• AUDIO,  ახალი წიგნები,  ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი”

    AUDIO
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ლევან ბერძენიშვილის წიგნი გამოსცა, რომელიც მთლიანად გადასახლებაში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს.
    ქართულ ენაზე არც ისე ბევრი წიგნი დაწერილა ციხისა და გადასახლების შესახებ: შეიძლება გავიხსენოთ თითო-ოროლა მოთხრობა XIX საუკუნიდან, რამდენიმე ავტორი XX საუკუნეში, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია… და ერთიც, საუკუნეთა მიჯნის მწერალი, ზურაბ ლეჟავა.
    ყველა ამ ავტორთან აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა დახატული, ზოგი ფანტასმაგორიულია, სხვები კი ძალზე რეალური, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი ყველანი საპყრობილეზე მოგვითხრობენ, ხან რიგით დამნაშავეებზე, ხანაც პოლიტიკურ ტუსაღებზე.
    დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს ამ ტიპის ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი იმ წიგნებისა, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს წარმოგვიდგენენ. ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, თუმცა მაინც ყველა წიგნისგან განსხვავდება, რომელიც კი პოლიტიკურ საპყრობილეზე დაუწერიათ. სათაურის მიუხედავად, ეს არის ძალიან ნათელი და ხალისიანი მოთხრობების კრებული, გნებავთ რომანი, სადაც ავტორი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან წლებს აღწერს.
    ლევან ბერძენიშვილი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ წიგნში საუბარი იქნება მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდზე, როცა კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ საუკეთესო ადამიანებთან უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ამავეს ამბობს ბორია მანილოვიჩიც, წიგნის ერთ-ერთი გმირი, და მოჰყავს სოლჟენიცინის, დოსტოევსკის, მაჰათმა განდისა და სხვათა სიტყვები, რომლებიც ბედის მადლიერნი იყვნენ, პატიმრობა რომ არგუნა.
    “წმინდა წყვდიადი” ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, უნიკალური ნაწარმოებია. მან, შესაძლოა, ახალი სუნთქვა შესძინოს ქართულ პროზას. მე ამ წიგნს “ციხის ათას ერთ ღამეს” დავარქმევდი, თუმცა მეორე მხრივ იგი საუკეთესო ქართული ფილოლოგიური რომანიცაა.
    რატომ ვადარებ “წმინდა წყვდიადს” ათას ერთ ღამეს? რატომ და აქაც სიკვდილის საშიშროებით იწყება თხრობა და მთხრობელი აქაც, შაჰერაზადასავით, თხრობით იხანგრძლივებს სიცოცხლეს, რადგან ვალი აქვს, სიკვდილთან ჭიდილისას გულაგის ამბები უნდა მოყვეს. პირველ ჯერზე ვითომ თანატუსაღი, არკადი დუდკინი გადაარჩინა დავიწყებას, სინამდვილეში კი თავი გადაირჩინა, რადგან არკადიმ გრიშა ფელდმანი გამოიხმო, გრიშამ ჟორა ხომიზურს უხმო, “ჟორამ ჯონი ლაშქარაშვილს, ჯონიმ რაფიკა პაპაიანს, რაფიკამ გენრიხ ალთუნიანს, გენრიხამ მიშა პოლიაკოვს, მიშამ ბორია მანილოვიჩს, ბორიამ ვადიმ იანკოვს, ვადიმმა ფრედ ანადენკოს, ფრედმა იური ბაძიოს, ბაძიომ ალექსეი რაზლაცკის, რაზლაცკიმ პეტრე ბუტოვს, ბუტოვმა დაინის ლისმანისს…” და აქ ავტორი უკვე ბიბლიურ სიმაღლეებს მიწვდა: “და ყველა ერთად იყო თოთხმეტი და თოთხმეტივემ ერთად უხმო დათოს და ჩემი მეხსიერება ისე განათდა, რომ სინათლე სიბნელედ იქცა, წყვდიადი დაიწმინდა და წმინდა წყვდიადი ალაპარაკდა”.
    როგორც შეატყეთ, ამ წმინდა წყვდიადში 15 კაცი ბინადრობს, 15 სრულიად გამორჩეული პერსონაჟი, უფრო სწორად, რეალური ადამიანი. ლევან ბერძენიშვილის ამ წიგნის კითხვისას ყველაზე მეტად სწორედ ეს აღმატებითი ხარისხის უხვი, დაუზოგავი და უშურველი გამოყენება მამხიარულებდა. თითქმის დაუჯერებელი იყო, რომ ბარაშევოში, ერთ პატარა ადგილას მოიყარა თავი მსოფლიოს 15-მა ყველაზე-ყველაზე ადამიანმა. ესენი იყვნენ: თბილისის ისტორიაში საუკეთესო ტაქსისტი, დიადი გეოგრაფოსი და ტოპონიმიკოსი ჯონი ლაშქარაშვილი, ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი, რომელმაც იცოდა – ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური, ძველი ბერძნული, ლათინური და სანსკრიტი, ზედმიწევნით ერკვეოდა ზოგად და ინდოევროპულ ლინგვისტიკაში, უნივერსალური გიორგი ხომიზური, მსოფლიოში ყველაზე სერიოზული და გაუცინარი ადამიანი, უმტკიცესი პოლიტპატიმარი, “შიმშილობისა და პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლის პრომეთე”, იური ბაძიო, ფენომენალური რაფიკა პაპაიანი, “უნიჭიერესი და უხელმარჯვეესი მაისტერი”, რომელმაც გულაგში შექმნა 12 სიგარეტის ერთდროულად დამამზადებელი მანქანა, ნივრის ავტომატური სანაყი, ნიგვზის საკეპი, შემწვარი თევზის ნაჭრიდან ძვლების ხორცის სტრუქტურის დაუზიანებლად გამომცლელი და მრავალი სხვა (თანაც, გაითვალისწინეთ, რომ წლების განმავლობაში ნიორი, ნიგოზი და შემწვარი თევზი სულ რამდენიმეჯერ ეღირსათ პატიმრებს).
    კიდევ ერთი რამე მამხიარულებდა ძალიან ამ წიგნის კითხვისას, ჩვენი, პროფესიული, ფილოლოგიური კალამბურები, ხუმრობები და სატოპკეები, რომლის გამზიარებელიც, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა გარშემო, და რის გამოც არასდროს ვუშვებ ხელიდან ამგვარი ლაღობის შანსს. მაგალითად, ტუსაღები საათობით საუბრობენ აბლაუტსა და სონანტთა სისტემაზე პროტოქართველურ ენებში, კითხულობენ ჰომეროსის ჰექსამეტრებს, პრაქტიკაში ამოწმებენ accusativus cum infinitivo-ს შესახებ თეორიულ ცოდნას, უკირკიტებენ ევრიპიდეს ალკესტისის ძველ ბერძნულ აკადემიურ გამოცემას, ხანდახან კი სულაც ძველ ათენში წარმოიდგენენ თავს და იწყება გაუთავებელი სოკრატული დიალოგები გასტრონომიული კულტურის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, კინოს შესახებ. იქ ერთი ეპიზოდია, როდესაც პოლიტიკური ბანაკის ორი კორიფე, სოკრატედ წოდებული იანკოვი და დემოკრიტე-ანადენკო კამათობენ და სოკრატე ამბობს:
    “ყურადღება მიაქციე მავთულხლართებს, უკაცრავად, ზეთისხილის ხეებს და მაღალ ანძებს, უკაცრავად, ტაძრებს, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საყვარელი ჩაფრები, უკაცრავად, ანტიკური ხანის ქურუმები ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, მიხეილ ტიმოთეს ძე კალაშნიკოვის მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ავტომატურ იარაღს გვიმიზნებენ, უკაცრავად, მე მინდოდა მეთქვა, რომ ზეთისხილის შტოებით გვლოცავენ, როგორც შავი ჭირით გატანჯული თებელები ლოცავენ თავის მეფე ოიდიპოსს…”
    ამ წიგნში, მადლობა ღმერთს, პოლიტიკაზე იშვიათად კამათობენ, აქ პოლიტიკაზე მხოლოდ ირონიით საუბრობენ. სხვათა შორის, აქ ვერც უახლოესი წარსულიდან კარგად ნაცნობ მებრძოლ ოპოზიციონერ ლევან ბერძენიშვილს ამოიცნობთ, გარდა ერთად-ერთი შემთხვევისა, როცა საქართველოს “პოსტმოდერნისტი პრეზიდენტის ლექსიკურ აგრესიას” ახსენებს. მხოლოდ ახსენებს, წიაღსვლების და ფსიქოანალიზის გარეშე.
    ცალკე თემაა პატიმართა გასტრონომიული ოცნებები და რეალური მენიუ. ლევან ბერძენიშვილმა გულაგის სამზარეულოს სრული ენციკლოპედია შემოგვთავაზა, სადაც ყველაფერია: ცხელი ჩაი პატარა მრგვალი კამფეტით, თევზის პაშტეტ “ვოლნას” ბუტერბროდები მესამეული ცხობის შავ პურზე, აჭარული ხაჭაპური გულაგურად და ტორტი ბარაშევულად. წიგნის ერთ-ერთი მფარველი ანგელოზი ფრანსუა რაბლეა, რაბლესთან ერთად კი რა თქმა უნდა, ბახტინიც, ფილოლოგთა ბასილევსი, ვინაც იქვე, დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა პატიმრობის წლები. რაბლეზიანური ენამზეობისა და მუცელღმერთობის მწვერვალია სოკრატესა და ანაქსაგორას, ანუ ლევან ბერძენიშვილისა და ვადიმ იანკოვის არაჩვეულებრივი დიალოგი კულინარიულ კულტურებზე, რომელიც ძალიან მალე, იმედი მაქვს “ქართული ლიტერატურული ნადიმის ანთოლოგიაში” დაიმკვიდრებს უმნიშვნელოვანეს ადგილს (ამ წიგნზე უკვე კარგა ხანია ვმუშაობ).
