• ესე (თარგმანი)

    ჯონ მაქსველ კუტზეე – მძინარე მზეთუნახავი



    1.
    გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “სიყვარული ქოლერის ჟამს” მთავრდება იმით, რომ ფლორენტინო არისა საბოლოოდ იმ ქალთან რჩება, ვინც მთელი სიცოცხლე უყვარდა და მასთან ერთად აღმა-დაღმა დაცურავს მდინარე მაგდალენაზე ორთქმავლით, რომელზეც ქოლერის ყვითელი დროშა დაფრიალებს. ამ წყვილში ერთი სამოცდათექვსმეტი წლისაა, მეორე კი – სამოცდათორმეტის.
    იმისთვის, რომ მთელი ყურადღება საყვარელ ფერმინას დაუთმოს, ფლორენტინო ინტიმურ ურთიერთობას წყვეტს თოთხმეტი წლის შვილობილთან, რომელიც თავადვე აზიარა სექსის საიდუმლოებებს ერთ კვირადღეს იმ ბინაში, სადაც მარტოდმარტო ცხოვრობს (გოგო ყველაფერს საოცარი სისწრაფით ითვისებს). კაცი სწორედ მაშინ დაუწყებს განშორებაზე საუბარს, როცა ის უგემრიელეს ნაყინს მიირთმევს ამერიკულ სანაყინეში. გაოგნებული და თავზარდაცემული გოგონა თავს იკლავს და საიდუმლო საფლავში მიაქვს. ფლორენტინოს თვალს ფარული ცრემლი მოსწყდება, დროდადრო ამ დანაკარგის გამო მისი გული მწვავე ტკივილის მარწუხებსაც გრძნობს, მაგრამ მეტი არაფერი ხდება.
    ამერიკა ვიკუნია (América Vicuña) – ბავშვი, რომელიც ბერიკაცმა შეაცდინა და მიატოვა, მთლიანად დოსტოევსკის პერსონაჟს გვაგონებს. ამ საკმაოდ ამაღელვებელ ნაწარმოებში (“სიყვარული ქოლერის ჟამს”), რომელიც, მართალია, შემოდგომის ფერებში გაზავებულ, მაგრამ მაინც კომედიას წარმოადგენს, მისი ადგილი უბრალოდ არ არის. გარსია მარკესი ამერიკას მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით ექცევა: თითქოს მხოლოდ ფლორენტინოს მორიგი საყვარელი იყოს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა მოჰყვება გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულს თავად ბერიკაცისთვის. ამით ავტორი მორალური აზრით ერთგვარად საშიშ და დანაღმულ ტერიტორიაზე იჭრება. რასაკვირველია, აქ იმის ნიშნებიც იკითხება, რომ მან არ იცის, რა მოუხერხოს ამ გოგოს ამბავს. მწერლის ენა, როგორც ყოველთვის, ახლაც უშრეტი ენერგიით მჩქეფარე, მოქნილი და სრულიად განუმეორებელია, თუმცა ფლორენტინოსა და ამერიკას კვირადღის სცენებში ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტას” შორეული გამოძახილი მაინც გვესმის. ბერიკაცი გოგოს თამაშ-თამაშით ხდის, თითო ჯერზე თითო რამეს ითხოვს: “აბა, ჯერ ეს პაწია ბაჩიები გაიხადე დათუჩასთვის, ახლა ეს ყვავილებიანი საცვალი – ყურცქვიტასთვის და პაწუკა კოცნაც გაიმეტე მამიკოს უსაყვარლესი ჩიტუნიასთვის”.

    ფლორენტინო ერთი მოპოეტო ძველი ბერბიჭაა, რომელსაც პირისპირ საუბარს სასიყვარულო წერილების წერა ურჩევნია. გარდა ამისა, თავგადაკლული მელომანი, თავისებურად ძუნწი და ხელმომჭირნე, ქალებთან საშინლად გაუბედავი ვინმეა. თუმცა, მიუხედავად სიმორცხვისა და არცთუ სასიამოვნო გარეგნობისა, ნახევარი საუკუნის მანძილზე მან 622 ქალის გული მოინადირა ყველასგან ფარულად.
    ამ მხრივ ფლორენტინო გარსია მარკესის ახალი მოთხრობის უსახელო მთხრობელს მოგვაგონებს. ლიტერატურული წინამორბედივით ეს კაციც წვრილად აღნუსხავს მის მკლავებში მოხვედრილ ქალთა სახელებს, რაც თითქოს იმ წიგნში უნდა გამოიყენოს, რომლის დაწერასაც აპირებს. სინამდვილეში კი, მხოლოდ სათაური აქვს მოფიქრებული: “Memoria de mis putas tristes” – “ჩემი სევდიანი მეძავების გახსენება” (თუ სახსოვარი), რომელიც ედით გროსმანმა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებად” თარგმნა. მისი სია 514-მდე ადის, სანამ თვლას შეწყვეტდეს. მერე კი ასაკში შესულს ნამდვილი სიყვარული ეწვევა, არა შუახანს გადაცილებული ქალის, არამედ თოთხმეტი წლის გოგოს სახით.
    ოცი წლის ინტერვალით გამოცემულ ამ ორ წიგნს შორის იმდენად თვალშისაცემი პარალელებია, რომ შეუძლებელია მათ გვერდი ავუაროთ. ისინი სწორედ ამაზე მიგვანიშნებენ: “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში” გარსია მარკესმა ახლებურად გადაამუშავა როგორც მხატვრული, ასევე მორალური თვალსაზრისით გაუმართავი ისტორია – ფლორენტინოსა და ამერიკას ამბავი რომანიდან “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
    “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების” მთავარი გმირი და ავტორად ნაგულისხმევი მთხრობელი კოლუმბიის საპორტო ქალაქ ბარანკილაში დაიბადა, დაახლოებით 1870 წელს. მისი მშობლები განათლებული ბურჟუაზიის წარმომადგენლები იყვნენ. თითქმის მთელი საუკუნე გავიდა და ის ისევ ნახევრად დანგრეულ მშობლიურ სახლში ცხოვრობს. აქამდე პურის ფულს ჟურნალისტობითა და ესპანურისა თუ ლათინურის კერძო გაკვეთილებით შოულობდა, ახლა კი თავი პენსიითა და იმ ყოველკვირეული სვეტების წყალობით გააქვს, რომლებსაც ერთ-ერთი გაზეთისთვის წერს.
    ჩანაწერი, რომელსაც ჩვენ გვიტოვებს, მისი მშფოთვარე ცხოვრების ოთხმოცდათერთმეტ წელს მოიცავს და მემუარის სპეციფიკურ ნაირსახეობას – აღსარებას განეკუთვნება. როგორც წმინდა ავგუსტინეს “აღსარებანი” მოწმობს, ამ ტიპის ნაწარმოებში ხელაღებით გაფლანგული ცხოვრების ამბავს მოგვითხრობენ, რომელიც სულიერი კრიზისის გამწვავებითა და აღმსარებლის მოქცევით სრულდება, რასაც მისი ხელახალი დაბადება მოჰყვება ახალ და უფრო შინაარსიან ცხოვრებაში. ქრისტიანულ ტრადიციაში აღსარებას მკვეთრად დიდაქტიკური მიზანი აქვს. აი, ჩემი მაგალითი, – გეუბნება ის – ნახე, სულიწმინდის იდუმალი ძალით ჩემნაირი არარაობის გადარჩენაც კი შესაძლებელია.
    ჩვენი გმირის ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი, რა თქმა უნდა, ფუჭად გაფლანგულია. მან არა მხოლოდ მემკვიდრეობა და მრავალმხრივი ნიჭი დაანიავა, არამედ რომანტიკული ხანაც საოცრად უფერულად გალია. არასდროს დაქორწინებულა (ოდესღაც კი იყო დანიშნული, მაგრამ ბოლო წუთს საცოლე მიატოვა). არ წოლილა ქალთან, რომლისთვისაც არ გადაუხდია: თუ ვინმეს ფულის გამორთმევა არ სურდა, ძალას ატანდა და ამ გზით მას თავის მორიგ მეძავად აქცევდა. ერთადერთი ხანგრძლივი ურთიერთობა საკუთარ მოსამსახურესთან აქვს, ვისაც ტრადიციულად თვეში ერთხელ ხმარობს იმ დროს, როცა ქალი სარეცხს რეცხავს, თან ყოველთვის en sentido contrario (ამ ევფემიზმის გროსმანისეული თარგმანია “უკნიდან”). ჰოდა, შინაბერას საშუალებას აძლევს, თქვას, თითქოს ისევ “virgo intaqta”, ანუ ყოვლად უმანკო იყოს.
    ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე ის საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას დაპირდება: სექსს ნორჩ ქალწულთან. ბორდელის დიასახლისი, სახელად როსა, ვისაც დიდი ხანია იცნობს, იმ ოთახისკენ გაუძღვება, სადაც მისთვის გამზადებული, შიშველი და ძილის წამლით გათიშული თოთხმეტი წლის გოგო წევს:
    “შავგვრემანი იყო, თბილი. ეტყობა, დაბანეს, გაალამაზეს თხემიდან ნაზი ღინღლით დაფარულ ბოქვენამდე. თმა დაუხვევიათ, ხელ-ფეხზე ფრჩხილები შეუფერადებიათ, მაგრამ მოთაფლისფრო კანი ქარდაკრული, აქერცლილი და მოუვლელი ჰქონდა. ძუძუები საცაა დაეტყობოდა, ახლა კი ჯერჯერობით ბიჭისას მიუგავდა, თუმცა იგრძნობოდა მზადყოფნა – ამოეხეთქა დაფარული ენერგია. ფეხები მართლაც საუკეთესო ჰქონდა. ალბათ მსუბუქად დადის. გრძელი და მგრძნობიარე თითები აქვს ხელებზეც. ჩართული ვენტილატორის ქვეშაც კი ოფლის წვეთები უბრწყინავდა სხეულზე. შეღამებულზე აუტანელი სიცხე ჩამოდგა. ბრინჯის პუდრის სქელი ფენის ქვეშ ძნელი იყო მისი სახის გარჩევა. გვარიანად შეეთითხნათ. ორი შევარდისფერებული ლაქა, დაწებებული წამწამები, გამუქებული წარბები, შოკოლადისფრად გათხიპნილი ტუჩები – მძიმე სანახავი იყო, მაგრამ კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მაინც ჩანდა ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. “ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა” – გავიფიქრე მე”.*
    გოგოს დანახვისას ამ ძველი მექალთანის პირველი რეაქცია სრულიად მოულოდნელია: შიში, პანიკა, გაქცევის დაუძლეველი სურვილი. მიუხედავად ამისა, მაინც გვერდით მიუწვება და გაუბედავად აფათურებს ხელს გოგოს ფეხებს შორის. ის ძილში იშმუშნება. ვნებადაშრეტილი კაცი სიმღერას წამოიწყებს: “დელგადინას საწოლთან ანგელოზები ჩამომსხდარან”. მალევე აღმოაჩენს, რომ თურმე მისთვისაც ლოცულობს. შემდეგ ჩაეძინება. დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გოგო გარდიგარდმო დაწოლილი და ხელებგაშლილი დახვდება, “თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი”. “უფალი გფარავდეს”, გაიფიქრებს კაცი და მიდის.
    ცოტა ხანში ბორდელის დიასახლისი ურეკავს, რათა სიმხდალის გამო დასცინოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მამაკაცური სრულფასოვნების დასამტკიცებლად. ის კვლავ უარზეა. “აღარაფრად ვვარგივარ”, – ამბობს და მაშინვე შვებას გრძნობს, – “როგორც იქნა, გავთავისუფლდი მონობისგან”, – პირდაპირი მნიშვნელობით, სექსისადმი მონობისგან – “რომლის უღელშიც ცამეტი წლის ასაკიდან ვიტანჯებოდი”.
    თუმცა როსა მას მანამდე არ მოეშვება, სანამ არ დაითანხმებს და ეს უკანასკნელიც ისევ ესტუმრება ბორდელს. გოგოს ახლაც სძინავს, ბერიკაცი კი მხოლოდ ოფლს უმშრალებს და მღერის: “დელგადინა, დელგადინა, ყველაზე მეტად მეყვარები”. (მისი სიმღერა ერთგვარ ბუნდოვან ქვეტექსტს შეიცავს: ზღაპარში დელგადინა პრინცესაა, რომელიც მამასთან ინტიმურ სიახლოვეს გაურბის).
    კაცი ძლიერი ქარიშხლის დროს ბრუნდება შინ. ახლადმოყვანილი კატა თითქოს სატანურ არსებად ქცეულა. წვიმა სახურავის ხვრელებიდან ასხამს, გათბობის მილი სკდება, ქარი ფანჯრის მინებს აწყდება. როცა საყვარელი წიგნების გადასარჩენად იბრძვის, გრძნობს, რომ დელგადინას აჩრდილი გვერდით უდგას და ეხმარება. ახლა ის დარწმუნებულია, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა: “ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი სიყვარული, რომელიც ოთხმოცდაათი წლისას მესტუმრა”.
    მასში ზნეობრივი რევოლუცია ხდება: ვეღარ იტანს განვლილი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ უსუფთაობას, სიძუნწეს, ახირებულობას და უარს ამბობს მათზე. როგორც გვეუბნება, “სხვა კაცად” იქცა. ის ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს – არა იმდენად ქორწინებით დაგვირგვინებული, რამდენადაც ცალმხრივი ტრფიალის მრავალფეროვანი გამოვლინებები. მისი საგაზეთო სვეტი სიყვარულის ძალისადმი მიძღვნილი დითირამბებით ივსება და ერთგული მკითხველებიც ერთობ ეპირფერებიან.
    დღისით – თუმცა ამის მოწმენი ვერ ვხდებით – დელგადინა, თითქოს ნამდვილი ზღაპრის გმირი იყოს, ფაბრიკაში მუშაობს და ღილებს აკერებს, ღამით კი – რათა საყვარელს უმანკოდ მოუწვეს გვერდით – ბორდელში თავის ოთახს უბრუნდება, რომელსაც მისი სატრფო ნახატებითა და წიგნებით რთავს (მოხუცი მიზნად დაისახავს, გოგოს გონებრივი შესაძლებლობები განუვითაროს). მოთხრობებს ხმამაღლა უკითხავს, ის კი დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს წამოროშავს ხოლმე ძილში. კაცს სულაც არ მოსწონს მისი ხმა, რომელიც ისე ესმის, თითქოს ნაცნობი სხეულიდან უცნობი ელაპარაკებოდეს. ბევრად ურჩევნია, რომ იგი სრულიად გათიშული იწვეს.
    გოგოს დაბადების დღეს მათ ინტიმური ურთიერთობა აქვთ, თუმცა სქესობრივი აქტის გარეშე:
    “კოცნით დავუფარე მთელი სხეული, ხერხემალი, მალები, მილეული თეძოები, ხალიანი გვერდი და მკერდი, სადაც უძილო გული უძგერდა. მე ვკოცნიდი, მის სხეულს კი თანდათან ემატებოდა სიმხურვალე და ველური სურნელი. მისი კანის ყოველი გოჯი ნაზი თრთოლვით მპასუხობდა და ყოველ ჩემს კოცნას აგებებდა სხვაგვარ სითბოს, განსაკუთრებულ გემოსა და ახალ კვნესას, ძუძუს კერტები ეფურჩქნებოდა ჩემი თითების მოლოდინში, თითებისა, რომლებიც არ შეხებიან მას”.
    მერე ცუდი ამბავი ხდება. ბორდელის ერთ-ერთ კლიენტს ყელგამოჭრილს იპოვიან. იქაურობას პოლიცია გადაჩხრეკს, ჰაერში მოსალოდნელი სკანდალის სუნი დატრიალდება და დელგადინა იძულებულია, სასწრაფოდ აორთქლდეს. შეყვარებული მთელ ქალაქს გადააბრუნებს, მაგრამ მას ვერსად მიაგნებს. ბოლოს, როცა ბორდელში დაბრუნდება, აღმოჩნდება, რომ გოგოს თითქოს ასაკი მომატებია და უმანკო იერიც დაუკარგავს. ეჭვიანობისგან კაცს თვალთ დაუბნელდება, რისხვა ერთიანად დარევს ხელს.
    გადის თვეები და მისი მრისხანება თანდათან ნელდება. ძველი საყვარელი ბრძნულ რჩევას აძლევს: “ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განიცადო, რა საოცრებაა: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს”. მოხუცის ოთხმოცდამეთერთმეტე დაბადების დღე უხმაუროდ ჩაივლის. როსას შეურიგდება. შეთანხმდებიან, რომ მთელს ქონებას ორივენი ამ გოგოს დაუტოვებენ, ვინც, ბორდელის დიასახლისის თქმით, ამასობაში თავით გადაშვებულა სიყვარულის მორევში. გულმხიარული ბერიკაცი გალაღებულ მეტრფესავით ელის “ჭეშმარიტი ცხოვრების ჟამს”.
    ამ ახლადშობილი სულის აღსარებები, როგორც ამბობს, სინდისის ქენჯნის შესამსუბუქებლად შეითხზა, თუმცა ისინი ხორციელი სურვილების დათრგუნვისკენ ნამდვილად არ მოგვიწოდებენ. ღმერთი, რომელსაც მოხუცი მთელი ცხოვრების მანძილზე უარყოფდა, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის, ვისი წყალობითაც ავაზაკნი გადარჩებიან, თუმცა ამავე დროს იგი სიყვარულის ღმერთიცაა, ცოდვილ ბერიკაცს “გადარეული სიყვარულის” (Amor loco, რაც სიტყვასიტყვით “გიჟურ სიყვარულს” ნიშნავს) საძებნელად რომ აგზავნის ქალწულთან – “იმ დღეს ისეთი მძაფრი სურვილი დამეუფლა, თითქოს ეს უფლის ნება იყო” – მერე კი შიშსა და ძრწოლას შთაბერავს, როცა იგი პირველად მიაპყრობს თვალებს თავის ნადავლს. უფლის ხელით ბერიკაცი წამში გადაიქცევა გარყვნილი მექალთანიდან უმანკო მეტრფედ, რომელიც გოგონას მთვლემარე სხეულს სწორედ ისე ეთაყვანება, როგორც უბრალო მორწმუნე – წმინდანის ხატსა თუ ქანდაკებას: მზრუნველობით, ყვავილების მიტანით, შესაწირის გაღებით, ლოცვით და გალობით.
    ყოველთვის არის რაღაც აუხსნელი მოქცევის გამოცდილებაში: როგორც წესი, ცოდვილი ისე ბრმავდება ვნებით, სიხარბით ან სიამაყით, რომ შინაგან ლოგიკას, რომელსაც ცხოვრების ყველაზე კრიზისულ მომენტამდე მიჰყავს, ის მხოლოდ რეტროსპექტივაში ხედავს, ანუ მაშინ, როცა თვალი აეხილება. ასე რომ, ერთგვარი ორგანული შეუთავსებლობაა მოქცევის ნარატივსა და თანამედროვე რომანს შორის, რომლის საბოლოო სახეც მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა და რომელშიც პერსონაჟს გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა, ვიდრე სულს. მისი მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ნახტომებისა და ზებუნებრივი ჩარევების გარეშე იმის ჩვენებაა, თუ რა გზას გაივლის დასაწყისიდან დასასრულამდე ის, ვისაც ადრე გმირი ერქვა, მაგრამ ახლა სრულიად მართებულად, მთავარ პერსონაჟს უწოდებენ ხოლმე.
    მიუხედავად იმისა, რომ “მაგიური რეალისტის” იარლიყი მიაკერეს, გარსია მარკესი მაინც ფსიქოლოგიური რეალიზმის ტრადიციაში აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას, რამდენადაც უშვებს, რომ ინდივიდუალური ფსიქეს ნაღვაწს თავისი ლოგიკა აქვს, რომლისთვის თვალის მიდევნებაც სავსებით შესაძლებელია. მან თვითონვე შენიშნა, რომ ე.წ. “მაგიური რეალიზმი” მხოლოდ თხრობის მანერაა, რომლითაც დაუჯერებელ ამბებს წარბშეუხრელად ჰყვება – ერთგვარი ხრიკი, კარტახენელი ბებიისგან რომ ისწავლა. მეტიც, ის, რაც უცხოელებს ძნელად სარწმუნო ეჩვენებათ მის ამბებში, ხშირად ჩვეულებრივი ლათინოამერიკული რეალობაა. მიუხედავად იმისა, დავიჯერებთ თუ არა მწერლის გულწრფელობას, ფაქტია, რომ ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ელიზია: «ან…, ან…», რომელიც “ფანტაზიისა” და “რეალობის” მიღმაა), რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 1967 წელს, როცა “მარტოობის ასი წელი” გამოვიდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რომანში ლათინური ამერიკის ფარგლებს გარეთაც.
    კატა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში“ მხოლოდ კატაა თუ ჯოჯოხეთის მოციქული? დელგადინა მართლაც მიდის საყვარლის დასახმარებლად ქარიშხლიან ღამეს თუ სიყვარულის ჯადოთი მონუსხული კაცი მის სტუმრობას უბრალოდ წარმოიდგენს? ეს მძინარე მზეთუნახავი მხოლოდ მუშათა კლასის ერთი უბრალო გოგოა, რომელიც რამდენიმე ზედმეტ პესოს გამოიმუშავებს თუ იმ მიღმიური სამყაროს ქმნილებაა, სადაც პრინცესები მთელი დღე ცეკვავენ, ზღაპრული არსებები ზებუნებრივ საქმეებს აღასრულებენ და მოჯადოებული ქალიშვილები საუკუნო ძილით იძინებენ? ასეთ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძიება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მთხრობელის ხელოვნება სწორად არ გვესმის. რომან იაკობსონი ხშირად გვახსენებდა ხოლმე იმ ფორმულას, რომელსაც მაიორკაზე ადგილობრივი მეზღაპრეები იყენებენ, როცა ამბის მოყოლას იწყებენ: “იყო და არც იყო ასე”.
    სეკულარული ორიენტაციის მქონე თანამედროვე მკითხველებისთვის საკმაოდ ძნელია ხელშესახები ფსიქოლოგიური საფუძვლის გარეშე იმის დაჯერება, რომ უბრალო შიშველი გოგოს ხილვამ შეიძლება სულიერი გადატრიალება გამოიწვიოს გარყვნილ ბერიკაცში. მოქცევისათვის მოხუცის მზაობა ფსიქოლოგიურად უფრო დამაჯერებელი გახდება, თუ დავუშვებთ, რომ ეს კაცი მემუარების დასაწყისამდეც არსებობდა გარსია მარკესის ადრეულ ნაწარმოებებში და განსაკუთრებით რომანში “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
    მაქსიმალურად ობიექტურად თუ განვსჯით, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” შედევრი ნამდვილად არ არის. არც მისი სიმსუბუქე იქნებოდა ძნელად მისაღწევი – ის ხომ უბრალოდ ტექსტის სიმოკლისა და შეკუმშულობის შედეგია. მაგალითად, “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” (1981) მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმავე სიგრძისაა, მნიშვნელოვნად ამდიდრებს გარსია მარკესის კონცეფციას: კარგად შეკრული, მიმზიდველი ნარატივი და ამავე დროს თავბრუდამხვევი მასტერ-კლასი: რამდენი ისტორია, რამდენი სიმართლე შეიძლება გამოიგონოს ავტორმა ერთი და იმავე მოვლენის აღსაწერად.
    “გახსენების” ამოცანაც მეტად გაბედულია: მოხუცი კაცის პირით ისაუბრო არასრულწლოვანი გოგონასადმი გაჩენილ ვნებაზე, ანუ ისაუბრო პედოფილიაზე, ან ის მაინც აჩვენო, რომ შეყვარებულებისთვის პედოფილია ჩიხი ვერ იქნება. გარსია მარკესის კონცეპტუალური სტრატეგია იმ კედლის დანგრევისკენ არის მიმართული, რომელიც ეროტიკულ ვნებასა და თაყვანისცემის ვნებას შორის აღმართულა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქალწულობის კულტში, რომელიც ასეთი ძლიერია სამხრეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, მყარი არქაული ქვედა შრით, პირველ შემთხვევაში, პრე-ქრისტიანულით, მეორეში კი – პრე-კოლუმბურით (საყვარლის აღწერით, დელგადინას არქაული ქალწული ქალღმერთის მრისხანება მოსდგამს: “ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა”).
    როგორც კი უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას დავუშვებთ სექსუალურ სურვილსა და თაყვანისცემის ვნებას შორის, ფლორენტინო არისას “ცუდი” ლტოლვა საკუთარი შვილობილისადმი არსის შეუცვლელად შეიძლება გადაიქცეს დელგადინას საყვარლის “კარგ” ლტოლვად, რომელიც ახალი ცხოვრების ჩანასახზე მიგვანიშნებს. “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” კი უფრო ღრმა ნაწარმოებად გამოჩნდება, თუ მას ერთგვარ გაგრძელებად აღვიქვამთ რომანისა “სიყვარული ქოლერის ჟამს” და თან ისეთად, სადაც უმანკო ბავშვის ნდობის გამტეხი მისი ერთგული თაყვანისმცემელი ხდება.

