ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  პორტრეტი

ნანა კობაიძე – ხათუნა ცხადაძე – თარგმანი და პასუხისმგებლობა

katu tskhadadze

“არ არსებობს უფრო სკრუპულოზური და მკაცრი მკითხველი, ვიდრე მთარგმნელია, რომელიც სიტყვასიტყვით ამუშავებს ტექსტს”.

უმბერტო ეკო

პროლოგის მაგივრად

ხშირად ამბობენ, რომ მთარგმნელობა დაუფასებელი პროფესიაა. მოეწონა მავანს (მკითხველს) წიგნი? მადლობა ავტორს. არ მოეწონა? მთარგმნელია დამნაშავე. ამიტომაა, რომ ამ პროფესიას ხელს მხოლოდ ისინი ჰკიდებენ, ვისაც ძალიან უყვარს ეს საქმე. ხათუნა ცხადაძე ერთ-ერთი მათგანია, მთარგმნელი, რომელმაც ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე აჩუქა უმბერტო ეკო. მართალია, იტალიელის რომანმა 30 წლით დაიგვიანა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. “ვარდის სახელის” არაჩვეულებრივი თარგმანი ლიტერატურის მოყვარულებმა სათანადოდ შეაფასეს. “ვარდის სახელს” “პრაღის სასაფლაო” მოჰყვა, ეკოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი. მანამდე კი იყო “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგები. წიგნი, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში.

2006 წელს იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი ავტორის, ანტონიო ტაბუკის, ასევე ცნობილი რომანი – “მიაჩნია პერეირას” თარგმნა, რომელშიც კარგად გამოჩნდა მისი, როგორც მთარგმნელის ოსტატობა და შესაძლებლობები. მალე მკითხველს კიდევ ერთი სიახლე ელის – პიერ პაოლო პაზოლინის “ქუჩის ბიჭები,” ნაწარმოები, რომელიც თაყვანისმცემლებს ცნობილ რეჟისორს სხვა თვალით დაანახებს.

მთარგმნელის შემოქმედებით ბიოგრაფიას მის მიერ თარგმნილი წიგნები ქმნის, თუმცა თარგმანებსაც აქვს საკუთარი ისტორია. რიგით მკითხველს დეტალები ნაკლებად აინტერესებს, ისეთი მკითხველისთვის კი, რომელმაც იცის ამ საქმიანობის სირთულე და ფასი, შიდა სამზარეულო ტექსტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხათუნა ცხადაძე გვიამბობს თავის საქმიანობასა და მისკენ სავალ გზებზე.

 

შტრიხები პორტრეტისათვის

უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით დაამთავრა. იცინის, იმ იშვიათ მთარგმნელთაგანი ვარ, ვისაც ეს სპეციალობა დიპლომში უწერიაო. ცხადია, მთარგმნელობა ამის გამო არ დაუწყია. ეს საქმე ყოველთვის მოსწონდა. 90-იანი წლების ბოლოს პატარ-პატარა მოთხრობებს თარგმნიდა. ისე, გასართობად, ყოველგვარი გეგმის გარეშე.

ბევრი სხვა რამის მსგავსად, მის ცხოვრებაში დანტეს ენაც მოულოდნელად შემოიჭრა. სკოლაში და უნივერსიტეტში ინგლისურს სწავლობდა. იტალიურის სწავლის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც თარგმანის სპეციალობაზე მეორე ენა უნდა აერჩია. კურსი სულ რაღაც ერთ სემესტრს გაგრძელდა და, ცხადია, ბევრი ვერაფერი შესძინა. ეს ყველაფერი შავბნელი 90-იანების ფონზე ვითარდებოდა, როდესაც სტუდენტები დამატებით კი არა, ძირითად საგნებზე ძლივს დადიოდნენ. ერთი სიტყვით, პირველი ურთიერთობა არ შედგა, თუმცა ინტერესი არ განელებია. კერძო მასწავლებელი მოძებნა, არაჩვეულებრივი პედაგოგი ნინო ხმალაძე, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი მომავალი პროფესია. 6 თვეში პატარა იტალიურ ფირმაში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ამ სამყაროსთან ურთიერთობა აღარ გაუწყვეტია. პარალელურად თარგმნიდა.

წერა ყოველთვის ეხერხებოდა. მასწავლებლები მიიჩნევდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების წერა მისი სტიქია არ იყო. არც იმ პერიოდში მოდური დღიურების. წერდა მხოლოდ იმას, რასაც ავალებდნენ – ეგრეთ წოდებულ სასკოლო თემებს. თარგმანთან პირველი შეხება სტუდენტობის წლებს უკავშირდება. სამუშაოდ რუსი ავტორების მოთხრობებს ათარგმნინებდნენ. მაშინ მიხვდა, რომ ეს საქმე მოსწონდა. მოგვიანებით მწერალმა მიხო მოსულიშვილმა ურჩია, იტალიურიდან რამე ეთარგმნა. მიხოსთან გაზეთ “საქართველოდან” მეგობრობდა (19 წლის იყო, როცა ნოდარ გრიგალაშვილმა გაზეთში კორექტორად აიყვანა). ტონინო გუერას მინიატურები და იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები მიუტანა. მოეწონათ და “ცისკარში” დაბეჭდეს. ეს იყო 1997 წელს. ამას სხვა მოთხრობებიც მოჰყვა. მიხოს უთქვამს, კარგად გამოგდის, მოდი, უმბერტო ეკო თარგმნეო. მაშინ ეს ავტორი წაკითხულიც არ ჰქონდა.

