• რეცენზია

    გაგა ლომიძე – აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი


    Lost in Translation

    იმპერიების ნანგრევებზე ყოველთვის ახალი ლიტერატურა აღმოცენდება ხოლმე. და მხოლოდ ასეთი სიახლის გამო შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, სოციალურ კატაკლიზმებსა და ადამიანების გაუბედურებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის თან სდევს იმპერიების დაისს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნგრევამ კაფკა და მუზილი გვაჩუქა, ბრიტანეთის იმპერიის დაშლას კი ასპარეზზე რუშდისა და «ბუკერის» პრემიის ლაურეატი მწერლების მთელი კოჰორტის გამოსვლა მოჰყვა. საბჭოთა იმპერიის დემონტაჟიც, ახლო მომავალში, იმედია, თავის შედეგს გამოიღებს: უკრაინული ლიტერატურა დღეს არნახულ აღმავლობას განიცდის. მხოლოდ ჩვენს გამომცემლობაში გასულ წელს სამი უკრაინელი და ერთი ბელორუსი ავტორის წიგნი გამოიცა. ბოლოს და ბოლოს, ზაზა ბურჭულაძის წიგნი «მინერალური ჯაზი»-ც დავსტამბეთ. მოსკოველი მკითხველისთვის ეს თითქმის ისტორიული მოვლენაა – თანამედროვე თბილისის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ვიცით. “მინერალური ჯაზი” კი თანამედროვე ქართველი ავტორის პირველი თარგმანია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. როგორც მოგახსენეთ, ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს კულტურული კონტექსტის შესახებ, მაგრამ იმ მცირედის გამო, რაც ზაზას და საქართველოში მისი რეპუტაციის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან დავინტერესდით.
    ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც თბილისში სკანდალისტის სახელი აქვს, მუდამ ვიღაცას ეკამათება და ეჩხუბება, მოსკოვში – პირიქით, თავს უყრის და არიგებს სრულიად განსხვავებულ მწერლებს – მაგალითად, ლიმონოვსა და გრიშკოვეცს, რომლებიც მოსკოვის ვერცერთ კონტექსტში ერთმანეთს ვერაფრით შეხვდებოდნენ, მაგრამ ზაზა თავის ჟურნალისტურ ესსეში მათ გვერდიგვერდ მოიხსენიებს. ედუარდ ლიმონოვი, რომელიც უკანასკნელ წლებში არცერთ რუს ჟურნალისტს არ თანხმდება ინტერვიუზე, ზაზასთან ინტერვიუს ჩასაწერად მზადაა. ვლადიმირ სოროკინი კი, რომელიც ახალგაზრდა მწერლებს იშვიათად წყალობს, ზაზას თავის აგარაკზე იწვევს. სკანდალისტი ზაზა ბურჭულაძე რუსეთში თავდადებულ კულტურტრეგერად, მშვიდობისმყოფლად მოგვევლინა, რომელმაც კულტურათაშორისი დიალოგის წარმმართველის მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისრა.
    ზაზა ბურჭულაძის წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის გამოცდილება უაღრესად საგულისხმო და პროდუქტიულია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ზაზა პირველი მერცხალია იმ ახალი ლიტერატურისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდება. ამ ლიტერატურას არ ექნება ეროვნება და პასპორტი, მისთვის არც ვიზები იქნება საჭირო, ვინაიდან კულტურა სულ სხვა სასაზღვრო კანონებს ემორჩილება. ზაზა ბურჭულაძე კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მესაზღვრეა, ვინც თბილისში კონტრაბანდულად შეიტანა რუსული ლიტერატურა და პირველი მოხვდა ლიტერატურულ მოსკოვში.

    ალექსანდრ ივანოვი
    გამომცემლობა Ad Marginem-ის დირექტორი

    გაგა ლომიძე

    აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი

    Заза Бурчуладзе. Минеральный джаз (перевод: Майя Бирюкова). Ad Marginem. 2008

    “მინერალურ ჯაზში” ავტორი თავის ნაწარმოებს ქარვას ადარებს, ვინაიდან რომანი, ისევე როგორც ქარვა, თავისთავში საუკუნეების ”გამოცდილებას” აერთიანებს – იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძველი ქარვა დაახლოებით 30-90 მილიონი წლისაა და მასში უხრწნელი სახით, ჩაკირულია ყველაზე ძველი ორგანიზმები – მცენარეები თუ მწერები. ”მინერალური ჯაზი”, თავისი ბრიკოლაჟური ტექნიკით, რომელიც ლიტერატურული თუ ვიზუალური ხელოვნების ინტერტექსტებით თუ ციტატებითაა გაჯერებული, იმაზე მიუთითებს, რომ ის მსოფლიო კულტურის გამოცდილებას მოიცავს და ქარვის კვალად, ”გამომაფხიზლებელი”, სამკურნალო დანიშნულება აქვს. სწორედ აქედან მომდინარეობს რომანის სათაურის ავტორისეული დეფინიციაც – ”მინერალური ჯაზი”: ”მინერალური”, რაც სამკურნალო თვისებებს გულისხმობს; ხოლო ჯაზი – ”სეირი, დარდის გაქარვება, ზურნა-დუდუკი, სასეირო”-ს მნიშვნელობის მატარებელია. აქედან უკვე სემანტიკური თვალსაზრისით წყვილდება ორი ცნება: საწადელი და სასეირო.
    იმავდროულად, ქარვა ერთგვარად უკავშირდება თაფლსაც, რაც რომანში არაერთგზისაა მოხსენიებული და იკვრება მეტაფორული წყვილები – გოლეული/ფუტკარი და მწერალი/ტექსტი, რაც თავის მხრივ, უკვე პირდაპირ უკავშირდება ტექსტის, როგორც ქარვის გაგებას. ახლა, თუკი ავტორის სიტყვებს გავიხსენებთ, რომ ყოველი დიდი ქმნილება უნდა იყოს საზოგადოც და ვიწროდ ნაციონალურიც, მაშინ ფუტკრისა და თაფლის კონტექსტში სრულიად სამართლიანად შემოვა რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი – დათვი – დიადი რუსეთის ხატი. მით უმეტეს, მისი ტამბოვური წარმოშობა გვიბიძგებს ამისკენ. ახლა უკვე რომანი პოლიტიკური პამფლეტის სახეს იღებს და ასეთ შემთხვევაში ასოციაციური ცდუნებისთვის თავის დაღწევა ძნელია: შამუგიას ”კისერზე ძაღლის მძორი” ხომ იგივე თეიმურაზ ხევისთავთან გვაგზავნის ”ჯაყოს ხიზნებიდან”, ხოლო ”ქართველობა, როგორც დიდი ტვირთი” – თეიმურაზის და ივანეს დიალოგს მოგვაგონებს იმავე რომანიდან; ან თუნდაც ფრაზა – ”წამოვწვებოდი ჩემთვის ლეღვის ჩეროში და აღარაფერზე არ ვიფიქრებდი… ზაფხულია და მისი დადგომისთანავე ჭერში იმოდენა ბუზი ჩნდება, შეგიძლია თვალო და შემოდგომამდე მაინც ვერ დათვლი”, რომელიც ილიას ”კაცია-ადამიანს” შეგვახსენებს. თვით ”შემოქმედებითი კრიზისიც” – რომანის ალტერნატიული სათაური თითქოს მიგვანიშნებს, რომ ”გურჯისტანში” არაფერი შეცვლილა. მით უმეტეს, რომ ავტორისეული festina lente-ც ამის ერთგვარი დადასტურებაა, როცა თითქოს რომანი ვერ სრულდება (როგორც პრუსტის გმირი, რომელიც რომანის დაწერას აპირებს, მაგრამ არ გამოდის და რომანიც მაშინ მთავრდება, როცა პერსონაჟი უკვე წერას იწყებს), რასაც ავტორი გამუდმებით გვიმტკიცებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტორის ნიღაბია და რომანის დაუსრულებლობა მხოლოდ ხერხია – კარნავალური ხერხი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დათვი-პერსონაჟი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შთაბეჭდილებას, როცა ავტორი უნებლიედ, თითქოს სასხვათაშორისოდ, ახსენებს ”ოლიმპოელ კნეინას” – ჰერას, რომელმაც ხსენი დაღვარა, საიდანაც რძიანი გზა, ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედი გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ვისკონტის ”დიდი დათვის დანისლულ ვარსკვლავს” შეგვახსენებს და გზის გამოუვალობაზე მიგვანიშნებს. და ბოლოს, მდგომარების გამოუვალობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოჩიგავების სახლში დათვის სტუმრობა და ამ ჩაკეტილ სივრცეში ექსტატიური როკვა. მით უმეტეს, პერსონაჟები ამ დროს ჯაჭვურ გერანოსს ცეკვავენ, რაც თეზევსისა და ლაბირინთიდან შვიდი ქალწულის გათავისუფლების მითს უკავშირდება.
    თუმცა, თუ უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველაზე რთული, ზოგადად, ადამიანის ხვედრია სამყაროში, სადაც ბიბლია, ფელინი და ზოლებიანი კბილის პასტა თანაბარმნიშვნელოვან ცნებებად იქცნენ; სადაც ჩვენს ჰიპერრეალურ სამყაროში ომი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შუალედებში ჰიგიენური ტამპონების რეკლამებით; სადაც მასობრივი კვლავწარმოების ხანაში სულიერი კულტურა მეორეხარისხოვნად იქცა, რაც გაცხადებულია რომანის ბოლოს ტყავის სავარძლებში ჩაფლული პრეზიდენტებისა და ანდაზის, როგორც სულიერი კულტურის ნიმუშის დაპირისპირების მეტაფორაში. ადამიანის მიერ საკუთარი ბედის მოწყობის მცდელობა თვითნებურად ან ღმერთთან შეთანხმების გარეშე – უღმერთობის ხანის ნიშანია, რაც კიდევ უფრო ცხადად ჩანს შამუგიას ხილვაში – თავისი ვალპურგის ღამეებით თუ ჰომუნკულუსებით (გოეთეს ”ფაუსტის” ციტირებით და ფაუსტურ ცივილიზაციაზე მითითებით). იქნებ ამიტომაც ახსენებს ზაზა ბურჭულაძე პითაგორასეულ სიყვარულს, რომელზეც თითქოს უნდა გვესაუბროს და ავიწყდება. იქნებ ამიტომაც გვრის ნოსტალგიას ტამბოველ დათვს ქოლთრეინის კომპოზიციის, ”აფრიკას” შემთხვევითი გაგონება.
    თუკი, როგორც ავტორი ამტკიცებს ერთგან, ”დღევანდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში… ლიტერატურა, როგორც დარგი, მალე ისევე ამოწურავს თავისთავს, ვით, ვთქვათ, სქოლასტიკამ ამოწურა”, რაღა საჭიროა – ავტორის, როგორც მთავარსარდლის და სასვენი ნიშნების, როგორც ალყის მილიტარისტული მეტაფორა? ასეთ დროს სწორედ ტროპული ხერხები და მნიშვნელობები იქცევა ”ხელი-ხელ შეკოწიწებული ფასეულობათა წესრიგის” დეკონსტრუქციის იარაღად. ამგვარი ტექნიკა კი უხვადაა ”მინერალურ ჯაზში” – უპირველესად, პრუსტისეული მეტატექსტით თუ მკითხველთან ინტერპოლაციით, აღმნიშვნელთა თამაშით (ერთი და იგივე საგნის ან მოვლენის დასახასიათებლად ბინარული ოპოზიციების ჩამოთვლით, მათ შორის პოლარული სხვაობის გაგება უქმდება) თუ აპორიულობით; კულტურის კოდების ირონიზებით (სადაც მყარი გამოთქმების, ერთგვარი გნომური კოდების ეროვნული საუნჯიდან ავტორი ცდილობს სიკვდილის შესატყვისი გამოთქმა შეარჩიოს) თუ უნებლიე ეტიმოლოგიით (შენობა/შეჩემობა, სადაც ”შეჩემობა” ეტიმოლოგიური თვალსაზრისით სექსუალურ კავშირთან წილნაყარ სიახლოვეს, როგორც ჭეშმარიტ სიახლოვეს მოგვაგონებს); მოლოდინის ჰორიზონტის გაცრუებით (ფრაზით – ”აქ ალბათ მკითხველი ელოდება, რომ…”) თუ ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებზე პაროდიით (როდესაც ”მინერალურ ჯაზში” სამაშველო რგოლი ჩნდება, რომ შამუგია სხვა რომანების პერსონაჟებივით წყალში არ დაიხრჩოს).
    თუმცა აქ ყველაზე მთავარი მაინც ჯაზის ცნებაა, ვინაიდან ის ”თავისუფლების პოსტულატია” და ”ახლა და აქ” იქმნება. ამდენად კავშირი იკვრება როგორც რომანის საერთო სტრუქტურასთან, ისე კარნავალურობის გაგებასთან – ტექსტთან იერარქიის გარეშე და ეს აშკარაა თუნდაც იმიტომ, რომ ”მინერალურ ჯაზში” არ არსებობენ მთავარი და არამთავარი გმირები, ტრადიციული გაგებით. მაგრამ არსებობს ტექსტი, რომლისთვისაც ”დროის არავითარ ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა” და თანმიმდევრული, ხაზოვანი თხრობის სისტემა მის თავისუფლებას ვეღარ შეზღუდავს. მისთვის მხოლოდ ”მარადიული აწმყოა”; და რაც მთავარია – არსებობს ავტორი, რომელიც თავის ტექსტთან ერთად ”იბადება” და ევოლუციას განიცდის; რომელიც თანამედროვე რომანში ”ავტორის სიკვდილის” მიუხედავად, კვლავაც აგრძელებს არსებობას და წინააღმდეგობას გამძაფრებული ”მე”-ს შეგრძნებით უპირისპირდება. აქედან მომდინარეობს ”მინერალურ ჯაზში” გალაკტიონისეული ინტერტექსტი – ”მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა”, რაც იმავდროულად, სისტემისგან და კანონიკისგან გათავისუფლებული ავტორის განუზომელ თავისუფლებას გულისხმობს; მეორე მხრივ, ისევ გალაკტიონისეული ”ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა” – თავის თავში მოიცავს ჰიპერტროფირებულ ”მე”-ს და შემოქმედებით პოტენციას ითვალისწინებს.
    როგორც დერიდა იტყოდა, ყველაფერი ტექსტობრივია და არაფერი არსებობს ტექსტს გარეშე. მათ შორის, ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ კი, მკითხველთ, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ნიშნებს შორის ქვეტექსტები ვიკითხოთ და ვიოცნებოთ; ვიოცნებოთ სოდომამდელ სამყაროზე, სადაც აღარ იქნება იერარქიული წესრიგი; არც მნიშვნელობების სისტემა შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აღარც მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად დაყოფენ ადამიანებს – სწორედ ისე, როგორც ”მინერალურ ჯაზში”. ან, სულაც გავიღიმოთ – რომანს ხომ თითქოს რეფრენივით გასდევს ავტორის უწყინარი (თუ ირონიული) სიცილი – ”ეხე-ხე”, რომელიც თავისი ბუნებით დიონისურია, ან, გნებავთ, კარნავალური და თავის თავში აერთიანებს იმავე ბინარულ წყვილებს: ქებას და ლანძღვას, დაცინვას და აღტაცებას, კვდომას და აღდგომას.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ლაშა ბუღაძე – კარიკატურისტი

    სატირიდან იდეურ სიბერწემდე

    ტარიელ უნაფქოშვილი

    ლაშა ბუღაძე, კარიკატურისტი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ლაშა ბუღაძეს თავის შემოქმედებაში საბაბი თუ მიეცა, ყოველთვის სიხარულით ატრიზავებს სასულიერო პირებსა და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ახალმიქცეულ ადამიანებს. საბაბის პოვნა კი იოლია – ლაშა ბუღაძე თხზავს, თხზვაში თავისუფალია და საიდანაც უნდა, იქიდან გამოაძვრენს გასამასხრებელ პერსონაჟსა თუ სიტუაციას.

