
„სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთში ცხოვრებაა შეუძლებელი, მეორეში კი გადარჩენა.“
მარეკ ჰლასკო
სანამ სხვები შეთხზავენ შენზე ამბებს, შენ უნდა დაასწრო, საკუთარი ცხოვრება ლეგენდებითა და მითებით აავსო, საქმე გაუადვილო ყველას და მათ წარმოსახვასაც შეეშველო. მარეკ ჰლასკო ასე იქცეოდა – რასაც კი მასზე ჰყვებოდნენ (იშვიათად კარგს), ყველაფერში მისივე ხელი ერია. 1934 წელს დაბადებული ჰლასკოს მთელი ბიოგრაფია, არსებითად, ორი ეგზისტენციალური კითხვის გარშემო ტრიალებს: როგორ გადაერჩინა თავი და ვინ ყოფილიყო.
ომის პერიოდში პოლონეთი, პოლიტიკური მიზეზების გამო, არაერთმა მწერალმა დატოვა, მათ შორის იყვნენ ჩესლავ მილოში, ვისლავა შიმბორსკა და ვიტოლდ გომბროვიჩი. მაგრამ ამ მწერლებმა სრულწლოვანებას იქამდე მიაღწიეს, სანამ ნაცისტური და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიერ გამოწვეული მორალური კატასტროფა მთელ სამყაროს მოიცავდა. აი, ჰლასკო კი 1939 წელს, გერმანიის პოლონეთში შეჭრისას, მხოლოდ ხუთი წლისაა, ამავე წლის 13 სექტემბერს მამასაც კარგავს და მისი ბავშვობა აფეთქებების, ტანკების, სასიკვდილოდ განწირული და დაჭრილი ადამიანების ხმებით ივსება.
მწერლის ცხოვრების ტრაექტორია ადრეულ ბავშვობაში განცდილმა დანაკლისმა და ომის ქარცეცხლმა განსაზღვრა. ჰლასკო საკუთარ თავს ომის, შიმშილისა და ტერორის შვილს უწოდებდა, საკუთარი ტექსტების „ინტელექტუალურ სიღარიბესაც“ ამ მემკვიდრეობას მიაწერდა. „უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ და დავწერ ისტორიას, რომელიც სიკვდილით, კატასტროფით, თვითმკვლელობით ან პატიმრობით არ დასრულდება, ზოგ ადამიანს უნდა ძლიერი პიროვნების იარლიყი მომაწებოს, მაგრამ ისინი ძალიან ცდებიან“ – დაწერს მოგვიანებით მემუარებში.
„უწიგნური მძღოლი“
სანამ მწერალი გახდებოდა, იქამდე დიდი გზა გაიარა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ჰლასკოს დედა ვარშავის ელექტროსადგურის მართვის სამდივნოში მუშაობდა. ოკუპაციის პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მარეკმა სწავლა, თუმცა ყველა დოკუმენტი, რომლებიც მის განათლებაზე ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს, განადგურდა. ვარშავის აჯანყების დროს მარეკი დედასთან ერთად ქალაქში დარჩა, მოგვიანებით კი, ჩენსტოხოვაში, მეგობრის სახლში გადავიდნენ, ამის შემდეგ ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ჯერ ხორჟოვში, შემდეგ ბიალისტკოში, ბოლოს კი ვროცლავში ცხოვრობდნენ.
1946 წლის ზაფხულში ჰლასკო ვროცლავის სკაუტთა პირველ რაზმს Bolesław Chrobry-ის შეუერთდა, თუმცა ასაკით პატარა იყო და საბუთებში დაბადების წლად 1933 წელი მიუთითა. მისი მეამბოხე ბუნება ბავშვობიდანვე აშკარა იყო, სკაუტებიდან ცუდი დასწრების გამო მალევე გარიცხეს.
ჰლასკოს დეიდაშვილი, ანდჟეი ჩიჟევსკი, თავის წიგნში წერს, რომ მარეკს განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა:
„მარეკმა სწავლა ექვსი წლის ასაკში დაიწყო. კლასში ყველაზე პატარა მოსწავლე იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბავშვური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ვერ ახერხებდა ეჩვენებინა ის, რითაც დაწყებით სკოლაში ბიჭები სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ: ძალა, მოხერხებულობა და სიმწიფე. ამის კომპენსირებას ის სიმამაცით, თავხედობითა და აგრესიით ცდილობდა, ხშირად მასწავლებლების მიმართაც კი. მას ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა და ყოველთვის გარიყული იყო.“
დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლების მიღებას ვროცლავის ვაჭრობის პალატის ბიზნესისა და ადმინისტრირების საშუალო სკოლაში აგრძელებს, მოგვიანებით „მშრომელთა კავშირის ბავშვთა მეგობართა სკოლაში“ გადადის, ბოლოს კი ვარშავაში ტექნიკურ-დრამატულ საშუალო სკოლაში, საიდანაც „სკოლის წესების აშკარა უპატივცემულობის, სამართალდარღვევებისა და თანაკლასელებზე ცუდი გავლენის მოხდენის გამო“ მალევე რიცხავენ.