    ზემოთ სოკრატე ვახსენე, ერთგან მას თავად ამ წიგნის ავტორი განასახიერებს, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც დღემდე, სხვა რამეებთან ერთად, ერთი განსაკუთრებული ნიშნით გავდა სოკრატეს, კერძოდ კი იმით, რომ იგი თითქმის არაფერს წერდა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან ბერძენიშვილმა უღალატა ამ სოკრატულ პრინციპს, სამაგიეროდ ქართულ მწერლობას შეემატა ერთი ძალზე მახვილი გონებისა და ალესილი ენის პატრონი. ავტორი, რომელსაც პირის გემოც აქვს და სიტყვებსაც ზუსტად კმაზავს.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – გრიგოლ რობაქიძის ორი წიგნი ტირანებზე

    AUDIO
    გამომცემლობა “ინტელექტმა” დალი ფანჯიკიძისა და ნანა გოგოლაშვილის მიერ თარგმნილი გრიგოლ რობაქიძის ორი ტექსტი, “ადოლფ ჰიტლერი” და “მუსოლინი” გამოსცა ცალკე წიგნებად.
    90-იანი წლების დასაწყისში, ლამის ლეგენდები დადიოდა გლიგოლ რობაქიძის ზოგიერთ ტექსტზე, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, ორი ყველაზე უცნაური წიგნიც იგულისხმებოდა, “ადოლფ ჰიტლერი – უცხოელი მწერლის თვალით” და “მუსოლინი – მზიურნიშნეული”, რობაქიძის ესეისტური დითირამბები, რომელიც მან XX საუკუნის ორ ყველაზე ცნობილ დიქტატორს მიუძღვნა.
    გრიგოლ რობაქიძე საქართველოდან სწორედ დიქტატურას და ტოტალიტარულ რეჟიმს გაექცა, თუმცა მოგვიანებით თავად მოექცა მის ხიბლში, ამჯერად უკვე ევროპაში და შექმნა წიგნები, რომლებიც დღემდე ზოგისთვის გაუგებარია, სხვებისთვის კი მისი შემოქმედების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძისთვის გაკვირვებას იწვევს რობაქიძის ეს გადაწყვეტილება, წიგნები მიეძღვნა მუსოლინისთვის და ჰიტლერისთვის:
    “რობაქიძესთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან უცნაური არის ის, რომ ადამიანი, რომელიც საბჭოურ ტოტალიტარულ რეჟიმისადმი უაღრესად კრიტიკულად იყო განწყობილი – მას აქვს მთელი თავი დაწერილი სტალინზე “ჩაკლულ სულში”, რომელიც შემდეგში ცალკეც დაიბეჭდა მის ესეების ტომში სახელწოდებით “დემონი და მითოსი”, სადაც სტალინი წარმოდგენილია როგორც აჰრიმანული სული… აქ რობაქიძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს სწორედ ამ პერსონის კულტს, პიროვნების კულტს და ამბობს, რომ ამაში არის რაღაც დამანგრეველი სული – და როდესაც სტალინისადმი კაცი ასე კრიტიკულად არის განწყობილი, ცხადია გიკვირს, რატომ მოსწონდა მას ჰიტლერი და მუსოლინი”.
    ასეთი სიმპატიების გამოვლენა იმ პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო, ორ მსოფლიო ომს შორის მოქცეული ორი ათწლეული სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ნიშნეული:
    “პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის, ეტყობა ისეთი ეპოქა იყო, რომ ასეთი გატაცება ამ “დიადი ადამიანებით” ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს განსაკუთრებით ამ პერიოდისათვისაა დამახასიათებელი, მანამდეც, რასაკვირველია, შუასაუკუნეებში და ანტიკურ ეპოქაში მსგავსი რამ, ცხადია იყო… მაგალითად, XIX საუკუნეში არ იყო ასეთი ტენდენცია, მაგრამ როგორც ჩანს ამ პირველმა მსოფლიო ომმა, მართლაც საშინელმა და სისხლისმღვრელმა ომმა, გამოიწვია საზოგადოებაში ისეთი აზრი, რომ საჭიროა ძლიერი პერსონები. ამიტომაც არის, რომ ხდება აღზევება ისეთი ადამიანების, როგორც იყო მუსოლინი, ჰიტლერი და საბოლოო ჯამში ეს აღფრთოვანებაც სტალინით არამხოლოდ პროპაგანდის შედეგია, არამედ საზოგადოებაში ასეთი ძლიერი ხელისა და წესრიგის დამამყარებლის საჭიროების დანახვისაც”.
    მსგავსი მაგალითები სხვა ეპოქებიდანაც არაერთი ვიცით, სხვა დროშიც ბევრი იყო ამგვარი თაყვანისცემა და ანტიკურობიდან მოყოლებული – დღემდე ზოგიერთი მწერალი, უფრო ფართოდ კი ხელოვანი, რატომღაც საჭიროდ თვლის ხოლმე კონკრეტულ ლიდერში, ძალაუფლების მატარებელ პერსონაში იმედი და შთაგონების წყარო დაინახოს. შეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას ეზრა პაუნდი და კნუტ ჰამსუნი არ გაგახსენდეს. ლაშა ბაქრაძემაც სწორედ ეს ავტორები დაიმოწმა ჩვენთან საუბრისას:
    “დიქტატორებით აღფრთოვანება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ან საბჭოური მოვლენა. არამედ დასავლეთშიც, სრულიად დემოკრატიულ ქვეყნებშიაც იყვნენ მწერლები, რომლებიც ამ ძლიერი პიროვნებებით იყვნენ აღფრთოვანებულები. ჰიტლერით და მუსოლინით აღფრთოვანებული იყვნენ ისეთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები, როგორც ეზრა პაუნდი ან კნუტ ჰამსუნი. ამის გამო მათ ომის დამთავრების მერე პასუხიც კი მოთხოვეს. ასეთივე დიდი აღფრთოვანება იყო სტალინის გარშემოც. მთელი დასავლეთის მწერლები აქ დადიოდნენ და ერთეული გამონაკლისების გარდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დითირამბებს უწერდნენ სტალინს, რომელიც რაღაც ახალს აშენებდა, ეს იყო მათთვის სრულიად ახლებური სამყაროს ხედვა”.
    გრიგოლ რობაქიძისთვის ასეთი სიახლის მატარებელი მუსოლინი და ჰიტლერი იყო. ამ უკანასკნელის შესახებ იგი მისთვის დამახასიათებელი, ლამის კომიზმამდე მისული მაღალფარდოვნებით წერდა: “დიახ, ჰიტლერი მართლაც ახალი ადამიანია, უფრო ზუსტად: ადამიანის ახალი ხატი. მის სტიქიაში მარად სასიკეთო ინტერფერენციის სახით შემოქმედებითად იძვრის ცალკეულ ადამიანსა და პირველმდგენს შორის დაძაბულობის შემქმნელი ცეზურა”.
    რობაქიძის ენა ცალკე საკითხია, ეს ფენომენი კარგადაა შესასწავლი და პირველ, საინტერესო დაკვირვებებს ერთ-ერთი წიგნის ქართულად მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის ბოლოსიტყვაობაშიც შეხვდებით, სადაც იგი მწერლის ენობრივ ექსპერიმენტებს “ქართულში გერმანული ხატებისა და სიტყვათქმნადობის დამკვიდრების მცდელობად” აღიქვამს. დალი ფანჯიკიძესთვისაც და ნანა გოგოლაშვილისთვის, ცხადია, გრიგოლ რობაქიძის ესეების ენობრივი თავისებურებები იყო ამოსავალი თარგმანზე მუშაობისას. სწორედ ამიტომაც, ქართული თარგმანი გაჯერებულია ტერმინოლოგიური “მზიურნიშნეულობით”. ორივე წიგნში ბევრია თაურხატები და თაურდროები. აქ სხვა უცნაურ კომპოზიტებსაც შეხვდებით – პირველთაური, თაურმცენარე, მგეობა, პირველმდგენი, შინაგან შემკვრივებული მთლიანობა, ქვაშიშობილი, მზმელი, სხეულმოვლენილი და სხვ. თუმცა კი, რა თქმა უნდა, მთავარი ცნებები გრიგოლ რობაქიძისთვის, ესაა – რასა, ხალხი, სისხლი, მიწა. სადღაა ადამიანი? ამაზე პასუხი მარტივია, აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, დიადი ზეკაცი, გმირი, ვისაც წიგნი ეძღვნება და ვისი სახელებიც მითიურ რუნებშია ამოტვიფრული, ან კიდევ სადმე სხვა რომელიმე იდუმალ ტექსტებში.
