგავსია: მათ მუდამ თან სდევთ დაუძლეველი შიში იმისა, რომ ოდესმე უსათუოდ მოხვდებიან ჯოჯოხეთში. ისინი სინდისის ქენჯნის გარეშე აბეზღებენ, ხალხის მტრად აცხადებენ ურთიერთს, რათა თავად გადარჩნენ, სხვებს კი გზას ულოცავენ მარადიულ ცეცხლში დასაწვავად.

რაბსკაიას მეტად უცნაური და ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ნაამბობის მიუხედავად ნენე მაინც მიხვდა, რომ ისინი რაღაც მანქანებით ცოცხალთა და მკვდართა სამყაროს შორის არიან გაჩხირულნი.

ფიქრებში წასულმა ორმა ქალმა ისე გაიარა დარჩენილი მანძილი, რომ ერთი სიტყვაც აღარ უთქვამთ ერთმანეთისთვის. თაღოვან ხიდზე გადავიდნენ, რომლის ქვეშსაც გამაყრუებელი ღრიალით მოჰქუხს მეწამურისფერი მდინარე. მარცხენა მხარეს გადაუხვიეს და მწვანეში ჩაფლულ სასახლის წინ აღმოჩნდნენ. შენობას უკნიდან მოუარეს, ლიზამ გასაღებით გააღო რკინის პატარა ჭიშკარი და შევიდნენ ზურმუხტისფრად აღაღანებულ ბაღში.

IV

– გთხოვთ, თავი მოიწესრიგეთ, ვიდრე ჩვენს ბელადს შეხვდებით. აი, იქ სააბაზანოა, სადაც გელოდებათ ორი მოსამსახურე. ბატონმა საფინმა თავად შეგირჩიათ სამოსი, რომელიც შიშველ ტანზე უნდა ჩაიცვათ. ისეთი გამჭვირვალე და შეჭრილ-შემოჭრილია ის კაბა, რომ თუ ფრთხილად არ იქნებით შესაძლოა მთლიანად გაშიშვლდეთ… ალბათ ამით სურს შეურაცხგყოთ და დაგამციროთ, მაგრამ თუკი შეძლებთ იმ სამოსლის ისე ტარებას, თითქოს ნაბადში ხართ გახვეული, მაშინ თავის ბნელ გულისწადილს ვეღარ აისრულებს! – გადაუჩურჩულა ნენეს მდივანმა ქალმა და მცირე დუმილის მერე დასძინა, – მოიშორეთ მაგ მშვენიერ თვალთაგან ცრემლი, თორემ იგი აბუჩად აგიდებთ, ასე ექცევა ყველა სუსტ არსებას. თქვენ ახლა აუღელვებელი და გულგრილი უნდა იყოთ ყველაფრისადმი.

– გმადლობთ, თქვენს მეგობრულ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ, – ძლივს გასაგონი ხმით უპასუხა ნენემ და ლიზას მიერ მითითებული კარისაკენ გასწია.

კარგა ხნის შემდეგ გაიღო სააბაზანოს კარი და სულ სხვა ქალი გამოვიდა იქიდან. ნენეს ქერა თმასა და სადაფისფერ სახეს საოცრად უხდება მუქი ლურჯი კაბა. დახვეწილი დიზაინით და დიდი ხელოვნებით უნაზესი ქსოვილისაგან შეკერილი სამოსელი სხეულს აკვდება, ყველა ნაკვთი ისე მკვეთრად ჩანს, თითქოს ქალი შიშველი იყოს. ჩამოქნილ ფეხებს მაღალქუსლიანი ზღვისფერი ფეხსაცმელი უმშვენებს. დერეფანში გამოსულ ნენეს ლიზა აღფრთოვანებული შეჰყურებს.

ნენე მშვიდი, გრაციოზული ნაბიჯებით მიუახლოვდა. რაბსკაია მიხვდა, რომ მის წინ მდგარი ქალი იოლად შესაშინებელი და დასამონებელი არ იყო. პირიქით მისი ნაზი სახის ამაყი გამომეტყველება მორიდებასა და პატივისცემას იწვევდა.

მდივანმა ქალმა ფრთხილად დააკაკუნა კაბინეტის კარზე. ყრუდ მოისმა მამაკაცის ოდნავ ჩახრინწული ხმა: – მობრძანდით! უცებ ნენე მღელვარებამ მოიცვა. საუკუნედ მოეჩვენა ის რამდენიმე წამი, რომელიც დასჭირდა ლიზას კარის გასაღებად, მაგრამ როგორც კი ოთახში შევიდა, მყისვე გაუქრა ყოველგვარი შიში და შფოთვა სცენაზე გასული მსახიობივით.

V

უზარმაზარი კაბინეტის თითქმის ყველა კედელი წიგნების კარადებით იყო დაფარული. იატაკზე სქელი წითელი ხალიჩა ეგო. დიდი ფანჯრების წინ, საიდანაც ბაღის ულამაზესი ხედი იშლება, იდგა რბილი დივანი და რამდენიმე სავარძელი.

წიგნებითა და ფურცლებით დაფარულ საწერ მაგიდასთან დგას ჩია ტანის მამაკაცი, რომელსაც სწორი, ჭაღარაშეპარული თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი, ტუჩის კუთხეში ოქროს ჩიბუხი გაეჩარა და ყურადღებით უცქერდა ოთახში შესულთ.

საფინს წყრომა გაუკრთა მუქ წაბლისფერ თვალებში, როდესაც ნენეს ამაყი და თითქმის დამცინავი ღიმილი დაინახა, მაგრამ ნაყვავილარი სახე თანდათან ქალისადმი აღფრთოვანებული გამომეტყველებით შეეცვალა.

– აქეთ მობრძანდი, ნენე. თქვენ კი ლიზა დროებით თავისუფალი ხართ…

რაბსკაიამ თავი მდაბლად დაუკრა მბრძანებელს და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. ოქროს ჩიბუხიანმა კაცმა თავაზიანად მიაცილა სტუმარი სავარძლამდე.

ქალი და მამაკაცი მდუმარედ სხედან ერთმანეთის პირისპირ, თვალებით სინჯავენ, აფასებენ ურთიერთს. ბოლოს დედის გულმა ვეღარ გაუძლო ხანგრძლივ დუმილს და ერთადერთი კითხვა დაუსვა:

– სად არის ჩემი შვილი?

– დეა აქ არის, ლიზა მიგიყვანს მასთან, როგორც კი საუბარს დავასრულებთ.

– გისმენთ! – ცივი ღიმილით თქვა ქალმა.