    2.
    როცა როსას ესმის, რომ მისი თოთხმეტი წლის თანამშრომელს დელგადინად მოიხსენიებენ (სიტყვიდან: “la delgadez” – სინატიფე, დახვეწილობა), გაოგნდება და გადაწყვეტს, გოგონას ბანალური სახელი გაუმხილოს კლიენტს. ბერიკაცს არაფრის გაგონება არ სურს. მას ხომ ურჩევნია, რომ გოგომ საერთოდ არ ამოიღოს ხმა. როდესაც დელგადინა ბორდელიდან ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ უცხო მაკიაჟითა და სამკაულებით დაბრუნდება, მოხუცი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს: გოგომ არა მხოლოდ მას, არამედ საკუთარ ბუნებასაც უღალატა. ორივე შემთხვევაში, ჩვენს წინაშეა კაცი, რომელიც შეყვარებულისგან მყარ იდენტობას, ქალწული პრინცესის იდენტობას ითხოვს.
    ბერიკაცის ახირება თუ დაჟინებული მოთხოვნა, რომ მისი სატრფო იმ სახის ერთგული დარჩეს, რომლითაც მან ის გააიდეალა, ესპანურენოვან ლიტერატურაში სულაც არ არის უპრეცედენტო რამ. მიღებული წესის დაცვით, რომლის თანახმადაც ყველა მოხეტიალე რაინდს გულისსწორი უნდა ჰყოლოდა, ვისაც აღსრულებულ საგმირო საქმეებს მიუძღვნიდა, შუახანს გადაცილებული ერთი კაცი, საკუთარ თავს დონ კიხოტს რომ უწოდებს, საქვეყნოდ აცხადებს, ქალბატონ დულსინეა ტობოსელს ვემსახურებიო. ეს ქალბატონი დულსინეა რაღაცით იმ გლეხის გოგოს მოგვაგონებს, სოფელ ტობოსოში რომ ცხოვრობს და ვისაც დონ კიხოტმა ოდესღაც თვალი მოჰკრა, მაგრამ ის მაინც წარმოსახვითი არსებაა, რომელიც კაცმა საკუთარი თავის მსგავსად გამოიგონა.
    დასაწყისში სერვანტესის წიგნი სარაინდო რომანების პაროდიას წარმოადგენს, მაგრამ თანდათან უფრო საინტერესო სახეს იღებს – იდეალის იდუმალი ძალის გამოკვლევად გადაიქცევა, რომელიც მკაცრ რეალობასთან მუდმივ დაპირისპირებებს უძლებს. წიგნის დასასრულს დონ კიხოტის გონზე მოსვლა, იმ იდეალური სამყაროს უარყოფა, რომელში დამკვიდრებასაც ის ასე შეუპოვრად ცდილობდა და ენამწარე ჭორიკანების რეალური სამყაროს აღიარება მის ირგვლივ ყველას საგონებელში აგდებს, მათ შორის მკითხველსაც. ნუთუ ეს ის არის, რაც ნამდვილად გვინდა: უარი ვთქვათ წარმოსახვით სამყაროზე და კასტილიის სოფლური ჭაობის მოსაწყენ ყოველდღიურობაში ჩავეფლოთ?
    “დონ კიხოტის” მკითხველი ვერასდროს იტყვის დარწმუნებით, სერვანტესის გმირი მართლაც გიჟია, რომელიც ილუზიების ტყვეობაში იმყოფება, თუ პირიქით, ბოლომდე აცნობიერებს საკუთარ როლს – ცხოვრობდეს გამოგონილ სამყაროში – თუ მის თავში სრულიად ქაოსურად ხან ილუზიები ბობოქრობენ, ხან კი საღი აზრი იმარჯვებს. რასაკვირველია, არის ისეთი წუთებიც, როცა დონ კიხოტი ამტკიცებს, თითქოს თავგანწირვასა და უანგარო მსახურებას შეეძლოს უკეთეს ადამიანებად გვაქციოს, მიუხედავად იმისა, წარმოსახვით არსებას ვემსახურებით თუ არა. “რაც მოხეტიალე რაინდი გავხდი”, – ამბობს ის, – “მე ვარ გულადი, ზნეკეთილი, სულგრძელი, თავაზიანი, გულუხვი, გულისხმიერი, უშიშარი, მშვიდი, თვინიერი [და] ბევრის მომთმენი”. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის მართლაც ისეთი გულადია, ზნეკეთილია და ა.შ., როგორც ამტკიცებს, მის ბრძნულ მსჯელობაზე რაღას იტყვის, რომლის თანახმადაც ოცნების ძალას ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ვინ უარყოფს, რომ იმ დღიდან, როცა ალონსო კიხანამ თავი რაინდად წარმოიდგინა, სამყარო გაცილებით უკეთესი არ გახდა, ან უფრო საინტერესო, უფრო სიცოცხლით სავსე მაინც?
    დონ კიხოტი დიდი უცნაური ვინმე ჩანს გაცნობისას, მაგრამ მათი უმრავლესობა, ვისაც ამ კაცთან ურთიერთობა უხდება, მცირე ხანში თითქმის მისნაირად იწყებს აზროვნებას და თვითონაც რაღაცით დონ კიხოტი ხდება. თუ ის რაიმეს გვასწავლის, მხოლოდ იმას, რომ გაცილებით უკეთესი, უფრო სისხლსავსე ცხოვრებისთვის სხვა სამყაროში გადასვლის უნარი უნდა განვივითაროთ – შეიძლება სულაც გაუცნობიერებლად – თუმცა ამანაც შეიძლება მიიყვანოს გარშემომყოფნი იმ დასკვნამდე, რომ დროდადრო ილუზიებით ვიტანჯებით.
    სერვანტესის წიგნის მეორე ნაწილში დონ კიხოტის, ჰერცოგისა და მისი ცოლის სჯა-ბაასი სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს იმისა, თუ რას ნიშნავს ბოლომდე დაიხარჯო იდეალისთვის და ამდენად, არარეალური (წარმოსახვითი, გამოგონილი) ცხოვრებისთვის. ჰერცოგის ცოლი უმთავრეს შეკითხვას სვამს, თავაზიანად და მოურიდებლად: მართალია თუ არა, რომ დულსინეა “ამქვეყნად არ არსებობს და ის წარმოსახვითი ქალბატონია, რომელიც თქვენმა აღმატებულებამ (ანუ დონ კიხოტმა) გამოიგონა და მას სიცოცხლეც შთაბერა გონებაში?”
    “უფალმა უწყის, არსებობს თუ არა დულსინეა ამქვეყნად”, – პასუხობს დონ კიხოტი, – “ან წარმოსახვითია თუ არა იგი. ასეთ რამეებს ბოლომდე ვერც ვერავინ გაიგებს. [თუმცა] მე არც გამომიგონია და არც სიცოცხლე შთამიბერავს ჩემი ქალბატონისთვის”.
    დონ კიხოტის პასუხის სამაგალითო სიფრთხილეში უფრო მეტი აზრი დევს, ვიდრე იმ ზედაპირულ ცოდნაში, რასაც იგი ყოფიერების ბუნების შესახებ გამართული ხანგრძლივი კამათისას ავლენს, როცა სოკრატეს წინამორბედებიდან თომა აქვინელამდე ყველას და ყველაფერს მიმოიხილავს. ავტორის ირონიის გათვალისწინებითაც კი, დონ კიხოტი აშკარად ამტკიცებს, რომ თუ იმ სამყაროს ეთიკურ უპირატესობას ვაღიარებთ, სადაც ხალხი იდეალის სახელით მოქმედებს – იმ სამყაროზე, რომელშიც პირადი ინტერესებისთვის ირჯებიან, მაშინ ისეთ უხერხულ ონტოლოგიურ კითხვებს, როგორიც ჰერცოგის მეუღლემ დასვა, შეიძლება უბრალოდ ყური მოვუყრუოთ.
    მთელი ესპანურენოვანი ლიტერატურა სერვანტესის სულით არის გაჟღენთილი. ფაბრიკის პატარა უსახელო მუშის ქალწულ დელგადინად ტრანსფორმაციაში იმავე იდეალიზაციის პროცესს შევნიშნავთ, რომელმაც ტობოსოელი გლეხის გოგო ქალბატონ დულსინეად გადააქცია. გავიხსენოთ გარსია მარკესის გმირის ახირება, ვისაც ურჩევნია, მისი სიყვარულის ობიექტი გათიშული იწვეს და ხმას არ იღებდეს – აქ რეალური სამყაროს ისეთივე მწველი სიძულვილი ჩანს, დონ კიხოტს სატრფოსგან ერთგვარ უსაფრთხო დისტანციაზე ყოფნას რომ აიძულებდა. რამდენადაც სერვანტესის გმირი აცხადებს, თითქოს უკეთესი ადამიანი გახდა იმ ქალის მსახურებით, ვინც მისი არსებობაც კი არ იცის, ამდენადვე მარკესის ბერიკაცს შეუძლია განაცხადოს, რომ “ჭეშმარიტი ცხოვრების” ზღურბლზე აღმოჩნდა, რადგან ის გოგო შეიყვარა, ვისაც სინამდვილეში არ იცნობს და ვინც, რასაკვირველია, ასევე არ იცნობს მას (“გახსენების” ყველაზე “სერვანტესული” ეპიზოდია, როცა ბერიკაცი ველოსიპედის სანახავად გაეშურება, რომლითაც მისი შეყვარებული სამსახურში დადის – ან უნდა დადიოდეს – და ნამდვილი ველოსიპედის არსებობის ფაქტი თავისებური “ნივთიერი სამხილი” აღმოჩნდება იმისა, რომ ზღაპრული სახელის მქონე გოგონა, ვის საწოლსაც ღამ-ღამობით იყოფდა, “ამქვეყნად არსებობდა”).
    ავტობიოგრაფიულ წიგნში “იცოცხლო, რათა მოყვე” გარსია მარკესი დიდი ზომის პირველი პროზაული ნაწარმოების, “ფოთლების ქარიშხლის” (1955) შექმნის ამბავს მოგვითხრობს. ხელნაწერზე მუშაობის დასრულებისთანავე მან უახლოეს მეგობარს, გუსტავო იბარას აჩვენა იგი, რომელმაც თავზარდამცემი დასკვნა გააკეთა: დრამატული სიუჟეტი – საერო და საეკლესიო ავტორიტეტების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მიცვალებულის დამარხვისთვის – სოფოკლეს “ანტიგონეს” ასლს წარმოადგენდა. გარსია მარკესმა “ანტიგონე” თავიდან წაიკითხა, როგორც ამბობს, “უცნაური განცდით, რომელშიც შერწყმულიყო სიამაყე იმის გამო, რომ ასეთ დიდ მწერალთან უნებლიე თანხვედრა აღმომაჩნდა და გულისტკივილი, რადგან პლაგიატში სახალხოდ მამხელდნენ”. გამოქვეყნებამდე მან ხელნაწერი საფუძვლიანად ჩაასწორა და ეპიგრაფად სოფოკლეს ფრაზაც დაუმატა, იმის აღსანიშნავად, რომ მას გარკვეულწილად დაესესხა.
    სოფოკლე არ გახლავთ ერთადერთი მწერალი, რომელმაც გარსია მარკესზე გავლენა მოახდინა. უფრო ადრეულ ერთ-ერთ ნაწარმოებში უილიამ ფოლკნერის ისეთი მკაფიო კვალი გვხვდება, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, მისთვის ფოლკნერის უერთგულესი მოსწავლეც კი გვეწოდებინა.
    ცხადია, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების” ავტორი მნიშვნელოვნად არის დავალებული იასუნარი კავაბატასგან, რომელმაც 1968 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. 1982 წელს გარსია მარკესმა დაწერა მოთხრობა “მძინარე მზეთუნახავი და თვითმფრინავი”, სადაც სპეციალური მინიშნებაა კავაბატაზე. მთხრობელს, ატლანტიკის ოკეანის თავზე გამოკიდებული თვითმფრინავის პირველი კლასის განყოფილებაში რომ მოკალათებულა, არნახული სილამაზის ქალიშვილი უმშვენებს გვერდს, რომელსაც ფრენის დასრულებამდე სძინავს. ის უდავოდ კავაბატას რომანის ბერიკაცს მოგვაგონებს, რომელიც ფულს იმაში იხდის, რომ ძილის წამლით გათიშულ გოგოებთან ღამეები გაატაროს. როგორც მხატვრული ნაწარმოები, “მძინარე მზეთუნახავი” დაუმუშავებელია, მხოლოდ ზოგადი მონახაზია და მეტი არაფერი. ალბათ ამ მიზეზით გარსია მარკესი “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში” თავს უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს მთავარ თემას – ასაკში შესულ თაყვანისმცემელს, რომელიც ჩაძინებული გოგოს გვერდით ზის.
    კავაბატას “მძინარე მზეთუნახავების სახლში” (1961) ხანდაზმულობის ზღურბლზე მყოფი იოსიო ეგუტი დახმარებისთვის ბორდელის დიასახლისს მიმართავს, ვინც თავისებური გემოვნების მქონე კაცებს ძილის წამლით გათიშულ გოგოებთან აწვენს. გარკვეული დროის მანძილზე ის რამდენიმე მათგანთან ღამესაც გაატარებს. ამ სახლის წესები, რომელთა თანახმადაც სექსუალური აქტი იკრძალება, არსებითად უსარგებლოა, რადგან კლიენტების უმრავლესობა მოხუცი და იმპოტენტია. ეგუტი კი – როგორც თავად ამბობს – არც ერთია და არც მეორე. ის მუდმივად ეთამაშება წესების დარღვევის იდეას: წარმოიდგენს, როგორ გააუპატიურებს ერთ-ერთ გოგოს, დააორსულებს და ბოლოს გაგუდავს კიდეც, რითიც კაცობას დაუმტკიცებს და გამოწვევას გაუგზავნის იმ სამყაროს, რომელიც მოხუცებს ბავშვებივით ექცევა. ამავე დროს მას ის აზრიც უტრიალებს თავში, რომ ძილის წამლის ზედმეტი დოზა მიიღოს და ქალწულის მკლავებში განუტევოს სული.
    კავაბატას ნოველა იკვლევს, თუ რა საქმიანობას ეწევა ეროსი თვითანალიზით დაკავებული, ჩამოყალიბებული სენსუალისტის გონებაში, რომელიც წარმოუდგენლად – თითქმის ავადმყოფურად – მგრძნობიარეა სუნებისა და სურნელების, შეხების ნიუანსების მიმართ. ეს ის კაცია, ვინც ერთიანად შეუპყრია იმ ქალის ფიზიკურ უნიკალურობას, რომელთანაც წევს, ვისთვისაც მეტად ბუნებრივია სექსუალური წარსულიდან სურათების გაცოცხლება, ვინც უშვებს ალბათობას, რომ გოგოებისადმი ლტოლვა შეიძლება საკუთარი ქალიშვილებისადმი აღძრული ვნების გამოხატულება იყოს, ან ქალის მკერდზე გადარევა ბავშვურ მეხსიერებაში იღებდეს სათავეს.
    პირველ ყოვლისა, განცალკევებული ოთახი, მხოლოდ საწოლისა და იმ ცოცხალი სხეულისგან რომ შედგება, რომელსაც შეიძლება კარგად ან ცუდად მოეპყროს (საზღვრების ფარგლებში, თუმცა კი სურვილისამებრ) – უცხო თვალისგან ფარულად და შესაბამისად, გაკიცხვის რისკის გარეშე – წარმოადგენს თეატრს, სადაც ეგუტი საკუთარ თავს უპირისპირდება, ისეთს, როგორიც სინამდვილეშია – მოხუცს, მახინჯსა და სიკვდილის ზღურბლზე მდგარს. უსახელო გოგოებთან გატარებულ ღამეებში უფრო მეტი სევდაა, ვიდრე სიხარული, უფრო მეტი სინანული და ტკივილია, ვიდრე ფიზიკური სიამე.
    იმ ნაღვლიანი კაცების საძაგელი სიძაბუნე, რომლებიც ამ სახლს სტუმრობდნენ ხოლმე, ეგუტისგან არც ისე შორს იყო. სექსის უნაპირო სივრცე და უძირო სიღრმე – მის რა ნაწილს იცნობდა იგი სამოცდაშვიდი წლის ასაკში? ბერიკაცების ირგვლივ ხომ ახალი ხორცი, ქორფა ხორცი, მშვენიერი ხორცი მუდმივად ჩნდებოდა. განა ამ სახლის საიდუმლოში სევდიანი მოხუცების უსასრულო ოცნებით გატაცება არ იმალებოდა, როგორც იმ დღეების სინანული, რომლებიც ისე დაკარგეს, თითქოს არც კი ჰქონიათ?
    გარსია მარკესი კავაბატას იმდენად არ ბაძავს, რამდენადაც პასუხობს. ხასიათით მისი გმირი ძალიან განსხვავდება ეგუტისგან: ნაკლებად განვითარებული მგრძნობელობა აქვს, საკუთარ თავს ნაკლებად უღრმავდება, ნაკლებად იკვლევს და ბოლოს, ნაკლებად პოეტურია. თუმცა ჭეშმარიტი მანძილი გარსია მარკესსა და კავაბატას შორის სწორედ იმით უნდა გაიზომოს, რაც მათი საიდუმლო სახლების საწოლებში ხდება. დელგადინას გვერდით ბერიკაცს სრულიად ახლებური, მზარდი სიხარული ეუფლება. ეგუტისთვის კი მუდამ შემაწუხებელ თავსატეხად რჩება, როგორ შეიძლება იმ გათიშულ ქალთა სხეულებს, ვისი გამოყენების უფლებაც საათობით იყიდება და რომელთა მოდუნებულ, თოჯინასებურ კიდურებს კლიენტი სურვილისამებრ ამოძრავებს, ისეთი ძალა ჰქონდეს, რომ ამ სახლში კვლავ და კვლავ დააბრუნონ.
    არსებობს შეკითხვა, რომელიც ყველა მზეთუნახავს თანაბრად ეხება: რა მოხდება, როცა გაიღვიძებენ? კავაბატას წიგნში, სიმბოლური აზრით, გამოღვიძება არ ხდება: ეგუტის მეექვსე და უკანასკნელი გოგო მის გვერდით კვდება, იმ წამლით მოწამლული, რომელმაც ჩააძინა. გარსია მარკესთან კი, როგორც ჩანს, დელგადინამ კანით შეისრუტა მთელი მზრუნველობა და ყურადღება, რასაც მის მიმართ არ იშურებდნენ და ახლა გაღვიძების პირას იმყოფება, მზად არის თვითონაც გადაეშვას სიყვარულის მორევში.
    მძინარე მზეთუნახავის მარკესისეული ვერსია უფრო მხიარული აღმოჩნდა, ვიდრე კავაბატასი. რასაკვირველია, მის მოულოდნელ დასასრულში ნათლად ჩანს, რომ ავტორი სრულიად გაცნობიერებულად ხუჭავს თვალს იმაზე, თუ რა ელის ბერიკაცს ნორჩ საყვარელთან, როგორც კი სატრფოს ქალღმერთის კვარცხლბეკიდან ჩამოსვლის ნებას დართავს. სერვანტესმა თავისი გმირი სოფელ ტობოსოში მიიყვანა და მუხლი მოადრეკინა იმ გოგოს წინაშე, რომელიც თითქმის შემთხვევით იქცა დულსინეას განსხეულებად. გადატანილი ტკივილის სანაცვლოდ, დონ კიხოტმა ახალი ხახვის სურნელით შეზავებული სოფლური ლანძღვა-გინების ქარცეცხლი მიიღო. იგი სცენიდან დაბნეული და შემცბარი გადის.
    ვერ ვიტყვით, გარსია მარკესის ეს პატარა იგავი ცოდვების გამოსყიდვის შესახებ იძლევა თუ არა ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას. იქნებ მან ჩოსერის “კენტერბერიულ მოთხრობებში” “ვაჭრის ამბავსაც” გადაავლო თვალი – სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ქორწინების სარდონიკულ ისტორიას და მზერა სწორედ ამ კადრზე შეაჩერა: გამომფიტველი პირველი ღამის შემდეგ ალიონის ბინდ-ბუნდში მოჩანს ასაკოვანი ქმარი, რომელიც საწოლზე წამომჯდარა, თავზე ჩაჩდამხობილი, მომჩვარული კანით, კისერთან რომ დუნედ უთრთის, მის გვერდით კი ნაჯიჯგნი და ნატანჯი ახალგაზრდა ცოლი წამოწოლილა, უკმაყოფილო სახით, ზიზღით სავსე თვალებით.

