რეცენზია

გიორგი შარაშენიძე — საათში 90 მძულვარე გზავნილი

მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ (How To Stand Up To A Dictator) ქართულად გამოცემისთანავე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლასთან: ტექსტის თარგმნაც და ის სერიაც, რომელიც რესას წიგნით იწყება, 2024 წლის აპრილი-მაისის აქციებითაა შთაგონებული. თავად, როგორც წიგნის რედაქტორს, იმის გახსენებაც შემიძლია, როგორ მეუბნებოდა მთარგმნელი, ხატია დეკანოიძე, ტექსტის ნახევარი პარლამენტის წინ ვთარგმნეო.

აქტუალობისთვის წიგნის იმედისმომცემი სათაურიც იკმარებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, „სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის“ მშვიდობის ფილიპინელი ნობელიანტის ეს მემუარები თემატურადაც და საინფორმაციო-ელექტორალური ავტოკრატიის კვლევის თვალსაზრისითაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. წიგნის შესახებ The Guardians-ის დაწერილ სტატიაში — Tales Of A Moral Giant — ვკითხულობთ, რომ ეს ტექსტი, ავტობიოგრაფიასთან ერთად, ერთგვარი მანიფესტიცაა, რომელიც დემოკრატიათა დემონტაჟისკენ დღევანდელი მსოფლიოს მიდრეკილების შესახებ გვაფრთხილებს. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ავტოკრატიის მოდელს ფილიპინების მაგალითით განიხილავს, ავტორიტარიზმის ქსელი მსოფლიო მასშტაბით უჩვეულო კონსოლიდაციით გამოირჩევა. ამიტომაც, ჩვენგან მრავალი სასაათო სარტყლით დაშორებული სახელმწიფოს დიქტატორთა სტრატეგია თუ მეთოდები ისევე არაფრით შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი პოლიტიკოსების ავტოკრატიული პრეტენზიებისგან, როგორც ის ადამიანები თუ ინსტიტუციები, რომლებიც მათ სიცოცხლის ფასად წინ აღუდგებიან ხოლმე.

მარია რესას ნაშრომის სიღრმისეული ღირებულების გასაღებს სწორედ ავტორი წარმოადგენს, უფრო სწორად, მისი საქმიანობის ის სფერო, რომელსაც სიცოცხლის წლებს, ჯანმრთელობასა და ხშირად თავისუფლებასაც სწირავენ სიმართლისთვის ბრძოლისას — ჟურნალისტიკა. რა გასაკვირია, თუ საქართველოშიც მის წიგნს სწორედ მაშინ აღმოაჩენდნენ მეორედ და ნამდვილად, როცა ის ცენზურისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ქართული თავისუფალი მედიის ბრძოლის სიმბოლოს, დატყვევებული მზია ამაღლობელის ხელში გაიელვებდა საკნიდან?

ფილიპინელი ჟურნალისტიც საკუთარი გამოცდილებით მოგვითხრობს, როგორია ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა მაშინ, როცა დიქტატორის პირადი სამიზნე ხარ. პირველ პირში მიმდინარე თხრობა, რომელიც ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებასთან ერთი ინდივიდის რაკურსით გვაახლოებს, საკითხავადაც უფრო მიმზიდველს ხდის წიგნს, ტექნოლოგიებთან, დემოკრატიასთან და ავტოკრატიასთან დაკავშირებული თემატიკის გამო მეტად მშრალი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, ქართველი მკითხველი მისი შინაარსის გაზიარებისას მაინც დაბრკოლებებს წააწყდა და ეს მაშინ, როცა წიგნის უკვე, თუ არ ვცდები, მეორე ან მესამე ტირაჟია გამოცემული. ცხადია, უწყვეტი პროტესტის პირობებში წინააღმდეგობის მონაწილეს — „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ უპირატესად მათთვის განკუთვნილი ნამუშევარია — უჭირს დროის გამონახვა არათუ მარია რესასთვის, არამედ, საერთოდ, წიგნისთვის. თუმცა მაშინაც, როცა კი დამჭირვებია და რესას ტექსტის შინაარსის გადმოცემა მიცდია, მისგან უცნაური და მოულოდნელი გაუცხოება მიმიღია პასუხად, თითქოსდა იმის მტკიცება დამეწყოს, რომ დედამიწა ბრტყელია.