16 წლის ასაკში მარეკ ჰლასკო მართვის მოწმობას იღებს და ფურგონის მძღოლი ხდება, სადაც კვლავ პრობლემები ექმნება, მას შრომის სოციალისტური დისციპლინის დარღვევას ედავებიან და მუშაობას ჯერ ქალაქის სამშენებლო კავშირის ტექნიკურ ბაზაში, შემდეგ მეტროს მშენებელ კომპანია Metrobudowa-ში აგრძელებს.
1945 წელს ჩესტოხოვაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ, ჰლასკომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, მაშინ პირველად დაფიქრდა მწერლობაზე და წლების შემდეგ წიგნში – „ლამაზები, ოცი წლისანი“ – აღწერა წითელი არმიისა და НКВД-ის მიერ ჩადენილი ძალადობა და სისასტიკე.
თავად ლიტერატურული კარიერის დასაწყისად 1951 წელს მიიჩნევდა, როდესაც პირველი მოთხრობა „სოკოლოვსკის ბაზა“ (Baza Sokołowska) დაწერა (შემდგომში შევიდა მოთხრობების კრებულში „პირველი ნაბიჯი ღრუბლებში“ (Pierwszy krok w chmurach). ამბობენ, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ანატოლი რიბაკოვის რომანმა „მძღოლები“.
ჰლასკო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს: „ანატოლი რიბაკოვის ეს წიგნი პირველი სოცრეალისტური წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე და გაკვირვებისგან პირი დავაღე. ასე შტერულად წერა მეც ხომ შემიძლია-მეთქი, ვიფიქრე და საქმეს შევუდექი.“
მწერლობა ჰლასკოსთვის დამქანცველი, ერთფეროვანი საქმიანობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გახდა.
Metrobudowa-ში მუშაობის პერიოდში, ჰლასკო გაზეთ Trybuna Ludowa-ს (პოპულარული პოლონური ყოველდღიური გაზეთი) კორესპონდენტი გახდა, 1952 წლის ბოლოს გადაწყვიტა თავისი წიგნის ნაწყვეტები ბოჰდან ჩეშკოსთვის ეჩვენებინა, საპასუხო წერილში ჩეშკომ მისი ლიტერატურული მცდელობები გააკრიტიკა, თუმცა ახალგაზრდა ავტორის ნიჭი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია.
1952 წელს მარეკ ჰლასკომ, შტეფან ლოშის რჩევით, პოლონეთის ლიტერატურულ ასოციაციასთან და ახალგაზრდული წრის ხელმძღვანელთან, იგორ ნევერლისთან, დაიწყო თანამშრომლობა. მათ თავი ასე წარუდგინა: „უწიგნური მძღოლი, რომელიც სამუშაოს შემდეგ, თავისუფალ დროს თავისი ცხოვრების აღწერას ცდილობს.“
პოლონეთის ლიტერატურული ასოციაციისგან მიღებულმა სტიპენდიამ ჰლასკოს ცხოვრება არსებითად შეცვალა. საბოლოოდ მიატოვა მძღოლის სამუშაო და ვროცლავში გაემგზავრა, რათა მთელი დრო და ენერგია წერისთვის დაეთმო. მეგობრების რჩევით, ძველი ჩანახატები გადაამუშავა, მოთხრობად აქცია და თავისი პირველი რომანიც – „მარიმონტული სონატა“ (Sonata marymoncka) – დაწერა.
მალე პოლონურ ყოველდღიურ გაზეთ Sztandar Młodych-ში მისი მოთხრობა “სოკოლოვსკის ბაზა“ დაიბეჭდა და ჰლასკოს ლიტერატურული გზაც აქედან დაიწყო. ახალგაზრდა ავტორი სწრაფად შენიშნეს და ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მწერლად მიიჩნიეს. თუმცა ლიტერატურულ წრეებში მოხვედრამ მისი ცხოვრების მეორე, უფრო მძიმე მხარეც გამოაჩინა – ალკოჰოლი თანდათან უფრო დიდ ადგილს იკავებდა მის ყოველდღიურობაში.