    *ელზა ახვლედიანის თარგმანი

    ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    © The New York Review of Book
    2006

  • ესე (თარგმანი)

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო – სანობელე ლექცია

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

    პარადოქსების ტყეში

    სანობელე ლექცია
    რატომ ვწერთ? წარმომიდგენია, რომ ყველა თავისებურად უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას. არსებობს მისწრაფებები, გარემო, გარემოებები. აგრეთვე უნიჭობაც. თუ ვწერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვმოქმედებთ, რომ რეალობასთან პირისპირ დარჩენილნი დიდ გასაჭირში ვიმყოფებით, რომ რეაქციის სხვა გზა, კომუნიკაციის სხვა ფორმა ავირჩიეთ, როგორც გარკვეული მანძილი, დრო ფიქრისა და განსჯისთვის.
    თუ იმ გარემოებებს ჩავუღრმავდები, რომლებმაც წერა დამაწყებინა – ამას თვითკმაყოფილებით კი არ ვაკეთებ, არამედ უფრო სიზუსტის სიყვარულით – ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაფერი ომით დაიწყო. არა ომით, როგორც ეპოქალური ძვრების, დიდი ისტორიული მოვლენების ხანით. ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია, ვალმის ბრძოლის მონაწილე მხარეებმა დაწვრილებით რომ აღწერეს: გერმანელთა მხრიდან – გოეთემ და რევოლუციონერთა არმიის მხრიდან – ჩემმა წინაპარმა ფრანსუამ. ეს უდავოდ ამაღელვებელი, პათეტიკით სავსე წუთები იქნებოდა. არა, ჩემთვის ომი ის არის, რაც უბრალო მოქალაქეებმა გადაიტანეს, პირველ რიგში კი – მცირეწლოვანმა ბავშვებმა. ერთხელაც არ ჩამითვლია იგი ისტორიულ მოვლენად. გვციოდა, გვშიოდა, გვეშინოდა და ომი მეტი არც არაფერია. მახსოვს, ერთხელ ჩემს ფანჯარასთან მარშალ რომელის ჯარის ნაწილმა ჩაიარა, რომელიც ალპებისკენ მიემართებოდა, რათა გზა ეპოვა ჩრდილოეთ იტალიასა და ავსტრიაში გადასასვლელად. მეხსიერებაში არც ისე მკაფიოდ ჩამრჩა ეს სურათი. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, როგორ გვაკლდა ყველაფერი მომდევნო წლებში, განსაკუთრებით საწერ-საკითხავი. მელნისა და ქაღალდის ნაკლებობის გამო სასურსათო ტალონების უკანა გვერდებზე დავიწყე წერა და ხატვა, თან მშენებლებს რომ დაჰქონდათ, ისეთ ლურჯ-წითელ ფანქარს ვიყენებდი. აი, აქედან მოდის ჩემი გატაცება უხეში ქაღალდითა და უბრალო ფანქრებით. რადგან იმ დროს საბავშვო წიგნები არსად იყო, ბებიაჩემის ლექსიკონები გადავიკითხე. ეს საოცარ კარიბჭეს წარმოადგენდა, რომლის ზღურბლის გადალახვითაც მთელს სამყაროს გაიცნობდი, აღმა-დაღმა იხეტიალებდი და რუკებით, ილუსტრაციებით, უცნობი სიტყვებით გარშემორტყმული უსასრულოდ იოცნებებდი. უფრო მეტიც, პირველ წიგნს, რომელიც ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში დავწერე, “დედამიწის დამწნილება” (Le Globe à mariner) ვუწოდე. ამას უმალვე მოჰყვა გამოგონილი მეფის ბიოგრაფია, რომელსაც დანიელ მესამე ერქვა (ნეტა შვედი ხომ არ იყო?). მერე კი ერთი მოთხრობა დავწერე, სადაც თოლია თავის ამბავს ჰყვებოდა. ეს მარტოსულობის ხანაში ხდებოდა. ბავშვებს გარეთ თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან ბებიაჩემის სახლის ირგვლივ მოედნები და ბაღები მთლიანად დანაღმული იყო. მახსოვს, ერთხელ ზღვის ნაპირას სეირნობისას შემთხვევით წავაწყდი მავთულხლართების ღობეს, რომელზეც აბრა მიემაგრებინათ ფრანგული და გერმანული წარწერებით: უცხო პირებს იქ შესვლას უკრძალავდნენ და მუქარის ნიშნად თავის ქალაზე მიუთითებდნენ.
    ვხვდები, რომ ეს კონტექსტი გაქცევის სურვილს ბუნებრივად გვიმძაფრებდა – ოცნებისა და ნაოცნებარის აღწერისკენ გვიბიძგებდა. გარდა ამისა, დედის მხრიდან ჩემი ბებია არაჩვეულებრივი მეზღაპრე იყო, რომელიც საათობით ჰყვებოდა ხოლმე ნაირ-ნაირ ამბებს. მისი ზღაპრები ყოველთვის საოცრად ამაღელვებელი იყო, მოქმედება კი ძირითადად ტყეში ხდებოდა – ალბათ აფრიკაში ან მავრიკიზე, მაკაბელთა ტყეში. მთავარი პერსონაჟი, ცბიერი და გამჭრიახი მაიმუნი ყველაზე დიდ ხიფათსაც იოლად დაუძვრებოდა ხოლმე. მოგვიანებით აფრიკაში ვიმოგზაურე და ნამდვილი ტყე აღმოვაჩინე, სადაც თითქმის არცერთი ცხოველი აღარ ბინადრობდა. მიუხედავად ამისა, კამერუნის საზღვართან სოფელ ობუდუს გამგებელმა ახლომდებარე გორაკზე შეკრებილი გორილების ბრაგა-ბრუგი მაინც მომასმენინა, როცა ისინი მკერდზე მჯიღის ცემით იყვნენ გართულნი. ამ მოგზაურობიდან, აქ გატარებული წლებიდან (ნიგერიაში, სადაც მამაჩემი ბუჩქებს უვლიდა და წამლობდა) არა მხოლოდ მომავალი რომანების მასალა დამრჩა, არამედ ერთგვარი მეორე “მე”-ც, მეოცნებე და ამავე დროს ნამდვილი ცხოვრებით მოხიბლული, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამომყვა. ეს წინააღმდეგობრივი განზომილება, საკუთარი თავისგან გაუცხოება იყო, რასაც ზოგჯერ მტკივნეულად განვიცდიდი. ცხოვრება ისე მდორედ მიედინება, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილის გავლა დამჭირდა იმის მისახვედრად, თუ რას ნიშნავდა ეს წინააღმდეგობა.
    ჩემს ცხოვრებაში წიგნები ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა. მას შემდეგ, რაც მამაჩემის მემკვიდრეობა სხვებმა დაინაწილეს, ის კი კუნძულ მავრიკიზე, მოკაში მდებარე მშობლიური სახლიდან გამოაძევეს, მან მაინც მოახერხა და რამდენიმე ბიბლიოთეკის ნარჩენები როგორღაც შეაკოწიწა. აი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე ჭეშმარიტება, რომელიც არც ისე იოლად აღსაქმელია ბავშვებისთვის: წიგნები ბევრად უფრო ღირებულ განძს წარმოადგენდა, ვიდრე უძრავი ქონება ან საბანკო ანგარიშები. ამ ტომებში, რომელთა უმრავლესობა ძველი და მკვიდრად აკინძული იყო, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ტექსტები აღმოვაჩინე: ტონი ჟოანოს მიერ ილუსტრირებული “დონ კიხოტი”, “ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება”, “ინგოლდსბის ლეგენდები”, “გულივერის მოგზაურობა”, ვიქტორ ჰიუგოს დიდი, განსაცვიფრებელი რომანები: “ოთხმოცდაცამეტი წელი”, “ზღვის მუშაკნი”, “კაცი, რომელიც იცინის”, აგრეთვე ბალზაკის “თავშესაქცევი ზღაპრები”. ყველაზე ღრმა კვალი კი მაინც სათავგადასავლო მოთხრობების კრებულებმა დამიტოვა, რომელთა უმრავლესობაში ინდოეთის, აფრიკისა და მასკარენიეს კუნძულების ამბები იყო მოთხრობილი, აგრეთვე დიუმონ დ’იურვილის, აბე როშონის, ბუგენვილის, კუკის დიდებულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა და რა თქმა უნდა, მარკო პოლოს “საოცრებათა წიგნმა”. მზის გულზე გარინდული პატარა პროვინციული ქალაქის უფერულ ცხოვრებაში ამ წიგნებმა ფათერაკების გემო გამასინჯა, ნამდვილი სამყაროს სიდიდე შემაგრძნობინა, შესაძლებლობა მომცა, რომ იგი უფრო მეტად ინსტინქტითა და შეგრძნებებით აღმექვა, ვიდრე ცოდნით. მათი წყალობით, ადრეულ ასაკშივე ვიგრძენი ბავშვის ცხოვრების წინააღმდეგობრივი ბუნება: ის ხომ მუდამ თავშესაფრისკენ მიილტვის, სადაც ძალადობასა და მუდმივ კონკურენციას გაექცევა და ამავე დროს, ფანჯრიდან გარესამყაროს თვალიერებაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
    სანამ შევიტყობდი, რომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შვედეთის აკადემიას დავუჯილდოებივარ, სტიგ დაგერმანის ერთ პატარა წიგნს თავიდან ვკითხულობდი. პოლიტიკური ესეების კრებულია, სათაურით: “Essäer och texter” (ფრანგული ვერსიით, “სევდის დიქტატურა”). შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ასეთი მძაფრად სარკასტული წიგნის კითხვით ვიყავი გართული. შვედეთში უნდა ჩამოვსულიყავი იმ პრემიის მისაღებად, რომელიც გასულ ზაფხულს დაგერმანის მეგობრების ასოციაციამ მომანიჭა და თან ის ადგილებიც უნდა მომენახულებინა, სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა. ყოველთვის მხიბლავდა დაგერმანის ნაწარმოებები, ბავშვური სინაზის, მიამიტობისა და სარკაზმის თავისებური ნაზავი. ასევე მისი იდეალიზმიც. შორსმჭვრეტელობაც, რომლითაც ომისშემდგომი გაჭირვების წლებს განსჯის – მისთვის მოწიფულობის, ჩემთვის კი – მხოლოდ ყრმობის ხანას. ერთი ფრაზა განსაკუთრებით მომხვდა გულზე და მომეჩვენა, რომ იმ დროს სწორედ მე მომმართავდა, რადგან სულ ახალი გამოქვეყნებული იყო ჩემი ბოლო რომანი “შიმშილის სიმღერა”. აი, ეს ფრაზა, უფრო სწორად, პასაჟი: “როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ისე მოიქცე, თითქოს ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არაფერი იყოს, მეორე მხრივ კი, ირგვლივ მხოლოდ იმ ხალხს ხედავდე, შიმშილს რომ ებრძვის და ყველაზე ღირებულ რამედ თვის ბოლოს აღებულ ჯამაგირს თვლის? აქ ის (მწერალი) ახალ პარადოქსს ეჯახება: იმ დროს, როცა მათთვის სურდა ეწერა, ვისაც შიმშილით კუჭი უხმება, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ისინი თუ ამჩნევენ მის არსებობას, ვინც კარგად დანაყრებულია” (“მწერალი და ცნობიერება”).
    ეს “პარადოქსების ტყე”, როგორც სტიგ დაგერმანი უწოდებს, სწორედ მწერლობის სამეფოა – ადგილი, საიდანაც ხელოვანი კი არ უნდა გარბოდეს, არამედ, პირიქით, იქ უნდა “დასახლდეს”, რათა ყველა წვრილმანი მოჩხრიკოს, ყველა ბილიკი შეისწავლოს, თითოეულ ხეს სახელი მოუძებნოს. ასეთი მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება. ერთ კაცს ეგონა, რომ თავშესაფარი იპოვა, ერთი ქალი კი ფურცელს ისე ენდობოდა, როგორც უახლოეს და უერთგულეს მეგობარს, მაგრამ ახლა ეს მწერლები რეალობას შეეჯახნენ – არა მხოლოდ როგორც დამკვირვებლები, არამედ როგორც მოქმედი პირები. თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ მხარეს დადგებიან. ციცერონმა, რაბლემ, კონდორსემ, რუსომ, მადამ დე სტალმა, სულ ახლახან კი სოლჟენიცინმა, ჰუანგ სოკ-იონგმა, აბდელატიფ ლააბიმ, მილან კუნდერამ სხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, რადგან მეტი გზა არ დარჩათ. მე, ვისაც ყოველთვის მქონდა გადაადგილების შესაძლებლობა – გარდა ომის ხანმოკლე პერიოდისა – იმ ადგილას ცხოვრების აკრძალვა, რომელიც ადამიანმა თავად აირჩია, ისეთივე მიუღებლად მიმაჩნია, როგორც თავისუფლების წართმევა.
    თუმცა მოძრაობის თავისუფლების, როგორც პრივილეგიის, შედეგიც პარადოქსულია. შეხედეთ: აი, ხე პირბასრი ეკლებით იმ ტყის შუაგულში, სადაც მწერალი ცხოვრობს – განა ეს კაცი თუ ეს ქალი, თავაუღებლად რომ წერს და საკუთარ სიზმრებს თხზავს, ყველაზე იღბლიან რჩეულ უმცირესობას არ ეკუთვნის? მოდი, წარმოვიდგინოთ უკიდურესად დაძაბული, შემაძრწუნებელი სიტუაცია – სწორედ ისეთი, როგორშიც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. და ოდესღაც ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც არისტოტელეს დროს ან თუნდაც ტოლსტოის ეპოქაში განუსაზღვრელი სტატუსი ჰქონდა: მონები, მოახლეები, გლეხები შუა საუკუნეების ევროპაში, ან ის ხალხი, რომლებსაც განმანათლებლობის ხანაში აფრიკის სანაპიროდან იტაცებდნენ და ჰყიდდნენ გორეში, ელ მინაში, ზანზიბარში. დღესაც კი, როცა თქვენ გესაუბრებით, არის ზოგიერთი ადამიანი, ვისაც სიტყვის უფლება აქვს წართმეული, ვინც ენის მიღმა იმყოფება. ასე რომ, დაგერმანის პესიმისტური ნააზრევი გულზე უფრო მეტად მხვდება, ვიდრე გრამშის საბრძოლო მზაობა ან სარტრის ილუზიებისგან დაცლილი რისკი. იდეა, თითქოს ლიტერატურა მმართველი კლასის ფუფუნებაა და უმრავლესობისთვის სრულიად უცხო იდეებითა თუ სურათ-ხატებით იკვებება – აი, რა ქმნის იმ უხერხულობას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის (მათ მივმართავ, ვინც წერს და კითხულობს). ხომ შეგვეძლო, გვეცადა და ჩვენი სიტყვა მათთან მიგვეტანა, ვისაც ის ხელებიდან გამოაცალეს, სულგრძელად მოგვეპატიჟებინა ისინი კულტურის ნადიმზე? რატომ არის ეს ასეთი რთული? დამწერლობის არმქონე ხალხმა, როგორც ანთროპოლოგებს უყვართ ხოლმე თქმა, სრულფასოვანი კომუნიკაციის არხის გაჭრა შეძლო, სიმღერებისა და მითების მეშვეობით. რატომ არის დღეს ეს შეუძლებელი ჩვენს ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში? ნუთუ თავიდან უნდა გამოვიგონოთ კულტურა? ნუთუ უშუალო, პირისპირ ურთიერთობას უნდა დავუბრუნდეთ? იქნებ ავყვეთ ცდუნებას და დავიჯეროთ, რომ ჩვენს ეპოქაში კინო ასრულებს ამ როლს, ან პოპ-მუსიკა თავისი რიტმებით, რითმებით, საცეკვაო მელოდიებით. იქნებ ჯაზიც, ან სულ სხვა ცის ქვეშ – კალიფსო, მალოია, სეგა.
    ეს პარადოქსი გუშინდელი დღით არ თარიღდება. ყველაზე დიდმა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა რაბლემ ჯერ კიდევ როდის გამოუცხადა ომი სორბონელ სწავლულთა პედანტიზმს, როცა სასაუბრო ენიდან ამოკრეფილი სიტყვები მათ პირდაპირ ცხვირ-პირში მიახალა. ნეტა იმ ადამიანებსაც თუ ესაუბრებოდა, ვისაც შიმშილით კუჭი ეწვოდა? სიმაძღრე, გალეშვა, ქეიფი. მან სიტყვებში ჩააქსოვა მათი საკვირველი მადა, ვინც გლეხებისა და მუშების სიგამხდრის ხარჯზე ისხამდა ფერ-ხორცს – კარნავალის დროს, როცა სამყარო თავდაყირა იყო ამობრუნებული. რევოლუციის პარადოქსი, როგორც მწუხარე სახის რაინდის მოგზაურობის ეპოპეა, მწერლის ცნობიერებაში ხდება. და თუ მის კალამს ერთი ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, ის არასდროს უნდა ემსახუროს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხოტბა-დიდებას, თვით უმცირესი მაამებლობაც არ ეპატიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელოვანი ამ ღირსებით გამოირჩევა, იგი არ უნდა თვლიდეს, რომ ყოველგვარი ეჭვი საბოლოოდ ჩამოერეცხა. მისი უარი, ამბოხი, წყევლა ბარიერის ერთ მხარეს რჩება, ამა ქვეყნის ძლიერთა ენის მხარეს. ზოგიერთი სიტყვა, ზოგიერთი ფრაზა მაინც გასხლტება ხოლმე, მაგრამ დანარჩენი? ერთი გრძელი პალიმფსესტია, გადავადების, დაგვიანების ელეგანტური ფორმა. ჰო, ხანდახან იუმორიც გვხვდება, რომელიც სასოწარკვეთის გამომხატველი თავაზიანობა კი არ არის, არამედ არასრულყოფილთა სასოწარკვეთაა – პლაჟი, სადაც უსამართლობის აქოჩრილმა ტალღებმა ისინი გამორიყა.
    მაშ, რატომ ვწერთ? კარგა ხანია, რაც მწერალი აღარ არის მტკიცედ დარწმუნებული, რომ სამყაროს შეცვლის და თავისი მოთხრობებითა თუ რომანებით უკეთეს ცხოვრებას დაუდებს დასაბამს. უბრალოდ, მას სურს, მოწმე გახდეს. შეხედეთ ამ მეორე ხეს პარადოქსების ტყეში. მწერალს სურს, მოწმე იყოს, სინამდვილეში კი, უმეტესწილად, მხოლოდ უბრალო დამკვირვებლად გვევლინება ხოლმე.
    ზოგჯერ ხელოვანი მართლაც მოწმე ხდება: დანტე “ღვთაებრივ კომედიაში”, შექსპირი “ქარიშხალში” და ემე სეზერი ამ პიესის შესანიშნავ ადაპტაციაში, სადაც დენთის კასრზე გადამჯდარი კალიბანი იმუქრება, რომ თავს აიფეთქებს და საძულველ ბატონებსაც დღის შუქს ჩაუქრობს. ხანდახან ისეთი პირუთვნელი მოწმეც შეგვხვდება, როგორიც პრიმო ლევი ან ევკლიდეს და კუნიაა “შორეული მხარის ამბოხში”. სამყაროს აბსურდულობას ვხედავთ “პროცესში” (ასევე ჩარლი ჩაპლინის ფილმებში), მის არასრულყოფილებას კი – კოლეტის “დღის დაბადებაში”, ფანტასმაგორიას – იმ ირლანდიურ სიმღერაში, რომელიც ჯეიმს ჯოისმა “ფინეგანის ქელეხში” ააჟღერა. მისი მშვენიერება დამაბრმავებლად ელვარებს პიტერ მატიესენის “თოვლის ლეოპარდსა” თუ ალდო ლეოპოლდის “ქვიშის საგრაფოს ალმანახში”. სიავე – უილიამ ფოლკნერის “ტაძარსა” თუ ლაო შეს “პირველ თოვლში”. ბავშვური უმწეობა – დაგერმანის “გველში”.
    მწერალი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო მოწმე, როცა ამ როლს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უნებურად ითავსებს. პარადოქსია, რომ იგი იმის მოწმე ნამდვილად არ არის, რაც დაინახა, იმისაც კი არა, რაც გამოიგონა. მწარე ნაღველს და ხანდახან სასოწარკვეთასაც გრძნობს იმის გამო, რომ მისი ჩვენება საბრალდებო დასკვნაში ვერასდროს ვერ მოხვდება. ტოლსტოიმ მთელი სიღრმით დაგვანახა საშინელება, რაც ნაპოლეონის არმიამ რუსეთს თავს დაატეხა, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა ისტორიის მსვლელობაში. კლერ დე დიურასმა “ურიკა” დაწერა, ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ კი – “ბიძია თომას ქოხი”, თუმცა საკუთარი ბედისწერა მაინც დამონებულმა ხალხმა შეცვალა, რომელიც ერთ დღეს აჯანყდა და უსამართლობას არალეგალურად შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობით დაუპირისპირდა, ბრაზილიაში, გვიანაში, ანტილის კუნძულებსა და შავკანიანთა პირველ რესპუბლიკაში კუნძულ ჰაიტიზე.
    მწერალს ყველაზე ძალიან მოქმედება სურს. მოწმედ ყოფნაზე მეტადაც. უნდა, რომ წეროს, წარმოიდგინოს, ოცნებებს მიენდოს, რათა მისმა სიტყვებმა თუ გამონაგონმა სინამდვილეში შეაღწიოს, მკითხველთა გული და გონება შეცვალოს, უკეთესი სამყაროს კარი გაუღოს მათ. და მაინც, სწორედ ამ წამსაც კი მას შინაგანი ხმა კარნახობს, რომ სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, რომლებსაც საზოგადოების შიგნით მოთარეშეEქარები გააქრობენ, რომ ოცნებები მხოლოდ ქიმერებია. რა უფლებით ჰგონია, რომ სხვებზე უკეთესია? ნუთუ გამოსავლის ძებნა მართლაც მწერლის საქმეა? განა ის იმ მეველის მდგომარეობაში არ იმყოფება, მიწისძვრის შეჩერება რომ უნდა ჟიულ რენარის პიესაში “ნოკი ანუ მედიცინის ზეიმი”? ან კი როგორ უნდა იმოქმედოს მწერალმა, როცა მას მხოლოდ წარსულის გახსენება შეუძლია?
    მარტოობა მუდამ მისი ხვედრი იქნება. ყოველთვის ასე იყო. ბავშვობისას ეს ბიჭუნა ხომ სუსტი, გულდამძიმებული, ზედმეტად მგრძნობიარე არსება იყო, ან ის გოგონა, კოლეტმა რომ აღწერა, რომელიც უმწეოდ იდგა და მშობლების ჩხუბს დაძაბულობისგან გაფართოებული, ტკივილით სავსე შავი თვალებით შეჰყურებდა. მარტოობა ბუნებრივად იზიდავს მწერლებს, მხოლოდ მის გვერდით თუ სწვდებიან ისინი ბედნიერების არსს. ეს წინააღმდეგობრივი ბედნიერებაა, ტკივილნარევი, სიამეში გაზავებული, მოჩვენებითი ზეიმი, ყრუ და ყოვლისმომცველი უამური შეგრძნება, როგორც საიდანღაც აკვიატებული მელოდია. მწერალმა ყველაზე უკეთ იცის იმ შხამიანი და საჭირო მცენარის მოვლა-პატრონობა, რომელიც მხოლოდ მისი უძლურებით გაჯერებულ ნიადაგზე ამოდის. მას სურდა ესაუბრა ყველას ნაცვლად, ყველა ეპოქაში: ხან აქ ვხედავთ, ხან – იქ, საკუთარ ოთახში განმარტოებულს, ცარიელი ფურცლის გადაფითრებულ სარკესთან დარჩენილს, იმ აბაჟურის ქვეშ გარინდულს, იდუმალ შუქს რომ ასხივებს. ან კომპიუტერის მეტად კაშკაშა ეკრანთან, კლავიატურის ღილაკებს თითებს რომ უკაკუნებს და ამ ხმაურს უსმენს. აი, ეს არის ის ტყე. მწერალმა მისი ყოველი ბილიკი ზეპირად იცის, ხოლო თუ ზოგჯერ ხელიდან მაინც გაუსხლტება რამე, როგორც ალიონზე ძაღლის ყეფით დამფრთხალი ჩიტი, მის ჩრდილს გაოგნებული მზერა მიაცილებს – ეს შემთხვევით მოხდა, ამ კაცის უნებურად, ამ ქალის სურვილის წინააღმდეგ.
    სულაც არ მინდა, უარყოფითი ემოციების ფრქვევით გული მოვიოხო. ლიტერატურა – აი, ამის სათქმელად ვემზადებოდი – არქაული გადმონაშთი არ არის, რომელსაც ლოგიკურად უნდა ჩაენაცვლოს აუდიოვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრებით, კინო. ის კომპლექსური, რთული გზაა, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს იგი უფრო საჭიროა, ვიდრე ბაირონისა თუ ვიქტორ ჰიუგოს ეპოქაში.
    ეს საჭიროება ორი მიზეზით არის განპირობებული:
    პირველ რიგში, იმით, რომ ლიტერატურას ენა ქმნის. სიტყვა «მწერლობის» უპირველესი მნიშვნელობაა: «ის, რაც დაწერილია». ფრანგული სიტყვა «roman» (რომანი) იმ პროზაულ ნაწარმოებებს აღნიშნავს, რომლებშიც შუა საუკუნეების შემდეგ პირველად გამოიყენეს ახალი ენა, რომელზეც ყველა საუბრობდა – რომანული ენა. აგრეთვე სიტყვა «nouvelle» (ნოველა, მოთხრობა) ამ სიახლის იდეიდან მოდის. თითქმის იმავე ეპოქაში საფრანგეთში შეწყვიტეს სიტყვა «rimeur»-ს (გამრითმავი, მელექსე – სიტყვიდან: «rime» რითმა, ლექსი) ხმარება პოეზიასა და პოეტებთან (ბერძნული ზმნიდან: «poiein»- შექმნა ) მიმართებაში. პოეტი, მწერალი, რომანისტი შემოქმედნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ენას თავიდან იგონებენ, არა, მას იდეების, სახეების, მშვენიერების შესაქმნელად იყენებენ. ამიტომაც, მათ გარეშე საერთოდ ვერაფერს გავხდებოდით. ენა კაცობრიობის ყველაზე უცნაური გამოგონებაა, რომელიც ყველაფერს წინ უსწრებს და ყველაფერს ანაწევრებს. უენოდ არც მეცნიერება იარსებებდა, არც ტექნიკა, არც კანონები, არც ხელოვნება, არც სიყვარული. თუმცა ეს გამოგონება თანამოსაუბრესთან ურთიერთობის გარეშე სრულიად უსარგებლო ხდება. ის შეიძლება სისხლისგან დაიცალოს, გაღარიბდეს, სრულიად გაქრეს. მწერლები, გარკვეული აზრით, მისი მცველები არიან. როცა ისინი რომანებს, ლექსებს, პიესებს წერენ, ამით ენას აცოცხლებენ. ეს ადამიანები სიტყვებს კი არ იყენებენ, არამედ, პირიქით, თავად ემსახურებიან ენას – განადიდებენ, პირს ულესავენ, სახეს უცვლიან, რადგან იგი მხოლოდ მათით და მათში ცოცხლობს და ფეხს უწყობს ეპოქის სოციალურ თუ ეკონომიკურ ტრანსფორმაციებს.