 

ქუჩაში ნაპოვნი “ვარდის სახელი”

“ვარდის სახელს,” როგორც იმ დროის მკითხველთა უმეტესობა, ელენე კოსტიუკოვიჩის რუსული თარგმანით გაეცნო. იმდენად რთულ და მასშტაბურ ტექსტად მოეჩვენა, გადმოქართულებაზე არც კი უფიქრია. მერე ორიგინალს გადააწყდა. დაახლოებით ისე, როგორც მის მიერ მოგვიანებით თარგმნილი ანტონიო ტაბუკი – ფერნანდო პესოას წიგნს.

ის წლები იყო, ყველგან ფეხით რომ დავდიოდით. ვერაზე, გამომცემლობასთან ბუკინისტური წიგნები იყიდებოდა. სახლის ტელეფონი მქონდა დატოვებული მათთვის (მაშინ მობილურები არ იყო) და როგორც კი იტალიურენოვანი “ექსპონატი” გამოჩნდებოდა, მირეკავდნენ. ერთხელაც ჩავიარე და ვხედავ, წიგნი დევს. გადავშალე – ეკოა, “ვარდის სახელი” ორიგინალში. რასაკვირველია, ვიყიდე. ახლაც მახსოვს, იმ პერიოდისთვის ძალიან ძვირი – 22 ლარი გადავიხადე. ეს წითელი, ნაჭრისყდიანი ეგზემპლარი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს და თარგმნისას ლამის დავგლიჯე, პირველი გამოცემა აღმოჩნდა. სხვათა შორის, ეს თავად ეკომ მითხრა. როგორც ჩანს, იმ წლებში არც იტალიელები იკლავდნენ თავს წიგნის იერსახეზე ზრუნვით. ძალიან უბრალო გამოცემაა, გაუფორმებელი, ცოტა საბჭოური იერით. მოკლედ, ვიყიდე, წავიკითხე და პროლოგი ვთარგმნე. ხელნაწერი მიხოს ვაჩვენე. ძალიან მოეწონა, “მიდი, რა, თარგმნეო”, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზე შორს არ წასულა. მაშინ ყოფითი პრობლემებით ვიყავი დაკავებული და არც გამომცემლებთან მქონდა ურთიერთობა.

 

ეკო-მარტინის დებატები

იმ პერიოდში ჩეხეთიდან ლიტერატურათმცოდნე მერაბ ღაღანიძე ჩამოვიდა, რომელსაც იტალიური ენის შესწავლა სურდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი. მოგვიანებით “მოსწავლემ” პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო კრებულის თარგმნა შესთავაზა. “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – ასე ერქვა წიგნს, რომელშიც უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგი შევიდა. 2004 წელს მისი გამოცემა კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულმა “ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრმა” დააფინანსა. მცირე ტირაჟით დაბეჭდილი კრებული ძირითადად ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, ბიბლიოთეკებს და ამ თემით დაინტერესებულ მკთხველთა ვიწრო წრეს დაურიგდა. წიგნი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მკითხველის ინტერესი სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ინტელექტუალების დებატებმა გამოიწვია. განსხვავებულად მოაზროვნე ეპოქალური მასშტაბის ადამიანები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობენ – ქალთა უფლებებზე, აბორტზე, ეკლესიის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, რწმენასა და ურწმუნოებაზე. ეს წიგნი მშვენიერი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საკუთარი შეხედულების დაცვა სხვისი პოზიციის დაკნინების გარეშე. კარდინალ მარტინისა და უმბერტო ეკოს საუბრები რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა დაიბეჭდა. წიგნის მცირედ შესწორებული ვარიანტი 2011 წელს “დიოგენემ” დასტამბა.