ჰლასკო მხოლოდ ტექსტებით არ გამხდარა პოპულარული, ის ყურადღებას განსაკუთრებული მუშაობით, არაკონვენციური ქცევითა და ჩაცმის სტილითაც იპყრობდა. ახალგაზრდა თაობისთვის იგი თავისუფლებისა და ნონკონფორმიზმის სიმბოლოდ იქცა. მარეკს ხშირად უწოდებდნენ აღმოსავლეთ ევროპის ჯეიმს დინს და გარეგნულადაც ამსგავსებდნენ მას, თუმცა ერთი შეხედვით ძლიერი და თავდაჯერებული პიროვნების მიღმა, მგრძნობიარე და დეპრესიული ადამიანი იმალებოდა.
წერა მისთვის სულაც არ იყო მარტივი. თითოეულ გვერდს მრავალჯერ გადაწერდა, მუდმივად ასწორებდა და ცვლიდა. წერას უკიდურესად სერიოზულად ეკიდებოდა. მისთვის ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა, რაღაც შეეცვალა უფერულ ცხოვრებაში, უბრალო მუშის მძიმე ყოფას გაჰქცეოდა.
როგორც მწერალი, თვითნასწავლი იყო: დამოუკიდებელი, დაუღალავი და ძალიან ბევრს წერდა. თითქმის ყოველ წელს ახალ წიგნს აქვეყნებდა.
ჰლასკოს მოთხრობები და რომანები პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის პარტიული ხელისუფლებისა და სოციალისტური პრესის ყურადღების ქვეშაც მოექცა. მას ადანაშაულებდნენ არა მხოლოდ ლოთობისა და მორალური თავისუფლების პოპულარიზაციაში, არამედ ნიჰილიზმშიც და სამშობლოს ღალატშიც.
ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისი ინტერვიუები ფრანგულ გაზეთებთან – Le Figaro და L’Express, სადაც მან მკაფიოდ დაგმო კომუნიზმი და მას არაადამიანური სისტემა უწოდა.
„ჩემი აზრით, ის ინტელექტუალები, რომლებსაც აქ, დასავლეთში ვხვდები, აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ საკუთარი მორალური პოზიციიდან აფასებენ. მათ არ აქვთ ის მძიმე და დაუნდობელი ყოველდღიური გამოცდილება, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანების ბედს განსაზღვრავს. რომ ვუთხრა, მუშის უდიდესი ოცნება მხოლოდ ორი საათით დათრობა და საკუთარი თავის დავიწყებაა-მეთქი, ალბათ, არ დამიჯერებენ. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ტოტალიტარულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ტრაგედია საკუთარი თავისადმი მუდმივი გროტესკულობის განცდაა. ნელ-ნელა ქრება ოცნებები, სურვილები, და ბოლოს ჩნდება უძლურება, რომ შეეწინააღმდეგო იმ სისაძაგლეებს, რომლებსაც ყოველდღე ხედავ.“ (ინტერვიუ ჟურნალ L’Express-სთვის, 1958)
ემიგრაციაში
1958 წელს მარეკ ჰლასკო პარიზში მიემგზავრება, ქალაქში, რომელიც არაერთ მწერალს აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი ხელახლა აღმოეჩინა. სწორედ პარიზულ პრესაში დაიწერა, რომ ჰლასკო „აღმოსავლეთევროპელი ჯეიმს დინი“ იყო, მისი პარიზული ცხოვრება სავსე იყო ხმაურიანი საღამოებით, სკანდალებით, კონფლიქტებით ბარებსა და რესტორნებში. ჰლასკო ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ ცნობილი გახდა. მისი რომანი „სასაფლაოები“ (Cmentarze), რომელიც სახელმწიფო სოციალიზმს აკრიტიკებდა, გამოქვეყნდა პარიზში არსებულ პოლონურ ემიგრანტულ ჟურნალ კულტურაში, რომელსაც ეჟი გიდროიჩი ხელმძღვანელობდა.
მწერლის ამ აღიარებას თან ახლდა ისეთი განსაზღვრებაც, რომელიც თავად საერთოდ არ მოსწონდა, მას, ძირითადად, დისიდენტური ლიტერატურის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. ჰლასკოსთვის ეს შეზღუდვა იყო: მას სურდა, აღექვათ როგორც მწერალი და არა როგორც ავტორი, რომელიც რაღაცის წინააღმდეგ წერს. „ყოველი ისტორია ნამდვილი სიყვარულის შესახებ – ღმერთის შესახებ ისტორიაა,“ – უთხრა ერთხელ გამომცემელს. მაგრამ ყოველ ღმერთს თავისი ეშმაკიც ჰყავს.
