
დოქები
ჩვენ დაგვაცარიელებენ,
რათა შეგვავსონ თავიანთი ახალი რეცეპტით
დამზადებული ახალი სითხით
როცა ჩვენი მოთმინების ფიალა აივსება,
ჩვენ შემოგვდგამენ საქანელაზე
და ნელი და რიტმული
ბიძგებით ჩვენ დავიწყებთ განწმენდის წმინდა რიტუალს
ლოცვების ექო იკივლებს ჩვენს თავზე
და გავერთობით როგორც ბავშვები.
ჩვენ დაგვაცარიელებენ,
როგორც ჭურებს
საგანგებოდ გაგვრეცხავენ,
რათა ვგავდეთ ახალშობილებს,
ქათქათა და გაპრიალებულ,
მაღალ,
ზრდასრულ,
მოხუცებულ,
დაღლილ,
გამოუძინებელ ახალშობილებს
ჩვენ გაგვავსებენ ახალი სითხით,
როგორც ბენზინით
და მოგვცემენ ნებისმიერ ტრაექტორიას
როგორც დაქოქილ სათამაშოებს.
ჩვენი კედლები მოლიპული იქნება
ჩვენი ამონარწყევებით,
როგორც წამოცდენებით
როცა თვალებდახუჭული
ვიყურებოდით სარკეებში
და გასვლისას მზერა მაინც გაგვირბოდა
თვალის კუთხეებიდან
და ყველა სიტყვას, რომლებსაც ზეცა უნდა შეერყია
და ყველა ღრიალს, როგორც ქარიშხალს
ამ ბინძური ქუჩების გასახვეტად დაბადებულს
ხორხთან ახლოს ფეხი დაუცდება.
ჩვენი გარანტია უსასრულოა,
ჩვენი კედლები – სქელი და მტკიცე,
და ვინც გაბედავს, გატყდეს
და სისხლში ჩაახშოს მშვიდობა
და უმანკოება,
მათ ნამსხვრევებს, როგორც წმინდანების ნაწილებს
სამყაროს სხვადასხვა კუთხეში დამარხავენ,
რომ ვეღარ აღდგნენ.
(სათაური ბოლოში)
მოხუცდებიან და პატარავდებიან,
როგორც საგნები – რომ გავცდით
და უკან ვუყურებთ,
საბოლოოდ კი გაქრებიან.
ჩაუვლიან მერე სხვებიც,
წამოგვეწევიან და მოგვიყვებიან…
შეავსებენ მათზე ჩვენს ამბებს
და ეს ამბები გვეტყვიან
თუ მოგვატყუებენ,
რომ ისევ იქ დგანან,
კვლავ ისეთები,
აი, ზუსტად ისე,
მათ საუკეთესო წლებში როგორიც გვახსოვს,
იმ დროს, როცა ჩვენ ნელ-ნელა ვხდებოდით
ახალგაზრდები და ვდიდდებოდით.
მშობლები
***
ჩემი ცხოვრება და ტვინი
ისეთივე დანაწევრებულია, როგორ ეს სარკე
ფაზლივით რომ აღმართულა ჩემ
წინ და მის წინ დაყრილი ათასობით
ნამსხვრევი, ლამის წყლის
წვეთებივით რომ ჰგვანან ერთმანეთს,
მართმევს ყოველგვარ იმედს და შანსს,
რომ ოდნავ მაინც შევძლებ აწყობას.
ალბათ, ღირდა თავის დროზე ხელის ჩაქნევა,
როგორც მაღაზიაში
პირველივე შარვლის ამოცმა,
პირველივე ქუდის დახურვა
პირველივე რეისს გაყოლა
პირველივე ცხოვრებით ცხოვრება
პირველივე სიკვდილით სიკვდილი…
სიმართლე კოღოს ბზუილია, რომელსაც
ყოველთვის ზედმეტი მოსდის
და ყოველ ღამე ვანთებ სინათლეს,
და ბალიშით
სასტიკად
და დაუნდობლად
ვასრეს კედელზე.
რა მიცხოვრია? რა მისწავლია? რა წამიკითხავს?
სკლეროზივით გაფანტული
ჩემი ცხოვრება…
თითქოს, ხათრით ვდგავარ სარკის წინაც
და ერთდროულად
დაუოკებელი და სევდიანი სურვილი მაქვს
თვალები გავუსწორო ამ ყველაფერს,
მაგრამ ნამსხვრევები ზღვის წვეთებად გადაქცეულან
და ერთადერთი პერსპექტივაც – კოვზი,
ჩემი ხელის გაგრძელებაა.
რას ან ვის უნდა გაუყადრო თავი?
რომელ პროვოკაციაზე სჯობს, რომ წამოეგო?
ვის უნდა შეედარო,
რომ გახდე შეუდარებელი?
***
სად გაქრნენ ოცნებები,
რომელ თვალუწვდენელ ჩრდილს შეეფარნენ,
ნუთუ ასე სახიფათონი იყვნენ ისინი?
როდის გაგექცა საკუთარი თავი ხელიდან
ვინ არის ის, ვისაც მისდევ?
ყველაფერი დავიწყებას ჰგავს
ისტორიის გარეშე.
დადასტურებული ფაქტია:
მეგობრები ხშირად მახსენებენ
საკუთარ მოგონებებს,
მე ისინი არ მახსოვს,
როგორც შემთხვევის ადგილები,
რომელთა დავიწყებაც გვსურს.
რატომ გინდა გაექცე საკუთარ თავს,
როგორც მკვლელობის ადგილს?
ნუთუ არავინ იყო იმ ოთახში,
ვინც გასვლისას მზერას გამოგაყოლებდა?
