
ასეთი შემთხვევაც ახსოვს ისტორიას – დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, 1868 წელს, ერთ-ერთი ცხარე განხილვისას, მე-19 საუკუნის გამორჩეული ბრიტანელი ფილოსოფოსი, ჯონ სტიუარტ მილი, მთავრობის მიწათმოქმედების რეფორმას დაგმობს, ირლანდიელ გლეხებს გამოესარჩლება, ხელისუფლებაზე კი იტყვის: “შესაძლოა, ზედმეტად დიდი კომპლიმენტიც კია მათთვის “უტოპისტების” წოდება; მათ უფრო “დის-ტოპისტები” ან “კაკო-ტოპისტები” უნდა ეწოდოთ. ის, რასაც ჩვეულებრივ უტოპიურს უწოდებენ, ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ განხორციელებადი იყოს; ხოლო ის, რასაც ისინი უჭერენ მხარს, ზედმეტად ცუდია საიმისოდ, რომ პრაქტიკაში დაინერგოს”.
ესაა შემთხვევა, როცა ბავშვს სახელს სხვა დროსა და სივრცეში არქმევენ. და თუ ტერმინი “დისტოპია”, შეთანხმებული ვერსიით, სწორედ ამ გამოსვლისას გაჩნდა, მის არსს ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელსაც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მივყავართ. მაშ, წამომყევით ამ ლიტერატურულ მოგზაურობაში, რომელიც გვიყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ უფრთხოდნენ ადამიანები ჯოჯოხეთს და, მიუხედავად ამისა, როგორ იქმნებოდა მათ თვალწინ ყოველივე ის, რასაც უფრთხოდნენ.
არა მგონია, რომელიმე ლიტერატურული ჟანრი ისე მკაფიოდ საუბრობდეს ადამიანის ბნელ მხარეებზე, როგორც ამას დისტოპია აკეთებს. ესაა სამყარო, რომელიც არა ფანტაზიით, არამედ შიშითაა ნაკარნახები. შიში, რომ ჩვენი ყველაზე უარესი გამოვლინებები ერთხელაც მთელი “დიდებულებით” წარმოჩინდებიან და იმქვეყნიურ ჯოჯოხეთს ამქვეყნიურ რეალობად გვიქცევენ. დისტოპიაზე ხშირად გაიგებთ, მისი მთავარი მიზანი გაფრთხილებააო, თუმცა აგერ, ამ ჟანრში ჩემზე მეტად ჩახედული მარგარეტ ეტვუდი ამბობს, დისტოპიები მომავალზე კი არა, – აწმყოზეაო. სხვათა შორის, დეიდა მარგარეტს ჯუნო დიაზიც ეთანხმება, დისტოპია სარკეა და არა წინასწარმეტყველებაო. ასეა თუ ისე, დისტოპია ხშირადაა გაფრთხილებაც და შიშიც, რეალობის ასახვაც და მისი გამძაფრებულად ფორმირების მცდელობაც, თუმცა ის გვიყვება არა საზოგადოებაზე, რომელიც ვერ შედგა, არამედ საზოგადოებაზე, რომელიც ძალიან წარმატებული და გაწაფულია, ოღონდ უარყოფითი მიმართულებით. დისტოპიური სისტემები ძალიან ძლიერი, ორგანიზებული, დისციპლინით გამორჩეული საზოგადოებებია, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ მთელ რიგ საკითხებში, განსაკუთრებით, სადაც კი საქმე თავისუფლების დათრგუნვას ეხება. მთელი ამ სამყაროსეული საშინელება მის ქაოსურობასა თუ იმპულსურობაში კი არა, პირიქით, სკრუპულოზურად აწყობილ მართვის მექანიზმებშია, პედანტურად გათვლილ ანტითავისუფლებაში.
დისტოპია რაღაცით ჰგავს, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავდება აპოკალიფსური, ანდა პოსტ-აპოკალიფსური ლიტერატურისგან. აპოკალიფსური სამყარო, როგორც წესი, კატასტროფისას ან მის შემდგომ ადამიანთა ქცევას იკვლევს, რომელიც მეტწილად ემოციურ ნგრევას, გადარჩენისთვის ბრძოლას, ქაოსს უკავშირდება. დისტოპია კი უკვე ფეხზე მდგომ, შესაძლოა, ეკონომიკურად სუსტ, მაგრამ იმ პოლიტიკურად ძლიერ სისტემებზე გვიყვება, რომლებმაც გადარჩენა და გაძლიერება ადამიანური თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე მოახერხეს. შესაბამისად, თუ პირველი სვამს კითხვას: “როგორ გადავრჩეთ ადამიანები?”, მეორე აყენებს საკითხს “როგორ დავრჩეთ ადამიანად?”
თუმცა, მოდი, თავიდან დავიწყოთ. ჟანრის ამბავს თუ წყაროს სათავემდე ავყვებით, მგონი, პლატონს უნდა მივადგეთ, რომლის “სახელმწიფოც” მრავალი ასპექტით ჰგავს დისტოპიათა დინასტიის პირველმმართველს – ესაა მცდელობა, წარმოვიდგინოთ იდეალური, უტოპიური საზოგადოება, და სწორედ ამიტომ, ესაა პირველი შეხება დისტოპიასთანაც. უტოპია და დისტოპია რომ ძმები არიან, მე არ მომიგონია და არაერთი მოაზროვნე ამტკიცებს იმავეს, მაგალითად მე-20 საუკუნის გავლენიანი ფილოსოფოსი, კარლ პოპერი: “დედამიწაზე სამოთხის შექმნის ყველა მცდელობა, უთუოდ, ჯოჯოხეთს ქმნის”, ცნობილი ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი ფრედრიკ ჯეიმსონი: “უტოპია და დისტოპია არა საწინააღმდეგო, არამედ ერთმანეთის შემავსებელი ცნებებია” და თუნდაც, ზემოთ უკვე ნახსენები მარგარეტ ეტვუდი (მისი ხსენება კიდევ არაერთხელ მოგვიწევს, რასაკვირველია): “ყველა უტოპია შეიცავს დისტოპიის წილს და ყველა დისტოპია – უტოპიისას”. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ პლატონსაც ეგრე სურდა, მაგრამ ვინ იცის, რამდენ ტირანს ჩააწვეთა იდეები. მისი “სახელმწიფო” ფილოსოფოსი მეფეების მიერ იმართება, საზოგადოება კი მკაფიო კასტებადაა დაყოფილი, რომელთაც ყველაზე მაღლა მდგომნი მათსავე წარმომავლობასა თუ ბუნებაზე არიგებენ ჭკუას. არც ხელოვნებისა და პოეზიის ცენზურაა უცხო, არც რეპროდუქციის კონტროლი, ყველაფერი კი საყოველთაო სიკეთისთვის, ცხადია. რამე ხომ არ გეცნობათ? დიახ, სწორედ ოლდოს ჰაქსლის ვგულისხმობ, რომლის “საოცარ ახალი სამყაროში” ეს ყველაფერი მთელი ბრწყინვალებით წარმოჩინდება. სხვათა შორის, იგივე კარლ პოპერი პლატონს პირველ ცნობილ პოლიტიკურ პროპაგანდისტად მოიხსენიებდა.
