ინტერვიუ,  ხსოვნა

“ვქმენ, რაც შევიძელ” – უცნობი ინტერვიუ ჭაბუა ამირეჯიბთან

1955

ეს საუბარი, რომელსაც მკითხველი პირველად გაეცნობა, მაშინაა ჩაწერილი, როცა “გორა მბორგალი” სულ რამდენიმე დღის გამოსული იყო.

ჭაბუა ამირეჯიბს დავურეკე და რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში მოსვლა ვთხოვე. მაშინვე იუარა, არ მცალიაო. მაგრამ ავუხსენი, რომ რადიოს ოქროს ფონდისთვის მისი ხმის შენახვას ვაპირებდი და ეს ჩანაწერი აუცილებლად სტუდიური უნდა ყოფილიყო. ცოტათი იყოყმანა, მაგრამ დამთანხმდა და რამდენიმე საათის შემდეგ ტელევიზიის დერეფანში უკვე დიდი ხნის მეგობრებივით ვსაუბრობდით.

ერთი უცნაური თვისება შევნიშნე: ხშირად ეწეოდა, ოღონდ სიგარეტს ამოიღებდა, შუაზე გადატეხდა, მუნდშტუკში ჩადებდა და ორ-სამ “ნაფაზს” დაარტყამდა. ექიმები მიკრძალავენო, მითხრა.

იმ დღეს სვენებ-სვენებით “გორა მბორგალის” ოთხი ეპიზოდი ჩავწერეთ. მაგრამ რომანის ეს თავები ავტორის შესრულებით მხოლოდ ორჯერ გავიდა ეთერში. შემდეგ ფირები არქივიდან გამოიტანეს და წასაშლელად გადადეს. საქმე ის გახლდათ, რომ ელექტრო-მაგნიტური ფირი იმ დროს აღარ იშოვებოდა და მას რამდენჯერმე იყენებდნენ. ვისაც 1994 წელი კარგად ახსოვს, მიზეზებსაც ადვილად მიხვდება. სამწუხაროდ, ეს ამბავი გვიან გავიგე და როდესაც მოვიკითხე, ორი ნაწილი უკვე წაშლილი დამხვდა. დარჩენილი ორის მაგივრად კი კოლეგებმა იმავე ქრონომეტრაჟის სხვა ფირები შემიგროვეს და ჭაბუა ამირეჯიბის ხმით წაკითხული “გორა მბორგალის” ორი ეპიზოდი განადგურებისგან გადამარჩენინეს.

ხშირად მიფიქრია: რითი იყო ჭაბუა ამირეჯიბი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში?

წარმომავლობითა და გვარიშვილობით?

ანტისაბჭოთა მოღვაწეობით?

ციხეში გადატანილი გამძლეობით?

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანის შექმნით?

შესაძლებელია, მაგრამ პირადად ჩემთვის იგი სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა.

ჭაბუა ამირეჯიბმა ლიტერატურაში აუტსაიდერივით იცხოვრა. მას არ აფასებდნენ, ანგარიშს არ უწევდნენ. მისი ლიტერატურული ცხოვრება წარუმატებლობითა და მარცხით გამოირჩეოდა. “ლიტერატურულ საქართველოში” “დათა თუთაშხიას” ერთ-ერთი თავის დაბეჭდვამაც კი სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა, რადგან ამავე ნომერში კონსტანტინე გამსახურდიას “თამარის” ფრაგმენტები დაიბეჭდა და იმდროინდელი ლიტერატურული ყურადღება მისკენ იყო მიმართული.

მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ჭაბუა ამირეჯიბი არ დანებებულა, მწერლობა არ მიუტოვებია, იმედი არ დაუკარგავს და 10 წელი შესაშური სიმტკიცითა და სიჯიუტით თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ტექსტს ჩაჰკირკიტებდა. იმ დროს, როდესაც მისგან უკვე აღარაფერს ელოდნენ, უკანასკნელ მოსახვევში ყველას გაასწრო, ვისაც თავი უკვდავი ეგონა.

შეუპოვრობისა და შინაგანი რწმენის მაგალითი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბმა ყველა შემოქმედს უჩვენა, შეუფასებელია.