– აქ იმისათვის შემოგიტყუე, რომ რამდენიმე სურვილი შემისრულო. ამ საღამოს დიდი წვეულება იქნება, სადაც მთელი აქაური რჩეული საზოგადოება მოიყრის თავს. მათ უნდა უთხრა, რომ ახლა დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში გამეფებულია წითელი დიქტატურა და ჩემი სახელი სულ უფრო მეტად იმოსება დიდების შარავანდედით. და კიდევ, შენთან დაწოლა მინდა…

– არც ერთ მოთხოვნას არ შევასრულებ, თუნდ აქვე მომკლათ! – გაოგნებული და შეურაცხყოფილი ნენე სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. – თქვენ ალბათ იცით, რომ ადამიანთა გვამებზე დაფუძნებული სისხლიანი იმპერია კარგა ხანია დაიშალა, აღარ არსებობს. თავად დრომ გამოგიტანათ უმძიმესი განაჩენი, რომელიც ყველაზე პირუთვნელი და ულმობელი მსაჯულია.

– ჰო, ყველაფერი ვიცი… მაგრამ დრო ხომ ცვალებადია, ხალხის განწყობაც მუდმივად იცვლება, და, ვინ იცის, იქნებ კვლავ შემობრუნდეს დროება ჩვენს სასიკეთოდ… თუმცა შენ ჩემი იდეოლოგიური მტერი ხარ, ახლა ფიზიკურად კი არ გაგანადგურებ, არამედ ჩაგიკლავ მაგ ამაყ სულს და როდესაც დაუბრუნდები ცოცხალთა სამყაროს, ყოველ წუთს იგრძნობ საშინელ ზიზღს საკუთარი თავისადმი, ვერასოდეს მოიშორებ იმ უხილავ დაღს, რომელსაც მე დაგასვამ. მოწინააღმდეგე უნდა აიძულო გააკეთოს ის, რაც მის მრწამსს სრულიად ეწინააღმდეგება, – ეუბნება საფინი, თან ნება-ნება აბოლებს ოქროს ჩიბუხს. – და თუ უარს იტყვი ჩემს წინადადებებზე, მაშინ სამუდამოდ დარჩები აქ და ხუთი-ექვსი წლის შემდეგ შენს ქალიშვილთანაც კარგად გავერთობი.

ამ ამაზრზენმა მუქარამ დედა სულის სიღრმემდე შეაძრწუნა, მაგრამ სახეზე მალევე აიფარა გულგრილობის ნიღაბი. ქალი მიხვდა, რომ ახლა აუცილებელი იყო დროის მოგება და შეეცადა რაც შეიძლება მშვიდად ეკითხა: – კარგით, ვიფიქრებ. როდის შეგვეძლება მე და ჩემს შვილს დავტოვოთ აქაურობა თუკი დავთანხმდები თქვენს უხამს სურვილებს?

– დღეს, შუაღამისას, თორმეტი საათის შემდეგ მე თავად წარგიძღვებით წინ თქვენი სამყაროსაკენ მიმავალ გზაზე.

– რატომ უნდა წავიდეთ მაინცდამაინც ღამის თორმეტი საათის მერე?!

– სატანამ ასე განაწესა. მე მხოლოდ შუაღამეს შემიძლია აქედან გასვლა და ვიდრე ინათებს აუცილებლად უნდა დავბრუნდე უკან.

– რა სატანა? მართლა ხომ არ შეიშალეთ?!

– ჯერჯერობით სრულ ჭკუაზე ვარ, – ღიმილით უპასუხა ნაყვავილარ სახიანმა კაცმა. – მე ვიყავი ეშმაკის მოციქული დედამიწაზე, ეს ამბავი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გავიგე, როდესაც კაცთმოყვარე ღმერთმა ხელი მკრა და ჩამაგდო ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში.

– კი მაგრამ, თქვენ ხომ ათეისტი იყავით და ახლა რამ მოგალანდათ ღმერთი და ეშმაკი?!

– არა, მე ყოველთვის რეალისტი ვიყავი, მხოლოდ იმის მჯეროდა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, – მიუგო საფინმა და მშვიდად გააგრძელა, – იქიდან სატანამ გამომიყვანა და მითხრა: „რახან პირნათლად მემსახურებოდი იმქვეყნად ყოფნისას, ახლა მადლიერების ნიშნად აქ შეგიქმნი იმის მსგავს იმპერიას, რაც იქ გქონდა. ამავდროულად ავაშენებ ერთ სასახლეს დედამიწაზე, საიდანაც შეგეძლება შენი თაყვანისმცემელი ადამიანების საშუალებით ზეგავლენა მოახდინო იქაურ მოვლენებზე. ამით კიდევ ერთხელ გამიწევ დიდ სამსახურს, მაგრამ დრო, ან სხვა რამ თუ შემუსრავს იმ შენობას, გაქრება ეს შენი სამფლობელო და შენც ისევ გეენის მწველი ალით შეიტრუსები“.

– ადამიანები მუდამ საცოდავ ეშმაკს აბრალებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს. სატანა სადარბაზოს კარის წინ დაფენილ ტილო ჰგავს, რომელზეც ყოველ ჩვენგანს შეუძლია გაიწმინდოს ლაფში ამოსვრილი ფეხსაცმელი. – ნენეს ირონიას მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია და თხრობა განაგრძო:

– როდესაც ცოცხალთა სამყაროში გადავდივარ, ჩემი სხეული სრულიად უწონო და უძალო ხდება, სასახლის კედლებს შორის კი ფრენა-ხეტიალი თავისუფლად შემიძლია.

– თუ თქვენი ფიზიკური სხეული იმქვეყნად მართლაც უძალო აჩრდილად გარდაიქმნება ხოლმე, მაშინ როგორ შეძელით დეას მოტაცება?!

– იმ სასახლეში ღამით დარჩენილ, მძინარ ადამიანს შემიძლია ნებისმიერი რამ შთავაგონო და გავაკეთებინო. წუხელ მთელი ერთი საათი გაცეკვე სრულიად შიშველს. მონუსხული ვუყურებდი შენს გასაოცარ როკვას. შენი მოქნილი ტანი ისე იხრებოდა აქეთ-იქით, როგორც ნორჩი ლერწამი ქარში…

– გაჩუმდით, გარყვნილო ბებერო! – თავისდაუნებურად აღმოხდა ქალს.

– შიშველი ცეკვა არა მგონია გარყვნილება იყოს. ალბათ ამგვარად უამრავჯერ გიროკავს ქმრის წინაშე, – მხიარულად თქვა საფინმა, ეტყობოდა ძალზე სიამოვნებდა ნენეს გაბრაზება.