    ლაშა ბაქრაძის აზრით, გრილორ რობაქიძის ეს ტექსტები არანაირ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ღირებულებას არ წარმოადგენს:
    “ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ეს ორივე წიგნი, შეიძლება ითქვას, მდარე დონის ლიტერატურაა. არც ერთი წიგნი არ წარმოადგენს ლიტერატურის თვალსაზრისით რაიმე ღირებულებას, თორემ, იგივე დიქტატორებზე ბევრი საინტერესო წიგნიც დაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რობაქიძე შემდეგში, ომის მომდევნო წლებში ცდილობდა რაღაცნაირად გაენეიტრალებინა ეს წიგნები და ეთქვა, რომ ეს არის რაღაც ეზოთერული ხედვა და არ ეხება კონკრეტულად რომელიღაც პიროვნებებს, მან ეს ვერ მოახერხა და ვერც მოახერხებდა, რადგანაც ყველასათვის ცხადი იყო, რომ ჰიტლერზე და მუსოლინიზე ასე წერა, როგორც მას აქვს დაწერილი, მიუღებელი იყო და მიუღებელი იყო არამხოლოდ ომის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გამოჩნდა, არამედ მანამდეც, განათლებული კულტურული მწერლისგან”.
    განათლება და კულტურა კი რობაქიძის ამ წიგნებში XX საუკუნის დასაწყისისა ჩანს. რუსული ვერცხლის საუკუნე ვლადიმის სოლოვიოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის სიმბოლისტური ფილოსოფიით, ნიცშესა და ეზოთერული აზროვნების უცნაური ნაზავი, ავტოციტატები. ერთი სიტყვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ტრადიციული მარაგით მიუდგა საკითხს, თუმცა ბევრისთვის მაინც გამოცანად დარჩა, რამ აიძულა მწერალი, ეს ტექსტები დაეწერა. ასეა ლაშა ბაქრაძისთვისაც:
    “რობაქიძეს არ ჰქონდა აუცილებლობა იმისა, რომ ასეთი წიგნი დაეწერა, განსხვავებით, მაგალითად, საბჭოთა კავშირში დარჩენილი მწერლებისაგან, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სხვანაირ გამოსავალს ვერ ხედავდნენ, რომ არ დაეწერათ “ბავშვობა და ყრმობა”, “ბელადი” და სხვა, მსგავსი სახელწოდების წიგნები, რომელიც მათ ფიზიკურად გადაარჩენდა. რობაქიძეს კი ასეთი აუცილებლობა არ ჰქონია, ანუ მან ეს ორივე წიგნი შეკვეთის გარეშე, გულახდილად დაწერა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა”.
    დაბოლოს, ერთი უცნაური დეტალი. “ჰიტლერში” რობაქიძე ასევე ძალზე გულახდილად აღწერს ეპიზოდს, როდესაც იგი ბერლინიდან იენაში მგზავრობისას დახვრეტილ თბილისელ მეგობრებზე წუხდა. სცენა იმით მთავრდება, რომ მის მწუხარებას მხოლოდ პატარა გოგონასთან ერთად ფიურერის სურათების თვალიერებამ უშველა. ბოლოს კი დასძენს: “აი, ასე, უმცირეს დეტალებში მჟღავნდება ფიურერის ზემოქმედების ძალა”.
    გრიგოლ რობაქიძის პროზა დღესაც საკმაოდ დიდ ზემოქმედებას ახდენს ბევრ ჩვენს თანამედროვეზე, სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რაც თავად რობაქიძეზე ახდენდა დიდ ზემოქმედებას.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – პაატა შამუგიას “უპირატესობა”

    AUDIO
    გამომცემლობა “დიოგენემ” ორიოდე კვირის წინ პაატა შამუგიას პოეტური კრებული, “უპირატესობა” გამოსცა.
    პაატა შამუგია ბოლო თაობის ქართველი პოეტების გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ამავდროულად ყველაზე მოხერხებულიც აღმოჩნდა. იცის კაცმა სათაურის შერჩევა: ნახეთ როგორ ჟღერს მისი ბოლო კრებულის სახელწოდება – პაატა შამუგიას “უპირატესობა”!
    პოეტების ამ თაობას, რომელსაც პაატა მიეკუთვნება, პირობითად 2000-იანელებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ისინი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გამოჩნდნენ ქუჩებსა და კაფეებში, დამკვიდრდნენ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების ფუნცლებზე. ზოგმა ჯერ ვერ მოასწრო კრებულის გამოცემა, სხვებმა კი უკვე რამდენიმე კრებულის დაბეჭდვაც მოახერხეს. პაატასთვის ეს წიგნი რიგით მეხუთეა, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ბოლო კრებულში იგი ყველაზე სერიოზულად მიუდგა საქმეს. ჩემი აზრითაც, “უპირატესობა” ყველაზე სრულყოფილი გამოუვიდა პაატას, წიგნს ნამდვილად ეტყობა დაკვირვებული ავტორის ხელი, კარგად ჩანს ერთგვარი პოეტი-რედაქტორის შრომა, რომლის წყალობითაც დაუნდობლად გაიცხრილა ლექსები, შემცირდა რაოდენობრივად, სამაგიეროდ თავად კრებული შეიკრა. პაატასთვის სიზუსტე იყო ამოსავალი:
    “ეს კრებული არის დაახლოებით 4 წლის შეჯამება. წარმოიდგინე როგორ უნდა გამეცხრილა, რომ ასეთი ძალიან, ძალიან მცირე ზომის კრებული გამოსულიყო. შევეცადე ზუსტი განწყობები ყოფილიყო კრებულში. ლექსები საგულდაგულოდ გადავარჩიე და ძალიან კრიტიკულად და შეიძლება ითქვას, მტრულადაც კი მივუდექი ჩემს ლექსებს. არ ვიცი რამდენად ზუსტი ვიყავი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, რომ სიზუსტე ბოლომდე შემენარჩუნებუნა და ეს იყო ჩემი მთავარი სამუშაო პრინციპი წიგნის შედგენისას. ნებისმიერი მეტაფორა, რომელიც არ არის მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი, უბრალოდ ცუდია და უნდა გადააგდო”.
    პაატა შამუგია 1983 წელს დაიბადა გალის რაიონში. 9-10 წლისა უკვე დევნილი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წელი კახეთში გაატარა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, სკოლაც იქვე დაამთავრა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავად ხუმრობს ხოლმე, რომ გადაკახელებული მეგრელია, ამიტომ, მეც დავაყოლებ ერთ პატარა ხუმრობას და ვიტყვი, რომ პაატა კოლხურ-კახურ-თბილისელი პოეტია ფილოლოგიური განათლებით, არის უახლესი ლიტერატურის სპეციალისტი, ცხოვრობს ბაგების სტუდქალაქში, წერს ლექსებს და ხანდახან ესეებსაც კი.
    თავის პირველ ცდებს იგი ლექსებს არც უწოდებს, ასე ამბობს, აბსოლუტურად ყველაფრის გავლენას განვიცდიდი რასაც ვკითხულობდი და სწორედ ამ გავლენებით გავდიოდი ფონსო. ერთი სიტყვით, ადრეულ წიგნებს ხელის ვარჯიშს უწოდებს, მის წინა კრებულს, ბევრისთვის ნაცნობ “ანტიტყაოსანსაც” კი სხვანაირად აღიქვამს:
    “წინა კრებული, “ანტიტყაოსანი” იყო ალბათ ყველაზე ხმაურიანი ჩემს ტექსტებში… მე ვფიქრობ, რომ იქაც იყო რაღაც გავლენები, არც იქ იყო საბოლოოდ სტილი ჩამოყალიბებული (თუმცა სტილის ჩამოყალიბება ბოლომდე გრძელდება). ამიტომ მგონია, რომ დღეს უკეთესად დავწერდი იმ პოემას, “ანტიტყაოსანს”, რომელიც არც მაშინ აღმაფრთოვანებდა მაინცდამაინც. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს წიგნი რაღაცას გამოიწვევდა, მთლად ასეთ რეფლექსიებს არ მოველოდი, მაგრამ რაღაცას გამოიწვევდა. ამაში რაღაც პროვოკაციის ელემენტიც იყო”.
    პროვოკაციული მომენტები ამ კრებულშიც არის. როგორც გითხარით, პაატა შამუგია მოხერხებული პოეტია და ამიტომაც იგი ხშირად ცდილობს ამბოხებული პოეტის სიტყვები რელიგიური ჰიმნის ფორმაში მოაქციოს. ეს ახალი ამბავი არ არის, საგალობლის ფორმას აქამდეც ბევრი იყენებდა და ახლაც იყენებს, მათ შორის თანამედროვე ქართველი პოეტებიც:
    “მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ფსალმუნის ფორმას, რადგანაც ვთვლი, რომ ბიბლიური ტექსტები, სახარებები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეზია რაც კი შეიძლებოდა დაწერილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად არა ვარ მორწმუნე, ვთვლი, რომ ეს ტექსტები არის ძალიან დიდი ინტელექტისა და ძალიან დიდი პოეტური ხედვის მატარებელი ხალხის დაწერილი. თავად ტრადიციასთან ჩემი ასეთი მიმართება, ანუ უკუმიმართება, გნებავთ ანტიმიმართება, ესეც ბუნებრივი მგონია. და საერთოდ, ჩემი აზრით, ნებისმიერი არატრადიციული პოეზია ტრადიციის ცოდნით, მისი სიყვარულით იქმნება. ამ სიყვარულის გარეშე იგი მხოლოდ ნიუსი იქნებოდა. ეს ასეა და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ტრადიციის ფსკერზე უნდა ჩახვიდე და იქიდან ამოიტანო… რაც არ უნდა უპირისპირდებოდე, პიკასოც უპირისპირდებოდა კლასიკურ ხელოვნებას, სანამ ბოლომდე არ შეისწავლა და ბოლომდე არ გააცნობიერა, მანამდე არ გადავიდა აბსტრაქციონიზმში. მერე გადავიდა და ზუსტად მაშინ თქვა თავისი ის საფირმო ფრაზა – ძლივს ბავშვივით დავიწყე ხატვა-ო. ასე არის, მემგონია, რაღაც ეტაპის მერე, როცა უკვე კლასიკური ხელოვნება გბეზრდება, გღლის, უპირისპირდები მას და მემგონი ამ დროს ხარ ყველაზე რევერანსული და კეთილგანწყობილი კლასიკური ხელოვნების მიმართ. მე ასე მგონია, პარადოქსია, მაგრამ ასე ხდება…”.