მისი ინტერესები უფრო ეგზისტენციალური იყო, ვიდრე პოლიტიკური. დასავლეთში მასზე ისე ფიქრობდნენ, როგორც სამშობლოსგან უარყოფილ მეამბოხეზე ან მიზანდასახულ მწერალზე. მაგრამ ჰლასკოს ტექსტები სხვა სურათს გვიჩვენებს: მის სამყაროში ქალები მეძავები არიან, კაცები – ავანტიურისტები; უდანაშაულოები ყოველთვის მსხვერპლად იქცევიან, ხოლო სმა ერთადერთი გამოსავალია.
ჰლასკოს პირველი რომანი, „სასაფლაოები“, ტოტალიტარულ სისტემაში ცხოვრებას აღწერს და გვიჩვენებს დაუცველ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდის მსხვერპლნი ხდებიან. ამ პუბლიკაციამ პოლონეთის კომუნისტური ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია, „ხალხის ტრიბუნამ“ (Trybuna Ludu) – პოლონეთის კომუნისტური პარტიის ორგანომ – გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ერთი კვირის პრიმადონა?“ (Primadonna jednego tygodnia?), ეს გახდა პროპაგანდისტული სტატიების მთელი სერიის დასაწყისი მარეკ ჰლასკოს წინააღმდეგ. აშკარა იყო, რომ ჰლასკო კომუნისტური ხელისუფლებისთვის პერსონა ნონ გრატად იქცა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ჰლასკომ ვიზისა და პასპორტის განახლებაზე სამშობლოდან უარი მიიღო, რის გამოც დასავლეთ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
მიუხედავად მრავალი სირთულისა, მწერალი რამდენიმე თვეში აზრს იცვლის და კვლავ პოლონეთში დაბრუნებას ცდილობს, პასუხს დიდხანს ელოდა, საბოლოოდ მას უარს ეუბნებიან და 1959 წელს ისრაელში მიემგზავრება.
ჰლასკოს ცხოვრება ამ დროისთვის წინააღმდეგობებით იყო სავსე: პოლონეთის გარეშე არ შეეძლო, მაგრამ არც სამშობლოში დაბრუნების უფლება ჰქონდა. მარეკმა უცხო ენები არ იცოდა, რაც ემიგრაციაში ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. ცხოვრობდა პოლონელი ებრაელების დახმარებით, იმ ადამიანებისა, რომლებსაც სამშობლოდან იცნობდა. ამ პერიოდში სხვადასხვა მძიმე სამუშაოს ასრულებდა –მუშაობდა ქარხანაში, მიწის ამზომველად და ხანდახან ფიზიკურადაც შრომობდა.
ისრაელში გატარებულმა ერთმა წელმა ჰლასკოს ოთხი რომანის დაწერა შთააგონა, რომელთაგან ორი ინგლისურადაც ითარგმნა – „მეორე ძაღლის მოკვლა“ და „ყველასგან ზურგშექცეული“.
„მეორე ძაღლის მოკვლა“, რომელიც პირველად 1965 წელს გამოიცა, რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ ისტორიას გვიყვება ორ პოლონელ თაღლითზე. მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ერთი და იგივე სქემა – მდიდარი ამერიკელი ქვრივების მოტყუება. რობერტი, წარუმატებელი თეატრის რეჟისორი, სცენარებს წერს, ხოლო იაკობი – სიმპათიური და იმპულსური მოქმედების კაცი – ამ სცენარების დიალოგებს ასრულებს და ქალების გულებს იგებს.
რომანის ერთ ეპიზოდში იაკობი ერთ-ერთ მოტყუებულ ქალს თავის გეგმას უყვება და საკუთარ საქციელს ასე ხსნის:
„საკმარისია, დროა, გავჩერდე. არა იმიტომ, რომ უცებ უფრო მგრძნობიარე გავხდი ან გამოსწორება მინდა. ასეთი ცხოვრებით ათასი წელი ვიცხოვრებდი. უბრალოდ დღეს თავს კარგად ვერ ვგრძნობ.“
ჰლასკოს მიაჩნდა, რომ ბოროტებამ შეიძლება ერთი დღით უკან დაიხიოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს გული სწორად უცემთ.
ურჩი მწერლის მფარველი
მარეკ ჰლასკოს პარიზული ცხოვრება ეჟი გიდროიჩის დამსახურებაა, სწორედ გიდროიჩია ის ადამიანი, რომელმაც პოლონეთის ხელისუფლებისგან დევნილი მწერალი პარიზში წაიყვანა. გიდროიჩისა და ჰლასკოს ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსური აღმოჩნდა, თუმცა ის ერთადერთი რედაქტორი იყო, რომელმაც ზუსტად დაინახა ჰლასკო, როგორც მწერალი და ადამიანი, ამასთან, არასდროს ერეოდა და არედაქტირებდა მის ტექსტებს ავტორის თანხმობის გარეშე და ეს მაშინ, როდესაც მარეკ ჰლასკოს თითქმის ყველა სხვა რედაქტორთან უთანხმოება ჰქონდა.
