• რეცენზია

    სოფიო კირვალიძე – ბერიკაობა

    სანდრო ჩხაიძე

    На деревню дедушке, Константину Макарычу

    სოფიო კირვალიძე, “ბერიკაობა”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003.

    პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა? არა, ნუ ვიჩქარებთ… მოდით, უფრო პროზაულ საგნებს მივაქციოთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ საქმე პროზასთან გვაქვს, თუმცა კი ბევრმა შეიძლება არ დაიჯეროს. მაშ ასე, საქართველოში უქმი ფსევდონიმების კორიანტელია: ყველამ იცის, რომ აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანია, ახლა იმასაც გეტყვით, რომ სანდრო ჩხაიძე კი არა, ნოდარ ლადარია ვარ. სარდაფში გამართულ ახალი წიგნის პრეზენტაციაზეც არავინ მოსულა ისეთი, რომელმაც წინასწარ არ იცოდა, რომ სოფიო კირვალიძე სინამდვილეში “24 საათის” მკითხველთათვის საკმაოდ ცნობილი ანა კორძაია-სამადაშვილია.
    …რომელიღაც მოთხრობაში ვლადიმირ ნაბოკოვი გამოგონილ მწერალს დაახლოებით ასე მიმართავს: რა თქმა უნდა, ქალი ბრძანდებით, მე ამას უცებ ვგრძნობ — ყველა თქვენს წინადადებას მარცხენა მხრიდან აკერია ღილები. მიხვდებოდა თუ არა ნაბოკოვი ტყუილს, ანა კორძაია-სამადაშვილს ფსევდონიმად რომ მამაკაცის სახელი აერჩია? ნაბოკოვისა რა გითხრათ, მე კი დავიბნეოდი. იმიტომ არა, რომ მოთხრობების ტექსტში ხშირად გვხვდება ის, რასაც განათლებული ადამიანები არანორმატიულ ლექსიკას უწოდებენ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები — უცენზურო სიტყვებს, ხოლო ეკლესიური მორწმუნენი — უხამსობას. არც იმიტომ, რომ კრებულში მოთავსებული მოთხრობები ნიჭის ყბადაღებული მამაკაცური სიძლიერითაა აღბეჭდილი. უბრალოდ, სოფიო კირვალიძესთან ერთად ქართულ ლიტერატურაში ერთი უჩვეულო სიახლე შემოვიდა…
    ოდესღაც რომის უნივერსიტეტის, “ლა საპიენცას” ერთი სტუდენტისათვის დავწერე სადიპლომო შრომა “ლიუდმილა პეტრუშევსკაია — რუსეთის ქალური პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელი”. სათაური აშკარად პოლიტკორექტულობამ (კინაღამ პროლეტკულტელობა დავწერე, მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა!) უკარნახა იმ სტუდენტის ნომინალურ ხელმძღვანელს. ჩვენი ავტორის მისამართითაც გაისმა რამდენიმე მსუბუქი ღრენა — ფემინისტიაო. არ ვიცი, რამდენად სამართლიანია ეს თვალსაზრისი, მაგრამ სიახლე, რომლის შესახებაც წინა აბზაცის ბოლოს გაუწყეთ, შემდეგია: სოფიო კირვალიძის მოთხრობებით ქართულ ლიტერატურაში ქალური კი არა, უფრო unisex ლიტერატურა შემოვიდა. მის წინადადებებს ღილები არც მარცხნივ აკერია და არც მარჯვნივ — მისი წინადადებები ელვა-შესაკრავებითაა აღჭურვილი.