    პაატას თავისი თაობის შესახებაც უყვარს ლაპარაკი. იგი წერს კიდევაც თავის თანამედროვეებზე და ფიქრობს, რომ მათ სხვებთან შედარებით, მაინც გაუმართლათ:
    “მე ვფიქრობ, რომ ჩემს თაობას უფრო გაუმართლა, ანუ უპირატესობა აქვს ის, რომ მას მოუწია უფრო გახსნილ დროში ცხოვრება, სადაც ინფორმაცია შემოდის, გაედინება, გასცემ, იღებ და ასეთ დროს არ არის იმდენად ძნელი თანამედროვე ხელოვნების კეთება. მე ვფიქრობ ადრე უფრო ძნელი იყო, თუნდაც საბჭოთა დროს და ამიტომაც, ის ადამიანები, ვინც მაგ დროს აკეთებდა რაღაცას თანამედროვე ხელოვნებაში, უბრალოდ უნდა დავაფასოთ”.
    პაატა შამუგიას ყოველი კრებული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თითოეულს უზარმაზარი ნახტომები აშორებს. ამის მაგალითია მისი ბოლო წიგნიც, “უპირატესობა”, სადაც უკვე ნამდვილი პოეტი დავინახე, პოეტი, რომელმაც არამხოლოდ გალაკტიონის ქნარი დატოვა გვერდზე, არამედ თავისი უახლოესი წინამორბედებიდანაც გამოაღწია – დათო ბარბაქაძიდან, ზვიად რატიანიდან და რატი ამაღლობელიდან. იგი უკვე თავისუფალი პოეტია, თამამი და გაბედული:
    “რატომღაც ქართველ პოეტებს ყველას გაგვიჭირდა გალაკტიონის გავლენიდან გამოსვლა. ეს სენივით არის, რომელიც უნდა მოიხადო. ხშირად ამბობენ ხოლმე ამას და მემგონი მართალიც არის. არ ჰქონია არც ერთ პოეტს ისეთი გავლენა, რუსთაველსაც კი (თუმცა რუსთაველს ალბათ ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა გალაკტიონამდე), როგორიც გალაკტიონს ჰქონდა. არ ვიცი რატომ არის ასე, ეს დღესაც კი არ მესმის, როდესაც ის ესთეტიკა უკვე აღარ არსებობს, რატომ იწერება იმ ენით ლექსები, ე.წ. გალაკტიონური ლექსები. თუმცა ეს პოეტები ალბათ ვერ ქმნიან ამინდს და დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ეს ესთეტიკა უბრალოდ აღარ აინტერესებს მკითხველს. ვისთვის ქმნი, თუ მკითხველისთვის არა?”
    ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ პაატა მკითხველის პოეტია, მის ლექსებს ზუსტი ადრესატები ჰყავს, მე კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, ვისთვისაც პაატა შამუგიას ლოცვები, ეკზეგეზები და პოეტური მცნებები იწერება, ასევე მისი მწარე ირონიით სავსე ე.წ. ფილოლოგიური ლექსები. ვიცნობ და მინდა მჯეროდეს, რომ მათ სწორად ესმით ახალგაზრდა პოეტის სიტყვები, რომელიც მან თავისი წიგნის ყდაზეც გამოიტანა:
    “უნდა გვესმოდეს,
    რომ პოეზია
    საგნებისთვის ადგილის შეცვლაა
    და მეტი არაფერი მოეთხოვება
    და როცა მეტს ვთხოვთ,
    ხდება კიდეც უფრო მეტი,
    მაგრამ – უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია”.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ესე

    მალხაზ ხარბედია – რაბინდრანათ თაგორის “გიტანჯალი”

    წელს შესრულდა რაბინდრანათ თაგორის “გიტანჯალის” გამოცემიდან 100 და ქართული თარგმანიდან 50 წლისთავი.
    თამაზ ჩხენკელის ეს თარგმანი უკვე დიდი ხანია ქართული ლიტერატურის ისტორიაში შევიდა. მან ისეთივე კვალი დატოვა ჩვენს სალიტერატურო ენაზე და გამოხატვის პოეტურ ხერხებზე, როგორც სხვადასხვა დროს ილიას და მაჩაბლის შექსპირმა, ასევე ამბაკო ჭელიძის, დავით წერედიანის, ჯემალ აჯიაშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, გურამ გოგიაშვილისა და სხვათა თარგმანებმა. ეს წიგნი უკვე 50 წელია კვებავს ქართულ პოეტურ მეტყველებას, ხშირად, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც.
    1960 წელს თამაზ ჩხენკელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავისი ორიგინალური ლექსები, თუმცა მისი მეგობრის, ზურაბ კიკნაძის სიტყვით, მის მიერ თარგმნილი ტექსტები ყოველთვის მისი ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად იქცეოდა ხოლმე:
    “მას არც ერთი ლექსი თავისი არ ჰქონდა. თუმცა რაღაც ლექსები კი იყო გამოქვეყნებული, მაგრამ ინტენსიურად იგი არ მისდევდა საკუთარი პოეზიის გავრცელებას. და ძირითადად ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, მაგრამ მისი მთარგმნელობითი სტილი სხვანაირი იყო, ის არ იყო პროფესიონალი მთარგმნელი იმ აზრით, რომ რაღაც ეთარგმნა იმისათვის, რომ მხოლოდ ეთარგმნა. მისი თარგმანები ყოველთვის იყო დაკავშირებული მის სულიერ განვითარებასთან, მის ინტერესებთან…“
    “გიტანჯალამდე” თამაზ ჩხენკელმა ბო ძიუ ი-ს ლექსები თარგმნა. არ მეგულება ქართული პოეზიის ტრადიციასთან დაკავშირებული ადამიანი, ვინაც არ იცნობდეს ბო ძიუ ი-ს ამ თარგმანს, ნათელი და მოქნილი ენით გადმოქართულებულ ლექსებს, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ქართულ პოეტურ აზროვნებაში. არანაკლები კვალი დატოვა თაგორის ამ წიგნმაც, რომელსაც წელს გამოცემიდან 100 და თარგმნიდან 50 წელი შეუსრულდა:
    “ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ “გიტანჯალზე”, რომელიც 1960 წელს გამოქვეყნდა… თამაზის უნივერსიტეტის წლები დაკავშირებული იყო აღმოსავლურ განათლებასთან, სპარსულ პოეზიასთან, თუმცა მას ამ მხრივ არ გაუგრძელებია მოღვაწეობა, მას რამდენიმე ლექსიც აქვს სპარსულიდან თარგმნილი, მაგრამ ძირითადად ინდოეთით იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით თაგორით, მან თარგმნა თაგორის “ბენგალია”, ასევე “გიტანჯალი”, თაგორის ლექსები, რომელიც თაგორმა ბენგალურის გარდა, ინგლისურადაც გამოსცა. თამაზი სარგებლობდა ბენგალურიდან რუსულად გაკეთებული ზუსტი პწკარედით და ინგლისური თარგმანით. ინგლისური თარგმანი პროზაული იყო, მაშინ ძირითადად ასეთი სტილი იყო, რომ პროზად ითარგმნებოდა თაგორის ლექსები. მაგრამ თაგორმა თავისი ინგლისური ვერსია “გიტანჯალისა” დააფუძნა ინგლისურ პოეზიას – ბრაუნინგის, კიტსის და ა.შ. ლექსებს, მას, მოგეხსენებათ, ინგლისური განათლება ჰქონდა. თამაზმა კი სცადა ქართულ ენაზე, ქართული ენის პოეტურობის შესაძლებლობები გამოევლინა, წყობილსიტყვაობა და ა.შ. ასერომ, ქართული ვერსია მისდევს ინგლისურ ვერსიას ამ სტილებრივი თვალსაზრისით.”
    ამ ე.წ. სტილებრივი ერთგულების მიუხედავად, “გიტანჯალის” ქართული თარგმანის პირველ გამოცემაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რომლის შესახებაც ბევრმა დღესაც არაფერი იცის. საუბარია თამაზ ჩხენკელის ორიგინალურ ლექსზე, რომელიც მან კრებულში გააპარა:
    “საინტერესოა ერთი ეპიზოდი. აქ არის სულ 100-მდე ლექსი, მაგრამ ერთ-ერთი ლექსი, 40-ე ნომრით რომელიც არის დაბეჭდილი პირველ გამოცემაში, თაგორს არ ეკუთვნის. ეს თამაზის ლექსია… და როდესაც რედაქტორმა, ცხონებულმა ოთარ ჩხეიძემ ვერ მოძებნა დედანში ეს 40-ე ლექსი, თამაზმა უპასუხა, რომ მე რაღაც სხვა ვერსიები მქონდაო… და ეს ლექსი ეძღვნება არჩილ სულაკაურს, 1949 წელს არის დაწერილი”.