    როდესაც გასულ საუკუნეში რასისტული თეორიები გაჩნდა, მაშინვე კულტურებს შორის არსებული სიღრმისეული განსხვავებები გაიხსენეს. რაღაც აბსურდული იერარქიით ერთმანეთს დაუკავშირეს კოლონიზატორთა ეკონომიკური წარმატება და ე.წ. კულტურული უპირატესობის ცნება. ეს თეორიები, როგორც არაჯანსაღი, სახიფათო იმპულსები ახლაც კი ხან სად იჩენს თავს და ხან სად, რათა ნეო-კოლონიალიზმისა თუ იმპერიალიზმის გამართლება სცადოს. ზოგიერთი, ვისაც თანაბარი უფლება არ მისცეს ენასთან მიმართებაში, რადგან ეკონომიკურად ჩამორჩენილები იყვნენ, ან მოძველებულ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, მაჩანჩალას როლში აღმოჩნდა. ნუთუ ვერავინ შენიშნა, რომ მსოფლიოს ყველა ხალხი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ენას იყენებს? თითოეული ენა კი ერთმანეთს ჰგავს, რადგან ლოგიკურ, კომპლექსურ, კონსტრუირებულ და ანალიტიკურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძლევა, რომელზეც მეცნიერების შექმნა ან მითების შეთხზვაა შესაძლებელი.
    მას შემდეგ, რაც ისეთი გაორებული და ცოტა ჩამორჩენილი არსება დავიცავი, როგორიც მწერალია, მინდა ლიტერატურის არსებობის მეორე მიზეზი გაგიმხილოთ, რამდენადაც ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამომცემლის საქმიანობას ეხება.
    დღეს ბევრს ლაპარაკობენ მონდიალიზაციაზე და ივიწყებენ, რომ ეს მოვლენა აღორძინების ეპოქის ევროპაში დაიწყო, კოლონიალიზმის ხანასთან ერთად. თავისთავად, მონდიალიზაცია სულაც არ არის ცუდი. კომუნიკაცია პროგრესს აჩქარებს, მედიცინასა თუ ზოგადად, მეცნიერებაში. ისე, შესაძლოა, ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობამ კონფლიქტები კიდევ უფრო გაართულოს. ჰიტლერის დროს ინტერნეტი რომ ყოფილიყო, თავისი მეხანათური ჩანაფიქრის განხორციელებას ის ნამდვილად ვერ მოახერხებდა – დაცინვის შიში გადააფიქრებინებდა.
    ჩვენ ინტერნეტისა და ვირტუალური კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კარგია, მაგრამ რისი მაქნისია საკვირველი გამოგონებები, თუ მწერლობის გაცნობასა და წიგნებს არ მოხმარდება? თხევადკრისტალური მონიტორებით კაცობრიობის უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფა უტოპიაა. ჰოდა, განა ახალ ელიტას არ ვქმნით, ახალ გამყოფ ხაზს არ ვავლებთ, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად გაყოფს: აქეთ დარჩებიან ერთნი, ვისაც ხელი მიუწვდებათ კომუნიკაციასა და ცოდნაზე, ხოლო იქით – მეორენი, ვინც უბრალოდ არადანს წარმოადგენენ? დიდი ერები, დიდი ცივილიზაციები გაქრნენ, რადგან ეს ვერ გააცნობიერეს. ზოგიერთმა უძველესმა კულტურამ, რომელთაც უმცირესობებს ვუწოდებთ, დღემდე იმის წყალობით მოაღწია, რომ ცოდნასა და მითებს თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადასცემდა. მეტად საჭირო, კეთილგონივრული ნაბიჯი იქნება მათი დამსახურების აღიარება. თუმცა ჩვენი სურვილისა და იმის მიუხედავად, მკაცრ რეალობაში ცხოვრებისთვის მომწიფებულნი ვართ თუ არა, კარგა ხანია, მითების ხანაში უკვე აღარ ვცხოვრობთ. შეუძლებელია სხვისი პატივისცემა დავიმსახუროთ და საყოველთაო თანასწორობა დავამყაროთ, თუ თითოეულ ბავშვს წერის სიკეთეს არ ვაზიარებთ.
    დღეს, დეკოლონიზაციის მომდევნო ეპოქაში, ლიტერატურა ერთ-ერთი საშუალებაა თანამედროვე კაცებისა და ქალებისთვის საკუთარი იდენტობის გამოსახატად, აგრეთვე იმისთვის, რომ სიტყვის უფლება მოითხოვონ და დანარჩენებს თავისი მრავალხმიანობა გააგონონ. მათი ხმის, მათი ძახილის გარეშე სრულიად მდუმარე სამყაროში ვიცხოვრებდით.
    ლიტერატურის ადგილი მსოფლიოში ყველას თანაბრად გვაღელვებს. პირველ რიგში კი, ამაზე მკითხველები, სხვაგვარად თუ ვიტყვით, გამომცემლები არიან პასუხისმგებელნი. ცხადია, უსამართლობაა, რომ კანადის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ინდიელმა დამპყრობელთა ენაზე – ფრანგულად ან ინგლისურად უნდა წეროს, რათა საკუთარი ხმა გაგვაგონოს. რა თქმა უნდა, თავს მოვიტყუებთ, თუ დავიჯერებთ, თითქოს მავრიკის ან ანტილიის კუნძულების კრეოლურ ენას მსოფლიოში ყველა ისევე იოლად გაიგებს, როგორც იმ ხუთ-ექვს ენას, რომლებსაც დღეს სრულიად დაპყრობილი აქვთ მედია-სივრცე. თუმცა თარგმანის მეშვეობით მაინც შეიძლება მსოფლიომ მათი ხმა მოისმინოს, ეს კი რაღაც ახალი და იმედისმომცემი ამბავი იქნება. კულტურა, როგორც ვამბობდი, ჩვენი, მთელი კაცობრიობის საერთო ქონებაა. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი კულტურაზე. ამისთვის კი იდეალური იარაღი წიგნია, მთელი თავისი არქაულობით. პრაქტიკულია, მოსახერხებელია, ეკონომიურია. განსაკუთრებული ტექნოლოგიური დამუშავება არ სჭირდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგად ინახება. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ – აი, აქ განსაკუთრებით გამომცემლებს მივმართავ – ბევრი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ძნელად ხელმისაწვდომია. მავრიკიზე რომანისა თუ ლექსების კრებულის ფასი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მექსიკაში, ოკეანიის კუნძულებზე წიგნი წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლება. ამ უბედურებას საშველი აქვს. განვითარებად ქვეყნებთან ერთად განხორციელებული ერთობლივი გამოცემები, ფონდების შექმნა ბიბლიოთეკებისა თუ ბიბლიობუსებისთვის, ზოგადად, უფრო მეტი ყურადღება ამ ხალხის მოთხოვნებისა და იმ მწერლობის მიმართ, რომელიც ე.წ. უმცირესობის ენაზე იქმნება (ზოგჯერ უმრავლესობას რომ წარმოადგენს). ამ გზით ლიტერატურა ისევ დარჩებოდა საკუთარი თავის შეცნობისა თუ სხვისი გაცნობის საოცარ საშუალებად, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, ერთ დღეს კაცობრიობის კონცერტი მოგვესმინა, მთელი თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი თემებითა თუ ვარიაციებით.
    სიამოვნებით ვისაუბრებდი კიდევ ამ ტყეზე. ალბათ იმის გამო, რომ სტიგ დაგერმანის ფრაზა ჩემს მეხსიერებაში ისევ ხმიანობს, მისი წაკითხვა და გადაკითხვა, მასში შეღწევა მინდა. არის ამ ფრაზაში რაღაც სასოწარმკვეთი და ამავე დროს საზეიმო, რადგან მხოლოდ მწარე ნაღველით თუ მივაგნებთ იმ ჭეშმარიტების მარცვალს, რასაც ყველა ვეძებთ. ბავშობაში ამ ტყეზე ვოცნებობდი ხოლმე. მაშინებდა და იმავდროულად მიზიდავდა – ალბათ ცეროდენას ან ჰანსელსაც მსგავსი შეგრძნება ექნებოდათ, როცა ისინი შუაგულ ტყეში აღმოჩნდნენ, საფრთხეებითა და საოცრებებით გარემოცულნი. ტყეში საზღვრები არ არსებობს. შეიძლება დაიკარგო კიდეც გაბარდულ ხეებსა და ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში. ამავეს ვიტყოდი უდაბნოსა თუ ღია ზღვაზე, სადაც თითოეული ტალღა, თითოეული ბორცვი თავისსავე მსგავსში გადადის, ზუსტად იმავენაირ ტალღას, იმავენაირ ბორცვს წარმოქმნის. მახსოვს, პირველად რომ მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო ლიტერატურა – ჯეკ ლონდონის «წინაპართა ძახილში», უფრო სწორად, იმ პასაჟში, თოვლში დაკარგული ერთ-ერთი პერსონაჟი რომ იგრძნობს, როგორ ნელ-ნელა იტანს სიცივე მაშინ, როცა მგლების ხროვა თანდათან უახლოვდება. ის გაქვავებულ ხელს შესცქერის და ცდილობს, თითოეული თითი ერთმანეთის მიყოლებით აამოძრაოს. ამ აღმოჩენას ჩემნაირი ბავშვისთვის ნამდვილად ჯადოსნური ელფერი ჰქონდა. ამას თვითშემეცნება ერქვა.
    ტყეს უნდა ვუმადლოდე ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ემოციას ზრდასრულობის ასაკშიც. ეს ოცდაათი წლის წინ მოხდა, ცენტრალური ამერიკის რეგიონში, რომელსაც ელ ტაპონ დე დარიენი ჰქვია. მაშინ (და როგორც ვიცი, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა) სწორედ დარიენის ხეობამდე მოდიოდა და ვეღარ გრძელდებოდა პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც ორი ამერიკის დასაკავშირებლად გადაეჭიმათ, ალასკიდან ცეცხლოვანი მიწის კიდემდე. ამ ნაწილში პანამის ყელი ახლაც საშინლად გაუვალი ტყით არის დაფარული, რომელშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაღწევ, თუ მდინარეებს ადგილობრივი წარმოების გრძელი და წვრილი ნავით აუყვები. ამ ტყეში ამერიკელი ინდიელები ცხოვრობენ, ორ ნაწილად დაყოფილნი: ემბერას ტომად და ვონანას ტომად. ორივენი გე-პანო-კარიბის ლინგვისტურ ოჯახს მიეკუთვნებიან. იქ შემთხვევით მოვხვდი და ამ ხალხით იმდენად მოვიხიბლე, რომ რამდენჯერმე დიდი ხნითაც ვესტუმრე, დაახლოებით სამი წლის მანძილზე. მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ სახლიდან სახლში ალალბედზე დავდიოდი – ეს ხალხი უარს ამბობდა სოფლებად დაჯგუფებაზე – და რასაც მანამდე მივეჩვიე, იმისგან სრულიად განსხვავებული რიტმით ცხოვრებას ვსწავლობდი. როგორც ყველა ნამდვილი ტყე, ესეც გამორჩეულად მტრული და საშიში იყო. იძულებული გავხდი, ყველა საფრთხე და აგრეთვე მათგან თავის დაღწევის გზები ორ გრძელ სიად ჩამომეწერა. უნდა ვთქვა, რომ საერთოდ ემბერები ძალიან ბევრს მითმენდნენ, ჩემს მოუქნელობაზე იცინოდნენ და ალბათ მეც გადავუხადე სამაგიერო, როცა მათ სიბრძნეებზე, ცოტა არ იყოს, ვიხალისე. მაშინ ბევრს არ ვწერდი. ტყე ნამდვილად არ არის იდეალური ადგილი ამისათვის. ნესტი ქაღალდს ალბობს, სიცხე მელანს ახმობს. არცერთი მექანიზმი, რაც ელექტროენერგიით მუშაობს, დიდხანს არ ძლებს. იქ იმ რწმენით ჩავედი, რომ წერა პრივილეგია იყო და ნებისმიერ სირთულეს მუდამ დამაძლევინებდა. ჩემი პატარა თავშესაფარი. წარმოსახვითი სარკმელი, რომელშიც მაშინვე გადავძვრებოდი, როცა ქარიშხლი ამოვარდებოდა.
    მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავითავისე პირველყოფილი კომუნიზმის სისტემა, ისევე როგორც ავტორიტეტებისადმი ის ღრმა სიძულვილი, რაც ამერიკელ ინდიელებს ახასიათებთ და აგრეთვე, ბუნებრივი ანარქიისკენ მათი სწრაფვა, მივხვდი, რომ ხელოვნება, როგორც ინდივიდუალური თვითგამოხატვის ფორმა, ტყეში არაფრად ვარგოდა. სხვათაშორის, ამ ხალხში იმის მსგავსიც კი არაფერი იყო, რასაც მომხმარებელთა საზოგადოებაში ხელოვნებას ვუწოდებთ. სურათების დახატვის ნაცვლად, კაცები და ქალები სხეულებს იხატავდნენ და არაფრით არ სურდათ რაიმე ისეთის შექმნა, რაც დროს გაუძლებდა. მერე მითებიც მოვისმინე. როცა ჩვენს წიგნიერ სამყაროში მითებს ახსენებენ, თითქოს რაღაც ძალიან შორეულზე ლაპარაკობენ – დროში ან სივრცეში დაშორებულზე. მეც მჯეროდა ამ მანძილისა. და აი, მითები თვითონ მოდიოდნენ ჩემთან, განუწყვეტლივ, თითქმის ყოველ ღამით. იმ კოცონის წინ, სახლების სიღრმეში სამი ქვით მოწყობილ კერიაზე რომ გიზგიზებდა, კოღოებისა და ღამის პეპლების ცეკვის თანხლებით, მეზღაპრე კაცებისა თუ ქალების ხმები ამ ისტორიებს, ლეგენდებს, ამბებს ისე აცოცხლებდნენ, თითქოს ყოველდღიურ სინამდვილეზე მოგვითხრობდნენ. მეზღაპრე გამკივანი ხმით მღეროდა, მკერდზე მჯიღს იცემდა, სახის გამომეტყველებას იცვლიდა პერსონაჟთა განცდების, ვნებების, მღელვარების მიხედვით. ეს შეიძლებოდა სულაც რომანი ყოფილიყო და არა მითი. ერთ ღამეს კი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. მას ელვირა ერქვა. ემბერას ტყის მიდამოებში ზღაპრების ოსტატურად თხრობით იყო განთქმული. თავგადასავლების მაძიებელად ითვლებოდა, რომელიც უქმროდ და უშვილძიროდ ცხოვრობდა – ამბობდნენ, ცოტა ლოთია და ცოტა ბოზიცო, მაგრამ არაფერი მჯერა – და სახლიდან სახლში იმისთვის დადიოდა, რომ ემღერა, საფასურად კი სადილი, ერთი ბოთლი მაგარი სასმელი, ხანდახან კი მცირეოდენი ფულიც მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზღაპრების თარგმანს ვისმენდი – ემბერას ენას ლიტერატურული ვერსია აქვს, რომელიც ყოველდღიურ ენაზე გაცილებით რთულია – მაშინვე მივხვდი, რომ ის დიდი ხელოვანი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მისი ხმის ტემბრი, ხელების რიტმი, როცა მათ მკერდზე ირტყამდა, ვერცხლის მონეტებით დამძიმებულ ყელსაბამებზე და ამ ყველაფერთან ერთად შეშლილის იერი, რომელიც სახესა და თვალებს საოცარი შუქით უნათებდა – ეს მოზომილი და რიტმული ტრანსი თანაბარი ძალით მოქმედებდა ყველაზე, ვინც იქ იყო. მითების მარტივ სიუჟეტებს – თამბაქოს გამოგონებას, პირველ ტყუპებს, ღმერთებისა და ადამიანების უხსოვარი დროის ამბებს ის საკუთარ თავგადასავალს უმატებდა, თავისი ხეტიალის, სიყვარულის, ღალატისა და ტანჯვის, ხორციელი ტკბობის სიამეების, ეჭვიანობის მწარე ნაღველის, სიბერისა და სიკვდილის შიშის ისტორიებს. ის გაცოცხლებული პოეზია, ანტიკური თეატრი და ამავე დროს, მეტად თანამედროვე რომანი იყო. ამ ყველაფერს წარმოუდგენელი ცეცხლითა და მგზნებარებით ასრულებდა. კუნაპეტ ტყეში, მწერების, გომბეშოების, ღამურების გუნდის გარემოცვაში იმ განცდას ძერწავდა, რასაც სილამაზის გარდა სხვა სახელს ვერ დაარქმევ. თითქოს მისი სიმღერა ბუნების ჭეშმარიტი ძალის გამოვლინება იყო – ალბათ ყველაზე დიდი პარადოქსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს განმარტოებული ადგილი, ლიტერატურის ხელოვნურ სირთულეებს განრიდებული ტყე ისეთ ადგილად ქცეულიყო, სადაც ხელოვნება ყველაზე ძლევამოსილი და თავისთავადი სახით იქმნებოდა.
    მერე წამოვედი ამ ქვეყნიდან და არც ელვირა, არც დარიენის ტყის სხვა მეზღაპრეები აღარასდროს მინახავს. თუმცა იმაზე უფრო მეტი რამ დამრჩა, ვიდრე ნოსტალგიაა – რწმენა, რომ ლიტერატურას მაინც შეეძლო არსებობა, მიუხედავად გადაღეჭილი პირობითობებისა და კომპრომისებისა, მიუხედავად იმისა, რომ მწერლები სამყაროს შესაცვლელად უძლურნი იყვნენ. ზოგჯერ რაღაც დიდი და ძლიერი, რაც მათზე ბევრად აღმატებულია, ამ ადამიანებს გამოაცოცხლებს და თავიდან ბოლომდე ცვლის, ბუნების ჰარმონიას დაუბრუნებს ხოლმე. რაღაც ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი, ქარივით მოუხელთებელი, ღრუბლებივით უსხეულო, ზღვასავით უსასრულო. ეს ის არის, რაც ჯალალ ედინ რუმის პოეზიასა თუ ემანუელ სვედენბორგის ვიზიონერულ არქიტექტურაში ფეთქავს. თრთოლა, კაცობრიობის ისეთი საუკეთესო ტექსტების კითხვისას რომ გვიპყრობს, როგორიც ის სიტყვაა, რომლითაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლუმნის ტომის ინდიელების წინამძღოლმა სტელსმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა, სანამ მიწას საბოლოოდ დაუთმობდა: «ჩვენ ალბათ ძმები ვართ…»
    არის რაღაც უბრალო და ნამდვილი, რაც მხოლოდ ენაში არსებობს. ხიბლი, ხანდახან ცბიერი სვლები, თვალშისაცემად მყვირალა ცეკვა თუ სიჩუმის დიდი პლაჟები. დაცინვის ენა, შორისდებულების, წყევლის და აი, აქვე, სამოთხის ენა.
    სწორედ ელვირას წინაშე მინდა ვალის მოხდა – მას ვუძღვნი ამ პრემიას, რომელიც შვედურმა აკადემიამ გადმომცა. მას და ყველა იმ მწერალს, რომლებთან სიახლოვე – ზოგჯერ კი დაპირისპირებაც – ჩემი ცხოვრების ნაწილია. აფრიკელებს: უოლე შოიინკას, ჩინუა აჩებეს, აჰმადუ კურუმას, მონგო ბეტის, ალან პეიტონის «საყვარელი ქვეყნის გამოტირებას», ტომას მოფოლოს «ჩაკას». დიდ მავრიკელს მალკოლმ დე შაზალს, სხვა წიგნებთან ერთად, «იუდას» ავტორს. მავრიკელ რომანისტს, აბიმანიუ უნუთს, რომელიც ჰინდის ენაზე წერს, “სისხლის სუნისთვის”. რომანისტს, რომელიც ურდუს ენაზე წერს, ჰიდერ ქურატულენს, ეპოპეისთვის «ცეცხლის მდინარე». რეუნიონელ შეუპოვარ დანიელ უაროს, მალოიას სიმღერებისთვის, კანაკ პოეტ ქალს დეუე გოროდეს, რომელმაც კოლონიზატორები ისე გამოიწვია, რომ საქმე საციხედ გაიხადა. ამბოხებულ აბდურაჰმან ვაბერის. ხუან რულფოს, «პედრო პარამოსა» და სხვა მოთხრობებისთვის, რომლებშიც მექსიკური სოფლის უბრალო და ტრაგიკული სურათები გვაჩვენა. ჯონ რიდს «ამბოხებული მექსიკისთვის», ჟან მეიერს, რომელიც აურელიო ასევედოსა და კრისტეროს ამბოხებულების სახელით ლაპარაკობდა ცენტარალურ ამერიკაში. ლუი გონსალესს, «ჰაერში გამოკიდებული სოფლის» ავტორს. ჯონ ნიკოლს, ვინც ყამირი მიწის შესახებ მოგვითხრო წიგნში «ომი მილაგროს ცერცვის ველებზე», ჰენრი როთს, ჩემს მეზობელს ნიუ იორკის ქუჩაზე, ალბუკერკში (ნიუ მექსიკო), წიგნისთვის «ესეც ძილია». ჟან-პოლ სარტრს, იმ ცრემლებისთვის, რომლებითაც მისი პიესა «უსაფლავო მკვდრებია» გაჯერებული. უილფრიდ ოუენს, პოეტს, რომელიც მარნის მისადგომებთან გარდაიცვალა 1914 წელს. სელინჯერს, რადგან მან იმ თოთხმეტი წლის ყმაწვილად გვაგრძნობინა თავი, რომელსაც ჰოლდენ კოლფილდი ჰქვია. ამერიკის პირველი ერების მწერლებს: სიუ შერმან ალექსის, ნავაჯო სკოტ მომადეის, «სახელებისთვის». რიტა მესტოკოშოს, მინგანელ (კვებეკის პროვინციის მკვიდრ) პოეტ ქალს, რომელმაც ხეები და ცხოველები აამატყველა. ხოსე მარია არგედას, ოქტავიო პასს, მიგელ ანხელ ასტურიასს. უალატას ოაზისის პოეტებს, შინგეტში. ალფონს ალესა და რაიმონ კენოს, საოცარი წარმოსახვისთვის. ჟორჟ პერეკს წიგნისთვის: «პატარა ველოსიპედი მონიკელებული თვლებით დიდი რბოლის შუაგულში». ანტილიელ ედუარ გლისანს და პატრიკ შამუაზოს, ჰაიტელ რენე დეპესტრს, ასევე შვარც-ბარტს წიგნისთვის “უკანასკნელი მართალნი”. მექსიკელ პოეტს ომერო არიდისს, რომელიც ტყავისბაკნიანი კუს ცხოვრებას თვალწინ გადაგვიშლის და სამეფო პეპლებით სავსე იმ ფორთოხლისფერ მდინარეებზე გველაპარაკება, კონტპეკში, მისი სოფლის ქუჩებში რომ მიედინება. ვენუს კური გატას, ვინც ისე საუბრობს ლიბანზე, როგორც ტრაგიკულ და უძლეველ სატრფოზე. ხალილ ჯიბრანს. რემბოს. ემილ ნელიგანს. რეჯენ დუშარმს – არსებობისთვის.
    ვუძღვნი იმ უცნობ ბავშვს, რომელსაც ერთხელ მდინარე ტუირას ნაპირას გადავეყარე, დარიენის ტყეში. ღამით, მაღაზიის იატაკზე წამომჯდარი ნავთის ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა და წინ გადახრილი რაღაცას წერდა კიდეც. ირგვლივ ყურადღებას არაფერს აქცევდა, არც უხერხულობა აწუხებდა, არც ხმაური, არც უწესრიგობა, არც მწარე და სასტიკი ცხოვრება, რომელიც მის გვერდით მიედინებოდა. აი, ეს ბავშვი, მაღაზიის იატაკზე ფეხმორთხმული რომ იჯდა ტყის შუაგულში და ლამპის ალის შუქზე კითხულობდა, შემთხვევით არ მიხსენებია. ის ძმასავით ჰგავს იმ ბიჭუნას, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, მშენებლის ფანქრით სასურსათო ტალონის უკანა გვერდზე რაღაცის დაწერას რომ ცდილობდა ომის შემდგომი სიბნელის წლებში. ის კაცობრიობის ისტორიის ორ დიდ ამოცანას შეგვახსენებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გადაგვიჭრია: შიმშილის დამარცხება და უწიგნურობის აღმოფხვრა.
    სტიგ დაგერმანის ფრაზა, მთელი თავისი პესიმიზმით იმ მწერლის ფუნდამენტური პარადოქის შესახებ, რომელიც უკმაყოფილოა, რადგან არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს მათ, ვისაც საკვებიც აკლია და ცოდნაც – უფრო დიდ სიმართლეს გვიმხელს. უწიგნურობის აღმოფხვრა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვერცერთს ვერ გადავჭრით წარმატებით მეორის გარეშე. ორივე ითხოვს და მოითხოვს, რომ რაღაც ვიღონოთ. ამ მესამე ათასწლეულში, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო, ჩვენს პლანეტაზე არცერთი ბავშვი, რა სქესის, ენისა თუ რელიგიისაც არ უნდა იყოს, შიმშილისა და უმეცრების ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეს, შორიდან არ უნდა უყურებდეს სხვების ზეიმს. ეს ბავშვი საკუთარ თავში ადამიანური მოდგმის მომავალს ატარებს. მისია მეუფება, როგორც დიდი ხნის წინ ბერძენმა ჰერაკლიტემ ბრძანა.