    ლაშა ბუღაძის მღვდლები აკურთხებენ დისკოთეკებს (რომანი ”ბოლო ზარი”); მრევლის წევრებად ჰყავთ ნარკომანები, რომელთა სულში არავითარი ძვრა არ ხდება (ამდენად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უნაყოფოა ამ უკანასკნელისათვის); ლაშა ბუღაძე იჩხრიკება მისი იმ პერსონაჟების ინტიმურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი (მოთხრობა ”პირველი რუსი”). აშკარაა მწერლის სატირული დამოკიდებულება ქართველთა გამოღვიძებული სულიერებისადმი. ეს მიმართება ლაშა ბუღაძემ უფრო დახვეწა თავის ბოლო რომანში ”კარიკატურისტი”.

    თბილისში ზედიზედ კლავენ სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს: მინისტრს, თეატრის რეჟისორს, გენერალს, მომღერალს, საქართველოს ელჩს რუსეთში. საქმეს იძიებს პროკურატურის ხუთი რგოლი. რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მეოთხე რგოლის წევრია. ძიება დიდმარხვისას მიმდინარეობს. გვესმის, რომ მხატვრული შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისთვის დაჭირდა ავტორს, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი რამ – ძალისხმევა მკვლელების მისაგნებად, როგორც პროფესიული ვალდებულება და მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლების, უფალთან მიახლოების, ცოდვათაგან განწმენდის, ლოცვისა და სინანულისათვის გამიზნული მცდელობა?

    სწორედ იმისთვის, რომ მკითხველი დააეჭვოს მარხვის მნიშვნელობაში თანამედროვე ქართველთათვის, შეაპაროს, რომ ჩვენ გვიჭირს, ფაქტიურად, არ შეგვიძლია შევუდგეთ ჭეშმარიტ რწმენას, ამაოა ჩვენი ძალისხმევა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს. ეს ყველაფერი – მარხვის მნიშვნელობაში დაეჭვების გარდა – შეიძლება ითქვას თანაგრძნობით, გულისტკივილით, გამხნევებით… მაგრამ არა – ლაშა ბუღაძე სხვა გზას ირჩევს: ის იცინის, მეტიც, დასცინის, და ცდილობს, მკითხველიც თავის მხარეს გადმოიყვანოს.

    ვნახოთ, როგორ ცდილობს ამას ავტორი: გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მარხულობს. ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე. ჰყავს ცოლი ნინო. შვილი არ ჰყავთ. ცოლი ე.წ. სულის მეცნიერებით არის გატაცებული. ლექციებს ესწრება, კავშირი აქვს შვეიცარიაში მცხოვრებ ამ დარგის ”ექსპერტთან”. ცოლ-ქმარს უშვილობა აფიქრებს. მარხვის დროს გიორგი სამარხვო კერძებს მიირთმევს (თუმცა, ჩანს, რომ ყელში ამოსდის) და თავს იკავებს ცოლთან ცხოვრებისაგან. ნინო ამას გაგებით ეკიდება. ისედაც, ცოტა უნდილი და უვნებო ქალია. გამოძიება წინ ვერ მიდის, გიორგი ნერვიულობს. მიაჩნია, რომ მისი ვერსია (სინამდვილეში მცდარი) არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამას არც სხვა იჯერებს და არც წარმატება მოაქვს. გიორგის ფსიქიკა ერღვევა და ფსიქოლოგს მიაკითხავს. ის ჰიპნოზის სეანსს უტარებს და ჰიპნოზის დროს, ავტორის, ანუ ლაშა ბუღაძის აზრით, მარხვისას შეკავებული ვნება პერსონაჟის სიზმარში ამოხეთქავს: გიორგის ესიზმრება, რომ ორალური სექსი აქვს 40-ანი წლების ქართველ კომუნისტ ქალთან, რომელიც ამავე დროს (სექსის დროს!) სიყვარულს უხსნის.

    როცა ვაცხადებთ, რომ ლაშა ბუღაძემ ამ რომანში უფრო დახვეწა სატირული დამოკიდებულება რელიგიური ცხოვრებისადმი, ვგულისხმობთ ცინიზმთან მომიჯნავე ამ სატირის შებურვას სხვადასხვა ეპიზოდში. მარხვა სულიერი შრომაა, რომელიც სულიერ მოძღვართან ურთიერთობით, მონანიებითა და აღსარებით უნდა წარიმართოს. დიდმარხვის დროს გიორგის მოძღვარს განკვეთენ. ამდენად, შეგვიძლია ახალგაზრდა გამომძიებლის სულიერი არამდგრადობა და შფოთი სწორედ უმოძღვროდ დარჩენით ავხსნათ. ბოლოში აღმოჩნდება, რომ გიორგის სულიერი მამა, ავთანდილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა სწორედ იმ მკვლელობებში, რომელთაც პროკურატურა იძიებდა. ხოლო განკვეთეს მამა ავთანდილი იმის გამო, რომ ეკლესიამ პროკურატურაზე ადრე იცოდა ამ მკვლელობათა ამბავი. ავტორს ალბათ, ჰგონია, რომ აქ ირონიის მწვერვალზეა, რადგან სამართალდამცავთა ხუთ ბრიგადას საქართველოს საპატრიარქო აღემატა დანაშაულის შეტყობაში დასწრებით. ბუღაძე უკან იხევს, საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ წიაღს განაწმენდინებს მკვლელთაგან და პროკურატურასთანაც ათანამშრომლებს მკვლელთა შესაპყრობად. მაგრამ მთავარი ”კარიკატურისტში” სასულიერო პირთა სახეები კი არ არის, არამედ საერო პირთა რელიგიურობის გაშარჟება.

    რომანს არ ჰყავს არც ერთი პერსონაჟი – სამოქალაქო პირი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით იქნებოდა შემოსილი. არადა, მთელი ინტრიგა მსუბუქად არის გაჯერებული რელიგიური მოტივებით. რწმენაზე თავს დებენ მკვლელები (მღვდლები და მათი სულიერი შვილები), სადისტები (გენერალური პროკურორის ზედამხედველობით აწამებენ უდანაშაულო კაცს, რის შემდეგაც პროკურორი მობილურიდან VIP ადრესატებს მილოცვას უგზავნის: ქრისტე აღსდგა); მორწმუნეობას ასახიერებენ ფარისევლები – რომანის დასაწყისში მოკლული მინისტრი უოპერატოროდ ეკლესიაში არ მიდის. მარხვას ინახავენ მრუშები (დიდმარხვის შემდეგ პირველი, რასაც პროკურორთა ჯგუფი აკეთებს, აბანოში მიდის მეძავებთან. ეს აბანოს მეძავები ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ტექსტში გადადიან). სულიერი სიმშვიდისათვის მეგობარ მონაზონს აკითხავს ისტერიული ქალი, რომელსაც უსიყვარულობისა და ავი ზნის გამო ქმარი გაექცა (თავის მხრივ, ეს მონაზონი საკუთარ მძღოლს მოლაპარაკე ვირს უწოდებს და სხვა მონაზონთან საუბრისას – თუ არ ეთანხმება – სახეზე შეუფარავი ზიზღი ეხატება. ალბათ, ავტორს სწორედ ასეთი შტრიხების მოფიქრება მიაჩნია საჭიროდ სასულიერო პირის სისხლავსე პორტრეტის დასახატად).

    ჩვენ გვგონია, რომ ქართულ მწერლობას აკლია ნამდვილი ქრისტიანი პერსონაჟი. ცხადია, არ ვლაპარაკობთ ახალ აგიოგრაფიაზე, მაგრამ პორნოგრაფიის ელემენტებით ვერ მივუახლოვდებით პერსონაჟს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ თავს ან მოისურვებდა მასთან მსგავსებას პერსონაჟის ქრისტიანული რწმენისა და პიროვნული სიძლიერის გამო. ”კარიკატურისტის” ავტორს, ჩანს, სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს წესიერად და უღმერთოდ, არ მოსწონდეს სხვისი არაგულწრფელობა რწმენაში და ეს კრიტიციზმი ამართლებდეს მას. რწმენის, ეკლესიის წესების მიხედვით ცხოვრებისა და სამოქალაქო ყოფის შეთავსების ძალისხმევა სიგიჟეა და სიგიჟე მოაქვს – აი, რა იკითხება ”კარიკატურისტის” პერსონაჟის, გიორგი ნოზაძის ბედიდან. ეკლესია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ განა მორწმუნე მოქალაქეთა ასეთი გზააბნეულობა, მრევლის წიაღში მხოლოდ ფარისევლების, მკვლელების, ფანატიკოსების, მრუშების, დაბოღმილი და შერყეული ფსიქიკის ადამიანთა თავმოყრა – ეკლესიის სისუსტეზე ლაპარაკს არ ნიშნავს? რა სურს ლაშა ბუღაძეს, გვითხრას: რომ საქართველოში მოქმედი ყველაზე სანდო, სულიერად ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია სინამდვილეში ვერ წარმართავს თავისი მრევლის წევრთა სულიერ ცხოვრებას? თუ კიდევ უარესი, ისე და იქით წარმართავს, სადაც ბუღაძის გმირები მოქმედებენ?

    არა მხოლოდ ქრისტიანები – ნამდვილი ლაშა ბუღაძესთან არც არავინაა. ვითომ მასონური რიტუალები, კუს ტბის მიდამოებში რომ ტარდება, ისეთი კარიკატურულია, კარგად ვერც ხვდები – მასონებსაც აშარჟებს ავტორი თუ მისმა ფანტაზიამ ვერ წარმოსახა უკეთესი სურათი, ვიდრე ეს “ფართოდ დახუჭული თვალების” ცნობილი ეპიზოდის მწირი პაროდიაა? ზემოთ ხსენებული სულის მეცნიერებიც უფრო აფერისტებს ჰგვანან. ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტყვა კარიკატურისტი წიგნის ყდას სათაურის კი არა, ავტორის გვარ-სახელის ადგილას უნდა ეწეროს – იმდენად მსუბუქი (ამ კონტექსტში კარგს არ ნიშნავს), ზედაპირული მონასმებითაა “დაფერილი” მთელი რომანი, იმდენად დაუხვეწავი და გამიზნულად დამახინჯებულია პერსონაჟთა სახეები. ჩვენი აზრით, ამ რომანის სულ ცოტა, ერთი მოტივი – მარხვა – რბილად რომ ვთქვათ, არ იმსახურებს ასე დამუშავებას. ქრისტიანული ეკლესიის წესი, რომლის მიზანია მწედ ეყოს ქრისტიან ადამიანში სულიერ და ზნეობრივ მისწრაფებათა ბატონობას ხორციელ ვნებებზე, არ არის მართებული მკითხველის გასართობ თემად იქცეს და პერსონაჟის ამგვარ “შინაგან მონოლოგამდე” დახურდავდეს: “სულ ტყუილად უჭამია მთელი ორმოცი დღის განმავლობაში სოიოს კატლეტი და მლაშე ნამცხვრები!” სულიერი და პროფესიული ცხოვრების უნაყოფობა ადამიანისთვის დრამაა, ეგებ ტრაგედიაც. ლაშა ბუღაძე კი ამაზე ეპიკურ კარიკატურას ხატავს.

    გვესმის, რომ ვერ გამოვდგებით პროზაიკოს ლაშა ბუღაძის ოსტატობის ჯეროვან შემფასებლებად, მაგრამ გვგონია, რომ ლიტერატურა, კაზმული სიტყვა უკეთეს სათქმელს უნდა გვიზიარებდეს, ვიდრე ბუღაძემ გაუზიარა მკითხველს რომანში ”კარიკატურისტი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    თამაზ ჩხენკელი – სარკითა და სახითა.

    ანდრო ბუაჩიძე
    ზამთრის მზიანი დღე


    თამაზ ჩხენკელი. სარკითა და სახითა. რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. “მერანი”, 2002.