დისტოპიას წაეთამაშა კიდევ ერთი დიდი ბერძენი, არისტოფანე. როგორც ლევან ბერძენიშვილი წერს არისტოფანეს კომედიების ქართული თარგმანის შესავალში, საკუთარ პიესაში “ქალები სახალხო კრებაზე” დრამატურგმა “დაუნდობლად გაანადგურა თავისი თანამედროვე უტოპიური თეორიები „ახალი, სამართლიანი საზოგადოების“ აშენების თაობაზე”. მან აღწერა თუ როგორ ჩაიგდებენ ქალები ხელში ძალაუფლებას და როგორ დაამყარებენ ათენში რადიკალურ კოლექტივიზმს, რომლის ფარგლებშიც ყველა საკუთრება და ყველა მამაკაცი საზიაროა.
არისტოფანე იქით იყოს და დისტოპიური ნიშნები ბიბლიაშიც გვხვდება, აბა სხვა რა არის გამოცხადების წიგნში აღწერილი მეორედ მოსვლის წინა სამყარო, თავისი აბსოლუტური მმართველით, ურჩხულით, 666-ით, რომლის დამღის გარეშე ვერც ვერაფერს შეიძენთ და ვერც ვერაფერს გაყიდით. მთელი ეს სურათები – თვალყურის დევნება, კონტროლი, ძალადობა – სხვადასხვა ფორმით აისახა დისტოპიებში, ზოგან ეკონომიკურზე აქცენტირებით, ზოგან – პოლიტიკურზე და ზოგან – რელიგიურზეც კი.
და მაინც, დისტოპიური ჯოჯოხეთის ან, უბრალოდ, ჯოჯოხეთის, როგორც დისტოპიის, საუკეთესო აღწერა დანტესთან გვხვდება. კრიტიკოს ენდრიუ ნორტონ-შვარცბარდის აზრით, სწორედ დანტეა ერთ-ერთი პირველი დისტოპისტი, რომელმაც თავად ტერმინის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე, საკუთარ “Inferno”-ში ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეიტანა, თუნდაც მოვაცილოთ დისტოპიისთვის ჩვეული ყოფიერება და ჩავსვათ ის რელიგიურ ჩარჩოში, “ღვთაებრივი კომედიის” სამოქმედო არეალი, არსობრივად, დისტოპიურია. ყველაზე მეტად კი ჟანრის არსს ჯოჯოხეთის კარიბჭეზე წაწერილი სიტყვები აღწერს: “თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა”.
მხოლოდ ამის შემდეგ იყო თომას მორის “უტოპია”, იდეალური საზოგადოების წარმოდგენის მცდელობა, რომელიც, კაცმა რომ თქვას, იმავდროულად, დისტოპიაცაა თავისი ერთფეროვნებითა თუ პედანტური დისციპლინით. მორის შემდეგაც ბევრმა სცადა იდეალური სამყაროს წარმოდგენა, იქნებოდნენ ეს რევოლუციონერები თუ განმანათლებლები, თეორეტიკოსები თუ თეორიის პრაქტიკაში განხორციელების მოსურნენი, იქნებოდა ეს ფრენსის ბეკონის “ახალი ატლანტიდა” თუ ტომაზო კამპანელას “მზის ქალაქი”. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა უტოპია დისტოპიის წინაპირობა, ანდა მისივე მეორე მხარეა და სწორედ ასე, განმანათლებლობის ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ჟანრი, ფილოსოფიიდან მხატვრულ ლიტერატურაში, ასე წარმოიქმნა ფანტასტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა, დისტოპია თუ კიბერპანკი, ყველაფერი ის, რასაც ვესწრაფვით და ყველაფერი ის, რისიც გვეშინია.
“ჩვენ ვწერთ სამეცნიერო ფანტასტიკას არა მომავლის რწმენის, არამედ მისი შიშის გამო” – ამბობს ჯეიმს ბალარდი და, ალბათ, სწორედ ამ შიშში უნდა ვეძებოთ დისტოპიისა თუ ფანტასტიკის ფესვებიც, რადგან ბევრი ლიტერატურათმცოდნის აზრით, აღნიშნული ჟანრების პირველი გმირი მერი შელის ვიქტორ ფრანკენშტაინის შექმნილი მონსტრია. მონსტრი, რომელსაც სახელი არ აქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ თავს პირველ ადამიანს ადარებს, ბევრ ადაპტაციაში ადამს ეძახიან. რა მოხდება, თუ პროგრესის სათავეებთან არაკეთილსინდისიერი ადამიანები დადგებიან? რა მოხდება, თუ მეცნიერული მიღწევები არასწორ ხელში აღმოჩნდება? რა მოხდება, თუ ტექნოლოგია საბოლოოდ მის სრულმყოფელთა წინააღმდეგ შემოტრიალდება? ამ შიშის ყველაზე უფრო თანამედროვე გამოვლინებას ე. წ. “როკოს ბასილისკოს” აზრითი ექსპერიმენტი წარმოადგენს. ვინ არიან როკო და ბასილისკო, ახლავე გეტყვით.
2010 წელს ინტერნეტ-საიტ LessWrong-ზე გამოჩნდა უცნობი მომხმარებლის, ვინმე როკო-ს პოსტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ სვამდა ფილოსოფიურ კითხვას: რა მოხდება, თუ ოდესმე, როცა ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ დამოუკიდებლად დაიწყებს მოქმედებას, ის გადაწყვეტს შური იძიოს ყველაზე, ვინც მის განვითარებას წინ აღუდგა ან, სულ ცოტა, წვლილი არ შეიტანა ამ საქმეში? მორალური პარადოქსის ჩვეული მაგალითია, ფანტასტიკურ თუ ფუტურისტულ რეალობაში გადმოტანილი. თუ შენ წვლილს შეიტან მის განვითარებაში, ის გახდება დაუნდობელი შურისმაძიებელი, თუმცა შენ გექნება გადარჩენის შანსი. მაგრამ თუ ეცდები, რომ არ განვითარდეს და ვაიდა განვითარდა, დაგერხა, ბატონო ჩემო. აზრით ექსპერიმენტს ავტორისა და პოსტის ავატარის გამო “როკოს ბასილისკო” ეწოდა, მას შემდეგ 16 წელი გავიდა და აღნიშნულ დაშვებას უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ვშორდებით. მომავლის სკეპტიკოსობისგან შორს ვდგავარ, მაგრამ აღნიშნული დილემა დისტოპიის ენაზეც მშვენივრად ითარგმნება. თუ ხელს შეუწყობ სისტემური მონსტრის შექმნას, შეიძლება გადარჩე. თუ ხელს შეუშლი, შეიძლება მონსტრი არც შეიქმნას, მაგრამ თუ შეიქმნა – შენზე შურს იძიებენ.
