• პოეზია

    დათო ბარბაქაძე – genius loci

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს

    ავსტრიის დედაქალაქ კოპენჰაგენის რომელიღაც უფერულ კაფეში
    საიდანაც ცუდად როდი ჩანს მდინარე სენის რამდენიმე ხიდი
    დაღლილი და დასიცხული ხალხით სავსე ინტერიერს ვათვალიერებ
    ოფიციანტს ჩქარი სვლით მოაქვს შეკვეთილი პიცა
    და მკაცრი ღიმილით მეუბნება:
    „გთხოვთ მიირთმევდეთ გემრიელად
    თითქმის ისეთია როგორსაც დედები ამზადებენ
    ჩემი მშობლიური იტალიის ქალაქებში:
    ვენაში თუ მადრიდში თუ ბერნში”
    პიცა მართლაც გემრიელია მთელი დღე არაფერი მიჭამია
    მხოლოდ ლეღვის ჩირი შორეული სუპერმარკეტიდან
    წმინდა მარკოზის მოედანზე
    ჩემს პირდაპირ ხანდაზმული მამაკაცი ზის მწვანე ცილინდრით
    და აღშფოთებული ჩასცქერის გაზეთს:
    “რატომ დაარბიეს ეს დემონსტრანტები ლონდონში
    განა რას ითხოვდნენ ისინი ასეთს მხოლოდ უვარგისი პროდუქტის აკრძალვას
    წარმოუდგენელია ასეთი თავხედობა ბელგიის პოლიციის მხრიდან
    თუმცა რა არის გასაკვირი პოლიცია ყოველთვის იმარჯვებს”
    თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ
    და მზერა უნებლიეთ გადამაქვს
    მის გაცრეცილ თაგვისფერ პიჯაკზე
    “ათი წლის წინ შევიძინე ყაზახეთის დედაქალაქ ნიუ დელიში
    სხვა იქიდან არაფერი გამომყოლია თუ არ ჩავთვლი ტკბილ მოგონებებებს
    რომლებსაც ყოველთვის ერთად დავატარებთ მე და ეს პიჯაკი
    მაგრამ აქ სიერა ლეონეში უცნაური ხალხი ცხოვრობს
    ნუთუ ყველა უნგრელი ასეთია მათ შორის თქვენც”
    “მე აქაური არ გახლავართ
    მოგზაური ვარ ცხელი ქვეყნიდან
    ალბათ გსმენიათ საქართველო”
    “რა თქმა უნდა რა თქმა უნდა
    გახლდით კიდეც ერთხელ ტურისტად
    თქვენს მშვენიერ დედაქალაქ სოფიაში
    თუმცა მას მერე საუკუნეა იქ არ ვყოფილვარ
    ალბათ ძალიან შეცვლილია”
    “აბა რა გითხრათ უცხო თვალი პეკინს ამსგავსებს”
    “როგორ შვედეთის დედაქალაქს?”
    კაცი დგება დაკეცილ გაზეთს მაგიდაზე ისე დებს როგორც თუჯის მძიმე ქვაბს
    დამშვიდობების ნიშნად თავს ხრის და კაფეს რწევა-რწევით ტოვებს
    თვალს ვაყოლებ მის მოშვებულ ზურგს
    და ვგრძნობ წამით როგორ იღიმის
    ამ დროს მეც ხომ იგივეს ვფიქრობ:
    რომ ვერც მე ვნახავ მას მეორედ ამ ქალაქში
    რომელიც ალბათ არც ისეთი ხალხმრავალია
    როგორც მაგალითად იაპონიის დედაქალაქი ანკარა
    ან თუნდაც ნიგერიის დედაქალაქი ტარტუ
    მერე ჩემს პიცას ვუბრუნდები და არ მტოვებს იმაზე ფიქრი
    თუ რა წონა ექნება ჩემი ხსოვნის ნიშნულებს ოცი წლის მერე
    და თუ გადაინაწილებს დაგროვილ სიმძიმეს ჩემი პიჯაკი ან მაისური
    ან რომელიმე მოქალაქე რომელიმე ქალაქის რომელიმე უფერულ კაფეში
    ან მე თუ შევძლებ ამ სიმძიმეს რამე მოვაკლო მაგალითად ყველა კერძი
    რომელიც მე გამისინჯავს პოლონეთის ქალაქ ზალცბურგში
    ან ესპანური ღვინის ხსოვნა ბულგარეთის დედაქალაქ ტირანადან
    ან სოფლის ტრანსპორტით უთავბოლო მიმოსვლები
    ჩეხეთის პროვინციულ ქალაქ მიუნხენში
    დაივიწყე – მეუბნება ჩემი ფიქრი – სიგიჟეა ეს ყველაფერი
    მისდიე ცხოვრებას რომელიც მართლა ისეთი ლამაზია
    როგორც მაგალითად მდინარე მოლდოვა
    რომელიც ისე შეუმჩნევლად მილივლივებს
    პორტუგალიის მარადიულ ქალაქ ციურიხში
    თითქოს მსტოვარია და ფეხაკრეფით ეპარება
    მისი მოქალაქეების ყოველდღიურ ნერვებს
    ან როგორც მაგალითად მდინარე დონაუ
    რომელიც ბრძენი გველივით იცავს პერუს დედაქალაქ სტოკჰოლმს
    სადაც გასული საუკუნის დამლევს წყვილები ქუჩებში
    ხშირად ჩაივლიდნენ ხოლმე ასეთი სიმღერით:
    “ეს ის მდინარეა რომელსაც ღრუბლები
    როგორც ქვეყანაზე ბევრ ასეთ მდინარეს
    არც თუ იშვიათად მზეს კი უმალავენ
    მაგრამ ო არასდროს არასდროს ჩვენს თვალებს”
    მივსდიო ცხოვრებას რომელსაც არ ვიცნობ? ვის ვუთხრა:
    ნუ მჩუქნი ამდენ ხსოვნას გადანახულს ამდენ სიცოცხლეში
    ნუ მჩუქნი ამდენ სიმარტოვეს მე მათ ვერასდროს დაგიბრუნებ
    ნუ მჩუქნი დავიწყებულ დერვიშებს და დავიწყებულ შეშლილებს
    სიყვარულის დავიწყებულ ისტორიებს დავიწყებულ წიგნებს
    ნუ მჩუქნი ცნობარებში და ენციკლოპედიებში ასეთ ამოკითხვებს:
    “განეკუთვნება უკვე დავიწყებული ავტორების რიცხვს”
    ნუ წამაკითხებ იმას რაც არ დაუწერიათ პოეტებს
    რა თქმა უნდა მეც კარგად ვიცი რომ ჩემი მფარველი სულები
    აქაც კი ფინეთის დედაქალაქ ბელგრადის ამ უფერულ კაფეში
    სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ერთმანეთს
    რათა არ სძლიონ ერთმანეთს და არ ჩაქრეს ჩემი სიყვარული
    მაგრამ მაინც ნუ წამაკითხებ იმას რაც არ დაუწერიათ პოეტებს
    ჩემი თურქული პიციდან თეფშზე უკვე არაფერი დარჩა
    მაგრამ ჩემს ხსოვნაში ის ისეთივე უმანკოა
    როგორსაც პირველად მოვკარი თვალი
    როცა ჩემსკენ მისი გული ისე მოჰქონდათ
    როგორც ჩირაღდანი ყველა ხვალინდელი დღისთვის