მან საკუთარი ლიტერატურული მარცხი ბუნებრივად აღიარა და მიხვდა, რომ ყოველი დაწუნებული ტექსტი ის გამოცდილება იყო, რომლის გათვალისწინებითაც საკუთარი მიზნისკენ უნდა ევლო.

ჭაბუა ამირეჯიბმა პირადი მაგალითით გვიჩვენა, რომ დიდი ლიტერატურული გამარჯვება არა ამპარტავნების, უსაფუძვლო თვითგანდიდების, ან რომანების რეკორდული რაოდენობის, არამედ დიდი შინაგანი განცდის, წარმოუდგენელი სიჯიუტისა და ათასობით წარუმატებელი მცდელობის შედეგია.

გიორგი კაკაბაძე

გ.კ: ბატონო ჭაბუა, დღეს მინდა მხოლოდ ლიტერატურაზე, მხოლოდ თქვენზე და თქვენს წიგნებზე გვესაუბროთ. “დათა თუთაშხიას” შესავალში წერდით, რომ ბავშვობა სოლოლაკის უბანში გაატარეთ, როგორი აღზრდა გაქვთ მიღებული და როგორი ბავშვობა გქონდათ?

ჭ.ა: აღვიზარდე, შეიძლება ითქვას, ძალიან მაღალი დონის კლასიკურ პირობებში. მშობლებმა დაახლოებით 6 წლისა გამაბარეს. იყო თბილისში ასეთი ქალბატონი: მელანია მეძმარიაშვილი-გველესიანისა, ძალიან მომთხოვნი და კვალიფიციური აღმზრდელი, რომელსაც პედაგოგიკის ფაკულტეტი პარიზში ჰქონდა დამთავრებული. მე მასთან 3 წელი გავატარე. 8-9 წლის ვიყავი, როდესაც ქალბატონმა მელანიამ თქვა: ეს ბავშვი სკოლისათვის მზად არისო და მაშინღა წამომიყვანეს ოჯახში. აღმზრდელთან ჩემი გაბარება იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩვენი ოჯახი მუდამ დამოკლეს მახვილის ქვეშ იმყოფებოდა. მამაჩემს ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ. ამიტომაც გული საგულეში ჰქონდა, რომ ბავშვი წესიერ ოჯახში იზრდებოდა და იმყოფებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხასიათის ფორმირება, კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იქ ჩამოყალიბდა და რაც მთავარია, ქ-მა მელანიამ მასწავლა წიგნის სიყვარული. თუმცა არც უბნის ბიჭობაზე მითქვამს უარი. კიდევ ერთი რამ: მაშინ სკოლაში ზოგჯერ იყო კითხვის გაკვეთილი. შემოდიოდა მასწავლებელი და გვიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას. ამას დავამატოთ ჩემი ოჯახის ტრადიციები და გასაგებია, რომ ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ლიტერატურათმცოდნე ან სწავლული. მაგრამ როგორც ჩანს, ამას შეეწინააღმდეგა ჩემი ფსიქიკა. მე სწავლულობა არ მოვინდომე, ისევე, როგორც არ ვინდომე მუსიკოსობა. ბავშვობაში ყველა ენას მასწავლიდნენ, მაგრამ არცერთი არ ვისწავლე ინგლისურის გარდა. ამჟამად ისიც თითქმის დამავიწყდა. აი, ასე ჩამოყალიბდა ჩემი პიროვნება, დანარჩენი ყველაფერი ნათქვამია ჩემს ახალ წიგნში, რომელსაც “გორა მბორგალი” ჰქვია.

გ.კ: პირველად როდის გაგიჩნდათ წერის სურვილი?

ჭ.ა: 8 წლის ასაკში ლექსი დავწერე, რა თქმა უნდა, ბავშვური და უსუსური. დაახლოებით 12 წლისამ – მოთხრობა, მანამდე კი ფეხი მოვიტეხე, ლოგინში ვიწექი და რაღაც მომიტანეს წასაკითხად: “კუზნეც ვაკულა”, თუ რაღაც ამის მსგავსი და ის ვთარგმნე ქართულად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეტყობა, მიდრეკილება ლიტერატურისკენ მქონდა.

