პოეზია (თარგმანი)

კრისტინა დომბროვსკა, იაცეკ დენელი, დარიუშ სოსნიცკი – თანამედროვე პოლონური პოეზია ქართველი პოეტების თარგმანებში

მთარგმნელები: რატი ამაღლობელი, ნინი ელიაშვილი, ლელა სამნიაშვილი

გასული წლის 8-11 აპრილს თბილისში ჩემი ინიციატივით გაიმართა მთარგმნელობითი ვორქშოპი და სემინარი, რომლის ფარგლებშიც ცნობილმა პოლონელმა და ქართველმა პოეტებმა, ჩემი და ჩემი კოლეგის – კატია ვოლტერსის პწკარედების მიხედვით, თარგმნეს ერთმანეთის ლექსები. ეს პროექტი იყო პოლონელ და ქართველ შემოქმედთა შორის ასეთი თანამშრომლობის პირველი შესაძლებლობა და მოიაზრებოდა, როგორც იმავე წლის აპრილში გამართული თბილისის წიგნის ბაზრობის თანმხლები ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღეს პოლონური პოეზიის წამყვანმა ხმებმა: კრისტინა დომბროვსკამ, იაცეკ დენელმა და დარიუშ სოსნიცკიმ – და ქართველმა პოეტებმა: რატი ამაღლობელმა, ლელა სამნიაშვილმა და ნინი ელიაშვილმა, რომელთა შემოქმედებასაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. როგორც ქართველი, ისე პოლონელი მონაწილეები მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული ავტორები არიან. შერჩეული ლექსების თემატიკა კი ეხება ომს, პიროვნული სივრცის დარღვევასა და რეპრესიული სისტემის მიმართ წინააღმდეგობის ფორმებს.

პროექტის პარტნიორები იყვნენ ადამ მიცკევიჩის პოლონური ინსტიტუტი, პენ-ჯორჯია, რომელმაც ავტორებისა და მთარგმნელების სამდღიან სამუშაო შეხვედრას საკუთარი ოფისი დაუთმო, და აგრეთვე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, რომელმაც უმასპინძლა პროექტის საჯარო პრეზენტაციას, სადაც ქართველმა და პოლონელმა პოეტებმა ღონისძიების დამსწრეებს თავიანთი ლექსები და თარგმანები წაუკითხეს.

არანაკლები სიამოვნებითა და სიამაყით წარვუდგენ ამ პროექტის ფარგლებში თარგმნილი ლექსების ნაწილს ჟურნალ „არილის“ პოლონური ლიტერატურისადმი მიძღვნილი ნომრის მკითხველსაც.

მაგდალენა ნოვაკოვსკა

კრისტინა დომბროვსკა

ტელეფონი

როცა აქ ვარ, ამ ქვეყანაში, ჩემი მთარგმნელი

თავისი გარდაცვლილი ქმრის ტელეფონს მაძლევს.

დაფას – შავსა და გლუვს, როგორც მინიატიურული

საფლავის ქვას არა აქვს დაბადებისა და გარდაცვალების

თარიღები, მაგრამ კაბელის ჭიპლარით

ენერგიის წყაროსთან მიერთებული

ცოცხლდება და გარდაცვლილისთვის განკუთვნილ

შეტყობინებებს აჩვენებს.

ჯიმ, შენმა ნაცნობმა დაგიკომენტარა.

ჯიმ, განაახლე…

და ტელეფონიც მარტოოდენ სახელით კი არ მიმართავს

გარდაცვლილს.

როცა მთარგმნელმა კითხვა დამისვა ლექსში

რომელიღაც სიტყვის შესახებ – ზარს პირველმა მან უპასუხა.

ენა მუცელში ჩამივარდა, მოგვიანებით დავრეკავო –

მითხრა მთარგმნელმა.

გავიდა მთელი წელიწადი, ის კი თითქოს ისევ აქ არის.

თითქოს ეკრანზე თითის გასმა ისევ შეეძლოს.

სი-ენ-ენის ანონსი, გაზის ფასები, ემიგრაცია,

ამინდის პროგნოზი, ქარბუქი, გადასახადები.

მის კონტაქტებსა და ანგარიშებში ჩემსას ვამატებ.

ვიღებ ფოტოებს და მის ალბომში ვპოულობ,

მორიდებული სტუმრებივით განზე რომ დგანან თავიდან,

მერე კი მრავლდებიან, მეტ ადგილს იკავებენ,

და უცებ გიკვირს, როცა მათ შორის აჩრდილივით

პატრონის სელფი ამოანათებს.