მართალია, წიგნი სათაურითაც ეხმიანება პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგობის მიზანს — დიქტატორის დამხობას — მაგრამ დამერწმუნეთ, მისი წაკითხვისგან დემოკრატიზაციის ხელშემწყობი სოციალური ქსელების ერთ დროს მხარდამჭერ მარია რესასაც გაეღიმებოდა, რადგან ამ ტექსტის კრიტიკის ობიექტად, არც მეტი, არც ნაკლები, ფეისბუქი იქცა. ცხადია, ქართული პროტესტის მონაწილისთვისაც ძნელია, პარლამენტის წინ ფეისბუქზე დაანონსებულ აქციას შეუერთდეს და, იმავე დროს, სარწმუნოდ მიაჩნდეს თეორია, რომ თანამედროვე ავტოკრატიები სოციალურ ქსელთა რესურსებს ეყრდნობა.

მარია რესასთვის სულ რაღაც 10 წლის წინ ამგვარი მოცემულობა იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ უნებლიედ თავადაც გახდა სოციალური ქსელების მედიაპლატფორმებად განვითარების ერთ-ერთი პირველი წამომწყები. მეტიც, საკუთარი სრულიად ციფრული მედია Rappler მან სწორედ ფეისბუქზე განათავსა და სტუდენტებისთვის სემინარებს მართავდა იმის შესახებ, როგორ უნდა გამხდარიყვნენ მოქალაქე-ჟურნალისტები:

„ზუსტად მივხვდი, რომ მოქალაქე-ჟურნალისტის პროექტის საფუძველი ისეთ ქვეყანაში, როგორიც ფილიპინებია, ინდივიდის ბრძოლაა უსამართლობის ან ბოროტების წინააღმდეგ… მაგუინდანაოს სასტიკი მკვლელობის შემდეგ ხშირი იყო ჩვენი მოქალაქე-ჟურნალისტების მიერ კორუფციის, მექრთამეობის, არჩევნებზე ძალადობის, ჩარევისა და სხვა დარღვევების გამოაშკარავება“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

როგორც ვხედავთ, ფილიპინელი ჟურნალისტის სურვილი, გაეფართოებინა სოციალური ქსელების საზოგადოებრივი როლი, ყოვლად კეთილშობილური იყო. 21-ე საუკუნის საინფორმაციო-ელექტორალური ავტოკრატიების წარმატებასაც ნაწილობრივ ეს იწვევს: ისინი ეყრდნობიან სოციალური ქსელების წარსულ რეპუტაციას და ცდილობენ, დაფარონ მათი ის უარყოფითი მხარეები, რომელთაც საინფორმაციო ომის წარმოებისთვის იყენებენ. ფეისბუქისა თუ სხვა პლატფორმების ასეთი ნდობა კი სრულიად კანონზომიერია. ფილიპინებშიც, როგორც რესა იხსენებს, მათ ერთ დროს სწორედაც საზოგადოების კონსოლიდაციის ფუნქცია შეასრულეს:

„სარეკლამო ბიზნესის ხელმძღვანელ პიჩი რალონცო-ბრეტანიას პროტესტი არასდროს აუგორებია, მაგრამ ის და მისი მეგობრები კორუფციაზე ისე იყვნენ გაბრაზებული, რომ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერეს. ამან გამოიწვია სოციალური მედიით ორგანიზებული პროტესტი ფილიპინებზე“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

შეუძლებელია, 2013 წელს ფილიპინებში მომხდარი ეს ამბავი არ გვაგონებდეს ტრამპის მიერ 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის პროვოცირების ისტორიას. მარია რესაც სინანულით აღნიშნავდა, რომ გულუბრყვილო იყო და Rappler-ის ჩატარებულ სემინარებზე თავადაც არაერთი ისეთი ადამიანი გამოზარდა უნებლიედ, რომლებმაც სოცმედიის კუთხით მიღებული გამოცდილება მოგვიანებით პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობისთვის და, რაც ირონიულია, ისევ რაპლერისა და რესას წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს კონტრასტი მკაფიოდ ხაზს უსვამს არა მხოლოდ ფილიპინების, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური ქსელების ფუნქციის სრულ დეგრადაციას: სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მასების კონტროლის იარაღად იქცნენ:

„[ფეისბუქი] მუდმივად რთავდა ტყუილის თქმის ნებას პოლიტიკოსებს, მალავდა სიმართლეს, აბლაგვებდა განცხადებებს რუსეთის დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების შესახებ, აძლევდა უფლებას ექსტრემისტ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, გაფართოებულიყვნენ და საკუთარი მეტანარატივი დაეთესათ, რამაც მიგვიყვანა გამოსაფხიზლებელ მომენტამდე: 2021 წლის 6 იანვრის ძალადობამდე, როდესაც დონალდ ტრამპმა ათობით ამერიკელს კაპიტოლიუმის შენობაზე შეტევისკენ მოუწოდა, რათა მათ არჩევნებში მისი დამარცხება გაეპროტესტებინათ“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

როდესაც გასული წლის მაისში, წიგნის რედაქტირებისას, მასების მართვის ამგვარი მაგალითების შესახებ ვკითხულობდი, მაშინვე მახსენდებოდა ჩვენი პროტესტის საკვანძო წერტილებიდან მოქალაქეთა გათიშვისა და დაქსაქსვის ისეთი შემთხვევები, როდესაც საპოლიციო ძალების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობის გარეშეც, აქცია, საბოლოოდ, მაინც იშლებოდა ხოლმე. უკვე შინ დაბრუნებული კი აღმოვაჩენდი, რომ ავტორიტეტის მქონე და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ საპროტესტო ფეისბუქჯგუფებში აქციის მიმდინარეობისას ფრაგმენტულად ვრცელდებოდა პოსტები იმის შესახებ, თითქოს მსვლელობამ თუ შეკრებამ სულ სხვა მიმართულებით გადაინაცვლა და ხალხი ახლა იქ იყო საჭირო.

უნდა ითქვას, სრულებით გასაგებია, მასების კონტროლის მეთოდებზე მსჯელობა კონსპირაციების თხზვასავით რომ გამოიყურება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარია რესას გაფრთხილებები და ჟურნალისტური კვლევა-ძიებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ნობელის კომიტეტისთვის გახდა საყურადღებო. ასეა თუ ისე, ფილიპინელი ჟურნალისტი არაერთხელ ეცადა, მომაკვდავი დემოკრატიების განგაშის ხმა თავად ფეისბუქისა და მარკ ცუკერბერგისთვისაც მიეწვდინა. ფეისბუქის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე „F8” რესამ მარკს უთხრა, რომ „ინტერნეტის მომხმარებელი ფილიპინელების 97% ფეისბუქზე არიან რეგისტრირებული“. მართლაც, ფილიპინები უნიკალური მოვლენაა და, მაგალითად, 2021 წელს იგი ზედიზედ მეექვსედ გახდა ქვეყანა, სადაც მოქალაქეები იმაზე მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, ვიდრე სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. უამრავი შავბნელი ტენდენცია, რომლებმაც სოციალური ქსელები დეზინფორმაციის მომსახურე ტროლ-ბოტების შავ ხვრელად აქცია, სწორედ ფილიპინებიდან იღებს სათავეს. ბუნებრივია, მარია რესას იმედი ჰქონდა, რიცხვებზე მითითებით ცუკერბერგის ყურადღება მიექცია იმ პრობლემებისათვის, რომელთაც ფილიპინელები და, შედეგად, მთელი მსოფლიო აწყდებოდა. თუმცა მარკმა მას ასე უპასუხა: „მოიცა, მარია, სად არის დანარჩენი სამი პროცენტი?“

ცუკერბერგის ცინიკური დამოკიდებულება მარტივად აიხსნება: მისი Meta ხომ, პირველ ყოვლისა, ბიზნესკორპორაციაა და არა — მედიაორგანიზაცია. მისთვის სულერთია, ფეისბუქს ავტორიტარული რეჟიმი გამოიყენებს თუ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი მედია, სულერთია ისიც, მომხმარებლები უპირატესად „ბედნიერ“ რეაქციებს დაუტოვებენ ფეისბუქპოსტებს თუ „ბრაზიანს“: როგორც თავად მარია რესა შენიშნავს, ფეისბუქის აქტიურობა ორივე შემთხვევაში იზრდება — როგორც ბრაზის, ისე ბედნიერების გამოხატვისას. მეტიც, ბრაზისა და სიძულვილის გამოწვევა უფრო იოლიც კია და, შესაბამისად, პლატფორმის აქტივობაზეც უკეთ აისახება და მის მომგებიანობაზეც. რა გასაკვირია, თუ ასეთ დროს კომპანიის მფლობელსაც ერჩივნოს, მსოფლიოს ავტოკრატიებთან მიღწეული სტატუს-კვო შეინარჩუნოს?