    ვენა, 9-11.10.2008

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • დრამატურგია

    შალვა რამიშვილი – უსათაურო


    დეკორაციები ანუ მოქმედების ადგილი:
    რომელიმე უკაცრიელი ადგილი, რათა მისტერიას შემთხვევითმა გამვლელმა არ შეუშალოს ხელი. ვისურვებდი რომ მოხდეს უკაცრიელ, უდაბნო ადგილას, სადაც ორგანული სიცოცხლე არაა წარმოდგენილი და ფლორას და ფაუნასაც მე განვანსახიერებ მხოლოდ. მაგალითად მარადი თოვლით დაფარული მთის მწვერვალი ურიგო არ იქნებოდა.
    მოქმედების დრო:
    შევარჩიოთ დღის ბოლო. ბინდ-ბუნდი. ეს ის დროა, როდესაც სამყაროებს შორის ნაპრალი ჩნდება. მზეც უნდა სტყორცნიდეს პეიზაჟს მქრქალ სხივებს და მის საპირისპირო მხარეს მთვარეც უნდა ანათებდეს.
    მოქმედი გმირები:
    მე და ის. მხოლოდ მე და ის.
    კოსტიუმები:
    რთული საკითხია. მაინც როგორ გამოიყურება враг рода людского. ამ საკითხზე ბევრი მითი არსებობს. ზოგს ის თხისფეხება პანად წარმოუდგება, ზოგს მომხიბლავი და დემონურად მომნუსხველი გარეგნობის ჭაბუკად. მაგრამ ეს მეტად დრამატიზებული ხატებებია. მე მას ჩემს ორეულად ვსახავ. ერთი შეხედვით ზუსტად ჩემგვარი გარეგნობის მქონე არსებად. თუმცა უფრო გულმოდგინე დაკვირვებისას იმის გარჩევაც უნდა შემეძლოს, რომ ის მე არ მგავს და მე მას არ ვგავარ. ის ხომ კონცენტრირებული ბოროტებაა, რომელიც ნამდვილ “მე” –ში ანუ ჩემში მცირედ სიკეთესთან განზავებულია. მზერა ეშმაკური, მაგრამ არქტიკულად ცივი უნდა ჰქონდეს. მოძრაობები – პლასტიკური და მოზომილი. ხმის ტემბრი და სიტყვების პრონონსი ჩემი, მაგრამ გაცილებით უფრო მელოდიური და ჰიპნოტური ძალის მქონე. თავის ჭერის მანერა ამაყი და შინაგანი ძალის მასხივოსნებელი. ერთი სიტყვით, ის არის “მე”, ოღონდ ამა სოფელთან ათასჯერ უფრო მორგებული. უფრო სწორად კი ის სამყაროში (იგივე ესე სოფელში – მიყვარს ეს სიტყვა) ისე შინაურულად უნდა გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ ტილოში მხატვარი, საკუთარ ფილმში – რეჟისორი, მწერალი – თავის ფანტაზიის ძალით შექმნილ რომანში. იგი უნდა ჰგავდეს კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს, რომელიც სტრატეგიულ თამაშს თამაშობს თავისსავე აგებულ ვირტუალურ სამყაროში. აი ზუსტი მიგნება! ეს არის “მე” რომელიც “სტრატეგიას” მსოფლიო კომპიუტერში თამაშობს. კოსტიუმები ერთნაირი გვაცვია, ამასთან ისინი თბილი უნდა იყოს, მთებში ხომ ცივა.
    ის: – მოგესალმები და ბოდიში, რომ შეხვედრა ოდნავ დაგვირგვიანდა, მაგრამ როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა:”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.
    შემდეგ ის პოზას იცვლის, მხიარულად მიღიმის და უკვე მიმნდობი ტონით აგრძელებს:
    – ყველაზე რთული ნაწილი უკვე გადავლახეთ, მეგობარო. რომ იცოდე, როგორ არ მიყვარს მნიშვნელოვანი საუბრების პროლოგი. ყოველთვის არის რისკი, რომ ან ბანალურობაში გადავვარდე ან ზედმეტად სიტყვაუხვი გავხდე. მაგრამ ახლა ეს ყოველივე უკან დაგვრჩა და შენს განკარგულებაში ვარ. სანამ ვაჭრობას შევუდგებით, მინდა ახლავე გაუწყო, რომ ფინალისაკენ რაიმე გაუგებრობანი არ წარმოიშვას. თუ ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება (არა მგონია ეს ასე მოხდეს, მაგრამ მაინც), დაბლა ბარში საკუთარი ფეხით მოგიწევს ჩასვლა. ჩვენი კორპორაცია ტრანსპორტით მხოლოდ ერთ გზობაზე უზრუნველყოფს. უკან, ადამიანთა სამოსახლოში ჩვენ ხარჯზე დაბრუნება კი ერთგვარი ბონუსია, რომელსაც წარმატებული გარიგების შემთხვევაში ვთავაზობთ კლიენტებს. აქვე დავამატებ, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ამ წერტილიდან სამი დღის სავალია. ნუ გაბრაზდები… შენ თვითონ არ ისურვე ცოტა ხნის წინ, რომ შეხვედრის გამართვა უკაცრიელ მთის მწვერვალზე მსურსო?!
    მე: – ვინ ხარ?
    – ოჰო, გამოდის, რომ ჯერ ჩვენი დისპოზიცია არ გაგვირკვევია არა?! კი ბატონო, იყოს ნება შენი, წარმოგიდგები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე გახლავართ ჩვენი სამყაროს შემოქმედი.
    – ნუ ცრუობ, როგორ შეიძლება შენ, ბოროტება, იყო სამყაროს შემქმნელი?
    – ისტორიული სინამდვილე მცირედად დამახინჯდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. სინამდვილეში იყო ასე: უზენაესმა სიკეთემ შვა ერთეული ღვთაებრივი გეგმა სამყაროსი. მან მოიაზრა დრო და სივრცე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. სივრცისა და დროის მანიპულაციებით განავითარა მათემატიკა, როგორც ფუძე ჯერ არ შექმნილი სამყაროსი. მოიფიქრა რიცხვის ცნება და დააწესა, რომ A=A ხოლოAA+B>A და A-B
    -მაგრამ სად არის ღმერთი? მე ვერ დავინახე აქ მისი ადგილი. შენი მოდელი სცოდავს იმით, რომ მთავარი არქიტექტორი არ ჩანს მასში.
    – ეს მოდელი არაა, ჩემო მეგობარო. მოდელი ანუ სამყაროს იდეა, ღმერთთან დარჩა. იგი იყო სიტყვა, როგორც ეს ბიბლიიდან გახსოვს. სიტყვას კი საქმედ ქცევა სჭირდება. მას შემდეგ რაც გალაქტიკები ერთმანეთისაგან გაიქცნენ, ღმერთმა დატოვა ეს სამყარო. ჭეშმარიტი მეტაფიზიკა დიდ აფეთქებამდე არსებობდა. ამ სამყაროში კი ფიზიკის დროა. ღმერთი მაშინ გაქრა სცენიდან, როდესაც მათემატიკა ფიზიკად გადაიქცა.
    – მაგრამ სად არის ის კულისები, რომლებშიც ღმერთი გაუჩინარდა ან საერთოდ, რა არის ღმერთი?
    – გაგიკვირდება, მაგრამ მეც არა მაქვს პასუხი ამ შეკითხვაზე. აბა ერთი კარგად დამაკვირდი, განა მეც შენსავით ხორციელ არსებას არ ვგავარ?! მე თქვენი ვნებისაგან მომქსოვეს. თქვენი სურვილებისაგან შექმნეს ჩემი სხეული. თქვენი გონება ჩემი სისხლია, ხოლო თქვენი სული – საკვები. მე იმ ევოლუციის ნაყოფი ვარ, რომელიც თავად ვშვი. ჩემს ხელთაა შევცვალო მატერიის იგივე სივრცისა და დროის ნებისმიერი კინტინუუმი. მაგრამ ღმერთი მარადიული და ყველგან მყოფი არსია. მასთან სავალი გზა არც დროსა და არც სივრცეში არ გადის. ამიტომ მე არ ვიცი რა არის ღმერთი. მე უბრალოდ არ ვიცი ეს.
    – შენ ხომ არსებობდი სამყაროს შექმნამდე.
    – იქნებ არც ვარსებობდი. იქნებ სხვა ვინმე ვიყავი. უზენაესმა ჯერ გამოყო ჩემგან ყოველი კეთილი და ჩემი არსი ატომებს მისცა საჯიჯგნად. იქნებ სწორედ ამიტომ მიწოდებთ ზნედაცემულ ანგელოზს?!
    – გამოდის, რომ შენ მხოლოდ ფრიად განსწავლული და მოხერხებული ილუზიონისტი ხარ.
    – როგორც გინდა ისე იფიქრე, თუმცა ერთსაც გეტყვი: ჩემი ხელობა იმდენად დახვეწილია, რომ იგივე საქმე თავად ღმერთს რომ ეკეთებინა – ვერ გაარჩევდი ნახელავის მიხედვით. ასე რომ ხანდახან რაც პოეტებს და მხატვრებს ღმერთების საჩუქარი ჰგონიათ და მუზას უწოდებენ, ჩემი ოინებია მხოლოდ.
    – მალიარი ხარ, ბიჭო.
    -კარგი ფილმი გაიხსენე… ეს ადგილი კი განსაკუთრებით მომწონს. მაგრამ იყავ გულწრფელი. იმ მალიარს ჩემოდანი რომ არ გახსენებოდა, ეს ფრაზაც არ ითქმებოდა. მე რომ ხუთთავა დრაკონად გადავქცეულიყავი და ამ მთებით ჟონგლიორობა დამეწყო ხომ შეძრწუნდებოდი და მსგავსი ზუსტი, მაგრამ ირონიული სიტყვებით არ დამცინებდი. თუმცა მე ვარ ყველაფერში დამნაშავე… გაგიბი აქ ფილოსოფიური ბაასი. დიახ, მალიარი ვარ, მაგრამ ამით ჩემი უპირატესობა თითქმის ყველა შენს თანამოძმესთან შედარებით იოტისოდენად არ მცირდება.
    – თითქმის ყველა თანამოძმესთან შედარებით, ამბობ. მაგრამ მე ხომ მივხვდი, რომ სინამდვილეში მასხარა ხარ!
    – აი ასე, ჩემო კარგო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამპარტავნების სასუფეველში. ეს ამპარტავნება ტალღებად ამოდის შენი სხეულიდან და ფრიად კარგ ხასიათზე მაყენებს. შენ გინდა ჩემგან მიიღო დასტური იმისა, რომ უნიკალური არსება ხარ?! დიდი სიხარულით ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, გაარღვიე ყოველდღიური ამაოების ილუზორული ბადე, რომელიც ჩემი მოქსოვილია და რეფლექსიის სარკეც დაამსხვრიე. დგახარ ზღვართან, რომლის მიღმა დრო და სივრცე ქრება, იშრიტება მატერიად და პრაიდეების შენნაირ კლიენტთან პირადად მივიდეთ და ჩვენი მომსახურების ექსკლუზიური პაკეტი შევთავაზოთ. კონკრეტულად შენს კუთვნილ ნივთს – შენს სულს, უდიდესი მიმზიდველობა გააჩნია ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ ასე პერსონალურად მხოლოდ მსგავს უიშვიათეს შემთხვევებში ვატარებთ მოლაპარაკებებს. დანარჩენი ადამიანები აბიჯებენ რა რეფლექციის სამყაროში, ასე 14-15 წლიდან (ზოგი უფრო ადრეც), თავისდაუნებურად და დაუზარებლად აწერენ კონტრაქტზე ხელს, ისინი ჩვენი მრევლის წევრები არიან და თავიანთ არაფრისმთქმელ არსებას დედამიწის ზურგზე მუდმივ ცოდვაში ატარებენ. ამიტომ აღსასრულამდე მათი სული ენერგეტიკულად სულ უფრო და უფრო მწირი ხდება. ჩვენთვის მსგავსი სული ნაკლებად მიმზიდველია. რა თქმა უნდა, რელიგიური ყაიდის ისეთმა მისტერიამ, როგორიცაა გულწრფელი მონანიება, ნებისმიერი ჩვენი ქვეშევრდომი და ადეპტი – საშუალო სტატისტიკური სავლე – შეიძლება წმინდან პავლედ გადააქციოს. მაგრამ ეს უაღესად იშვიათად ხდება. ამრიგად, სულ სხვა საქმეა ამაოებით ცდუნება ისეთი ინდივიდისა, რომელიც მზადაა ამა სოფლიდან, იგივე ამაოებიდან გასაქცევად და რომლის სულიც ძალ-ღონით სავსე მსუყე ლუკმაა.
    – რა შეგიძლია შემომთავაზო?
    – აი ეს უკვე საქმიანი საუბარია. ჩვენი კორპორაციის მომსახურება ყოველთვის იყო ცნობილი თქვენთვის. ერთი წინადადებით ის შემდეგნაირად ჩამოყალიბდა. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი შენი სურვილი.
    – ანუ აბსოლუტურად ყველა სურვილი, რომელსაც დაგისახელებ?
    – ნუ ონავრობ, ხომ ხვდები, რომ როცა ვამბობ ყველა მეთქი – ვგულისხმობ ამ სამყაროში განხორციელებად ყველა სურვილს. ტრანსცენდენტული რამე-რუმეები ჩემთვისაც ისევე აკრძალულია, როგორც ნებისმიერი ძეხორციელისათვის.
    – მაშ მხოლოდ ქონდრისკაცი-ობივატელის დაკმაყოფილება შეგიძლია.
    – უჰ, რა სასიამოვნოა, ოდნავ მადროვე შენი ამპარტავნების შხაპქვეშ დგომა… მოდი გაგიიოლებ ამოცანას. წარმოიდგინე, რომ მე ის კი არა ვარ, ვინც სამართლიანად ახლა გგონივარ, არამედ 50-ე საუკუნიდან შენს დროში მოხვედრილი მეცნიერი, რომელსაც ხელთ არნახულად წინ წასული ტექნოლოგია უპყრია. დაუშვი, რომ მე შენთვის იგივე როლს ვთამაშობ, რასაც შენ – ნეანდერტალელისათვის ითამაშებდი. ასე, მაგალითად, თუ მთხოვ მუდმივ სიცოცხლეს – მე ჩემი საუკუნის გენეტიკოსებს დავესესხები და ორგანიზმის ავტოგენეზიის, თვითგანახლების აბებს მოგცემ. თუ ყველა შენს მიერ ნათამაშებ აზარტულ თამაშში უეჭველი იღბალი მოგინდება, სხეულში მოგითავსებ ხელსაწყოს, რომელიც მოვლენათა წინასწარჭვრეტის უნარის გენერირებას მოახდენს. ქალთა სქესში წარმატებას თუ ინებებ სუპერმზერით დაგაჯილდოვებ, რომელიც სხვა არა არის თუ არა ფლუიდების გამომასხივებელი მანქანა.
    – ასე სატანური მაგია მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესამდე დაიყვანება.
    – რა თქმა უნდა, ჰოდა შენც განმიხილე როგორც ყველაზე ხელმარჯვე ოსტატი და ნუ მომთხოვ იმას, რაც ლოგიკას სცილდება, თუნდაც შენი ეპოქისათვის სრულიად ფანტასტიკურ ლოგიკას. გაიგე, “მე”- იგივე “შენ” ვარ, ოღონდ უფრო მოდერნიზებული.
    – დაგაგვიანდა! მაშინ მთავაზობ საქონელს, როცა მას ჩემთვის ყავლი გაუვიდა.
    – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გარდა ამისა, მართალია რთველის დროს მოსავალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაზის ყვავილობისას, მაგრამ ვინ ყიდულობს ყურძენს მაისში… არავინ… ჰოდა დაფიქრდი და თქვი რა გინდა.
    – გარიგება არ არის პატიოსანი, სანამ არ მეტყვი, თუ რის ფასად მაძლევ შენს ჭიან საქონელს.
    – ჭიანიო? სინდისი იქონიეთ, ყმაწვილო! ამ, როგორც თქვენ უწოდებთ, ჭიანი საქონლისათვის მილიონები ხოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ თუ მხატვრული ჰიპერბოლებისაგან განვზოგადდებით, შენი მოთხოვნა უსამართლო არ უნდა იყოს. რა გსურს რომ იცოდე?
    – რა მელის თუ დაგყაბულდი?
    – ვითომ არ იცი… თუმცა, არა. ვიღაც-ვიღაცეებმა დაგაბნიეს და მითქმითა და კბილთა ღრეჭით შეგაშინეს. ჯოჯოხეთი, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით, მღვდლების მიერ საბრალო ცოდვილთა წინააღმდეგ მოფიქრებული გრანდიოზული PR ღონისძიებაა. სინამდვილეში, კუპრით სავსე ქვაბები და სამკაპა ეშმაკუნები ჩვენი კორპორაციისათვის სრულიად უსარგებლო რამაა. შენ გელის ის, რაც მილიარდობით სხვა ადამიანს. უბრალოდ ერთ დღეს მოკვდები და გაქრები. დასრულდები, აღარ იარსებებ. ის, რასაც ასე ძლიერ ეპოტინები, ანუ შენი ინტელექტი, დადნება როგორც შარშანდელი თოვლი.
    – თუ ეს ისედაც ელის ყველა ადამიანს, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ შენს საქონელს ჩალის ფასად ვყიდულობ.
    – კვლავ თვალთმაქცობ, ჩემო მეგობარო. მე ზუსტად ვიცი ერთი რამ – შენ უკვე მიხვდი, რომ ჩემს ჩრდილს მიღმა არსებობს მარადი ნათელი. ვიცი ისიც, რომ ცდილობ საუკუნო სიცოცხლე დაიმსახურო, რომ გინდა ჩემი მარწუხები გაარღვიო და სამუდამოდ გამექცე. აი ამ დროს, ჩემთან გარიგებით, შენ თმობ შანსს, იქონიო შანსი. ეს ვაჭრობა მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია შენთვის. რას იზამ?! დაუბრუნდები შენთვის ყავლგასულ ქვეყნიერებას და აიტან ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს, თუ ამ ყოფის მბრძანებელი გახდები?! ან იქნებ ჩემი საქონელი არ გხიბლავს. გინდა მთელს ჩემს უნარებს შენ გადმოგცემ…. დაიწყებ ქროლას პლანეტიდან პლანეტამდე. შენი თვალით იხილავ სამყაროს ათას საოცრებას. იგრძნობ ენით აუწერელ სიამოვნებებს… როგორც ხორციელ, ასევე ინტელექტუალურს
    – სად არის ბილიკი, რომელიც აქედან ჩამიყვანს?
    – გაფრთხილებ! ჩემს იქით ამ ქვეყანაზე არაფერი დარჩა შესაცნობი. მე ვარ ალფა და ომეგა სამყაროსი. მე ვარ ყოველი სურვილი და ვნება. რას ჩადიხარ?! სხეულს ჯოჯოჯხეთისთვის სწირავ მაშინ, როდესაც არც კი იცი, ჯილდო რა არის. იქნებ ღმერთი შენი ფანტაზიის ნაყოფია. დაფიქრდი, თვით სატანაც კი გულწრფელი გეუბნება, რომ არ იცნობს ღმერთს. იქნებ მთელი შენი მომავალი ტანჯვა და ბრძოლა ამაოებასთან – ქიმერების დევნაა და შენ მაინც მოკვდები. მოკვდები ისე, როგორც ჩემთან თანხმობის შემთხვევაში გაქრები, ოღონდ მილიონ სიამოვნება გამოვლილი. დათანხმდი ადამიანო. მე შენში ჩემს გერებს, გონებას და განსჯას ვუხმობ! იქნებ მე ვარ ღმერთი! მე ვარ თქვენი სამყაროს შემოქმედი და განმგები. მატერია არ არის ის, რასაც თქვენ აღიქვამთ და შემდეგ გონების მეშვეობით აყალიბებთ ცნებებად. რომც ისურვოთ, აპრიორული ემპირიკის სფეროდან ვერ გახვალთ. არც გახსოვს რას გიმტკიცებდა ბებერი კანტი. ჭეშმარიტება, სინამდვილით და სუბიექტივიზმით შეურყვნელი წმინდა იდეა, მატერიალურ საგნებს გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც თავად სუბიექტს შეაქვს ეს ინგრედიენტი მატერიალურ საგნებში. ესე იგი გამოდის, რომ ეს იდეები ადამიანთა ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. ხომ შეიძლება, მთელი ფილოსოფიური აბდა-უბდა, რომლითაც შენ ხარ გატაცებული, შარლატანი იდეალისტების ბოდვაა და სხვა არაფერი. ნუ გაცვლი შენს ფერხთით განფენილ მსოფლიოს ლანდებთან თამაშში. შენ იმსახურებ იმას, რასაც მე მოგცემ. თუ მერკანტილური ჯილდონი არ გაკმაყოფილებს, მე მზად ვარ ქვეყნიერების ყველა საიდუმლო გაგანდო. განგაცდევინო მსოფლიო შედევრით ტკბობა, როგორც აწ უკვე აქამდე შექმნილით, ისე მომავალში რომ ხორცს შეასხამს ჯერ არდაბადებული გენიოსი. და რას იხდი ამ სიმდიდრეში?! უბრალო სიკვდილს, გაქრობას, გახსნას მატერიაში შენი სულისა. მაშ, დაფიქრდი და საბოლოო პასუხიც მითხარი.
    ამ დროს მე უხმოდ ვტრიალდები დ თვალებით ვეძებ მწვერვალიდან ბარისაკენ ჩამავალ ბილიკს. აი ისიც… ამ დროს უკნიდან შემზარავი ქუხილის ხმა მესმის. ვტრიალდები და ვხედავ, რომ ჩემი ალტერ ეგო გიგანტურ კუპრისფერ ჩრდილად ქცეულა. მისი კონტურები იცვლება, როგორც ვულკანის კრატერიდან ამომავალი ბოლის ქულები. უგულველყოფილი სატანა მგვრგვინავი ხმით მიხმობს.
    – ო უგუნურო, ამაყო და თავხედო მოდგმავ. რომ იცოდე როგორ მეზიზღები, რადგან ზეცას, ჩემს სამშობლოს მომაგონებ. მას შემდეგ, რაც ბერიკაცმა წამართვა სიკეთე და თავისი საცხოვრებლის მოდარაჯე ფინიად დამაყენა, მე შევიძულე ის და მისი ხატი – ადამიანი. მართალნო, განა რომელიმე თქვენთაგანი ფიქრობს იმაზე, რას გრძნობს მოდარაჯე ძაღლი. თქვენს კერპს, იესოს ადიდებთ და მას, როგორც უსაზღვრო და მარად სიკეთეს ელტვით. ხოლო იუდას, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად შექმნა ქრისტე, საუკუნოდ წყევლით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ ბოროტება იცავს თქვენი სასუფევლის კარებს უწმინდურებისაგან, რომ მე-სატანა-ჩემი ჩრდილით გამოვყოფ ნათელს ბნელისაგან. ო, როგორ მძულხართ თქვენც, ადამიანებო, ეს მთებიც, მზეც, ჰაერიც მძულს, თვითოეული ატომი და მოლეკულა ხრწნადი მატერიისა. ყოველი ნივთი წარმავალია და მისი კვდომა ჩემს ხელთაა, მე მემორჩილება. მე კი მძულს ეს მორჩილება და ეს საგნებიც. ოო, უმადურო კაცობრიობავ, წყეულიმც იყავ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
    აქ მეორე “მე” ეფექტურად იწვევს საშინელ ქარბუქს, ელვას და ქუხილს და ხელმოცარული ტოვებს მთის მწვერვალს. მე კი, ჩანჩალ-ჩანჩალით მოვუყვები საცალფეხო ბილიკს, რომელიც უკან ადამიანებთან მაბრუნებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – სექტემბერი