– ამაზრზენი და გულის ამრევი თქვენი საქციელია და არა თავად დედიშობილა ცეკვა. რაღაც მანქანებით ჩემს მძინარე გონებას მთლიანად დაეუფლეთ და ისე მომეპყარით, როგორც უსულო თოჯინას. აი, ესაა ყველაზე უფრო ზიზღის მომგვრელი.

– რით შემიძლია გამოვისყიდო ეს მცირედი დანაშაული?!

– თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურდეს რაიმე დანაშაულის გამოსყიდვა.

– აჰა, შენ იმდენად დიდ არამზადად მიგაჩნივარ, რომ ჩემთან არც კი ღირს ზნეობასა და მორალზე საუბარი?

– დიახ, ასეა სწორედ!

– ასეთი გულწრფელობა და სიმამაცე ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, თუმცა ამავე დროს მართობს და ძალზე მაოცებს. საფუძვლიანად შევისწავლე შენი სულის ანატომია და დავასკვენი, რომ დადებულ პირობას ყოველთვის შეასრულებ.

– მე თქვენთვის ჯერჯერობით არანაირი პირობა არ მომიცია.

– მაგრამ თუ ჩემს რომელიმე მოთხოვნას დათანხმდი, მაშინ პირნათლად შეასრულებ დადებულ შეთანხმებას, არა?

– დიახ, – ოდნავი ყოყმანის შემდეგ მიუგო ნენემ.

– კარგი, მაშინ კიდევ ერთ წინადადებას შემოგთავაზებ, – ამბობს საფინი. – დასავლური დემოკრატიის მზე თანდათანობით ჩაესვენება ისტორიის ბნელ ჰორიზონტს მიღმა. მისი სახელი იმდენად შეიბღალა ბოლო დროს, რომ ის უკვე ვეღარავისთვის იქნება მორალური კომპასი. დემოკრატიამ სრულად ამოწურა საკუთარი თავი და ფიქციად იქცა…

– არაფერია სრულყოფილი ცოცხალთა სამყაროში და არც დემოკრატიაა იდეალური და უხინჯო, მაგრამ ის უდავოდ საუკეთესოა დანარჩენ პოლიტიკურ სისტემებს შორის, – აღშფოთებულმა ქალმა სიტყვა გააწყვეტინა საფინს. – ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს სურს ისეთ სახელმწიფოში იცხოვროს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, სამართლიანობა, პიროვნული თავისუფლება, მატერიალური კეთილდღეობა… ყოველივე ამის მიღწევის შესაძლებლობას მხოლოდ დემოკრატია იძლევა.

– არ ვაპირებ ამ საკითხზე დავის გაგრძელებას, რადგან კამათი თითქმის ყოველთვის დროის ფუჭად კარგვაა. ადამიანების დარწმუნების სულ სხვა მეთოდებს ვარჩევ, – გულგრილად მიუგო მამაკაცმა. – მე მსურს აღვადგინო ჩემი ყოფილი იმპერია. ამ მისიის შესრულება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომლის მფლობელობაშიც ეს სასახლე გადავა. ჯერჯერობით შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ვინც გადააბიჯა იმ სახლის კარის ზღურბლს. თუ ჩემს ნებას დაჰყვები და უსიტყვოდ დამემორჩილები, უდიდესი იმპერიის მმართველი გახდები.

– მე არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გამაჩნია ასეთი დიდი საქმის განსახორციელებლად, – თქვა გაკვირვებულმა ნენემ.

– მთავარია შენ დათანხმდე ამ წინადადებას. მე მოგანიჭებ ცოდნასა და ძალას, რათა წარმატებით დააგვირგვინო ეს საქმე. ახლა კი შეგიძლია წახვიდე და შენი პატარა გოგონა მოინახულო. ორი საათის შემდეგ რაბსკაია მოგიყვანს ჩემს საძინებელ ოთახში და იქ უნდა მამცნო საბოლოო გადაწყვეტილება.

VI

საფინის კაბინეტიდან გამოსულმა ნენემ თავისუფლად ამოისუნთქა. დერეფანში მდგარმა ლიზამ, რომელიც მას ელოდებოდა, თანაგრძნობით გაუღიმა და კითხვით სავსე თვალები მიაპყრო ქალს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

– ნენე, უბედურება უძირო უფსკრულში ჩამავალ კიბეს ჰგავს. მე რამდენიმე საფეხურით უფრო დაბლა ვიყავი ჩასული მწუხარების ამ პირქუშ კიბეზე, ვიდრე თქვენ ხართ ახლა. სისუსტემ მძლია, – მიმართა რაბსკაიამ და უცებ თავისი სევდიანი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო, – იმ ნაყვავილარი მამაკაცის ბრძანებით მთელი ჩემი დიდი ოჯახი ერთიანად ამოწყვიტეს. ერთადერთი შვილიც კი არ დამიტოვეს. ამის შემდეგ სიცოცხლეს რაღა აზრი ჰქონდა, მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც განვაგრძობდი არსებობას. უხმო ქვითინში ვათენ-ვაღამებდი. ღამით თითქმის არ მეძინა, სინდისის ქენჯნა მახრჩობდა და თავისუფლად სუნთქვა ძლიერ მიჭირდა. დანაშაულის განცდა ისეთი მძაფრი იყო, თითქოს მართლა ამ ხელებით დამეხოცოს ისინი. რატომ არ დამხვრიტეს მათთან ერთად?! – განუწყვეტლივ ვეკითხებოდი საკუთარ თავს ულმობელი ჯალათივით. მე მხოლოდ სიძულვილის გრძნობა მასულდგმულებდა, მაგრამ ისიც უნაყოფო გამოდგა. ერთ დღეს იმდენად აუტანელი გახდა ეს სულისშემხუთველი სიცარიელე, რომ თავადაც არ ვიცი, როგორ შევხტი ფანჯრის რაფაზე. წამით მოვავლე თვალი რუხ, დაღვრემილ გარემოს და მერვე სართულიდან გადავეშვი…

– სულ მიკვირდა თქვენისთანა კარგი ადამიანის სული აქ როგორ მოხვდა-მეთქი და, აი, თურმე რა ყოფილა, – თქვა ნენემ წრფელი თანაგრძნობით და საკუთარი ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქდა ლიზას ტრაგიკული მონათხრობის მოსმენის მერე.