შელის დავუბრუნდეთ. ამბობენ, რომ მან რომანტიკოსთა მხრიდან განმანათლებელთა კრიტიკას უპასუხა, დასვა რა საკითხი შემდეგნაირად: რა მოხდება, თუ ტექნოლოგიური პროგრესი ისე წავა წინ, რომ თავად ამ ტექნოლოგიების მართვის ცოდნა და სიბრძნე არ გვექნება? როგორც რობერტ ოპენჰაიმერს აღმოხდა ციტატა ბჰაგავატ გიტადან: “და ახლა მე გავხდი სიკვდილი, სამყაროთა გამანადგურებელი”, როდესაც ბირთვული იარაღის რეალური ძალა იხილა და როგორც რეი ბრედბერი იწყებს თავის მაგნუმ ოპუსს “451 გრადუსი ფარენჰაიტით” – “ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო!”, დიდ ძალას არა დიდი პასუხისმგებლობა (გადაძახილი პიტერ პარკერის ბიძია ბენთან), არამედ მისი უზურპაცია და მისით ტკბობა ახლავს თან.
ფრანკენშტაინის ურჩხულის შემდეგ ფანტასტიკა სულ უფრო და უფრო ეშხში შედის, დისტოპიური სიუჟეტებიც მეტად იჩენს თავს ლიტერატურაში. ამ მხრივ კი, გამოსარჩევია ჟიულ ვერნის 1879 წლის რომანი “ბეგუმის 500 მილიონი”, რომელშიც აღწერილია როგორ ცდილობს განსხვავებული ხასიათის ორი ადამიანი განსხვავებული ხასიათის ორი ქალაქის შექმნას. პირველი, ექიმი, ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ქალაქს აარსებს, რაც ერთგვარი უტოპიაა, მეორე კი, მილიტარისტი, სამხედრო წარმოებას ისახავს პრიორიტეტად და სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობს, რითაც ვერნი ტრადიციული დიქტატორის სახეს ქმნის და უტოპიის გვერდით, მისდა საპირისპიროდ – დისტოპიას გვთავაზობს.
გაივლის კიდევ 16 წელი და ჰერბერტ უელსი “დროის მანქანას” დაწერს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი რომანია – პოსტაპოკალიფსური მომავლის აღწერით, ოღონდ, ამ შემთხვევაში, სამყაროს არა რაიმე მასშტაბური კატასტროფა, არამედ მისივე განვითარების მიმართულება ცვლის. უელსთან მკვეთრი კლასობრივი განსხვავება ბიოლოგიურ სხვაობაში გადაიზრდება და უკვე არა ეკონომიკურ კლასებს, არამედ რასებს აყალიბებს, რომელთა შორის ყველა ხიდი ჩატეხილია, აღწერილი საზოგადოება კი ნამდვილად დისტოპიურია. ხიდი ვახსენეთ და, შეიძლება ითქვას, ჰერბერტ უელსი მთელი თავისი შემოქმედებით თავადაა ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი ვიქტორიანული ეპოქის ფანტასტიკის ტრადიციებსა და მეოცე საუკუნის დისტოპიურ ლიტერატურას შორის, ხიდი, რომელმაც მეორე ნაპირზე გადაიყვანა ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ: ევგენი ზამიატინი, ოლდოს ჰაქსლი და ჯორჯ ორუელი. თუმცა თითოეულ მათგანს ამ ესეში ცალკე ვესტუმრებით.
მათთან სტუმრობამდე არ შეიძლება გამოვტოვოთ ჯეკ ლონდონი და მისთვის არასახასიათო წიგნი “რკინის ქუსლი”. სკამებზე კარგად დასხედით და რამეს მოეჭიდეთ – ესაა დისტოპიური რომანი ამერიკაში გაბატონებულ ფაშისტურ ოლიგარქიაზე, რომელიც განსაკუთრებული ბრუტალურობით უსწორდება მის მოწინააღმდეგეებს. არის თუ არა ეს რომანი წინასწარმეტყველება, თავად განსაჯეთ, თუმცა ლიტერატურათმცოდნეები ხშირად მიიჩნევენ მას თანამედროვე დისტოპიის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად.
მე მაინც მიმაჩნია, რომ თანამედროვე დისტოპია პირველი მსოფლიო ომის ზარბაზნების ქუხილში იბადება, ომის შემდგომი სტაგნაციის, უიმედობის, შიშისა და გაურკვევლობის ნისლში. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ეპოქა, როცა განმანათლებლობის უტოპიური მოსაზრებები, კაცობრიობის პროგრესის მორალური მხარეების ძიება, ანდა ვიქტორიანული ეპოქის ტექნოკრატიული შიშები უბრალოდ კი არ მიილია და ამოიწურა, არამედ თითქოს ერთ დიდ ბომბად გადაიქცა და მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული მრავალჯერადი აფეთქებების სერია შემოგვთავაზა.