    ბრეტანი, 4 ნოემბერი, 2008


    ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
  • ესე (თარგმანი)

    მიგელ დე უნამუნო – როგორ შევადგინოთ ბიბლიოთეკა

    სენიორ, თქვენ ბიბლიოთეკის შედგენა გინდათ და რჩევას მეკითხებით. ასეთი რჩევის მიცემა ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდე რას გულისხმობთ სიტყვებში – “ბიბლიოთეკის შედგენა”, უფრო სწორედ, რა მიზნით ადგენთ ბიბლიოთეკას და როგორი ნიშნით უნდა მოძებნოთ წიგნები.
    – ეჭვს ხომ ვერ შეგატანინებთ ვულგარულ ცდომილებებში, თითქოს წიგნი, პირველ ყოვლისა იმისთვის არსებობს, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ხოლო მისი მოვლა და სათუთად შენახვა მეორე რიგის საქმეა.
    ერთხელ, ერთ ნაცნობ მხატვართან ვაქებდი მეორე მხატვრის ნამუშევრებს. ის კი მომიბრუნდა და ზიზღნარევი ხმით მეუბნება: “მაგ ნახატების ადგილი მხოლოდ მუზეუმის კედლებზეაო”. ეს იგივეა, რომელიმე წიგნის აბუჩად აგდება მოგვინდეს და ვთქვათ – “ამ წიგნის ადგილი მხოლოდ ბიბლიოთეკის თაროზეაო!” ხომ ფაქტია, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, თითქოს საუკეთესო წიგნი ხშირი კითხვისაგან აუცილებლად ყდაშემოცრეცილი და ფურცლებგაცვეთილი უნდა იყოს.
    კიდევ ის ვიცი, რომ ერთხელ, ერთმა უჭკვიანესმა და უნიჭიერესმა, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შექანებულმა მწერალმა, უამრავ საშინელ სისულელეს რომ ჰყვებოდა, ძალიან ძველ და იშვიათ წიგნში ამოკითხულ რაღაც ციტატის მოყვანისას დააყოლა: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ისინი ყოველთვის სისულელეებად დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთო”.
    მოკვდავთა უმრავლესობას, მაგრამ არა ამ ბიბლიოფილივით ჭკვიანებს, მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთად თავმოყრილი ამდენი სისულელე აქცევს წიგნს იშვიათობად. და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ, გვერდზე არ მიაგდებენ მსგავს წიგნს, რადგან ისინი იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაღაცას პოულობენ, რომელიც მათთვის განსაკუთრებულად ღირებულია. თუმცა, საჭიროა პატივი მიეგოს ნებისმიერი მანიისაკენ ხალხის სულიერ ლტოლვას, ოღონდ ეს მანია არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის საშიში; მანიათა შორის განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია ბიბლიომანი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე უდანაშაულო, არამედ ყველაზე კეთილშობილურიცაა. აი, უკვე ნათლად დაინახეთ განსხვავება მათ შორის, ვისაც სძულს ის წიგნი, რომელიც თავის ცხოვრებას ბიბლიოთეკის თაროზე ატარებს და ვინც აფასებს მას სწორედ იმისათვის, რომ იშვიათობაა, ძვირფასია და მისი ადგილი – ბიბლიოთეკის თაროზეა.
    მაშასადამე, თუ თქვენ მართლა გადაწყვიტეთ სოლიდური ბიბლიოთეკის შედგენა, გირჩევთ შეიძინოთ თხზულებათა მხოლოდ სრული კრებულები, შეძლებისდაგვარად – ორიგინალის ენაზე – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფილოსოფიურ თხზულებებს ეხება; შეიძინეთ თავად ავტორთა მიერ მომზადებული ცალკეული გამოცემებიც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გირჩევთ სერიული გამოცემების შეძენას, თქვენთვის საინტერესო წიგნების, ამ ე.წ. კოლექციებში, ბიბლიოთეკებში, ციკლებში ძებნას… ნებისმიერი წიგნი უფასურდება, როცა ამ სერიათაგან ნებისმიერის რიგითი წევრი ხდება. მხოლოდ არასერიოზულ მკითხველს შეუძლია ასეთი სახით გამოცემული წიგნის წაკითხვა.
    ვიმედოვნებ, აუცილებლობას არ წარმოადგენს “არასერიოზული მკითხველის” რაობის განმარტება, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის – კეთილს ვინებებ და ვიტყვი: არასერიოზულია მკითხველი, ვინც იმ წიგნებს არ კითხულობს, რომლებსაც მე; მაგრამ თუ კითხულობს და მეც ვვარაუდობ, რომ კითხულობს, მაშინ ჩემნაირად კი არა, სხვანაირად კითხულობს, და რასაკვირველია, მათ ისე ვერ გაიგებს, როგორც მე ვიგებ; ვერც წიგნები დაარწმუნებენ იმგვარად, როგორც მე მარწმუნებენ. გარდა ამისა, თუ წიგნი მკითხველს იმას არ ახსენებს, რასაც მე, ან მკითხველი თავად არ აგდებს სათვალავში ამას, მაშინ, მარტივი ლოგიკის თანახმად, უნდა ჩავთვალო, რომ ასეთმა მკითხველმა არ იცის ეს ყველაფერი. ხომ შეუძლებელია, ვინმე კითხულობდეს იმას, რასაც მე ვკითხულობ და არ ფიქრობდეს ისე, როგორც მე ვფიქრობ.
    ამ ფრიად მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური წიაღსვლების დასრულებისთანავე, ვუბრუნდები თქვენთვის დაპირებულ ბიბლიოთეკის შედგენას.
    თუ მართლა სერიოზულად ფიქრობთ ამ საქმისათვის ხელის მოკიდებას, მაშინ კატალოგით უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, უკატალოგოდ შედგენილი ბიბლიოთეკები, რამდენადმე არეულ-დარეულია ხოლმე. ასე შედგენილი რომელიმე კერძო ბიბლიოთეკის გადათვალიერებისას, რაღაცას ფილოსოფიიდან აღმოაჩენთ, რაღაცას ღვთისმეტყველებიდან, წააწყდებით ლიტერატურულ თხზულებებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სხვა ამისთანა რამეებს, არათანმიმდევრულად და დაულაგებლად. და თუ იქვე, თაროებზე, კლასიკოსთა შემოქმედების გვერდით აწყვია იაფფასიანი სახელმძღვანელოებიც სხვადასხვა მეცნიერებათა მოკლე შინაარსების სახით, რომელსაც ერთმა უსუსურმა მასწავლებელმა ოდესღაც სარწყულებელი გეჯა უწოდა, მაშინ თამამად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ეს ბიბლიოთეკა ეკუთვნის diletante-ს. და შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ diletante ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმისთვის განსაკუთრებულად საშიში და მავნე ურჩხულია.
    ვხედავ, ვხედავ როგორ შეშფოთდით და გინდათ მკითხონ: ვინ არის ეს diletante და რა არის დილეტანტიზმი. მაგრამ მე, ვინც ასე მშვენივრად გავართვი თავი არასერიოზული მკითხველის ცნების განსაზღვრას, `diletante`-ს ცნებას ვეღარ განვსაზღვრავ ისეთივე გულისხმიერებით, როგორც განვსაზღვრე “არასერიოზულობა” – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც მე შევდივარ ამეების მცოდნეთა რიცხვში. ვიცი მხოლოდ, რომ რაღაც საძაგლობა და საზიზღრობაა, მოკლედ რომ ვთქვა, ის ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმის მტერია; იმ კულტურის მტერი, რომელსაც ახლა არ შემიძლია მივცე განსაზღვრება და, ისიც საეჭვოა, ოდესმე შევძლო ამის გაკეთება.
    მაშ, შეეცადეთ გაექცეთ ასეთი დილეტანტური ბიბლიოთეკის შედგენის ცდუნებას და მთელი ძალისხმევა კატალოგზე გადაიტანეთ, რათა, შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენი ბიბლიოთეკა იყოს მონოლითური, ერთიანი, საფუძვლიანი, ჭეშმარიტად კლასიკური – შედგენილი ახალი წიგნებითა და იმ ავტორებით, რომელთა ციტირებითაც სირცხვილს არასოდეს ჭამთ.
    ვგონებ, მშვენივრად უწყით, რომ წიგნები იმიტომაც იწერება, მკითხველებმა ამონარიდები აკეთონ და ციტატებით თავი მოიწონონ; რომ ისინი, ვინც მათ წერდა და წერს, დაიბადნენ, რათა მათი სახელები მოხსენიებული იყოს მათივე დაწერილი წიგნებიდან ციტირებული პასაჟების გვერდით. თუ ჩვენ თითქმის არავის ციტირებას ვახდენთ, ე.ი. გვინდა, გარშემომყოფნი ფიქრობდნენ, თითქოსდა ყველაფერი, ჩვენგან თქმული, ჩვენვე მოგვივიდა თავში, ეს კი უხსოვარი დროიდან დაგმობილი მედიდურობის ნიშანია. ამას ჯობია, საერთოდ არავინ იცოდეს, რომ კითხვა შეგვიძლია.
    ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, კატალოგი შეადგინეთ. ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია კატალოგის გარეშე. სწორედ იმ დროიდან, როდესაც დიდმა სწავლულმა დონ ფულხენსიომ გამოიკვლია ეს საკითხი და თავისი კვლევა-ძიების შედეგები გამოაქვეყნა (ამის შესახებ ვრცლად გიამბეთ წიგნში – “სიყვარული და პედაგოგიკა”, მაგრამ ამ წიგნს ნუ მიათვლით თქვენს ბიბლიოთეკას), სწორედ იმ დროიდან უკვე იცით, რომ მეცნიერების მიზანი სულ სხვა რამეა, რაღაცა ისეთი, როგორც სამყაროს კატალოგიზაცია; ეს არის აუცილებლობა და საშუალება იმისა, რომ ღმერთს სამყარო სრულ წესრიგში დაუბრუნდეს.
    სევდიანი სანახავია ადგილობრივი ბიბლიოთეკები ჩვენს ესპანურ ქალაქებში, ოლქებსა და სოფლებში. რომ შეგვეძლოთ ამ სხვადასხვა ჯურის ბიბლიოთეკების გამოკვლევა, ამა თუ იმ წიგნის ეგზემპლიართა რაოდენობის მითითებით გენერალური კატალოგის შექმნა (რაღა თქმა უნდა, a posteriori(1)) და შემდეგ მისი საშუალო არითმეტიკულ რაოდენობად წარმოდგენა (ეს კი მკაფიოდ წარმოჩინდება ამა თუ იმ წიგნის არსებობის ან არარსებობის შეპირისპირებით) შევიქმნიდით სრულ ადეკვატურ წარმოდგენას ჩვენი ინტელექტუალური უკუსვლის შესახებ და თავზარიც დაგვეცემოდა. იმასაც კარგად დავინახავდით, რომ ბიბლიოთეკების უმრავლესობათა შედგენას განაპირობებს ან შემთხვევითობა ან ახირება. შემთხვევითობა – ობიექტური ელემენტია, ახირება – სუბიექტური; ანუ, ერთ ასპექტსაც და მეორესაც აქვს ირაციონალური საწყისი.
    მგონი, ყველაფერი ნათლად ვთქვი.
    ასე ხდება ხოლმე და ეჭვს ნუ შეიტანთ ჩემს სიტყვებში! ხდება იმიტომ, რომ არ იწყებენ კატალოგით, რომელიც კარგი სუფრის მენიუს ჰგავს; რაციონალური მენიუს შედგენას ყოველთვის ექიმ-დიეტოლოგის განსაკუთრებული რეკომენდაცია სჭირდება. არასისტემური კვების დროს დისპეფსიის თითქმის ყველა სახეობა ვითარდება და ორგანიზმის გაცილებით მეტი სერიოზული დარღვევა მიმდინარეობს. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, რომელთა დიაგნოზირება ძნელია და მკურნალობასაც სრულიად ექვემდებარება. ამ ყველაფრისგან კი უმალ დავაღწევთ თავს, თუ დაცვენილი საკუთარი კბილების ნაცვლად, ჩავისვამთ ხელოვნურს. და აი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, კბილების ჩასმასთან დაკავშირებული მომენტი.
    მინდა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ, მაგრამ სხვა დროს იყოს; ამჯერად კი სავსებით საკმარისია იმის ცოდნა, რომ ჩასმული კბილები – უმნიშვნელოვანესი, ზოგ შემთხვევაში კი შეუცვლელი ორგანო ან ინსტრუმენტია ღეჭვა-მონელებისათვის. ზოგიერთ ადამიანს ენანება ფული კბილების ჩასასმელად და ყველაფერს, რასაც პირში იდებს, დაღეჭვის გარეშე ყლაპავს; შემდეგ – ან საერთოდ ვეღარ გადაამუშავებს საჭმელს, ან ინელებს ცუდად და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
    ასე რომ, დაიწყეთ შესადგენი ბიბლიოთეკის კატალოგის გულმოდგინე შესწავლით. შეისწავლეთ აუჩქარებლად და, მხოლოდ ამის შემდეგ კატალოგი მიუტანეთ ჩვენს საერთო მეგობარს – დონ ფულხენსიოს, რომელიც, ვიმედოვნებ, ჩემი მონაყოლის შემდეგ თქვენი მეგობარიც გახდა. ეს სწორედ ის ადამიანი გახლავთ, პირველ კატალოგს რომ გაგიკრიტიკებთ და აუცილებლად დაგიწუნებთ.
    არ არის გამორიცხული, კატალოგის შედგენას გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე დასაწყისში წარმოგედგინათ; შესაძლოა – ღვთის გულისათვის, ნუ შეგეშინდებათ! – მთელი სიცოცხლეც. სამაგიეროდ, თუ თქვენ სიკვდილის წინ დატოვებთ რიგიან კატალოგს, მერწმუნეთ, ტყუილად არ გიცხოვრიათ. შთამომავლები დაასრულებენ თქვენს შრომას იმიტომ, რომ არც შემიძლია, არც მსურს და არც მინდა დავუშვა, თითქოს ბიბლიოთეკის შედგენა იმ სულმდაბლური და უმაქნისი ეგოისტური მიზნისთვის გინდოდეთ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნები გასართობად იკითხოთ. თქვენ ეს არ შეგფერით და, მოდით, ნუ გავახარებთ მაცდუნებელ ეშმაკს.
    ამას წინათ, ერთი ინგლისელის, სახელად Shadworth H.Hodgson-ის წიგნში, რომელიც მეტაფიზიკის პრობლემებს ეძღვნება – ეს წიგნი სულაც არ მიდევს ბიბლიოთეკის თაროზე – წავიკითხე, რომ მეტაფიზიკა, საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის არა მეცნიერება, არამედ ფილოსოფია; უფრო სწორედ, ეს არის მეცნიერება, რომლის მიზანიც თავად მასშია ჩაკეტილი, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს გონების აღზრდა-განვითარებას, რომელიც მას შეისწავლის და მაშინ დავფიქრდი, რომ თუ მისი მიზანი იმ “გონების აღზრდა და წვრთნაა”, რომელიც მას სწავლობს, მაშინ აღარ ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი და ყველაზე მაცდური ეშმაკიც დედამიწაზე – მეტაფიზიკური ეშმაკი ყოფილა.
    იცით, რომ ჩვენი საერთო სწრაფვის საგანი გიგანტური ბიბლიოთეკების, გასაოცარი მუზეუმების, მშვენივრად აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობაა. სწორედ იქ უნდა შევინახოთ ჩვენი თეორიები, ჰიპოთეზები და აქსიომები; უნდა გავდოთ მდინარეებზე ხიდები, ამოვაშროთ ჭაობები, განვავითაროთ მეცნიერება, მორალი – თუმცა, ხეირიანად არც ვიცი, რა არის ხელოვნება… და შემდგომ, როცა დედამიწა ათასობით ნამსხვრევად გაიფანტება, გაიყინება ან ერთგვარ ნისლად გარდაიქმნება, ამ ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, ლაბორატორიებს, თეორიებს, ჰიპოთეზებს, ჩვენს მორალსა და ხელოვნებას ჯილდოდ მივართმევთ უმაღლეს შემოქმედს!
    მაგრამ – კატალოგი უპირველეს ყოვლისა! პროგრამების გარეშე არ არსებობს მეცნიერების კურსი…

