რეცენზია

თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“ – სახლი, რომელიც ცოცხალია

ავტორი: თაკო წულაია

თამრი ფხაკაძე, “ჩვენ, თურმელები”, გამომცემლობა “პალიტრა L”

ყველაფერი სახლის აღწერით იწყება – ოცდათორმეტი ფანჯარა. თექვსმეტი შიდა (ერთმანეთის ცხოვრებაში შესასვლელ-გამოსასვლელი) და ერთი მთავარი (გარე-წუთისოფელში გასასვლელი) კარი. ჩუქურთმები. ხის იატაკი. ცხრა ბუხარი. თექვსმეტი ოთახი. კედლები ფარდაგებით, ფოტოსურათებით, ტილოებით.

მერე ჩნდებიან პერსონაჟები, თითქოს კედლებიდან და ოთახებიდან გამოდიან, სახელებსა და თავიანთ ამბებს ამჟღავნებენ, რეალურისა და ირეალურის ძნელად გასარჩევ ზღვარზე დადიან და ვერ ხვდებიან, სახლის ტუსაღები არიან თუ პატრონები.

სახლის ასეთი დეტალური აღწერა, სინამდვილეში, სწორედ მათი, პერსონაჟების აღწერაა და პირიქით. გარდა იმისა, რომ თურმელების სახლი ტექსტის პროტაგონისტია, იგი ყველა სხვა გმირის ამრეკლავი სივრცეა, რომელსაც ერთდროულად მათი ცხოვრების შემაჯამებელი და შემნახველი ფუნქცია აქვს. ის მატიანეა, დოკუმენტი, რომელშიც თურმელების ქარტეხილიანი ცხოვრება უნდა ჩაიწეროს. სახლია ის სემანტიკური სივრცე, სადაც გარდაცვლილები ცოცხლებს უნდა შეხვდნენ, მომხდარი ამბები კი – მოსახდენ ამბებს.

„ჩვენ, თურმელები“, რომელსაც ავტორმა, თამრი ფხაკაძემ, თავისი ცხოვრების წიგნი უწოდა, დიდი, მრავალფეროვანი ოჯახური პორტრეტია. პორტრეტზე გამოსახულ თითოეულ თურმელს საკუთარი, უნიკალური ამბავი აქვს. მაგრამ უნიკალურობის მიუხედავად, ყველა ეს ამბავი თითო გვერდია საერთო წიგნისა, რომელშიც წერას თურმელები 25 წელიწადში ერთხელ აგრძელებენ.

ვინ არიან ისინი?

ბუენდიების ოჯახის წევრებივით მაგიურ ბუნდოვანებაში გახვეული ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მოძრაობენ, თითქოს გაჩერებისა და დაფიქრების ეშინიათ. ამ რომანში სულ ვიღაცას ეჯახები, მათ სახლში ჩქარი ნაბიჯებით დადიხარ (თხრობის სწრაფი ტემპის გამო) და ხან რომელ თურმელს შეეფეთები, ხან – რომელს.

ბაბუა სარგისი, რომელმაც დროშის ფრიალი და ხმლის ქნევა ვერ მოიშალა; დემეტრე, რომელიც სანთლებს აქრობს, მათი სახლი ვინმეს ეკლესია რომ არ ეგონოს; ნოშრევან თურმელი, ხუთჯერ რომ მოახერხა სენაკში შესვლა; ლუკა თურმელი, რომელსაც გაზაფხულები უფრო აღელვებდა, ვიდრე შემოდგომები; მზეხა, რომელიც დიდი შიმშილობისას არაფრისგან სადილებს აკეთებდა; თარაშ თურმელი, რომელსაც მამა მოუკლეს და არ იზრდება; ედიშერ თურმელი, რომელიც ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა. ანანო შავთვალა, რომელმაც ლიუქ თურმანი მაინც იპოვა; ჯორჯ თურმანი, რომელიც ეძებდა; ნუცა თურმელი, რომელიც წინასწარ ხედავდა ხელის მთხოვნელების მომავალს; აბე და კააბო, ერთს ცაში რომ უყვარდა ყურება და მეორეს – მიწაში; უტა თურმელი, ათასი ციხიდან რომ მოახერხა გაქცევა – ეს არასრული სიაა პერსონაჟებისა, რომლებსაც თამრი ფხაკაძემ რომანსა და თურმელების სახლში მოუყარა თავი და ერთმანეთთან თანაცხოვრება, თურმელების ოჯახის წევრობა არგუნა წილად.

და არიან კიდევ სხვები, ფრაგმენტები, თითქოს ნახევარი ადამიანები; სახეები, რომლებიც წამიერად გაკრთებიან და მერე სიბნელეში ბრუნდებიან; სახელები, რომლებიც თურმელების წინაპრების ვრცელ ისტორიაში იკარგებიან, მაგრამ სანამ საბოლოოდ შეერევიან წარსულს, საკუთარი, ერთადერთი ამბის მოყოლას ასწრებენ.

როგორც ჯულიან ბარნსი წერს თავის ერთ-ერთ რომანში: „უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც, საბოლოო ჯამში, მოსაყოლად ღირს“.

ავტორიც თითქოს ბარნსის პრინციპით ხელმძღვანელობს და ყველა ამ პერსონაჟის ცხოვრებიდან ერთადერთ ამბავს არჩევს. ამბავს, რომელშიც მათი ხასიათი და ინდივიდუალურობა ყველაზე ზუსტად ჩანს.