პირველი ასეთი აფეთქება და ჟანრის თანამედროვე ფორმების დასაწყისი (ბოდიში ლონდონთან) არის ევგენი ზამიატინის 1920-21 წლებში დაწერილი შესანიშნავი რომანი “ჩვენ”. საინტერესოა, რომ წიგნი ჯერ კიდევ მანამდე დაიწერა, ვიდრე საბჭოთა კავშირი ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდა, თუმცა “ჩვენ” თავის დროზე, რა გასაკვირია, ვერ ეწია დღის სინათლეს და ავტორის სამშობლოში მხოლოდ 1988 წელს გამოიცა. ამხანაგი ზამიატინი თავადაც აქტიური ბოლშევიკი იყო, რომელმაც სხვებზე ადრე შენიშნა როგორ ჭამდა რევოლუცია საკუთარ შვილებს და როგორ იბადებოდა ახალი მონსტრი, რომანის სათაურიც, სავარაუდოდ, მინიშნებაა კოლექტივიზმის ერთ-ერთ მთავარ მცნებაზე, რომლის თანახმადაც უნდა მომკვდარიყო გაგება “მე” და მის ადგილას დაბადებულიყო – “ჩვენ”. წიგნში სახელმწიფო სრულად აკონტროლებს მოქალაქეების ცხოვრებას, საცხოვრებელ ბინებს ღია შუშაბანდები აქვთ, თავად მაცხოვრებლებს კი სახელების ნაცვლად რიგითი ნომრები აქვთ მინიჭებული, ასე ვეცნობით რომანის პროტაგონისტს – D-503-ს. სისტემისთვის ავადმყოფობაა სიყვარული, წარმოსახვის უნარი, ინდივიდუალური სურვილები და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნი მანამ დაიწერა, სანამ საბჭოთა კავშირი დაარსდებოდა, არათუ ეშხში შევიდოდა, ამიტომ “ჩვენ” სწორედაც რომ წინასწარმეტყველური ტექსტია, რომელიც სულ რამდენიმე წლის შემდეგ ახდა – საბჭოთა იდეოლოგია, მართალია, ქადაგებდა თანასწორობასა და სოლიდარობას, მაგრამ მიზანს მოქალაქეთა ყოველდღიური ყოფის სრული რეგლამენტირებით, კონტროლით აღწევდა, შემოქმედებას პოლიტიკურ ჩარჩოში აქცევდა, ნებისმიერ დევიაციას კი იდეოლოგიის ღალატად ნათლავდა. ამ თუ სხვა მიზეზებმა ევგენი ზამიატინი აიძულა ერთ დღესაც წერილი მიეწერა სტალინისთვის და ქვეყნის დატოვების ნებართვა ეთხოვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეც მოხდა, და ახალი დისტოპიის მამამ სულ რამდენიმე წლით გაასწრო მოსალოდნელ რეპრესიებს. “ჩვენ” დღემდე მიიჩნევა “საოცარი ახალი სამყაროსა” თუ “1984”-ის წინაპრად. ამ უკანასკნელის ავტორი და ჟანრის, ალბათ, ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი, ჯორჯ ორუელი, ერთ-ერთ წერილში თავადაც ადასტურებდა ზამიატინის გავლენას. თუმცა, სანამ ორუელს მივადგებოდეთ, ჩვენი დისტოპიური მატარებელი მანამდე ოლდოს ჰაქსლისთან უნდა ჩამოდგეს.
პროფესორი კრისტოფერ შმიდტი თავის სტატიაში, რომელშიც დისტოპიური ფილმების მზარდ პოპულარობას მიმოიხილავს, ამბობს, რომ სამყაროს ეტაპობრივ განადგურებას ადამიანები ისე უყურებენ, როგორც გასართობ სანახაობას. მაშასადამე, შესაძლოა, აპოკალიფსს პოპკორნით ხელში შევხვდეთ, რაც ძია ოლდოსის ყველაზე უფრო დიდი კოშმარის ახდენაა. ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” ზამიატინის მაგნუმ ოპუსიდან 11-12 წლის შემდეგ, 1932 წელს გამოიცემა და სრულიად განსხვავებულ დისტოპიას გვთავაზობს, არა ტოტალურ წნეხსა და ძალადობაზე, არამედ, ერთი შეხედვით, უსაფრთხოებასა და კმაყოფილებაზე დაფუძნებულ სისტემას გვიხატავს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სულაც არ აწამებს საკუთარ მოქალაქეებს. ის მათ დაბადებამდე წვრთნის, დაბადების შემდეგ კი, ჰიპნოპედიის დახმარებით ზრდის, ძერწავს და ისე აყალიბებს, რომ თითოეული მათგანი კმაყოფილი იყოს საკუთარი როლით. თავისუფალი სექსი, გართობის ათასგვარი საშუალებები, სიამოვნებაზე აწყობილი სისტემა და კრიტიკულ მომენტებში ნარკოტიკული საშუალება “სომა”, რომელიც ყველა სტრესს მოგიხსნით – კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში ცუდი? ჰაქსლის სამყაროს მთელი საშინელება მის სრულ კომფორტულობაშია. ამბობს კიდეც წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ლენინა, “ახლა ყველა ბედნიერიაო” და მართალიცაა, წიგნში ყველა ბედნიერია, თუმცა როგორაა მიღწეული ეს ბედნიერება? მათი სურვილების დაკმაყოფილებით თუ ერთგვარი ლობოტომიით, რომელიც ასუფთავებს მათში ყველაფერ ინდივიდუალურს? ჰაქსლი თავისი დროის გამოწვევებზე რეფლექსირებდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მისი შიში ყველაზე უფრო თანამედროვე შიში გამოდგა მრავალი ასპექტის გათვალისწინებით – კონსუმერიზმის, გნებავთ სამომხმარებლო კულტურის აღზევება, ნეირომარკეტინგი, ევგენიკური სწავლებები, ტექნოლოგიური პროდუქტების გაღმერთება და სახელმწიფო პროპაგანდის ჰეგემონია. “ესაა მომავლის კოშმარი, რომელიც, შესაძლოა, აწმყოს კოშმარად იქცეს” – ამბობდა ჰაქსლი და მოგვიანებით, 1958 წელს, როდესაც საკუთარ მაგნუმ ოპუსს გადაავლო თვალი ესეში “საოცარ ახალ სამყაროსთან მიბრუნება”, აღნიშნავდა, რომ რეალობა უფრო მალე ეწეოდა მის მიერ აღწერილ კოშმარს, ვიდრე ამას თავად წარმოიდგენდა. სხვათა შორის, ის არც აღნიშნულზე გაჩერდა და 1962 წელს გამოსცა რომანი “კუნძული”, რომელიც თავდაპირველად მკითხველმა ბუდიზმზე დაფუძნებულ უტოპიად მიიღო, თუმცა თავად ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად რეალურ დროსა და სივრცეზე დაწერილი ტექსტი. მისი ახსნით, მოიხიბლა რა აშშ-ში, მე-19 საუკუნეში ჯონ ჰამფრი ნოიესის მიერ შექმნილი რელიგიური კომუნით, “ონაიდათი“, გადაწყვიტა საკითხი კიდევ უფრო მეტად განევრცო და დეცენტრალიზებული ინტელექტუალური საზოგადოებების იდეა ჩაეწვეთებინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფილიპ რავს მიაჩნდა, რომ ჰაქსლიმ თავადაც ვერ გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს რას იზამს საზოგადოება – განიკურნება თუ თავს გაინადგურებს. აქ კიდევ ერთი რაკურსი შეიძლება დავინახოთ, რასაც ხედავდა ფრანკფურტის კრიტიკული სკოლის ლიდერი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ფილოსოფოსი თეოდორ ადორნო. ძია თეოდორი ამბობდა, რომ ჰაქსლის რომანი კაპიტალიზმის კულტურის ლოგიკური განვითარების ანარეკლია. აქვე, თუ ჩემ მიერ უკვე ნახსენებ ფრედრიკ ჯეიმსონს დავესესხები – “სამყაროს აღსასრული უფრო მარტივი წარმოსადგენია, ვიდრე კაპიტალიზმისა” (რასაც, სხვათა შორის, სლავოი ჟიჟეკიც არაერთხელ ციტირებს ხოლმე), მაშასადამე, “საშველი არ არის, არ არის, არ არის”. თუმცა ამხანაგი ჟიჟეკი იმასაც ამბობს, “დისტოპიის წარმოდგენა უკვე თავისთავად იმედის გამოხატულებააო”, ამიტომ როგორც ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკოსებს უყვართ ხოლმე თქმა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ, რა იქნება. მანამდე კი “მატარებელი მიჰქრის ბინდებათ” და ვუახლოვდებით 1949 წელს, ზამიატინის მსგავსად სოციალისტ ჯორჯ ორუელს და ალბათ მაინც, ჟანრის გვირგვინს – წიგნს სახელად “უკანასკნელი ადამიანი ევროპაში”.. კხმ.. უკაცრავად, – “1984”.