პოეტი იყო ჯიმი და ახლა მისი ტელეფონი

სხვა მხარეებში დამატარებს, სადაც ის ჩემი ერთადერთი რუკაა

და სადაცაა ლექსად იქცევა.

მასში თანდათან მატულობს ჩემი, ამიტომ ვწელავ კულმინაციას,

ტრანსატლანტიკური ფრენით მიმაქვს იქ, სადაც არ არის ნამყოფი,

კიდევ რამდენიმე პწკარი, და კიდევ იყოს ერთი,

სანამ მას ჩემს მთარგმნელს დავუბრუნებ.

თარგმნა რატი ამაღლობელმა

ცხოველთა სახლი

1.

ყოველდღე ვსტუმრობდი ბრმა ცხენს

და მის მეგზურ პატარა ჩოჩორს.

ისინი ერთად ძოვდნენ მინდვრად. სახედარი

ერთიბეწო იყო, ცხენის ფერდქვეშაც კი დაეტეოდა.

საითაც ცხენი წავიდოდა, მიჰყვებოდა ისიც ბაკუნით,

არ შორდებოდა, ზედ ეკვროდა ძვალი და ტყავი, აჩრდილივით გაფითრებული.

ღობის გადასწვრივ ვაშლის ნაჭრებს ვუნაწილებდი

და ვიხსენებდი ორ მოხალისეს დაბომბილი ქალაქიდან,

ქვემეხების ტყვიით დაცხრილულს,

ზუსტად იმ დროს, ზოოპარკში რომ კვებავდნენ მშიერ ცხოველებს.

მათზე ვფიქრობდი, როცა სახედარს გაწეწილი ბეწვიდან ფრთხილად ვაცლიდი ნახერხს

და ჩემი ხელი ცხენის კისერზე დასრიალებდა, ის კი თავს ურჩად ატრიალებდა.

როგორც მიამბეს იქაურებმა – ცხენიცა და სახედარიც შეიფარა ვეტერინარმა

ქალმა, რომელმაც თავისი ფერმა

ხანდაზმული ცხოველების თავშესაფრად გადააქცია.

მე მას არასდროს შევხვედრივარ, ის ორი კი – თითქოს მელოდა:

სახედარი ჩემს დანახვაზე უმალ ღობეს მოაწყდებოდა,

მალევე ცხენიც გამორბოდა, შეუცდომლად ერთ ნაბიჯში ჩერდებოდა ღობის გადასწვრივ

და მიყურებდა თვალების ნაცვლად დარჩენილი ორი დიდი ნაიარევით

და მას შემდეგ მომჩერებია.

2.

ასე ვსტუმრობდი მათ ყოველ დღე. და არა მხოლოდ მე –

ყველანი მათ სანახავად მივიჩქაროდით – ჩვენ, მწერლები, მეზობელი აგარაკიდან.

მახსენდება სიტყვაძუნწი რ. და მისი უცაბედი ამოძახილი: „მამაჩემი უსინათლოა“.

გვიამბო, რომ მამამისს არ მიუჩინეს მეგზური ძაღლი,

რადგან ჩათვალეს, არც ისე ხშირად იყო უმწეო,

მაგალითად, კინოშიც კი არ დადიოდა იმ სიხშირით, რომ მეგზური დასჭირვებოდა.

არადა, ზოგჯერ ხომ შეიძლება, მოსურვებოდა.

გვიამბო, როგორ უამბო მამას ბრმა ბედაურზე,

მეგზურად რომ სახედარი ჰყავს.

ის ბრმა ცხენი – მამამ დაასკვნა, – კინომანი უნდა იყოსო.

ბრმა ბედაური – გვერდში სახედრით – ბალახობდნენ გაშლილ მინდორზე –

მეურნეობის, ტყეების და უკაცრიელი გზების გადასწვრივ,

ბოლოს და ბოლოს თავისუფლები სხვათა და სხვათა მსახურებისგან,

დონ კიხოტეს და სანჩო პანსას საჯდომებისგან,

ზურგებიდან იფერთხავდნენ ყველა მონათხრობს

და თუ ხანდახან მოხვდებოდნენ ჩვენს საუბარში,

როცა სიტყვების თუ მდუმარების ძიებაში მივაკითხავდით,

თვითონ იყვნენ ყველა ამბავი.

თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

პლასტირები

ალყაშემორტყმულ ქალაქში

ადამიანი საჭმელს დაეძებს.