– ქვაფენილზე დანარცხებისთანავე ჩემმა გაწამებულმა სულმა დატოვა ერთიანად დალეწილი სხეული, – მიუგო მწუხარე სახით მდივანმა ქალმა. – მეორე დღეს წარვდექი ღვთის წინაშე. ჩემთვის განაჩენის გამოტანას დიდი დრო არ დასჭირვებია, მან როცა ჩაიხედა ცოდვილთა უშველებელ წიგნში და რაბსკაია ლიზას გვარ-სახელის გასწვრივ ამოიკითხა სისხლისფერი მელნით დაწერილი ავისმომასწავებელი სიტყვა „თვითმკვლელი“, მაშინვე შავეთის გზას გამიყენა. იქ ზუსტად თექვსმეტი უსაზარლესი წელი გავატარე და ენით აღუწერელი წამება გავიარე. ის ადგილი გაუსაძლისი ტკივილის, გულისგამრღვევი მწუხარების, უსასოობის საუფლოა. შედედებული, სუნთქვაშემკვრელი წყვდიადი მუდმივად აწვა ქვესკნელის ტუსაღებს თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ენთო უზარმაზარი კოცონები. ყოველი მხრიდან ისმოდა ცოდვით დაცემულ სულთა გულგამგმირავი გმინვა-გოდება. თონესავით გახურებული ჰაერი ათასგვარი საშინელი მყრალი სუნით იყო გაჟღენთილი. მე ცეცხლოვან ხაროში ვიყავი ჩამწყვდეული, მთელ ტანზე ნელი ცეცხლი მქონდა მოდებული, არაადამიანური ტკივილისაგან ვხაოდი, კუდზე ფეხდაბიჯებული გველივით ვიკლაკნებოდი. დროდადრო დანახშირებული ხორცის ნაფლეთები ცვიოდა ძირს და როდესაც მხოლოდ ძვლებიღა ვრჩებოდი, უცებ ისევ შეიმოსებოდა კვამლისაგან გაშავებული ჩონჩხი ახალი, ქუთქუთა ხორცით, რათა კვლავ ნაცრად ქცეულიყო და ასე გრძელდებოდა დაუსაბამოდ. ზოგჯერ ამომათრევდნენ საზიზღარი, მახინჯი ჭინკები იმ საზარელი ორმოდან და ძალით წამიყვანდნენ საბანაოდ ადუღებულ კუპრის ტბაში, თან ურცხვად მიფათურებდნენ ბილწ ხელებს დამწვარ-დადაგულ სხეულზე. მწუხარებითა და სინანულით ისე მეღვენთებოდა სული, თითქოს სანთელი ყოფილიყო. ხანდახან თავად სატანა შემოიპარებოდა აალებულ გონებაში და მაჩვენებდა კიდევ უფრო შემაძრწუნებელ სურათებს. მომელანდებოდა, ვითომ არყის სუნით აქოთებული, სადისტურად მოღიმარი ჯალათის წინ ვდგავართ მე და ჩემი ვაჟი, ის კი საცაა გამოკრავს თითს პისტოლეტის სასხლეტს და ტვინს დაანთხევინებს ჩემს შვილს. მე მკერდით ავეფარებოდი ხოლმე გაავებულ ტყვიას, მაგრამ ის წყეული მაინც აღწევდა თავის მიზანს. უკან რომ მოვიხედავდი, უსულო გვამი მხვდებოდა ულამაზესი, აშოლტილი ჭაბუკისა. უეცრად ჩნდებოდნენ ფლასით შემოსილი ძრწოლის მომგვრელი, უთავო მამაკაცები და ცხედარს ასო-ასო ქნიდნენ, შემდეგ ხელ-ფეხს მაგრად შემიკრავდნენ და ლუკმა-ლუკმად დაჭრილ მძორის ნაჭრებს პირში მტენიდნენ. ახლაც ვგრძნობ ჩემი შვილის უმი ხორცის გემოს და გული საშინლად მერევა. ეს რაღაც გაუგონარი, უსასტიკესი წამება იყო. ერთხელ სატანა გავარვარებულ ხაროს პირს მოადგა და ვერაგული წინადადება შემომთავაზა: „ყველანაირი სასჯელისაგან განგათავისუფლებ თუ დათანხმდები საფინთან მდივნად მუშაობას, აღარ მოგიწევს ამ გაუსაძლისი ტანჯვის დათმენა“. მაშინ ყველაფერზე მოვაწერდი ხელს, თვით ყოვლად უკეთური ეშმას მსახურებაზედაც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ რამდენიმე დღით მაინც შეწყვეტილიყო ის სულისა და ხორცის გამქელავი გვემა-წამება. მე უსიტყვოდ დავეთანხმე მორალურად სრულიად გამანადგურებელ წინადადებას. და, აი, უკვე მრავალი წელია, რაც მისი მორჩილი მსახური ვარ. ასე ვიქეცი იმის ყურმოჭრილ მონად, ვინც ყველაზე მეტად მძულდა და მეზიზღებოდა.

VII

ამასობაში ნენემ და ლიზამ ფართო ტალანი გაიარეს, რომლის ჭერი და კედლები მთლიანად მოხატული იყო ჯოჯოხეთის საზარელი სცენებით. რაბსკაია თვალს არიდებდა ამ მართლაც სულის შემძვრელ სურათებს. ეტყობა, არ სურდა გაეხსენებინა ის ტკივილი, რაც იქ ყოფნისას განიცადა. მათ რამდენიმე დახურულ კარს ჩაუარეს და ერთ-ერთის წინ შეჩერდნენ.

ტახტზე ფეხმორთხმით მჯდარი პატარა გოგონა შიშჩამდგარი თვალებით მიჩერებოდა კარს, რომელიც უეცრად გაიღო და ოთახში ნენე და ლიზა შემოვიდნენ. გახარებული დეა ლოგინიდან ჩიტივით წამოფრინდა. მას ხელებგაშლილი დედა შეეგება, აიტაცა ჰაერში და რამდენიმეჯერ დატრიალდა, თან განუწყვეტლივ უკოცნიდა ცრემლით დანამულ ლოყებს.

– ახლა კი მშვენიერო ქალბატონებო წავიდეთ და ვჭამოთ რამე, თორემ ლამის შუადღემ მოატანა. ჩვენ გუშინს აქეთ არაფერი ჩაგვსვლია პირში. მე ძალიან მომშივდა, იმედია თქვენც არ იტყვით უარს გემრიელ სადილზე – თქვა ოდნავ უკეთეს გუნებაზე დამდგარმა ლიზამ და დედა-შვილს გამამხნევებლად გაუღიმა თავისი მიტკლისფერი ტუჩებით.