აქ უნდა ვაღიარო, რომ ამ ესეში ხშირად ვეყრდნობი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, გრეგორი კლეისის წიგნს “დისტოპია: ბუნებრივი ისტორია”, რომელშიც ის სრულყოფილად მიმოიხილავს დისტოპიის არსს, მისი დაბადების მიზეზებს, განვითარების ამბავსა თუ სამომავლო პერსპექტივებს. ჰოდა, დიდად ძვირფასი ბატონი კლეისი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც “1984”-შია აღწერილი, უკვე ახდა მე-20 საუკუნეში და თანაც, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ამას თავად ორუელი წარმოიდგენდა. “1984” მართლაც დისტოპიური ლიტერატურის ევერესტია. ისაა საზომიც და თამასაც, ისაა საათი, რომელზეც ყველა სხვა დისტოპიურ რომანს ასწორებენ, ხან ამჯობინებენ, ხან არ, მაგრამ ამით მისი მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ მტკიცდება. წიგნი, რომელსაც შოტლანდიის ერთ მიყრუებულ კუნძულზე მყოფი მომაკვდავი ადამიანი წერდა (მოგეხსენებათ, ორუელი ტუბერკულოზით იტანჯებოდა და რომანის გამოსვლიდან მალევე, 1950 წელს გარდაიცვალა) საკუთარ თავში აერთიანებს ჟანრში მანამდე თუ შემდგომ არსებულ ყველა შიშსა და მოცემულობას, ენას, ტერმინოლოგიას, კონტროლისა თუ წამების მექანიზმებს. მეტიც, ტექსტი ცდება ლიტერატურას და პოლიტიკას, და ჩვენს მეტყველებაში შემოაქვს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა “ახალმეტყველება”, “დიდი ძმა”, “აზრდანაშაული” და სხვა. ტოტალიტარიზმი ორუელამდეც არსებობდა და მის შემდეგაც, თუმცა ორუელმა მოგვცა ერთგვარი ფილტრი, რათა რეჟიმები ამოვიცნოთ უკეთ და ადრეულ ეტაპზევე, ვიდრე აღზევდებიან და სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ.
ამ ძალაუფლების სიმბოლური გამოხატულება, რომანში, დიდი ძმაა, თუმცა ის მხოლოდ სახეხატად რჩება, მიუწვდომელ ღმერთად, რომელიც უნდა შეიყვარო, სისტემის ფიზიკური განსხეულება კი დისტოპიური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ანტაგონისტი, ო’ბრაიენია, რომელიც გადასარევად აჟღერებს პარტიის იდეოლოგიას, როდესაც ამბობს: პარტია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის იღვწის და საყოველთაო სიკეთე არაფრად გვიღირსო. ეს არაა მხოლოდ ძალაუფლებრივი სისტემა, ესაა სისტემა – ძალაუფლებისთვის. ორუელს არ უნდა გასჭირვებოდა ასეთი სისტემის აღსაწერად ანალოგების მოძებნა, იქნებოდა ეს სტალინის რეჟიმი, ფაშისტური იტალია თუ თუნდაც ომის დროინდელი ბრიტანეთი. საინტერესოა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ენას და მიიჩნევდა, რომ სწორედ ენაში, ტერმინებში, გზავნილებში ყველაზე უკეთ ისმის ძალაუფლების ხმა. სხვათა შორის, ამაში კრისტოფერ ჰიჩენსიც ეთანხმება და ამბობს “ტოტალიტარიზმი ენის გახრწნით იწყებაო”. თანამედროვე პოლიტიკური პროცესებისთვის თვალის დევნებისას ხშირად მახსენდება ჰიჩენსის ეს ფრაზა. კარგად შემუშავებული გზავნილები, რომლებიც ხელისუფალმა ბევრჯერ უნდა გაიმეოროს, რათა მოსახლეობის ტვინში მკაფიოდ აღბეჭდოს, ყველაფრისთვის კონკრეტული სახელების დარქმევა და შემდეგ ამ ახალსახელებით პროპაგანდირება, ტერმინებისა და ცნებების დევალვაცია და საკუთარ თავზე მორგება – ეს ყველაფერი იმდენად ორველიანურია, გაოცებასაც იწვევს.