გზააბნეული დაბორიალებს ქალაქში, როგორც ცარიელ სკაში.

დაბომბილ მარკეტთან მიდის,

რომლის თაროებიც სავსეა

ნანგრევებით.

არც ერთი კონსერვი,

ფქვილი – ბათქაში და ფერფლი.

მაგრამ რკინისა და შუშის ნამსხვრევებს შორის –

ქალის გლუვი ფეხები,

სადეპილაციო პლასტირების ყუთებზე.

ყუთს ხევს,

თაფლის ზოლებს ლოკავს

და თვალებს ხუჭავს.

ფუტკრების ბზუილი ჩაესმის.

მიწაზე ჯდება.

ავსებს ზურგჩანთას.

ოჯახისთვის.

მეზობლებისთვის.

უბნისთვის.

თარგმნა ნინი ელიაშვილმა

პერანგი

საავადმყოფოს პერანგი,

სათადარიგო, ანონიმური,

პაციენტიდან პაციენტზე გადამავალი.

პერანგი, რომელიც ძლივს მალავს სიშიშვლეს,

პერანგი, რომელსაც ექიმების წინ მაღლა იკეცავ,

უხერხულ სკამზე მომლოდინე

მასში კანკალებ,

სანამ ორიოდ წუთში – საოპერაციოდ შეგიყვანენ.

პერანგი, დინდგელის ფერის ლაქებით,

სადაც სხეული ეხებოდა.

ოპერაციის დროს სადეზინფექციო ხსნარით დასვრილი,

როგორც მეომარი ქალის კანი ჟღალი საღებავით

ან მაყვალში ჩადებული ქათამი.

პალატის მეზობლის სისხლიანი პერანგი

და მეზობელი, რომელსაც ამის რცხვენია,

აქ, „სუდნოებისა“ და კათეტერების სამყაროში.

პერანგი ღამის.

დღის.

მოტივტივე ზედაპირზე, როცა ნარკოზის სიღრმე გითრევს,

პერანგი – მუნჯი, ფერმკრთალი მოწმე

ქირურგიული იარაღების.

შენამდე ეხება შენს ჭრილობებს,

ნაკერებს, სახვევებს,

და შენამდეც ეგუება.

მხოლოდ ნიშანს ელოდები,

რომ შეგიძლია გაიხადო.

შენი ტანსაცმელი ჩაიცვა.

თითქოს ის ამასობაში,

შენთვის ყველაზე ნაცნობ ნივთად არ გადაიქცა,

მაშინაც კი,

როდესაც იხდი

და ჭუჭყიანი თეთრეულის ყუთში ათავსებ.

თარგმნა ნინი ელიაშვილმა

იაცეკ დენელი

ლექსი, რომლის დასაწერად ერთხელაც შეიძლება გვიანი იყოს

მათ, ვინც ცალ-ცალკე წაიყვანეს

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით, თუმცა ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავი

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით, მე კი თითქმის არაფრის თქმა შემეძლო,

ასე ხდება, ხან პირს მიწით ამოგივსებენ ხან კი წამების შემდეგ ლუღლუღებ,

მაინც მოვახერხე მეთქვა, რომ ვიცოდი, დასახვრეტად მივყავდით,

არადა რა ცხოვრება იყო, ერთად გატარებული ამდენი წელი!

დახვრეტა კი სულ ერთ წამში და კვლავაც, ვიცი, მრავალი წელი

ჩვენს უსახელო საფლავებში ერთად ვიქნებით.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით უსწორმასწორო გზებით

და მე ფურგონის ხმელ სკამზე ვიწექი, მაგრამ ვიცოდი, რომ ესეც მესიზმრება

სინამდვილეში კი ჩვენს ლოგინში ვიწექით. ვითოშებით და ვთბებით.

შენი ნაწამები სხეული ჩემსას მოკრული თანაბრადმსუნთქავი სხეულია.

მას ახლა ცუდი არაფერი ემუქრება.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით,

აღარაფერი მომეთხოვებოდა, გარდა შენი გაცინებისა და გაყუჩების.

სულ უნდა მახსოვდეს დრო, რომელმაც გააქრო ზღვარი,

და ჩვენი საბანი გახდა საერთო.

გახსოვს ის, ვინც ჩვენს ალერსს დელფინების ცეკვა დაარქვა

და ასპერგერისთვის დამახასიათებელი სიზუსტით

ნაჭამი ბლის კურკებს ტერასის მოაჯირზე ალაგებდა.