    თამაზ ჩხენკელის ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, 60-იანი წლების ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. დღესაც, უახლესი პერიოდის ქართული ლიტერატურის შეფასებისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ თამაზ ჩხენკელის თაგორს, წიგნს, რომელმაც არაერთი ქართველი პოეტის ხმა ჩამოაყალიბა.
    თამაზ ჩხენკელი ქართული ორიენტალური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, იგი მაინც განსხვავდება კლასიკური მთარგმნელობითი სკოლის წარმომადგენლებისგან:
    “მთარგმნელობით პრესტიჟი, ასე ვთქვათ, აღმოსავლური პოეზიის, თამაზმა დანერგა საქართველოში. თუმცა შემდეგ წამოვიდნენ ახალი თაობები, რომლებიც დედნიდან თარგმნიდნენ უშუალოდ, მაგრამ თამაზის თარგმანი მათ გვერდზე არსებობს როგორც კონგენიალური, ამ ორიგინალური ენიდან თარგმნილი.”
    თამაზ ჩხენკელის ბო ძიუ ი, სხვა ჩინელი პოეტები, თაგორი, ბჰაგავატ გიტა, მის მიერ გადმოქართულებული ტანკები და ევროპელი თუ ამერიკელი პოეტები იმის საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ შეიძლება მთარგმნელმა შეცვალოს ლიტერატურული ენა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დედნიდანაც არ იყო თარგმანი შესრულებული.
    თავად “გიტანჯალს” რაც შეეხება, იგი მსოფლიომ 1913 წელს გაიცნო, ორიგინალური გამოცემიდან 3 წლის შემდეგ, როცა მისი ინგლისური თარგმანი გამოქვეყნდა. წიგნს უილიამ ბატლერ იეიტსის წინასიტყვაობა უძღოდა:
    “ეს ლირიკული კრებული დიდი კულტურის ნაყოფია. იგი ნაჟურია მთელი ქვეყნისა, სადაც პოეზია და რელიგია შერწყმულია. თუ ბენგალიის ცივილიზაცია არ დაიღუპა, იგი გაჟონავს ყველგან და მთელი თავისი დახვეწილობით უკანასკნელი უპოვარისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ეს საგალობლები, კარგად დაბეჭდილ ტომებად გამოცემულნი, უქმად არ იდება იმ ქალბატონების მაგიდაზე, რომლებიც უგულისყუროდ გადაფურცლავენ მის ლექსებს, მათ ხელში არ აიღებენ სტუდენტები, რათა საჭირო შემთხვევაში უფრო სერიოზული საქმე მოიმიზეზონ და გადასდონ წიგნი. გაივლიან თაობები და მათ ისევ იმღერებენ დიდი გზის ყარიბები და განგის მენავეები. ერთმანეთის მომლოდინე მიჯნურები მათში პოვებენ მეუფის სიყვარულს, იმ ჯადოსნურ ყურეს, სადაც მათი მიწიერი სიბერე განიწმინდება და განახლდება”.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – იონა მეურნარგიას ხუთტომეული

    გამომცემლობა “არტანუჯმა” იონა მეურნარგიას ხუთტომეულის ბეჭდვა დაიწყო. პირველ ტომში ცნობილი ქართველი ბიოგრაფოსის კლასიკური ნაშრომებია შესული, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დავით ერისთავის ცხოვრებას ეძღვნება.
    იონა მეუნარგია ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია. თავად მას შესაძლოა ხშირად არ ახსენებენ, მაგრამ სამაგიეროდ მისი წყალობით შემონახულ ფაქტებს იმეორებენ ხოლმე. XIX საუკუნის ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის მის ნაწერებს, მის ბიოგრაფიულ წიგნებსა და ნარკვევებს, რომლებიც, დროის სურნელსაც ატარებენ და უძვირფასეს ცნობებსაც გვაწვდიან.
    მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძემ იონა მეუნარგიაზე საუბრისას სიმონ ჯანაშიას ერთი მოსწრებული გამოთქმა გაიხსენა, რომელიც ზუსტად აღწერს მეუნარგიას ღვაწლს ქართული ლიტერატურის წინაშე:
    “იონა მეუნარგიას სრულიად უნიკალური როლი ერგო XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში და შემთხვევითი არ იყო, რომ სიმონ ჯანაშიამ მას უწოდა ქართული ლიტერატურის პლუტარქე. იონა მეუნარგია თავის თავსაც ძალიან საინტერესოდ ახასიათებდა, ასე წერდა – მე ვიყავიო ქართული ლიტერატურის მეწვრილმანე და ფაქტების მომქუჩებელი”.
    ეს მეწვრილმანე, რომელმაც უზარმაზარი მეკვიდრეობა დაგვიტოვა, 1852 წელს დაიბადა სამეგრელოში, სოფ. ცაიშში. სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წლიდან ჟენევის აკადემიაში გააგრძელა სწავლა, 1876 წლიდან კი გარკვეული პერიოდი პარიზში ცხოვრობდა. როგორც თავად წერს დღიურებში, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან პირადად ვიქტორ ჰიუგო, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დააჩნია 24 წლის ახალგაზრდა ლიტერატორს.
    საქართველოში იგი 1878 წელს დაბრუნდა და მაშინვე აქტიულად ჩაება აქაურ ამბებში, ისე, რომ ერთ წელიწადში, 1879 წელს, იგი “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად და მდივნად აირჩიეს. იაკობ გოგებაშვილი წერდა მის საქმიანობაზე: “მეგრული სიცოცხლით და სიმარჯვით აწარმოებდა ამ თანამდებობას. სხვათა შორის, მისი თაოსნობით დაარსდა წერა-კითხვის საზოგადოების საუკეთესო დარგი – ბიბლიოთეკა და მუზეუმი”-ო.
    იონა მეუნარგია, შეიძლება ითქვას, ჟანრის ფუძემდებელია ქართულ მწერლობაში, ბიოგრაფიული ჟანრისა. მართალია მანამდე იყო პლატონ იოსელიანის წიგნი გიორგი XIII-ზე, მაგრამ იონა მეუნარგიამ ლიტერატურული ბიოგრაფია აუცილებლობად აქცია და საკუთარი სტილიც შეიმუშავა:
    “ერთი რამ არის კიდევ ხაზგასასმელი, რომ იონა მეუნარგიას იმ მრავალ კოლეგათაგან და თანამედროვეთაგან განსხვავებით, რომლებიც წერდნენ ქართულ მწერლობაზე, მემუარებსა და მოგონებებსაც წერდნენ, მან შეიმუშავა განსაკუთრებული სტილი. დავარქვათ თუ გნებავთ ვრცელი ლიტერატურული პორტრეტი და სხვათა შორის, თავისებურება თავისი ლიტერატურული მანერის თვითონვე აღნიშნა – ჩვენში კრიტიკა და ბიოგრაფია, რაღაცგვარი სალიტერატურო ზრდილობის ბრძანებით, შინაური ცხოვრების აღწერაში ერთობ ხელმოჭერილია. ჩემს ოთახში ვის რა ეკითხება რა ხდებაო, აი საფუძველი ამგვარი დარბაისლური საქციელისა. ჩვენ უნდა ვუღალატოთ ამ ზნეს, საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ”.
    ამის გამო მას ხშირად საყვედურობდნენ, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი ილიას შესახებ წაკითხული გულახდილი ლექციების გამო ძალიან ბრაზობდა ბიოგრაფოსზე, ვინ იცის, შესაძლოა იაკობის ამ პროტესტიდან იწყება დღევანდელი ილიას ისტორიაც, როცა თავად ილიაზე მეტად, რიტორიკული ილია, ილიას კლიშე უფრო ფასდება. სხვათა შორის, იონა მეუნარგია, ამ ბრაზის სანაცვლოდ, იაკობზეც აგროვებდა მასალებს, აგროვებდა მართალ ამბებს, მხოლოდ თვალით ნანახს ან სანდო პირთაგან გაგონილს:
    “კიდევ ერთი რამ არის. იონა მეუნარგია, განსხვავებით ვთქვათ ზაქარია ჭიჭინაძისგან, რომელსაც ზოგჯერ ენდობი, ზოგჯერ არა, მის შემთხვევაში ბოლომდე არასდროს არა ხარ დარწმუნებული ინფორმაციის ზუსტ ფაქტოლოგიურ ადეკვატურობაში, იონა მეუნარგია, როგორც წესი, ყოველთვის ზუსტია, უმნიშვნელო გამონაკლისებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. გარდა ამისა, მან ყურადღება მიაქცია ისეთ ფიგურებსაც, რომლებსაც ჩვენ, ფაქტობრივად მხოლოდ მისი საშუალებით ვიცნობთ. ერთი არის იმ კლასიკოსთა წყება, რომლებზეც ის წერდა – ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ დადიანზე, ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ტექსტებია. განსაკუთრებით ღიშესანიშნავია “დავით დადიანი და მისი დრო”, რომელიც არამარტო მისი კარის ცხოვრებას აღწერს, არამედ მთლიანად, რა ხდება იმდროინდელ სამეგრელოში, რა სიტუაციაა, როგორი ურთიერთობებია”.