ამ ყველაფერთან ერთად, ორუელთანაც გრძელდება დისტოპიებისთვის დამახასიათებელი პარალელური ხაზი – სიყვარული, რაღაცნაირი, დევიაციური, არაბუნებრივი, უცხო, მაგრამ მაინც სიყვარული. ერთხელ დრამატურგიის ლექციაზე როცა ჩემს პედაგოგს, კოტე ჯანდიერს, ვუთხარი “1984” ჩემი საყვარელი რომანია-მეთქი, მითხრა, შენ, ალბათ, ტოტალიტარიზმის აღწერა და მის წინააღმდეგ ბრძოლა მოგწონს მაგ წიგნში, ჩემი აზრით, კიდე – მაგ წიგნის მთავარი ხიბლი უინსტონ სმიტის და ჯულიას სიყვარულიაო. მაშინ პირველად დავფიქრდი ორუელის რომანზე, როგორც სასიყვარულო ტექსტზე. რთულია პირდაპირ ასეთი განსაზღვრება მისცე “1984”-ს, მაგრამ თუ გავიხსენებთ რა ახდენს გადამწყვეტ ცვლილებას მთავარ გმირში, რისი დათმობა, თუ რისი უარყოფა, ყველაფერი ნათელი გახდება. ზამიატინის D-503-ისა და I-330-ის, ანდა ჰაქსლის ველურისა და ლენინას შემდეგ ორუელთანაც სიყვარულია ის, რამაც შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურ რეჟიმზე, სიყვარულია რევოლუციის ნაპერწკლის გაჩენის შანსი, თუმცა აქ ჰანა არენდტს დავესესხები და რადგან “ტოტალიტარიზმი მიისწრაფვის არა ადამიანებზე დესპოტური ბატონობისკენ, არამედ ისეთი სისტემის შექმნისკენ, რომელშიც ადამიანები ზედმეტნი იქნებიან”, ყველაფერი წინასწარ განწირულია, ყველაფერი ადამიანური წინასწარ განწირულია. ომი მშვიდობაა. თავისუფლება მონობაა. უმეცრება ძალაა. ჩვენ გვიყვარს დიდი ძმა.
დიდი ძმა არ ვიცი, მაგრამ ყველაფრის განადგურება და ყველაფრისთვის ცეცხლის წაკიდება ნამდვილად უყვარს ჟანრის კიდევ ერთ გამორჩეულ პერსონაჟს, გაი მონტეგს, რეი ბრედბერის შესანიშნავი რომანიდან “451 გრადუსი ფარენჰაიტით”. ტექსტი “1984”-ის გამოცემიდან მალევე, 1953 წელს ქვეყნდება და თავის ვექტორს ინტელექტუალური კულტურის განადგურებაზე სვამს, წიგნების დაწვაზე, მეხსიერების წაშლაზე. წიგნების დაწვა ადამიანებს არ გვიკვირს, ყველა დროსა და ეპოქაში მოიძებნებიან აუტოდაფისტები, რომლებიც ტექსტებს ებრძვიან, მათში რაღაც დემონურს, ანტისახელმწიფოებრივს, გამრყვნელს, გამხრწნელს, გამანადგურებელს ხედავენ და ან კიცხავენ მათ, ან კრძალავენ, ანდა ყველაზე კარნავალურ შემთხვევებში – წვავენ. ამ ყველაფერში უფრო ჰაქსლიანურ მიზეზს ხედავს კაპიტანი ბიტი, სახანძრო დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, “ეს მოხდა არა მთავრობის ბრძანებით, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ თანდათან დაკარგა წიგნების კითხვის სურვილი”. ცხოვრების სწრაფმა ტემპმა, ყურადღების გამფანტავმა ტექნოლოგიებმა, მყისიერი სიამოვნების კულტურამ, ფაქტობრივად, მთავარი საქმე მანამ გააკეთა, სანამ ცენზურა ოფიციალურად გადაწყვეტდა წიგნების განადგურებას. აქაც რამე ხომ არ გეცნობათ? იმედია, მსუბუქად და არა მძაფრად. თუმცა საინტერესოა, როგორია კულტურული დეგრადაცია სხვადასხვა დისტოპიურ ნაწარმოებში – თუ ორუელთან ინფორმაციას გვიმალავენ, ჰაქსლისთან და ბრედბერისთან ის უბრალოდ არავის აინტერესებს. ბრედბერი, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველებს “სქროლვის” ეპოქას, რომელშიც ინფორმაცია არის იმდენად სწრაფი, ფრაგმენტული და ზედაპირული (ტიკტოკი, რილსები, ტვიტები და ა.შ.), რომ ტვინი კარგავს რთული ტექსტების აღქმის უნარს. აქ ცენზურას უკვე მოსწორებული ნიადაგი ხვდება და ისღა დარჩენია, მას ღობე შემოავლოს. ეს არის არა ტოტალური კონტროლის და სისტემის შიშის სამყარო, არამედ გართობით, სიამოვნებითა და კომფორტით გამოთაყვანების ეპოქა. ეპოქა, რომელიც, ვინ იცის, იქნებ უკვე დადგა.
დისტოპიის მატარებლის მოგზაურობა, ცხადია, ამით არ სრულდება. თუ წინა შემთხვევებში ჟანრისთვის ნოყიერ ნიადაგს მსოფლიო ომები და მათგან წარმოქმნილი ტოტალური რეჟიმები ქმნიდნენ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გარიჟრაჟზე ამაზე ცივმა ომმა იზრუნა. სწორედ ცივი ომის ეპოქის შვილები არიან ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი”, ურსულა ლეგუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” და ფილიპ დიკის “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”
ენტონი ბერჯესი უკვე გიგანტების მხრებზე დგას, როცა “მექანიკურ ფორთოხალს” ქმნის, თუმცა ახერხებს სრულიად ახლებური დისტოპიური რაკურსი შემოგვთავაზოს. პროტაგონისტი მასთან ანტაგონისტია, სისტემა კი ძალადობის დათრგუნვას ძალადობრივი მეთოდებითვე ცდილობს. ბერჯესის არგუმენტი, შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად ფილოსოფიურიცაა და რელიგიურიც – სიკეთე მხოლოდ მაშინ ფასობს, როდესაც ვირჩევთ, ხოლო ძალადობრივი გზებით მიღებული მშვიდობა და კეთილდღეობა არაფრით განსხვავდება ტირანიისგან. აი, ლეგუინის შემთხვევაში, ჟანრს ისეთი დამატებითი ასპექტები ემატება, როგორებიცაა: გენდერი, იერარქია, საკუთრება და სხვა. მისი დისტოპია უფრო დელიკატურია და უბედურების მიზეზებს საზოგადოების სხვადასხვა ფენასა თუ მიდგომაში ეძებს. ამავე ხაზის გამგრძელებელია ჩვენ მიერ ნახსენები მარგარეტ ეტვუდი, რომლის “მხევლის წიგნი” ფემინისტური ტრადიციის ფლაგმანად იქცა ლიტერატურაში და