1958 წელს, ეჟი გიდროიჩი თავის მეგობარს, მაია პრონძინსკას, ვრცელ წერილს უგზავნის ჰლასკოს შესახებ:
„საყვარელო, დაგვიანებით გპასუხობ შენს წერილზე, მაგრამ ბოლო დროს ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტი საქმე მაქვს. საქმე ეხება ჰლასკოს ამბავს, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ჰლასკოსთან გასული ზაფხულიდან საკმაოდ აქტიური მიმოწერა მაქვს. მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, რადგან მას სერიოზულად დაესხნენ თავს. PIW-ში წიგნი ჩამოართვეს, კინოსცენარები შეუცვალეს (პესიმიზმის გამო), ისე რომ „მარყუჟის“ გარდა თავისი სახელი ყველგან მოხსნა. უკვე მინიჭებული საფრანგეთის სტიპენდიაც გაუუქმეს და ბოლოს ჯარშიც გაიწვიეს. რადგან უმაღლესი განათლება არ აქვს და ავტოსარემონტო მექანიკოსია, იგი სამხედრო-საზღვაო ფლოტში გაიწვიეს, სადაც სამსახური სამწელიწად-ნახევარს გრძელდება. საბედნიეროდ, ეიფორიის დროს დაავიწყდათ პასპორტის ჩამორთმევა. მოახერხეს მისთვის ფრანგული ვიზის აღება, გაუგზავნეს ავიაბილეთი, რომელიც სხვა სახელზე იყო ნაყიდი, და ჰლასკო ლაფიტში აღმოჩნდა, სადაც უკვე ერთი თვეა იმყოფება. მე მისი წიგნი გამოვეცი, რომელმაც „კულტურის“ ქვეყნის შიდა პრემია მიიღო და ახლა მის ირგვლივ უზარმაზარი აჟიოტაჟია.
უკვე დადებულია კონტრაქტები ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ამერიკულ გამოცემებზე. ევროპული უმსხვილესი პერიოდული გამოცემები აპირებენ მისი მოთხრობების გამოქვეყნებას და ა.შ. იგი სრულიად არ შეესაბამება თავის ლეგენდას. სინამდვილეში ის ერთი საბრალო ბიჭია, რომელსაც არასოდეს ჰქონია არც სახლი და არც ოჯახური გარემო. ველური და უნდობელია. საფრანგეთი არ მოსწონს. სავარაუდოდ, ჩვენთან დარჩება შემოდგომამდე. შემოდგომაზე მას ამერიკაში გავგზავნი, სულ მცირე, რამდენიმე თვით. ამერიკა ხიბლავს. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს მასზე. ყველაზე სახალისო ვარშავის რეაქციაა. ჩემთვის მთავარი არ ყოფილა, რომ მარეკს თავისუფლება აერჩია. მე ამას მივიჩნევდი და ახლაც მივიჩნევ, როგორც ბრძოლას ცენზურის წინააღმდეგ – იმის ჩვენებას ვარშავისთვის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მარეკი საელჩოსა და საკონსულოში გავაგზავნე, სადაც მან უბრალოდ მოითხოვა პასპორტის ვადის გაგრძელება და მისი მოქმედების გაფართოება ორივე ამერიკაზე (გზაში მინდა ბობკოვსკისთან გავუშვა, რომელიც ტიპაჟით მას ძალიან ჰგავს). ყველაფერი უსიტყვოდ მოაგვარეს – „გადაყლაპეს“ მისი დეზერტირობაც, წიგნიც (რომელიც თავად მიუტანა) და მისი „კულტურაში“ ცხოვრება. დამეთანხმები, სიტუაცია სასაცილოა. ამასობაში, ეს ყველაფერი უზარმაზარ დროს მართმევს, რადგან საჭიროა მასზე ზრუნვა და მისი „აღზრდა“…
ჰლასკო ერთადერთი პოლონელი მწერალი არ ყოფილა, ვინც გიდროიჩმა შეიფარა, თუმცა ერთადერთი იყო, ვის მიმართაც რედაქტორს განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა, ხანდახან კი ჩვენი მოლოდინები არ მართლდება. ჰლასკო, ფაქტობრივად, „ბოროტად“ იყენებს გიდროიჩის სიკეთეს და ყველაფერს აკეთებს, გარდა მუშაობისა – სვამს არაყს, უმეტესად რუსულ ბარებში, ფლანგავს გამომცემლობისგან მიღებულ ფულს, აძლევს ინტერვიუს სკანდალებსა და სენსაციებზე მონადირე ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებს და ამ ყველაფრის შემდეგ, მალევე, პოლონელი დიმიტრი კარამაზოვი აღიარებს: „პარიზში ჩასვლის შემდეგ, სრული იდიოტივით ვიქცეოდი“.