    პირველი ტომის პირველივე ბიოგრაფიაში, სადაც იგი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებას აღწერს, მან პირველ აბზაცშივე დაწერა: “ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა ჩვენში. სურათები, ლიტერატურული მოგონება, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქო იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთველიდან დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინარობა”.
    ზემოთჩამოთვლილი ავტორების გარდა მას ძალიან უნდოდა ვრცელი ნაშრომები მიეძღვნა აკაკისა და ილიასთვისაც, სურდა დაეწერა ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიებიც.
    “მან რაღაც ისეთი დეტალები აღწერა ქართველ კლასიკოსთა ბიოგრაფიებში… თითქოს აბსოლუტურად უმნიშვნელო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს იყო გამამდიდრებელი, ფერის მიმცემი, სურნელის შემნახველი, იმ ეპოქის, იმ ადამიანის, მისი ხასიათის… მემგონი მარტო მისგან ვიცით ის, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ვთქვათ გრიგოლ ორბელიანს თავის შინამოსამსახურეებთან”.
    პირველ ტომში ძირითადად სწორედ გრიგოლ ორბელიანის შესახებ დაწერილი ტექსტებია შესული, ასევე ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დავით ერისთავის ცხოვრების შესახებ. ძალზე საინტერესო უნდა იყოს მწერლის ნაწერების II ტომი, სადაც მისი დღიურები და “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის ოქმებიც შევა. III ტომი მთლიანად დადიანებს მიეძღვენა, დანარჩენები კი იონა მეუნარგიას პუბლიცისტიკასა და ეპისტოლარულ მემკვიდრეობას დაეთმობა.
    1984 წელს, ლექსიკონ-ცნობარში, “ქართული მწერლობა” იონა მეუნარგიას ბიოგრაფიის ავტორი წუხდა: “ი. მეუნარგიას უამრავი სტატია და წერილი ისტორიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების შესახებ გაბნეულია ჟურნალ-გაზეთებში”. ცოტა ხანში კი, ჩვენ პირველად მოგვეცემა საშუალება ერთ გამოცემაში თავმოყრილი ვნახოთ ყველა ეს ნაწერი:
    “ხელახალი გამოცემა, იონა მეუნარგიას 5 ტომი, ანუ ყველაფერი, რაც კი მას დაუწერია, იქნება თვითოეული ქართველი ადამიანისთვის, თითოეული ქართველი ლიტერატორისათვის, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ქართული მწერლობის ისტორიით, ეს წიგნი იქნება საჩუქარიც, სამაგიდო წიგნიც და ისევე, როგორც იონა მეუნარგიას პირველმა გამოცემებმა შეავსეს რაღაც ხარვეზი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ისევე შეავსებს იმ რაღაცა საარვისო მიწას, რომელიც დარჩენილი არის ჩვენს ცოდნაში XIX საუკუნის ქართული მწერლობისა და ქართული ცხოვრების ნირის შესახებ.”
    სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც ისეთი ვითარებაა, როგორიც 130 წლის წინ იყო, როდესაც იონა მეუნარგია იწყებდა თავის ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობას. დღესაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს ე.წ. სალიტერატურო ზრდილობა მბრძანებლობს და ახალს ვერაფერს ვიგებთ ახლო წარსულისა თუ თანამედროვე მწერლების შესახებ. ხოლო სინამდვილეში ეს ზრდილობა კი არა, გულგრილობაა, რომელიც ჯერ მწერლის ტექსტებს გვავიწყებს, შემდეგ კი პიროვნებასაც.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ჰაინრიჰ ბიოლის “უკაცო სახლი”

    გამომცემლომა “ინტელექტმა” ხელმეორედ გამოსცა ჰაინრიჰ ბიოლის წიგნი “უკაცო სახლი”, რომანი, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნა თენგიზ პატარაიამ.
    ჰაინრიხ ბიოლს ჩვენთან კარგად იცნობენ, მისი სახელი 70-იანი წლების ქართული დისიდენტური წრეებისთვისაც ბევრს ნიშნავდა და მას ოფიციალური კულტურის წარმომადგენლებიც სცემდნენ პატივს. რამდენიმეწლიანი პაუზის გამოკლებით, მისი წიგნებიც ითარგმნებოდა ქართულად, მცირე ჯანრის ნარმოებები კი პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა. მახსოვს ნოდარ კაკაბაძის რამდენიმე წერილი ჰაინრიჰ ბიოლის შესახებ. ეს ტექსტები მაშინ ბევრისთვის საუკეთესო შესავალი აღმოჩნდა მწერლის შემოქმედებაში. ბატონი ნოდარი ხომ ბიოლის მთავარი მასპინძელი იყო მისი საქართველოში სტუმრობისას, 1966-სა და 1972 წლებში.
    მწერლის პირველ ვიზიტამდე, 1964 წელს გამოვიდა ქართულად ნოდარ რუხაძის მიერ თარგმნილი ბიოლის მოზრდილი კრებული, სადაც რომანი და მოთხრობები იყო შესული, შემდეგ, 1968 წელს გამოიცა ერთი პატარა კრებული, ხოლო უკვე 70-იანი წლების განმავლობაში ბიოლის სახელს ტაბუ დაედო საბჭოთა საქართველოში და მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნა “კლოუნის თვალთახედვის” ნელი ამაშუკელისეული თარგმანი და შემდეგ კი თენგიზ პატარაიას მიერ გადმოქართულებული “უკაცო სახლი”.
    თავის დროზე ბიოლი ხშირი სტუმარი იყო საბჭოთა კავშირში, მისი ნაწარმოებები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თანდათანობით, საბჭოთა რეჟიმის გახშირებული კრიტიკისა და საბჭოთა დისიდენტებთან მეგობრობის გამო, იგი აითვალწუნეს. ბიოლი ძალიან ქომაგობდა კავშირიდან ემიგრირებულ მწერლებს, მათ შორის სოლჟენიცინს და ცოლ-ქმარს, ლევ კოპელევსა და რაისა ორლოვას, რომელთაც წიგნშიც, “ჩვენ ვცხოვრობდით მოსკოვში – 1956-1980” შესანიშნავი მონაკვეთი მიუძღვნეს ბიოლს.
    ბიოლის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი აკრძალული ტექსტი მოხვდა საბჭოთა კავშირიდან ევროპაში, არსებობს ზეპირი მონათხრობიც იმის თაობაზე, რომ ბიოლის თბილისში პირველი სტუმრობისას ცნობილმა გერმანისტმა, ბუბა ყარალაშვილმა რაღაც ტექსტი გადასცა გერმანელ მწერალს, რომლის ნახვის დიდი სურვილი გამოუთქვამს თურმე იოსებ ნონეშვილს, იმდენად, რომ საქმე ლამის ჯიბეებში ხელის ჩაყოფამდე მისულა.
    1970 წელს ნობელი მიანიჭეს სოლჟენიცინს, 1972-ში თავად ჰაინრიჰ ბიოლმა მიიღო ნობელი და ამ დროიდან მოყოლებული პერესტროიკამდე მას ძალიან იშვიათად ახსენებდნენ.
    ამ პერიოდის მსხვრეპლია თენგიზ პატარაიას ეს თარგმანიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დარჩა თაროზე. როგორც მთარგმნელის მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი ანდრო ბუაჩიძე ამბობს:
    “აქ ერთი მნიშვნელოვანი რამე იყო, რაზედაც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როდესაც თენგიზმა ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ამ რომანის თარგმნა და დაამთავრა ბეჯითი მუშაობა, – თენგიზი ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო, ოღონდ შრომისმოყვარეობა არ იყო რაღაც თავსმოხვეული, მას არავითარი ზეწოლა არ უხდებოდა საკუთარ თავზე, ვინაიდან შთაგონებით მუშაობდა, უყვარდა ეს საქმე, იგი მოწოდებით მწერალი იყო – და მოხდა ასეთი რამ: როდესაც მას უკვე დასრულებული ჰქონდა რომანზე მუშაობა და წიგნი უნდა დაბეჭდილიყო, საბჭოთა კავშირიდან გააძევეს ალექსანდრ სოლჟენიცინი. გერმანიაში მას ჰაინრიჰ ბიოლი დახვდა, მან უმასპინძლა და ამ ფაქტის გამო, რომელსაც თავად თენგიზთან მართალია არავითარი კავშირი არ ჰქონია, მაგრამ მოხდა ისე, რომ აიკრძალა საერთოდ ბიოლის სახელის ხსენება საბჭოთა კავშირშიც და ბუნებრივია საქართველოშიც. რომანის გამოცემა დიდი ხნით გადაიდო და შემდეგ “პერესტროიკის” პერიოდში გამოცა ეს კარგი თარგმანი”.