    ნიკოლოზ ჩხოტუა, “მარადიული”, ინგლისურიდან თარგმნეს: ირაკლი თოფურიამ და კახა ჯამბურიამ, რედაქტორი: თამაზ ჯოლოგუა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

    “ეს რომანი ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე აღმოჩნდა. აღმოჩენას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა. დღესაც კი იშვიათად თუ მოიძიებთ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ინგლისურად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ საერთაშორისო პოპულარობაზე. საბჭოთა პერიოდისდროინდელი რამდენიმე იშვიათი თარგმანისა და თითო-ოროლა თანამედროვე ნაწარმოების გარდა, გაგიჭირდებათ მოიძიოთ გამორჩეულად “ქართული” ხასიათის, მისი შინაგანი ემოციებისა და ნააზრევის ამსახველი სხვა ქართული ნაწარმოები” – წერს ამ წიგნის წინასიტყვაობაში პიტერ ნეისმიტი. ასეთი შეფასების მიუხედავად, ქართველ მკითხველს ნიკოლოზ ჩხოტუას სახელი ბევრს არაფერს ეუბნება. ვინ იყო იგი?
    ნიკოლოზ ჩხოტუა იმ თაობას ეკუთვნის, რომელთაც 1921 წელს, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველო დატოვეს. 16 წლის ბიჭმა ჯერ ევროპას მიაშურა, შემდეგ ამერიკას, საბოლოოდ კი შვეიცარიაში ჩავიდა და 1984 წელს იქვე გარდაიცვალა. საქართველოში დაბრუნებაზე უკანასკნელ წუთებამდე ოცნებობდა, თუმცა, ნატვრა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აუხდა. 1988 წელს, მისი სურვილის თანახმად, ოჯახის წევრებმა მწერლის ფერფლადქცეული გული სამშობლოში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე დამარხეს.
    “მარადიული” ავტორის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია, რომელიც 1940-იან წლებში ინგლისურ ენაზე დაიწერა. რომანი, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და როგორც მიიჩნევენ, ავტობიოგრაფიულია.

    ირაკლი კობახიძე, “დაბრუნება ტერანუოვაში”. თბ. 2009.

    ტერანუოვა ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს ალპების ერთ მიუდგომელ კუთხეში, მდინარე ოლიოს მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. სწორედ იქ ხარობს ჯადოსნური ედელვაისი, უკვდავების ყვავილი, რომლის საძებნელად ერთ დროს ჯოაკინო სარტი გაემგზავრა, თუმცა, ოქროს საბადოების აღმოჩენამ ჯადოსნური ყვავილის ისტორია მასაც და მის თანამოაზრეებსაც მალე გადაავიწყა. იმ ადგილას აშენდა ქალაქი, რომელსაც ტერანუოვა, ანუ “ახალი მიწა” უწოდეს.
    ჯოაკინოს შემდეგ ჯადოსნურ ედელვაისს არაერთი ტერანოუველი ეძებდა, მათ შორის, პაოლო სარტორი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყვავილი კარგა ხნის ნაპოვნია.
    ჯადოსნური ედელვაისი თითოეული ჩვენგანის სულში ხარობს, თუმცა, სანამ ამას მივხვდებით, ბევრი წყალი ჩაივლის. ჩვენ კი მაინც ვეძებთ, ვეძებთ, რათა მკაცრმა სინამდვილემ არ მოგვკლას – ასეთია ახალგაზრდა მწერლის კონცეფცია.
    ზღაპარში ცხოვრება ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, მნიშვნელობა არა აქვს, პირველყოფილ წყობაში ცხოვრობს თუ ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში. ამიტომ იწერება დღესაც ჯადოსნური ამბები. “დაბრუნება ტერანუოვაში” ერთ-ერთი ასეთი წიგნია, ზღაპარი პატარა დიდებისთვის, რომელიც ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრის წაშლას ცდილობს და ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების არსის გარკვევაში ეხმარება.

    ერნესტ ჰემინგუეი, “იქ, მიჩიგანში”, იგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ანა რატიანმა. თბ. “ინტელექტი”, 2009.

    სერიით “ნობელის პრემიის ლაურეატები” გამომცემლობა “იტელექტი” ამჯერად ჰემინგუეის გვთავაზობს. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საყვარელი ავტორის მოთხრობებს. “იქ, მიჩიგანში,” “ვაიომინგის ღვინო,” “ბატონი და ქალბატონი ელიოტები,” “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” და, რასაკვირველია, ლეგენდარული “მოხუცი და ზღვა,” ნაწარმოები, რომლისთვისაც 1954წელს ავტორს ნობელის პრემია მიანიჭეს.
    გასული საუკუნის ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა თავისი ეპოქის ლიტერატურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გახსოვთ, ალბათ, ყელიან სვიტერში გამოწყობილი მწერლის ცნობილი ფოტო – როგორი უბრალო და ამავე დროს, შთამბეჭდავია; მისი ჩაცმულობა, ცხოვრების სტილი, წერის მანერა ხშირად ხდებოდა თანამედროვეთა მიბაძვის საგანი, თუმცა, ჰემინგუეი იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში ახალი ეპოქა შექმნა.
    “ჰემინგუეიმ მწერლობაში გამოსვლისთანავე იგრძნო, რომ საჭირო იყო ახლებურად წერა, გატკეპნილი გზით სიარული აღარ შეიძლებოდა” – წერს მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. და მართლაც, მან გაკვალა ბილიკი, რომელსაც დღემდე მიჰყვებიან მისი შემოქმედების მოყვარულები. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი ეს წიგნი.

    მიშელ უელბეკი, “პლატფორმა”, ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ქართულად ითარგმნა სკანდალური ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის კიდევ ერთი რომანი. 2001 წელს დაწერილ “პლატფორმას,” ისევე, როგორც მის ნებისმიერ ნაწარმოებს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ავტორს ადანაშაულებდნენ რასიზმში, შოვინიზმსა და პორნოგრაფიაში, თუმცა, თავად მიიჩნევდა, რომ ეს რომანი ნამდვილ და ამაღელვებელ სიყვარულზეა, როგორსაც თანამედროვე დასავლურ სამყაროში ვეღარ შეხვდები.
    რა ხდება რომანში? მისი მთავარი გმირი, 40 წლის მიშელი ტაილანდში მოგზაურობისას მომხიბლავ ვალერის გაიცნობს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში მოღვაწეობს. მათ შორის ვნება იფეთქებს. საკურორტო დასვენების სრულიად ახალი ფორმა, რომლის იდეაც წყვილს ამ მოგზაურობის დროს უჩნდება, ლეგალურ სექს-ტურიზმს ეფუძნება. წარმატებით განხორციელებულ ჩანაფიქრს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს. დამსაქმებლები ტურისტების ნაკადს მკვდარ სეზონზეც კი ვერ აუდიან, თუმცა, მოულოდნელად, იდილია მთავრდება. ერთ-ერთ დისკოტეკაზე ფანატიკოსი მუსულმანები ბომბს აფეთქებენ და “გალანტური გართობის” მონაწილეებს ტყვიებით უმასპინძლდებიან. იღუპება ვალერიც. შემთხვევით გადარჩენილი მიშელი კი ცხოვრების მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავს.
    წიგნი დახუნძლულია უელბეკისათვის ესოდენ დამახასიათებელი სექსუალური სცენებით, თუმცა, აურზაურის მიზეზი ეს არ გამხდარა. სკანდალი ისლამის მიმართ გამოქმულმა ავტორის პოზიციამ გამოიწვია, რომელიც ამ რელიგიას განწირულად მიიჩნევდა. უელბეკი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსაც. რომანის მთავარ გმირს ეზიზღება ეს სამყარო, რომელიც დაცლილია გრძნობებისგან, ირგვლივ სიყალბე და ტყუილი სუფევს. ერთადერთი ხსნა სიკვდილშია, რომელსაც პატაიაზე გადახვეწილი მიშელი მოთმინებით ელოდება.

    მერაბ ღაღანიძე, “გზავნილი “არილის” მკითხველს”, რედაქტორი: მალხაზ ხარბედია. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.

    წინამდებარე წერილები იმ პერიოდისაა, როდესაც ქართულ ყოფაში მობილური ოპერატორებისა და შესაბამისად, ელექტრონული გზავნილების ეპოქა დაიწყო. ბევრისთვის ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ფეხის შედგმას ნიშნავდა, ლიტერატურის მოყვარულთათვის კი, რომელთა უმეტესობა მაშინ “არილის” მკითხველი გახლდათ, მერაბ ღაღანიძის ლიტერატურული გზავნილებით გახდა მნიშვნელოვანი.
    ამ წერილების ავტორი 1997-98 წლებში პრაჰაში ცხოვრობდა და როგორც თავადვე აღნიშნავს, “ახალი ცოდნის მოპოვებისა და ახალი უწყების წვდომის სიხარული” ამოძრავებდა. მაშინდელი გლობალური ქსელი საკმაოდ მწირი გახლდათ და დასავლეთში მიმდინარე უახლესი ლიტერატურული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც ჭირდა, ამიტომ მოვლენების ეპიცენტრიდან ჩამოსულ გზავნილებს სიახლეებს მოწყურებული ქართველი მკითხველი ღრუბელივით ისრუტავდა. როჟე გაროდისა და ტიმოთი ლირის, მირჩა ელიადეს, აიზაია ბერლინისა და სხვათა შესახებ დაწერილი ესეები დიდი ინტერესით იკითხებოდა. იმ პერიოდში “არილს” მერაბ ღაღანიძის წერილებმა უამრავი მკითხველი შემატა.
    წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 27 ესეი, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს საფოსტო გზავნილების სახით ჩამოდიოდა საქართველოში და ევროპული სამყაროდან შემოსული თავისუფლების სურნელით იყო გაჟღენთილი.