სიყვარული და მარტოობის გადაჭარბებული დოზა
„მარეკმა მთხოვა მოვსულიყავი და მეთქვა, რომ უყვარხართ.“
ასე დაიწყო მარეკ ჰლასკოსა და სონია ციმანის ისტორია. 1956 წელს ვროცლავში, ფილმის – „კვირის მერვე დღე“ – გადასაღებ მოედანზე, მოულოდნელად გამოჩნდა ახალგაზრდა პოლონელი მწერალი მარეკ ჰლასკო. გერმანელი მსახიობი სონია ციმანი ამ მოულოდნელმა სტუმრობამ გააკვირვა. ჰლასკომ გერმანული არ იცოდა და შუამავალი მოძებნა, რომელმაც მისი სიტყვები მსახიობს გადასცა.
ომის შემდეგ პოლონეთის დასავლეთში მდებარე დიდი ინდუსტრიული ქალაქი ვროცლავი ავანგარდული კინოს ცენტრად იქცა. რეჟისორ ალექსანდერ ფორდს ეკრანზე გადაჰქონდა ჰლასკოს ნოველა ომისშემდგომი მუშათა კლასის ცხოვრებაზე, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.
მაგრამ ქვეყანა კომუნისტური იყო და მკაცრი ოფიციალური იდეოლოგიის ფარგლებში ცხოვრობდა. ხელისუფლებას ფილმის განწყობა არ მოსწონდა. ფორდს მოსთხოვეს შეემსუბუქებინა ის უიმედობა, რომელიც „კვირის მერვე დღეში“ ახალგაზრდა შეყვარებულებს ბედნიერების შესაძლებლობას ართმევდა. დანგრეული სახლები და მთვრალი ადამიანებით სავსე ქუჩები კომუნისტური ოცნების ნაწილად ვერ ჩაითვლებოდა.
ციმანის აგენტსაც, საეჭვო რეპუტაციის კაცს, რომელსაც მსახიობის მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდა, ჰლასკო საერთოდ არ მოსწონდა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, ავტორი გადასაღები მოედნიდან მოეშორებინა.
მაგრამ ჰლასკოს გადაწყვეტილება, სონია ციმანის სიყვარული მოეპოვებინა, ურყევი იყო, ასე რომ, იდეოლოგიური დაპირისპირება მალე პირად ბრძოლად გადაიქცა.
1961 წლის თებერვლის დასაწყისში ჰლასკო ლონდონში ჩავიდა, სადაც სონია ციმანი ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა. სწორედ იქ, 1961 წლის 20 თებერვალს, მათ ოფიციალურად იქორწინეს. ისინი დასავლეთ ბერლინში, სონიას მშობლების სახლში ცხოვრობდნენ, სადაც მწერალს საკუთარი სამუშაო სივრცეც ჰქონდა, თუმცა ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება ხშირად რეალობისგან მოწყვეტის მიზეზი ხდებოდა.
ამ პერიოდში ჰლასკო პარიზში მიდის გადაღებებზე და თავისი რეჟისორის ცოლთან რომანს იწყებს, რაც საბოლოოდ ანგრევს სონია ციმანთან მის ქორწინებას.
ჰლასკოსთვის მარტივი არ ყოფილა გერმანიაში ცხოვრება, ის არაერთ წერილს უგზავნის დედას, სადაც გერმანულ ყოველდღიურობას აღწერს:
„მე გერმანიაში ან იმ ქვეყნებში, სადაც გერმანულად ლაპარაკობენ, ცხოვრება და ყოფნა არ შემიძლია და არც მინდა. […] გერმანია და ყველაფერი, რაც გერმანულია, იყო, არის და დარჩება ჩემთვის ყველაფრის სიმბოლოდ, რაც არაჰუმანურია, არაკეთილსინდისიერია, ბინძური და საშინელია. როდესაც ამას ვწერ, მახსენდება, როგორ გადავდიოდით ერთხელ აჯანყების დროს ბარიკადზე, და შენ დამეფარე, ჩემზე დაწექი, რომ ტყვიებისგან დაგეცავი, და თქვი, ცეცხლმოდებულ ქალაქს რომ უყურებდი: „ნახე, შვილო, ეს არის გერმანული კულტურა“.
თუმცა სონია ციმანთან მისი ურთიერთობის დასრულების მიზეზი არც გერმანიაში ცხოვრება იყო და არც პარიზში გაბმული რომანი, ჰლასკოს ერთადერთი ქალი უყვარდა, ესთერ შტაინბახი, რომელიც ისრაელში გაიცნო.