ვიცოდი, რომ სანუგეშებელიც ბევრი გვექნებოდა, დასახვრეტად თუ წაგვიყვანდნენ.

ფურგონის მაგარ ძელსკამზე, გზად, სადაც ყველგან თხრილებია,

პატარა ტყეები, მიტოვებული პოლიგონები, სამხედრო ტერიტორიები,

სადაც წლების შემდეგ, დგამენ კონკურსში გამარჯვებულ მინიმალისტურ შენობას,

რომლის კედლებიდანაც სევდიანად იყურებიან რჩეულ მსხვერპლთა შავ-თეთრი სურათები.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად ჩვენთან ერთად სხვებიც მიჰყავდათ,

სხვა ადამიანებიც,  რომლებიც ჩვენთან ერთად არ წვანან,

ეს მხოლოდ მათი სხეულებია წყვდიადში,

მესმოდა მათი ხმები, როცა ლაპარაკის უფლება გვქონდა

ან მხოლოდ ხმის ქონის სურვილი, როცა ლაპარაკს გვიკრძალავდნენ.

ისინი იყვნენ წყვდიადის ნაცრისფერი ლაქები. არავინ იყო მნიშვნელოვანი.

და ამაში ახალი არაფერია, რადგან ესეც იყო და ისიც, ასეც ხდებოდა და ისეც,

მაგრამ შენზე მნიშვნელოვანი იქ არავინ ყოფილა.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით,  რომ ამას თავიდან ვერაფრით ავირიდებდით,

რადგან როდესაც დასახვრეტად მიჰყავხარ, ყველაფერი შემთხვევის ამბავია,

ბოლო-ბოლო ხომ (თითქმის) არავის სურს სიკვდილი

ანდაც ხომ (საერთოდ) არავის სურს რომ დახვრიტონ,

კონდახის რტყმით მანქანის ძარაზე შეაგდონ ან ფილაქანზე ახოხიალონ,

ბოლოს ეზოში დაგდებული თვალს რომ გაახელს,

მეორე სართულის ფანჯარაში მზარეულის გულგრილი სახე დაინახოს.

ჩვენმა ბიჭებმა ხომ უნდა ჭამონ.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად როცა წაგვიყვანდნენ, იმაზე ფიქრის დრო არ გვექნებოდა,

რომ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავით, სხვა არჩევანი გაგვეკეთებინა,

ან რომელ ქუჩაზე უნდა შეგვეხვია, რომელ პარტიაში გავწევრიანებულიყავით,

რომელი ჩანაწერები გაგვენადგურებინა, ვისთან გაგვეწყვიტა სასწრაფოდ ურთიერთობა,

ან ვინ დაგვებეზღებინა შესაბამის ორგანოებში, ტრიუმფალურ მარშს რომ უკრავენ,

რომლებიც ფოლადის საცრებია, სხვადასხვა ზომის ბასრი თვლებით,

მასში ან გაძვრები (მარტო ან წყვილად), ან ჩარჩები (მარტო ან წყვილად) –

და რასაც არ უნდა ნიშნავდეს გაძრომა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ჩარჩენა,

ვიცოდი, რომ მერჩივნა შენთან ერთად, ვიდრე მარტოს.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით, იმ ჰოს და არას გამო, რომელიც დიდი ხნის წინ ამოვირჩიეთ –

და ამ არჩევანის გარეშე,

არ გვექნებოდა ერთადყოფნის ის წლები. თბილ ლოგინში ერთად წოლის წლები,

რომლებსაც ჩემი მძინარე სხეულით ვგრძნობდი, როცა სიცივე მესიზმრებოდა.

არ ჯობს, რომ მოკვდე ფეხზე მდგარი, არ ჯობს, რომ იცხოვრო დაჩოქილმა,

ჯობს იწვე დილის ექვსის ნახევარზე,

გრძნობდე შენს სუნთქვას მარცხენა ლავიწის ძვალზე, ბეჭებზე,

კეფაზე მისი კანის სუნს გრძნობდე,

თვალებს ახელდე და ნივთებს ხედავდე მათთვის მიჩენილ ადგილებზე,

წიგნების ყუებს, რომლებიც უკვე ზეპირად იცი,

ფოთლებს შორის გამოცრილ ავტოსადგომის ფარნების შუქს

ფანჯრის ტიხრებზე, სურათებზე, თეთრეულზე;

ვითომ მათ ყველას არ აინტერესებდა, ვინ რას შვრებოდა ლოგინში,

არ აინტერესებდათ ლოგინის ამბები, არ აინტერესებდათ ვისი ვისაში იყო,

მაგრამ იძულებულები ვიყავით გვეთქვა ხან ჰო და ხანაც არა,

რომელთა გამოც, როგორც ვიცოდი, დასახვრეტად მივყავდით.