მდივანი ქალი წინ წაუძღვა დედა-შვილს და ერთ პატარა, მყუდრო ოთახში შეიყვანა, სადაც საუცხოო სუფრა დახვდათ გაშლილი. ნენემ ეჭვით გადახედა კერძებს და ბავშვს მცირე ულუფა გადაუღო.

– ნენე, რაც მოისურვოს მიაწოდეთ დეას, თქვენც გემრიელად მიირთვით, საშიში არაფერია, – დაამშვიდა რაბსკაიამ.

სადილის შემდეგ ლიზა ყავის მოსატანად გავიდა. მძიმე, დამთრგუნველი ფიქრებით მოცული ნენე ამ საშინელებიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა. მისდაუნებურად ბაგეს კვნესასავით მოწყდა მისი საყვარელი სიმღერა „ვაგიორქო მა“. ოთახში დაბრუნებულ რაბსკაიას ლანგარზე დადგმული ყავით სავსე ფინჯნების მაგიდასთან მიტანა ვერ მოეხერხებინა, გაშეშებული იდგა შუა ოთახში და სულგანაბული უსმენდა ტკბილ, ნაღვლიან, მომაჯადოებელ ჰანგებს.

სადღაც სხვა სამყაროში გაფრენილი ნენე ვერაფერს ამჩნევდა, კვნესით მღეროდა და ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. უცებ მან ტირილი შეწყვიტა, სახე დაუწყნარდა და ტუჩებზე უცნაური ღიმილი აუთამაშდა.

– ბატონმა საფინმა გამომიძახა და მიბრძანა, რომ თხუთმეტი წუთის შემდეგ მის საძინებელში უნდა მიგიყვანოთ, – ყურში უჩურჩულა ლიზამ ნენეს, რათა ბავშვს არაფერი გაეგონა. თან ყავით სავსე ფინჯნებს მაგიდაზე ფრთხილად ალაგებდა.

– არა, თქვენ დეასთან დარჩით, ძალიან გთხოვთ. გზას როგორმე თავადაც გავიკვლევ, – ჩურჩულითვე უპასუხა ნენემ.

თანხმობის ნიშნად რაბსკაიამ თავი უსიტყვოდ დაუქნია. როდესაც ყავის სმას მორჩნენ, ქალი მსუბუქად წამოდგა სკამიდან, ბავშვს ნაზად მოეხვია და ალერსიანი ხმით უთხრა: – ახლა უნდა წავიდე ამ სასახლის მფლობელთან მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე დაგვაბრუნოს ჩვენს სახლში. მალე მოვალ და მერე სულ ერთად ვიქნებით, მანამდე კი დეიდა ლიზასთან დარჩი.

VIII

გულდამძიმებული ნენე გავიდა ოთახიდან, სადაც დატოვა შიშით შეპყრობილი პატარა გოგონა. ქალი დაფიქრებული მიიკვლევს გზას სასახლის ლაბირინთში, ყოველ კუთხე-კუნჭულს ათვალიერებს. ბოლოს ისევ იმ შემაძრწუნებელი სურათებით მოხატულ დერეფანში ამოყო თავი, რომელიც ცოტა ხნის წინ რაბსკაიასთან ერთად გაიარა. უცებ ტალანში გამომავალი ერთი ოდნავ შეღებული კარიდან საფინის მბრძანებლური ხმა მოესმა. იქიდან გამოვიდა ლეღვის ჩირივით დანაოჭებული პირ-სახის, წვრილთვალება მოსამსახურე. აქეთ-იქით მიმოიხედა და როდესაც დაინახა ლამაზი ქერა ქალი, მაშინვე შეიპატიჟა ოთახში ფლიდი ღიმილით, თავად კი უკვალოდ გაქრა, თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილა.

– უნდა ვაღიარო, ძალზე პუნქტუალური ყოფილხარ. ეს წამია ზუსტად ორი საათი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. – თქვა საფინმა ხუმრობის კილოთი და თვალები მხიარულად აუციმციმდა. – სახეზე გატყობ რაღაც გადაწყვეტილება მიგიღია, მაგრამ რა?

– დიახ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, თუმცა ჩემმა პასუხმა არა მგონია დიდად გაამოთ. მოკლედ რომ მოვჭრათ, უარს ვამბობ თქვენს მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე.

– არც ერთ წინადადებას არ დათანხმდები? – ჰკითხა ოდნავ შეცბუნებულმა მამაკაცმა.

– არა! – გულდაჯერებით მიუგო ნენემ.

– მერედა არ გეშინია, რომ შევასრულო ჩემი სიტყვა და აქ საუკუნოდ გამოგკეტო შენს ბავშვთან ერთად?!

– ამას ვერ შეძლებთ!

– ვითომ რატომ? რა შემიშლის ხელს? – დამცინავი ხმით იკითხა საფინმა.

– თქვენი ავი სურვილი სურვილადვე დარჩება, რადგან ის ეწინააღმდეგება განგების უზენაეს კანონს. სიკვდილ-სიცოცხლეს შორის თვალჩაუწვდენელი უფსკრული ხახადაღებული გველეშაპივითაა გაწოლილი, რომელზეც უხილავი ბეწვის ხიდია გადებული. მართალია ძალზე იშვიათად, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც შესაძლებელია, რომ ხორცშესხმული ადამიანი, თუკი მისმა ბედისწერამ ფეხი შეადგმევინა იმ საცალფეხო ხიდზე, მკვდართა სამყაროში აღმოჩნდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ცოტა ხნით. საიქიოს მუდმივი ბინადარნი მხოლოდ გარდაცვლილ ადამიანთა სულები არიან, ჩვენ კი ჯერჯერობით ცოცხლები ვართ, ამიტომ დიდი ხნით ვერ გამოგვამწყვდევთ ამ უკეთურებით სავსე ქვესკნელში.

ავისმომასწავებელი მრისხანება ჩაუდგა საფინს მკვდარი თევზივით უსიცოცხლო თვალებში და ჩოფურა სახე მოექუფრა. უეცრად მან ქალს ისეთი ძალით შემოკრა ხელი, რომ გულაღმა დააგდო უზარმაზარ ლოგინზე. ძლიერი დარტყმისაგან გახეთქილი ტუჩის კუთხიდან მოჟონავს თბილი სისხლი. ნენე გაშეშებული წევს საწოლზე და არ უწევს წინააღმდეგობას საფინის ამაზრზენ ალერს. გადაწყვიტა უძრავად წოლილიყო და სრული გულგრილობა მოეშველებინა ფარად, რომ ამით მაინც მადა წაეხდინა მოძალადისათვის. ვნების სახმილი მალევე ჩაუქრო საფინს ცივმა, სრულიად უგრძნობმა ქალმა. ასე ჰგონია, თითქოს მარმარილოს ქანდაკებას ეფერება და არა ხორცშესხმულ ულამაზესს დიაცს. უცებ თვალი მოკრა ნენეს ზიზღით სავსე სახეს, ამან კიდევ უფრო შეაძრწუნა და სურვილი ერთბაშად გაუქრო. გახელებული, დაუკმაყოფილებელი მამაკაცი შეეშვა ქვად ქცეულ ქალს და ზურგი აქცია.