1966 წელს, მარეკ ჰლასკო ჰოლივუდში, რომან პოლანსკის შუამავლობით, კინოპროდიუსერთან შესახვედრად მიემგზავრება. დაახლოებით ათი წლით ადრე, მწერალმა პოლანსკის ვარშავის ციხიდან გათავისუფლება მოახერხა, შესაბამისად, ჰოლივუდში სამსახურის შეთავაზება რომან პოლანსკისგან სიკეთის უკან დაბრუნება იყო.
პოლანსკი იმედოვნებდა, რომ ჰლასკო იმ მითური სამეულის ნაწილი გახდებდა, რომლებმაც ჰოლივუდში დიდ წარმატებას მიაღწიეს. მან თანამშრომლობა დაიწყო კომპოზიტორ კრიშტოფ კომედასთან, რომელმაც პოლანსკის ფილმებისთვის მუსიკა დაწერა.
მაგრამ ჰლასკოს არ შეეძლო – უფრო სწორად, არ სურდა – შეკვეთით წერა. პოლანსკი იძულებული გახდა მასთან თანამშრომლობა შეეწყვიტა, ხოლო ჰლასკოს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება, რომელიც მანამდეც პრობლემას წარმოადგენდა, სრულიად უკონტროლო გახდა.
1969 წლის გაზაფხულზე ჰლასკო გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში მიემგზავრება, სადაც 14 ივნისს გარდაიცვალა, მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მან ალკოჰოლთან ერთად საძილე აბების ზედმეტი დოზა მიიღო, ადამიანები კი, რომლებიც მწერალს კარგად იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მარეკ ჰლასკო თავს არასდროს მოიკლავდა.
ნეკროლოგში, რომელიც The New York Times-ში გამოქვეყნდა, ჰლასკოს სიტყვებია მოყვანილი: „ჯოჯოხეთი ის არის, როცა არაფერი ხდება და ვერც ვერავის დაარტყამ.“
თუმცა მის ტექსტებში ყველაფერი პირიქითაა – ადამიანები ნამდვილად ურტყამენ ერთმანეთს და უბედურებაც მუდმივად თან სდევთ. როგორც იერჟი კოსინსკი წერდა: „მარეკ ჰლასკო ცხოვრობდა იმით, რასაც წერდა, და მარტოობის გადაჭარბებული დოზითა და სიყვარულის ნაკლებობით გარდაიცვალა.“
რითაც ჰლასკო ცხოვრობდა
დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებს“ ეპიგრაფად ერთვის ნაწყვეტი იოანეს სახარებიდან, „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს“, ჰლასკოს ტექსტებთან და პერსონაჟებთან მიმართებით ეს ეპიგრაფი შუაში წყდება, აქ ადამიანები კვდებიან თუ არ კვდებიან, ცალად რჩებიან, ჰლასკო უკიდურესი პესიმისტია, მის სამყაროში არ არსებობს „ლამაზი მარცხი“, არავინ იჩენს გულმოწყალებას, არ არის ადგილი შეყვარებულებისთვის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ერთი, თუნდაც უკიდურესად ბნელი კუნჭული სიყვარულისთვის.
ჰლასკო მოთხრობებით – „ღვთისმშობლის თვე“ და „ჯვარი“ – გავიცანი და პირველად დავფიქრდი, რამდენად სასტიკი და აბსურდული შეიძლება იყოს რეალობა ლიტერატურულ ტექსტში თუ მის მიღმა. ჰლასკოს ტექსტებში ისტორიული კონტექსტი გადამწყვეტია, სწორედ ეს ისტორიული ფონია პერსონაჟების ქმედებებისა თუ ფიქრების მიმართულების განმსაზღვრელი.
ომი ბავშვებს აიძულებს „ითამაშონ“ ზრდასრულთა როლები, ამიტომ „ღვთისმშობლის თვე“ სიმბოლური ფრაზით იწყება: „ოთხნი იყვნენ და ოთხივე ერთად ოთხმოცი წლისაც არ იქნებოდა.“ პერსონაჟთა უმწიფრობა შემდგომი ტრაგედიის პირველსაწყისი ხდება, „კაცები რომ არ ხართ, იმიტომ არაფერი გესმით.“
ჰლასკოს დეტალების აღწერა ახასიათებს, ასეთ დესკრიფციულ ელემენტებად გვევლინება იასამნის ტოტი და ღვთისმშობლის თაბაშირის ფიგურა. იასამანი, როგორც გაზაფხულისა და სიწმინდის სიმბოლო, ახალგაზრდობასა და უდანაშაულობასთან ასოცირდება. შესაბამისად, ბიჭი, რომელსაც ხელში დამტვერილი იასამნის ტოტი უჭირავს, თავდაპირველად გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს იმ ძალადობისგან, რომლის მონაწილეც შემდგომ ხდება.