ძალიან საინტერესო გამოცემაა. გარდა იმისა, რომ ჩემთვის პირველი სერიოზული შეხება გახლდათ ეკოსთან, უამრავ კითხვაზე გცემს პასუხს. დღემდე ჩემი სამაგიდო წიგნია. მნიშვნელოვანია, რომ თარგმნისა და გამოცემის ინიციატორი კათოლიკური ეკლესია იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პაექრობა მაინცდამაინც მის სასარგებლოდ მიმდინარეობს. რელიგიურ პოზიციას ისეთი სერიოზული ოპონენტი ჰყავს, როგორიც არის უმბერტო ეკო. რამდენიმე საინტერესო წერილია კათოლიკური პოზიციიდან, უპირველესად, თავად მარტინის პასუხები, თუმცა როგორც არაეკლესიურ ადამიანს, საერო ხმა უფრო დამაჯერებლად მეჩვენება. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა ასეთივე დებატების სულისჩამდგმელი მართლმადიდებლური ეკლესია? თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფორმა კი არა, შინაარსია. თანასწორი ინტელექტუალური ბაზის გარეშე მსგავს საუბარს აზრი არა აქვს. როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ, ეკოსა და მარტინის დიალოგის საფუძველი კარდინალის რელიგიური სტატუსი კი არა, მისი ინტელექტუალური ავტორიტეტი გახდა. ცალკე თემაა განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი. ეკოსა და მარტინის საუბარში დებატების საოცარი კულტურა ჩანს. ცალსახაა, რომ კათოლიკური ეკლესია კატეგორიულად არ იზიარებს მწერლის მოსაზრებებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათ შორის ინტელექტუალური კამათის სივრცეს. თუმცა ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. როცა ერთი პოზიცია რწმენას ემყარება, რომელიც თავისი არსით ირაციონალურია, მეორე კი – რაციონალურ არგუმენტებს, შეთანხმება ძალიან რთულია. უბრალოდ, ცივილიზებული თანაცხოვრების ფორმა უნდა მოიძებნოს. ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება ამ დიალოგიდან: ადამიანს, იმისთვის, რომ ეთიკური, წესიერი იყოს, მაინცდამაინც ღმერთის რწმენა, შიში და სიყვარული არ სჭირდება. ადამიანურ ეთიკას და პატიოსნებას უპირველეს ყოვლისა ადამიანის სიყვარული უდევს საფუძვლად. ეს წიგნი გვასწავლის, რომ ადამიანების რელიგიური გრძნობებისა და პოზიციის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ ასევე სავალდებულოა, თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფო საერო, სეკულარულ კანონებს ემორჩილებოდეს და არა რელიგიურს. ჩემთვის სწორედ ესაა ამ პატარა წიგნის მთავარი გზავნილი: მხოლოდ სეკულარულ სახელმწიფოს აქვს მომავალი, სადაც ეკლესია და სახელმწიფო მანქანა გამიჯნულია ერთამენთისგან. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მრავალი კონფესია თანაცხოვრობს და, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს სრულიად სხვადასხვა რამეებისა სწამთ.

 

თარგმანში დაკარგული

“ვარდის სახელზე” მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ძალიან დიდხანს გაუგრძელდა – 5 წელიწადს თარგმნიდა. ეს პროცესი მისი ცხოვრების რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც ზოგჯერ ხანგრძლივი პაუზა უწევდა – რამდენიმე თვე საერთოდ ვერაფერს აკეთებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულა. 2010 წელს დიდი ხნის ნანატრი წიგნი გამოვიდა. მკითხველმა და ლიტერატურის კრიტიკოსებმა თარგმანს მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა იყო ერთი მოულოდნელობა, უფრო სწორად, მოლოდინი: საზოგადოება “ვარდის სახელს” ელენე კოსტიუკოვიჩის რუსული თარგმანით იცნობდა, რომელიც მართალია, პოეტური და ლამაზია, მაგრამ ამავე დროს, სტილიზებული და ხელოვნურად “დაძველებული”. შესაძლოა, ქართულადაც ასეთ – სიძველით დაღდასმულ თარგმანს ელოდნენ. არადა, ეკო თანამედროვე ენით წერს. ქართული ვარიანტიც ორიგინალს მიჰყვება. პროლოგის მსგავს არქაიზებულ ადგილებსაც შეხვდებით, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა. თავად ტექსტი თემატურად ძალიან რთული და კომპლექსურია. მასზე მუშაობა მთარგმნელისთვის სერიოზული გამოწვევაა – ლინგვისტურ უნარებთან ერთად საფუძვლიან ისტორიულ, კულტურულოგიურ და თეოლოგიურ მომზადებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინტუიციაც.

ეკოს რეალურთან ერთად გამოგონილი პერსონაჟებიც ჰყავს. ბევრია სინთეზური გმირი, რომელიც სინამდვილისა და მწერლის ფანტაზიის ნაზავია. იგივე ხდება ენობრივადაც: ბიბლიური ტექსტებიდან ამოღებული ციტატების გარდა, ბევრგან მიმართავს “მიქსს” –  სხვადასხვა საეკლესიო ტექსტიდან ამოკრებილ მონაკვეთებს თავის ჭკუაზე აბამს ერთმანეთს. ამის მიხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ციტირებისას ბრჭყალებს არ იყენებს. ამ შემთხვევაშიც გონიერება უნდა გეყოს, ძველ თუ ახალ აღქმას ჩახედო და ციტატა მოძებნო, რისთვისაც შესაბამისი თეოლოგიური ცოდნაა საჭირო. ამას ხომ მთარგმნელს ვერ მოსთხოვ? ეს ეკოსთვისაა შუა საუკუნეებზე წერა ბუნებრივი მდგომარეობა. თავად ამბობს, შუა საუკუნეები ჩემი ყოველდღიურობაა, თანამედროვე სამყაროს კი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობო. ასეთი ადამიანის ნაწერის თარგმნა ადვილი არ არის, მაგრამ ხან ინტუიცია გეხმარება, ხან ყურადღება, ხან – პასუხისმგებლობის გრძნობა და ხანაც – ადამიანები, რომლებმაც შენზე მეტი იციან. მნიშვნელოვანია, დაეკითხო მას, ვინც შენზე უფრო კომპეტენტურია. მთარგმნელისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც საკუთარ ენაზე კარგად წერის უნარი. უნდა შეგეძლოს, ბოლომდე ჩაჰყვე ბუნდოვან ადგილს და არსად დატოვო კითხვის ნიშანი, რომ სადმე უპატიებელი შეცდომა არ გაგეპაროს.    