თანამედროვე პოლიტიკაზეც დიდი გავლენა მოახდინა. ეტვუდის აღწერილი გილეადი აშშ-ის ადგილას აღმოცენებული თეოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ქალებს კასტებად ყოფს და განსაზღვრული როლების მიხედვით ექცევა. მათ შორის არიან მხევლები, რომელთა მთავარი ამოცანა გამრავლებაზე ზრუნვაა და რადგან სხვა ინდივიდუალური უფლება არ დარჩენიათ, საკუთარი სახელებიც აღარ აქვთ – აქ ეტვუდი კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ჟანრის ტრადიციებს. დეიდა მარგარეტი, ჰაქსლისა არ იყოს, ამტკიცებდა, რომ არაფერი გამოუგონია და ყველაფერს, რაც წიგნშია აღწერილი, კაცობრიობის ისტორიის ამა თუ იმ კუთხე-კუნჭულში მარტივად მივაგნებთ. “მხევლის წიგნის” ასპექტები მართლაც იმეორებს ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ფორმით შემდგარი დიქტატურების შინაარსს, გენდერულ ჭრილში ამის მაგალითად თალიბების ავღანეთიც საკმარისია. ეტვუდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა პროპაგანდა, რომელიც ქალებს ასწავლის, რომ სინამდვილეში ისინი გათავისუფლდნენ. გათავისუფლდნენ შიშისგან, ძალადობისგან, შეურაცხყოფისგან და ასე მიიღეს უსაფრთხოება. “თავისუფლება ერთზე მეტი სახისაა… თავისუფლება რაღაცის საკეთებლად და თავისუფლება რაღაცისგან თავის დასაღწევად” – ამბობს ეტვუდთან ლიდია, რითაც ცდილობს ქალები ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრებას მიაჩვიოს. მის მიერ აღწერილი პირველი თავისუფლება გილეადამდელი თავისუფლებაა, რომელიც ქალებს აძლევდა მუშაობის, ტანისამოსის არჩევისა თუ ურთიერთობების უფლებას, თუმცა გილეადის იდეოლოგიით ეს “ქაოსი” იყო და, საბოლოო ჯამში, ქალებს საფრთხეს უქმნიდა. ბენჯამინ ფრანკლინს რომ დავესესხოთ: “ისინი, ვინც მზად არიან დათმონ არსებითი თავისუფლება დროებითი უსაფრთხოების სანაცვლოდ, არცერთის ღირსნი არ არიან და ორივეს დაკარგავენ”. ეს თავისუფლების გაგების მთავარი პარადიგმაა. ის არაფერში იცვლება, ის არაფერზე ხურდავდება.
რადგან ფილიპ დიკიც ვახსენეთ, შეუძლებელია მასთანაც არ ჩამოვდგეთ ბაქანზე, “კაცი მაღალ კოშკში”, “უბიკი”, “ბუნდოვნად, სკანერში” და სხვა რომანები, იმავე ანდროიდებთან ერთად, ახალი დისტოპიის საუკეთესო ნიმუშებია. ეს პარანოიდული და, იმავდროულად, მეტაფიზიკური სამყარო დისტოპიას ახალ საფეხურზე აყენებს – მისი სიუჟეტები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, შეიძლება ითქვას, ეპისტემოლოგიურიცაა, დიკთან ვხედავთ პროცესს, თუ როგორ შეიმეცნებენ პერსონაჟები განსხვავებულ სამყაროს, როგორ ადამიანდებიან ანდროიდები და ანდროიდდებიან ადამიანები. დიკის დისტოპია ონტოლოგიურ საკითხებსაც აყენებს, რა არის რეალობა, არის კი ის ჭეშმარიტი თუ გამოგონილი? რამდენად ნამდვილია მოგონებები? სად არის სიმართლე? კაცმა რომ თქვას, ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მასმედია, სარეკლამო სფერო და თუნდაც, ხელოვნური ინტელექტი, ჩვენც გვაიძულებს ამ საკითხებზე დაფიქრებას. ისევ ჰანა არენდტს რომ დავესესხოთ, “თუ ყველა მუდამ გატყუებს, შედეგი ის კი არაა, რომ ტყუილს იჯერებ, არამედ ის, რომ აღარაფრის გჯერა”.
მეოცე საუკუნის სხვა გამორჩეულ დისტოპისტებზეც ღირს ორიოდე სიტყვის თქმა, თუმცა ამ განხილვამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს – უილიამ გოლდინგიდან სინკლერ ლუისამდე, არტურ კესტლერიდან ჯეიმს ბალარდამდე, აირა ლევინიდან ძმებ სტრუგაცკებამდე, ჰარლან ელისონიდან სტივენ კინგამდე და ა.შ. მაგრამ მგონია, საჭიროა და კარგი იქნება, ორიოდე სიტყვით შედარებით უფრო თანამედროვე დისტოპიას შევეხოთ, მით უფრო რომ, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ჟანრმა ძალა მოიკრიბა, პოპულარობა მოიპოვა და მილიონების მომტანიც აღმოჩნდა.
პოპულარულ კულტურაში ჟანრის ერთ-ერთი პირველი დესპანი ლუის ლოურის 1993 წლის რომანი, “გამღები” აღმოჩნდა. ლოური უფრო წინ წავიდა და აღწერა დისტოპიური საზოგადოება, რომელშიც არა მხოლოდ ტკივილი და კონფლიქტებია აღმოფხვრილი, არამედ მკაცრად სტრუქტურირებულია მოგონებები, ფერები, ბგერები და სიყვარულიც კი. მიღებულია მოხუცებისა თუ არასასურველი ჩვილების ევთანაზია, საზოგადოების ინჟინერია კი უკიდურეს ფორმებს აღწევს. “გამღები”, ავტორის ჩანაფიქრით, ახალგაზრდებს უნდა წაეკითხათ, თუმცა იქ ისინი ვერ აღმოაჩენდნენ გასართობსა თუ თავშესაქცევს, ამის სანაცვლოდ, მათ იქ დახვდათ მწარე სიმართლე და სტრესი, რის გამოც (მათ შორის) წიგნი არაერთხელ აკრძალეს ამერიკის სკოლებში.
ხელიდან არ გავუშვათ კაზუო იშიგუროც. “არასოდეს გამიშვა”, მართალია, არაა ე. წ. საყმაწვილო, ანდა ახალგაზრდული (Young-Adult რაცხა ვერ ითარგმნება ქართულად კარგად) ლიტერატურა, თუმცა ახალგაზრდებზე კი გვიყვება. მისი მთავარი გმირები ერთგვარი კლონები არიან, რომელთა მთავარ ფუნქციასაც ორგანოების დონორობა წარმოადგენს. ასეთი წინასწარ გათვლილი ბედისწერა, რომელიც გმირებს განწირულ პერსონაჟებად აქცევს, წიგნს განსაკუთრებულ პოეტურ, მელანქოლიურ ხასიათს მატებს, რითაც “არასოდეს გამიშვა” თავისებურ, ლირიკულ დისტოპიად წარმოჩინდება.