ბავშვობა
როცა ერთმანეთში,
როგორც ფანჯრებში, ვიხედებოდით
და მომავალს თავს ვაფარებდით
როცა აღარსად ვიყურებოდით და
ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ სასმელი
წარსულისგან გამოსაფხიზლებლად;
როცა ვცხოვრობდით იქ და მაშინ,
ვწერდით ლექსებს,
ვმღეროდით,
და ვმხიარულობდით,
როცა ,,ბალახი იყო უფრო მწვანე“,
და ,,ყველაფერი ნამდვილად იყო“.
და მერე,
როცა ერთმანეთში სარკეებივით დავიწყეთ ყურება,
და თვალები სევდისაგან გაჭაღარავდნენ,
დავიწყეთ ის,
რასაც ცხოვრებას ეძახიან.
ეს არ უნდა გვექნა
ეს დიდი შეცდომა იყო.
პოეზია
მირბოდე დერეფანში და ცდილობდე
მიუსწრო რომელიმე კარს
მოჯახუნებამდე.
როცა ჩემი შვილი სულ პატარა იყო,
უნდოდა
წყალი მუჭში მოემწყვდია.
რას ჰგავს პოეზია?
ძირითად დროს დამატებულ
რამდენიმე წუთს.
თუ გაგიმართლა,
შიშველი მაყურებელი შემოვარდება
მოედანზე,
სინათლე ჩაქრება რაღაც დროით,
იწვიმებს ან ქარი იქნება,
იქნება ჩხუბი, ბევრი შეცვლა
და ფეხების მტვრევა.
მუდმივად გაგვიანდებოდეს,
ვიღაც ჩაქუჩის არასწორი დარტყმით
გაღუნული ლურსმანივით
მუდმივად გასწორებდეს,
თითქოს, ახალი იქვე არ ეგდოს
და ძვირი იყოს.
***
მე ყოველთვის ვწერ საკუთარ თავზე
სხვა რა გზაა –
როგორ გინდა, ამოძვრე
მწუხარების მარადიული ორმოდან.
აქ არავინაა ვისაც დაელაპარაკები,
იქნებ, სადმე ვინმეს დაემთხვე კიდეც.
მეტაფორები და შედარებები ძილის მომგვრელია
ალბათ, ყველა ნორმალური პოეტის ნება რომ იყოს,
სიტყვებს საერთოდ არ გამოიყენებდნენ
და ყველა ლექსს გამოთქვამდნენ ამოსუნთქვით
ან გაზმორებით,
იქნებ, ძილის დროსაც ამოეხვრინათ,
რომ საერთოდ არც ეფიქრათ მათზე.
სიკვდილი
სიკვდილი ნებისმიერი ამინდივით მოსალოდნელია,
დიდი ხნის უნახავი ნათესავივით, მოულოდნელად
რომ გამოჩნდება ხოლმე.
ის პატივსაცემი სტუმარია,
სახლი ცოტა მიალაგე,
სანამ ზღურბლზე გადმოაბიჯებს.
შეინახე ტალახიანი ფეხსაცმელები შემოსასვლელში,
აალაგე ლოგინი,
სარეცხ მანქანაში შეყარე აქეთ-იქით მიყრილი
წინდები და საცვლები,
დარეცხე ჭურჭელი,
გააღე ფანჯრები გასანიავებლად,
პირიც კარგად დაიბანე,
ჩაიცვი საგარეო ტანსაცმელი,
თუ მოასწრებ, წვერიც გაიპარსე.
სიკვდილი მნიშვნელოვანი კაცია,
ის იმსახურებს შენს ფაციფუცს
და მობილიზებას.
ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება უნდოდეს მას
რა საქმეზე შეიძლება მოდიოდეს,
მაგრამ
უნდა ვეცადოთ, ვიყოთ, შეძლებისდაგვარად,
ბუნებრივი და საქმიანი.
ხელი მჭიდროდ ჩამოვართვათ,
გაუღიმე და ჩამოსვი
სადმე მოხერხებულად,
შესთავაზე რამე სასმელი,
უმჯობესია რამე ძლიერი
(ცოტა რამაა ამ სამყაროში
დილიდან სმაზე უფრო სასიამოვნო,
განსაკუთრებით,
თუ მეორე დღეს საქმე არაფერია),
ცოტა მოდუნდით,
ილაპარაკეთ ზოგად თემებზე:
ამინდზე,
სპორტზე.
მოშინაურდით
(პოლიტიკაზე და რელიგიაზე სიტყვას ნუ ჩამოუგდებ),
ნუ აგრძნობინებ,
რომ ცხოვრება გახდა მოსაწყენი,
შიგადაშიგ ჯოჯოხეთურიც,
რომ ვერაფრით ვერ იპოვე ის ტრამპლინი,
საკუთარ თავს რომ გადაახტე,
რომ ცხოვრება, რომელიც წამოიწყე, სულაც არ შედგა,
რომ რა ჯანდაბას აკეთებ თვითონ არ იცი,
რომ ზარმაც შუადღეს დაემსგავსა თითქმის ყველა დღე
და ვეღარც ტკივილს, ვერც სიხარულს ვეღარ განიცდი.
ნუ აგრძნობინებ, რომ მზად არა ხარ…
ნუ მიახლი პირში ყველაფერს,
შორიდან მოუარე
ისიც ხომ შორიდან მოდიოდა,
ისიც ხომ ადამიანია,
ისიც იღლება.
***
დავრჩი მარტო
და ქარიშხალს ვზრდიდი ჭიქაში
გაჯახუნებულ კარს რომ დარჩა,
იმ ქარისაგან.
***
რა სამწუხაროა,
მიმოწერისას ჩვენი წერილები
ერთმანეთს ვერასდროს შეხვდებიან
საფოსტო ყუთში.
© არილი