
„შემდგომ მისთვის უცხო, იდუმალი სიჩუმე ჩამოწვა, რომლის მიღმაც წლობით დაგროვილი ხმაური მოისმოდა.“
პასკალ მერსიე, „ღამის მატარებელი ლისაბონისკენ“.
ისტორია შეკრებითობის პრინციპით მოქმედებს. იგი აგროვებს მოვლენებს, რომლებიც უაზროდ დაბორიალობენ ლაბირინთებში, სანამ ადამიანები არ გადაწყვეტენ მათთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებას. შემდგომ კი ყველაფერი ერთბაშად ხდება. როგორც ჰერბერტ მარკუზე შენიშნავდა: „არ არსებობს სპონტანურობა, რომელიც მცირეოდენი დახმარების გარეშე ახერხებდეს სრულყოფილი სახით გამოვლენას.“ დასაბამი ქაოსია, რასაც ირგვლივ არსებული კითხვები იწვევს. რატომ უნდა დაეთანხმოს ადამიანი იმას, რისიც არ სჯერა? რა გზით შეუძლია მას წინ აღუდგეს უსამართლობას? არის თუ არა პროცესი დამანგრეველი?
ჰერბერტ მარკუზემ 1968 წლის მაისში წაიკითხა ლექცია ევროპაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში, მისი სრული ჩანაწერი დაკარგულად მიიჩნეოდა. ეს იყო ორ საათიანი გამოსვლა, რომელიც ცდილობდა გადაეაზრებინა მიმდინარე მოვლენები, ერთი მხრივ, მხარი დაეჭირა არსებული პროცესისთვის და, ამასთან, მის გამომწვევ მიზეზებს ჩაღრმავებოდა. იგი ფიქრობდა, რომ თუკი რაღაც წესრიგი არ ამართლებს, ის აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. არაფერია რეფორმის ჩატარებაში პრობლემური, მით უფრო, თუკი ის სასწავლო სივრციდან იღებს დასაბამს.
უნივერსიტეტები შუა საუკუნეებში იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სამართალდამცველები ყოველთვის ერიდებოდნენ შესვლას, თუმცა ეს ღირებულება პირველად სწორედ 1968-იანი წლების პროტესტის დროს დაირღვა, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია. ცხადია, აზრთა სხვადასხვაობაც არსებობდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიიჩნევდნენ, რომ გამოხატვის ფორმები ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და ის ძირს უთხრიდა იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რაც ევროპას ამ მიმართულებით გააჩნდა.
საფრანგეთში, რომელიც გამოირჩევა რევოლუციათა სიყვარულით (განსაკუთრებით მე-18 და მე-19 საუკუნეებში), ყველაფერი მშვიდობიანად დაიწყო, როდესაც სტუდენტები სორბონის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, რათა საკუთარი ხედვა გამოეთქვათ. პირველი სისუსტე, რასაც ამ დროს დაბნეული მმართველი იჩენს, ისაა, რომ იგი მყისვე ძალადობით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. იქ, სადაც ადამიანი აკეთებს დაშვებას, რომ ეზოს გათავისუფლება ერთადერთი სამართლიანი და საზრიანი გამოსავალია, თავად შემოისაზღვრავს საკუთარ საარსებო არეალს. ცხადია, ის ამ სივრცეს დროებით ფლობს, ვინაიდან ძალადობაზე დაფუძნებული იდეა, საბოლოოდ, დამარცხებისთვისაა განწირული. მარკუზე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტრადიციის რღვევა ახალი წესრიგის დამყარების პირველი ნიშანია. პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტების დარბევა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დასასრულის დასაწყისი. საინტერესოა, რომ ეს დეტალი საკმაოდ საზრიან ხალხს გამორჩა მხედველობიდან.