 

მთარგმნელის პასუხისმგებლობა

ფიქრობდა, რომ ზოგიერთი სცენის თარგმნას ვერ გაუმკლავდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, ტაძრის კარიბჭის აღწერისა და სიზმრის ეპიზოდები. გამორჩეულად ახსოვს სექსის სცენის თარგმნა, რომელიც ენობრივადაც და ტექსტუალური თვალსაზრისითაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველი ვარიანტი არ მოსწონდა. არც თავად და არც – რედაქტორს.

ჩემს არაჩვეულებრივ რედაქტორთან, ლალი ქადაგიძესთან მუშაობა ხშირად მაგონებს ჩემი ქართულის მასწავლებლის, მანანა ჩიქვანაიას გაკვეთილებს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მანანამ წერა მასწავლა. ლალი ქადაგიძე არ ეძიძგილავება ნაწერს, რომელიც არ მოსწონს, არ ცდილობს, თავიდან დაწეროს მონაკვეთი, მოკლედ, არ ცდილობს, შენი საქმე გააკეთოს. გეტყვის, რომ ეს მონაკვეთი, ასე ვთქვათ, “მისახედია”, და ვიცი, რომ უნდა “მივხედო”. ამას აკეთებდა მანანაც: მახსოვს მისი კომენტარები ჩემი რვეულების მინდორზე. ეს იყო, ძირითადად, “არ ვარგა”, “გასამართია” ან, იშვიათად: “კარგია”. იცოდა ხოლმე ამის მიწერაც: “კარგია, მაგრამ პათოსი მოაშორე”. ზოგს მიაჩნია, რომ წერის სწავლა შეუძლებელია, მე კი ვიტყოდი, რომ წერის სწავლა შესაძლებელია, ცხადია, მათთვის, ვისაც წერა ეხერხება. იმიტომ, რომ წერის უნარი და კარგად წერა ერთი და იგივე არაა. უფრო დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ “წერის სწავლება” ჩემთვის ნიშნავს, ასწავლო, როგორ არ შეიძლება წერა, როგორ არ უნდა წერო. ადამიანი, რომელსაც ეს საქმე გამოსდის, დანარჩენს თავად მიხვდება, და გამოცდილებით ისწავლის. ეს იყო ჩემი მანანასთან ორწლიანი ურთიერთობის მთავარი შედეგი (გარდა ჩვენი მეგობრობისა): მანანამ მასწავლა, როგორ არ შეიძლება წერა და ახლაც, ოცდახუთი წლის შემდეგ, როცა რამეს ვწერ ან ვთარგმნი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვცდილობ, ნაწერი მისი თვალით ვიკითხო, რომელსაც ვერ გამოაპარებდი ვერანაირ კიჩს და უგემოვნობას.

მოკლედ, იმ მონაკვეთის გაშალაშინებას ხელახლა დაწერა ამჯობინა და “დიოგენეს” ოფისში ახალი ვარიანტი “გამოაცხო”. წიგნის ბოლოთქმაში, რომელიც უამრავ კითხვას პასუხობს, ეკო ამ სცენის არსსაც განმარტავს: მონასტერში გაზრდილი მორჩილისთვის, რომელსაც არანაირი სექსუალური გამოცდილება არ ჰქონია, ეს გრძნობა ღვთიურ სიყვარულთან ასოცირდება. მისთვის ქალი ღვთისმშობელია, მარიამ მაგდალინელი ან სხვა რომელიმე წმინდანი, რომელსაც მხოლოდ ემოციურად ეთაყვანება. ეკო ყმაწვილის ფიზიკური ექსტაზითა და მისი გულანთებული რელიგიური სიყვარულით თამაშობს: თავგზააბნეული ბიჭი სხეულებრივ ნეტარებას წმინდანებისადმი მწველ სიყვარულთან აიგივებს და ვეღარ გაუგია, რა ხდება მის თავს. ეს სცენა მართლა კომიკურია (ყოველ შემთხვევაში, მთარგმნელი ასე თვლის). ეკო წერს, როგორ შეიქმნა ეს ეპიზოდი: ირგვლივ მეყარა ტექსტები – კანონიკური თუ არაკანონიკური და იმ ადგილებს ვიღებდი, სადაც წმინდანების მიმართ ვნებაზე იყო ლაპარაკიო. მწერალმა რელიგიურ ტექსტებს თავისი ნააზრევიც დაამატა და ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯ შეკრა ორგვერდიანი სცენა, რომელიც ენობრივი და სტილისტური თვალსაზრისით ნამდვილი ბეწვის ხიდი აღმოჩნდა.Mმთარგმნელისთვის ასეთი სირთულეების ღირსეულად გადალახვა ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ სწრაფად ვერ მუშაობს (თუმცა არა მხოლოდ ამიტომ, როგორც თავად ამბობს). თარგმანში სისწრაფე გაუმართლებლად მიაჩნია. გრძნობს, როცა ნამუშევარი არ ვარგა ან არ იკითხება – უკმარისობის განცდა უჩნდება, რასაც ტექსტის “დასვენებით” შველის. ჯობია, ასეთ დროს ტექსტს თავი დაანებო და რამდენიმე დღის, ან კვირის შემდეგ “სხვა თვალით” წაიკითხო. ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს.