    მთარგმნელის, თენგიზ პატარაიას მეტ-ნაკლებად იცნობს ქართველი მკითხველი, იგი სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა დავგვიტოვა რამდენიმე გამორჩეული თარგმანი, რომელიც დღეს უკვე თითქმის სრულად გამოიცა ხელახლა. ბიოლის “უკაცო სახლის” თარგმნა მან ჯერ კიდევ უცხო ენების ინსტიტუტში სწავლისას დაიწყო:
    “დაიწყო იმით, რომ თენგიზი უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, გერმანული ენის განხრით. გერმანულ ენას იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა, მოთხრობებსაც წერდა… და ეს ორი რამ შეერწყა ერთმანეთს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ მწერალი და მთარგმნელი. თავიდან მცირე ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს თარგმნიდა, ერთ მშვენიერ დღესაც, როცა უკვე ამთავრებდა უცხო ენების ინსტიტუტს, ხელი მოჰკიდა ჰაინრიჰ ბიოლის რომანის, “უკაცო სახლის” თარგმნას”.
    ამ რომანის გარდა, და შესაძლოა ამ რომანზე მეტადაც აღნიშვნის ღირსია რობერტ მუზილის შესანიშნავი მცირე ტრილოგია “სამი ქალი”, მოთხრობები – “გრიჯია”, “პორტუგალიელი ქალი” და “ტონკა”, რომელიც 1978 წელს გამოიცა ცნობილი ქართველი გერმანისტის, დავით დავლიანიძის ბოლოსიტყვაობით. გარდა ამისა, თენგიზ პატარაიას ეკუთვნის მუზილისვე “შაშვის” თარგმანი, რომელიც პირველად 1998 წელს დაბეჭდა “დიოგენემ”. “დიოგენესვე” ეკუთვნის ზემოხსენებული “სამი ქალის” ხელახალი, 2004 წლის გამოცემა.
    “მე მინდა ერთ გარემოებასაც გავუსვა ხაზი, რომ თენგიზ პატარაიამ ეს რომანი თარგმნა უკვე იმ პერიოდში, როდესაც ის მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში. ეს იყო ძალიან საინტერესო დაწესებულება, ყოველ შემთხვევაში ერთი მიმართულება ჰქონდა ძალიან საინტერესო, უფრო სწორად სულისკვეთება, რომ მთარგმნელი უნდა ყოფილიყო მოწოდებით მწერალი, ანუ თანაბრად კარგად უნდა დაუფლებოდა როგორც უცხო ენას, ისევე ქართულ ენას და მართლაც, ეს პროფესიული ინტერესი თენგიზში ძალიან ღრმად იყო გამჯდარი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი მუდმივად აღმავებდა თავის ცოდნას, რაშიც ერთ-ერთ საეტაპო ნაწარმოებად მისთვის მუზილის “სამი ქალი” იქცა”.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი”

    გამოვიდა ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდის” მეორე გამოცემა। მარიამ ქსოვრელის
    მიერ თარგმნილი XX საუკუნის ეს კლასიკური ნაწარმოები გამომცემლობა “სიესტამ” დაბეჭდა.
    ჰესეს პროზას პირველად სკოლის წლებში გავეცანი. პირველი წიგნებიც მახსოვს – სოლომონ აპტის მიერ რუსულად თარგმნილი “ტრამალის მგელი”, ლურჯი, უხეში გარეკანით, თეთრი, თხელყდიანი “მოხილვა დილის ქვეყნისა”, ქართულ ენაზე და ასევე ქართულად – “დამსვენებელი”, სადაც “ტრამალის მგელიც” იყო შესული.
    ჰესეს მთავარი რომანის, “თამაში რიოში მარგალითებით” და კიდევ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სხვადასხვა დროს თითქმის მთელი ჰესე ოთარგმნა ქართულად: ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა “დამსვენებელი” და “ტრამალის მგელი”, რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ “მოხილვა დილის ქვეყნისა”, დალი ფანჯიკიძემ ჰესეს ესეები, მაია მირიანაშვილმა “დემიანი” და “ავგუსტუსი” (“ავგუსტუსი” ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმაც თარგმნა). სხვადასხვა დროს ჰესე გადმოაქართულეს ასევე გიორგი მაჭუტაძემ, ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა, სოსო პაიჭაძემ, რუსუდან ბეჟაშვილმა, კოკო გამსახურდიამ და სხვებმა. ეგ კიარა, მეც კი მაქვს ჰესეს ერთიორი ესე თარგმნილი, ოღონდ, სამწუხაროდ დედნის ენიდან არა.
    ჰერმან ჰესეს შემოქმედებაში ჩვენი, ქართველი მკითხველის მეგზური რა თქმა უნდა რეზო ყარალაშვილი იყო, მისი თანაავტორობით თარგმნილი წიგნების გარდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომენტარები, რომლებსაც არამხოლოდ ქართულ, არამედ რუსული გამოცემებისთვისაც ამზადებდა ხოლმე ბატონი ბუბა, წინასიტყვაობები, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ჰესეს შესახებ და რაც მთავარია, მისი ორი უმთავრესი წიგნი – 1980 წელს თბილისში გამოცემული “ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები” და მონოგრაფია “ჰერმან ჰესეს რომანის სამყარო”, რუსულ ენაზე (1984).
    დღევანდელი ჩვენი წიგნის, ანუ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელიც, მარიამ ქსოვრელი, რა თქმა უნდა, ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე იყო:
    “ასეთი თემა მომცა ბატონმა ბუბამ დასაწერად – “სონატის ფორმა ნარცისსა და გოლდმუნდში” (მაშინ ხელოვნებათმცოდნეობაზეც ვსწავლობდი, სადაც მუსიკის თეორიაც ისწავლებოდა…) და წიგნები მომცა დასამუშავებლად… “ნარცისი და გოლდმუნდი” ეს არის რომანი, რომელსაც გარკვეული აგებულება აქვს, არქიტექტონიკა, ანუ გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული…”.
    ეს წიგნი მეორედ გამოვიდა ქართულ ენაზე, პირველად იგი ბუბა ყარალაშვილის ვაჟმა, ოთარ ყარალაშვილმა გამოსცა 2001 წელს, 8 წლის შემდეგ კი ისევ გაჩნდა აუცილებლობა წიგნი ხელმეორედ დასტამბულიყო, შედარებით დიდი ტირაჟით (სხვათა შორის, არ იქნება ურიგო, თუკი რომელიმე გამომცემლობა “ტრამალის მგელის” ხელახალ გამოცემასაც მოაბამს თავს).
    ჰერმან ჰესეს სახელი, როგორც აღვნიშნე, კარგადაა ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული ნობელის გარდა თავის დროზე მას გოეთესა და გოტფრიდ კელერის პრემიები აქვს მიღებული, 1955 წელს კი 78 წლის მწერალს გერმანელ წიგნით მოვაჭრეთა პრესტიჟული, მშვიდობის პრემია მიენიჭა, რომლითაც სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ: ალბერტ შვაიცერი, მარტინ ბუბერი, კარლ იასპერსი, ასტრიდ ლინდგრენი, იეჰუდი მენუხინი, სიუზენ სონტაგი, ორჰან ფამუქი და მრავალი სხვ.
    “ნარცისი და გოლდმუნდი” ჰესემ 1930 წელს დაიწერა და იგი მწერლის შედარებით გვიანი პერიოდის რომანად ითვლება. ამ ნაწარმოების შემდეგ ჰესემ მხოლოდ ორი მოზრდილი წიგნი შექმნა, “მოხილვა დილის ქვეყნისა” (1932) და “თამაში რიოში მარგალიტებით” (1943). რომანი გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, იგი მაშინვე ითარგმნა ნიდერლანდურად, პოლონურად, იტალიურად. ინგლისური თარგმანის ერთ-ერთი ინიციატორი კი, როგორც ბუბა ყარალაშვილი აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში, თომას მანი ყოფილა. თომას მანსვე ეკუთვნის რომანის ძალზე ზუსტი დახასიათება. იგი ჰერმან ჰესეს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნავდა:
    “შვაბი ლირიკოსისა და იდილიკოსის დამოკიდებულება ვენის ეროტოლოგიური სიღრმის ფსიქოლოგიის სფეროსადმი, იმ სახით, როგორც იგი გამოიკვეთა “ნარცისსა და გოლდმუნდში” – ამ, სიწმინდისა და ორიგინალობის თვალსაზრისით მართლაცდა განუმეორებელ რომანში, – წარმოადგენს სულიერ პარადოქსს, რომელსაც არაჩვეულებრივი მიმზიდველობა გააჩნია”.
    რომანი ნამდვილად მიმზიდველია, იგი განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და თუკი ალღო არ მღალატობს, ეს რიტმი ქართულ თარგმანშიც კარგად იკითხება, აქაც მოჩანს დროისა და თხრობის ის მდინარება, რომელიც “ნარცისსა და გოლდმუნდს” ჰესეს სხვა წიგნებისგანაც გამოარჩევს და ზოგადად ლიტერატურის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მას.
    წიგნს მთარგმნელმა მარიამ ქსოვრელმა “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში” მუშაობისას მიაკვლია:
    “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში ველოდებოდი წიგნს, რომელსაც სათარგმნად გადმომცემდნენ. მახსოვს ერთ ოთახში ვიყავით ზურაბ ჭავჭავაძე, ბატონი ლევან ბრეგაძე და მე. და ლევან ბრეგაძემ მითხრა მაშინ, მე უკვე დავიწყე “ნარცისისა და გოლდმუნდის: თარგმნა, რამდენიმე თავი უკვე გაკეთებული მაქვს და მოდი ერთად ვიმუშავოთ ამ ნაწარმოებზეო. მე გაგატან ამ თავებს, შენ იმუშავე, განაგრძე შემდეგი თავების თარგმნა და ასე, ერთობლივად შევასრულოთ ეს სამუშაოო. მაგრამ სამწუხაროდ მერე ისე მოხდა, რომ ბატონ ლევანს ოჯახური მდგომარეობა შეეცვალა, მეუღლე გარდაეცვალა, მთელი მისი ყურადღება ბავშვების აღზრდაზე იყო გადასული. ამიტომ მე მარტო მომიხდა ამ წიგნზე მუშაობა”.