„იყო კი ნამდვილად?“ – გაიფიქრებენ თურმელები ნახევრად ლეგენდარულ, ნახევრად რეალურ წინაპრებზე. დაახლოებით ისე, როგორც კატია პეტროვსკაიას რომანის „ალბათ ესთერის“ მთხრობელი ფიქრობს, რომ ისტორიის მიერ შემონახული სურათების მიღმა არიან უსახელო, უხილავი, უხმო ადამიანები. მართალია, განსხვავებით თამრი ფხაკაძისგან, იგი საკუთარი ოჯახის რეალურ ამბავს იკვლევს, მაგრამ საერთოა სურვილი – გამოიხმო წარსულის აჩრდილები, რომლებსაც შენი ხსოვნა ასხამს ხორცს.

„ჩვენ, თურმელები“ გამორჩეულია არა მარტო დასამახსოვრებელი პერსონაჟებისა და მათი ამბების სიმრავლით, არამედ უსულო საგნების მოულოდნელი გაცოცხლებით. აქ ყველაფერი დენადი და ცვალებადია, სტაბილურობა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ საგნებისთვისაც უცხოა. ერთადერთი სახლი დგას და დგას, მის შიგნით კი ყველაფერი ცოცხალი და მოძრავია. სიცოცხლე კი აუცილებლად გულისხმობს სუბიექტურობას – ამიტომაც სახლი ვიღაცების მიმართ კეთილგანწყობილია, ვიღაცებს, პირიქით, ცივად მასპინძლობს. მის ზღურბლზე უხილავი ნაგაზია გაწოლილი და მასზეა დამოკიდებული, სახლში შესვლას შეძლებ თუ ვერა.

როგორც მაგიურ რეალიზმს შეეფერება, არც ეს რომანი აღიარებს დროით და სივრცით საზღვრებს. როგორც კი ლუკა თურმელი სენაკში შევა (სენაკი არის ოთახი, სადაც 25 წელიწადში ერთხელ შედის თურმელი და ოჯახური ქრონიკის წერას აგრძელებს), მკითხველის თვალწინ ირღვევა წარსულისა და აწმყოს მყარი კონსტრუქციები და გარდაცვლილი ადამიანების ცხოვრება ცოცხლებისაში იწყებს ჩაღვრას, თურმელების ცხოვრების ერთიანი ნაკადი რომ შექმნას.

სენაკში შესულ ლუკა თურმელს ამბებითა და ადამიანებით სავსე, ხმაურიანი წიგნის კითხვა უწევს, სადაც თურმელების ერთმანეთისგან განსხვავებული ფანტომები ბინადრობენ. განსხვავებების მიუხედავად, ყველა მათგანი მიჯაჭვულია სახლთან-სამშობლოსთან. მიჯაჭვულია მაშინაც კი, როცა მისგან გაქცევა უნდა.

ავტორი სრულიად აშკარად აკავშირებს სახლის სიმბოლოს საქართველოსთან (და, ზოგადად, სამშობლოს იდეასთან). თურმელები ხანდახან თავიანთი თავისა და რაღაც უსახელოს მოსაძებნად მიდიან სახლიდან, მაგრამ ყველა მათგანს უკან იხმობს სახლი და საკუთარ თავთან შეხვედრაც მხოლოდ მის კედლებში ხდება შესაძლებელი. გადამწყვეტი მოვლენებიც სახლში უნდა განვითარდეს ან მის მახლობლად. კარლოს ფუენტესმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მაგიური რეალიზმი ჟანრი არ არის, ესაა პერსპექტივა, რომლითაც სამყაროს უყურებ. თამრი ფხაკაძესაც ხედვის ასეთი პერსპექტივა აქვს შერჩეული, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვით, სანამდე „სწვდება მისი მზერა“, მხოლოდ სახლია სავსე მისტიკურობით თუ თურმელებს ყველგან თან დაჰყვებათ მაგიურობა.

მათ ცხოვრებაში არაფერია ზებუნებრივი, თუმცა ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენებიც აღბეჭდილია უჩვეულო, შემეცნებისა და რაციონალურობის მიღმა მყოფი ძალების არსებობით. ღმერთი, ბედისწერა, ავტორის უხილავი ხელი – სულერთია, რა, მაგრამ რაღაც ისე აკავშირებს თითოეული თურმელის ცხოვრებას ერთმანეთთან, რომ თავადვე იქცევიან ერთმანეთის ხსნისა თუ დაღუპვის მიზეზებად.

თუმცა ხსნაც და დაღუპვაც, ვფიქრობ, ერთადერთ რამეს – მეხსიერებას უკავშირდება. სანამ ახსოვხართ, ხარ. იქნებ სწორედ ამიტომ, ყოფნის გასახანგრძლივებლად ჰყვებიან თავიანთ ამბებს თურმელები. ადამიანები, რომლებიც ხშირად მიდიოდნენ სახლიდან და ხან ბრუნდებოდნენ უკან, ხან – ვერ. თუ ბრუნდებოდნენ, თან თითო წიგნი მოჰქონდათ, თუ ვერ ბრუნდებოდნენ, მათი ამბები ჩამოჰქონდათ სხვებს.

შესაძლოა, ამიტომაც დამრჩა განცდა, რომ წიგნი არა ავტორმა, არამედ სულ უბრალო შემთხვევითობამ დაასრულა. რეალურად კი თურმელების ამბავი გრძელდება. მართალია, იმ წიგნში არა, რომლის ავტორიც თამრი ფხაკაძეა, მაგრამ იმ წიგნში ნამდვილად, რომელსაც თავად თურმელები წერენ და რომელიც დროდადრო უჩვეულო შუქში ეხვევა.

© არილი

Facebook Comments Box