    რევაზ გაჩეჩილაძე “ჩემი XX საუკუნე”, ტომი 1, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

    პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის წინამდებარე ნაშრომი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მოყვარულთ დააინტერესებთ, ასევე, მათაც, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი მნიშვნელოვანია.
    წიგნის ავტორი გლობალურ ხედვას გვთავაზობს. მისთვის საკმარისი არ არის საქართველოს, როგორც ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიის ანალიზი. დასკვნების გამოსატანად აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების გათვალისწინებაც. “არცერთი ისტორიული მოვლენა არ შეიძლება ამოიგლიჯოს დროითი კონტექსტიდან: ის გასაგები ხდება მხოლოდ თავისსავე ეპოქასთან კავშირში” – წერს რევაზ გაჩეჩილაძე.
    წინამდებარე ტომში XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტებია წარმოჩენილი. ავტორი აანალიზებს საბჭოთა სისტემას და შეფასებას აძლევს სტალინიზმს. ვფიქრობთ, მისი მოსაზრებები ამ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის საყურადღებო იქნება.

    “წახნაგი, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული”, მერაბ ღაღანიძის რედაქციით. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.

    “წახნაგი”: ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული” ჩაფიქრებულია პერიოდულ სამეცნიერო გამოცემად, რომლის გამოქვეყნება, ბუნებრივია, ყოველწლიურად ივარაუდება და რომელიც შეძლებისდაგვარად ეცდება, წარმოაჩინოს ის საუკეთესო, რაც ქართველი მკვლევარების უახლეს ფილოლოგიურ ძიებათა ნაყოფს ასახავს” – წერს გამოცემის წინათქმაში ლიტერატორი მერაბ ღაღანიძე.
    ამ გამოცემის იდეა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგ პროფესორებს შორის გაჩნდა და თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალის სახე უნდა ჰქონოდა, თუმცა, მოგვიანებით თანამოაზრეთა რიცხვი გაიზარდა და წელიწდეულიც გაცდა საუნივერსიტეტო ჟურნალის ფარგლებს.
    გამოცემის მიზანია გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, ნარკვევები, ლექციები, საარქივო-დოკუმენტური, მემუარული თუ სხვა ტიპის საინტერესო მასალები ფილოლოგიურ კვლევათა ყველა სფეროში.
    პირველ ნომერში შევიდა შუქია აფრიდონიძის, იუზა ევგენიძის, მაკა ელბაქიძის, ზურაბ კიკნაძის, გაგა ლომიძის, ირმა რატიანისა და სხვათა ნაშრომები, სამომავლოდ კი “წახნაგის” ფურცლები არა მხოლოდ ღვაწლმოსილ და დაფასებულ მეცნიერებს, საინტერესოდ მოაზროვნე ახალბედა ფილოლოგებსაც დაეთმობა. დღეს, როდესაც ამ სფეროში სამეცნიერო გამოცემათა რიცხვი ძალზე მწირია, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეულის გამოჩენა ქართული ფილოლოგიური სკოლის შემდგომი განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

    მერი ინაძე, “ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები”, სერიის მთავარი რედაქტორი: ბუბა კუდავა. თბ. “არტანუჯი,” 2009.

    გამომცემლობა “არტანუჯი” “კოლხური სერიის” მორიგ წიგნს გვთავაზობს. თეა კალანდიას, აკაკი ჭანტურიასა, დანიელ ფიფიასა და ანა ჩიქვანაიას შემდეგ დაინტერესებული მკითხველი მერი ინაძის “ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხებს” გაეცნობა. წიგნში განხილულია ძველი კოლხეთის მიწა-წყალზე მცხოვრები საზოგადოების ისტორია და გენეზისი, სატაძრო-საქალაქო ცენტრების წარმოქმნა-განვითარება, მისი კავშირი ეგეოსურ-მცირეაზიურ, ბერძნულ და ელინისტურ სამყაროსთან… ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები ისტორიულ ფაქტებს, მდიდარ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. ნაშრომში წარმოდგენილი მასალები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში, ერთად თავმოყრილს კი მკითხველი პირველად იხილავს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ბესიკ ხარანაული

    თეონა დოლენჯაშვილი

    ბესიკ ხარანაულის ჯორზე ამხედრებული რაინდები და მომავლის მკითხველი

    – ბატონო ბესიკ, ცოტა ხნის წინ თქვენი სახელი ნობელის პრემიასთან ასოცირდა. და დიდი აჟიოტაჟიც ატყდა. ბევრი გახარებული მკითხველი ვნახე და ბევრი ისეთი სკეპტიკურად განწყობილიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ნობელი დიდი ხანია პოლიტიკურ პრემიად იქცა და ჩვენი ქვეყანა შვედეთის აკადემიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.
    – ამ აჟიოტაჟმა – როგორც თქვენ ბრძანებთ, და ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ბევრი რამ დამანახა. პირველი, ის, რომ ჩვენს ადამიანს სჭირდება ხალისი და ეძებს საამისო საბაბს, რომ როგორმე დაძლიოს ეს ხალისის დეფიციტი. და ეს უბიძგებს ადამინებს, ის წარმოიდგინონ, რაც არ არის. ხალხს უნდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრემია, პირველ რიგში, მისიანმა მიიღოს. თავისი გამარჯვებული უნდა, რომ ჰყავდეს, თავისი გმირი უნდა რომ ჰყავდეს. მაგრამ ამავე დროს, ყველა ვერ წარმოუდგენია ამგვარ გმირად.
    – მაგრამ თქვენ წარმოგიდგინეს… ალბათ, მკითხველს სურს ენდოს საკუთარ წარმოსახვას, „სინამდვილე თვითონ დაემსგავსება“…
    – ალბათ. მაგრამ ამ ამბავმა კიდევ ერთი რამე შეამოწმა. ის, რომ წიგნი წარმოიდგინეს პრემიის ღირსად, აღიარეს. მოკლედ, ჩემს წიგნებზე უარი არ უთქვამთ, თქვეს, რომ წიგნს ეკუთვნის ეს განსაკუთრებული “რაღაც”…
    – საერთოდ, რა განწყობა გაქვთ პრემიების მიმართ? მართლაც ისეა, როგორც ერთგან ამბობთ, რომ “თუ თავს დაუდაფნავ, ტკივილს დაუკარგავ”?
    – დაფნა და გვირგვინები ხალხმა თავისი თავისთვის გამოიგონა და თავის თავს ადგამს. ისე კი, ყველა პრემია იმსახურებს იმას, რომ ერთი-ორი დღე ამ ტალღაზე იყო, გიხაროდეს, შეიძლება საკუთარ თავს სიყვარულითაც გაეთამაშო. პრემიაც ეგაა ალბათ, რომ გინდა, ცოტა ხნით შენს თავს გაექცე. ეგეც ერთგვარი გაქცევაა. ისე კი, არავინ არ არის საკუთარი თავის წინაშე ჯილდოს ღირსი.
    – საფრანგეთში ომარ თურმანაულმა და მარი ფრენინგმა თარგმნეს თქვენი “წიგნი ამბა ბესარიონისა” და დიდი წარმატებითაც. ისე კი, როგორ ხდება, მართლაც იკარგება თარგმანში პოეზია?
    – ალბათ, მართალია ის, რომ დიდი პროცენტი თარგმანში იკარგება, მაგრამ საბედნიეროდ, არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეს შეგრძნება არ გიჩნდება. მაგალითად, მაჩაბელს როდესაც კითხულობ, წერედიანს, ან გრიგოლ აბაშიძის მიერ ნათარგმნ შანდორ პეტეფს, არ გიჩნდება სურვილი შეამოწმო დედანი. ამიტომ უნდა თარგმნოს იმან, ვინც იცის და გრძნობს ენას და ტექსტს, ან უნდა გაიზარდოს მთარგმნელი ჯერ და მერე მოკიდოს ამ საქმეს ხელი. საერთოდ მგონია, რომ ყველანაირი ნიჭი ღმერთის ბოძებულია – რასაც ადამიანი ხარისხიანად და ღირსეულად ქმნის. ცუდ პოეტს და კარგ მთარგმნელს შორის დიდი განსხვავებაა. მე ასეთ დროს კარგ მთარგმნელს ვამჯობინებ და ასე ვფიქრობ: “მაჩაბლის შექსპირი, წერედიანის ვიიონი, ანდა წერედიანის სვანური პოეზია…”
    – ეს პრობლემა ალბათ სულ იდგა. და სამწუხაროდ, ჩვენმა პოეზიამ და ლიტერატურამ დღემდე ვერ მოახერხა საზღვრებს გარეთ გასვლა, სერიოზული გარღვევა .
    – ადრე საერთოდ ძალიან მანკიერი მხარე ჰქონდა ბევრ რამეს. რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები. ვთარგმნიდით ბწკარედებიდან. მთარგმნელის სახელი საერთოდ არ ჩანდა და ძალიან დაუფასებელი საქმედაც იყო მიჩნეული. მაგალითად, ერთი ფოტო მახსენდება. ამ ფოტოზე გალაკტიონი მიხალკოვთან ერთადაა. ღიმილით ლაპარაკობენ რაღაცას. გალაკტიონს რაღაცნაირი პირმოთმე სახე აქვს, ჩანს, რომ ან თარგმნა უნდა, ან პრემია და რუსი კოლეგის კეთილგანწყობას ცდილობს. გალაკტიონზე იმიტომ შეიძლება ასე ლაპარაკი, რომ ის გენიოსი იყო და ბევრი რამ სისულელე უნდებოდა, ბავშვივით, გულწრფელად.
    – იცნობდით გალაკტიონს?
    – კი, და ბევრ, ერთი შეხედვით, უხერხულ სიტუაციაშიც მინახავს. მაგრამ გალაკტიონი იყო და ისეთი სცენა, რამაც შეიძლება სხვა დაამციროს, მას, პირიქით, ამკობდა კიდეც. გალაკტიონი და სპარტაკ ბაღაშვილი მიყვარდა ძალიან და სადაც დავინახავდი, მიხაროდა. ვახტანგ ჭაბუკიანის პლასტიკის გენიას ვცემდი კიდევ თაყვანს… საერთოდ ბევრი, ბევრი ვინმე მიყვარდა…
    – გალაკტიონის შემდეგ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც ააყირავა ქართული პოეზია, შემოიტანა ვერლიბრი, და ამასთან ერთად დისიდენტური აზროვნებაც პოეზიაში. ეს იმ დროს რთული არ იყო?
    – მე არ მოვითხოვდი საბჭოთა გამომცემლისგან, რედაქტორისგან, რომ ჩემს გამო რისკზე წასულიყო, დავებეჭდე და ჩემს გამო დაეკარგა სამსახური. ვერლიბრი მერე დაერქვა, მაშინ ეძახდნენ თავისუფალ ლექსს. თვითონ ეს სიტყვათშეთანხმებაც კი მიუღებელი იყო. და ამიტომ არავისგან არაფერი არ უნდა მომეთხოვა, არც მოწონება, არც თავის დაკვრა. მაგალითად ასეთი პატარა ლექსი მაქვს:
    “ჭრელი ხბო,
    როგორც პატარა ნიში,
    მახსოვრობაში თუ დაღლილ ტვინში,
    განათდება და უცებ გაქრება”
    აბა, ასეთი “საქონლით” მაშინ ვაჭრობა შეიძლებოდა? უნდა ივაჭრო იმით, რაც იყიდება, კონიუქტურას უნდა დაემორჩილო, ამიტომ არ ვიყავი პრეტენზიული და გარეგნულად არ გამოვხატავდი. და არც ჩემს ირგვლივ გამართულ კამათში მიმიღია მონაწილეობა.
    – მაგრამ თქვენი პოეზია მაინც იბეჭდებოდა…
    – მაინც იბეჭდებოდა. და თუ არ იბეჭდებოდა, რედაქციიდან რედაქციაში არ დავდიოდი. რომ იბეჭდებოდა გასაკვირიც არაფერია ალბათ… ტრადიციული ხალხი ვართ, ლიტერატურა ჩვენთვის ტრადიციაა. ყველა დრო ითხოვს ახალს, ახალს და ეს გზა ისეთი შეუქცევადია.. ეს თემა განსაკუთრებით ჩემმა “ხეიბარმა თოჯინამ” გაამძაფრა. რომელიც ძალიან მოეწონა არჩილ სულაკაურს და ოთარ ჭილაძეს. და რედაქტორს უთხრეს, მოგვწონსო. თქვენ თუ მოგწონთ ჩემი წაკითხვა რად უნდაო,… და ასე ნახევრად არალეგალურად გამოიცა ეს წიგნი, რომელსაც შემდეგ გურამ ასათიანის დიდებულმა წერილმა გაუთქვა სახელი და ყველაფერი მიამშვიდა…
    – რადგან „ყოველი წუთი კონსერვატორულია, მომავლისკენ იყავით მიპყრობილი”
    – მწერალი საერთოდ ხომ მომავლისაა. ჩვენ არ ვიცით მომვლის მკითხველი, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მომავალს. მომავლისკენ ვიყურებით, რადგან წიგნი მომავალს ნიშნავს.
    – და საერთოდ ხედავთ მკითხველს? ჩემი აზრით, კარგი მკითხველი უფრო ცოტაა, ვიდრე კარგი მწერალი.
    – რა თქმა უნდა. ასეა. სხვათა შორის, ყველაზე კარგი კომპლიმენტი რომელიც მითხრეს, ის იყო, – “საიდან გაფიქრდება ეგეთი რაღაცეებიო?” ახალგაზრდა კაცი იყო, მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი, ტოლები ვიყავით. ვიცნობდი იმ კაცს და არც მეგონა, თუ მე წამიკითხავდა…
    – როგორ ფიქრობთ, დღეს ლიტერატურა მკვდარია? გავლენას რომ ვერ ახდენს ცხოვრებაზე, ეს ცხადია.
    – ეს მითი, რომ ლიტერატურამ გავლენა უნდა მოახდინოს ცხოვრებაზე, ალბათ განმანათლებლების ეპოქის პირმშოა. ერთხელ აქ სტეინბეკი იყო. საუბარი ლიტერატურის ცხოვრებაზე გავლენას შეეხო, თქვეს, როგორ უნდა მოახდინოს ლიტერატურამ ისეთი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, როგორც ვთქვათ, ზინგერის საკერავმა მანქანამ, ან ტოიოტამ? სტეინბეკმა მაშინ თქვა, რომ ჩვენთან “ბიძია თომას ქოხმა” მოახდინა დიდი გავლენაო. ესე იგი, სოციალურმა ლიტერატურამ.
    -თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ვთქვათ, ჯოისზე, ან თუნდაც, ტოლსტოიზე უკეთესი მწერალი იყო. მაშინ როდესაც მათ რომანებს ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. და დღეს რა ხდება? ლიტერატურა დაშორებულიც ხომ არ არის ცხოვრებისგან, ადამიანისგან?
    – დღეს ტექნიკა ბატონობს ყველგან. ყველაფერში და მწერალსაც უბიძგებს პირველ რიგში ტექნოლოგიური იყოს, “თანამედროვე”. გული კი არ არის ტექნოლოგიური და არც თანამედროვე – გილგამეშისაა. ნახეთ, როგორი მოუწესრიგებელია ადამიანის გული თვითონ ადამიანში. ამიტომ თავის თავს ადამიანი ვერასდროს დაეწევა. უამრავი თავგადასავალი გადახდა ბევრს, მაგრამ თვითონ მაინც ცარიელია. იმიტომ, რომ პოეზია თავგადასავალი არ არის და არც ფაქტები და არც ეფექტები..
    – “შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რას მიაშენებ…”
    ეს არის მწერლის იდეალი, მიაშენოს?.. საერთოდ, მწერლის იდეალი რა არის?