გ.კ: მას მერე დაიწყეთ მოთხრობების წერა? ჩემგან ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენი ადრინდელი მოთხრობები საკმაოდ შეუმჩნეველი დარჩა ლიტერატურაში. ალბათ ამიტომაც იყო, რომ “დათა თუთაშხიას” გამოსვლას აფეთქების ეფექტი ჰქონდა.

ჭ.ა: ჯერ ჩემი მოთხრობების შესახებ გეტყვით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ის მოთხრობა, რომელიც დავწერე, უფრო სასწავლო პროცესი იყო. ამ მოთხრობების წერამ დამანახა, თუ როგორ უნდა მეწერა, წერასაც სწავლა უნდა. ახლა ხშირად მეუბნებიან, ეს რანაირად არის დაწერილიო, ანუ ასე ზუსტად როგორ გამოძებნე ამ თემის გადაწყვეტაო. არაფერიც არ მიძებნია, უბრალოდ, წერა ვისწავლე და ახალგაზრდა მწერლებსაც მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ შრომა აყალიბებს ადამიანში ოსტატს. რაც შეეხება “დათა თუთაშხიას”, ესაა ჩემი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეძენილი გამოცდილება. ვერ გეტყვით, რამდენი ხანი ვიმუშავე ამ ნაწარმოებზე, წერის პროცესს 10 წელი მოვანდომე, მაგრამ მანამდე ვიცხოვრე რთული, სტრესული მოვლენებით აღსავსე ცხოვრებით. პროზა, მითუმეტეს რომანი, გამოცდილების გარეშე ვერ წარმომიდგენია, მე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვგულისხმობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი, გამოცდილება ბევრს აქვს, მაგრამ იგი წიგნად ცოტამ თუ აქცია, მით უმეტეს კარგ წიგნად. მე პროზაში მოვედი ორმოცი წლის ასაკში, ოცდათვრამეტისამ დავწერე პირველი მოთხრობა. უნდა ითქვას, რომ ადრეც რაღაცეებს ვწერდი ბანაკებში და ციხეებში, მაგრამ იქ ვინ რას შეგარჩენდა, წამართმევდნენ, წაიღებდნენ… მე ვცდილობდი ანტისაბჭოთა არაფერი ყოფილიყო, რადგან ახალ ვადას დამიმატებდნენ. მიუხედავად ამისა, წართმეულს აღარ მიბრუნებდნენ, ვწერდი რაღაც ნაწყვეტებს, ერთი-ორი მოთხრობა კი შემომრჩა მაშინდელი. რა თქმა უნდა, ისიც უსუსური, ასე ვთქვათ, სწავლის პროცესის ამსახველი ნაწარმოები.

გ.კ: ეს მოთხრობები არასოდეს დაგიბეჭდავთ?

ჭ.ა: არასოდეს და არც ვცდილობ დაბეჭდვას. აი, დაახლოებით ასე ყალიბდებოდა ის, რასაც “დათა თუთაშხია” ჰქვია. ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვწერე ათი წელიწადი და არა სამი, რაკი ეს გამოცდილება დაგროვილი მქონდა. მე ვერ ვწერ სწრაფად. საერთოდ ის მწერალი არა ვარ, რომელიც ალფათი დაიწყებს და ომეგათი გაამთავრებს. მე განწყობის მწერალი ვარ, ვწერ ნაწყვეტებს. მაგალითად, 1967 წელს უკვე დაწერილი მქონდა “დათა თუთაშხიას” ფინალი და როცა წიგნი უკვე გამზადებული იყო, ვიგრძენი, რომ რაღაც აკლდა. რეზო თვარაძეს და რევაზ თარხან-მოურავს ვუთხარი: “რაღაც აკლია ამ წიგნს მეთქი”. “არაფერი აკლია, დაანებე თავიო”, მიპასუხეს. დროთა ვითარებაში, ორი-სამი თვის შემდეგ, მივაგენი, რომ აკლდა პროლოგი, რომანის ეპიგრაფი.  მახსოვს, დავწერე ორი ეპიგრაფი და მივედი რევაზ თარხან-მოურავთან, მერე წავედი წავკისში რეზო თვარაძესთან, წავუკითხე და მითხრეს: “მართალი ხარ, დაწერე დანარჩენიო” – აი, ასე იწერებოდა ეს წიგნი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვწერ. “დათა თუთაშხიას” შემდეგ ისტორიული რომანის წერა დავიწყე – “გიორგი ბრწყინვალე”, დაახლოებით ერთი მესამედი მაქვს დაწერილი, მაგრამ მომისწრო ამ დემონსტრაციებმა, არეულობებმა და გამიტაცა სხვა თემატიკამ. ასე, რომ ეს რომანი გადადებული მაქვს. ღმერთმა თუ ჯანი მომცა, გავამთავრებ.