თავად ეკო თავისი თარგმანების მიმართ ძალზე მომთხოვნი და სკრუპულოზურია. არცაა გასაკვირი: ეს არის კაცი, რომელმაც წერა თარგმნით დაიწყო. ნათარგმნი აქვს ჟერარ დე ნერვალისა და რაიმონ კენოს ტექსტები. არაჩვეულებრივად ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას – გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს; თარგმანის შესახებ დაწერილი ძალზე საინტერესო წიგნის (“თქვა თითქმის იგივე. თარგმანის გამოცდილება”) ავტორია; ერთი სიტყვით, ამ სფეროში ღრმად არის ჩახედული, ამიტომ, როგორ თარგმნიან მის ტექსტებს, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მთარგმნელებთან რეგულარულად თანამშრომლობს. სანამ ახალგაზრდა იყო, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი და რუსი მთარგმნელების გვერდიგვერდ მუშაობდა. ახლა 83 წლისაა, თუმცა მთარგმნელთა შეკითხვებს დღესაც დაუზარელად პასუხობს.

ეკოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს თარგმანთან დაკავშირებით. ამბობს, რომ დედნის ერთგულება ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოტანით არ განისაზღვრება. მთავარია, იმ ენაზე ვარგოდეს წიგნი, რომელზეც ითარგმნება, მთარგმნელი კი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს დედანს, არ ასცდეს მას. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა რამ არ თქვას: ის, რაც ავტორს არ უთქვამს. ამას გულისხმობს თავისი წიგნის სათაურშიც – “თქვა თითქმის იგივე”. მთარგმნელისთვის დატოვებული თავისუფალი ქმედების სივრცე არ ნიშნავს ორიგინალისთვის რამის დამატებას ან მოკლებას. ეკოს აზრით, ტექსტის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, ამ საქმის სიყვარულთან ერთად, მთარგმნელის უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტებია. დანარჩენი მის ოსტატობასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. გამოცდილება კი წლებთან ერთად მოდის. შესაბამისად, პასუხისმგებლობის გრძნობაც იზრდება, რადგან ხვდები, რამდენი რამ შეიძლება არ იცოდე.

 

“პრაღის სასაფლაო” – სახალისო წიგნი სიძულვილზე

“ვარდის სახელს” “პრაღის სასაფლაო” მოჰყვა, ეკოს ბოლო რომანი, რომლის თარგმნა ავტორმა თავად ურჩია “დიოგენეს.” ქართულ ენაზე წიგნი შარშან გამოვიდა. წინა რომანისგან განსხვავებით, ეს ტექსტი უფრო სწრაფად, თითქმის წელიწადნახევარში დაასრულა.

“პრაღის სასაფლაო” ძალიან საინტერესო, ამავე დროს, განსხვავებული ნაწარმოებია. მასში ეკო მსოფლიო კონსპირაციის და შეთქმულების თემას დაუბრუნდა, რასაც “ფუკოს ქანქარადან” მოყოლებული, თითქმის ყველა რომანში ავითარებს. ამბავი მთლიანად ებრაელების თემაზეა აწყობილი – შესაბამისი ეპოქითა და ძალიან საინტერესო კონცეფციით. სხვათა შორის, ამ ტექსტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

თავიდან წიგნი მძიმედ მომეჩვენა. არც მომეწონა. თარგმნა რომ დავამთავრე, ბევრი რამ მერე გავაცნობიერე. ფაქტობრივად, ხელახლა აღმოვაჩინე. ეკო მხოლოდ იმ ეპოქასა და ამბებს კი არ დასცინის, რაც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ხდებოდა ევროპაში, არამედ – ლამის მთელ კაცობრიობას და მის დამოკიდებულებას ამ მოვლენებისადმი.

რომანის სიუჟეტი ძალიან კარგად არის ნაგები, თუმცა ეკო აქაც იმავე ხერხს მიმართავს, რასაც სხვაგან: ძნელია გაარკვიო, სად არის რეალობა და სად – გამონაგონი. რასაკვირველია, რეალობიდანაა აღებული დრეიფუსის საქმე და ლეო ტაქსილის ისტორია, აღარაფერს ვამბობ ფაშიზმის სათავეებსა და “სიონის ბრძენთა ოქმებზე”. ამ “დოკუმენტის” სიყალბე მეოცე საუკუნის დასაწყისშივე დადასტურდა. არადა, მას ათწლეულების მანძილზე აქტიურად იყენებდა ფაშიზმი. ამ ოქმებს დღემდე აფრიალებენ სხვადასხვა ანტისემიტური მისწრაფების დაჯგუფებები. ცხადია, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა.

“პრაღის სასაფლაომ” დიდი შფოთვა გამოიწვია. ბევრს არ მოეწონა, ბევრმა ანტისემიტურადაც აღიქვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამ მოვლენას დასცინის. მიწასთან ასწორებს ანტისემიტიზმს, ისევე, როგორც ფაშიზმს.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ წიგნს, სიძულვილია. “მინდოდა დამეწერა წიგნი ტოტალურ სიძულვილზე” – ამბობს ეკო. “სიყვარული ტოტალური ვერ იქნება, ის უკიდურესად სელექციურია. შეუძლებელია, ადამიანს ყველა უყვარდეს, სიძულვილი კი შეიძლება ტოტალური იყოს”. ნაწარმოებში არ არიან დადებითი პერსონაჟები. არავინაა, ვისაც მკითხველი “მიეკედლება”, უგულშემატკივრებს.