    თამაზ ჩხენკელთან ვართ, ხილიანზე. მე მომწონს თვალშისაცემი უბრალოება და სისადავე, რომელიც მის ოთახში სუფევს. თამაზი არ არის “ნივთომანიით” შეპყრობილი კაცი. მისი “კომფორტი” მინიმალურია: სარწეველა, საწერი მაგიდა, თაროებზე და პირდაპირ იატაკზე დაწყობილი წიგნები.
    ტახტზე შევასწარი თვალი ახალახან გამოცემულ ლექსების წიგნს “სარკითა და სახითა”. ამ წიგნში შესული თითქმის ყველა ლექსი ვიცი. ოთახში მყოფს მახსენდება ერთი პატარა ლირიკული ოპუსი: “ყველაფერი არის ძველი, / გაცრეცილი ბარათივით, / იგივ ძველი სავარძელი, / მტვერი წიგნის კარადების. / იგივეა, რაც რომ იყო / ულმობელი დროის ხელი… / სავარძელში მარტო ვზივარ / და ირწევა სავარძელი”.
    ეს მარტოობაში დაწერილი ლექსია. თუმცა სჯობს ასე ვთქვა – მარტოობაზე დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა ლექსი მარტოობაში იქმნება. აი, ამ ოთახში წერდა დროის გარკვეულ მონაკვეთში თამაზ ჩხენკელი თავის ლექსებს. ახლაც აქ წერს. ლექსებს ეტყობა ზამთრის მიმცხრალი მზის ანარეკლი, რაღაცნაირი ინტიმის ნიშანი, თითქოს ვიღაცას ელი, უნდა შემოვიდეს ოთახში, შეიშმუშნოს, კაშნე მოიხსნას, პალტო უცერემონიოდ გადაფინოს სკამის საზურგეზე, მოიყოლოს თავის საფიქრალი და სათქმელი.
    ვინ იქნება ეს კაცი? სიყრმის მეგობარი, უცნობი, კარგახნის უნახავი და მონატრებული ამხანაგი… მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღარასოდეს გადმოაბიჯებენ კარის გაცვეთილ ზღურბლს: “მე საქმე არა მაქვს არავითარი, / მარტო ვარ, მომსვლელიც არავინ არი, / ხანდახან შემოივლის ანზორ სალუქვაძე, / ფხიზელი, ანდა არაყით მთვრალი. / ვაკიდან დაბერავს ზოგჯერ არაგვი, / ზოგჯერ ისიც მოდის, მეტი არავინ”.
    სიტყვა “მარტოობას” მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა საუბარი პოეზიას ეხება. მაგრამ ახლა მე სხვა რამეს ვფიქრობ: როგორია თამაზ ჩხენკელის მარტოობა?
    მე და ზაზა თვარაძე დღეს დილით შევხვდით ერთმანეთს. ზამთრის საკმაოდ უხალისო დღე იყო. ერთი “პატარა საქმეც” გვქონდა. მერე კი უკვე ნაშუადღევს ვაჟა-ფშაველას პროსპექტი გავიარეთ და განვიზრახეთ თამაზ ჩხენკელთან ავსულიყავით.
    ახლა აქ ვართ. ამ ოთახიდან თრიალეთის ქედის ულამაზესი ნაწილი მოჩანს. აივანზე გავდივართ – გაცრეცილი და გაძარცვული პეიზაჟია. ჩამავალი მზის ნათელი ბჟუტავს ზოოპარკის და “მზიურის”, ვერეს ხეობაში.
    მე ვფიქრობ, თამაზ ჩხენკელის ლექსებზე განსხვავებული აზრი არსებობს (ისევე როგორც ყველაფერზე ამქვეყნად), მაგრამ გასაკვირია, რომ ხშირად ის პოეტები არიან კრიტიკულად განწყობილნი, რომელთა ლექსებიც “სტილის ანემიურობითაა” აღბეჭდილი.
    მე მიმაჩნია, რომ როგორც რილკე ამბობდა, ლექსები მართლაც გამოცდილებანია და ისეთ კონცენტრირებულ მასალაში, როგორიც პოეტური ქმნილებებია, არ შეიძლება ადამიანური ტანჯვის ყოველმა წვეთმა არ მოიყაროს თავი. ამასთანავე მე თვალნათლივ ვხედავ იმას, რომ თამაზ ჩხენკელი არა მარტო ფრაზის ოსტატია, არამედ ანალიტიკოსიც, არა მარტო ირაციონალურ საწყისს ენდობა, არამედ ამ საწყისის გონებრივ, ცნობიერ ნაწილად გარდასახვას ცდილობს.
    თამაზ ჩხენკელმა გარკვეული კულტურული, ენობრივი, თემატური ტრადიციაც კი აითვისა და მოარგო თავის სათქმელს. იქნებ ეს ტრადიცია ერთგვარად სათქმელსაც ქმნის შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ პიროვნულ-ინდივიდუალური ნიშნები, კონკრეტული გარემო, სახლი, ხელი, მეგობრები მაინც განმსაზღვრელია: და ამიტომაც ვართ ალბათ თამაზის ოთახში.
    არის ერთი ლექსი, რომელიც არა მარტო თამაზ ჩხენკელის აივნიდან გადაშლილ ხედს აღბეჭდავს გრაფიკული სიცხადით, არამედ მის მსოფლმხედველობასაც ამჟღავნებს: “მდინარე ვერე, რომელსაც ვახუშტის თქმით,/ ძველად სკვირეთი რქმევია,/ ბეტონის კალაპოტით შედის ზოოპარკის ბაღში,/ მარჯვენა მხრიდან გულმოდგინედ მოკირწყლული/ “მზიური” ეკვრის,/ მარცხენა მხრიდან/ ნაყარნუყარით და ნაგვით სავსე ფერდობი./ ხიდზე თუ გაივლი შეგზარავს:/ მდინარე ყარს – “ღვარი ბილწებისაი”/ ის – მაშინ იყო: “არამედ არს ხეობა ესე/ ნაყოფიერი ყოვლითავე,/ ვენახოვან-ხილიანი, ნადირ-ფრინველიანი”./ – და მერე მოულოდნელი გადასვლა: “ყველაფერი მკვდარია ირგვლივ,/ არც წიქარა ჩანს, არც ნაცარქექია, არც მზეჭაბუკი/ მხოლოდ ქვა და ბეტონი/ მარადიული დაუნგრევლობაა/ ჩვენი დისნეილენდის უპირატესობა…/ აქ დაიზრდებიან მომავალი ნაძირალები”.
    ამ ლექსში აღბეჭდილი ლანდშაფტი, აივნიდან შეთვალიერებული ხედი მოულოდნელად საქართველოს ავისმომასწავებელ პანორამად გადაიქცევა. თამაზ ჩხენკელი ვნებათა ლირიკული განფენის, ზომიერი ხატვის გზას ირჩევს ხოლმე. ამ ლექსის ფინალში კი ისეთი მძლავრი პუბლიცისტური ტალღა შემოიჭრა, რომ ერთიანად წალეკა ყველაფერი. ეს უკვე არც ძახილია, არც მოწოდება, ეს არის ყვირილი: “დროა – დავიძრათ სათავისაკენ,/ დროა – ავიდეთ იქ, დიდგორის მთაზე,/ დროა, განვწმინდოთ გული ნათლისღების წმინდა ემბაზით!”/.
    რასაკვირველია, ლექსსაც თავს თავის აკუსტიკური ველი და ამ “გამაყრუებელ” ლექსებთან ერთად თამაზ ჩხენკელს ისეთებიც უხვად მოეპოვება, რომელთა ჟღერა კეთილხმოვანების ფარგლებს არ სცილდება, შინაარსი კი განმაქიქებელი და დამთრგუნველია. ე.წ. მამხილებელი პათოსი ლიტერატურაში გულუბრყვილო თვალსაზრისით მხოლოდ XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმის კუთვნილებად იყო მიჩნეული. არადა, ანტიკურიდან ხანიდან დღემდე, მამხილებლობა, ზნეობრივი განჩხრეკის და “მანკიერებათა გამომზეურების” ჟინი სხვადასხვაგვარი ნიშნით ყველა ეპოქაში იჩენდა თავს.
    ამ ყაიდის ლექსები თამაზ ჩხენკელის წიგნში განკერძოებულ ციკლს შეადგენს: “ცხუმი”, “ეპიტაფია”, “ცხრა აპრილი”, “სურათი”, “თქვენა ხართ” და სხვა მისთანანი, პუბლიცისტურ სიმწვავესთან ერთად ნერვული დრტვინვით, შფოთით, თითქოს ხმის მთრთოლვარე ვიბრირებით იქცევს ყურადღებას.
    ამ ლექსებში თამახ ჩზენკელის პოეზიის მხატვრულ-კონცეპტუალური სამყაროს ერთი წახნაგია წინ წამოწეული, ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი. ამაზე მეტყველებს ილიასადმი მიძღვნილი ერთი ლექსი (“აღსარება”), რომელშიც თავმოყრილია ჭარმაგი ოსტატის შემოქმედების მრავალი ნიშანი.
    უკვე დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ, “ცისფერყანწელებზე” ვსაუბრობთ, შეიძლება ცალკეული ნაფლეთები შეგროვდეს ამ საუბრიდან და რაღაც საერთო გამოდნეს. სიტყვა ეხება იმას, რომ ლექსში აღბეჭდილი სულიერების ფაქიზი ტვიფარი ამა თუ იმ პოეტის ღრმა შინაგანი გამოცდილების და კულტურის ანაბეჭდია. ამგვარი კულტურის დამღას კი მართლაც სხვა ფასი აქვს პოეზიაში. “ასეა, კი, – ამბობს ბატონი თამაზი – ნამდვილად ასეა”.
    მე, თამაზს და ზაზას ხელში ქარვისფერი ღვინით სავსე მაღალი ჭიქები გვიჭირავს. აივანზე უკვე თითქმის ჩასული მზის სუსტი ნათელიღა თრთის. ვერეს ხეობას მწუხრი ეპარება თანდათან. საცაა ბეწვის ხიდზე დაკიდული მზე ბნელ ხეობაში ჩაიკარგება.
    ჩემთვის ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელმა თარგმნა უამრავი რამ: ბო-ძიუს ლექსები, თაგორის “გიტანჯალი”, ჰომეროსის “ოდისეა”, პუშკინის “მცირე ტრაგედიები”, შექმნა ესეები და გამოკვლევები. და ეს არ იყო მხოლოდ კულტურ ტრეგერული მოღვაწეობის სფერო, ეს საკუთარი პოეტური ბუნების თვითგამოხატვის გზა იყო. პოეზიის თარგმანებშიც და ესეისტიკაშიც არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისი პიროვნებისეული ინდივიდუალობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ლირიკული ბუნება მოუსვენრად ეძებდა და ეძებს თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას. სწორად შენიშნა ერთმა მწერალმა, რომ თამაზ ჩხენკელის ვაჟაზე დაწერილი გამოკვლევაც კი – “ტრაგიკული ნიღბები” – პოეტურ მსოფლშეგრძნებაზე და ინტუიციაზეა დაფუძნებული.
    და ამავე დროს თამაზ ჩხენკელი წერდა ლექსებს. წერდა არცთუ ცოტას, მნიშვნელობას ანიჭებდა ფრაზის ლექსიკურ სისრულეს და მგრძნობელობით ტევადობას. და მთელი მისი ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივი გამოცდილება ხშირად ერთ პატარა ლექსში თავსდებოდა. ეს იყო პროფესიული მზადყოფნა, რომელიც შთაგონების მომენტში გამჟღავნდა: “მე არ მივლია გზებით ნალახით,/ არ მიზელია სხვათა ტალახი./ ბილწის, უმსგავსის და უტიფარის/ გულზე ნაჭდევი არ მაქვს ტვიფარი,/ არანაირი მზაკვარ-მაცილის!/ მე ნაწილიანთ ვიყავ ნაწილი,/ მათი მოწაფე ვიყავ ბეჯითი/ და შუბლზე მაზის მათი ბეჭედი!”.
    საუბარი კალაპოტს იცვლის. სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს მწერალი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში.
    მე ვფურცლავ წიგნს. ანოტაციაში თამაზ ჩხენკელი ამბობს: “ამ დროის წიაღში დგინდებოდა და ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად ფერისცვალებას განიცდიდა წარმოდგენილი ლექსების სუბიექტი”.
    ასაკობრივი მიჯნა იცვლებოდა, იცვლებოდა პიროვნება და შესაბამისად ლექსებიც. მე ცალი ყურით ვუსმენ საუბარს და კვლავ ჩემს საფიქრალს ვფიქრობ: თამაზ ჩხენკელის მაინც რომელი ლექსები აღიბეჭდა ყველაზე მკაფიოდ ჩემს მეხსიერებაში? ადრეული? გვიანდელი? მეხსიერებას ამჯერად ბოლომდე ვენდობი, ის თითქოს მაღალმხატვრულობის კრიტერიუმიცაა. რომელმა ლექსმაც დაიმკვიდრა ჩემში ადგილი, ის იყო ყველაზე შთამბეჭდავი და ახლობელიც. მახსენდება ცალკეული ფრაზები, მერე უფრო მოზრდილი მონაკვეთი ან მთლიანად ლექსი: “მზე მიდრკა დასავალს, ჩრდილები დასცა, დაჭრილი ასგან ვარ/ და მრთელი არსად”. “ჩამოვუარეთ ხევს,/ პეშვი აჩუქე წყაროს…/ უკვდავებისა ხევ, უკვდავებისა წყალო”… “მთიდან მოსული როგორც მურეშა,/ იდგნენ ნისლები ბაღის კარებთან/ და ჩვენი სახლის მწვანე ყურეში/ ფოთლებს სიცივე აკანკალებდა”… “ჩემი სახლის წინ ბაღია პატარა,/ ჩინელი ქალის ფეხივით პატარა”/… და სხვ.
    ეს ადრეული ლექსები რაღაც სხვაგვარი უშუალობით იყო ნიშანდებული. სხვაგვარი ლირიკული გამჭვირვალება დაჰყვა იმთავითვე, მოგვიანო პერიოდში “ასაკობრივი მიჯნების გადალახვასთან ერთად” იმატა ფრაზის მედიტაციურმა სიხისტემ, სხვანაირმა ექსპრესიამ, სიმკვრივემ, სიმსუბუქის, გამჭვირვალების ნაცვლად: “გაღვიძებული უეცრად: “მტკივა”! -/ საწოლთან შუქს რომ აანთებს კაცი,/ და კედლის საათს შეხედავს ცივად/ და სიკვდილამდე დაადგენს მანძილს, -/ რას უნდა გრძნობდეს,/ რას უნდა ხმობდეს,/ ოთახის ბნელში ასეთი კაცი!”
    მე ვაკვირდები ბატონ თამაზს, რომელსაც მოაქვს ყავის ფინჯნები, მშვიდად იღებს წიგნებს და გვიკეთებს სასაჩუქრო წარწერებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კაცი ყოველთვის თანაბარი, ოდნავ აჩქარებული რიტმით მოძრაობს, ის კი არა, თითქოს იმავე რიტმით აზროვნებს კიდეც, სხარტად და ხალისიანად გეპასუხება. ჩემი აზრით, მისი ნაწერები – წერილებიც და ლექსებიც ამავე რიტმით სუნთქავს. მისი პოეტური მედიტაციები არ არის მდორე და გაწელილი, პირიქით, მოკლეა და მოკვეთილი.
    იქნებ ეს რიტმი ამჟღავნებს თვალსაჩინოდ მარტოობისაგან თავდაღწევის ჟინს?
    მასპინძელი კარამდე გვაცილებს. გარეთ უკვე სიბნელეა. მე და ზაზა კიბეებზე ვეშვებით, ვიწრო, ჩაბნელებულ ქუჩას მივუყვებით, ხელში ნაჩუქარი წიგნები გვიჭირავს,- “სარკითა და სახითა” და “მწვანე ბივრიტი”, ნელა მივაბიჯებთ. უკან კი ჩვენივე ჩრდილები მოგვყვება. და მე ისევ იმაზე ვფიქრობ, რაზეც ვფიქრობდი: მარტოობაზე, ელნათურებზე და ვარსკვლავებზე. ისევ თამაზის ლექსი მახსენდება: “წავიდა და წავიდა,/ აღარ მოვა თავიდან…/ ეს დღე ოქროსფოთლება/ აღარ განმეორდება./ ეს მზე ცისფერბლონდება,/ არვის მოაგონდება/ არვის ემახსოვრება/ ქვეყნად ჩვენი ცხოვრება…”

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    პიტერ ბერკი – ისტორია და სოციალური თეორია.