ნენე ისე მშვიდად წამოდგა აბურდულ-დაბურდული ლოგინიდან, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ნელა მივიდა იქვე მდგარ პატარა ტუალეტის მაგიდასთან და აუჩქარებლად დაიწყო თავის მოწესრიგება. უეცრად უკნიდან მოესმა საფინის გამქირდავი სიტყვები:

– შენი ბებია, ნამე, ათასგზის უფრო ვნებიანი იყო. ოჰ, როგორ მეალერსებოდა ქმრის თავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ მისი ესოდენი გარჯა ამაო გამოდგა. ვინ იცის იქნებ იმ კლდესავით ურყევი კაცის შვილიშვილი კი არა, ჩემი სისხლი და ხორცი ხარ.

– თქვენ არაკაცი ხართ! – უპასუხა გაფითრებულმა ქალმა და კარისაკენ გაემართა, უკან კი მამაკაცის ამაზრზენი ხარხარი მიჰყვა.

IX

ამასობაში დეასთან დარჩენილმა ლიზამ გოგონას გულისგადასაყოლებლად შესთავაზა ჭადრაკის თამაში და მალე ისინი ისე გაიტაცა თეთრი და შავი სამეფოების შერკინებამ, რომ ლამის სულ გადაავიწყდათ თავიანთი საწუხარი. ბოლოს ბრძოლის ველს შემორჩა ერთი პატარა პაიკი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ბედი. იცის, იცის, თეთრმა პაიკმა, რომ ახლა უკვე ვეღარ დაეწევა შავეთის მეფე და ხტუნვა-ხტუნვით მიიწევს სანუკვარი მიზნისაკენ. აი, უკანასკნელ უჯრაზეც დახტა და გადაიქცა ძლევამოსილ ლაზიერად. რაბსკაიამ დანებების ნიშნად თავისი მეფე წააქცია.

ის-ის იყო ჭადრაკის პარტია დაასრულეს, რომ ნენეც შემოვიდა ოთახში. დეა უცებ წამოხტა სკამიდან, სიხარულით თვალებგაბრწყინებული მიეგება დედას, კისერზე ჩამოეკიდა და სეტყვასავით დააყარა კითხვები:

– რა ქენი? იმ კაცს შეხვდი? რა თქვა? აქედან როდის წავალთ?

– მგონი დავარწმუნე, რომ უნდა გაგვიშვას.

– მერე, როდის წავალთ აქედან? როდის? – არ ცხრებოდა გოგონა.

– ხვალ დილით უკვე შენს სახლში გაიღვიძებ. აი, ნახავ თუ არა, – შვილის გასამხნევებლად თქვა დედამ, თუმცა საკუთარი სიტყვებისა დიდად თავადაც არ სჯეროდა.

უცებ გაიღო კარი და სოლივით წვრილი თავი შემოჰყო მოსამსახურე ქალმა, რომელიც საფინთან ნახა ნენემ. პატარა, უშნო დედაკაცმა უზარმაზარ ჩამომჭკნარ ცხვირზე წამოსკუპებული ლამის საცრისოდენა სათვალიდან მზაკვრული მზერა მოავლო იქაურობას და ცივი ხმით წაისისინა:

– ქალბატონო ლიზა, ბელადი სასწრაფოდ გიხმობთ თავისთან, კაბინეტში!..

რაბსკაია გამოემშვიდობა დედა-შვილს და გავიდა ოთახიდან. მარტო დარჩენილი ნენე და დეა დიდხანს ისხდნენ მდუმარედ. აფორიაქებული ქალი ჭადრაკის ფიგურებს გაუაზრებლად ალაგებდა დაფაზე. ნენეს შფოთვა ბავშვსაც გადაედო, იგრძნო, რომ დედა ლიზას გამო შიშობდა.

X

გულმა რეჩხი უყო ლიზას, როდესაც საფინის კაბინეტში შევიდა და დაინახა მისკენ მიპყრობილი ცივი მზერა.

– მთელი ამ ხნის მანძილზე რა თემებზე გქონდათ საუბარი თქვენსა და ნენეს? – მიმართა მრისხანებით აღვსილმა მამაკაცმა.

– თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვან, საყურადღებო თემაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი. უბრალოდ ჩვენ-ჩვენი ქალური საწუხარი ერთმანეთს გავანდეთ. ძლიერ შემებრალა ის საწყალი ქალი.

– გაანდეთ! თქვენ გაანდეთ ერთმანეთს რაღაც დიდი საიდუმლო, როგორც შეთქმულებმა. თანაც შეგბრალებიათ კიდეც ის ყინულის დედოფალი.

– გეფიცებით, თქვენს საწინააღმდეგოდ ერთი სიტყვაც არ დაგვიძრავს. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ დამწუხრებული ნენე ოდნავ მაინც გამემხნევებინა.

– მერედა რა თქვენი სადარდებელი იყო მწუხარე იქნებოდა თუ მხიარული?

– მეგონა, რომ ეს ჩემს მოვალეობაში შედიოდა.

– მაინც რატომ თანაუგრძნობთ ასე გულმხურვალედ იმ ადამიანს, რომელიც ახლახან გაიცანით და თანაც იდეურად მოწინააღმდეგე ბანაკიდანაა. იქნებ თქვენი ერთგულება მოჩვენებითია და გამოწვეულია მხოლოდ იმ სასჯელისგან თავის დაღწევის სურვილით, რომელიც განიცადეთ ჯოჯოხეთში ყოფნისას. თუმცა წამების განუწყვეტელი მოლოდინით არსებობას შესაძლოა შეეგუეთ და ქვეცნობიერად მოგბეზრდათ კიდეც. მუდმივი შიში ბოლოსდაბოლოს უშიშარს ხდის ადამიანს. ეჭვი მაქვს, რომ ერთ დღესაც ამ ყველაფრისაგან თავგაბეზრებული მაგ პატარა, გველივით შხამიან ენას ისე იხმართ, როგორც ორლესულ ხანჯალს და თვალის დაუხამხამებლად ჩამცემთ ზურგში. და ეს ჟამი მგონი უკვე დადგა.