    ეს რომანი, XX საუკუნის კლასიკური ე.წ. აღზრდის რომანია, აქ მთავარმა გმირმა, გოლდმუნდმა, თავისი ცხოვრების გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც სავსეა ცოდვებით. ამ გზის დასაწყისთან ნარცისი დგას, ახალგაზრდა ბერი, გოლდმუნდის თვალისამხელი, და ასევე ნარცისია ის ადამიანი, ვისთანაც დაბრუნდება გოლდმუნდი განვლილი ცხოვრების შემდეგ, სწორედ “ნარცისის “თერაპიული” ჩარევის შედეგია ის, რომ რაც სხვა შემთხვევაში განუკურნებელი სენის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, იქცევა უშრეტ შემოქმედებით ძალად, რომელიც გოლდმუნდის მთელ ხელოვნებას ასაზრდოებს და სამყაროს იდუმალებასთან აკავშირებს მას” (რეზო ყარალაშვილი).
    გარდა გოლდმუნდისა, წიგნში, უფრო სწორად კი ამ წიგნით, სხვებიც იზრდებიან, ისინი ვინც ყურადღებით კითხულობენ წიგნს. იზრდებიან მთარგმნელებიც. მაგალითად, ზოგი ციხეში იზრდება, ზოგი გაჭირვებაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარგმნისას იზრდებიან:
    “თხუთმეტი წლის წინ ჩემში ჯერ ის გამოცდილებები არ იყო, რაც აქ არის თავმოყრილი. თარგმნისას თან ვსწავლობდი, ვსწავლობდი ცნებებს, იმ სამყაროს, ძალზე საინტერესო სამყაროს, რაც წიგნში იყო”.
    ამჯერად მარიამ ქსოვრელი ჰესეს უმთავრეს წიგნზე მუშაობს, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – გივი ალხაზიშვილის “ჩაბრუნებული მზერა”

    გამომცემლობა “საუნჯემ” გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებული, “ჩაბრუნებული მზერა” გამოსცა, რომელშიც ძირითადად პოეტის 2010 და 2009 წლებში შექმნილი ლექსები შევიდა।ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გივი ალხაზიშვილის 3 წიგნი გამოვიდა. გამომცემლობა “ინტელექტმა” უკვე ტრადიციად ქცეულ სერიაში, “პოეტის 100 ლექსი” გამოსცა მისი რჩეული, გამოვიდა პოეტის ავტობიოგრაფიული რომანი “მომავალი წარსული” და კრებული, რომელიც ძირითადად ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.
    კრებულს “ჩაბრუნებული მზერა” ჰქვია და იგი პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთ-ერთი ლექსის ეს სათაური, “ჩაბრუნებული მზერა” ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც წიგნს თითქმის მთლიანად გამსჭვალავს და სადაც ავტორი წარსულს უბრუნდება, სადაც თვალი “…ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდეს”.
    ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გივი ალხაზიშვილის ბოლო წიგნზე საუბრისას:
    “ეს უკუსვლა თითქოს მეხსიერებაში, პოეტის წარსულში დაბრუნებას გულისხმობს, ანუ იგი არის საკუთარ წარსულ ისტორიებში ჩაღრმავება, კონკრეტული ისტორიის, საკუთარი მეს შეცნობის მცდელობა”.
    წიგნი გაგა ლომიძისვე წინასიტყვაობით იხსნება, ესსეთი, სახელწოდებით “ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი”, ბოლოში კი წიგნს კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ერთვის, ნანა ტრაპაიძის “ზღვართან ყოფნის პოეტიკა”.
    გივი ალხაზიშვილი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ცდილობს ყოველთვის სიახლეები წარუდგინოს მკითხველს, მას არ უყვარს კრებულიდან კრებულში ლექსების გადატანა და ყოველი მომდევნო წიგნის “რჩეულად” გადაქცევა. იგი ძირითადად ახალ რკალებსა და დაუბეჭდავ ლექსებს გვთავაზობს ხოლმე:
    “გივი ალხაზიშვილის ახალი, ბოლო კრებული, ჩაბრუნებული მზერა აერთიანებს მის სხვადასხვა პერიოდის ლექსებს, იწყება 2010-2009 წლის ლექსებით, თითქოსდა საგანგებოდ არის ეს უკუსვლა დროში, შემდეგ მოდის 2008-2007 წლის ლექსები და ბოლოს უკვე სხვადასხვა, 90-იან და 2000-იან წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც ავტორმა დღესაც აქტუალურად მიიჩნია.”
    ამ კრებულში, შეიძლება ითქვას პოეტის სულის ბიოგრაფიაა მონიშნული, ბიოგრაფია თავისი განცდებითა და ყოველდღიური შთაბეჭდილებებით, ტკივილებითა და გამონათებებით, დაკვირვებებითა და მიგნებებით.
    აქ ნახავთ, აგრეთვე ე.წ. სამოქალაქო ლირიკასაც და დიპტიქს “თუშური პასტორალი”, სადაც ორი სტილისტიკა ენაცვლება ერთმანეთს და კონვენციური ლექსისა და ვერლიბრის ბუნებრივი შერწყმის ადგილას ახალი სტილისტიკა იშვება:
    “ამ კრებულში შესული ლექსები გამოირჩევა მრავალფეროვანი რიტმით, ამით იგი ჯაზურ კომპოზიციასაც წააგავს, ყოველ შემთხვევაში მისი ლექსების უმრავლესობა ასეა. ამავდროულად გივი ალხაზიშვილი ექსპერიმენტებსაც მიმართავს, მაგრამ პარალელურად იგი მუშაობს კონვენციურ, ტრადიციულ სალექსო ფორმებში, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება უფრო ლირიული შეგრძნებების გასაძლიერებლად, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ირონიულ-პაროდიული კონოტაციებისთვის გამიზნული.”
    პოეტის ლირიული შეგრძნებებისა და მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია ექვსი ეპისტოლე, პირველ რკალში გაფანტული ლექსები, “ქარის ხსოვნა – იანვრის ეპისტოლე”, “ჩაბრუნებული მზერა – თებერვლის ეპისტოლე” და ა.შ. ეს ლექსები წელს დაიწერა, თუმცა მათ გარდა მე განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსებს: “გახედვა საღამოსკენ”, “სიჩუმე, შენი სუფლიორი…”, “ეს დღე სად გაქრა?!”, “თუშური პასტორალი”, “ზღვართან”.
    სრულიად განსხვავებული, ახალი რიტმული და თემატური მუხტის მატარებელია გივი ალხაზიშვილის ორი ლექსი – “დავიწყებულთა რეკვიემი” და “სასულე ორკესტრის თანხლებით”, ხოლო მისი “უხმო ნატირალი” ჩვენი ბოლო ომის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ღრმა გააზრებაა:

    მე არ ვარ მიწა
    და მიწადაც ვეღარ ვიქცევი,
    ვარ ფეხადგმული ტერიტორია,
    იძულებით ადგილნაცვალი –
    ჩემი სხეულით, ჩემი გულით, ჩემი ფიქრებით
    თანდათანობით გარდავისახე იმ მინდვრებად,
    რომ გადაბუგეს
    და საფლავებად
    ბნელ სარდაფებში და ძველ ბაღებში რომ გადამალეს, –
    ბორცვებად ქცევას რომ ვერ ბედავენ
    საგულდაგულოდ დატკეპნილები.

    ვიქეც უძრავ ტერიტორიად,
    მხოლოდ ბუფერად –
    ისევ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის,
    რომელსაც უკვე მოძალადე ვეღარ დაიპყრობს,
    როცა მკვდრები თავის მიწას დაიბრუნებენ.

    “ჩაბრუნებულ მზერაში” შესულ ძალიან ბევრ ლექსში თამამად მოჩანს ყოფითი დეტალები და ამის გამო ლირიკა, აღსარებითობა და თვითშემეცნება სრულიად სხვა ტონალობაში გადადის:
    “გივი ალხაზიშვილის ბოლო პერიოდის, ანუ ბოლო რამდენიმე წლის ლექსები ვფიქრობ მისი 70-იანი წლების ლექსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ამ ლექსებში შედარებით ნაკლებადაა ირონიულ-პაროდიული ნაკადი, თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა. აქ ავტორს ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული თავისი ამოცანა, იგი თავის წარსულს იაზრებს და უფრო მეტად, გავიმეორებ, მიმართულია საკუთარი თავის შემეცნებისკენ და უფრო კარგად ჩანს, მისი ლექსის ექსპერიმენტული ბუნება, ანუ პოეტური ძიებები”.
    ეს ძიებები, წიგნის ბოლოსიტყვაობის ავტორის, ნანა ტრაპაიძის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინათ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა”. სწორედ ამის, და ბევრი სხვა მიზეზის გამოც, გივი ალხაზიშივილის პოეზია თანამედროვე ქართული პოეტური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
    © radiotavisupleba.ge