    მიქელ ირემაძე
    პიტერ ბერკი. ისტორია და სოციალური თეორია. გამომცემლობა “ლოგოს პრესი”. მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი და გამომცემელი ლაშა ბერაია. აბ. “ლოგოს პრნმი” 2002.

    ალბათ, მეცნიერების არც ერთ დარგს არ ხვდომია წილად ისეთი დიამეტრულად საპირისპირო შეფასებები (ადამიანური არსებობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აღიარებიდან დაწყებული – აგრესიულ უარყოფამდე), როგორც ისტორიას.
    ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საფუძვლიანი ჩანს ცნობილი თვალსაზრისი, რომ ძველი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ბიბლიასა და “ვეფხისტყაოსანთან” ერთად, “ქართლის ცხოვრებაც” იყო.
    გარდა ამისა, ქართულ ცნობიერებაში მყარად ზის ილიასეული შეფასება, რომელიც ისტორიას ერების წარმომქმნელ უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევდა: “არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”. როგორც ვხედავთ, თვით ავტორმა დევიზისა “მამული, ენა და სარწმუნოება” ისტორიული მეხსიერება უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ეროვნული ერთიანობის შეგნების წარმოქმნისათვის, ვიდრე ამ სამწევრა დევიზის სულ მცირე ორი მესამედი (ენა და სარწმუნოება), რასაც მიუსართა “ერთობა გვარტომობისა” ანუ ყბადაღებული “ეროვნული გენი” – გენეტიკურ-სისხლისმიერი ნათესაობა.
    ისტორიის აგრესიული უარყოფის თვალსაჩინო მაგალითად კი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის სიტყვები შეიძლება იქნას მოყვანილი: “ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია. მისი თვისებები კარგად არის ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ რეფლექსებს, პირს უხსნის მათ ძველ ჭრილობებს, ამღვრევს მათ სიმშვიდეს, განდიდებისა თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს” (პოლ ვალერი).
    რისთვის დამჭირდა ეს ციტატებიანი შესავალი? საქმე ისაა, რომ სარეცენზიო წიგნი საშუალებას იძლევა გავერკვეთ ასე დიამეტრულად საპირისპირო სულისკვეთების მიზეზებშიც და ისტორიისადმი წაყენებულ თითქმის ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო პრეტენზიაში: არსებითად, პ. ბერკის შრომა წარმოადგენს ისტორიოგრაფიული მიდგომების, მეთოდებისა და ფუძე-ცნებების საქმის საუცხოო ცოდნით შედგენილ და კარგად დაწერილ კატალოგს, რომელიც სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება ყველა ისტორიული დისციპლინის და, უფრო ფართოდ, ნებისმიერი საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
    აქ გაშიშვლებული სახით შეიძლება მოვიძიოთ ზოგი ისეთი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც თავის დროზე ცხოველ ინტერესს იწვევდა ქართველ საზოგადოებაში. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ერთ სტატიაში გამოთქმული აქვს თვალსაზრისი, რომ ერის დაცემა და გადაგვარება იწყება მაშინ, როცა იგი საკუთარ ისტორიას ივიწყებს და, პირიქით, ისტორიის მაღალ დონეზე სწავლება ეროვნული აღორძინების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ალბათ ასეა, ვფიქრობთ დღეს, მაგრამ სახელდობრ რა მიზეზის გამო? პასუხს პ. ბერკის წიგნში ამოვიკითხავთ: XIX საუკუნეში “ევროპის მთავრობებმა ისტორია ეროვნული ერთიანობის მისაღწევ საშუალებად დასახეს, ან კიდევ სამოქალაქო განათლების საშუალებად, ან, როგორც ნაკლებად კეთილგანწყობილ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, ნაციონალისტური პროპაგანდის საშუალებად. იმ დროს, როდესაც გერმანიისა და იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოები, ისევე როგორც საფრანგეთისა და ესპანეთის ძველი სახელმწიფოები, ჯერაც დაქუცმაცებული იყვნენ მათში არსებული რეგიონალური ტრადიციების მიზეზით, სკოლებში ეროვნული ისტორიის სწავლებამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ ინტეგრაციას” (სხვათა შორის, ადვილი დასანახია, რომ ისტორიის ამ მიზნით გამოყენების აუცილებელი თანმდევი, ციტატაში მხოლოდ გაკვრით ნახსენები ნაციონალიზმი სწორედ ის ფაქტორია, რომლის გამოც პოლ ვალერიმ ცოდნის მთელი ისტორიული დარგი ისტორიისავე სანაგვეზე გადასაგდებლად გაიმეტა).
    აქვე შეიძლება გავიხსენოთ ილიას კარგად ცნობილი ჩივილი, რომ “ქართლის ცხოვრება” მეფეთა ისტორიაა და მასში ხალხი არსად ჩანს, რასაც ზოგი სწავლული დღესაც თითქმის იმავე მწვავე უკმარისობის პათოსით იმეორებს ხოლმე. ადვილად შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამგვარი მიდგომა არ აღმოჩნდებოდა მხოლოდ ამ ერთი მოაზროვნის ლოკალური უკმაყოფილება საკუთარი ქვეყნის ისტორიოგრაფიის გამო. პ. ბერკის წიგნი კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანი პასუხი გასცა ევროპული ქვეყნების ისტორიულმა მეცნიერებამ ასეთ პრეტენზიებს: შექმნილია სხვადასხვა სოციალური ფენის, სამრეწველო ან აგრარული დარგის, ცალკეული სოფლის და თვით XVI საუკუნის ჩრდილოეთ იტალიის მკვიდრი, სავსებით კონკრეტული მეწისქვილისადმი მიძღვნილი შრომები. იყო ცდა ისტორიის “ქვემოდან”, ე.ი. დაბალი სოციალური ფენების თვალით დანახვისა. მოკლედ, წარსულის ყოვლისმომცველი სურათის გაცოცხლების სურვილი მკვლევრებს უბიძგებდა გამუდმებით ეცვალათ ხედვის რაკურსიცა და მანძილიც, ხან ბინოკლით ემზირად მოვლენებისთვის, ხან მიკროსკოპით, გულდასმით შეესწავლათ როგორც სხვადასხვა კონტინენტის რუკა, ისე სხვადასხვა საზოგადოების ამა თუ იმ გამოცალკევებული უჯრედის სქემა და ა.შ.
    წიგნი იმასაც გაგვაგებინებს, რომ ჩვენი ისტორიის ზოგი თავისებურება, მაგალითად ინკვიზიციის არარსებობა, რაც უმაღლესი ჰუმანისტური მოსაზრებებით დიდ ბედნიერებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე ზომის დანაკლისია ისტორიკოსებისთვის: ეჭვმიტანილ ერეტიკოსთა დაკითხვის ოქმები ერთმა მკვლევარმა, თურმე, ვიდეოფირს შეადარა, “რადგან ამ დოკუმენტებში რეგისტრირებული იყო არა მარტო დაკითხულთა სიტყვები, არამედ მათი მოძრაობები და წამების ქვეშ კვნესაც კი” (ამის წყალობით, შესაძლებელია ისეთი სიზუსტით აღდგეს ზოგი უმნიშვნელოვანესი ისტორიული პირის, ვთქვათ, ჟანა დ’არკის სულიერი სამყარო, რომელიც ჩვენი პირობებისთვის წარმოუდგენელი და მიუწვდომელია. აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ დაკითხვის ოქმების გულმოდგინე, ლამის პედანტურ ილუსტრირებას, – ე.ი. ანბანურ-სიტყვიერი “ვიდეოს” ვიზუალური სურათების ენაზე გადატანას, – წარმოადგენს მსოფლიო კინოს ორი შედევრი: კარლ დრეიერის “ჟანა დ’არკის ვნებანი” (1927) და რობერ ბრესონის “ჟანა დ’არკის პროცესი” (1962), ისტორიული გმირის უაღრესად შთამბეჭდავ და თავიდან ბოლომდე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ ქმნიან). და უფრო მეტიც, იმავე მკვლევარმა გნოსეოლოგიური მიზნითაც კი გამოიყენა ეს ოქმები (ანთროპოლოგის მდგომარეობის დასაზუსტებლად): ინკვიზიტორი და ანთროპოლოგი “ორივე მაღალი სტატუსის მქონე გარეშე პირია, რომელიც შეკითხვებს უსვამს უბრალო ადამიანებს, თუმცაღა უკანასკნელთ ხშირად უჭირთ ამ შეკითხვათა საზრისში წვდომა”.
    როგორც ვთქვი, პ. ბერკის წიგნი ისტორიული კონცეფციების, მეთოდებისა და ძირითადი ცნებების ერთგვარ კატალოგს წარმოადგენს (რაღაც საშუალოს ისტორიული მეთოდების თეორიასა და ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას შორის). ამიტომ რეცენზიაში მისი შინაარსობრივი მხარის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი გადმოცემა შეუძლებელიც არის და არც იქნებოდა გამართლებული: რა აზრი აქვს კიდევ ერთი, მეტისმეტად შემოკლებული, ბევრად უფრო უხარისხო კატალოგის შექმნას, რომელიც მხოლოდ სარჩევ-საძიებლის ფუნქციას თუ შეასრულებს, იმასაც უხეიროდ? ამიტომ მე მხოლოდ წიგნის იმ მხარეზე შევჩერდები, რომლითაც იგი ყველაზე უფრო აქტუალურია ჩვენი ისტორიული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობისათვის.
    XX საუკუნეში დაწერილ ქართველ ისტორიკოსთა შრომებზე უდიდესი გავლენა მოახდინა განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ გაბატონებულმა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რაც სინამდვილეში “თანამედროვე” ადამიანის გონებას უფრო გულისხმობდა და არა პირდაპირ (მაგრამ თითქმის ავტომატურად) მიუთითებდა, ამ თვალსაზრისით წინაპართა შეზღუდულობასა თუ შედარებით არასრულფასოვნებაზე. ამ რწმენამ წარმოქმნა პოზიტივისტური სულისკვეთება, მზარდი ცოდნის მეშვეობით ადამიანური აზროვნების განუწყვეტელ გაუმჯობესებას რომ ქადაგებს; რასაც მარქსიზმმა დაუმატა “საყველაფრო” იდეოლოგიური იარაღი რეალობის ნებისმიერ საიდუმლოში შესაღწევად და ახალი დროის ადამიანის “მეცნიერულმა” ამპარტავნებამ მწვერვალს მიაღწია.
    სახელდობრ, ისტორიულ დარგში (საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების უმეტესობისგან განსხვავებით), საკვლევი რეალობა უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ “შუამავლის”, – მემატიანის, – მიერ შექმნილი ტექსტით გადმოგვეცემა; და რაკი მემატიანე გარკვეული ეპოქისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ადამიანია, ტექსტში გარდუვალად ირეკლება იმ ეპოქისა და საზოგადოების იდეოლოგიური თავისებურებები.
    ისტორიკოსთა პოზიტივისტურ-მარქსისტულმა ჰუბრისმა ამ “ნაკლოვანების” დაძლევა მოისურვა, თანაც, ცხადია, “აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე” პრეტენზიით: შეიქმნა მიდგომა, რომლის მიხედვით, თუ ერთი მოვლენის შესახებ რამდენიმე წყარო არსებობს, ისტორიკოსმა უნდა მოახერხოს, აღადგინოს თითოეულ მათგანში იდეოლოგიის მრუდე სარკეების წიაღ დამახინჯებული სურათის ნამდვილი სახე, შეიმუშავოს საკუთარი აზრი მოვლენაზე, რომელიც, შესაძლოა, არც ერთი მემატიანის ხედვას არ დაემთხვეს (პრაქტიკულად ეს რბილი “შესაძლოა” გარდაიქმნებოდა მოთხოვნად: არავითარ შემთხვევაში არც ერთ მემატიანის ხედვას არ უნდა დაემთხვეს!), მაგრამ სინამდვილის ობიექტური სურათი აღადგინოს. არსებითად, ეს ნიშნავდა მოთხოვნას, რომ თანამედროვე ისტორიკოსი ვალდებულია იყოს ნებისმიერ ძველ ისტორიკოსზე უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი და ბევრის მცოდნე, მაშინაც კი, როცა რაღაც ისტორიულ ამბავს ერთადერთი წყარო მოგვითხრობს.
    პ.ბერკის წიგნი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ დღეს უკვე თვით ეს პოზიტივისტურ-მარქსისტული მითოლოგიის გმირი, – ყოველგვარ იდეოლოგიაზე მაღლა მდგომი (ე.ი. სულ მცირე, ნახევარღმერთის მდგომარეობამდე აღზევებული) ისტორიკოსი, – გამოიყურება საშინელ გულუბრყვილობად თუ ანაქრონიზმად: თვით ცნებითი აპარატიც კი, რომლითაც ნებისმიერი მკვლევარი ოპერირებს, “განპირობებულია გარკვეული კულტურის მიერ. ეს ცნებები უკავშირდება სოციალური ქცევის თეორიებს, რომლებიც ასევე კულტურის მიერაა განპირობებული. ამიტომაც მოითხოვება მათი ადაპტირება და არა უბრალო გამოყენება სხვა ისტორიული პერიოდებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ”, თავის მხრივ, ადაპტირების ხერხები თუ ასე მიღებული შედეგებიც მრავალმხრივი დაეჭვების საფუძველი შეიძლება გახდეს.
    ამას წინათ, ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა წაიკითხა მოხსენება უცნაურ თემაზე: როგორი უნდა ყოფილიყო ახალ ვითარებაში ქართული ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგია (ან იქნებ, ისტორიოგრაფია, – სათაური ზუსტად არ მახსოვს). როგორც აღმოჩნდა, იგი მსჯელობდა იმაზე, თუ რა იდეოლოგია უნდა დასდებოდა საფუძვლად, პირწმინდად დისკრედიტირებული მარქსიზმ-ლენინიზმის ნაცვლად, ისტორიულ კვლევას საქართველოში. პასუხი საგულისხმო და, ასეთ საკითხზე მოფიქრალი ადამიანისთვის, სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა – ლენინისტური დამახინჯებებისგან გათავისუფლებული “ნამდვილი” მარქსიზმი.
    უამრავი მეთოდის, მიდგომისა და კონცეფციის აღმწერი “ისტორია და სოციალური თეორია” იმითაც არის სასარგებლო წიგნი, რომ მას ადვილად შეუძლია ნებისმიერი, თვით ყველაზე დახავსებული აზროვნებაც კი გაათავისუფლოს მომავალში ერთი რომელიმე იდეოლოგიისა თუ მეთოდოლოგიის გაბატონების მავნე ილუზიისგან.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ბორის ვიანი – დღეთა ქაფი

    სოსო ტაბუცაძე

    ბორის ვიანი – მწერალი და მესაყვირე
    ბორის ვიანი. დღეთა ქაფი. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი. გარეკანის დიზაინი და დაკაბატონება გიორგი ტაბლიაშვილი. თბ., “დიოგენე”, 2002.