გ.კ: მინდა ახალ რომანზე – “გორა მბორგალზე” გკითხოთ, რაზეა ეს რომანი?

ჭ.ა: ბევრ რამეზე. იმისთვის, რომ რომანში ეპოქა დაიხატოს, უნდა დაიწეროს, თუ რა ვითარებაში ყალიბდებოდა ადამიანის ხასიათი და კიდევ ბევრი რამ. ამ რომანს ასეთი ქვესათაური აქვს: “წვართანი ყოფნათა აღსრულებათა და მოქცევათათვის” – იმიტომ, რომ ადამიანის ბიოგრაფია, ადამიანის სიცოცხლე სამი რამისგან შედგება: ადამიანი ჯერ სწავლობს ცისა ქვეშე ყოფნას; მერე დგება აღსრულებათა პერიოდი, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს სხვადასხვა საკითხებს – ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ადამიანის სიცოცხლეში, მერე იწყება ადამიანის მიქცევის პერიოდი, ანუ პერიოდი ამ ქვეყნიდან წასვლისა; მიქცევის პერიოდი შეიცავს აგრეთვე აღსრულებათა ფენომენს: შეიძლება ადამიანი ემზადებოდეს სიკვდილისათვის შინაგანად, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს. მთავარია, შინაგანად იყოს მზად სიკვდილისათვის, წასვლისათვის, რამეთუ, ჯერ ერთი, უნდა განსაზღვროს, რისი გაკეთება შეძლო და რა დარჩა გასაკეთებელი, რამდენი დრო დარჩა და რა უნდა გააკეთოს ამ დროის მანძილზე; მეორეც, უდარდელად უნდა წავიდეს, არ ატეხოს ქვითინი და მოთქმა; არც მის გარშემო მყოფ ადამიანებს მოუხდეთ მისი გამოტირება. უნდა წახვიდე ისე, რომ შენი მისია აღსრულებულად ჩათვალო. ან თუ იმდენად თავმდაბალი ხარ, რომ არ თვლი შენს მისიას აღსრულებულად, მაინც არ უნდა გაეტირო იმას, რაც ვერ აღასრულე, რადგან ეს აღარ შედის სიცოცხლის იმ საზღვრებში, რომელიც შენ გაიარე. ეს ახალი წიგნიც სწორედ ამაზეა.

კაცი “მარბენალი” უკვე მეექვსედ გამოიქცა შორეული ჩრდილოეთიდან და უცებ დასვა თავის წინაშე კითხვა: “რა მარბენინებს? მთელი ჩემი სიცოცხლეა გავრბივარ, რატომ გავრბივარ? რა არის ეს: სიბერის უარყოფის მტკიცება, თავის დამკვიდრება თუ სხვა რამ? მოდი, განვიხილავ ყველაფერს, რაც გადამხდა და იქნებ ამაში ვიპოვო პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ გავრბივარ, ანუ რატომ ჩამოვყალიბდი ასეთი ხასიათის კაცადო. ამ შეკითხვებზეა გაცემული პასუხი ჩემს ახალ წიგნში.

გ.კ: არ გეშინიათ, რომ თქვენი ახალი რომანი ნაკლებ პოპულარული იქნება, ვიდრე “დათა თუთაშხია”?

ჭ.ა: არა, მაგის შიში არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერავინ დაწერს ორ ერთნაირი ღირებულების წიგნს. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთს აქვს დიდი ღირებულება და არც – მეორეს. არავითარი შიში არ მაქვს. არის ასეთი ლათინური გამონათქვამი: Feci, quod potui, faciant meliora potentes  – “ვქმენ, რაც შევიძელ, ქმნან უკეთ ძალამოსილებმა” – მორჩა და გათავდა.

© “არილი

Facebook Comments Box