    P.S. ბრწყინვალე ტალანტის, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შერყეული ადამიანი, რომლის შესახებაც თავში, ჩემს ძალიან მოკლე ესეში გიამბეთ, დონ მარსელინო მენენდეს-და-პელაიოა,(2) ჩემი მასწავლებელი და მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, კათედრაზე ჩემდამი ნდობით აღჭურვილი პირი; ჩემ მიერ ციტირებული ფრაზის ნახვა (რომელიც სინამდვილეში უფრო სხვაგვარად ჟღერს და მე ციტირებას ვახდენ დაახლოებით ასე: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ის ყოველთვის სისულელედ დარჩება იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთ”) შეიძლება თხზულებაში “სიყვარულის ბედნიერება” ათ ნაწილად, შედგენილი ანტონიო დე ლოფრასიო ets-ის მიერ”. CDXCV გვერდზე (უფრო სწორად, 495-ე-ზე – რომაული ციფრებით გვერდების დანომვრა უფრო ეშმაკისეულია, ვიდრე თავად ლოფრასიოს თხზულება), “რომანის წარმოშობის” პირველ ტომში.
    ჩემ მიერ ციტატის არასწორად მოტანა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ მცირედ მწყალობს ნიჭიერების ღმერთი, რათა ერუდიტის გზით წავიდე. ხოლო P.S.-ით იმიტომ მოგმართეთ, რომ ეს ესე ორი წლის წინ დავწერე, როდესაც ესპანეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული დონ მარსელინოს სიკვდილით გამოწვეული უბედურება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძველი ჩვეულების მიხედვით, მაგიდის უჯრაში ვინახავდი, რათა სიბნელეში ღვინოსავით დამდგარიყო.

    (1) გამოცდილების საფუძველზე (ლათ.).
    (2) მარსელინო მენენდეს-და-პელაიო (1856-1912). ესპანელი მეცნიერი, კულტურისა და ლიტერატურის ისტორიკოსი, ავტორი მონუმენტური ნაშრომებისა “ესთეტიკური იდეების ისტორია ესპანეთში”, “რომანის წარმოშობა” (4 ტ.), “შუა საუკუნეების ესპანური პოეზიის ისტორია”.

    თარგმნა ირმა არჩუაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

    ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის ხასა"

    კრისტოფერ ლემან-ჰაუპტი
    ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” სამგზის წაკითხვას საჭიროებს

    გაფრთხილებთ: სანამ ჯონ ფაულზის ახალი რომანის კითხვას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეშის მხოლოდ ერთი ნაფოტი აქვს შეკეთებული. თუ, საუბედუროდ, არა გაქვთ ბუხარი, რომელსაც უნდა მიუჯდეთ ამ წიგნის კითხვისას, გამოიყენეთ მაღვიძარა – მისი წკრიალი გამოგაფხიზლებთ ხოლმე. რომანი შეიცავს 467 გვერდს, და რაც არ უნდა სწრაფად კითხულობდეთ, სისხლის ცირკულაციისთვის მავნეა ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა. აიძულეთ თავი, დროდადრო ადგეთ და იმოძრაოთ. ეს წიგნი გვთავაზობს იდუმალებით აღსავსე ამბებს, რომლებიც დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს და გვაიძულებს, ხარბად, სულმოუთქმელად დავეწაფოთ მას. ასე გრძელდება ნაწარმოების ბოლო გვერდამდე (და შემდეგაც). როდესაც “ფრანგი ლეიტენანტის ხასას” პირველად გავეცანი, ვეღარ მოვითმინე და წიგნი ხელმეორედ გადავიკითხე. მისი თითოეული ეპიზოდის აღქმისას ვითვალისწინებდი რომანის დასასრულს. დრო რომ მქონოდა, წიგნს კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი. ამასთან, ნაწარმოების ენა ძალზე დახვეწილი და სადაა, მაგრამ ტექსტის არსის წვდომა საკმაოდ ძნელი საქმეა.
    ჯონ ფაულზის ნაწარმოები იმდენად “რომანულია”, რომ ავტორმა ის სწორედ ამ მიზეზით შენიღბა ვიქტორიანული რომანტიკითო, იფიქრებს ზოგიერთი მკითხველი. მოქმედება ვითარდება 1867 წელს. რომანის მთავარი გმირი, ჩარლზ სმითსონი მალე უნდა დაქორწინდეს მდიდარი კომერსანტის მშვენიერ ასულზე, ერნესტინა ფრიმენზე. ჩარლზი შუახნის (32 წლის) ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცია. ის წარჩინებული ოჯახიდანაა (იმედოვნებს, რომ მემკვიდრეობით მიიღებს ბარონეტის ტიტულს) და, როგორც მრავალმხრივ განათლებული და პროგრესული მეცნიერი, დარვინის თეორიის მიმდევარია.

    საბედისწერო შეხვედრა
    ერთ დღეს ჩარლზმა, რომელიც საცოლესთან ერთად ზღვის ნაპირზე სეირნობდა, დაინახა განმარტოებით მდგარი უცნაური ქალი. ამ უკანასკნელმა “დაჟინებული მზერა ისარივით სტყორცნა შორეულ ჰორიზონტს”. ერნესტინა დაინტერესდა უცნობის ვინაობით, და ჩარლზმა შეიტყო, რომ ეს იყო სარა ვუდრაფი, ფრანგი საზღვაო ოფიცრის ყოფილი სატრფო.
    სარა არ გამოირჩეოდა უზადო სილამაზით, მაგრამ მისი მზერა და ქცევა მეტყველებდა განსაკუთრებული, იდუმალი თავისებურებების შესახებ, ერნესტინა კი მეტად პროზაული არსება გახლდათ. რომანის პირველივე გვერდი გვაგრძნობინებს, რომ სარას და ჩარლზის ცხოვრებისეული გზები უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ ფაულზი ოსტატურად ახერხებს ამ შეხვედრის გადავადებას გაურკვეველი დროით. აქედან გამომდინარე, გმირების შეხვედრა მარტოოდენ ჯადოსნური ეროტიკული ურთიერთობების მომასწავებელ შესაძლებლობად წარმოგვიდგება. და, საბოლოო ანგარიშში, რა არის უფრო მაცდუნებელი, ვიდრე შესაძლებლობა? (შევნიშნავთ, რომ თუმცა ფაულზის პროზა მორალისტის აღშფოთებას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ მწერალი კარგად იცნობს პორნოგრაფიულ ვიქტორიანულ ლიტერატურას.) მოკლედ, რომანი უკიდურესად ვიქტორიანულია და თუ დიკენსის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, დაღუპულხართ.
    ერთი მითხარით, რა საჭიროა ვიქტორიანული რომანი რობ-გრიიეს ეპოქაში? რა ღირებულება აქვს სახეცვლილ გოთიკას (“კოლექციონერი”, “მოგვი”) თანამედროვეობისთვის? აქ გვებადება ერთგვარი ბუნდოვანების, გაურკვევლობის შეგრძნება. წიგნის პირველივე გვერდი ააშკარავებს, რომ ფაულზს არ სურს, დაკმაყოფილდეს მე-19 საუკუნის მანერების, მორალის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გონებამახვილური (და ხშირად – ბრწყინვალე) ანაქრონისტული კომენტირებით. ამ მხრივ სასიამოვნოდ გვაოცებს არა მარტო “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში” გადმოცემული ამბავი, არამედ – ნაწარმოების ფორმაც, და მოლოდინი განუზომლად ამძაფრებს ზემოხსენებული ბუნდოვანების განცდას.

    ორნაირი დასასრულის ალტერნატივა
    ნება მომეცით, შევაჯამო. შეიძლება, მკითხველი სიმპათიით ან აღტაცებით განიმსჭვალოს ჩარლზის მიმართ; 1960-იანი წლების განათლებული ადამიანები გაიზიარებენ გმირის დარვინისტულ თვალსაზრისს სარა ვუდრაფის შესახებ და თანაუგრძნობენ ქალის შეუპოვარ სიძულვილს ვიქტორიანული მორალისადმი; ზოგიერთი სარას ცხოვრებაში საკუთარ ბედს ამოიცნობს; რომელიმე ჩვენგანი დაინტერესდება ნაწარმოების დასასრულით, ხოლო მავანი პიროვნება იმასაც განჭვრეტს (ალღოს აუღებს რა ფაულზის ჩანაფიქრს), რომ ამბავი სასიკეთოდ დამთავრდება.
    ამასთან, ირკვევა, რომ ფაულზის წინაშე წამოჭრილია რთული დილემა; ამ უკანასკნელს მწერალი თავაზიანად განმარტავს 55-ე თავში, სადაც აღწერილია ავტორისა და ჩარლზის ერთობლივად გამგზავრება ლონდონში (დიახ, ზუსტად ასეა). ფაულზმა არ იცის, როგორ დაასრულოს ნაწარმოები. მას არ ძალუძს მანიპულირება ინტრიგით, ანუ ის ვერ ახერხებს, “აუწყოს მავან მკითხველს, როგორი იყო მავანი პერსონაჟის წარმოდგენით, სამყარო”, რადგან რომანში აღწერილი ამბავი ასი წლის წინ მოხდა და “ჩვენთვის ცნობილია ყველა მოვლენა, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა”. მწერლის აზრით, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს წიგნის დამთავრება ფინალის ორი ვარიანტით.
    მწერალი განაგრძობს თხრობას. პირველ შემთხვევაში ნაწარმოები მთავრდება ამაღელვებელი, სასიამოვნო “დიდი იმედებით”, ე.ი. ეროტიზმის სრული განზავებით ფაულზის მომხიბვლელ თხრობაში. ესაა სწორედ ის ამბავი, რომელსაც ველოდით.
    შემდეგ დგება მეორენაირი დასასრულის ჯერი. ის ამსხვრევს მკითხველის სენტიმენტალურ მგრძნობიარობას, რომლითაც სიამოვნებით ვიმსჭვალებით ხოლმე, და გიგანტური ნაბიჯით ფარავს დისტანციას ვიქტორიანულ რომანსა და “ახალ რომანს” შორის. ამგვარი ფინალი გვაიძულებს, გაოცებით ვიკითხოთ, მაინც რომელ საუკუნეს ახასიათებდა მეტი სექსუალური თავისუფლება – მე-19-ს თუ მე-20-ს? ზოგიერთი მკითხველი გაოგნდება. სხვებს კი – გაეცინებათ. ასეა თუ ისე, “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” წარმოადგენს შესანიშნავი რომანისტის მოულოდნელ, მაგრამ პროგნოზირებად შემოქმედებით მიღწევას.

    The New York Times
    Book Review, 1969,
    10 ნოემბერი.

    ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

  • ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია

    ჟე­რარ ჟე­ნე­ტი – ლი­ტე­რა­ტუ­რის უტ­ო­პია

    ერ­თი შე­ხედ­ვით, ბორ­ხე­სი-კრი­ტი­კო­სი შე­კავ­ში­რე­ბის უც­ნა­უ­რი დე­მო­ნით ატ­ა­ნილ­სა ჰგავს. ზო­გი­ერ­თი მი­სი ეს­ეს ში­ნა­არ­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ტო­ნა­ცი­ა­თა მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე და­იყ­ვა­ნე­ბა, ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ცალ­კე­უ­ლი იდ­ე­ე­ბი, თე­მე­ბი და მე­ტა­ფო­რე­ბი გა­ნიც­დი­ან სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე: რი­კეტ­სი და ჰეს­კეტ პირ­სო­ნი ოს­კარ უაილდს მი­ა­წე­რენ ფრა­ზის, purple patches გა­მო­გო­ნე­ბას, მაგ­რამ ეს ფორ­მუ­ლა უკ­ვე “პი­ზონ­თა მი­მართ ეპ­ის­ტო­ლე­ებ­ში” არ­სე­ბობს; ჯონ დო­ნი­დან ორი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ფი­ლიპ მა­ინ­ლენ­დერ­მა წა­მო­ა­ყე­ნა ჰი­პო­თე­ზა ღმერ­თის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ; პას­კა­ლი­სე­უ­ლი სა­ნაძ­ლე­ოს იდეა უკ­ვე გა­მოთ­ქ­მუ­ლი ჰქონ­დათ არ­ნუ­ბი­უსს, სირ­მონ­სა და ალ­გა­სელს; ორი უს­ას­რუ­ლო­ბა ლე­იბ­ნიც­თა­ნაც იჩ­ენს თავს და ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს­თა­ნაც; ქით­სის ბულ­ბუ­ლი პლა­ტო­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა და შო­პენ­ჰა­უ­ერს გან­ჭ­ვ­რეტს; კოლ­რი­ჯის სიზ­მ­რი­დან მო­ტა­ნი­ლი ყვა­ვი­ლი წინ უძღ­ვის უელ­სის მო­მავ­ლი­დან მო­ტა­ნილ ყვა­ვილს და ჯე­იმ­სის პორ­ტ­რეტს – რო­მე­ლიც წარ­სუ­ლი­დან წა­მო­ი­ღეს; უელს­მა “ჩვე­ნი დრო­ის­თ­ვის გა­და­ა­მუ­შა­ვა იობ­ის წიგ­ნი, პლა­ტო­ნის დი­ა­ლო­გე­ბის უბ­ად­ლო, ძვე­ლებ­რა­უ­ლი მი­ბაძ­ვა”; პას­კა­ლის სფე­რო ჰერ­მეს ტრის­მე­გის­ტო­სი­დან იღ­ებს და­სა­ბამს – რაბ­ლეს გავ­ლით – ან პლა­ტო­ნი­სე­უ­ლი პარ­მე­ნი­დე­დან აღ­მო­ცენ­და და “ვარ­დის რო­მა­ნი” გა­მო­ი­ა­რა. ნიც­შემ უარ­ყო სოკ­რა­ტემ­დელ­თა თე­ო­რია მა­რა­დი­უ­ლი მობ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და შემ­დეგ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვად­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა იგი…

     