    1959 წლის ივნისში “მთელი პარიზი” უკანასკნელ გზაზე აცილებდა ოცდაცხრამეტი წლის მწერალს, რომლის შესახებაც პარიზის უნივერსიტეტის მიერ სამოცდაორ წელს გამოცემულ “თანამედროვე ლიტერატურის ლექსიკონში” სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი. პარიზის კულტურული ელიტა დასტიროდა არა მწერალ ბორის ვიანს, არამედ სენ-ჟერმენ-დე-პრეს ბოჰემური კვარტალის “პრინცს”, ომისშემდგომი წლების ჯაზის ცნობილ მესაყვირეს. გასული საუკუნის შუა წლების საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრებისათვის ეს ნამდვილი კაზუსი იყო, რადგან ყველა თხზულება ვიანმა სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა, მაგრამ დახვეწილმა ფრანგულმა კრიტიკამ ეს ლიტერატურული მისტიფიკატორი სათანადოდ ვერ შეაფასა; მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა “დღეთა ქაფის” ჯიბის სერიით გამოქვეყნება, რომ ეს “იაღლიში” არათუ გამოსწორებულიყო, არამედ მწერალ ბორის ვიანს მართლაც მთელი საფრანგეთი დაეპყრო. დიდი ლიტერატურული და მუსიკალური ტალანტის მქონე შემოქმედი წერდა ლექსებს, პროზას, პიესებს, სცენარებს, სტატიებს, ქმნიდა მუსიკას, თვითონვე მღეროდა საკუთარ ტექსტებს, თამაშობდა კინოში და, ერთი სიტყვით, ფრანგული კულტურული ცხოვრების ცენტრში იყო, მაგრამ, როგორც მწერალი, ის მაინც სიკვდილის შემდეგ დააფასეს. გარდაცვალების მიზეზი კი აღმოჩნდა გულის მანკი, რომელიც ყმაწვილობისას გადატანილმა ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა, ხოლო საბაბი … საბაბი კი, რატომღაც, ყოველთვის ერთია ხოლმე – უდიერობა კაცთა. საქმე ის იყო, რომ 1959 წელს კინოსტუდია “სიპრო” მრავალი მოლაპარაკების შედეგად, რომლებსაც ვიანი არ დაასწრეს, გახდა მფლობელი მისი რომანის, “მე დავაფურთხებ თქვენს საფლავებს”, კინემატოგრაფიული ადაპტაციისა. “სიპრო” სცენარს თვითნებურად მოეპყრო და მწერალს ურთიერთობა გაუფუჭდა ფილმის პროდიუსერსა და რეჟისორთან, რამაც ჯანმრთელობა სერიოზულად გაუუარესა. ფილმიც სცენარის ავტორის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიღეს. ბორისი ტიტრებიდან თავისი გვარის მოშორებასაც კი მოითხოვდა თურმე, მაგრამ…
    23 ივნისს, კინოთეატრ “მარბეფში”, 10 საათსა და 10 წუთზე, ფილმის პირველივე კადრებზე ბორისი გარდაიცვალა. ასე საბედისწერო აღმოჩნდა მწერლისათვის თითქოსდა არაფრით გამორჩეული კონფლიქტი; რადგან ბედისწერა ვახსენეთ, არც იმის აღნიშვნაა უმნიშვნელო, რომ ფატალიზმის თემა, ჩანს, ვიანის პირადი ბედ-იღბლიდან გამომდინარე, მართლაც წითელი ზოლივით გასდევს მის შემოქმედებას. მეტიც: ეს საკითხი მწერლის მსოფლმხედველობრივ საყრდენადაც შეიძლება გამოვაცხადოთ. ალბათ, ესეც განაპირობებდა ბორის ვიანის ირონიულ დამოკიდებულებას თავისი დროის იდეოლოგებთან და, კერძოდ, ყველაზე პოპულარულ ჟან-პოლ სარტრთან, რომლის მტკიცებითაც ადამიანი თვითონაა საკუთარი ბედის გამგებელი და მასზე პასუხისმგებელი.
    საფრანგეთის ოკუპაციას დაემთხვა ვიანის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში სწავლის პერიოდი. ინჟინრის პროფესიით აღჭურვილი მწერალი სამი თვის თავზე მიატოვებს სამსახურს, რადგან ვერ ეგუება უნებურ და არათავისუფალ შრომას. სხვათა შორის, შრომის ამ მხარესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში.
    ომის პერიოდსავე დაემთხვა მისი ჟაკ ლუსტალოსთან ნაცნობობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ბორისზე. ლუსტალო ცხოვრების სპექტაკლად გარდაქმნას ლამობდა და ამგვარ გატაცებებსა და მისტიფიკაციებში ითრევდა ვიანსაც. სამყაროსთან ლუსტალოსეული მიმართება ყველაზე უფრო მისაღები აღმოჩნდა ბორის ვიანისათვის და მისმა მწერლურმა გეშმა და ინსტინქტმა სწორედ ჟაკის წყალობით გაიღვიძა. სწორედ ამ დროს იწყებს ვიანი წერას.
    ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ საფრანგეთში თანდათან პოპულარობას იხვეჭდა ამერიკული კულტურა და, კერძოდ, ოკეანისგაღმიდან იმპორტირებული ჯაზი. ამას მოჰყვა მწერლობით გატაცება და იმ პერიოდის საფრანგეთში არა მხოლოდ ჰემინგუეი და ფოლკნერი აღაფრთოვანებდა ფრანგ მკითხველს, არამედ – მასობრივი ბელეტრისტიკაც თავისი მძაფრი, ჩახვეული სიუჟეტებით, სუპერმენებითა და ღიად აღწერილი სექსუალური სცენებით…
    სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ 1946 წლის 10 მარტს დაიწყო ბორის ვიანმა “დღეთა ქაფის” წერა. მწერლის ამერიკული კულტურით გატაცება რომანს წამძღვარებული მიძღვნითი წარწერითაც მჟღავნდება, – ვუძღვნი ჩემს ბიბის (pour mon bibi); ბიბი იყო ვიანის პირველი ცოლი მიშელ ვიან-ლეგლიზი, რომელსაც მწერალი ამერიკულ ყაიდაზე for my baby-ს ეძახდა… აქ მიძღვნაც საინტერესოა, რომანის დაწყების თარიღიც, მწერლისეული წინასიტყვაობის დაწერის ადგილიც და … ბოლოს ამ ჩემი ოპუსის თხზვის დროც… დღეს რვა მარტია! ყურადღებაც იმიტომ გამექცა, ალბათ, რომანის ცოლისადმი მიძღვნის ფაქტისაკენ; განა ბევრი გვინახავს საყვარელი მეუღლეებისადმი გულწრფელი მიძღვნა-მოფერებები? რას იზამ, ცოლქმრული ცხოვრების დრამა ნაკლებ ადგილს ტოვებს ნაზ გრძნობათა საქვეყნოდ გამომჟღავნებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიანს ეს ნამდვილად არ ეხება. რაც შეეხება რომანის დასრულების თარიღს – 1946 წლის 10 მარტს – ეს ავტორის ოცდამეექვსე დაბადების დღეა და, ცხადია, სიმბოლურია; გამოდის, რომ წერა დაიწყო ორმოცდაექვსი წლის 8 მარტს და გაასრულა 10-ში. როგორც აღნიშნავენ, ვიანი საერთოდ კი სწრაფად წერდა, მაგრამ არც ამდენად! თხზულების შექმნის ადგილებად – ახალი ორლეანის, მემფისისა და დავენპორტის მითითება – ერთგვარი მისტიფიკაციაა, რადგან ვიანს ატლანტის ოკეანე არასოდეს გადაულახავს. უკვე ნახსენები წინასიტყვაობის ჩემეულ გადმოცემას კი თვით მის გადმოწერას ვამჯობინებ, რადგან იგი ჯერ ერთი მოკლეა და მეორეც, მნიშვნელოვანია მწერლის მსოფლმხედველობრივი პრინციპების გასაცნობად: “ცხოვრებაში მთავარია ყველაფერი აპრიორულად განსაჯო. ჩანს, მასები მართლაც ცდებიან, ინდივიდები კი მუდამ მართლები არიან. აქედან ქცევის წესების დადგენა საფრთხილო საქმეა: ამ წესებს არ უნდა სჭირდებოდეს ჩამოყალიბება, რათა ადამიანმა დაიცვას ორად ორი რამე: ლამაზი გოგონების ყოველგვარი სიყვარული და ახალი ორლეანის ანუ დიუკ ელინგტონის მუსიკა, რაც ერთი და იგივეა. დანარჩენი, წესით, უნდა გაქრეს, რადგან ეს დანარჩენი სიმახინჯეა. ამის თვალსაჩინო მაგალითი რამდენიმე მომდევნო ფურცელი გახლავთ, რასაც ის ფაქტი აძლიერებს, რომ ეს სავსებით ნამდვილი ამბავია, რაკი თავიდან ბოლომდე მე მოვიგონე. თვით ამის ხორცშესხმა კი, უმთავრესად, სინამდვილის მრუდე, შემთბარ ატმოსფეროში პროეცირებითა და მისი უსწორმასწოროდ მოლივლივე, დაბრეცილ სიბრტყეზე ასახვით მიიღწევა. აი, ნახავთ, სულაც არ არის სათაკილო ხერხი”.
    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ წიგნზე არაფერი მითქვამს – ქართულ თარგმანზე! ვიანის პრინციპების გამოდევნებამ ჟანრის პრინციპი დამავიწყა და ქართული თარგმანი ვერ წარმოგიდგინეთ. მაშ ასე: ბორის ვიანი. დღეთა ქაფი. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი. გარეკანზე გამოყენებულია ივ ტანგის ნამუშევარი Divisibilite indefinie. გამომცემლობა “დიოგენე” 2002 წელი.
    ფრანგულ გამოცემებს რაც შეეხება, იგი “გალიმარს” გამოუცია 1947 წელს და რომანი აღმოჩენილა იმ ორ წიგნს შორის, რომელიც ჟიურის ე.წ. პლეადის პრემიის მოსაპოვებლად წარუდგენია საბოლოო არჩევანისათვის. რომანს მხარი დაუჭირა ერთადერთმა ცნობილმა ავტორიტეტმა – რაიმონ კენომ, რომელმაც, ჩანს, იმთავითვე შეამჩნია ვიანის ტალანტი, მაგრამ მის თანადგომას შედეგი არ გამოუღია და პრემია აშკარად მეორეხარისხოვან წიგნს რგებია. “დღეთა ქაფის” ამ ჩავარდნას გამომცემელთა ინტერესიც გაუნელებია. პატარა გამომცემლობები კი სტამბავდნენ ვიანის თხზულებებს, მაგრამ დღეს უკვე ჩვენთვის უშუალოდ ნაცნობი სარეკლამო-კომერციული პრინციპებიდან გამომდინარე, უცნობ გამომგონებელთა მიერ დასტამბული წიგნები წლობით რჩებოდა მიჩქმალული წიგნის მაღაზიათა თაროებზე. არადა, რაიმონ კენომ “დღეთა ქაფს” სიყვარულზე შექმნილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე გულისგამგმირავი წიგნი უწოდა. თვითონ ვიანი თავისი რომანის შესახებ ამბობდა: “მინდოდა დამეწერა რომანი, რომლის სიუჟეტიც ერთი ფრაზით გამოიხატებოდა: მამაკაცს უყვარს ქალი; ქალი დაავადდება და კვდება”. აქედან კარგად ჩანს, რომ მართლაც არაფრით გამოირჩევა სიუჟეტი; პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ბანალურიც კია. თუ მაინცდამაინც რაიმეგვარი გამორჩეულობის ძიებას დავიწყებთ, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ რომანის მიმართება იმ ეპოქასთან, რომელშიც იგი დაიწერა და თუ ამას რომანის მხატვრული განსახიერების ფორმებსაც მივუმატებთ, ეს ორი ფაქტორი ბორის ვიანის შემოქმედების ზოგად შტრიხებადაც გამოგვადგება. ეპოქასთან მიმართებას რაც შეეხება, აქ შეიძლება გაგვეხსენებინა ომისშემდგომი ევროპული ინტელიგენციის დაუცხრომელი ძიება მომხდარი კატასტროფის მიზეზთა გააზრებისა სამომავლოდ მსგავსი კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი ფაქტი ლიტერატურული ცხოვრებიდან: საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ალბერ კამიუს ოცნებად ჰქონია გადაქცეული “მხიარული რომანის” შექმნა, მაგრამ მძიმე რეალობამ მაინც ქრონიკა-იგავისაკენ უბიძგა და “ჭირი” დააწერინა. ამ არცთუ გამორჩეული ფაქტის აღნიშვნა შეიძლება იმიტომ ღირდეს, რომ იგი ტენდენციის აღმნიშვნელია. მის საპირისპიროდ წავიდა ბორის ვიანი, რომელმაც აიტაცა კამიუს განზრახვა და შექმნა “მხიარული რომანი”, რითაც ხელთათმანი ესროლა თავის დროებასა და განწყობილებებს და როდესაც კრიტიკოსთა მხრიდან მისი შემოქმედებისადმი უყურადღებობაზე ვლაპარაკობთ, ამის ერთი მიზეზთაგანი ეპოქის ამგვარი გამოწვევაც უნდა ყოფილიყო. ჩამუქებული და დანგრეული ცხოვრების მიმართ მწერლის დამოკიდებულება კარგად ჩანს რომანის იმ პასაჟში, როდესაც კოლენი და კლოე საქორწინო მოგზაურობაში არიან და უსიხარულო პეიზაჟს დიდი თეთრი ლიმუზინიდან ჩამოღვრემილნი გაჰყურებენ: “ცა ჩამოწოლილიყო, წითელი ჩიტები ტელეგრაფის მავთულების სიმაღლეზე დაფრინავდნენ, მავთულებივით ადი-ჩადიოდნენ და მათი მჭახე სივსივი ტყვიისფერ წყალზე ირეკლებოდა.
    – რატომ წამოვედით ამ გზით?” შეწუხებული კითხულობს კლოე, ხოლო “კოლენმა თითი მწვანე, ლურჯ, ყვითელ და წითელ ღილაკებს დააჭირა და მანქანის შუშები შესაბამისმა შუშებმა შეცვალა. თავი ცისარტყელაში გეგონებოდა და ტელეგრაფის ყოველი ბოძის გავლისას ჭრელი ჩრდილები თეთრ ბეწვზე ცეკვავდნენ”.
    ამგვარი ესკაპიზმი ანუ რეალობიდან გაქცევა კარგად ასახავს რომანის ფილოსოფიას. ასეთი მინიშნებებით, კალამბურებითა და სიტყვიერი თამაშებითაა დახუნძლული “დღეთა ქაფი”. სადაგი ყოფისადმი “სულერთია” დამოკიდებულება ახასიათებს ბორის ვიანს, რაც, როგორც უკვე ვთქვი, ერთგვარი გამოწვევა იყო იმდროინდელი ლიტერატურული ტენდენციებისა; ამიტომ იქნა რომანი აღქმული არასერიოზულ ლიტერატურად და ამიტომაც აღმოჩნდა იგი თავისი დროიდან “ამომხტარი”. არც ის არის ძნელი წარმოსადგენი, თუ როგორ გააღიზიანებდა ომგადატანილ და ნაშიმშილებ ადამიანებს. ვიანთან აღწერილი იდილიური და რაფინირებული, “თოხლით” გამოტენილი სამზარეულოები და სასმელების ჩამოსასხმელი რაღაცა ჯადოსნურ-მუსიკალური აპარატი, რომელსაც “პიანოქტეილი” ჰქვია. ლიტერატურული თამაშებით შთანთქმულ მწერალს ბავშვურ ოცნებებთან მიახლოებული სამყარო იტაცებს და ამიტომ შეიძლება “დღეთა ქაფისათვის” რომანი-ოცნებაც გვეწოდებინა; ან – სამყარო-ზღაპარი, სადაც ბედნიერება სიყვარულს კი არ უკავშირდება მხოლოდ, არამედ გურმანობას, მოგზაურობას, კომფორტს და ათას სხვა სიამოვნებას…