    მაინც რატომ უღრენდნენ ავტორს, ფემინისტიაო? ჩემი აზრით, ავტორი მხოლოდ სწორუპოვარი მთხრობელია, რომელსაც სიტყვები საგნებზე მეტად უყვარს. საგნები საერთოდ მხოლოდ ავტორის ნებას ემორჩილებიან, სინამდვილე, თუნდაც მტრული, მხოლოდ მაშინ მოჩანს სიტყვათა საფარველიდან, როცა ამას ავტორის გრძნობები და ახირებები მოითხოვს. აი, ამუშავდა ყველასათვის ცნობილი ახირება, რომელიც ქვეყნად ყველაზე დაჩაგრულ ადამიანად გახდომას გვიბრძანებს ხოლმე და მთხრობელის ცხვირწინ გაჩნდება მაღაზია, სადაც მთხრობელი ყელამდე ვალებშია ჩაფლული. მთხრობელს ვიღაც არ ევასება? — იმწამსვე იმ ვიღაცის ხელში აღმოჩნდება პურის საჭრელი დანა, რომლითაც ის ვიღაცა ფრჩხილებს იწმენდს. საგნები უხმოდ ჩნდებიან და უკვალოდ ქრებიან ავტორის და მასთან ერთად ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩვენი მკაცრი შემფასებლების გაღიზიანება კი ნამდვილად იმან გამოიწვია, რომ ამ საგნებივით ჩნდებიან და ქრებიან ავტორის ნებას დამორჩილებული მამაკაცებიც. ეს არ უნდა გაებედა სოფიო კირვალიძეს!
    მაინც ვის მიმართავს, სოფიო კირვალიძის უწყება?
    ჩვენი ემპირიული ავტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი პირველი სპეციალობით რუსისტია (არ აგვერიოს რუსოფილში). ახლა მას უფრო გერმანისტი ეთქმის. პროფესიით ალბათ ჟურნალისტია. სამივე ამ ასპექტმა თავისი შესაფერი გამოხატულება პოვა მის პროზაში. და მაინც, სოფიო კირვალიძე სულ სხვაა. არის ერთი რამ, რაც მას ასხვავებს ანა კორძაია-სამადაშვილისაგან — ამ მუდამ სიხარულითა და თუ აუტანელი არა, წარმოუდგენელი სიმსუბუქით აღსავსე არსებისაგან. სოფიო კირვალიძე ისეა ჩამწყვდეული ჩვენს ბერიკაობა-სინამდვილეში, როგორც ჩეხოვის ვანკა — ხარაზის სახელოსნოში. იგი ამ სინამდვილიდან თავის ამოყოფას ლამობს, იმ ცხოვრებისაკენ ისწრაფვის, სადაც ჩვენი ბერიკაობა იმათი კარნავალის სიმაღლემდეა ასული და გაკეთილშობილებული.
    ამიტომ სოფიო კირვალიძე განწირულია: ის ვერასოდეს იპოვის გამოძახილს, როგორც ჩეხოვის ვანკას წერილი — ბაბუას. მისი ტექსტი უხილავის დამნახავისთვისაა განკუთვნილი. სოფიო კირვალიძე მოკვდა. დაიბადა ანა კორძაია-სამადაშვილი. აი, ამის თქმა შეგვიძლია.
    ჩვენ? — ჩვენ კი ადამიანური განცდების მიმართ მუდმივი სიყრუვე გველოდება, თუ კვლავ ბერიკაობის თამაშს გადავყვებით და ვერ მივხვდებით, რომ დრო დადგა კარნავალის ცეცხლოვან სამყაროში შებიჯებისა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    აკა მორჩილაძე – ძირს სიმინდის რესპუბლიკა!