ადამიანთათვის გამოხატვის სივრცესა და ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს სრულებით არ სურდათ თავდაპირველად პროტესტში მონაწილეობის მიღება. ისინი, ცხადია, თანაუგრძნობდნენ პროცესს, მაგრამ სამოქმედო სცენის გამოცლამ მათი გაბრაზება გამოიწვია. ბარიკადები და გამოსვლები. აი, რა მოჰყვება პროცესის ამგვარად განვითარებას. ამ დროს ბიუროკრატიული აპარატი და მოქმედი ინსტიტუციები პრობლემაზე კონცენტრირების ნაცვლად, დემონსტრაციების ჩახშობით არიან დაკავებულები, რაც ერთ მხარეს აახლოებს შედეგთან, მეორეს კი აშორებს იმ პირვანდელ საწყისს, რაზეც ეს უკანასკნელი დგას. ნდობის გაქრობა, პასუხგაუცემელი კითხვების არსებობა, პირველი ნიშანია იმის, რომ ცვლილება კარსაა მომდგარი.
თეოდორ ადორნო ფიქრობდა, რომ თანამედროვე ინსტიტუციებს ჩვენი დახსნა არ შეუძლიათ. ისინი ერთი უსასრულო პრობლემის ნაწილები არიან, სწორედ ამიტომ მათი გადალახვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ყველაფერი ადორნოს აზრით, ხელს უშლის ადამიანს, რათა მან საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. საგულისხმოა, რომ იგი იმ ერთ-ერთ მოაზროვნეთაგანი იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სტუდენტებს და უკმაყოფილება გამოხატა მათი დამოკიდებულების გამო. ფილოსოფოსი შეაშფოთა გამოხატვის იმ ფორმებმა, რასაც მისივე მოსწავლეები იყენებდნენ. ადორნოს შეფასებით, მან თეორიული სისტემა და შესაძლებლობათა ფორმები გააცნო მათ, მაგრამ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ისინი ამ ყველაფრის აღსრულებას მოლოტოვის კოქტეილებით მოინდომებდნენ.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სპონტანურობის მიუხედავად, ნებისმიერი პროტესტი მიმართულებას საჭიროებს, მას კი ლიდერი იძლევა. ფრანგული საზოგადოების გამთლიანება ერთი საერთო იდეის გარშემო – მათი წარსულითაც აიხსნება. მარკუზე შენიშნავდა, რომ ამ ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს, რაც მათ ეხმარებათ რთულ პერიოდში იოლად გამოძებნონ ისეთი ადამიანი, რომელსაც გაჰყვებიან, თუმცა ეს არ მოიაზრებს განსაცდელის ჟამს მის მარტო დატოვებას. ასეთი სირთულე კი ამ გზაზე მრავლადაა მოსალოდნელი. იმავე ლექციაში ფილოსოფოსი იმ აზრსაც ეჭიდება, რომ ცვლილების მოყვარული ქვეყნებისთვის ამგვარი დინამიკა ერთგვარ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. საფრანგეთმა 1800-დან 1968 წლამდე ოთხი რევოლუცია გამოიარა, შესაბამისად, ქცევის წესები უკვე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული და გამჯდარი ხალხში. მარკუზემ წინაც გაუსწრო მოვლენებს, რაც შემდგომ სხვა ქვეყნებისთვისაც (ჩვენი ჩათვლით) წესით მაგალითად უნდა ქცეულიყო, როდესაც გერმანიაში მიმდინარე პროცესი აღწერა. მან გამოყო ის მკაფიო მსგავსებები, რაც შესაძლოა ქვეყნის იმჟამინდელ ხელისუფლებას ნაცისტურ წყობილებასთან ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პირები სისტემაში გამოიცვალნენ, მაინც დარჩა ხალხი, რომელიც ორივე მთავრობის პირობებში იღებდა და აღასრულებდა დავალებას. ამან სტუდენტებში აგრესია დაბადა. მათ არანაირი იმედი არ ჰქონდათ იმის, რომ რაიმე გზით, გარდა რადიკალური პროტესტისა – შესაძლებელი იქნებოდა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ავტორიტარული წყობილების ნანგრევები რთული განსასაზღვრია, ვის მოიყოლებს ქვეშ, თუკი ის სრულად არ გასუფთავდა.