    თუ­კი ბორ­ხე­სი არ ეძ­ებს წყა­რო­ებს, იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოჰ­ყოფს ხოლ­მე წი­ნა­მორ­ბე­დებს: უელ­სის­თ­ვის (რო­ნი, ლი­ტო­ნი, პელ­ტო­კი, სი­რა­ნო, ვოლ­ტე­რი, ბე­კო­ნი, ლუ­კი­ა­ნე), ბეკ­ფორ­დის­თ­ვის (ერ­ბე­ლო, ჰა­მილ­ტო­ნი, ვოლ­ტე­რი, გა­ლა­ნი, პი­რა­ნე­ზი, მა­რი­ნო), კაფ­კას­თ­ვის: “კაფ­კას წი­ნა­მორ­ბედ­თა გა­მოვ­ლე­ნა დი­დი ხა­ნია მიზ­ნად და­ვი­სა­ხე. რო­ცა პირ­ვე­ლად წა­ვი­კითხე, ვე­რა­ვის მი­ვამ­ს­გავ­სე – ეს იყო რი­ტო­რი­კულ აპ­ო­ლო­გი­ა­თა უნ­ი­კუ­მი; მაგ­რამ, რო­ცა გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი, მი­სი ხმა და თვი­სე­ბე­ბი სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რე­ბი­სა თუ სხვა ეპ­ო­ქა­თა ტექ­ს­ტებ­ში ამ­ო­ვი­ცა­ნი. მო­ვიყ­ვან რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად”, და ამ­ას მოჰ­ყ­ვე­ბა ზე­ნო­ნი, ხან იუი, კირ­კე­გო­რი, ბრა­უ­ნინ­გი, ბლუა და ლორდ დან­სე­ნი. რო­ცა ას­ეთ ჩა­მო­ნათ­ვალს ხე­დავ და არ გეს­მის იდეა, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლეს ან­ი­ჭებს ყვე­ლა­ფერ ამ­ას, დი­დი რის­კია ნეს­ტორ იბ­ა­რას ფრა­ზა გა­ი­მე­ო­რო “გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის” წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბი­დან, სა­დაც იგი “პე­დან­ტიზ­მ­თან გა­მარ­თულ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ და ზოგ­ჯერ სა­სი­ა­მოვ­ნო ფლირ­ტ­ზე” სა­უბ­რობს; შემ­დეგ კი ის­ღა დაგ­რ­ჩე­ნია, ბორ­ხე­სის კრი­ტი­კა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კომ­პი­ლა­ცი­ა­თა უხ­ა­ლი­სო წყე­ბა­ში მო­ა­თავ­სო. შე­იძ­ლე­ბო­და ას­ე­ვე გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა თვალ­საზ­რის­თა და ჩვე­უ­ლე­ბა­თა შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი თუ შე­უ­თან­ხ­მე­ბე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გრძე­ლი რი­გი, რის მი­ხედ­ვი­თაც მონ­ტე­ნი თა­ვის პირ­ველ ეს­ე­ებს ქმნი­და. მონ­ტენ­თან ას­ე­თი და­ახ­ლო­ე­ბა უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი­ცაა; მა­თი სა­ერ­თო სურ­ვი­ლი, შე­ექ­მ­ნათ ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი კა­ტა­ლო­გი, შე­საძ­ლოა ამ ორი მო­აზ­როვ­ნის გარ­კ­ვე­ულ სუ­ლი­ერ ნა­თე­სა­ო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს და ორ­ი­ვე ცდი­ლობს თა­ვი­ან­თი თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა და ეჭ­ვი ერ­უ­დი­ცი­ის იდ­უ­მალ ლა­ბი­რინ­თებ­ში გა­მო­კე­ტოს. თუმ­ცა, შე­კავ­ში­რე­ბის ბორ­ხე­სი­სე­უ­ლი ვნე­ბა და პა­რა­ლე­ლიზ­მე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შე­და­რე­ბით უფ­რო სიღ­რ­მი­სე­ულ იდ­ე­ას პა­სუ­ხობს და დას­კ­ვ­ნებს აქ­ე­დან, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თ­ვის. ამ იდ­ე­ის შე­და­რე­ბით აგ­რე­სი­ულ ფორ­მუ­ლი­რე­ბას ჩვენ ვნა­ხავთ მოთხ­რო­ბა­ში “ტლი­ო­ნი, უკ­ბა­რი, Orbis Tertius“: “თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ერ­თი ზედ­რო­ი­თი და ან­ო­ნი­მუ­რი ავ­ტო­რის მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი”. ამ იდ­ე­ის გუ­ლის­თ­ვის, ტლი­ო­ნის მწერ­ლე­ბი ხელს არ აწ­ე­რენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს და მათ­თ­ვის უც­ხოა პლა­გი­ა­ტის ცნე­ბა, ის­ე­ვე, რო­გორც გავ­ლე­ნა და აპ­ოკ­რი­ფი. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ტლი­ო­ნის მწერ­ლე­ბი იყვ­ნენ ჯორჯ მუ­რი და ჯე­იმს ჯო­ი­სი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში “სხვი­სი ნა­წე­რი­სა და ნა­აზ­რე­ვის ინ­კორ­პო­რი­რე­ბას ახ­დენ­დ­ნენ”; ოს­კარ უაილ­დიც ტლი­ო­ნის მწე­რა­ლი იყო, ოღ­ონდ პი­რი­ქით, რად­გან “ხში­რად ჩუქ­ნი­და სი­უ­ჟე­ტებს მათ, ვი­საც მი­სი და­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და”; ამ რიგს შეგ­ვიძ­ლია მი­ვათ­ვა­ლოთ სერ­ვან­ტე­სი, კარ­ლე­ი­ლი, მო­სე ლე­ო­ნე­ლი და მრა­ვა­ლი სხვა, მათ შო­რის, ალ­ბათ თა­ვად ბორ­ხე­სიც, – ის­ი­ნი ვი­ღაც გა­მო­გო­ნილ ად­ა­მი­ანს მი­ა­წერ­დ­ნენ ხოლ­მე თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რო­ბას; მაგ­რამ ტლი­ო­ნის მწე­რა­ლი par excellence პი­ერ მე­ნა­რი იყო, სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის ნი­მე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი, რო­მელ­საც მო­ბეზ­რ­და გან­ს­ჯე­ბი ლა­იბ­ნი­ცი­სა და რა­ი­მონდ ლუ­ლი­უ­სის შე­სა­ხებ, ან ვა­ლე­რის “ზღვის სა­საფ­ლა­ოს” ალ­ექ­სან­დ­რი­უ­ლი ლექ­სით გაწყო­ბა (ის­ე­ვე, რო­გორც თა­ვად ვა­ლე­რი სთა­ვა­ზობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს ერ­თი ტერ­ფით გა­ე­ზარ­დათ შვიდ­ტერ­ფი­ა­ნი “მო­პა­ტი­ჟე­ბა სა­მოგ­ზა­უ­როდ”) და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ახ­ლი­დან შე­უდ­გა – სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თა და აზ­როვ­ნე­ბის ან­აქ­რო­ნიზ­მე­ბის გა­მო­რიცხ­ვით – “დონ კი­ხო­ტის” ორ­ი­ვე ნა­წი­ლის წე­რას და ნა­წი­ლობ­რივ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი, თა­ნაც სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით. რო­ცა თა­ვის თავ­ზე ცდი­და სა­კუ­თარ მე­თოდს, ბორ­ხეს­მა ამ იდ­ე­ის ძვე­ლი ვერ­სი­ე­ბიც გა­იხ­სე­ნა – შე­ლის იქ­ნე­ბო­და ეს, ემ­ერ­სო­ნის თუ ვა­ლე­რის. შე­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ლექ­სი ერ­თი სა­ყო­ველ­თაო პო­ე­მის ფრაგ­მენ­ტებს წარ­მო­ად­გენს. ემ­ერ­სო­ნის­თ­ვის “სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა წიგ­ნის ავ­ტო­რი ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბაა”. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რის, ჩვენ ყვე­ლას გვახ­სოვს მი­სი მოთხოვ­ნა, წარ­მო­ედ­გი­ნათ ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია “რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რის მწარ­მო­ე­ბე­ლი და მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სუ­ლის ის­ტო­რია, ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ისე შეგ­ვეძ­ლო დაგ­ვე­წე­რა, რომ არც ერ­თი მწერ­ლის სა­ხე­ლი არ გვეხ­სე­ნე­ბი­ნა”.

     

    ესაა ლი­ტე­რა­ტუ­რის აღქ­მა, რო­გორც ერთ­გ­ვა­რო­ვა­ნი და შექ­ცე­ვა­დი სივ­რ­ცი­სა, სა­დაც არ არ­სე­ბობს არც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და არც ქრო­ნო­ლო­გია, ესაა ეკ­უ­მე­ნუ­რი გრძნო­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა უზ­არ­მა­ზარ ან­ო­ნი­მურ ქმნი­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, სა­დაც ყო­ვე­ლი ავ­ტო­რი მხო­ლოდ ზედ­რო­ი­თი და უპ­ი­როვ­ნო სუ­ლის შემ­თხ­ვე­ვით გან­სა­ხი­ე­რე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, რო­მელ­საც, პლა­ტო­ნის ღმერ­თი­ვით, შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა შთა­ა­გო­ნოს ყვე­ლა­ზე მდა­რე პო­ეტს და XVIII სა­უ­კუ­ნის ინგ­ლი­სე­ლი პო­ე­ტის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აღ­ად­გი­ნოს XIII სა­უ­კუ­ნის მონ­ღო­ლი იმ­პე­რა­ტო­რის ხილ­ვე­ბი, – პო­ზი­ტი­ვის­ტებს ას­ე­თი იდეა მხო­ლოდ ფან­ტა­ზია ან ბოდ­ვა შე­იძ­ლე­ბა ეგ­ო­ნოთ. ჯო­ბია, მათ­ში მი­თი და­ვი­ნა­ხოთ, ამ სიტყ­ვის ზუს­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, რო­გორც აზ­რის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­ქა­ნე­ბა. ბორ­ხე­სი თა­ვად მო­ი­ნიშ­ნავს ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის ორ შე­საძ­ლო დო­ნეს: უმ­აღ­ლე­სი, ანუ “პან­თე­ის­ტუ­რი” ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ავ­ტორ­თა, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბი­სა და საგ­ნე­ბის ხი­ლულ სიმ­რავ­ლე­ში ერ­თი სუ­ლი სახ­ლობს და ატ­ომ­თა ყვე­ლა­ზე შემ­თხ­ვე­ვით კომ­ბი­ნა­ცი­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თი ღმერ­თის და­წე­რი­ლო­ბა გა­ი­შიფ­როს; ამ ჰი­პო­თე­ზის თა­ნახ­მად, წიგ­ნე­ბის სამ­ყა­რო და სამ­ყა­როს წიგ­ნი – ერ­თი და იგ­ი­ვეა და თუ­კი “დონ კი­ხო­ტის” მე­ო­რე ნა­წი­ლის გმირს შე­უძ­ლია მი­სი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მკითხ­ვე­ლი იყ­ოს, ხო­ლო ჰამ­ლეტს კი ძა­ლუძს “ჰამ­ლე­ტის” მა­ყუ­რე­ბე­ლი “შე­იქ­ნას”, მა­შინ აქ­ე­დან იქ­ნებ ის გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ჩვენც, მი­სი მკითხ­ვე­ლე­ბი ან მა­ყუ­რებ­ლე­ბი, ჩვენ­თ­ვის გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ვართ და იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა “ჰამ­ლეტს” ან “დონ კი­ხოტს” ვკითხუ­ლობთ, ვი­ღაც სხვა შე­საძ­ლოა ჩვენს შე­სა­ხე­ბაც კითხუ­ლობ­დეს, წერ­დეს ან შლი­დეს ჩვენს კვალს ფურ­ცელ­ზე. მე­ო­რე დო­ნეს წარ­მო­ად­გენს XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სამ­დე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი “კლა­სი­კუ­რი” ცნე­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ავ­ტორ­თა მრავ­ლო­ბი­თო­ბა უბ­რა­ლოდ არ იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას: თუმ­ცა ჰო­მე­რო­სი ბრმა იყო, ამ­ას არ და­უ­ტო­ვე­ბია კვა­ლი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია პირ­ველ ვერ­სი­ა­ში მე­ო­რის მე­ტა­ფო­რა ამ­ო­ვი­კითხოთ, ან მე­ო­რე­ში – პირ­ვე­ლის მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია. მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რის ას­ეთ გა­და­მე­ტე­ბულ აღქ­მას, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ თავს გვახ­ვევს ხოლ­მე ბორ­ხე­სი, შე­საძ­ლოა და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გარ­კ­ვე­ულ სიღ­რ­მი­სე­ულ ტენ­დენ­ცი­ას­თა­ნაც ჰქონ­დეს კავ­ში­რი – ესაა თა­ვის სფე­რო­ში ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი (და არ­არ­სე­ბუ­ლი) საგ­ნის მოქ­ცე­ვის ტენ­დენ­ცია, თით­ქოს ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი და გა­მარ­თ­ლე­ბა (სა­კუ­თარ თავ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში) მხო­ლოდ ეს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი უტ­ო­პია იყ­ოს. მა­ლარ­მეს სიტყ­ვე­ბით, სამ­ყა­რო იმ­ის­თ­ვის არ­სე­ბობს, რომ შემ­დეგ წიგ­ნით დას­რულ­დეს. ბორ­ხე­სი­სე­ულ მითს თა­ნა­მედ­რო­ვე იდეა – ჯერ კი­დევ არ­ა­ფე­რი და­წე­რი­ლა და კლა­სი­კუ­რი – ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე და­ი­წე­რა – უფ­რო ამ­ბი­ცი­ურ ფორ­მუ­ლამ­დე დაჰ­ყავს: ყვე­ლა­ფე­რი წე­რაა. ბა­ბი­ლო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა – რო­მე­ლიც ab aeterno არ­სე­ბობ­და და შე­ი­ცავ­და “ყვე­ლა­ფერს, რი­სი გა­მო­ხატ­ვაც კი შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ენ­ა­ზე” – რა თქმა უნ­და, უნ­ი­ვერ­სუმს ერწყ­მის (იბ­ა­რა თვლის, რომ იგი ამ უნ­ი­ვერ­სუმ­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დი­ცაა) – ანუ მა­ნამ, სა­ნამ მკითხ­ვე­ლი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი, გა­დამ­წე­რი, კომ­პი­ლა­ტო­რი, “ავ­ტო­რი” გახ­დე­ბა, ად­ა­მი­ა­ნი და­წე­რილ ფურ­ცელს წარ­მო­ად­გენს. ბორ­ხე­სის ლექ­ცია ფან­ტას­ტი­კუ­რის შე­სა­ხებ ირ­ო­ნი­უ­ლი და ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლი კითხ­ვით სრულ­დე­ბა: “რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას ვე­კუთ­ვ­ნით ჩვენ – მე, ლექ­ტო­რი და თქვენ, ჩე­მი მსმე­ნე­ლე­ბი: რე­ა­ლის­ტურ რო­მანს თუ ფან­ტას­ტი­კას?” აქ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ უნ­ა­მუ­ნოს ჰი­პო­თე­ზა (იგი არ­სე­ბი­თად ცო­ტა რა­მით თუ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ბორ­ხე­სის ვერ­სი­ის­გან), რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დონ კი­ხო­ტი უბ­რა­ლოდ, ამ­ა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის ავ­ტო­რი იყო; “უეჭ­ვე­ლია, რომ სერ­ვან­ტეს­მა “დონ კი­ხოტ­ში” უკ­ეთ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა თა­ვი, ვიდ­რე ჩვენ მო­ვე­ლო­დით ამ­ას, მან აჯ­ო­ბა სა­კუ­თარ თავს. ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ არ­ა­ბი ის­ტო­რი­კო­სი სიდ აჰ­მედ ბენ-ინ­ჰა­ლი არაა წმინ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბა, არ­ა­მედ მის მიღ­მა ღრმა ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა და­ფა­რუ­ლი: ეს ამ­ბა­ვი სერ­ვან­ტესს ვი­ღაც სხვამ უკ­არ­ნა­ხა, სულ­მა, რო­მე­ლიც მი­სი სუ­ლის სიღ­რ­მე­ში იყო და­ფა­რუ­ლი. უზ­არ­მა­ზა­რი მან­ძი­ლია ჩვე­ნი კა­ბა­ლი­ე­როს ამ­ბავ­სა და სერ­ვან­ტე­სის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის და სწო­რედ ეს აშ­კა­რა და ბრწყინ­ვა­ლე სას­წა­უ­ლი წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თ­ვის არ­გუ­მენტს, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს ვი­წა­მოთ და ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს ამ­ბა­ვი რე­ა­ლუ­რია და იგი თა­ვად დონ კი­ხოტ­მა – სიდ აჰ­მედ ბენ-ინ­ჰა­ლის სა­ხელს ამ­ო­ფა­რე­ბულ­მა – უკ­არ­ნა­ხა სერ­ვან­ტესს”. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ის, ვინც ჩვენ ავ­ტო­რი გვგო­ნია, მხო­ლოდ მდი­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ან სა­ერ­თოდ, გა­მო­გო­ნილ პერ­სო­ნა­ჟად იქ­ცე­ვა: “ჩვენ ხში­რად რე­ა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი პი­რი გვგო­ნია ხოლ­მე მწე­რა­ლი – იმ­ი­ტომ, რომ ცოცხ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა იგი, პერ­სო­ნა­ჟებს კი, მი­სი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყოფს, მი­სი­ვე ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფად მი­ვიჩ­ნევთ; სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ რომ პი­რი­ქი­თაა – მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ჟე­ბი ცხოვ­რო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტი ცხოვ­რე­ბით და იყ­ე­ნე­ბენ მას, ვინც ჩვენ ცოცხ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, იყ­ე­ნე­ბენ იმ­ის­თ­ვის, რა­თა მკითხ­ვე­ლის თვალ­ში თა­ვი­ან­თი სა­ხე მო­ი­პო­ვონ”. უნ­ა­მუ­ნო­სა და ბორ­ხე­სის მი­თე­ბი სწო­რედ აქ უახ­ლოვ­დე­ბა ერთ­მა­ნეთს თა­ვი­ან­თი მკაც­რი, შე­საძ­ლოა უმ­კაც­რე­სი, “მო­რა­ლით”: თუ­კი სერ­ვან­ტესს სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვამთ, დონ კი­ხო­ტის არ­სე­ბო­ბაც უნ­და გვჯე­რო­დეს; მაგ­რამ თუ­კი დონ კი­ხო­ტი არ­სე­ბობს, მა­შინ უკ­ვე სერ­ვან­ტე­სი და ჩვენ – მი­სი მკითხ­ვე­ლე­ბი – ვიქ­ცე­ვით აჩრ­დი­ლე­ბად, ანუ გვრჩე­ბა არ­სე­ბო­ბის ერ­თა­დერ­თი ხერ­ხი – გა­ვუ­ჩი­ნარ­დეთ და თა­ვად ვიქ­ცეთ ლი­ტე­რა­ტუ­რად, რო­გორც “მო­რე­ლის გა­მო­გო­ნე­ბის” გმი­რი, რო­მე­ლიც ორ ხატს შო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი, თა­ვად იქ­ცე­ვა ხა­ტად, სა­ხედ და მი­დის ცხოვ­რე­ბი­დან, რა­თა გა­მო­ნა­გონ­ში და­ი­დოს ბი­ნა. ლი­ტე­რა­ტუ­რა, ეს გა­უ­მაძღა­რი მონ­ს­ტ­რი, სა­ნაც­ვ­ლოდ ყვე­ლა­ფერს მო­ითხოვს: “შე­საძ­ლოა, მსოფ­ლიო ის­ტო­რია – ესაა რამ­დე­ნი­მე მე­ტა­ფო­რის ის­ტო­რია”.

     

    ტლი­ო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ნის­ტურ სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი აუც­ი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, კრი­ტი­კა იძ­უ­ლე­ბუ­ლია უც­ნა­ურ ხერ­ხებს მი­მარ­თოს. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ავ­ტო­რე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, კრი­ტი­კას უწ­ევს მა­თი გა­მო­გო­ნე­ბა: “ირ­ჩე­ვენ ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ნა­წარ­მო­ებს – მა­გა­ლი­თად, “დაო დე ძინს” და “1001 ღა­მეს” – მი­ა­წე­რენ მათ ავ­ტო­რო­ბას ერთ ად­ა­მი­ანს და შემ­დეგ კი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გან­საზ­ღ­ვ­რა­ვენ ამ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო “homme de lettres” ფსი­ქო­ლო­გი­ას. ჩვე­ნამ­დე აქ პი­ერ მე­ნა­რის მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი, კითხ­ვის გა­წა­ფუ­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ძა­ხი­ლი აღ­წევს – “გან­ზ­რა­ხუ­ლი ან­აქ­რო­ნიზ­მი­სა და ცრუ ატ­რი­ბუ­ცი­ე­ბის ხერ­ხი. ამ ხერხს უს­ას­რუ­ლოდ იყ­ე­ნე­ბენ – იგი გვაც­დუ­ნებს, რა­თა “ოდ­ი­სეა” უფ­რო გვი­ან და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბად აღ­ვიქ­ვათ, ვიდ­რე “ენ­ე­ი­და”… ეს ხერ­ხი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­ავ­სებს ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბი­ან წიგ­ნებ­საც. ლუი ფერ­დი­ნანდ სე­ლინს, ან ჯე­იმს ჯო­ისს რომ “ქრის­ტეს ბაძ­ვის შე­სა­ხებ” მი­ვა­წე­როთ – ნუ­თუ უფ­რო არ გა­ა­ხა­ლი­სებ­და ეს იდეა ამ დახ­ვე­წილ სუ­ლი­ერ რჩე­ვებს?” ეს მე­თო­დი, რა თქმა უნ­და, რის­კ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­ნა სა­რის­კო არაა (და არც ისე დახ­ვე­წი­ლი) ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა, რო­ცა თით­ქ­მის ყო­ველ­დ­ღე, “ანდ­რო­მა­ქეს” ჟან რა­სინს მი­ვა­წერთ და “სვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით” კი პრუს­ტის ნა­წარ­მო­ე­ბად მი­ვიჩ­ნევთ ხოლ­მე? ან­და, რო­ცა ლა­ფონ­ტე­ნის “იგ­ა­ვებს” ფედ­რუს­ზე და ეზ­ო­პე­ზე უფ­რო გვი­ან­დელ ნი­მუ­შე­ბად გან­ვი­ხი­ლავთ? აუც­ი­ლე­ბე­ლია კი, სი­რა­ნო უელ­სი­სა და ჟი­ულ ვერ­ნის წი­ნა­მორ­ბე­დად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ; არ­ა­და, შე­უძ­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, პი­რი­ქით, ჟი­ულ ვერ­ნი და უელ­სი აღ­ვიქ­ვათ სი­რა­ნოს წი­ნაპ­რე­ბად. არ­სე­ბი­თად, ტლო­ნის­ტუ­რი კრი­ტი­კა სრუ­ლე­ბი­თაც არაა ჩვე­ნი პო­ზი­ტი­ვის­ტუ­რი კრი­ტი­კის სა­პი­რის­პი­რო, არ­ა­მედ იგი მხო­ლოდ ჰი­პერ­ბო­ლაა მი­სი.