თანამედროვე ბესტსელერებიდან, ალბათ, ვერონიკა როთის “განსხვავებულის” სერიასა და ჯეიმზ დაშნერის “ლაბირინთში მორბენალზეც” ღირს შეჩერება, მით უფრო რომ აღნიშნულმა წიგნებმა არაერთი მოზარდი და ახალგაზრდა მიუბრუნა კითხვას მათი კულტურული გავლენები კი გაცდა ლიტერატურის საზღვრებს, თუმცა თქვენის ნებართვით, მეტ ყურადღებას სიუზან კოლინზს და მის “შიმშილის თამაშებს” დავუთმობ. საერთოდ ახალგაზრდული დისტოპიების ბუმი კარგი სოციოლოგიურად საკვლევი მოვლენაა. ეს აშკარად მიანიშნებს, რომ სადღაც გულის სიღრმეში, ახალგაზრდებს თითქოსდა ეცნობათ ეს სამყარო, მათ პერსონაჟებთან თავის გაიგივება კი უადვილდებათ. თითოეულ ასეთ წიგნში ხომ პროტაგონისტი, როგორც წესი, მათი თანატოლია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით უპირისპირდება სისტემას და სამყაროს გადარჩენას ცდილობს.
ასეა სიუზან კოლინზთანაც, თუმცა მისი საგა ლიტერატურულად მაინც უფრო ღირებული მგონია, ვიდრე როთის, დაშნერისა თუ სხვათა ბესტსელერებია. კოლინზთან ყველაფერი ცოცხლდება, რაც კი რამ კაცობრიობას ძალადობრივად სანახაობრივი გამოუგონია – გლადიატორების ბრძოლებიდან დაწყებული თანამედროვე რეალითი შოუებით გაგრძელებული, ამ ყველაფერს ავტორი მითოლოგიურ თუ ზღაპრულ ალუზიებსაც უზავებს და შედეგად ვიღებთ ძალიან ნაცნობ და ამავდროულად, ძალიან ახალ სამყაროს, რომელშიც კაპიტოლიუმი მაცხოვრებლებისგან შვილების შეწირვას ითხოვს, რათა ისინი სისხლიანი სანახაობის ნაწილად აქციოს. კოლინზმა თავადაც აღნიშნა, რომ ეს იყო მინიშნება “პური და სანახაობის”, ანუ ლათინურად – “Panem et Circenses” პოლიტიკაზე, შესაბამისად, სახელმწიფოსაც ასევე დაარქვა – პანემი. ავტორს სურდა ეჩვენებინა, როგორ იყენებს პოლიტიკური სისტემა სანახაობას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად (კიდევ ერთხელ პოპ-კორნით აპოკალიფსისთვის თვალის დევნება) და როგორ ეხმარება ამაში მას აღნიშნული სანახაობის მაყურებელი. კოლინზი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სოციალური უთანასწორობის უსამართლო მოცემულობას, რომელშიც ცენტრი – გველეშაპია, პერიფერია კი – მისი შესაწირავი. ამ არათანასწორ, ერთგვარად დავითისა და გოლიათის, დაპირისპირებაში, სიმბოლურია რომ პანემის ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში, ბოროტებას უპირისპირდება გმირი, რომლის იარაღიც უბრალო მშვილდია. სწორედ ასეთი, ხალხიდან წამოსული გმირი თუ დაამარცხებს ისთებლიშმენთში ფესვგადგმულ ბოროტებას, როგორც უინსტონ სმიტი ამბობს: “თუკი არსებობს რაიმე იმედი, ის ისევ პროლებს შორის უნდა ვეძებოთ”.
მართალია, ჩვენ არც ოკეანიაში ვცხოვრობთ და არც პანემში, არც ბოკანოვსკის მეთოდით გვარჩევენ და არც გილეადის წესებს ვემორჩილებით, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც გარკვეული ელემენტებით ყველა ეს სამყარო ნაცნობი და მარტივად აღსაქმელია – თვალთვალი, პროპაგანდა, პირადულობის რღვევა, სიმართლით მანიპულირება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები, პოლიტიკური ტურბულენტობა თუ მასობრივი სამომხმარებლო კულტურა ერთგვარ პირველყოფილ სუპს ქმნის, რომლიდანაც ნებისმიერ წამს, ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს ყველაზე უფრო მწვავე დისტოპია, რომელიც კი ოდესმე ამა თუ იმ ავტორს წარმოუდგენია.
ჟანრს ხშირად აკრიტიკებენ უსაფუძვლო გაბუქების, ესკაპიზმის, ნიჰილიზმისა თუ სასოწარკვეთის გამო, თუმცა ასეთი კრიტიკა არ ითვალისწინებს მთავარს, დისტოპია არაა პესიმიზმის გამოვლინება ანდა ადამიანისადმი რწმენის დაკარგვა, ესაა სისტემებისა თუ სტრუქტურების არაადამიანური ბუნებისადმი უნდობლობა. სწორედ ადამიანის მნიშვნელობის წამოწევას ისახავს მიზნად ყველა ის ანტისისტემური ნაპერწკალი, რომელიც აღწერილია დისტოპიებში – უინსტონ სმიტის დღიურიდან ქეთნის ევერდინის მშვილდამდე. ისევ და ისევ რეი ბრედბერის კაპიტანი ბიტის სიტყვები მახსენდება, წიგნი მეზობლის სახლში შენახული დატენილი იარაღიაო რომ ამბობს. შეგვიძლია ბიტის ნათქვამს დავამატოთ, რომ დისტოპიური წიგნიც სწორედ ასეთი იარაღია, ოღონდ თან ჩახმახშეყენებული.
ამასობაში ჩვენი მატარებელი ბოლო გაჩერებას მიუახლოვდა, ოღონდ ეს ჟაკ ლობის “თოვლისმჭრელი” არ გეგონოთ. ამ მატარებელს გაფრთხილებებთან ერთად იმედიც მოაქვს. როგორც ნილ გეიმანი ერთგან აღნიშნავს, “გამაფრთხილებელი ამბის მიზანი აღსასრულის წინასწარმეტყველება კი არა, მისი თავიდან აცილებაა”. სწორედ ამიტომ, თუ ამ მოგზაურობის დასაწყისში “იმედები დასტოვეთ ყველა”, ახლა ის დროა გაფრთხილებები გავითვალისწინოთ, გავმხნევდეთ და სანატრელი ბეატრიჩესკენ გავწიოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ჯულია და ოფრედი გაიმარჯვებენ, ჯონი ლენინასთან დარჩება, D-503 სიმშვიდეს მოიპოვებს, ქეთნის ევერდინი კი პანემს გაათავისუფლებს. თუ ამას მოვახერხებთ, როგორც ძვირფასი ერმალო მაღრაძე ბრძანებდა – აპოკალიფსი არ იქნება.
© არილი