ლექციის მსვლელობისას – ადამიანებს – მარკუზეს ნაამბობმა – „პრაღის გაზაფხულიც“ მოაგონათ, რაზეც ფილოსოფოსმა შენიშნა, რომ ეს განსხვავებული მოცემულობაა. ერთია ებრძოდე წინა ხელისუფლების ნარჩენებს ან ახალი სისტემის დამყარებით იყო შეპყრობილი, თუმცა სტალინისტური რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ გალაშქრება ახლებურად აშუქებს იმ კრიზისს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უდგათ. ტოტალური კონტროლი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, აზროვნების ჩარჩოში მოქცევა, სიმართლის ტყუილზე დაფუძნება… აი, რა ხვდათ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მემკვიდრეობად. სრულიად განადგურებული და უნაყოფო მიწა, რომელზეც ელიოტი ალბათ, სიამოვნებით დაწერდა ახალ მაგნუმ ოპუსს, ცოცხალი რომ ყოფილიყო. ჩეხეთში პროტესტი კონკრეტულ საზოგადოებათა გამოსწორებას არ ისახავდა მიზნად. ის არსებული სტალინისტური პარადიგმის სრულად ამოძირკვას ცდილობდა, რათა ახალი ფურცლიდან დაეწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა. შეუძლებელია, ცალკეულად, რაიმე ეკონომიკურ რეფორმაზე საუბარი, თუკი მთლიანობაში მიდგომა ისევ იგივე დარჩება. იქ, სადაც ადამიანს ნდობა არ აქვს სახელმწიფოსადმი, ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმა და ეზღუდება სივრცე, სადაც შეძლებს სამართლიანად პოზიციების დაცვას, პროგრესი ყოველგვარ აზრს კარგავს. ადორნოსეული გაგება „ადამიანური პოტენციალისა“ – ჩანასახშივე კვდება.
ლექციის დასასრულს, მარკუზეს მნიშვნელოვან კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა. არის თუ არა სტუდენტური პროტესტი რევოლუციური შინაარსის მატარებელი? მისი პასუხი ცალსახად უარყოფითია. ფილოსოფოსის აზრით, ეს ყველაფერი ღირებულებებისთვის ბრძოლას, ცვლილების მოთხოვნას და მიღწევას ემსახურებოდა. ის, რომ რაღაც წყობა არ მოგწონდეს, ადამიანური პოზიციაა, პროგრესისკენ სვლა, რაც აპრიორი ძალადობრივად რაიმეს დამხობას არ მოიაზრებს. მიმდინარეობს შინაგანი, სულიერი ბრძოლა მორალური კატეგორიების ჩამოსაყალიბებლად, რამაც შემდგომ ახალი სისტემა უნდა განმსჭვალოს. ეს კი ერთ დღეში არ ხდება. ამას სჭირდება როგორც წინარე გამოცდილება, ისე სამყაროსეული მზერის თანხვედრა პროცესთან. მერაბ მამარდაშვილს „ცნობიერების ტოპოლოგიის“ ერთ-ერთ ლექციაში მაგალითი მოჰყავს მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებიდან.“ ის, რომ ალბერტინა ერთი მამაკაცისთვის კურტიზანი ქალია, სენ ლუსთვის კი სიყვარულის ობიექტი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ერთგვაროვანი დამოკიდებულებები არ არსებობს. ყველაფერს მომენტი, წამი განსაზღვრავს. ამიტომ შენიშნავს მარკუზეც, რომ ტრადიციული რევოლუციების ხანამ უკვე ჩაიარა. მან ფორმა იცვალა. საზოგადოების განვითარებამ ის უფრო ცივილიზებული გახადა, თუმცა ძალმოსილება მას ამით არ დაჰკლებია. პირიქით, ამით პროცესში ის ადამიანებიც შემოიერთა, რომლებიც მშვიდობის განსაკუთრებული სიყვარულის გამო არ უერთდებოდნენ გამოსვლებს. ყოველდღიური რუტინის დატოვება ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ, თუმცა თუკი ეს მოცემულობა საჭიროებად იქცევა, მაშინ ისინი ტოვებენ სიზიფეს მდგომარეობას და თავად იქცევიან ლოდად. იოლი გამოსაცნობია, ამ ბერძენი მითოსური პერსონაჟის როლში შემდგომ ვინ გვევლინება. შინაარსი კვლავაც უცვლელია, მხოლოდ საგნები ცვლიან როლებს. პოსტმოდერნიზმმა მოიტანა ესეც, ახალი დროების ნაწილია, არაფერი უცხო.
© არილი