    ნოდარ ლადარია

    ლონდონის გერები
    აკა მორჩილაძე, “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბილისი, 2003.


    ძალიან ძნელია სხვადასხვანაირად წერო ავტორზე, რომელიც ყოველთვის ერთნაირად წერს. ეს პირველი წინადადება, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდი გამოვიდა. მაგრამ შემდეგ კიდევ უარესი იქნება…
    ბოროტი ენები ამბობენ, რომ ეს ერთნაირობა აკა მორჩილაძეს კარგა ათი წელი კიდევ აჭმევს პურს. ჰოი, ძმანო, პურის ჭამაა და პურის ჭამა! მე რაც შემეხება, არა მგონია, ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ტექსტი იყოს — ის ტექსტი და მის გარშემო მომხდარ მოვლენათა ერთობლიობაა. ეს მოვლენები ყოველთვის სხვადასხვანაირია, შემთხვევით და გამიზნულად ნაწარმოებ აზრთა და მოქმედებათა მრავალფეროვნება თითქმის ამოუწურავია, ამიტომაც, სანამ არ შეწყდა და არ დაიშრიტა ტექსტის გარშემო აგორებული რეალობის ტალღა, მანამ ვერავისზე ვიტყვით, რომ ყოველთვის ერთნაირად წერს…
    ეს ჩემი ნაწერიც უკვე აკა მორჩილაძის ახალი რომანის ნაწილს თუ არა, ჩვენს მკითხველთა საზოგადოებაში მისი ცხოველქმედების პროდუქტს წარმოადგენს. “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!” — ასე ჰქვია წიგნს. სათაური მომწონსო, — წამოიძახა ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე რატი ამაღლობელმა. იქ ჩვენი ახალი თაობის ლიტერატორები იყვნენ შეკრებილნი და წიგნი არავის ჰქონდა წაკითხული, იქ ქვემორე ხელისმომწერიც სამგზის გამოვიდა სიტყვით, მაგრამ წიგნი არც მას ჰქონდა წაკითხული. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ დავასრულე რომანის კითხვა, მაგრამ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვსულვარ და ამიტომ რომანიდან კი არ დავიწყებ, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, მის გარშემო აგორებული რეალობის ტალღიდან.
    როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი გამოსცა და ავტორიც ახალდამკვიდრებული ტრადიციის შესასრულებლად “პარნასში” გაყიდულ ეგზემპლარებზე ავტოგრაფებს უტოვებდა თავის მკითხველებს, ტელევიზიით გამოგვიცხადეს, რომ წიგნი ლონდონში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილებზე იყო. წიგნი მათ გრძნობებსა და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაზეაო, — გვითხრეს, — ძნელიაო უცხო მხარეში გაძლება, აკი რომანშიც წერია, ლონდონი საშლელია და თუ თავს იზოგავ, თუ ათი წუთით მეტი გძინავს, წაგშლისო. ეჰ, ჩვენები ტელევიზიითაც იმას წუწუნებენ, რომ შრომა ეზარებათ… დიახ, წიგნი ლტოლვილებზეა, უფრო სწორად კი ლონდონის ქართველ იმიგრანტებზე. ოღონდ ნამდვილი, ესე იგი, ხორციელი სინამდვილიდან აღებული ქართველი სულ ორია — კარგად მოწყობილი დათო ოჯახითურთ და პლეხანოველი ჯამბულა. სიძნელეებიცა და გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: არც მთლად ადვილია ცუდად მოწყობილმა კარგად მოწყობილი მოძებნოს და შემოსავლის, სამომავლო გეგმების, თვით ცხოვრების წილში ჩაუჯდეს, წურბელასავით გამოსწოვოს ფული, ძალები, სიცოცხლე. გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: შავი რომ კარზე მოგადგება, ოჯახში შემოგეპარება, უბრალოდ შენს მისამართს გაიგებს და იმის ფიქრში მოკვდები, რომ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დატოვებული მშობლები სინამდვილეში მძევლებია, რომ გამოსავალი მხოლოდ ორია — ან მიწა უნდა გაგისკდეს, ან შენ თვითონ უნდა გასკდე, მაგრამ მოიგონო, ვინა გყავს ქურდი ნათესავი, მეგობარი ან ნათლია. ეს ნამდვილია რომანში — ჩვენი გარდაუვალი წყევლა თუ შეჩვენება, რომელსაც ასე სხარტად გამოთქვამს ჯამბულა: “სადაც მე ვარ იქ ყველგან პლეხანოვია”. მორჩა და გათავდა, ვერ დაუძვრები და შენს ცხოვრებაში ერთადერთი თავგადასვლის არჩევანი გაქვს: თვისტომთა წინაშე როგორ გაამართლო უდიდესი დანაშაული — შრომით მოპოვებული სიფრიფანა კეთილდღეობა.
    მაგრამ თავგადასავლები მაინც ხდება რომანში. ეს კიდევ ორი ქართველის დამსახურებაა, მაგრამ ისინი ნამდვილები არ არიან. ერთი, მალხაზ მ., რომელიღაც ზღაპრიდანაა მოსული (აბა, რამდენს გინახავთ ოციოდე წლის ოსტატი მჭედელი სოფელში, სადაც გალოთებული კაცებისა და ხალათმოსხმული უშნო ქალების გარდა არაფერი დარჩა დღეს?). მეორე, უსახელო, რომელიც თავის თავს მაკგარლიკს ეძახის (ალბათ ნიორაძე უნდა იყოს), სტივენსონის “განძის კუნძულიდან” გადმოსახლდა ახალ ქართულ რომანში. ერთ მშვენიერ დღეს მასთან ბილი ბონსისა და ჯონათან სილვერის ჰიბრიდი მოდის, რომელსაც კონან დოილის ერთი შურისმაძიებლის გენებიც გამოჰყოლია, აი, იმისი, აორტის გაგანიერებით რომ მოკვდა ციხეში. მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს თავგადასავალი და შესრულდეს ცხოვრება.
    ნამდვილი და გამოგონილი ქართველების ორომტრიალს ზემოდან ორი ღმერთი აკვირდება — არცთუ მთლად წარმატებული ინგლისელი გამომცემლების წყვილი. ისინი მითიური მოირების თუ ნორნების მსგავსად თავიანთ ნებაზე ჭრიან პერსონაჟთა ცხოვრების ძაფებს და ჩვენს რომანში სიკვდილის შეგრძნება შემოდის. ყოველი ცალკეული ეპიზოდი სწორედ მაშინ წყდება, როცა უკვე შეეჩვიე მის სტილსა და ატმოსფეროს, როცა უკვე შეეთვისე მასში მოქმედ ადამიანებს. მაგრამ მაკრატლის ერთი მოსმა და განშორების წამი დაუკითხავად მოდის, მომავალი შეხვედრა კი სათუოა. ასე რომ, ცხოვრების წარმავალობაზე არაფერს გეუბნება ეს წიგნი, უბრალოდ, კითხვის პროცესში ჩნდება დაუძლეველი შეგრძნება იმისა, რომ უნდა იჩქარო, რადგან თავგადასავლისა და გამარჯვების შესაძლებლობა შენს სიცოცხლეს ასევე დაუკითხავად და მოულოდნელად დატოვებს.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • კრიტიკა,  რეცენზია