    არ ვაპირებდი, მაგრამ ვერ ვითმენ და მინდა თქვენც შეგახედოთ კოლენის იდილიურ სამზარეულოში, რადგან ამ აღწერილობაში რომანის პოეტიკაც ისახება: “სამზარეულოს დერეფანი ნათელი, ორივე მხარეს შემინული იყო და თითოეული მხრიდან თითო მზე ანათებდა, რადგან კოლენს სინათლე უყვარდა. თითქმის ყველგან გულდასმით გაპრიალებული თითბრის ონკანები ეყენა. ონკანებზე მზის ათინათები ჯადოსნურად კიაფობდა. სამზარეულოს თაგვებს უყვარდათ ცეკვა, როცა ონკანებზე მზის სხივების შეხების ხმა ისმოდა და პატარა რგოლებს დასდევდნენ, რომლებიც, თითქოს პირველი სინდიყი ცვივაო, არეკლილი სხივების ძირს გაბნევისგან ჩნდებოდა. გზად კოლენმა ერთ-ერთ თაგვს მიუალერსა, რომელსაც ძალიან გრძელი, შავი ულვაშები ჰქონდა, ტანად კი ნაცრისფერი, თხელი და საოცრად კრიალა იყო. მზარეული მათ ძალიან კარგად კვებავდა, თანაც ისე, რომ ზედმეტად არ გასუქებულიყვნენ. დღისით თაგვები არ ხმაურობდნენ და მხოლოდ დერეფანში თამაშობდნენ”.
    მოკლედ, თამაშებრივი საწყისი საკმაოდ ჭარბადაა ვიანთან და იგი უფრო ადამიანურ ემოციებთანაა კავშირში, ვიდრე პროზის ტრადიციასთან. ამიტომ ფანტასტიკური ელემენტი ერთგვარ ემოციურ გარდასახვას ჰპოვებს რომანში: ახლად დაქორწინებულთა ბინა კლოეს ჯანმრთელობის გაუარესებისდაკვალად პატარავდება და იღვრიმება; მოლაპარაკე თაგვი (მულტფილმის პოეტიკის ელემენტი) ვეღარ უძლებს კოლენის ტანჯვას და თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.
    “დღეთა ქაფის” ამგვარი “სინაზე” და “სიფაქიზე” ირგვლივ გამეფებულ დაუნდობლობასა და სისასტიკეს უპირისპირდება, რადგან ადამიანური ბუნება ფატალურად არასრულქმნილია. საერთოდ, ბედისწერის თემას მნიშვნელოვანი გამოძახილი აქვს ვიანის შემოქმედებაში. ამის გამოა, რომ “მხიარული რომანი” თვალდათვალ გადაიქცევა ტრაგედიად. საქორწინო მოგზაურობის სიხარულით აღსავსე კლოე საბედისწერო სენით დაავადდება – ფილტვში ბოროტი ყვავილი ამოეზრდება, რაც ხელოვნებაში კიბოსა და ტუბერკულიოზის მეტაფორად გვევლინება…
    იგივე ბედისწერის თემა აახლოებს რომანს იმ პერიოდში მოდად ქცეულ ეკზისტენციალიზმთან. რა თქმა უნდა, არც ის იყო შემთხვევითი, რომ “დღეთა ქაფის” პირველი თავები ჟან-პოლ სარტრის ჟურნალში Les Temps Modernes-ში იბეჭდებოდა. ვიანი ამ გამოცემის კრიტიკულ განყოფილებაშიც მონაწილეობდა, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში სარტრისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. სარტრს მიაჩნდა, რომ ბედნიერება ვერაგი ილუზია იყო მხოლოდ და ცხოვრებაში ყოველთვის მის მხილებას ცდილობდა, ხოლო ვიანის აზრით, ცხოვრებისეული ტრაგიზმი სწორედ ბედნიერების დაკარგვას უკავშირდებოდა. ვიანმა სარტრი რომანში გამოიყვანა ჟან-სოლ პარტრის სახელით, რომლის ლექციებიც აღაფრთოვანებს ახალგაზრდობას. მწერლის ეს ირონია მიმართულია არა ეგზისტენციალიზმის, არამედ მასზე მოდის მიმართ. იმხანად ძალზე მოდური ყოფილა საჯარო ლექციები და კოლექტიური აღფრთოვანებები: “- ეს რაღა არის?.. ჩურჩულით და გულის ფანცქალით იკითხა შიკმა…
    – პარტრის შარვალი!.. ამაყად განაცხადა გამყიდველმა.
    – როგორ მოახერხეთ? – იკითხა ვნებააშლილმა შიკმა.
    – ერთ მოხსენებაზე ვიმარჯვე! – აუხსნა გამყიდველმა, – არც კი შეუმჩნევია. იცით. ჩიბუხისაგან ამომწვარი ადგილები აქვს.
    – ვყიდულობ… – თქვა შიკმა.
    – რას? – იკითხა გამყიდველმა…
    შიკმა ხელი მკერდთან მიიტანა. გულის ძგერა ვეღარ დაიმორჩილა და ცოტა ხანს აცალა, გაშმაგებულიყო.
    – აი, … – თქვა ისევ გამყიდველმა.
    ეს იყო ჩიბუხი, რომლის მილაკზეც შიკმა დაუბრკოლებლად იცნო პარტრის კბილების ანაბეჭდი…
    – ხომ იცით, – უთხრა გამყიდველმა, – ახლა რწყევის ენციკლოპედიას ამზადებს ოც ტომად და ფოტოებით, ჰოდა ხელნაწერები მე მექნება…”
    ეს ირონია სარტრსა და მის “გულზიდვებზე”, ვფიქრობ, არც ქართულ მკითხველს გამოეპარება.
    ბორის ვიანი მწარე ირონიას გამოხატავს ისეთი ფუნდამენტური ცნებებისადმი, როგორიცაა შრომა, წესრიგი და რელიგია. პროგრესისტი მწერლებისგან განსხვავებით, ვიანს არაშემოქმედებითი შრომა საშინელებად და რუტინად ესახება: მოგზაურობისას კოლენი და კლოე სპილენძის მაღაროების მუშებს შეეყრებიან და მათი შემხედვარე მწერალი სოციალური რომანის სულისკვეთების სტილიზებას ახდენს და ამგვარად ხატავს მუშათა კოლექტიურ პორტრეტს: “რამდენიმე კაცი გაჩერებულიყო და მანქანას თვალს აყოლებდა. თვალებში მხოლოდ და მხოლოდ ქედმაღალი სიბრალული ედგათ. დიდები და ძლიერები იყვნენ და უძრავი სახეები ჰქონდათ.
    – არ მოვეწონეთ… – თქვა კლოემ, – წავიდეთ აქედან”. ამაზე კოლენი უპასუხებს, რომ მუშაობა არც ისე კარგია, “- მათ უთხრეს, რომ კარგია… საერთოდ ხალხს ეს კარგი ჰგონია. სინამდვილეში კი არავინაც არ ფიქრობს ასე”. კოლენი კლოესაც არწმუნებს მუშათა სიჩლუნგეში. “… მაგათ უთხრეს, რომ შრომა წმიდათაწმიდაა… სულელები არიან… მაგიტომ ეთანხმებიან თავსმოხვეულ აზრს, რომ შრომა საუკეთესო რამეა”.
    ასე რომ, ჩვენში კარგად ცნობილი “შრომის ახსნის” შესახებ ქრესტომათიული იდეის მქადაგებელთა რიცხვოი ვიანს ვერასდიდებით ვერ ჩავწერთ.
    შრომის თემას უკავშირდება სოციალური წესრიგის თემაც. მწერალი საერთოდ უარყოფს ყოველგვარ წესრიგს, მაგრამ აქ საქმე ეხება არა გათვლილ და გააზრებულ ანარქიზმს, არამედ ბოჰემის გარკვეულ სახეობას, რომლისთვისაც ელიტარული უპასუხისმგებლობაც შეიძლება გეწოდებინა. ვიანის პიროვნული და შესაბამისად მწერლური სულისკვეთებისათვის მნიშვნელობა არა აქვს კერძო კაცის თვითნებური საქციელი რა ჯაჭვურ განვრცობას ჰპოვებს სოციუმში, მთავარია, რომ ინდივიდმა თავისი საქციელი გამოხატოს.
    “დღეთა ქაფში” ძალზე საზიზღარ ინსტიტუტებად გამოსჩანს არმია და პოლიცია. კლოეს მკურნალობისათვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად კოლენი იძულებულია სამხედრო დაწესებულებაში იმუშაოს, სადაც თოფის ლულებს ამზადებენ. აი, თურმე როგორ მზადდება ეს ფრიად საჭირო ატრიბუტი თუ სულაც ძირითადი ნაწილი: “გულისა და ღვიძლის სიმაღლეზე თორმეტ პატარა ორმოს ამოთხრით… და, სულ რომ გაიხდით, გაწვებით მიწაზე, სტერილური შალის ქსოვილს დაიფარებთ… და ისე იზამთ, რომ თანაბარი სითბო გამოყოთ… ასე უნდა დარჩეთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში და ამ დროისათვის თოფის ლულებიც დაიზრდებიან”. ეს რიტუალი კრუხის კვერცხებზე დასმას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე საწარმოო პროცესს, მაგრამ აუცილებელი კი ყოფილა, რადგან, თურმე, “თოფის ლულები რომ თანაბრად და დაუღრეცავად იზრდებოდეს … ადამიანური სითბოა საჭირო”. მეუღლის ავადმყოფობით დაზაფრული კოლენი, რასაკვირველია, დარიგებას შეისმენს და გულმოდგინედ ცდილობს “წლარმოების პროცესის” აწყობას, მაგრამ – უშედეგოდ: “ურიკაზე ლურჯი და ცივი ფოლადის თორმეტი ლულა ეწყო. თითოეულის წვერში თითო ქორფა და ლამაზი თეთრი ვარდი გაფურჩქნულიყო”… აქ შეიძლება ბორის ვიანის პაციფიზმზეც ვილაპარაკოთ და პაციფიზმის ირონიაზეც. თუ პირველს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი თვით პერსონაჟის ნატურაშია ჩანერგილი და მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს, რადგან მისი სხეულის სითბომ ლულები ვერ გაზარდა… ხოლო თუ მეორეზე გადავიტანთ აქცენტს, აქ პაციფისტთა სწორხაზოვანი იდეების და გავრცელებული კლიშეების (ლულაში გარჭობილი ყვავილი) ირონიზირებასთან უნდა გვქონდეს საქმე.
    აღარ გავაგრძელებ სიტყვას რომანში გამოყვანილ სასულიერო პირებზე და საერთოდ რელიგიაზე, რაც ვიანს ფრანგული ეკზისტენციალიზმის ათეიზმთან აახლოებს. მხოლოდ ზოგადად ვიტყვი, რომ მწერლის მსოფლხედვა საოცარ რეზონანსში აღმოჩნდა სამოციანი წლების საფრანგეთის ახალგაზრდობის განწყობილებებთან და ამ პერიოდისათვის ვიანმა წინასწარმეტყველის როლიც კი შეასრულა და მისი შემოქმედება მყისიერად მისაღები და გულთან მისატანი აღმოჩნდა. სიახლეს მოწყურებულმა თაობამ აიტაცა მწერლის ელიტარული ნეგატივიზმი.
    ბორის ვიანის შემოქმედებას რომ მხოლოდ ეს ისტორიული ღირებულება ჰქონოდა, იგი ისტორიასვე ჩაბარდებოდა, მაგრამ ლიტერატურის ისტორიკოსნი მას პაროდისტების იმ დიდ ოჯახს განაკუთვნებენ, რომელიც რაბლეთი იწყება და ჯოისით განსრულდება. ვაინთან პაროდიული თამაში შემთხვევით და ეპიზოდურ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ ტოტალური და მიზანმიმართულია. ლიტერატურის განვითარების შემდგომმა ტენდენციებმა სწორედ ასეთი მნიშვნელობა მიანიჭა ვიანის შემოქმედებას. “დღეთა ქაფში” ყველაფერი პაროდირებულია, რაც კი კლიშედ ქცეულა, ანდა ეს-ესაა გაქვავებას და ჭეშმარიტების გვირგვინით შემოსვას ლამობს. მწერალს აინტერესებს “რეალობასა” და “ლიტერატურას” შორის არსებული “ღრიჭოების” აღმოჩენა. და ამ ამოცანას იგი ნაირგვარ სტილზე ურთიერთგადამაშებებამდე მიჰყავს. შედეგად ვიღებთ ვიანისეულ მეტასტილს, რაც, ერთი მხრივ, ჟანრთა პირობითობების აღმოჩენა-მხილებას ემსახურება და, მეორე მხრივ, რეალობასაც უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენს. ამიტომ ტრაგედია უშუალოდ კი არ იშვის, არამედ ტრაგედიის თამაშის წიაღ. კლოეს დასაფლავება ასეა აღწერილი: “მებარგულები ერთ დიდ ორმოსთან შეჩერდნენ; Ala salade-ს (სიმღერა, რომელსაც მღერიან, როდესაც ვინმეს რაიმეში გახვეულს აქეთ-იქით აქანავებენ და შემდეგ წყალში მოისვრიან. შენ. 145) სიმღერით კლოეს კუბო გაიქნ-გამოიქნიეს და საკეტს თითი დააჭირეს. თავსახური აიხადა და რაღაცამ ჭახანი გაადინა ორმოში; ნახევრად გაგუდული მეორე მებარგული ადგილზე ჩაიკეცა, რადგან ღვედი საჭირო სისწრაფით ვერ მოიხსნა კისრიდან… უეცრად, რაღაც გორაკის უკნიდან ძველ, გაქონილ ტანსაცმელში გამოწყობილი მნუთე და შტიქროსანი გამოხტნენ და, მგლებივით აყმუვლებულებმა, ორმოში მიწისა და ქვების ჩაყრა დაიწყეს… შტიქროსანმა, მნუთემ და ორმა მებარგულმა ორმოს გარშემო … რონდო დაუარეს, მერე უცებ ბილიკისკენ გაცვივდნენ და ბუქნა-ბუქნით გაუჩინარდნენ. მნუთე დიდ საყვირში უბერავდა და მკვდარ ჰაერში ჩახლეჩილი ბგერები ჟღერდა. მიწა ნელ-ნელა თავისთავად იყრებოდა და, ორი-სამი წუთის შემდეგ, კლოეს სხეული სრულიად გაუჩინარდა”.
    პირველი წაკითხვისას ძნელი გასარკვევიც კია, ეს კლოეს დასაფლავებაა თუ შავი იუმორი და დასაფლავობანას თამაში. “დღეთა ქაფის” მხატვრული სიახლეც ესაა: ტრაგედიის თამაში ხან მხოლოდ თამაშად გამოსჩანს და ხან ტრაგედიად და მკითხველში თანაგანცდის აღსაძვრელ ხერხად; ეს “ხან-ხან” არის სწორედ ის სიახლე, რომელსაც “მოციმციმე ესთეტიკას” უწოდებენ თეორეტიკნი და რომელმაც თავისი განვითარება პოსტმოდერნიზმის ლიტერატურაში ჰპოვა. ამგვარი სტილი არის ფორმალური “პრიომების” გადალახვის მცდელობა მათი მხილება-გაშიშვლების გზით. ასე განიძარცვება რომანტიკული საბურველისაგან სუგესტიური ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი გლობალური პირობითობები. ამასთან ერთად იგივე სტილი უარყოფს ტრადიციული ესთეტიკის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ხელოვნება რეალური ცხოვრების ასარკებაა.
    მოკლედ, “დღეთა ქაფში” ერთმანეთს ერწყმის ლიტერატურის თამაშებრივი საწყისი და მისი (ლიტერატურის) მკითხველზე ემოციური ზემოქმედების მექანიზმი… ამ აზრით ვიანის რომანი არის “ტრაგედიის თამაშიც” და “თამაშის ტრაგედიაც”. პოსტეპოქისათვის სწორედ ეს აღმოჩნდა ძვირფასი ვიანის შემოქმედებიდან: განსხვავებულ სტილთა მონტაჟის გზით იქმნება მეტასტილი, რომელიც, თავისი მრავალფეროვნებისა გამო, ნებისმიერი მხატვრული გადაწყვეტის ფუნდამენტურ პირობითობას წარმოადგენს. აქ კი უკვე პოსტმოდერნიზმის სიო უბერავს და … უბერავს!
    დაბოლოს, გულს რომ არ დამაკლდეს, მთარგმნელის დამსახურებაზეც ვიტყვი: მე არა მაქვს საშუალება დედანთან შედარებისა, მაგრამ მთავარია, რომ წიგნი ქართულად კარგად იკითხება და, თუ პაატა ჯავახიშვილის რედაქტორობით 90-იან წლებში გამომავალ “ახალი თარგმანების” ორ ნომერსაც გავიხსენებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბორის ვიანის “დღეთა ქაფი” ნამდვილად პროფესიონალი მთარგმნელის ხელში მოხვდა და ამით ბორის ვიანის მწერლური კარიერის დასაწყისში ზემოთ მინიშნებული ერთგვარი ლიტერატურული უიღბლობა, მისი ქართულად ამეტყველების შემდეგ, ნაწილობრივ მაინც, აღმოფხვრილია. მე კი მხოლოდ იმ ციტატების მოხმობა ვცადე, რომლებიც მწერლის რამდენიმე ნიშანდობლივ მხარეს წარმოაჩენდა, რადგან გამიგია, რომ ციტატის მარჯვედ მოხმობა საქმის ნახევარს უდრის. სიმარჯვეზე ვერას ვიტყვი, ხოლო საქმის ორივე ნახევარი ნამდვილად იქნება ვიანის სხვა თხზულებების თარგმნაც. ამ პირველ ქართულ გამოცემაში კი დახვეწილი ქართველი მკითხველი სათავისოს უჩემოდაც აღმოაჩენს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ვლადიმირ ნაბოკოვი – ლოლიტა