    – მწერლის იდეალი ის არის, რომ თქვას რაც აწუხებს და მორჩეს.
    – ეს იდეალური მდგომარეობაა? თუ მაინც მუდმივი უკმარისობის გრძნობა რჩება, რომ “აქამდე არაფერი არ იყო და ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაიწყო წერა”
    – ეს არანორმალური მდგომარეობაა. წერა არანორმალურ მდგომარეობაში გაგდებს. ყველაფერი გაშორებს მას, ყველაფერი ხელს გიშლის. ახლა როდესაც ეს ბოლო წიგნი დავასრულე, ვთქვი, რომ უნდა დავისვენო. ანუ საკუთარ თავს დავუბრუნდე. მე ისეთი ფსიქიკა მაქვს… არ ვემადლიერები საკუთარ თავს, საკუთარ ნერვებს და შესაძლებლობებს. ყველა სიბრძნე კარგია, მაგრამ ვხედავ, რომ მე არ მეხება, მე არ მეკუთვნის.
    – თქვენ როგორ წერთ?
    – 24 საათი ვწერ. თუ კალამს არ ვაწრიპინებ, ვიმახსოვრებ. ეს მუდმივად ხდება. იკითხავენ, რომელი დროა კარგი? დილაც კარგია საწერად, შუადღეც და ღამეც… მოდი და გამეცი პასუხი… მე გეტყვით: დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ვწერ.
    – ფიქრი და ცხოვრება ერთად ხერხდება? თუ ეს “ისეთივე უადგილო შეთანხმებაა, როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი?”
    – ადამიანი იმიტომაა ასეთი მხეცი, რომ ყველაფერი შეუძლია
    – ცალ-ცალი ფეხსაცმლითაც სარული?
    – რა თქმა უნდა. უხდება კიდევაც.
    – ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ მხოლოდ მარტოკაცები აღწევენ მწვერვალებს. მწერლისთვის უმთავრესი შემოქმედება უნდა იყოს და მაშინ გამოუვა რამე…
    – იცით რა არის? ყველაზე დიდი რამ ამქვეყნად არის ადამიანი. ყველაზე ძნელი არის ადამიანი. ყველაზე შეუძლებელი – სიყვარული. საერთოდ. ეს შეუძლებელი გრძნობებია. ათი მცნება შეუძლებელია, უფრო სწორად, ჯერ-ჯერობით დაუძლეველია.
    – სრულებით გეთანხმებით. და შემოქმედებასაც ადამიანის გარეშე რა აზრი აქვს. ისე კი ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ რა საშინელია ზოგჯერ ეს ფასი…
    – იმიტომ, რომ ყველაფერს გამოსყიდვა უნდა, განსაკუთრებით სიხარულს. ძველ დროში მსხვერპლთშეწირვას თავისი სიბრძნე გააჩნდა. მაშინ თავის მიზეზები ჰქონდათ. იცოდნენ, რას და რატომაც წირავდნენ მსხვერპლს. რის სათხოვნელადაც მიდიხარ, იმის წონა ფასი უნდა გადაიხადო. ისე, ალბათ არ მოგეცემა.
    – შემოქმედებას რა ფასი აქვს? თავისი ტვირთი და სიმძიმე?..
    – ძალიან კარგია იყო ხალისიანი, ხალისიანი ნაწარმოებები შექმნა. ასეთი მეტაფორა არსებობს, რომ ოსვენციმის შემდეგ პოეზია და ლექსის წერა აღარ შეიძლებაო. მაგალითად, ვაჟა ფშაველას დროს ძალიან მოდაში იყო ნიცშე და ვაჟაც ძალიან განათლებული იყო, ნიცშეც ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ არსად არ აქვს ნიცშეანური რამეები, რატომ? იმიტომ რომ რამდენ ჯურღმულშიც არ უნდა იყოს ადამიანი ნამყოფი, ყველას თავისი სათქმელი აქვს, ყველაფერი მაინც მიწაზე ხდება ბოლოს. ასე უცნაურად მიწიერია ადამიანი, მაგრამ ამავე დროს, მიწა არ აკმაყოფილებს მას. “ალუდა ქეთელაური” რომ გავიხსენოთ როგორია მიწა მასთან. ხორკლიანი, მშრალი… ალუდა ვაჟამ ნამდვილ ამბავზე დაწერა და ძმამ, ბაჩანამ მაინც “გაარკვია” მკითხველი – ეგ ამბავი რალურიაო… ის კი ვერავის ამოგლიჯეს პირიდან, რომ ისეთი ფინალი, როგორც ქეთელაურს აქვს საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ მხატვრულობა და არა ფაქტი ანიჭებს მას უკვდავებას.
    – ფიქრობთ, რომ ყველა „მართალი სიტყვა მართლაც წარსულში ითქვა” თუ სათქმელი კიდევ ბევრია? თაობათა შორის მუდმივი წინააღმდეგობაც ამაზე ხომ არ არის აგებული.
    – ახლა ვკითხულობ მე-16 -მე-17 საუკუნის პოეტებს. სულ იქ ვარ, და რა საოცარია, რა თქმა უნდა, აღიარებენ რუსთაველს, მის ტყვეობაში არიან, ისევე წერენ, როგორც რუსთაველი, ბაძავენ, მაგრამ იცით, რა ბრალდებას უყენებენ? ამდენი რამ ხდებოდა საქართველოში და რას იგონებდი რაღაც ზღაპრებსო. მოკლედ, ესენი უკვე სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, ლიტერატურას, სულ სხვა ტიპები არიან. ასევე რომ დასვათ გავრცელებული კითხვა, რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწერლებზეო, პასუხს ვერ მიიღებთ. ეს საერთოდ ისეთი კითხვაა… აი მაგალითად, ერთად იდგნენ აკაკი და გრიშაშვილი, მაგრამ ვიცით ჩვენ რას ფიქრობდა აკაკი გრიშაშვილზე? კაცმა არ იცის, რადგან გრიშაშვილმა წაართვა აკაკის ყველა მსმენელი და მკითხველი. მაგრამ მერე გრიშაშვილსაც გამოუჩნდენ შემცვლელები… და ასე შემდეგ…
    – და მაინც რაღაც ახალი ტენდენციები არსებობს, არა? ახალ დროს თავისი მოაქვს. და რა არის ეს „მეტი ავანტიურა, ვიდრე გულწრფელობა?”
    – თუ ლიტერატურას დავარქმევთ საამქროს, სადაც ახალი ტექნოლოგიები ინერგება, მაშინ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რა უნდა ქნას ამ დროს უბრალო მიწისმზომელმა? ცოდვაში ჩაგვაგდებს ეგეთი საუბარი…
    – სკაბრეზზე რას იტყვით. ეს დღეს პოპულარული თემაა. ის თქვენთანაც გვხვდება, მაგრამ ძალიან ორგანულად ტექსტში ჩაქსოვილი. თავის დროზე ყველაფერი ისე ბუნებრივად და ლაღად ითქვა ხალხურ პოეზიაშიც.
    – რაც შეეხება სკაბრეზს, ამისათვის დიდი მხატვრული ნიჭია საჭირო. ადამიანი რომ ჩაერევა, ბევრი რამე უხამსდება.
    – ბოლო რომანზე „60 ჯორზე ამხედრებული რაინდი“ ვისაუბროთ, წერთ, რომ ეს არის “წიგნი ჰიპერბოლების და მეტაფორების.”
    – ამ ბოლო წიგნის გამო გავმეცნიერდი კიდეც. იმდენი რამ წავიკითხე, თანაც როგორც ჩანს, პედანტიც გავხდი… ერთი თუ “გამეცნიერდი”. იგებ, რომ ცხენს რომ ნალს აჭედებენ იმას ლურსმანი კი არა, ყაირი ჰქვია , მოკლედ, სინდისი სანამდეც გაგიშვებს, იქამდე იქნები ზუსტი. ისე კი, მე ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელმაც ეს წიგნი წაიკითხა. ამითაა დღევანდელი ქართველი მწერალიც ბედნიერი, რომ, რაც გინდა დაწეროს საიდუმლოდ დარჩება.
    – რატომ?
    – იცით, როგორაა? დაუშვათ, დაბარე და გაიხედე შენი დაბარულისკენ. ამ დროს შეიძლება თავი შეიქო, ან რამე შენიშვნა თქვა. ეს ბუნებრივია. და მე ვთქვი ჩემს ბოლო წიგნზე, “დასაწერად ხომ ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მკითხველიც ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ ეს წაიკითხოს- თქო” ეს არის ჩემი შეფასება. მეტი არაფერი მითქვამს. მაგრამ, ამავე დროს, დაბარულისკენ რომ ვიხედები, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ წიგნით კარგად გავიგე ჩემი ხალხი, კარგად დავინახე მისი “წიგნი”. და ამ მომენტის გამო ვარ კმაყოფილი.

    © “Weekend”

  • პოეზია (თარგმანი)

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი – ლექსები

    ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში

    1.
    რაც აქამომდე იყო ხე, იყო შტო, იყო სხტე, იყო ხერგული –
    თოვლის-მიერ გაცრცნილ ჰაერში
    ნამლევი ესე ნაკვალევი, ტუშით მოსმული,
    ვით სიტყვა ერთი ფურცელზედან დაჩნეული,
    ვეებერთელა ემაგ სითეთრეს დაენთქმება.
    აეხატება სრულიადმცირე მშვენება იგი განტოტვილი
    თეთრსა ცასა; მალალთითება, იგი,
    თითქმისდა უხსოვნელი, თითქმისდა სუსხი უიოლესი,
    დროჟამს თითქმისდა განრინებული;
    თითქმისდა ასე: არც ზეითური, არც ქვეითური, თვალთმიუკვლევი
    წირი მქრქალი, ცას და გორმახებს გაკიდული,
    სულ ოდნავ თეთრი, ისევე თეთრში ჩატეული,
    თითქმის არარა –

    2.
    მყოფობს მაინც,
    ვიდრე ფურცელი ესე, ალაგი ესე, წამი ესე
    სულმთლად თეთრად მოიქცეოდეს.
    ფეთება იგი ფერთა მცირეთა,
    ძნელგანსაჭვრეტი, ჩინობს მაინც ისევ და ისევ:
    მწირზემწირთა ესრეთ წინწკალთა სპა ურაცხავი,
    თუთიისფრად, ტყვიისფრად; ცარცისებრ,
    ანდა თაბაშირისებრ, რძისებრ თეთრი; გადაპენტილი, ობისფერი, –
    თვითეული განცალკევებით,
    აგრერიგად მრავალხმიერად, ნათლად აგრერიგ დაწინწკლული
    სასიკვდილო დღესასწაული ნაკვალევთა:
    კონა და კონა კნინი სითეთრე იღაღადებს
    მძლეთამძლეობას ზანტი მთქნარებით დავანებული მარადისობის.

    3.
    თითქმისდა ასე: არარასა და არარას შუა
    ძალიანდება და, თეთრად ჰყვავის ხეი ალუბლის.

    თარგმნა ბესიკ ადეიშვილმა

    ქვეყნის ენა

    Ostendebat namque varium iracundum iniustum
    inconstantem, eundem exorabilem clementem
    misericordem, gloriosum excelsum humilem,
    ferocem fugacemque et omnia pariter.
    Plinius, Hist. nat. CCCV, CCCVI.

    რა დამიკარგავს აქ,
    ქვეყანაში, სადაც უწყინრად
    მომავლინეს ჩემმა მშობლებმა?
    ვარ მკვიდრი, თუმცა უნუგეშო,
    მიმოკარგული,
    ადგილობრივი ამ საამო უბედობაში,
    თვითკმაყოფილ, ლამაზ ხაროში.