ეს არის წიგნი სიძულვილზე, რომელსაც ისევე დასცინის, როგორც ბევრ სხვა რამეს ამ ტექსტში. ეკო აშარჟებს ყველანაირ სიძულვილს: ეთნიკურს, რელიგიურს, ქალის მიმართ სიძულვილს. მთავარ პერსონაჟს ტანში ზარავს ქალის შიშისა და სიძულვილის ნაზავისგან. ეს თემა ზედაპირზე იშვიათად ამოდის, სადღაც სიღრმეში დრტვინავს, მაგრამ პირველი გვერდებიდან ბოლომდე მიჰყვება ტექსტს. მიზოგინიისა და ანტისემიტიზმის დაცინვა აპოთეოზს იმ სცენაში აღწევს, როდესაც კაცი, რომელსაც ერთნაირად სძულს ებრაელები და ქალები, ებრაელ ქალთან ამყარებს სექსუალურ კავშირს. საოცარი იუმორით არის აღწერილი მისი ტრაგიკული განცდები. ზოგადად, ეკო ყველაფერს იუმორით უყურებს, ხალისობს და მკითხველსაც ახალისებს. ოღონდ მკითხველი უნდა აჰყვეს.

თარგმნის თვალსაზრისით “პრაღის სასაფლაო” ნაკლებად რთული იყო, ვიდრე “ვარდის სახელი”, თუმცა ეკო არ მიეკუთვნება მარტივად სათარგმნ ავტორთა რიცხვს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მარტივად არ წერს. მისი გაგება იტალიელებსაც უჭირთ, მაგრამ ამის გამო კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. “მე ვერ ვისწავლი მარტივად წერას, მკითხველმა ისწავლოს რთული ტექსტების კითხვა” – პასუხობს მეტისმეტ სირთულეზე მოწუწუნეებს.

 

ეკო – რომანის დიდოსტატი

ეკოს მხატვრული სიტყვის ჯადოქარს ნამდვილად ვერ უწოდებ. მას ძალიან საინტერესო წერის მანერა, შთამბეჭდავი ლექსიკა აქვს, მაგრამ ტექსტის სილამაზით ეკოსთან ვერ დატკბები. მისი ნაწერები რეფლექსიის საოცარი წყაროა, უამრავ რამეს გასწავლის, უამრავ რამეზე გაფიქრებს, მაგრამ ეკოს ენა მხატვრულ ნაწარმოებებშიც ისეთივე რთულია, როგორიც – მის ესეებში. მგონია, რომ ეკოს რომანები თარგმანებში უფრო “მხატვრულია”, ვიდრე დედანში. განსაკუთრებით – რუსული თარგმანები. თუმცა მის ტექსტებში არის სუფთა მხატვრული თვალსაზრისით შთამბეჭდავი ეპიზოდებიც. მაგალითად, ბაბუას აღწერა, სიმონინის ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები, მისი სიძულვილი ადამიანებისადმი, კულინარიული ვნებები და სხვა. მთარგმნელისთვის ეკოს ტექსტები ძალიან საინტერესო სამუშაოა, ყველანაირი თვალსაზრისით. მხატვრული წერის დიდოსტატი არ არის, სამაგიეროდ, დიუმასა და ჰიუგოს მოტრფიალე ეკო რომანის აგების დიდოსტატია. მისი რომანები მეცნიერის, მკვლევარის ნაწერები უფროა, ზედმიწევნით დაგეგმილი და კონსტრუირებული. შემთხვევითი არაა, რომ თითქმის 50 წლისამ დაწერა პირველი რომანი (თუმცა მასზე მუშაობა ბევრად ადრე დაუწყია): უამრავი საინტერესო მასალა ჰქონდა დაგროვილი და თავისი ისტორიული ცოდნა და მეცნიერული გამოცდილება ფანტაზიის წყალობით ნელ-ნელა რომანებად აქცია. ერთ ინტერვიუში ამბობს, “პრაღის სასაფლაო” სხვა ტექსტებს სჯობს, რადგან ყოველი შემდეგი რომანი წინაზე უკეთესიაო, თუმცა ეს განცხადება კომერციულ სვლას უფრო ჰგავს. პირადად მე “ვარდის სახელი” მის ყველა რომანს მირჩევნია. თუმცა ბევრს ეკოს საუკეთესო რომანად “ფუკოს ქანქარა” მიაჩნია. ძალიან შთამბეჭდავია “ბაუდოლინოც”.   

 

პაზოლინი, “ქუჩის ბიჭები”

ეკოს შემდეგ პაზოლინიზე მუშაობს. პიერ პაოლო პაზოლინი XX საუკუნის იტალიური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი, მასშტაბური და გავლენიანი ფიგურაა. პაზოლინი იტალიაში კინოთი არ გაუცნიათ, ამ ჟანრით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახდა პოპულარული. თანამემამულეთათვის კი ის, პირველ რიგში, მხატვრული სიტყვის ოსტატი იყო. პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი – ასეთია მისი ლიტერატურული მოღვაწეობის არეალი. “დიდი იტალიელი პოეტი” – ასე მოიხსენიებდნენ პაზოლინის ალბერტო მორავია, იტალო კალვინო, ედოარდო დე ფილიპო და სხვები. პაზოლინის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან მხატვრული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოეზიაა, მაგრამ სპეციფიკური სირთულეების გამო (პაზოლინის პოეზია მთლიანად დიალექტზეა დაწერილი) თითქმის არ არის ნათარგმნი. ჩვენთან არც პაზოლინის პროზაა მაინცდამაინც ცნობილი, არადა, ძალიან საინტერესოა.