ამ სიმბოლურ ხაზს მიჰყვება ტექსტში არსებული რელიგიური მოტივები და სივრცობრივი პარალელიზმი, რომელიც თხრობის ერთ-ერთ ცენტრალურ კომპოზიციურ პრინციპად გვევლინება: ქვემოთ, ეზოში, ლიტანიობაზე შეკრებილი ადამიანები ღვთისმშობელს ევედრებიან, მაშინ როცა ზემოთ, ბინაში, სასტიკ ძალადობას ვხედავთ. ღვთისმშობლის თაბაშირის ქანდაკება, გაშავებული შარავანდედით, რწმენის ფორმალიზაციის სახე ხდება.
მსხვერპლის დედის რწმენა „სამართალთან“ დაკავშირებით, თანდათან ქრება იმ მოვლენების ფონზე, რომელთა უშუალო მოწმეც თავადაა. მისი თვითმკვლელობა არა მხოლოდ სასოწარკვეთილების უკიდურესი ფორმა, არამედ ეგზისტენციალური აქტიცაა, რომელიც იმ სამყაროს უარყოფაში გამოიხატება, სადაც არც ღვთიური სამართალი მოქმედებს და არც ადამიანური თანაგრძნობა.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მოთხრობის ბოლოს, წითური ბიჭი გოგოს ღვთისმშობელთან აიგივებს, მის ცნობიერებაში ერთმანეთთან შეუთავსებელი საწყისები ერთიანდება – სიწმინდე და ძალადობა, რწმენა და ცოდვა.
ამ მოთხრობაში ჰლასკო მკაცრი სიზუსტით წარმოაჩენს ომის პირობებში ზნეობრივი საზღვრების დაშლის პროცესს. ომში ადამიანი კარგავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და კოლექტიური იდეოლოგიისა და შიშის ზეწოლის ქვეშ ექცევა, რის შედეგადაც სიყვარულიც კი დანაშაულად იქცევა, ხოლო რწმენა – ფორმალურ რიტუალად. სწორედ ამ წინააღმდეგობათა ფონზე იძენს ტექსტი ეთიკურ დატვირთვას: ის ამხელს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ძალადობა ნორმად იქცევა, ადამიანი კი საკუთარი თავის უარმყოფელ არსებად.
სიბრმავე, რომელიც პროპაგანდის, კომუნისტური იდეოლოგიისა თუ რელიგიური ფანატიზმის ნაყოფია, ჰლასკოს მეორე მოთხრობაშიც – „ჯვარი“– ჩნდება.
ამ ტექსტში თავდაპირველად თითქოს ყველაფერი გარკვეულია: პატიმარი დამნაშავეა, რომელსაც სასჯელი ელის, ზედამხედველი – კანონის წარმომადგენელი, მშობლები – ციხის სტუმრები.
მაგრამ თხრობის განვითარებასთან ერთად ეს სქემა ნელ-ნელა იშლება. პატიმარი, მიუხედავად მისი ფიზიკური სიძლიერისა, დაუცველი, ტკივილით გატანჯული ადამიანია, მისი ფიგურა თანდათან კარგავს „დამნაშავის“ იარლიყს და მსხვერპლის ნიშნებს იძენს.
ჰლასკო მკითხველის მოლოდინების გამართლებისთვის არ წერს, ის სასტიკი და პირდაპირია და გვიყვება მამაზე, რომლისთვისაც გადამწყვეტი არა შვილის სიცოცხლე, არამედ სოციალური წესრიგი, ღირსება და მატერიალური ქონებაა.
ომისა და რეპრესიული სისტემის პირობებში ადამიანური დანაკარგი მატერიალურ მოთხოვნებთან შედარებით უფასურდება. სიკვდილიც კი, რომელიც ინდივიდისთვის აბსოლუტური ტრაგედიაა, კოლექტიური და მატერიალური ინტერესების წინაშე მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობის მატარებელია.
და რაზე შეიძლება საუბრობდეს სიკვდილმისჯილი ადამიანი?
ალბათ, გადამწვარ ნათურებსა და ცხენებზე არა, მაგრამ სწორედ ეს აბსურდია ტრაგიკულობის უმაღლესი გამოვლინება.
მორჩილი შვილი, რომელიც ყოველთვის მშობლის ნებას დაჰყვებოდა ხოლმე, სიკვდილის წინ პირველად ამჟღავნებს წინააღმდეგობას და ჯვრის წინ არ იჩოქებს.
პატიმრის მშობლები ღმერთის სახელით მოქმედებენ.
ჰლასკოსთან ღმერთია უსამართლობის შემოქმედი.
მაშ, ვინ უჩოქებს უსამართლობას?
© არილი