საზოგადოების განწყობაზე ამგვარი, ერთი შეხედვით, წვრილმანი „ხულიგნობა“ თითქოს არც უნდა აისახებოდეს. როდესაც ფეისბუქზე ჩვენთვის სენსიტიურ სიახლეს ვაწყდებით და რეაქციებისა თუ კომენტარების განყოფილებამდე ჩასქროლვისას საზოგადოების თანაზიარ წუხილსა და შეშფოთებას ველით, მართალია, თავს შეურაცხყოფილად და გაუცხოებულად ვგრძნობთ, თუკი სანაცვლოდ „სიცილის“ რეაქციებსა და აბუჩად ამგდებ კომენტარებს აღმოვაჩენთ, მაგრამ ამასაც შევეგუეთ. მიუხედავად ამისა, ამგვარ ემოციურ საქანელას შეჩვეული ჩვენი ფსიქიკა მაინც გვაჩნევს კვალს, რომელიც საზოგადოებრივი ერთიანობის შეუძლებლობის, სიმარტოვისა და საკუთარი უსუსურობის განცდით გამოიხატება. მოგვიანებით ეს შეგრძნებები უკვე აგრესიისკენაც ინაცვლებს როგორც სენსიტიური ინფორმაციის გამავრცელებელთა წინააღმდეგ, ისე სოციუმის იმ ნაწილის მიმართაც, რომელიც ოდესღაც ემპათიურ ადამიანებს ნარჩენი თანაგრძნობისკენ მოუწოდებს. ტრანსფორმაციის პროცესი ერის სრული დეზინტეგრაციისკენაა მიმართული:

„როგორც აშშ-ში 2016 წლის კამპანიისას სოციალურ მედიაში წამოწყებული შეტევები აღრმავებდა საზოგადოების ბზარებს გენდერის, რასისა და იდენტობის მიმართულებით, ფილიპინებზეც ეს შეტევა ფუნდამენტურ საკითხებს შეეხებოდა: მდიდარი — ღარიბის, რეგიონში მცხოვრები — ქალაქელისა და ელიტები — უბრალო ხალხის წინააღმდეგ“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

ბუნებრივია, ავტორიტარული სახელმწიფოსა და სოცმედია ორგანიზაციების ბიზნესურთიერთობის წინააღმდეგ დემარშის შემდეგ ფილიპინებში დაბრუნებულ მარია რესას უკვე სისტემა დაუპირისპირდებოდა, რისთვისაც საკუთარი ონლაინჯარის უპირატესად იმ ნაწილებს ჩართავდა ავანგარდში, რომელსაც ყალბი საინფორმაციო დღის წესრიგის ფორმირება და სინამდვილის სიმულაცია ევალება:

„ვერ ვიჯერებდით, რომ ეს ე. წ. კონტენტის შემოქმედები, მათი უმი, ხშირად უხამსი, მანიპულაციური პოსტებით, წარმოგვიდგნენ პოლიტიკის ექსპერტებად, უფრო მეტიც — „ფაქტების“ გამშუქებელ ჟურნალისტებად“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

ვინაიდან ფეისბუქი, ტვიტერი თუ სხვა სოციალური პლატფორმები, პირველ ყოვლისა, არა ანალიტიკური, არამედ ემოციური ზემოქმედებისკენ მიმართული სივრცეებია, ჭარბი ინფორმაციული ნაკადიდან რაიმეს გამოკვეთასა და სანდოობას სწორედ ემოციური დამაჯერებლობა უზრუნველყოფს. ეს დეზორიენტირებული მასის მოხელთების მოხერხებული მეთოდია, რადგან ფაქტობრივი სიზუსტის პრეტენზიას არც გამოხატავს: სამთავრობო ბლოგერმა თუ მედიასაშუალებამ, შესაძლოა, იკმაროს უბრალო ეჭვი, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო, რათა ოპონენტი თავის მართლების რეჟიმში ამყოფოს და, ამგვარად, საკუთარ ბრალდებებს ნაწილობრივი ლეგიტიმაცია მაინც შესძინოს. პროპაგანდის ასეთი შეუბოჭავი მოქმედება რეალურისგან იმდენად განსხვავებული სინამდვილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომ სიმულაციური რეალობის თუნდაც მცირე ხნით მორღვევის შედეგად, თავდაპირველი გაუცხოების შემდეგ, მთავრობის მავანმა მხარდამჭერმა შეიძლება შვებაც კი იგრძნოს.

მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურად ისე ხდება, რომ ერთდროულად სინამდვილისგან და სიმულაციისგან გაუცხოებული ადამიანი უფრო ხშირად მისთვის კომფორტული ილუზიის შენარჩუნებისა და კბილებით დაცვისკენ ისწრაფვის. მრავალთაგან ამის ერთ თვალსაჩინო მაგალითად მარია რესას სენატორ ლეილა დე ლიმას შემთხვევა მოჰყავს. ადამიანის უფლებათა ფილიპინელმა კომისარმა ლეილამ ადგილობრივი დიქტატორის, როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ დავაოში გაჩაღებული მკვლელობების გამო გამოძიება წამოიწყო. მართალია, სენატორს ყოველგვარი სამხილი ჰქონდა პრეზიდენტ დუტერტეს წინააღმდეგ, მაგრამ საჯარო გამოძიების დაწყებამდე დიქტატორმა მასზე პირადი თავდასხმა მოაწყო:

„დაადანაშაულა, რომ მას საყვარლად პირადი მძღოლი ჰყავდა, რომელიც ფულს იღებდა „მუნტინლუპასგან“[1]… იგი იმასაც ამბობდა, რომ არ გააჩნდა მტკიცებულებები, თუმცა, მისი სიტყვებით, „თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ მას ის (ფული) უეჭველად აქვს“. შემდეგ თქვა, რომ ჰქონდა ლეილას სექსის ვიდეო“ (მარია რესა, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“).

თავდაცვის მიზნით ლეილამ აღიარა, რომ ჰქონდა ურთიერთობა მძღოლთან, თუმცა უარყო ნარკოვაჭრობით ფულის აღების ფაქტი. მიუხედავად ამისა, დუტერტეს მოკავშირეებმა სენატორ ლეილას ჩამოართვეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელობა და მკვლელობების გამოძიებაც ყველას მიავიწყდა.

ცხადია, ასეთ სახელმწიფოში, სადაც ირეალური მალევე იქცევა სინამდვილედ, მარია რესა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. როგორც კი მისი და მისი რაპლერის წინააღმდეგ წამოიწყეს საინფორმაციო კამპანიები: #დააპატიმრეთმარიარესა და „გამოაცხადეთ რაპლერი და მარია რესა ფილიპინების მტრად“, — ფილიპინელი ჟურნალისტი და ნობელიანტი უკვე აღარ გამოდიოდა შინიდან ჯავშანჟილეტის გარეშე. იმხანად რესა „საშუალოდ 90 ზიზღიან გზავნილს იღებდა ერთ საათში“, ხოლო 2019-21 წლებში დაპატიმრების ზედიზედ 10 ორდერი მიიღო, რომლებითაც ჯამურად საუკუნეზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

აბსურდული და უსამართლო ბრალდებით თავისუფალი ხმის ჩახშობის მცდელობა არც ჩვენთვისაა უცხო. მეტიც, ის ლამის დისტოპიური მოცემულობა, რომელსაც მარია რესა თავის წიგნში აღწერს, თითქმის არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც არაერთხელ ამოგვიკითხავს თუ ისტორიული, თუ მხატვრული ტექსტებიდან. სხვაობას განაპირობებს ის პოზიცია, რომელიც სისტემასთან და პროპაგანდასთან სიმართლის სახელით დაპირისპირებულ გმირად სახელმწიფოს მეოთხე შტოს, ჟურნალისტიკას, უფრო კი ცალკეულ, მებრძოლ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს წარმოგვიჩენს. მარია რესას, მზია ამაღლობელისა და სიცრუის წინააღმდეგ ამბოხებული ნებისმიერი მოქალაქის ამბავიც ხომ ესაა: რაოდენ მასშტაბურიც არ უნდა იყოს პროტესტი, მას სისტემასთან შეჯახებული ინდივიდები ქმნიან.


[1] იგულისხმება მანილის იმავე უბანში მდებარე ნიუ-ბილიბიდის ციხის ნარკობარონთა ფული.

© არილი

Facebook Comments Box