– მე მართლა არაფერი ვიცი ნენეს პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რადგან ამ თემას საერთოდ არ შევხებივართ. უბრალოდ, ადამიანურად შემეცოდა დედა, რომელიც გულგახეთქილი დაეძებდა შვილს, – დაბნეულად იმეორებს რაბსკაია ადრე თქმულს.

– ვითომ არ იცით! მე კი მაცნობეს, რომ თქვენ გათქვით სახელმწიფო საიდუმლო, რომლის წყალობითაც ჩემს მიერ დაგებულ ხაფანგს ადვილად დააღწია თავი იმ წყეულმა ქალმა.

– რა საიდუმლო გავთქვი? – გაბზარული ხმით ჰკითხა ლიზამ.

– მშვენივრად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

– მაპატიეთ, მაგრამ, მართლა არ მესმის თქვენი ბრალდების მიზეზი. რატომ გგონიათ, რომ მე რაიმე დანაშაული ჩავიდინე?! მერწმუნეთ, ბრალი არ მიმიძღვის თქვენ წინაშე.

– თავს ნუ იკატუნებთ, თქვენი ღალატისათვის სამაგალითოდ დაისჯებით.

საფინი უეცრად გაჩუმდა. ოთახი უსიამოვნო მდუმარებით აივსო. რაბსკაია გაშეშებული დგას, რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ სიტყვასაც ვერ ძრავს, ნერვიულობისაგან ხმა წაერთვა. ბრაზმორეულმა მამაკაცმა თითი ზარის ღილაკს დააჭირა და იმავე წამს კაბინეტში ორი ამაზრზენი შესახედაობის არსება შემოვიდა. ისინი აქეთ-იქიდან ამოუდგნენ შიშით შეძრწუნებულ ქალს.

XI

დედა-შვილს არ შეუმჩნევია როგორ შემოძვრა ოთახში მახინჯი, ჯუჯა ქალი. მოსამსახურის შავი, დალაქავებული კაბის ნაცვლად ახლა მუქი ყავისფერი პიჯაკი და ქვედატანი ეცვა. აღარც ის უზარმაზარი სათვალე ეკეთა და სახეც თითქოს უფრო სანდომიანი გახდომოდა, მაგრამ წვრილ, ჩამუქებულ თვალებში მაინც ცბიერება კიაფობდა.

– მე გახლავართ სტეფანია სტეფინა, ბატონი საფინის ახალი მდივანი, – თავმოწონებით თქვა ყოფილმა მსახურმა, – გთხოვთ, წამობრძანდეთ წვეულებაზე, რომელიც ეს წუთია დაიწყო.

– კი მაგრამ, სად არის ლიზა რაბსკაია?! – ჰკითხა აღელვებულმა ნენემ.

– ღალატის სამარცხვინო ბრალდებით განკვეთილ იქნა ჩვენი რიგებიდან. ახლა მისი სახელის ხსენებაც კი სასტიკად აკრძალულია. – ყოველი სიტყვის წარმოთქმისას რაღაც სადისტური სიამოვნება გამოკრთოდა სტეფანიას სახეზე.

დამწუხრებულმა ნენემ გახედა შვილს, რომელსაც თვალები ცრემლით ავსებოდა. ბავშვს ხელი ჩასჭიდა და დედა-შვილი ფეხათრევით გაჰყვნენ წინ მიმავალ სტეფინას.

ნაცრისფრად განათებული ჰოლიდან, მზესავით გაჩახჩახებულ დარბაზში შევიდნენ. უზარმაზარი სასადილო ოთახი ნელ-ნელა ივსება ხალხით. სამ რიგად ჩამწკრივებულ მაგიდებზე ნაირ-ნაირი კერძები და სასმელები ელაგა, მაგრამ ჯერ არავინ მისხდომოდა სუფრას. ფერგამკრთალი ადამიანები რწევა-რწევით მოლასლასებენ. ოთხ-ხუთ კაციან ჯგუფებს ქმნიან და ლამის ყვირილით ესაუბრებიან ურთიერთს, რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ მათ რაიმე აქვთ დასამალი. მათ იციან, რომ აქ ყველა ერთმანეთის ჯაშუშია და ხმადაბალი სრულიად უწყინარი ლაყბობაც ეჭვს ბადებს.

ნენემ მათკენ მომავალი საფინი შენიშნა.

– ნენე, იმედია მაპატიებ ჩემს უღირს საქციელს, მართლა არ მინდოდა ასე უხეშად მოგპყრობოდი, მაგრამ თავად ხარ დამნაშავე, რად გამაღიზიანე შენი მწარე ენით?! – მიმართა საფინმა. – თუმცა მიუხედავად ამისა მე უსათუოდ შევასრულებ მოცემულ სიტყვას, ოღონდ ახლა ცოტა მაინც გამხიარულდი.

– მოძალადე თითქმის ყოველთვის ცდილობს საკუთარი დანაშაულის მიზეზად მსხვერპლი გამოიყვანოს, რათა თავად შეინარჩუნოს მორალური სახე.

– მაშ, მორალური თვალსაზრისით მთლად წყალწაღებული ადამიანი არ ვყოფილვარ, თუკი ოდნავ მაინც ვგრძნობ თავს დამნაშავედ და ვინანიებ. – ირონიული ღიმილით უპასუხა მამაკაცმა.

– მე კი ვფიქრობ, რომ თქვენი საქციელი სულ სხვა რამითაა გამოწვეული. რაგინდ ცივსისხლიანი და ძლევამოსილი არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც რაღაც აუხსნელი ძრწოლა ეუფლება, როდესაც სიავეს სჩადის. უსამართლობა მისდაუნებურად თრთის და ცახცახებს სიმართლის წინაშე. სწორედ ესაა თქვენი გაუცნობიერებელი შიშის ნამდვილი მიზეზი და არა მონანიების წრფელი სურვილი.

– მონანიება საერთოდ აღარ არსებულა მაშინ, რადგან ვერავინ დაამტკიცებს სინანული ფარისევლურია თუ არა. მაგრამ ახლა მოვრჩეთ ამ უმნიშვნელო საკითხზე დავას და მივუსხდეთ სუფრას.

– სინანულს არ სჭირდება სიტყვიერი მტკიცება, იგი მომნანიებლის სრულიად შეცვლილი საქციელით ვლინდება. – მიუგო ნენემ და მაღალზურგიან, მოჩუქურთმებულ სკამზე დაჯდა.