    რა გამაჩნია მე აქ? ანდა, რა დამკარგვია
    ამ სასაკლაო ველზე, ზღაპრულ ამ საღორეში,
    სადაც ყველა და ყველაფერი აღმავალი, მაგრამ არა წინმავალია,
    სად მოყირჭებას საიმედოდ დაუდევს ბინა,
    დელიკატესით მოვაჭრეთა მაღაზიებში ცარცივით თეთრი სიღარიბე
    ხრინწიანად სადაც ხრიალებს და შედღვებილი ნაღებიდან ამოიბღავლებს:
    ყველაფერი აღმავალია!
    სადაც ღარიბი მდიდრებისგან რაღაც ერთი მოგების იქით სხვები – მდიდარი ღარიბები –
    თავ-თავიანთ კინოსკამებს აღტაცებით აცამტვერებენ,
    აქ დაცემიდან დაცემამდე ყველაფერი აღმავალია,
    გადასახადთა ბალანსი სადაც იგალობებს ოსანას და ნეტარ არიან-ს
    და ბღავის: არა, საკმარისი სულაც არ არის
    თავისუფალი დროის ქროლვა და გაქანება თვალშეუვლები,
    ეს უმცირესი ზარალია, ნახევარია,
    არაფერს ნიშნავს, საკმარისი სულაც არ არის,
    ყველგან და ყველგან რომ დაძრწიან სატარიფე პარტნიორები
    და იღერებენ დაბერილ მუშტებს და მოილხენენ
    და მღერიან და ასე ამბობენ:
    აქ ყველაფერი აღმავალია,
    ჩინებულია მართლაც აქ ყოფნა,
    აქ ხომ უკუსვლაც აღმავალია,
    ერთი მმართველი აქ მეორე მმართველ ბატონს ლოცვანით ბომბავს,
    მსუბუქად დაშავებულები აწარმოებენ ომს მძიმედ დაზარალებულებთან,
    რასაც აქ ჰქვია უმოწყალო სათნოება ერთურთის მიმართ,

    და ეს მცირედი ბოროტებაა,
    ეს არ მაკვირვებს,
    მუშტრები ამას ეგუებიან,
    სწორედ აქ, სადაც ერთი ხელი მეორეს იძენს,
    გულზე დავიდოთ ხელი, ჩვენ აქ თავი ქუდში გვაქვს,

    აქ დავემკვიდროთ,
    ამ არიულ ჯართის გროვაზე,
    ამ მოღრჭიალე მანქანსადგომზე,
    სადაც ნანგრევებს ნანგრევები ამოეზრდებათ,
    ახალთახლები, ნანგრევები მარაგად და განვადებითაც,
    გამოწერითაც, ჩამოწერითაც:

    დიდებულია მართლაც აქყოფნა,
    მოხმარებულ მომხმარებელს,
    რაც მცირედი ბოროტებაა,
    სადაც თმა სცვივა,
    გოფრირებული მუყაოთი და ცელოფნით სადაც
    დაუფარავს წარმატებული თავისი თავი,
    სადაც იგი, არარსებული, ორმოდან ყვირის:
    აქ დავემკვიდროთ,

    მკვლელთა ორმოში,
    აქ, სადაც კედლის კალენდარი, სიჩქარისგან და უმწეობისგან, თვითვე იფურცვლის
    და სადაც ნაგვის ბუნკერებში ნამყო ფუვდება,
    ხოლო მერმისი აკრაჭუნებს პროთეზის კბილებს,
    ამის მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი აღმავალია,
    ჩვენ ყველაფრისთვის მათეთრებელს ვიყენებთ ჭარბად,
    და ეს ისეთი ჩვეულებრივი საქმეა, რომ სულ არ მაკვირვებს,

    ჩვენ ოქროს კვეთის სიზუსტით ვწევართ
    აქ, პოზიტივი სადაც აღწევს უმაღლეს ნიშნულს,
    და ის სავაჭრო პალატების არის სუდარა,
    მინა-ჯავშნის ქვეშ მოთავსებულს დასაკრძალად მიასვენებენ,

    სადაც, ბრმებს შორის, თავს კარგად ვგრძნობთ,
    სადაც სავაჭრო ცენტრები და მორგები და იარაღის საწყობები ჩვენი სახლია,
    და ეს როდია ყველაფერი, ეს ხომ მხოლოდ ნახევარია,
    ეს განზრახ დაკონსერვებული უდაბური ადგილებია,
    წარმატებული სიშლეგეა, ეს არის ცეკვა
    გაცრეცილი წაულას ქურქით, დამტვრეული მუხლებით ცეკვა,
    ამნეზიის მარადიული გაზაფხულის ჟამს,

    ეს სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო სხვა ქვეყანაა,
    მე ამას ვნანობ, და რომ ვნანობ,
    უმცირესი ბოროტებაა, რადგან სიმართლე ის არის მხოლოდ,
    რასაც ამ ქვეყნის მსხვერპლად ქცეული, ჩვეულებრივი მკვდარი ხალხი
    ქვესკნელიდან ამოიყვირებს, რაღაც უხმოს და წარუმატებელს,
    რაც ხმაგაუმტარ საფარს აწვება ქვემოდან და
    დაფარავს და სწრაფად მუქდება,
    დალაქავდება, დასველდება და გუბურად გადაიქცევა,
    და ეს სავსებით ჩვეულებრივი გუბურაა ის, რაც მას ტბორავს,

    სახლის სულებსაც დატბორავს და
    ძმები გრიმების ლომჩიტასაც, ნაირბეწვასაც
    და მათ მშვენიერ რაპუნცელსაც, აქ ისინი აღარ არიან,
    არც ქალაქები არსებობს უკვე, აღარც თევზები,
    ამ გუბეში ამოიხრჩო ეს ყველაფერი,

    სამსახურსა და საცხოვრისს შორის ხანგრძლივ სავალს შეტოვებული, მუყაითი და დაუცველი
    ჩემი ძმებივით,
    რარიგ განვიცდი მათ ბედს, ღვთისმოსავ ამ მართლმსაჯულთა ბედსაც განვიცდი,
    გაზისკაცების გამოც ვწუხვარ, მერე როგორ დააბოტებენ ბევრნი და ბევრნი,
    დასაპლომბი ხელსაწყოებით, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით,
    არარსებული ჩექმებით და უფსკრულის გავლით,
    კეფაში მტკიცედ ჩაჭედილიDდამღით, თანახმად განაწესისა:

    რომ ყოფილიყო ეს ხალხი მსგავსი სხვა ხალხებისა,
    სულ სხვა, სავსებით ჩვეულებრივი იქნებოდა ეს ქვეყანაც
    და არა – ღამის და ნისლის მხარე,
    არარსებულით გადავსებული,

    მათ არ იციან, ვინ არიან, არც სურთ იცოდნენ,
    ამ ქვეყნად მოხვდნენ
    ამ ქვეყნიდან გაქცეულები
    და გაქცეულნი უნდა იყონ კუბოს კარამდე:

    რომ ყოფილიყო სხვაგვარად, მაშინ მათი შველაც იქნებოდა შესაძლებელი,
    იქნებოდა რჩევებიც და შინაგანი კმაყოფილებაც,
    არ იქნებოდა ეს ყამირი, მტრული ქვეყანა!

    რა დამიკარგავს აქ, რას ვეძიებ
    და ვიჩიჩქნები ამ დაუმდგარ და ბნელ გორგალში
    ერთმანეთში გახლართული ორთაბრძოლის იარაღების, ტკბობის ნიშნების,
    ქუდში გასარჭობ ფრთებისა და სეზონური ფასდაკლებების, განა რას ვპოვებ,
    თუ არა ისევ ქრონიკულად, ქრონოლოგურად მოწესრიგებულ სპორტულ დარბაზებს,
    თუ არა საქმის მწარმოებლებს კაცობრივისთვის
    ყაზარმებში ყაზარმების ყაზარმებისთვის:

    რა მესაქმება აქ? რა უნდა ვთქვა?
    რომელ ენაზე? ვის გასაგონად?
    აქ არჩევანი დანასავით მესობა გულში,
    ვნანობ, და ვიცი, ეს მცირედი ბოროტებაა,
    და ის ყვირის და აღარ წყვეტს ყვირილს,
    ცისკენ მიიწევს მცირე-მცირე შეყვირებებად,
    უნდა, რომ უფრო დიდი ჩანდეს, ვიდრე არის სინამდვილეში,
    მაგრამ ეს მთელი სულაც არ არის;მხოლოდ დ და მხოლოდ შემზარავი ნახევარია,
    ეს საკმარისი არ არის ჯერაც:

    რადგან შიმშილით ცოფშეყრილი ეს ქვეყანა
    თავად ითხრის გამრჯედ სამარეს,
    ეს ქვეყანა თავის თავს თვითვე გამოყოფია,
    გული, შიგნიდან განწვალული და დარღვეული,
    მიწყივ უაზროდ მოწიკწიკე, ბომბი ხორცისა,
    ჭრილობა სველი, არარსებული:

    გერმანეთი, ჩემი ქვეყანა, უწმინდური გული ამ ხალხთა,
    საკმაოდ სახელშელახული, ჟამით ჟამამდე,
    ჩვეულებრივი ყველა ხალხის წარმოდგენაში:

    მე და ჩემი ორი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთურთს გაყრილი ხალხი,
    და მაინც აქ ვარ, შეუპოვრად, ამ ყველაფრის მიუხედავად
    და, მგლოვიარე, ვეკითხები ჩემს თავს:
    მე აქ რა დამიკარგავს?

    ის დამიკარგავს სწორედ,
    რაც მე ენაზე მადგას,
    რაღაც სხვა, მთელი,
    მთელ მსოფლიოს გაბედულად რაც ეხუმრება
    და არ იხრჩობა ამ გუბურაში,

    უცხო, განწვალულ ამ ხრიალს რაც დაუტანია,
    გაზეთ ახალი გერმანიის დაპრესილ ხრიალს,
    “ფრანკფურტერ ალგემაინეს” ხრიალს
    (რაც მცირედი ბოროტებაა),
    პირდამუწული ხრჩობა, რომელმაც სულ არ უწყის საკუთარი თავის შესახებ,

    რომლის შესახებ არაფერი მინდა ვიცოდე, სანიმუშო ქვეყანა და
    მკვლელების ხარო, სადაც სულით და გულით ჩააგდესჩემი ნახევრად ცოცხალი ხორცი,
    აქ ვრჩები ახლაც,
    ვმეტოქეობ, უკან არ ვიხევ,
    აქ დავრჩები ერთი ხანობა,
    ვიდრე აქედან სხვა ხალხისკენ გავეშურები,
    და დავისვენებ მე სავსებით ჩვეულებრივ ქვეყანაში,
    ოღონდ აქ არა,
    ოღონდ არა აქ.

    ლექსი ლექსების არმკითხველთათვის

    ვისი ყვირილი გამოისმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი
    ნისლის საკნიდან? ეს ვინ მოცურავს
    ყელზე რეზინის რგოლჩამოცმული,
    მარტის მაგარი ლუდის და სისხლის
    მდუღარე ტბორს გამოღწეული?
    ისაა სწორედ,
    ვისთვისაც მტვერში ვკაწრავ ამ სიტყვებს,
    ვინც მათ ვერასდროს ამოიკითხავს.

    ვინ ჩამარხულა ერთიანად გაზეთებსა და
    ქაქში? ვისა აქვს ურანი შარდში?
    ან წებოვანი ფურთხით თათბირებს
    მიწებებული ვინ არის? ან ვინ
    ამოვლებულა ტყვიაში?
    ნახე,
    ანტენით კეფადამშვენებული,
    უტყვად იცოხნის ბინძური ტვინით.

    რა მოვუხერხოთ დაგმანულ ყურებს,
    ოდენ სარკალში ამოვლებულებს,
    გამოხვეულებს ბირჟის ურიცხვ ბიულეტენში,
    რეგისტრატურის პირქუშ შეკვრებად
    პირადი ნებით ჩამოშტამპულებს?
    ვირჯები
    ჩლუნგი გამცემლების ყურთათვის, და მათ
    მივმართავ ცივად, როგორც ღამე, დაბეჯითებით.

    რა ღმუილია, ჩემს სიტყვებს რომ
    ერთბაშად შთანთქავს? ეს ხომ ყეფაა უწმინდური
    საუწყებო იმ არწივების, რომლებიც
    ცაში, მთლად უსულოდ დატოვებულში,
    ჩვენ გვდარაჯობენ.
    ღვიძლს,
    ჩემსას და შენსას კორტნიან,
    მკითხველო, ლექსებს რომ არ კითხულობ.

    ლიქენთუწყება

    I
    ქვა რომ მეტყველებს,
    გასაკვირი სულაც არ არის.
    მაგრამ ლიქენი?

    II
    საკუთარ თავს აღწერს ლიქენი,
    ჩაეწერება, იდუმალი
    ანბანით წერს
    სიტყვაუხვ დუმილს:
    Gრაპჰის სცრიპტა.

    III
    ის დედამიწის
    ნელიადი უწყებაა,
    ეს უწყება არასდროს მოდის:
    ის ყველგან უკვე-მოსულია,
    თუნდაც ცეცხლოვან მიწაზე და
    საფლავის ქვებზე.

    IV
    “ვის შეგიძლიათ ამის წაკითხვა!”
    ამ გამხმარ ფილტვზე
    უფრო იოლად იშიფრება
    ძველი სიბრძნე, პაპირუსი,
    სილუეტური პორტრეტი, ტვინი.

    V
    უიარაღოდ
    იბრძვის იგი სიცოცხლისთვის
    და არ მარცხდება.
    (მე მას თქვენც გამჩნევთ:
    არკი გჯერათ,
    რასაც მე ვამბობ.)

    VI
    არ მოხდება, ლიქერმა რომ წაიბორძიკოს.
    არ ცუდდება მისი ნაღვაწი.
    გავიგე, განასაზოგადოვა
    მან, ხოტბის ღირსმა კომუნისტმა ქალმა,
    თავისი საწარმოო საშუალებები.

    VII
    ამ ჩვენი არეულობებით ყელამდე სავსეს
    ხშირად მწყურია,
    თვალი ვკიდო ლიქენის იერს.
    დამიდგით მთა და
    დაგანახებთ, რასაც ვგულისხმობ.