    ლევან ბრეგაძე
    როცა თარგმნა მართლა შემოქმედებაა

    ვლადიმირ ნაბოკოვი, «ლოლიტა» (რომანი). ავტორისეული რუსული გამოცემიდან თარგმნა თამარ ლომიძემ. რედაქტორ-გამომცემელი ლაშა ბერაია (მასვე ეკუთვნის რუსული გამოცემის პოსტსკრიპტუმის თარგმანი). თბილისი, «ლოგოს პრესი», 2002.

    ვლადიმირ ნაბოკოვის «ლოლიტასავით» ძნელად სათარგმნელი პროზა ცოტა თუ მოიძებნება. აქაოდა ბულვარული პორნოგრაფიული საკითხავი არ გამომივიდესო, ავტორი რიტორიკული ფიგურებით და ათასი უცნაურობით ნაჯერ ტექსტს გვთავაზობს: მოულოდნელი ეპითეტები და შედარებები, აღმოსავლური ყაიდის მეტაფორულობა, მხატვრული აბსურდის ტექნიკით შესრულებული პასაჟები, ალუზიათა და ციტირების ნაირ-ნაირ სახეობათა სიუხვე, ორიგინალური სიტყვათწარმოება, უამრავი სიტყვის თამაში თუ ზმა… მოკლედ, ჩვენ წინაშეა ინტელექტუალური და ამავდროულად ეროტიკული პროზის გემოვნებით შესრულებული პაროდია ფარსის ელემენტებით… ჰოდა, ეს ყოველივე ნამდვილად დაგაფრთხობს, როცა «ლოლიტას» სხვა ენაზე გარდათქმას დააპირებ, თუკი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რაც მთარგმნელს მოეთხოვება, რთულ მხატვრულ-ლინგვისტურ ამოცანათა დაძლევის ჟინითაც არა ხარ შეპყრობილი.
    თამარ ლომიძე – ამ თარგმანისთვის საჭირო ორივე ენის ჩინებული მცოდნე, ფართო პროფილის მეცნიერ-ფილოლოგი, ანალიტიკოსი, ორიგინალურ და ღრმა ლიტერატურულ დაკვირვებათა ავტორი და თარგმანის დარგშიც საკმაოდ გამოცდილი შემოქმედი – ქართული «ლოლიტას» სახით უაღრესად მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენას გვთავაზობს.
    მთარგმნელთა უმრავლესობის მთავარი უბედურება ის არის, რომ ტექსტის ანალიზური წაკითხვა უჭირთ; არ ითვალისწინებენ, რომ მხატვრულ ნაწარმოებში ინფორმაცია მარტო სიტყვებით კი არა, სიტყვათა ორგანიზებითაც გადაიცემა. განსაკუთრებით ემტერებიან ლექსიკურ და სინტაქსურ გამეორებებს, რაც უფუნქციო ტავტოლოგია ჰგონიათ.
    საჭადრაკო ორთაბრძოლის ეპიზოდში ვ. ნაბოკოვს ერთი ფრაზა აქვს, სადაც ოთხჯერ, თითქოსდა მომაბეზრებლად, მეორდება კავშირი «и». დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ სტილისტიკურ ფიგურას, რომელსაც დაბნეული და აფორიაქებული პერსონაჟის ცოცხალი პორტრეტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, თამარ ლომიძე ზუსტად გადაიტანს თარგმანში:
    «ამიტომ დიდხანს ვერაფერს ბედავდა, და ქშინავდა, და კრუსუნებდა, და ლაშებს აცმაცუნებდა, და მალულად მაკვირდებოდა კიდეც».
    კარგი, ვთქვათ, ეს იმდენიც არაფერი ტექნიკური თვალსაზრისით. ახლა ასეთი ადგილი ვნახოთ: ჰუმბერტ ჰუმბერტი უსაყვედურებს ლოლიტას: «გაგიჟებით გიყვარდა ძიგძიგისა და სლუკსლუკის უპირველესი სპეციალისტის ფირფიტები, იმისა, შენი ჯუფთი ყმაწვილები რომ აღმერთებენ (ლოლიტა: «ჩემი ვინ? – ადამიანურად ილაპარაკე»)».
    ლოლიტას ჩვენს მიერ ხაზგასმული მოძველებული, მწიგნობრული «ჯუფთი» ეტოშა, რაც ტოლს ნიშნავს. ეს გახლავთ მარჯვედ და, უთუოდ, არცთუ ადვილად მოძებნილი სიტყვა, რომლითაც იმის მსგავსი ეფექტი მიიღწევა, რასაც დედანში «соотроковица» ქმნის. (отроковица ასევე ძველებური, მწიგნობრული სიტყვაა და ყმაწვილ ქალს ნიშნავს). აქ ასაკით და ინტერესებით დიდად განსხვავებულ პერსონაჟთა პორტრეტები სტილისტიკური ხერხით იხატება. ასეთი ადგილების თარგმნისას გამოიცდება ნამდვილი შემოქმედი მთარგმნელი.
    «ო, ჩემო ლოლიტა, ახლა მხოლოდ სიტყვებით თამაში თუ შემიძლია» – ასეთ კომენტარს ურთავს მთხრობელი მის მიერ შეთხზულ ამ სამსიტყვიან მინი-ლექსს: «Убил ты Куилты». (აქ მან რითმის გულისთვის ოდნავ დაამახინჯა მისი საძულველი მეტოქისა და მსხვერპლის გვარი Куильти). ამ სიტყვის თამაშის თამარ ლომიძისეული ვერსია ასეთია: «ბილწი-კუილწი». და კიდევ რამდენი რთული მთარგმნელობითი პრობლემის ასეთივე მახვილგონივრული გადაწყვეტა უპოვია მას!
    ვნახოთ თარგმანში კარგად გადმოტანილი «მხატვრული» სიტყვათწარმოების ნიმუშები:
    «ავტომობილიდან გადმოვედი და «დაბორბვლას» შევუდექი. განსვენებული შარლოტა ასე უწოდებდა ამ ოპერაციას» (იგულისხმება ავტომობილის ბორბლის გამოცვლის პროცესი. ლ.ბ.). «დაბორბვლის» ადგილას დედანში არის «колесование».
    «როდესაც დავბრუნდი, სახლი ჯერ კიდევ ულოლიტო იყო». (შეადარეთ ამას შესაძლო «პროზაული» (უფერული) ვარიანტი: «როდესაც დავბრუნდი, ლოლიტა ჯერ კიდევ არ იყო შინ»).
    დედანშია: «Когда вернулся, дом был еще безлолитен».
    ზემოთ რომ აღმოსავლური მეტაფორულობა ვახსენე, ამ ყაიდის მხატვრულ სახეებს ვგულისხმობდი: «ჩემი კლერის ბიძა მაგიდაზე იჯდა, სახეზე ჯერ კიდევ მეოცნებე გამომეტყველება ეფინა, მაგრამ ფეხი აღარ არწევდა ვარდისფერი იმედების აკვანს».
    (დედანშია: «…нога перестала толкать люльку розового упования»).
    სამაგალითო სიზუსტითა და ოსტატობით გადმოაქვს მთარგმნელს ქართულად ამის მსგავსი რთული მხატვრული სახეები. კიდევ ერთი მაგალითი:
    «ჩრჩილმა ადგილ-ადგილ ამოჭამა ცოლქმრული სიმყუდროვის პლუში».
    რუსულ ტექსტშია: «Молевые проедники появились в плюше супружеского уюта «.
    დედანში ერთი ასეთი შედარებაა: «Солнце уже горело, как мужественный мученик». დააკვირდით, რა მარჯვედ არის შერჩეული სიტყვები მის გადმოსაქართულებლად:
    «მზე უდრეკი მარტვილივით იწვოდა». фтвф
    შევამჩნიე რამდენიმე, ძირითადად, ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული ნაკლულება:
    დასაზუსტებელია ის ადგილი, სადაც მთხრობელი გოეთეს «ტყის მეფეს» იხსენებს. ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნა – «но на сей раз любитель не мальчиков, а девочек», ტყის მეფეს მიემართება და არა მთხრობელს, როგორც ეს თარგმანშია (გვ. 281).
    338-ე გვერდზე, ფრაზაში – «დოლის ისევე ხომ არ მოვექეცი, ორმოცდაათი წლის ფრანკ ლასალი (უნდა იყოს ლასელი. ლ.ბ.) რომ მოექცა სალი ჰორნერს 1948 წელს?» – გამორჩენილია ფრანკ ლასელის პროფესია (მექანიკოსი) და, რაც მთავარია, სალი ჰორნერის ასაკიც («თერთმეტი წლის»), რასაც აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს.
    არის რამდენიმე კორექტურული შეცდომა, რის შედეგადაც აზრი იცვლება:
    «მეორე წერილი, რომელიც ლიფტში გავხსენი და სასწრაფოდ გავხსენი, ჯონ ფარლოსგან იყო» (გვ. 309). მეორე «გავხსენის» ნაცვლად უნდა იყოს «გადავათვალიერე».
    «ახალშექმნილ სხვა თეატრალურ ჩვევებთან ერთად» (გვ. 245). «ახალშექმნილ»-ის ნაცვლად უნდა იყოს «ახალშეძენილ».
    მაგრამ ეს წვრილმანია.
    ამ თარგმანს ბევრი ღირსება აქვს, ხოლო უმთავრესი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მთარგმნელს არ მოსდის ინტონაციური ხასიათის შეცდომები. ჩინებულად არის გადმოტანილი წინასიტყვაობის ფსევდოავთენტიკური, პირველ ცოლთან გაყრის ამსახველ ეპიზოდთა ფსევდოდრამატული და მრავალი პასაჟის ფსევდოპათეტიკური ინტონაციები. და ესეც ანალიზურ კითხვაში გაწაფულობის შედეგია.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ნესტან რატიანი – რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში

    ზურაბ კიკნაძე
    ხელახალი ქორწილი
    ნესტან რატიანი “რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში” (ჰომეროსიდან ევრიპიდემდე), რედაქტორი რისმაგ გორდეზიანი, რეცენზენტები: ნანა ტონია, რუსუდან ცანავა, თბ. “ლოგოსი”, 2001