სტუმრები მორიდებით იკავებდნენ მაგიდებთან მათთვის განკუთვნილ ადგილებს. დარბაზის განაპირას განთავსებულმა ორკესტრმა რაღაც მხიარული მელოდიის დაკვრა დაიწყო. საუცხოო წითელმა ღვინომ საზოგადოება თანდათანობით კარგ გუნებაზე დააყენა და სითამამე შემატა. თუმცა იგრძნობოდა, რომ შიში მაინც სულის უღრმეს შრეებში ისე უღვიოდათ, როგორც ნაცარწაყრილი ნაღვერდალი.

XII

დღე კარგა ხანია გაიცრიცა და მთლიანად დაიშრიტა სინათლისაგან. ისე სწრაფად გაფრინდა დრო, თითქოს წუთები წამებად ქცეულიყო. ქალი იმდენად იყო განცვიფრებული ამ ხალხის ასეთი სრული, უპირობო მორჩილებითა და ლიქნით, რომ ვერც კი შენიშნა სტუმრები თანდათანობით როგორ გაიკრიფნენ დარბაზიდან.

– ნენე, ადექი, წასვლის დრო მოვიდა, – დაბალი ხმით ამბობს ჩოფურა სახიანი მამაკაცი.

ეს სიტყვები თითქოს სადღაც ძალიან შორიდან, ყრუდ მოესმა ქალს. ნანახითა და გაგონილით გაბრუებული ნენე ნელა წამოდგა და გარშემო მიმოიხედა. იქაურობა თითქმის მთლიანად დაცარიელებულიყო, მხოლოდ რამდენიმე მოსამსახურე გოგონა დადიოდა მაგიდებს შორის და სწრაფად ალაგებდა სუფრიდან ნამუსრევს. დედამ ფრთხილად წამოაყენა დაღლილი, ნახევრად მძინარე დეა და ნელი ნაბიჯით მიჰყვა საფინს უკან.

ვიწრო, ხვეული კიბით სხვენზე ავიდნენ და ერთ დაბალ კარს მიადგნენ. ჩიტის ბუდესავით პატარა ოთახში შესვლისთანავე საფინი მივიდა შავად მბრწყინავ მიჭვრიტანასთან, მთელი სხეულით მიეკრა მას და უეცრად ზღვაში გადაგდებული კენჭივით გაქრა. დედა-შვილმაც იგივე გაიმეორეს და სამმა ადამიანმა ერთმანეთის მიყოლებით სისხლისფერი სარკიდან ცოცხალთა სამყაროში გადმოაბიჯა. საფინი, როგორც კი მან დადგა მიწაზე ფეხი, მყისვე ორთქლივით მსუბუქ არსებად იქცა და ჰაერში იწყო ლივლივი.

ამის დანახვაზე ნენეს ავმა ღიმილმა წამით დაუნისლა კეთილი სახე. იქვე, კედელზე მიყუდებულ მესანგრის პატარა, ორლესულ ნიჩაბს დასწვდა და მთელი ძალით ესროლა ძოწისფრად მანათობელ მიჭვრიტანას. უზარმაზარი სარკე საშინელი ზრიალითა და ზათქით დაიმსხვრა.

საფინს საზარლად დაეღრიჯა მკრთალ ლაქად ქცეული სახე. დედა-შვილს ყოველ ნაბიჯზე ეღობება წინ, ცდილობს თავგზა აუბნიოს, თუმცა ისინი მაინც უცდომლად მიიკვლევენ უკუნით მოცულ გზას.

როგორც იქნა, დედა-შვილი სარდაფიდან ამოვიდნენ, აიარეს მეორე სართულზე ამავალი კიბე და იმ საძინებელ ოთახში შევიდნენ, სადაც გაათიეს წუხანდელი კოშმარული ღამე. სწრაფად გამოიცვალეს ტანსაცმელი, აიღეს თავიანთი ნივთები და დაბლა ჩამოვიდნენ.

ნენემ ბავშვი გარეთ გამოიყვანა, თავად კი კვლავ შებრუნდა სასახლეში. ფრთხილი ნაბიჯებით ეპარება ბიბლიოთეკის კარს, თითქოს იქ ვიღაც ან რაღაც ძალზე საშიში ეგულებოდეს.

ოთახში ძალზე ბნელოდა. ნენე ხელისცეცებით მივიდა წიგნების კარადასთან, თაროდან ალალბედზე გადმოიღო ერთი სქელტანიანი ტომი და დადო ძირს. თავადაც ჩაიჩოქა, წიგნიდან რამდენიმე ფურცელი ამოხია, ჯიბიდან ამოღებული ასანთით ცეცხლი წაუკიდა და წიგნებს შორის ნაღმებივით შეჩურთა. აქეთ-იქით ყრიდა აალებულ ფურცლებს, რათა ამ დახავსებულ ბიბლიოთეკას უფრო სწრაფად მოსდებოდა მწველი, ყვითელი ენები.

ალმოდებულ ოთახიდან გამოსულ ქალს თან გამოჰყვა ყოვლის მშთანმქმელი ცეცხლი. ჰოლში ტკაცატკუცი აუყენა იფნის ძველთაძველ პარკეტს, მხურვალე ენით დაუწყო ლოკვა კედლებს, მერე კი დივანზე ბატონკაცურად წამოწვა. ერთ ხანს თითქოს თვლემაც მოერია, მაგრამ რამდენიმე წუთში ნაცარტუტად აქცია ის ადგილი, სადაც თავადვე იწვა. მერე შლეგივით წამოვარდა, აიფოფრა, აინთო და ბრიალით აუყვა ხის კიბეს.

კვამლისაგან თვალებამწვარი ნენე ეზოში გავარდა და სწრაფი ნაბიჯებით მიაშურა დეას, რომელიც მონუსხულივით მიშტერებოდა ცეცხლის ალში გახვეულ სასახლეს. დედა-შვილმა ცოტა ხანს კიდევ უყურეს როგორ იწვოდა წარსულის ავი ჩვენებების ბუდე, შემდეგ კი კარიბჭისაკენ გასწიეს.

– დე, გადავრჩით! – თქვა დეამ და დედას გაბრწყინებული თვალები შეანათა.

– ჰო, შვილო ამჯერად გადავრჩით, მაგრამ არავინ იცის წითელი ეშმაკი როდის ან სად მოისურვებს კვლავ ააგოს მსგავსი სასახლე… – მიუგო დედამ და ორივენი მსუბუქად დაეშვნენ მთვარის მკრთალი შუქით განათებულ დაღმართზე.

27.08.2021

© არილი