    ორიგინალური ჟანრი

    ლევან ბრეგაძე
    ორიგინალური ჟანრი
    იმერი ხრეველი, “უკუთქმანი” (პალინდრომული პოეზია). პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2002.

    ლიტერატურასაც აქვს თავისი ორიგინალური ჟანრები (შეგახსენებთ: “ორიგინალურ ჟანრს” საესტრადო ხელოვნებაში ილუზიონისტურ ნომრებს უწოდებენ). ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური ლიტერატურული ჟანრი გახლავთ პალინდრომი – ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. მოსკოვური “მოკლე ლიტერატურულ ენციკლოპედია” გვაუწყებს: “პალინდრომის მხატვრული ხარისხი დამოკიდებულია ენის სტრუქტურულ მონაცემებზე: რუსულ და სხვა ინდოევროპულ ენებზე პალინდრომი ჩვეულებრივ ხელოვნურად და ბუნდოვნად ჟღერს; მაგრამ, მაგალითად, ჩინურ ენაზე პალინდრომის ფორმით დაწერილია მრავალი მაღალმხატვრული ლექსი” (ტ. 5, სვეტი 655-656).
    ცოტაოდენი ხელოვნურობა და ბუნდოვანება პალინდრომს, ცხადია, მიეტევება, მაგრამ რუსულ ენაზეც იქმნებოდა და იქმნება უაღრესად ბუნებრივი და სავსებით აზრიანი პალინდრომები, როგორიცაა, მაგალითად, მ. ბულგაკოვის “Аргентина манит негра” – არგენტინა იზიდავს ზანგს, რადგან… არგენტინაში არ იყო რასიზმი!
    რაც შეეხება ლექსს, სარეცენზიო კრებულს წამძღვარებულ ავტორისავე მიმოხილვაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული წარმომავლობის რუსი ავტორის, დიმიტრი ავალიანის, ჩინებულ ლექს-პალინდრომს, რომელიც მოსკოვურ ჟურნალ “მატადორში” გამოქვეყნებულა 1996 წელს.
    ამ ჟანრის ბუმი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდზე მოდის, როცა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” სატირისა და იუმორის კლუბმა, რომელსაც “ილიკო და ილარიონი” ერქვა და ზურაბ ასკანელი თავკაცობდა, პალინდრომების კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო პალინდრომები საკონკურსოდ ვახტანგ ჯავახაძემ და სარეცენზიო წიგნის ავტორმა წარმოადგინეს.
    ტარიელ ჭანტურიამ შეამჩნია, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას ჰქონდა შანსი ორ პალინდრომულ წელს მოსწრებოდნენ – 1991-სა და 2002-ს, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. (ტ. ჭანტურიას ეს ოპუსი – “ჩემი პალინდრომი” – მთლიანად მოჰყავს სარეცენზიო წიგნის ავტორს თავის მიმოხილვაში). და აი, იმერი ხრეველმა ორივე ამ პალინდრომულ წელს მოახერხა თავისი პალინდრომების კრებულის გამოცემა – პირველს პალინდრომული სათაური “ორდარა დრო” ერქვა, წლევანდელი ახალი პალინდრომების კრებულისთვის კი “უკუთქმანი” დაურქმევია (ასე გადმოუქართულებია ბერძნული “პალინდრომი”, რუსულად რომ “перевертень”-ს ეძახიან).
    კრებული იხსნება მაია გოგიშვილის შესავალი წერილით “უჩვეულო წიგნი”, ამას მოსდევს ავტორის წინასიტყვაობა (ზემოთ ნახსენები მიმოხილვა) და ასეთი განყოფილებები: “ათანაბანათა”, “უკუტანკა”, “უკუხოკუ”, “მაგიური კვადრატი”.
    “აისია თუ ქარი რამ, – არი, რა… ქუთაისია!” – ამ მშვენიერ პალინდრომს, რომელიც გალაკტიონის ცნობილი ლექსის მოტივებზეა შექმნილი, სათაურად უზის “არი, რა!..” – ესეც და ამ კრებულში შესული ყველა სხვა ლექსის სათაურიც პალინდრომია: “რახან ადექი – იქედანა ხარ…”, “ნათლიმამა… მილთან!”, “სვა!.. მოზომავს?”, “ამ შურმა, მრუშმა…”, “იადონთა სათნო დაი”, “უი! კეისარო… აჰა, ორასი ეკიუ”, “ენა-გესლა ქალს ეგანე!”, “იცინე, შაბაშ! აბა, შენ იცი…”. ამ სათაურის ქვეშ ასეთი მაზალო დიალოგია:

    – თიბეთ რამე!
    – შენ იცი, ვთიბე!
    – მთიბავი, მერე?!
    – მივაბი თმებით –
    ვიცინე შემართებით!..

    ლიტერატურულის გარდა მუსიკალური პალინდრომებიც არსებობს. თომას მანის “დოქტორ ფაუსტუსში” ვკითხულობთ: “როდესაც პოლიფონიური სტილის ნიდერლანდელი ოსტატები თავიანთ თავსატეხ ქმნილებებში გადაჯვარედინებულ ხმათათვის კონტრაპუნქტულ მიმართულებას ისე აგებდნენ, რომ ერთი ხმა ზუსტად იმეორებდა მეორეს, თუ მას ბოლოდან დასაწყისისაკენ წავიკითხავდით, ამას გრძნობად ბგერასთან ბევრი არა ესაქმებოდა რა. სანაძლეოს ვდებ, რომ ამ ხუმრობის სმენით აღქმას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა და იგი უფრო მუსიკის ამქართა თვალისათვის იყო ჩაფიქრებული” (კარლო ჯორჯანელის თარგმანი).
    ლიტერატურული პალინდრომიც პირველ რიგში, ცხადია, ხუმრობაა, ოღონდ ჩვეულებრივი ხუმრობებისაგან იმით განსხვავდება, რომ სასწაულსა ჰგავს: მრავალი სიტყვისაგან შედგენილი ისეთი აზრიანი ტექსტის არსებობა, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ძნელი დასაჯერებელია:

    აცოც-ახოხა, ახოხ-აცოცა
    ამ ავ-ცოცვამა, ამ ავ-ხოხვამა
    ასი ბოგანო – მონა გობისა!
    ამ ავ-ხოხვამა, ამ ავ-ცოცვამა
    აცოც-ახოხა… ახოხ-აცოცა…

    აი ყველაზე გავრცელებული ქართული მისამღერი სიტყვებისაგან შედგენილი მშვენიერი პალინდრომული მისამღერი:

    ეჰე – ჰეი,
    ეჰე – ჰე!
    ასა, რერო, რერასა!
    ასა, რერო ორერასა,
    ასა, რერო, რერასა!..
    ეჰე – ჰეი!
    ეჰე – ჰე!

    ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფერილობის მქონე პალინდრომიც ვნახოთ:

    …ანუ ყალბი კავშირი შვა!
    – კავშირი შვა?!
    – კი, ბლაყუნა!..

    კოლორიტული სიტყვა “ბლაყუნი” ლექსიკონში ასეა განმარტებული: “უშნოდ და უთავბოლოდ სიარული”, ხოლო “ბლაყუნა” ის იქნება, ვინც უშნოდ და უთავბოლოდ დაიარება, ასეთი კი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიძლება იყოს.
    ძველად (ძველ საბერძნეთში, ძველ რომში) პალინდრომს მაგიურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. მაგიურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის დიდი ეფექტი, რასაც წაღმა-უკუღმა საკითხავი ტექსტი ახდენს, მოულოდნელობის თუ დაუჯერებლობის ფაქტორის გარდა კიდევ რაღაცით უნდა საზრდოობდეს, ეს უცნაური მოვლენა თითქოს რაღაცას უნდა მიგვანიშნებდეს, რაღაცის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რისას?
    მოდით, ცოტა წავიფილოსოფოსოთ.
    როგორც ცნობილია, ანტინომიები – ზემოთ და ქვემოთ, წაღმა და უკუღმა, წინ და უკან ერთმანეთთან მიმართებაში ფარდობითნი არიან, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ემპირიული ხედვისა და აზროვნებისათვის (სახარების ფრაზაც “ესრეთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა” ამას მიგვანიშნებს). ამ ღრმად დაფარული ფარდობითობის სიმბოლურ გამოხატულებად წარმოგვიდგება პალინდრომი. ხოლო სიმბოლო მაშინაც ახდენს იდუმალ ზემოქმედებას ცნობიერებაზე, როცა მისი სიმბოლოობა გაცნობიერებული არ გვაქვს.
    და კიდევ ერთი რამის სიმბოლოდ გამოდგება პალინდრომი – ერთი კეთილშობილური იდეის სიმბოლურ გამოხატულებად. მოგეხსენებათ, ნახევარი მსოფლიო მარცხნიდან მარჯვნივ წერს და კითხულობს (დასავლეთი), ხოლო ნახევარი პირიქით – მარჯვნიდან მარცხნივ (აღმოსავლეთი). პალინდრომი კი თითქოს ყველასთვის იწერება – გინდ მარცხნიდან მარჯვნივ წაგიკითხავს, გინდ მარჯვნიდან მარცხნივ, მაინც ერთსა და იმავეს ამოიკითხავ. ამრიგად, პალინდრომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთობის (თუ ერთიანობის), ურთიერთანგარიშგაწევის, ურთიერთპატივისცემის იდეის (ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეის) სიმბოლური გამოხატულებაც არის.
    ზემოთ მუსიკალური პალინდრომი ვახსენეთ. ახლა სარეცენზიო წიგნის გარეკანს დააკვირდით: ზედ მორის ეშერის გრავიურა “ცა და წყალია” გამოსახული და, ცხადია, არცთუ შემთხვევით – ეს ერთგვარი ნახატი-პალინდრომია; ისიც ორმხრივ “იკითხება”: ქვემოდან ზემოთ “წაკითხვისას” თეთრი თევზები წარმოშობენ შავ მტრედებს, ზემოდან ქვემოთ “წაკითხვისას” კი შავი მტრედებისაგან თეთრი თევზები იბადებიან; დაკვირვებულ თვალს მტრედების აღმოჩენაც ისევე შეუძლია წყალში, როგორც თევზებისა – ჰაერში.
    როგორც ჩანს, ხელოვნების ყოველ დარგს მოეპოვება ორიგინალური ჟანრები.

    © “წიგნები – 24 საათი”