    წიგნი ეხება ბერძნული რელიგიური თუ ყოფითი კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანს უბანს და, როგორც დამოწმებული ლიტერატურის სიიდან ჩანს, არცთუ ღრმად დამუშავებულს იმ კუთხით, რომლითაც ავტორს განუზრახავს მისი შესწავლა. ესაა სინამდვილის რიტუალური მხარე, რომელიც მსჭვალავდა ადამიანის კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებას. წიგნის ავტორი ანგარიშს უწევს ორ გარემოებას, რომლებსაც შეუძლიათ რიტუალი მისი თავდაპირველი ფუნქციისგან განსხვავებულად წარმოგვიდგინონ: ეს არის ის დამატებითი როლი, რომელსაც რიტუალი ასრულებს მხატვრული ნაწარმოების კომპოზიციის ასაგებად და ამ მიზეზით გამოწვეული დესაკრალიზაცია.
    ამრიგად, ავტორის წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას: ერთია გამოკვლევა იმისა, თუ როგორ არის რიტუალი ასახული ნაწარმოებში, როგორც რელიგიური ფენომენი; მეორეა, რა ფუნქციით არის იგი გამოყენებული ნაწარმოებში, როგორც კომპოზიციური ელემენტი სიუჟეტის განვითარებაში; და მესამეა, როგორ არის იგი შემოქმედებითად დამუშავებული და გარდაქმნილი, როგორც სინამდვილის ნებისმიერი სფერო მხატვრულ ნაწარმოებში. ამიტომ მკვლევარი შერიგებული უნდა იყოს იმ გარემოებასთან, რომ რიტუალი არასოდეს სრული სახით არ იქნება ნაწარმოებში წარმოდგენილი. მისი მთლიანობის აღდგენა კი ფილოლოგის კომპეტენციაში არ შედის, რასაც აღნიშნავს კიდეც ავტორი, თუმცა რიტუალის არსებით მხარეზე საუბარს მაინც ვერ ასცდებოდა და ეს ბუნებრივიც არის.
    რიტუალური თეორიისა და პრაქტიკის მთელ მრავალფეროვნებას ავტორი მწყობრ კლასიფიკაციაში აქცევს. გამოყოფილია რიტუალური ქმედებების ხუთი სფერო: მსხვერპლშეწირვა, განწმედა, ქორწილი, გლოვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ კლასიფიკაცია პირობითია და ამას გრძნობს ავტორი. მსხვერპლშეწირვა, როგორც სისხლიანი, ისე უსისხლო, აუცილებელი ნაწილია თითქმის ყველა სახეობის რიტუალისა. მის გარეშე განწმედის რიტუალს არ ექნებოდა ძალა. მეორე მხრივ, განწმედის რიტუალი, როგორც აღნიშნავს ავტორი, წინ უძღვის ნებისმიერ რიტუალს. თუ ქმედებას, თვით ჭამიდან დაწყებულს მსხვერპლშეწირვით დამთავრებულს. “ნებისმიერი სახის მსხვერპლშეწირვის წინ მონაწილენი ერთიანდებოდნენ სიმბოლური განწმენდით”. მისი უნივერსალობიდან გამომდინარე ავტორი ცდილობს ე.წ. განწმედის რიტუალის ზოგიერთ კონკრეტულ გამოხატულებაში (როგორიც არის ბრძოლის წინ განწმედა), დაინახოს (და სამართლიანადაც) სტატუსის შეცვლის, ანუ, როგორც მას პირველად უწოდა არნოლდ ვან გენეპმა, “გადასვლის რიტუალი”. მე დავსძენდი, რომ არა მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი შეიძლება ამ რანგშიც გავიაზროთ. ყოველი განწმედის საზრისი ადამიანის განახლებაში ანუ მის ახალ სტატუსში (იქნება ეს მეომრობა, რელიგიური მსახურება, ქორწინება თუ გლოვა) გადასვლაშია. მისი მიზანია ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან შემთხვევაში, როგორც ავტორი აღნიშნავს, ადამიანის “გამოყოფა ყოველდღიური ჩვეული მდგომარეობიდან”.
    მსხვერპლშეწირვა მოითხოვს განწმედას თავის წინაპირობად, მაგრამ თავად განწმედის რიტუალის სუბსტანციური მხარე, ფართე აზრით, სხვა არაფერია, თუ არა მსხვერპლშეწირვა (ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა ძველ აღთქმაში). მოქცეული ვართ მოჯადოებულ წრეში, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან რელიგიური მსოფლგანცდა და მასთან დაკავშირებული რიტუალები ერთმანეთს განმარტავენ და განაპირობებენ. ზუსტად ისევე, როგორც ირინევს ლიონელი ამბობს, რომ “ჩვენი მოძღვრება განმარტავს ლიტურგიას, ხოლო ლიტურგია, თავის მხრივ, განმარტავს მოძღვრებას”. სხვანაირად, ეს ჭეშმარიტება შეიძლება განმოვხატოთ რიტუალისა და მითოსის ურთიერთობით. რომელია პირველადი? ასეთი კითხვა ალბათ არც არის გამართლებული. ყოველ შემთხვევაში ე.წ. მანკიერი წრის ამ მანკიერებას მეორე მხარე აქვს: იგი შეიძლება რელიგიური სფეროს ირაციონალურობის მეტაფორად გავიაზროთ, ყოველ შემთხვევაში, ის კარგად გამოხატავს საგნის არსს. ეს არის ჰერემენვტიკული ჩაკეტილი წრე, რომლის შიგნით აზრს კარგავს ის კითხვები, რომლებიც წრის გარეთ მყოფს ებადება. ამიტომაც არ უნდა იყოს ძირითადი თემიდან გადახვევა, როცა ავტორი საგანგებოდ განიხილავს წრის იდეას რიტუალებთან დაკავშირებით. ეს იქნება როკვით შექმნილი წრის, ფერხულის, დაწნული გვირგვინის, საქორწილო ბეჭდის თუ სახლის, შემოსაზღვრული სივრცის ან, თუნდაც, პენელოპეს ნაქსოვის სახით. და ბარემ აქვე აღვნიშნოთ, რომ რიტუალის, კერძოდ, მსხვერპლშეწირვის რიტუალის ატრიბუტებს ავტორი ასევე ფართე სიმბოლურ პლანში გაიაზრებს, როგორც მაგალითად სამსხვერპლო კვამლს მსოფლიო ხისა და ღერძისა და, საბოლოოდ, გზის ანალოგად, რამდენადაც სამსხვერპლო ადგილი სამყაროს შუაგულად გაიაზრება და იმავდროულად მასზე გადის ღმერთებისკენ მიმავალი გზა. უადგილო არ იქნებოდა ფშაური წარმოშობის რიტუალური ლექსის (“ბერი გიორგი მეც ვიყავ…”) გახსენება, რომელიც ჭარბი კომუნიკაციური საშუალებებით გამოირჩევა. აქ არის ჯაჭვი, აქ არის მთაც, ხეც და კიბეც, როგორც იაკობის კიბის გამოძახილი.
    თავისი საკუთრივი, შეიძლება ითქვას, სრულმასშტაბიანი ფუნქცია, აქვს დაკისრებული საქორწინო რიტუალთა ელემენტების ხსენებას და, საზოგადოდ, ქორწილის მოტივს “ოდისეაში”, რაც ავტორს აძლევს საშუალებას, ილაპარაკოს ოდისევსისა და პენელოპეს “ხელახალ ქორწილზე”. ეს ადგილი ნაშრომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პასაჟად მიმაჩნია, რომელსაც აქვს სამომავლოდ გაღრმავებული კვლევის პერსპექტივა. აქ იკვეთება აზრი, რომ “ოდისეას” მთელი შინაარსი ხელახალი ქორწინებისთვის მზადებაა. ამისკენ არის მოწოდებული ყველა ის განსაცდელი, რომლებიც ეპოსის მთავარმა გმირმა გადაიტანა გზაზე ტროადან ითაკამდე, ლოტოფაგებიდან დაწყებული, ქალღმერთთგან შემოთავაზებული ქორწინებებით დასრულებული, რომელთაც ის პენელოპასთან ხელახალი შეუღლებისთვის უარყოფს. ყველაფერი, რაც ხდება ეპოსის დასასრულს ამ ხელახალი ქორწინების წინაპირობაა: სასიძოთა ძლევა ასპარეზობაში, მსახურთა ფერხული, განწმედის რიტუალი, სიძის განმშვენება ათენას მიერ, ჩირაღდნებით სვლა. ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავსძინოთ, რომ ფერისცვალება, რასაც ოდისევსი განიცდის ათენას ხელით, რომელმაც გადაალახვინა ყველა სხვა დაბრკოლება, შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც გადასვლის რიტუალი, რომლის ძალითაც ოდისევსი სიძის სტატუსს იძენს, რომლის ძალითაც ის გამოიხსნის სასიძოთა ტყვეობაში მყოფ სასძლოს. არაშემთხვევით, ავტორი ოდისევსის საბოლოო ქმედებას პენელოპეს გათავისუფლებად იაზრებს.
    თუ ეპოსში, კერძოდ, “ოდისეაში” დასასრული ბედნიერ ქორწილს მოითხოვს, რითაც ეპოსი მოგვიანო ჯადოსნურ ზღაპარს ენათესავება, სხვაგვარად არის საქმე ტრაგედიაში. “ტრაგედიას არ აინტერესებს იღბლიანი, ბედნიერი ქორწილი… ტრაგიკოსთა ინტერესის საგანი ის ქორწილებია, რომლებიც ან წარუმატებლად დასრულდა ან უბედურად წარიმართა”. ეს სავსებით კანონზომიერია რიტუალიდან წარმოშობილი ჟანრისათვის. ოღონდ ეს ის რიტუალი არ არის, რომელიც ბედნიერად მთავრდება.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ჯინ ვებსტერი – გრძელფეხება მამილო

    ნინო ცინცაძე
    მათთვის, ვინც გარდაქმნების სურვილითაა შეპყრობილი
    ჯინ ვებსტერი. “გრძელფეხება მამილო”. მთარგმნელი ლია გუგუნავა, ილუსტრაციები ჯინ ვებსტერი, გარეკანის მხატვარი ნინო ზაალიშვილი, გარეკანის დიზაინი გიორგი ტაბლიაშვილი. თბილისი. “დიოგენე”. 2002

    “გრძელფეხება მამილო” მოგვითხრობს ობლის ამბავს, რომელიც ანონიმურმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა…” – წერია წიგნის წინასიტყვაობაში. თუმცა, ამ წიგნის შინაარსი, ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ამ ფრაზიდან ჩანს. მასში არის მაღალი იუმორიც, სიყვარულიც, ინტრიგაც. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის ის, რაც ჩვენი სინამდვილისათვის წიგნს მნიშვნელობას მატებს.
    ამ წიგნის მთავარი აზრი შეიძლება მისივე გმირის აღშფოთებით გამოვხატოთ, როდესაც ის გაიგებს, რომ “ღარიბები იმისათვის არიან გაჩენილნი, რომ ჩვენ მოწყალენი გაგვხადონ”, ანდა, როდესაც ის თავგადაკლულ ტრადიციულ პურიტანებში მოხვდება და ეუბნება, რომ “ისინი თავიანთ ღმერთზე უკეთესები არიან” (პურიტანები ამ წიგნში, და XX საუკუნის დასაწყისის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ის ქრისტიანი ხალხია, რომლებსაც ზედმეტად დოგმატურად ესმით რწმენის საკითხები, ღმერთი შურისმაძიებელი და ფხიზელი არსება ჰგონიათ და უფრო ეკლესიის მსახურების აზრს უსმენენ/ემორჩილებიან, ვიდრე ბიბლიას).
    „გრძელფეხება მამილო” ძალიან ბევრი რამის შესახებაა. წიგნი გვიამბობს განათლების და განათლებულობის მნიშვნელობის შესახებ, იმის შესახებაც, რომ ამ სამყაროში სიღარიბე უფრო მოსალოდნელი რამეა, ვიდრე სიმდიდრე, რომ ღარიბები და მდიდრები ადამიანთა ორი განსხვავებული ჯიში არ არის და, რაც მთავარია, სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უსამართლობებით და უბედურებებითაა აღსავსე, მაინც “happy end”-ით მთავრდება, ძალიან თუ მოინდომე. თანაც, ეს ყველაფერი მოთხრობილია ნათელი იუმორით დაწერილი წერილების საშუალებით, რომელთა კითხვაც ძალიან სახალისოა.
    მოკლედ, ეს წიგნი აქტუალურია. აქტუალურია თუნდაც იმის გამო, რომ დღეს ჩვენ თანდათან შევდივართ იმ სამყაროში, რომელიც აშშ-ში იყო მაშინ, როდესაც ეს წიგნი იწერებოდა. დღეს ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები, რომ უაზრობაა კამათი იმის შესახებ, თუ რომელი სჯობს ვიყოთ; რომ თუ ღარიბი ისეთია, როგორც ჯუდი, ხოლო მდიდარი ისეთი, როგორც გრძელფეხება მამილო, საერთოდ სისულელეა ამ საკითხის წამოჭრა, რომ ჩვენს გარემოში მხოლოდ ცუდები და კარგები არ არსებობენ, რომ შესაძლებელია შემწყნარებლობა, რომელიც განათლებულობაზე იქნება დამყარებული და არა – დოგმებზე. ჩვენ, როგორც საზოგადოება და საზოგადოების წევრები, ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების აღმოჩენის ეპოქაში ვცხოვრობთ, “გრძელფეხება მამილო” კი ნამდვილად დაგვეხმარება ამ ამბების გარკვევაში.
    ეს წიგნი ყველასათვს არის დაწერილი, მათთვის, ვინც ბრონტეანულ (თუ ბრონტულ) სიზმრებშია გახვეული, ასევე მათთვის, ვინც მოხდენილ იუმორს (ან სატირას) ცხოვრების შესაფასებელ ერთადერთ ღირსეულ იარაღად მიიჩნევს, მათთვისაც, ვისაც არ აკმაყოფილებს რაც ხდება, და გარდაქმნების სურვილითაა შეპყრობილი.
    დაბოლოს: რა თქმა უნდა, არ არსებობს თარგმანი ხარვეზების გარეშე. მაგრამ შეცდომები, რომელიც წიგნის კითხვისას შეიმჩნევა, ტექნიკური ხასიათისაა და ძალიან კარგად შესრულებულ სამუშაოს ვერაფერს აკლებს.
    P.S.გარდა ზემოთ თქმულისა, “გრძელფეხება მამილოს” დიოგენესეული გამოცემა ინგლისური ენის შესწავლით დაკავებული თინეიჯერებისთვის დროის სასიამოვნოდ და თანაც სასარგებლოდ გატარების მშვენიერი საშუალებაცაა, რადგან თარგმანს თან ტექსტის დედანი და ინგლისურ-ქართული ლექსიკონიც ერთვის. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია უკანა ყდაზე რომ ყოფილიყო აღნიშნული, წიგნს კომერციული თვალსაზრისით ერთობ წაადგებოდა. თუმცა, მე ამ საკითხში ბევრი არა გამეგება რა და ამიტომ რაიმეს დაბეჯითებით მტკიცებისაგან თავს შევიკავებ.

    © “წიგნები – 24 საათი”