     

    აი, უკ­ვე სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩვე­ნე­უ­ლი გა­გე­ბა – და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც – ერ­თი ცრურ­წ­მე­ნი­თაა დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლის სულ უფ­რო ზუს­ტი და თა­მა­მი გა­მო­ყე­ნე­ბა მუდ­მი­ვად ამ­დიდ­რებს, მაგ­რამ იმ­ავ­დ­რო­უ­ლად რყვნის, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი – აღ­ა­რი­ბებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას; ესაა პოს­ტუ­ლა­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნა­წა­რო­ე­ბი ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ავ­ტო­რის მი­ერ, ე.ი. მას გა­მო­ხა­ტავს. ამ სა­ხი­ფა­თო სიცხა­დემ არ­ამ­ხო­ლოდ შეც­ვა­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კის მე­თო­დე­ბი და ობ­ი­ექ­ტე­ბიც კი, არ­ა­მედ მან გავ­ლე­ნა იქ­ო­ნია ყვე­ლა­ზე დე­ლი­კა­ტურ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ოპ­ე­რა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც კი ხელს უწ­ყობს წიგ­ნის და­ბა­დე­ბას – კითხ­ვას. მონ­ტე­ნის დროს კითხ­ვა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი თუ არა, ძმუ­რი დი­ა­ლო­გი მა­ინც იყო; დღეს კითხ­ვა – გან­ს­წავ­ლუ­ლი შეჭ­რაა უც­ხო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფა­რულ კა­მე­რას გვა­გო­ნებს. არ­ა­და, რამ­დე­ნი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია იკ­არ­გე­ბა, რა­ღაც ამ­ოხ­ს­ნი­ლი (გაკ­ვე­თის შე­დე­გად) პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­თ­ვის! რო­ცა ბორ­ხე­სი გვთა­ვა­ზობს ვა­ლე­რის მა­გა­ლი­თით აღვ­ფ­რ­თო­ვან­დეთ, ად­ა­მი­ა­ნი­სა, ვინც დაძ­ლია ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი და ვინც უილ­ი­ამ ჰეზ­ლი­ტის მი­ერ შექ­ს­პი­რის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თოთ: “He is nothing in himself”. იგი აშ­კა­რად გვა­ი­ძუ­ლებს ხოტ­ბა შე­ვას­ხათ ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც არ­ა­ნა­ი­რი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მი­ერ არ იქ­ნე­ბა შექ­მ­ნი­ლი; ზუს­ტად ას­ე­ვე, ბორ­ხე­სი იხ­სე­ნებს ვა­ლე­რის­გან ძალ­ზე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მწერ­ლის, უიტ­მე­ნის ფი­გუ­რას, რო­მელ­მაც თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში – მი­სი წყა­ლო­ბით – ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლის­გან მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა შექ­მ­ნა, რო­მელ­საც არ­ა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო პირ­ველ­თან და გა­ოგ­ნე­ბა­ში მოჰ­ყავ­და ბი­ოგ­რა­ფე­ბი; იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას კე­ვე­დოს შე­სა­ხე­ბაც – ესაა ლი­ტე­რა­ტუ­რის სრულ­ყო­ფი­ლი ხა­ტი, რო­მელ­შიც ლი­ტე­რა­ტუ­რამ იმ­დე­ნად მიჩ­ქ­მა­ლა ად­ა­მი­ა­ნი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­დი­ვი­დი მა­ინც, რომ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩვენს წი­ნა­შე წარ­ს­დ­გე­ბა არა რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ქმნი­ლე­ბა, არ­ა­მედ რო­გორც რა­ღაც იდ­უ­მა­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­დე­გი. კე­ვე­დო “ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტია, არა იმ­დე­ნად ად­ა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის ვრცე­ლი და რთუ­ლი სივ­რ­ცე”. რად­გა­ნაც ბორ­ხე­სის­თ­ვის, ის­ე­ვე რო­გორც ვა­ლე­რის­თ­ვის, ავ­ტო­რი არ­ა­ნა­ი­რი უპ­ი­რა­ტე­სო­ბით არ სარ­გებ­ლობს ნა­წარ­მო­ებ­თან შე­და­რე­ბით, იგი და­ბა­დე­ბი­დან­ვე (შე­საძ­ლოა და­ბა­დე­ბამ­დეც) მხო­ლოდ სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან კავ­შირ­ში არ­სე­ბობს, პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც კითხ­ვის უს­აზ­ღ­ვ­რო სივ­რ­ცე­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. არც ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი არაა, იმ­ი­ტომ, რომ “ად­ა­მი­ა­ნის წარ­მო­სახ­ვას მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სი­უ­ჟე­ტე­ბი­სა და მე­ტა­ფო­რე­ბის შექ­მ­ნა ძა­ლუძს”, მა­თი რიცხ­ვი შეზ­ღუ­დუ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რია, რად­გან “ეს რამ­დე­ნი­მე გა­მო­გო­ნე­ბა, შე­საძ­ლოა ჩვენ ყვე­ლას გვე­კუთ­ვ­ნო­დეს, რო­გორც მო­ცი­ქუ­ლებს”. ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ცოცხ­ლობს, “ყო­ველ­თ­ვის ახ­ა­სი­ა­თებს უს­აზ­ღ­ვ­რო და პლას­ტი­კუ­რი მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა… იგი სარ­კეა, რო­მე­ლიც მკითხ­ვე­ლის ნაკ­ვ­თებს გვიჩ­ვე­ნებს” და მკითხ­ველ­თა ამგ­ვა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იქმ­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ობ­ი­ექ­ტის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. “ლი­ტე­რა­ტუ­რა თუნ­დაც იმ მი­ზე­ზის გა­მოა ამ­ო­უ­წუ­რა­ვი, რომ ამ­ო­უ­წუ­რა­ვია ერ­თა­დერ­თი წიგ­ნი. წიგ­ნი ხომ არაა ჩა­კე­ტი­ლი არ­სი, არ­ა­მედ ურ­თი­ერ­თო­ბა, უფ­რო ზუს­ტად კი, უს­ას­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ღერ­ძი”. ყო­ვე­ლი წიგ­ნი წა­კითხ­ვი­სას ახ­ლი­დან იბ­ა­დე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­აც ას­ე­ვე კითხ­ვის ხერ­ხე­ბი­სა თუ მი­ზეზ­თა ის­ტო­რიაა. “ესა თუ ის ლი­ტე­რა­ტუ­რა წი­ნა­მორ­ბე­დის­გან ტექ­ს­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით კი არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, არ­ა­მედ მა­თი წა­კითხ­ვის ხერ­ხე­ბით: რომ შე­მეძ­ლოს, ეს სტრი­ქო­ნე­ბი ის­ე­ვე აღ­ვიქ­ვა, რო­გორც ამ­ას ორი ათ­ას წელს აღ­იქ­ვა­მენ ად­ა­მი­ა­ნე­ბი, მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი, რო­გო­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში”.

     

    ამ­ი­ტო­მაც ის, რა­საც ჩვენ გა­მე­ო­რე­ბე­ბად აღ­ვიქ­ვამთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, არ­ამ­ხო­ლოდ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, არ­ა­მედ მშვიდ, გა­ნუწყ­ვე­ტელ მე­ტა­მორ­ფო­ზა­საც. რა­ტომ ჰგავს კაფ­კას ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დი კაფ­კას, მაგ­რამ ერთ­მა­ნეთ­თან კი მათ არ­ა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო? იმ­ი­ტომ, რომ მა­თი თან­ხ­ვედ­რის ერ­თა­დერ­თი წე­რი­ტი­ლი მო­მავ­ლის იმ ნა­წარ­მო­ებ­შია, რო­მე­ლიც რეტ­როს­პექ­ტუ­ლად მო­ა­წეს­რი­გებს და საზ­რისს მი­ა­ნი­ჭებს მათ შეხ­ვედ­რას: “ბრა­უ­ნინ­გის ლექ­სი “Fears and Scruples” წი­ნას­წარ გან­ჭ­ვ­რეტს კაფ­კას შე­მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ კაფ­კას წა­კითხ­ვის შემ­დეგ, ჩვენ უფ­რო ღრმად ჩავ­წ­ვ­დით ბრა­უ­ნინ­გის ლექ­სებ­საც. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ ყო­ვე­ლი მწე­რა­ლი თა­ვად ქმნის წი­ნა­მორ­ბე­დებს. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ძი­რე­უ­ლად ცვლის არ­ამ­ხო­ლოდ მო­მავ­ლის შე­სა­ხებ ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებს, არ­ა­მედ წარ­სუ­ლის”. ეს უკ­უღ­მარ­თი სვლა ამ­არ­თ­ლებს და სა­ფუძ­ვ­ლი­ანს ხდის ბორ­ხე­სის­თ­ვის ძვირ­ფას ყვე­ლა “ან­აქ­რო­ნიზმს”, რად­გა­ნაც, თუ­კი ბრა­უ­ნინ­გი­სა და კირ­კე­გო­რის შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ მო­მა­ვალ­ში, კაფ­კას შე­მოქ­მე­დე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ უკ­უღ­მა უნ­და გა­ვი­ა­როთ ის­ტო­რი­კო­სე­ბის დრო და გე­ოგ­რა­ფე­ბის სივ­რ­ცე: მი­ზე­ზი შე­დეგს მოს­დევს, “წყა­რო” კი ქვე­მო­წელ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რად­გა­ნაც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში წყა­რო – შერ­წყ­მაა. კითხ­ვის სა­პი­რის­პი­რო დრო­ის მი­ხედ­ვით სერ­ვან­ტე­სი და კაფ­კა თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი არ­ი­ან და კაფ­კამ არ­ა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქ­ო­ნია სერ­ვან­ტეს­ზე, ვიდ­რე სერ­ვან­ტეს­მა კაფ­კა­ზე.

     

    აი, ას­ე­თი სა­ო­ცა­რი უტ­ო­პიაა ლი­ტე­რა­ტუ­რა ბორ­ხე­სის მი­ხედ­ვით. ამ მით­ში უფ­რო მეტ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ვი­პო­ვით, ვიდ­რე ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი “მეც­ნი­ე­რე­ბის” ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რა პლას­ტი­კუ­რი ვე­ლია, გამ­რუ­დე­ბუ­ლი სივ­რ­ცე, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტ­ში ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ყვე­ლა­ზე პა­რა­დოქ­სუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბია შე­საძ­ლე­ბე­ლი (1). ჩვე­ნი აზ­რით, მი­სი არ­სე­ბო­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რი ნორ­მე­ბი – ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა, ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ავ­ტორ­სა და ნა­წარ­მო­ებს შო­რის, – საზ­რი­სის წვდო­მის მხო­ლოდ პი­რო­ბი­თი ხერ­ხე­ბია. ნა­წარ­მო­ე­ბის გე­ნე­ზი­სი ის­ტო­რი­ულ დრო­სა და ავ­ტო­რის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე შემ­თხ­ვე­ვი­თი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მო­მენ­ტია. ყვე­ლა დი­ა­დი წიგ­ნის შე­სა­ხებ იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რა­საც ბორ­ხე­სი უელ­სის რო­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: “…ის­ი­ნი, თე­ზევ­სის ან აჰ­ას­ფე­რის სა­ხე­ე­ბი­ვით, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო ხსოვ­ნა­ში უნ­და ჩა­ი­ბეჭ­დოს და იმ­ე­დი მაქვს, გამ­რავ­ლ­დე­ბი­ან, გა­ცი­ლე­ბით მეტ სა­ხელს მო­იხ­ვე­ჭენ, ვიდ­რე მა­თი ავ­ტო­რი, ან ენა, რო­მელ­ზეც ეს რო­მა­ნე­ბი და­ი­წე­რა”. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის დრო არაა წე­რის გარ­კ­ვე­უ­ლი დრო, არ­ა­მედ იგი კითხ­ვი­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რე­ლი დროა. წიგ­ნე­ბის საზ­რი­სი მო­მა­ვალ­შია და არა წარ­სულ­ში – იგი თა­ვად წიგ­ნებ­შია; წიგ­ნი არაა მზა საზ­რი­სი, გა­მოცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვი­ცა­დოთ, ესაა ფორ­მა­თა მა­რა­გი, რო­მე­ლიც საზ­რისს მო­ე­ლის, ესაა “გარ­დუ­ვა­ლო­ბა, გა­მოცხა­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ რე­ა­ლიზ­დე­ბა თა­ვის­თა­ვად”, არ­ა­მედ ყო­ვე­ლი­ვე თა­ვად უნ­და რე­ა­ლიზ­დეს თა­ვი­სი თა­ვის­თ­ვის. ასე იმ­ე­ო­რებს, ან თა­ვი­სე­ბუ­რად ახ­ლი­დან აღ­მო­ა­ჩენს ბორ­ხე­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ პო­ე­ზი­ას ყვე­ლა ქმნის და არა ერ­თი ად­ა­მი­ა­ნი. პი­ერ მე­ნა­რი – “დონ კი­ხო­ტის” ავ­ტო­რია იმ ერ­თა­დერ­თი, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზის გა­მო, რომ ას­ე­თი­ვეა ნე­ბის­მი­ე­რი მკითხ­ვე­ლი (ნე­ბის­მი­ე­რი ჭეშ­მა­რი­ტი მკითხ­ვე­ლი). ყვე­ლა ავ­ტო­რი ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რია, იმ­ი­ტომ, რომ ყვე­ლა წიგ­ნი ერ­თა­დერ­თი წიგ­ნია, სა­ი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ერ­თი წიგ­ნი წარ­მოგ­ვიდ­გენს ყვე­ლა წიგნს. ბა­ბი­ლო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა სრულ­ყო­ფი­ლია ab aeterno; მაგ­რამ ად­ა­მი­ა­ნი, რო­გორც ბორ­ხე­სი ამ­ბობს – არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რია; ზოგ­ჯერ, რო­ცა სა­ჭი­რო წიგნს ვერ პო­უ­ლობს, იგი თა­ვად წერს იმ­ა­ვე, ან თით­ქ­მის იმ­ა­ვე წიგნს. ლი­ტე­რა­ტუ­რა სწო­რედ ეს მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი და უს­ას­რუ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა.

     

     

     

    1) “ზედ­რო­ი­თი მყო­ფო­ბა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ნიშ­ნავს, რომ წარ­სუ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რას ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლია აწმ­ყოს ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან იტ­ნერ­ფე­რი­რე­ბა – ჰო­მე­როსს ვერ­გი­ლი­უს­თან, ვერ­გი­ლი­უსს დან­ტეს­თან, პლუ­ტარ­ქე­სა და სე­ნე­კას შექ­ს­პირ­თან, შექ­ს­პირს გო­ე­თეს “მეც ფონ ბერ­ლი­ჰინ­გე­თან”, ევ­რი­პი­დეს რა­სი­ნი­სა ლა გო­ე­თეს “იფ­ი­გე­ნი­ას­თან”. ჩვე­ნი დრო­ის მა­გა­ლითს რომ მივ­მარ­თოთ, “ათ­ას ერ­თი ღა­მე” და კალ­დე­რო­ნი ჰოფ­მან­ს­ტალს და­უ­კავ­შირ­დე­ბა, “ოდ­ი­სეა” – ჯო­ისს, ეს­ქი­ლეს, პეტ­რო­ნი­უსს, დან­ტეს, ტრის­ტან კორ­ბი­ერს, ეს­პა­ნუ­რი მის­ტი­კა – ტ.ს.ელ­ი­ოტს. ამ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს შე­საძ­ლო მი­მარ­თე­ბა­თა ამ­ო­უ­წუ­რა­ვი სიმ­დიდ­რე” (Curtius, La litterature europeenne et le moyen-age latin, p.17).

     

     

     

    თარ­­­ნა

     

    მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ამ

     

     

     

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

     

     

     

  • ესე,  ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

    ტრუმენ კაპოტე – საუზმე ტიფანისთან

    უილიამ გოიენი
    სიყვარულის ნაცადი მომღერალი
    ტრუმენ კაპოტე. “საუზმე ტიფანისთან”

    რომანი და სამი მოთხრობა

    ეს კრებული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტრუმენ კაპოტეს შემოქმედებაში სიყვარულის თემას წამყვანი როლი განეკუთვნება. წიგნში გაერთიანებულია მოკლე რომანი და სამი მოთხრობა, რომლებიც აღბეჭდილია მწერლის განუმეორებელი მანერით. “საუზმე ტიფანისთან” სასიყვარულო რომანია. მთხრობელი იგონებს 60-იანი წლების ნიუ-იორკსა და თავის ნაცნობობას ჰოლი გოლაითლისთან – “მართლაც რომ შერეკილ” ქალიშვილთან. ის ნიუ-იორკში ჩამოვიდა ტეხასის ერთი მიყრუებული სოფლიდან, ტულიპიდან, და მაშინვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა. მათ შორის ყველაზე სერიოზული ისაა, რომ ჰოლიმ მიზნად დაისახა, “ესაუზმა ტიფანისთან” და ქცეულიყო რესტორან “ელ მაროკოს” მუდმივ კლიენტად.
    ჰოლი ველური გოგონაა, რომელიც თავის ადგილს ეძებს ცხოვრებაში. მისივე პოეტური განმარტებით, “არასოდეს არ უნდა შეიყვაროთ ველური არსება. რაც უფრო მეტად გეყვარებათ, მით უფრო გაძლიერდება ის. ხოლო როდესაც ძალას მოიკრებს, ტყეს შეაფარებს თავს. ან ხეზე აფრინდება. შემდეგ – უფრო მაღალ ხეზე. ბოლოს კი – ცაში”.
    ჰოლი გოლაითლი ცისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ – ტიფანისკენ. მას სურს, იპოვოს “ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობს, როგორც ტიფანისთან; მაშინ ავეჯს იყიდის და თავის კატას სახელს დაარქმევს”. ამასთან, როდესაც ჰოლის პროვინციალი ქმარი ნიუ-იორკში ჩამოდის და მთხრობელს განუმარტავს ქალის ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, მთავარი პერსონაჟის სახე დამაჯერებლობას ჰკარგავს.
    ინტრიგა, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლი და მავანი სალი ტომატო (ნარკოტიკებით მოვაჭრე ბნელი პიროვნება, სინგ-სინგის პატიმარი), აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად აქარწყლებს ჰოლის სახის შთამბეჭდაობას. კაპოტე მკითხველს თავს ახვევს არაბუნებრივ, მელოდრამატულ ამბავს, რომელშიც ფიგურირებენ ბოროტმოქმედები, გაკრეჭილი ნახუცრები, მიტოვებული ძმები და ა.შ., და მოითხოვს ჩვენგან, დავიჯეროთ ჰოლის მამოძრავებელი მოტივების სერიოზულობა, მაგრამ მწერალი მიზანს ვერ აღწევს.
    კაპოტეს მიერ ვოდევილური ხერხების გამოყენება ძირს უთხრის გმირის თავდაპირველ, მეტად საინტერესო კონცეფციას და, შესაბამისად, აუფერულებს მას. საერთოდ, ოთხსავე ნაწარმოებში შეიმჩნევა სიტუაციების შელამაზებისა და გმირებით “თამაშის” ტენდენცია, რაც თავს იჩენს არა იმდენად სტილურ, რამდენადაც – კონცეპტუალურ დონეზე. საბოლოო ანგარიშში, ეს ხარვეზი აღიქმება, როგორც ეფექტურობის მისაღწევად გამიზნული ხერხი, და არა როგორც ლიტერატურული ოსტატობის გამოვლინება. შეიძლება, ის წარმოსახვის უმართაობის შედეგადაც მივიჩნიოთ.
    “ბრილიანტის გიტარა” და “ყვავილების სახლი” ისევე წარმტაცი ქმნილებებია, როგორც ჰაერში აფრიალებული ჭრელი ლენტები. თუმცა, მათში მახვილგონიერება ხშირად აძევებს სიმართლეს, ისევე, როგორც პერსონაჟთა სახელები ენაცვლება დახასიათების სიღრმეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორი თავდაპირველად იგონებს სახელებს: მეგ უაილდვუდი, მისტერ ჰაჰა ჯონსი, ხოზე იბარა – ეგარი, ტიკო ფუ, შემდეგ კი მათ უსადაგებს გმირთა ხასიათებს.
    ოსტატურად დაწერილი მოთხრობა “ყვავილების სახლი” მშვენიერ ზღაპარს წააგავს, თუმცა ის გვიამბობს რამდენიმე მეძავის ცხოვრების შესახებ პორტ-ო-პრენსში. “ბრილიანტის გიტარაში” გადმოცემულია ამბავი ახალგაზრდა კატორღელისა, რომელიც პატიმრებს აჯადოებს თავისი მშვენიერი გიტარით და ამაოდ აქეზებს მოხუც ტუსაღს, მასთან ერთად გაიქცეს ციხიდან.
    “საშობაო მოგონებაში” მწერალი მოგვითხრობს მოხუცი, “სამოცდარაღაცა” წლის ქალბატონისა და პატარა ბიჭუნას მეგობრობის შესახებ. ეს ნაწარმოები ნაკლებად დახვეწილი, ნაკლებად გამართულია, ვიდრე – ორი დანარჩენი. სამაგიეროდ, მასში ვლინდება გაცილებით მეტი ფანტაზია, მეტი სილაღე. ამასთან, ბუკოლიკური განწყობილება, სამხრეთული ტყეებისა და იალაღების სურათები თითქოს ნახევარტონებშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მოთხრობა, მისი სენტიმენტალური ჩანაფიქრის მიუხედავად, უჩვეულო სისასტიკით გამოირჩევა.
    ყველა ამ ქმნილებაში თავს იჩენს კაპოტეს მიერ ადამიანის სიღრმისეული, ფარული არსის წვდომის უნარი. ყურადღებას იპყრობს მწერლის ინტონაცია – ის თითქოს წყვდიადში მონოლოგს წარმოთქვამს თავისი აუდიტორიის (მკითხველების) წინაშე. აშკარად შესამჩნევია ნაძალადევი მხიარულება შემოქმედისა, რომელიც მართავს თავის პერსონაჟებს – მარიონეტებს. ავტორი გარკვეულ ხანს იმყოფება ამ ნატიფ სამყაროში თავის გმირებთან ერთად, შემდეგ კი გამოეყოფა მას და მიმართავს თხრობის სადა მანერას, ან სენტიმენტალურ კილოს, მისტიფიკაციას ან გამაოგნებელ სიუჟეტურ სვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, კაპოტეს ნაწარმოებები უნიკალური ტექსტების ნიმუშებად წარმოგვიდგება.

    The New York Times Book Review, 1958, 2 ნოემბერი

    © “წიგნები – 24 საათი”