    VIII
    ისლანდიურო ხვიფლო, ჭაღარავ,
    ჩვენს საოჯახო აფთიაქში
    ვინ შემოგაგდო?
    აუღელვებლად გვეხმარები,
    სისხლს რომ ვახველებთ.

    IX
    იტყვით, რა უნდა, რას მიელტვის,
    რა ლიქენი აიხირაო?
    ახლა დადგეს და ხვიფლი ცოხნოს,
    ჩვენ დრო არ გვაქვსო.

    X
    აი, ლიქენს კი
    დრო ბევრი აქვს,
    ათასწლოვანი
    თქვენს ფეხქვეშ რომ წევს,
    ბარბაროსას ქუსლმაც
    ტკეპნა, მაგრამ ლიქენს
    მისი ქუსლი სათვალავშიც არ ჩაუგდია.

    XI
    მხედართა სასტიკ
    ბრძოლებს როდი შეუღებავთ
    ძოწისფერი ხვიფლი ძოწისფრად,
    ის მაშინაც ასეთი იყო.

    XII
    უსისხლო ფილტვი, ჟანგისფერი,
    ზაფრანისფერი, მარჯნისფერი, ფორთოხლისფერი,
    წითლად ფერილი იისფერი, ატმისფერი და ჭარხლისფერი,
    და ყველაფერი – რუხ ნიადაგზე,
    შპიტცბერგენის კუნძულების
    რუხ ნიადაგზე.

    XIII
    არც ერთი ჩვენი ჭეშმარიტება არ ამჟღავნებს ასეთ სიმტკიცეს.
    სწორედ ლიქენი ფარავს მკვდარ მერქანს,
    აგურის ღორღებს, კერპებს და ლავას,
    არის ტაძრების დაქცევის და ნანგრევების ჭირისუფალი.
    ჩრდილოური ირმის ხავსი,
    თითქმის თეთრი, მაგრამ არა სრულიად თეთრი.

    XIV
    არ ვიცი, კლდეს თუ შეუძლია
    ლიქენს აღუდგეს.
    როდი აფეთქებს კლდეს ლიქენი,
    მასზე სახლდება,
    დასახლებულ ადგილად აქცევს.

    XV
    როგორც ვიყავით, ნიშნავდა, რომ არც რა ყოფილა.
    როგორც ახლა ვართ, ნიშნავს არაფერს.
    უთქმელადაც გასაგებია. როგორც
    ვიქნებით სამომავლოდ,
    საუცხოო იქნება ისიც,
    ეჭვგარეშეა.

    XVI
    მაგრამ თქვენ ხომ სულ არ გჯერათ,
    რასაც მე ვამბობ.
    რაო, ბეჯითად ჯერაც ისევ არ მოგიჩხრიკავთ
    თქვენი ტვინი და თქვენი წვერი?

    XVII
    ჰო, მართლა, ჩვენი ეს ლიქენი,
    ლამის არის,
    გადაგვავიწყდა.
    ნათლისლიქენო, მზიურო ხვიფლო,
    დარჩიჩვენთან,
    შენ, დიადო მეხსიერებავ.

    XVIII
    ზეცითმოვლენილ მანანაზე ვოცნებობთ ყველა.
    მაგრამ მანანა ვინ გააჩინა?
    ეს მცირედთა ცოდნაა მხოლოდ.
    სწორედ ლიქენმა.

    XIX
    საუცხოო-მეთქი, წარმოვთქვი.
    ჯერჯერობით კი, ნათელია,
    ჩვენი მზადყოფნა ლიქენისას
    ვერ შეედრება.
    უთქმელადაც გასაგებია.

    XX
    მე არ ვიცი მანანას გემო.
    თუმც, საუცხოო რომ იქნება,
    ეჭვგარეშეა.

    თარგმნა დათო ბარბაქაძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  პორტრეტი

    წინასიტყვაობა ჰანს მაგნუს ენცენსბერგისადმი მიძღვნილ თემატურ ნომერში

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს, XX საუკუნის გერმანული პოეზიის ოქროს წლების (50-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 70-იანი წლების ბოლომდე) ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ წარმომადგენელს, 80 წელი შეუსრულდა. მისი შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ ლირიკას, რომლის გავლენა გერმანულენოვან პოეზიაზე თავისი მასშტაბით შეიძლება ამერიკულ პოეზიაზე ალენ გინზბერგის გავლენას შევადაროთ, არამედ – უმდიდრეს ესეისტიკას, თარგმანს, საგამომცემლო საქმიანობას, აკადემიურ სამეცნიერო კვლევას, რადიოპიესებს, სოციალური კრიტიკის ხელოვნებას.
    იყო დრო, როცა ენცენსბერგერის პოეტური სიტყვა და თეორიული დაკვირვებები, მისი სოციალურად ანგაჟირებული ცხოვრება და პრაქტიკული გადაწყვეტილებები გერმანული კულტურის განვითარების არსებით მომენტებს განსაზღვრავდა. მიჩნეულია, რომ ბრეხტის მერე ენცენსბერგერის რანგის პოლიტიკური პოეტი გერმანიას არ ჰყოლია. ეს სახელი მას პირველმავე პოეტურმა კრებულმა – „მგლების დაცვა კრავებისგან“ – მოუპოვა. უნიკალური აღმოჩნდა მის მიერ 1960 წელს გამოცემული „მოდერნული პოეზიის მუზეუმი“. თექვსმეტი ენიდან თარგმნილი ასამდე ავტორიდან, რომელიც ამ ანთოლოგიამ გააერთიანა (ლექსების დიდი ნაწილი თვით ენცენსბერგერის მიერ იყო თარგმნილი), უმრავლესობა მხოლოდ ამ წიგნის გამოცემის მერე იქნა აღიარებული, როგორც მოდერნული პოეზიის კანონიკური წარმომადგენელი, მანამდე კი უცნობი იყო ან ჩრდილში რჩებოდა.
    ენცენსბერგერმა დააარსა და 1965-1975 წლებში გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „Kursbuch“ (სიტყვა აღნიშნავს წიგნად შეკრულ სარკინიგზო მოძრაობის განრიგს), რომელიც გერმანიაში მემარცხენე ლიტერატურის და თეორიული აზრის ეპიცენტრი იყო და უდიდეს გავლენას ახდენდა ლიტერატურულ და თეორიულ აზრზე და სოციალურ კრიტიკაზე. დებატები, რომლებიც ამ ჟურნალის ფურცლებზე ფიქსირდებოდა, აყალიბებდა ლიტერატურისგან, ხელოვნებისგან შორსმყოფი ადამიანების პოლიტიკურ კულტურას. ენცენსბერგერის (და მისი ამ ჟურნალის) სახელი 60-იანი წლების გერმანიაში სტუდენტური მოძრაობის და რადიკალური სოციალური პრაქტიკების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
    1967 წელს ენცენსბერგერი იყო ბერლინში არასაპარლამენტო ოპოზიციური მოძრაობის, „რესპუბლიკური კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თეორეტიკოსი. მთელი გერმანიის ტერიტორიაზე ამ კლუბის უამრავი ანალოგის შექმნამ დააჩქარა სოციალური აქციები (თეორიული დისკუსიები, დემონსტრაციები, სახელოვნებო პროტესტების პერმანენტული სერიები), რომლებიც ერთგვარი საორიენტაციო პლატფორმები იყო სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი მოქალაქეებისთვის. სტუდენტური მოძრაობის ბაზაზე აღმოცენებული გაერთიანების „კომუნა I“ წევრები თავიდან სწორედ ენცენსბერგერის ბერლინურ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა, თვით ენცენსბერგერი თავიდანვე გაემიჯნა საკომუნო პრაქტიკებს.
    ენცენსბერგერი გერმანიაში მედიის თეორიის ერთ-ერთი მამამთავარიც არის. მის სახელს უკავშირდება გერმანული პრესის მემარჯვენე ენის პირველი კრიტიკული წაკითხვა და ამასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატები, რაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვებით და მედიის სემიოტიკის გაღრმავებით, აკადემიურ საუნივერსიტეტო კურსებს შორის მისი უჩვეულო პოპულარობით დაგვირგვინდა. ვიზუალური და აკუსტიკური მედიის დარგში ენცენსბერგერის ესსეებში ნაცადია ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებისა და ბრეხტის რადიოს თეორიის ურთიერთდაკავშირება.
    მსგავსად ნებისმიერი დიდი ინტელექტუალისა, არც ენცენსბერგერის ნააზრევი და ცხოვრებაა მოკლებული წინააღმდეგობებს. მათ შორის ყველაზე მწვავე რეაქცია გერმანელ ინტელექტუალებსა და მისი შემოქმედების დამფასებელ მილიონობით ადამიანში ენცენსბერგერის მიერ ერაყში ამერიკის ჯარების შეჭრის გამართლებამ გამოიწვია. ჰუსეინის დაპატიმრების საბაბით ერაყზე თავდასხმა, რაც გერმანელი ინტელექტუალების მიერ ერაყის ნავთობის მიტაცებისთვის ბრძოლად შეფასდა, ენცენსბერგერმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებად მიიჩნია, რამაც მის ავტორიტეტს მთელ ევროპაში სერიოზული დარტყმა მიაყენა.

    დათო ბარბაქაძე

    წინამდებარე პრეზენტაციისთვის ავტორის ესსეები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger. Nomaden im Regal. Frankfurt am Main: Suhrkamp 2003.
    ლექსები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger: Gedichte 1955–1970. Frankfurt am Main: Suhrkamp 1971.
    ენცენსბერგერის აქ წარმოდგენილი შედევრი „ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში“, რომელიც უხუცესი ქართველი მთარგმნელის, ბესიკ ადეიშვილის მიერ თითქმის 30 წლის წინ არის თარგმნილი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები

    ქართული პენი მაღრაძის გარეშე და სიტყვის თავისუფლება

    დათო ყანჩაშვილი

    დავით მაღრაძე, რომელიც ”ქართულ პენს” 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და პენის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შულგინს ამის შესახებ წერილობით აცნობა.
    წერილში ამ გადაწყვეტილების მიზეზად იგი თავის სამუშაო გრაფიკს ასახელებს: “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარტნიორ გამომცემლებთან ერთად ვადგენდი მომავალი ერთი წლის შემოქმედებით გრაფიკს”. მაღრაძე ასევე წერს, რომ საერთაშორისო პენისთვის გაგზავნილ “ქართული პენის” წევრების სიაში მისი გვარი მასთან შეუთანხმებლად ფიგურირებს.
    ნეტგაზეთმა პოეტი დავით მაღრაძე 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებამდე ჩაწერა. მაშინ იგი არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და განაცხადა, რომ პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენა პენის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თხოვნით მოხდა.მაღრაძის გადადგომას წინ უძღოდა პენის საერთაშორისო ცენტრის მდივნის საქართველოში სტუმრობა. იუჯინ შულგინთან ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ, გამომცემლობა ”სიესტაში” გაიმართა. იმ დროისთვის არსებული ქართული პენის შემადგენლობიდან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე წევრი დაესწრო. (მაღრაძის თქმით, ორგანიზაციაში დაახლოებით 40 წევრია).
    ამ შეხვედრას დავით მაღრაძე არ ესწრებოდა (მოგვიანებით ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო). რამდენიმე მწერლის ინფორმაციით, სწორედ მაშინ დაიგეგმა ქართული პენის გადახალისება და ახალი საბჭოს შექმნა. პენის საბჭო მალევე შეიკრიბა, დავით მაღრაძე კი კვლავ პრეზიდენტის პოსტზე დარჩა.
    პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა მაღრაძე “კავკასიურ სახლში” 28 ივლისს გამართულ პენ კლუბის პრესკონფერენციასაც. ამ დღეს ჟურნალისტებს ქართული პენის ბორდის წევრები წარუდგინეს. ქართული პენის საბჭოს წევრები არიან: მწერალი დავით ქართველიშვილი, ჟურნალ ”ლიბერალის” გამომცემელი შორენა შავერდაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, პოეტი გიორგი კეკელიძე, გამომცემლობა ”სიესტას” დირექტორი ქეთი კიღურაძე, მწერალი ნაირა გელაშვილი და ლიტერატურული კაფეების ქსელის მფლობელი ნინო ჟვანია. პრესკონფერენციაზე საბჭოს არ უსაუბრია, თუ დღემდე რას აკეთებდა ქართული პენ კლუბი. ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც, ზოგიერთი მწერლის თქმით, მაღრაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
    პოეტი ზაზა კოშკაძე ამბობს, რომ ”სიესტაში” გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მაღრაძის ამ თანამდებობაზე დარჩენა და ბორდის წევრების გვერდით მისი გამოჩენა.
    “სიესტაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მომხდარიყო მაღრაძესთან შეხვედრა და რომ მას ორგანიზაცია უნდა დაეტოვებინა. ამაში ეჭვი არავის გვეპარებოდა”.
    “იუჯინს ვუთხარით, მას უნდა აღელვებდეს, რომ პენი ასეთი არაპოპულარულია ახალგაზრდა ავტორებისთვის. მე არასდროს გავწევრიანდები იმ ორგანიზაციაში, რომელშიც ჯანსუღ ჩარკვიანი და დათო მაღრაძე არიან”-ამბობს კოშკაძე.
    “იუჯინს არ უთარგმნეს, როცა ვამბობდი, რომ ქართული პენ ცენტრის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი იმ აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელზეც ჩემი მწერალი მეგობრების სურათები დაწვეს”.
    ამას პოეტი შოთა დიღმელაშვილიც ადასტურებს, და ამბობს, რომ იმ დღეს ბატონი იუჯინი პენის წევრებთან შეხვედრას ელოდებოდა, ამის ნაცვლად კი დახვდნენ ის მწერლები, რომლებსაც პენთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და რომლებიც პენის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ.ქართული პენის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი ილიას უნივერსიტეტთან წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რომელზეც ერეკლე დეისაძის წიგნის ”საიდუმლო სირობის” უნივერსიტეტში პრეზენტაციას აპროტესტებდნენ. ვიდეომასალაში ჩარკვიანი ჰომოფობურ განცხადებებსაც აკეთებს.ქართული პენი არ გამოხმაურებია ერეკლე დეისაძის წიგნის გამოცემის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებზეც დეისაძის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ფოტოები დაწვეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ავტორების ნაწილი სწორედ ამ ფაქტების გამო მიიჩნევდა, რომ ქართული პენის საქამიანობა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო პენის მისიას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, მწერლების და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.
    გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაღრაძე ამბობს: “არც წიგნის (ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობა”), არც მისი ავტორის და არც პრეზენტაციის შესახებ არაფერი ვიცი. რაღაცა კი გავიგე, მაგრამ აღარ დავინტერესებულვარ და, ალბათ, არც დავინტერესდები. ჩემი საპირწონე ეგ ნამდვილად არ არის. არც ეგ ბიჭი ვიცი და არც მისი ნაწერი.”
    პოეტი პაატა შამუგია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას არ ჰქონია ქართული პენის ცენტრისგან მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ მისი, როგორც მწერლის გამოხატვის თავისუფლებას აშკარად და ღიად ზღუდავდნენ.
    “ანტიტყაოსნის” გამოცემის შემდეგ თვეების განმავლობაში იყო მუქარები, პირველი კვირების განმავლობაში, საერთოდ, მოკვლით, ყელის გამოჭრით და სამუდამოდ დაინვალიდებით მემუქრებოდნენ. გაზეთმა “ასავალ–დასავალმა” ჩემი წიგნის და თავად ჩემი (ავტორის) დაწვის ინიციატივით მიმართა მთელს ქართველ ერს. შენახული მაქვს ეგ ნომრები. არც “პენ–კლუბი” და არც სხვა ორგანიზაცია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია, არადა, პრესით ეს ამბავი რამდენჯერმე გაშუქდა”- აცხადებს შამუგია.ინტერვიუში, რომელიც ნეტგაზეთმა მაღრაძესთან 28 ივლისს ჩაწერა, ქართული პენის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: “ყველა ის მონაკვეთი ჩვენი ისტორიიდან, როდესაც იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა… ყველა ინფორმაციას ვაწვდიდით საერთაშორისო პენ კლუბს”.
    მაღრაძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იუჯინ შულგინის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან: “საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, საერთაშორისო პენ კლუბს წარმოდგენა არ გვქონდა საქართველოს პენ კლუბის საქმიანობის შესახებ”.
    ნაწილი მწერლებისა მაღრაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ მაღრაძე პენ კლუბის კარგი პრეზიდენტი იყო. სწორედ ასე განაცხადა ნეტგაეზთთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძემ: “მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ მაღრაძე ოდესმე გაქცეოდა პასუხისმგებლობას… ის იყო ქართული პენის ძალიან კარგი ხელმძღვანელი ბოლო წლების მანძილზე”.ქართული პენ კლუბის ამჟამინდელი საბჭოს წევრი, პოეტი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე მას მხოლოდ სმენოდა ქართული პენის შესახებ: “ქართულ პენ კლუბზე გაგებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას აკეთებდა. საქართველოში არანაირი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და, შესაბამისად, მეც აღარ ვადევნებდი თვალყურს. ერთ–ერთ მკვდარ ორგანიზაციად წარმომედგინა”.
    ქართული პენ ცენტრი 1992 წლიდან არსებობს. მისი პირველი პრეზიდენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო, რომელიც შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა შეცვალა. 1997 წლიდან 2010 წლის 2 აგვისტომდე კი პრეზიდენტი დავით მაღრაძე იყო.საერთაშორისო პენ კლუბის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებოდეს. ნეტგაზეთთან საუბარში ქართული პენის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პენის წევრი “მთავრობის მეხოტბე ვერ იქნება”.
    1999 წელს, ქართული პენის თავმჯდომარეობის დროს, მაღრაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სიით. 1992-1995 წლებში პენის წევრობის პარალელურად კი კულტურის მინისტრი იყო. ახალი საბჭო დღეიდან უკვე დავით მაღრაძის გარეშე განაგრძობს მუშობას. დავით ქართველიშვილი, მწერალი და ქართული პენის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იუჯინ შულგინის საქართველოში ყოფნისას, როდესაც ის შეხვდა ქართველ ავტორებს, მან თქვა, რომ საჭირო იყო საბჭოს შექმნა. ეს საბჭო შეიქმნა იუჯინ შულგინთან შეთანხმებით, არჩევნების გარეშე.“ვინაიდან ეს არის დროებითი საბჭო, ამიტომ ის პირდაპირ იუჯინთან შეთანხმებით შედგა. მან შეხვედრისას გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით საბჭოს წევრები, ისინი, ვინც ამ შეხვედრაზე აქტიურობდნენ”.
    “ეს (საბჭოს წევრობა) არ ნიშნავს, რომ ამ ჩემი თანხმობით რაღაც დოზით გავინაწილებ წინა პერიოდების პასუხისმგებლობას”-ამბობს გიორგი კეკელიძე.ახლა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება, ამ დროს თბილისში დაგეგმილია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება.

    © netgazeti.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – “ადიბასი” – თბილისის დეკონსტრუქცია


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი, “ადიბასი” გამოსცა. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოში ვითარდება, თბილისში რუსული ჯარია შემოსული, ქალაქი იბომბება, თუმცა ეს არ უშლის აქაურებს ხელს ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ, ჩამოსხდნენ ხოლმე გლამურულ სახინკლეში, ესტუმრონ ვაკის საცურაო აუზს, გაუთავებლად ისაუბრონ ამაო თემებზე.
    ზაზა ბურჭულაძემ, ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი და გამართული ნაწარმოები შექმნა. მწერალი დიდხანს მიდიოდა ამ წიგნამდე. აქამდე გამოსულ ყოველ მის რომანს ეტყობოდა იმის კვალი, რომ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჯერ კიდევ წინ იყო და რომ “მინერალური ჯაზის” გამო ატეხილი ამბავი, ცოტათი ნაადრევი გახლდათ. გახსოვთ ალბათ, მაშინ ქართული ჰუმანიტარული აზრის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ნოდარ ლადარია, გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, ზაზა შათირიშვილი, ზურაბ კიკნაძე და მერაბ ღაღანიძეც გამოეხმაურნენ წიგნს და ქვეყანას ახალი ავტორის დაბადება ამცნეს. წიგნის გამოსვლიდან უკვე ექვს წელზე მეტი გავიდა (ზუსტად იმდენივე, რამდენიც ვარდების რევოლუციიდან), ზაზა ბურჭულაძემ კიდევ 4 წიგნი გამოსცა, თუმცა ასეთი მნიშვნელობის, როგორიც ეს ბოლო რომანია, არც ერთი არ იყო.
    ვინც საუკუნეთა მიჯნაზე თვალყურს ადევნებდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას, მას კარგად ეხსომება გრეგორ ზამზას ფსევდონიმით დაწერილი გაბმული, დატვირთული ტექსტები ენობრივი ჩახვევებითა და იშვიათი აბზაცებით. ეს ზაზა ბურჭულაძის პირველი მცდელობები იყო.
    2002 წელს მან, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი დაიბრუნა. ანუ გამოვიდა კაფკას პერსონაჟის გავლენიდან, დაძლია ჰეტერონიმების საცდური და პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე როგორც ზაზა ბურჭულაძე. რამდენადაც მახსოვს, პირველი ასეთი რომანი “წერილი დედას” იყო, თუმცა ბაკურ სულაკაურს მის მიერ გამოცემული “სიმპსონები” ახსენდება, როგორც ზაზა ბურჭულაძის პირველი ნამუშევარი:
    “რომან “სიმპსონებამდე” მწერალი ზაზა ბურჭულაძე არ არსებობდა. არსებობდა გრეგორ ზამზა, ეს იყო ზაზა ბურჭულაძის ფსევდონიმი. და როცა ჩვენთან მოიტანა “სიმპსონები” და წავიკითხე, და გადავწყვიტე, რომ გამოგვეცა, ვურჩიე, თან დაჟინებით, რომ ფსევდონიმი გადაედო გვერდზე და წიგნი გამოსულიყო თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით. ასერომ, ზაზა ბურჭულაძის სახელით გამოქვეყნებული პირველი რომანი იყო სიმპსონები, თუმცა ეს არ არის მწერლის პირველი ნაწარმოები”.
    “ადიბასში” ტიპური თბილისური სიტუაციებია აღწერილი, უფრო სწორად, ავტორი ამ ვითარებათა დეკონსტრუირებას ახდენს. თანაც, ქალაქში რუსის ჯარია შემოსული, ხდება სრულიად დაუჯერებელი ამბები, პოლონეთის პრეზიდენტის ჩემოდნით გატაცებით დაწყებული, მზვერავი თვითმფრინავის ვერის პარკში დაშვებით დამთავრებული. ამის მიუხედავად, თბილისი ისევ ისეთი, ამაოებით სავსე ქალაქია ნარკომანებით, გადავსებული საკონდიტროებით, “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით…”. თბილისურ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.
    ზაზა ბურჭულაძის ამ რომანს ყველა სხვადასხვანაირად შეხვდა. ბევრისთვის კვლავ მიუღებელია მწერლის გულახდილობები, განსაკუთრებით სექსუალური სცენების აღწერისას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სულ სხვა მიზეზების გამო დაიწუნეს რომანი: “თვითონ ამ რომანს რაც შეეხება, მე მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა “ადიბასმა”, იმიტომ, რომ ეს იყო რაღაცა ფრაგმენტული მცდელობები, თითქოს თავმოუბმელი. მიუხედავად იმისა, რომ რომანი არაა დიდი მოცულობის, მე მომწყინდა მისი კითხვა. მაგალითად, ეპიზოდი “სექენდ ჰენდის” მაღაზიაში, ბრენდების ჩამონათვალი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხალტურა” – ამბობს ლიტერატორი დათო გაბუნია.
    უკანასკნელი წლების მანძილზე ზაზა ბურჭულაძის გარშემო მკითხველთა ვიწრო, თუმცა გათვითცნობიერებული წრე ჩამოყალიბდა. ზოგს “ხსნადი კაფკა” უფრო მოსწონს და მის შემდეგ “ადიბასს” დაღმასვლად აღიქვამს, ზოგი კი პირიქით, “მინერალური ჯაზიდან” მოყოლებული ელოდა მწერლის ახალ, მნიშვნელოვან ნაწარმოებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დათო გაბუნიაც:
    “იმის ფონზე, რასაც ზაზა ბურჭულაძე წერდა ბოლო წლების მანძილზე “ადიბასი” ნამდვილად მიღწევაა. ანუ მე ვგულისხმობ მის ერთგვარ დეკადანსს. მინერალური ჯაზიდან მოყოლებული მე უკვე ნაკლებად მომწონდა მისი წიგნები და ამიტომ “ადიბასი” იყო ნამდვილად გარღვევა, ამ მხრივ. მაგრამ, ასევე მიმაჩნია, რომ ისეთი წიგნები, როგორიც იყო “სიმპსონები” და “წერილი დედას”, სადაც ზაზამ ზუსტად მიაგნო ეროგენულ ზონებს, რომელიც ძალიან კარგად, ზუსტად და საჭიროდ გააღიზიანებდა ქართველ მკითხველს, მან ეს ყველაფერი დათმო, ხოლო “ადიბასში” მე ვხედავ მცდელობას დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც მან ჩემი აზრით შეწყვიტა განვითარება, როგორც მწერალმა”.
    ცხადია, ზაზა ბურჭულაძე არაა მწერალი ყველასთვის, თუმცა იგი აღარც ისეთი ჰერმეტულია, როგორც 10 წლის წინ იყო. ბაკურ სულაკაურის აზრით, და ამის შესახებ მეც ვწერდი 2 კვირის წინ, ზაზა ბურჭულაძის ეს რომანი სრულიად ახალი საფეხურია მის შემოქმედებაში: “ბუნებრივია, ეს არის წმინდა ლიტერატურა, თუმცა, ასე ვთქვათ, უფრო ფართო ფენისთვის მისაღები, ვიდრე აქამდე იყო. ვთქვათ, “ადიბასამდე” მისი წიგნები უფრო შეზღუდული წრისთვის იყო მოსაწონი, ვიდრე “ადიბასია”. რატომღაც ასე მგონია. ადიბასი არის ნიშანი იმისა, რომ ზაზამ არამარტო ახალ საფეხურზე ააბიჯა, როგორც მწერალმა, არამედ მას ახალი შესაძლებლობები გადაეშალა და ახალი ინსტრუმენტები გაუჩნდა”.
    შესაბამისად აფასებს სულაკაური მწერლის მომავალსაც: “ქართული ენის ფლობა ზაზას მიერ, გადავიდა სრულიად სხვა სიბრტყეში, და როცა მწერალი იწყებს ენის ფლობას ამგვარად, ის ვეღარ დაწერს ძველებურად”. სამაგიეროდ დათო გაბუნია ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს: “ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი დაწერა ზაზა ბურჭულაძემ, იმიტომ, რომ ისევ ვხედავ იმ საწყისებს, რაც მასში ძალიან მომწონდა. ეს ნაწარმოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაზა ისევ დაუბრუნდება იმას, რომ ის დაწერს ყველასთვის, და არა რამდენიმე ქართული კრიტიკის თუ ჰუმანიტარული აზრის ზეპური მამებისთვის მხოლოდ, როგორც აქამდე წერდა”.
    როგორც იტყვიან, “მოვიცადოთ და ვნახოთ” რა მოჰყვება “ადიბასს” და საითკენ წავა მწერალი, რომელიც თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს შორის ყველაზე მეტს შრომობს.