“ქუჩის ბიჭები” – ასე ეწოდება პაზოლინის პირველ რომანს, რომელსაც სულ მალე იხილავს ქართველი მკითხველი. წიგნი ომისშემდგომ იტალიაზე მოგვითხრობს – დამარცხებულ, ღარიბ, დაჩოქილ ქვეყანაზე. კითხვისას გახსენდება პერსონაჟები პაზოლინის ფილმებიდან (“აკატონე” და სხვები), თუმცა ამ რომანის სიუჟეტი პირდაპირ პაზოლინის არც ერთ ფილმს არ უდევს საფუძვლად. პაზოლინის რომანებშიც კი რეჟისორის ხედვა იგრძნობა. ზოგი მონაკვეთი პირდაპირ სცენარივით, უცნაურად მშრალადაა დაწერილი, თუმცა თხრობა ლამაზია და ცალკეული ეპიზოდები – საოცრად ემოციური. პაზოლინი ძალიან რთული სათარგმნია, რადგან ტექსტის დიდი ნაწილი რომაულ დიალექტზეა დაწერილი.

პაზოლინი წარმოუდგენელი ენობრივი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. მისი პოეზია, როგორც ვთქვით, ფრიულის ენაზეა დაწერილი (ფრიულური იტალიურის დიალექტებს არ ეკუთვნის, ის რეტორომანული ენების ჯგუფის ერთ-ერთი ენაა, რომელზეც იტალიის ფრიულის რეგიონში საუბრობენ). პაზოლინი სწორედ ფრიულიში გაიზარდა და ბუნებრივია, რომ ლექსებს სიცოცხლის ბოლომდე ამ ენაზე წერდა. საკმაოდ უჩვეულოა, რომ რომანებისთვის რომაული დიალექტი არჩია – ენობრივი სივრცე, რომელიც არც მშობლიური იყო და არც ბუნებრივი. რომაული მისთვის გამოხატვის ინსტრუმენტია და იმ გარემოს ავთენტურობის გადმოსაცემად იყენებს, რომელშიც მისი პერსონაჟები ცხოვრობენ (მოქმედება რომში ხდება). იტალიურ ლიტერატურას არაერთი მნიშვნელოვანი ავტორი ჰყავს, რომლებიც დიალექტზე წერდნენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი მშობლიურ დიალექტს ეყრდნობოდნენ. არ მაგონდება შემთხვევა, როცა ავტორი მისთვის არამშობლიურ დიალექტს ირჩევდა გამოხატვის ფორმად. პაზოლინი ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია. ვინც რომაული დიალექტი კარგად იცის, მის ტექსტებში ზოგან ხელოვნურობასაც კი იგრძნობს, დიალექტის ლექსიკური მასალის ერთგვარ “გადაჭარბებულ” გამოყენებას.

მთარგმნელისთვის პაზოლინის ნებისმიერი ტექსტი ურთულესი სამუშაოა. მის რომანებში რამდენიმე ენობრივი შრე იკვეთება: გარდა დიალექტისა, უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემო, რომელიც თარგმანში ისეთივე რთული გადასატანია, როგორც დიალექტი. პაზოლინის პერსონაჟები დაბალი ფენის, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არიან. რომ შემეძლოს, კამერით ავედევნებოდი მთელი დღის მანძილზე და თითოეულ მათ სიტყვას, ნაბიჯს გადავიღებდიო – ამბობს ერთგან.

ბუნებრივია, ასეთი წიგნი თარგმანში ბევრს კარგავს. დიალექტის დიალექტით გადმოტანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ენის ამა თუ იმ დიალექტის სხვა ენის რომელიმე დიალექტით გადმოტანა გამოუსწორებლად აფუჭებს წიგნის კულტურულ გარემოს, სრულიად წყვეტს მკითხველს ორიგინალს, რაც დაუშვებელია. რომელ ქართულ დიალექტზე შეიძლება უქცევდეს რომაელი ბიჭი თარგმანში: გურულად? იმერულად? თუ ქართლ-კახურად ან მთიულურად? ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. დიალექტის ენობრივი შრე თარგმანში თითქმის იკარგება და მხოლოდ სოციალური შრით თუ “ითამაშებს” მთარგმნელი, ე.წ. ენის “რეგისტრით”. ზოგადად ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლები დანაკარგით, მაგრამ თარგმნა ალბათ ყველაფრის შეიძლება. ხაზს ვუსვამ: ალბათ. პაზოლინის პროზის “დამორჩილება” შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ გტოვებს გულნაკლულს. პოეზიაზე კი მართლა ვერაფერს ვიტყვი, მისი თარგმნა თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება, მაგრამ ამაზე – სხვა დროს. ზემოხსენებულ მიზეზთა გამო პაზოლინის, როგორც მწერალს, იტალიის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობენ, თუმცა მრავალი თვალსაზრისითაა განსხვავებული და საინტერესო. თემები, რომელთაც ის ეხება, იმდროინდელ იტალიურ (და ზოგადად, ევროპულ) საზოგადოებაში სრულიად ტაბუდადებული იყო. პაზოლინი ლიტერატურაშიც ისეთივე უკომპრომისო და გაბედულია, როგორც კინოში. სწორედ რომანების გამო უჩიოდნენ მას სასამართლოში, ბევრად უფრო ადრე, სანამ ფილმები აქცევდა “სკანდალურ” ფიგურად”.P

რა მიაჩნია პერეირას?

ეკოს რომანებს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ავტორი თარგმნა – იტალიელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი, ანტონიო ტაბუკი, რომელიც სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა. ეკოს ფონზე ქართველ მკითხველს ტაბუკი შედარებით შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა წიგნი 2012 წლის “საბას” ფინალისტებში მოხვდა. მთარგმნელისთვის ეს ფაქტი ბევრად უფრო სასიხარულო აღმოჩნდა, ვიდრე უმბერტო ეკოს თარგმანების წარმატება.

“მიაჩნია პერეირას” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც 1994 წელს გამოიცა. მას ის იტალიელებიც კი კითხულობენ, ვინც ლიტერატურას დიდად არ სწყალობს. რომანმა გამოსვლისთანავე მიიპყრო ყურადღება, არაერთი პრემია დაიმსახურა და უამრავ ენაზე ითარგმნა.

მოქმედება პორტუგალიაში ხდება, 1938 წელს, სალაზარის რეჟიმის დროს. ფერნანდო პესოასადმი სიყვარულის გამო ეს ქვეყანა ყოველთვის იყო იტალიელი მწერლის შთაგონების მთავარი წყარო. ტაბუკი იგონებდა, გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთ-ერთი პარიზელი ბუკინისტის დახლზე პესოა შემთხვევით აღმოვაჩინე. მას შემდეგ პორტუგუალია ჩემს სამშობლოდ იქცაო. პორტუგალიელებსაც უყვარდათ ტაბუკი. უყვარდათ მისი წიგნები და პესონაჟები, განსაკუთრებით კი ორმოცდაათს გადაცილებული დოქტორი პერეირა, ერთ-ერთი გაზეთის ლიტერატურული გვერდის რედაქტორი, რომელსაც გული აწუხებს და გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე. პერეირა ელაპარაკება გარდაცვლილი ცოლის ფოტოსურათს, მიირთმევს სუნელებიან ერბოკვერცხს, სვამს ლიმონიან წყალს, ესაუბრება თავის მოძღვარს, პადრე ანტონიოს და შფოთავს მონტეირო როსის მიერ დაწერილი ნეკროლოგების კითხვისას, ნეკროლოგებისა, რომლებსაც ამ სიცოცხლით სავსე, მხიარულ ყმაწვილს წინასწარ აწერინებს, რათა მომზადებული დაუხვდეს ცნობილი მწერლების მოულოდნელ გარდაცვალებას. ეს სიყვარულითა და სევდით სავსე წიგნი ადამიანების პასუხისმგებლობაზეა, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ რაღაც “არ გვეხება”. ეს წიგნი იმაზეა, რომ შეუძლებელია ის, რაც შენ გარეშემო ხდება, არ გეხებოდეს.

ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მისი თარგმნა ჩემი არჩევანი იყო. 2006 წელს ვთარგმნე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ 2012-ში დაიბეჭდა. სხვათა შორის, ტაბუკი მის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა, რაზეც საშინლად დამწყდა გული. ძალიან ლამაზი ტექსტია, ცოცხალი, ფერადი, მუსიკალური. ევროპელებს ძალიან უყვართ ეს რომანი, აღარაფერს ვამბობ იტალიაზე, სადაც თითქმის ყველას აქვს წაკითხული. შეუძლებელია ეს წიგნი წაიკითხო და არ შეგიყვარდეს.

 

ეპილოგი

ხშირად ეკითხებიან, თავად თუ წერს რამეს? პასუხობს, რომ არა. ეს მისი მოწოდება არ არის.

მგონია, რომ სწორედაც მთარგმნელი ვარ. კარგად წერის უნარი და მწერლობა სრულიად განსხვავებული ცნებებია. მწერალს სათქმელი უნდა ჰქონდეს და ამ სათქმელის ქაღალდზე გადატანის მოთხოვნილება, რაც ჯერჯერობით არ გამაჩნია. ტექსტში სათქმელია მთავარი, მკითხველს რაღაც უნდა დარჩეს, სამუდამოდ. იან მეკიუენი ამბობს, მწერალი ყოველ მომდევნო რომანს ოდნავ განსხვავებული, რაღაცით შეცვლილი, რაღაცით გაზრდილი უნდა წერდესო. მკითხველიც ასეა: ყოველი კარგი წიგნი ცოტათი შეცვლილს უნდა გტოვებდეს, ცოტათი განსხვავებულს. მხოლოდ ოსტატურად წერა სტილის სავარჯიშოა და მეტი არაფერი, ასეთი “სავარჯიშოებით” კი ჩემს გარეშეც სავსეა ქართული მწერლობა.

© არილი

Facebook Comments Box