და ეს არ იყო ცუდი გადაწყვეტილება, დიახ, ვიცოდი, რომ ეს არ იყო შეცდომა,

და თუ იყო, ჩვენ ის არ დაგვიშვია, როცა ვამბობდით ხან ჰოს, ხან არას,

რომელიც, სხვათა შორის, კავაფისმა სანახევროდ თქვა,

მაგრამ ყველა ეპოქას თავისი ჭეშმარიტება აქვს

და არ შეიძლება ასე უბრალოდ უგულებელყო

ჩვენი ჰო, ჩვენი არა, ეპოქაში და მის ჭეშმარიტებებშია გამომწყვდეული.

და თუ მაინც ვამბობთ ჩვენს ჰოს და არას, ეპოქა ცოტათი ირღვევა, ცოტა უსკდება ნაპირები.

ხოლო ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, სხვა ჰოს და არას მიიღებენ, სხვა სიმართლეს.

ჩვენ კი იმაზე ვიზრუნებთ, რომ მიიღონ უკეთესი, მერე რა რომ არ ვემახსოვრებით,

თუნდაც ჩვენ მიმართ გულგრილები იყვნენ,

ექსკურსიაზე მოსულებს მუზეუმის კედლებიდან რომ გადმოვხედავთ.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით და რომ ყველაფერი უნდა ჩამეწერა,

მაგრამ გვიანი იყო, ხელები ზურგზე მქონდა შეკრული

და მოფერებაც კი არ შემეძლო, წერაზე რომ არაფერი ვთქვათ.

– ბოდიში, თაბახის ფურცელი და კალამი ხომ არ გექნებათ –

ამიტომაც იქ უნდა ჩაიწერო, სიზმრის მეორე ნაპირზე

ან თუნდაც ახლა, სანამ ფურგონისკენ კონდახების ცემით გაგვრეკავენ

და ამ სახეებს წყვდიადიდან გამოდევნიან.

თითოეულს თავისი ცხოვრებით, თავისი ჭეშმარიტებით, მწკრივად დააყენებენ.

ხოლო ტყვია ზუსტად გაყოფს მალას მალისგან და მაშინ არავის,

სრულიად არავის ემახსოვრება ეს სიზმარი, ამ საწოლში, რომელშიც ჩავვარდებით.

ვიცოდი, რომ რადგან დასახვრეტად მივყავდით,  აღარავის დააინტერესებდა,

შენი რომელი ფინჯანია ყავისთვის და რომელი ჩაისთვის, როგორ უსვამ ტერფს ლეიბს,

როდესაც უკვე გღვიძავს, მაგრამ ადგომა გეზარება, რატომ ვეძახით ორივე ერთმანეთს ბაჭიებს.

არავის ემახსოვრება ჩვენი ელ-ფოსტის პაროლები,

არც ის თუ რა მისამართებით, ვისი სახელებით შევქმენით ჩვენი ანგარიშები

ვისთან გვიტირია. ვისი სახლის ტერასაზე ვიცინოდით ივლისში.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით  ჩვენი ფოტოების, ადგილების, დღეებისა და

ნივთების გარეშე,

მაგრამ ერთად მივდიოდით, ოღროჩოღრო გზებზე, მოუხერხებელ, მაგარ სკამზე,

ალბათ, ცემის შემდეგ, დიდი ალბათობით, ცემის შემდეგ –

და ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც ღირდა, თან გვქონდა,

თუნდაც რომ არაფრის თქმა არ შეგვეძლო, რადგან ხან პირს მიწით ამოგივსებენ.

შეგვეძლო მათზე ერთად გვეფიქრა და გვეფიქრა, რომ ღირდა.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით და ყველაფერი უნდა ჩამეწერა

სანამ დრო იყო, რადგან მერე უცბად დასახვრეტად მიჰყავხართ.

ფურგონის მაგარ სკამზე, ვერც რამეს დაწერ, ვეღარც იტყვი,

მაგრამ ეს ცხოვრება ერთ რამედ ღირდა. იმ ჰოს და არას შემდეგ,

იმ მრავალწლიან განთიადებად, თბილ ლოგინში ერთად წოლად.

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით, მაგრამ გავიღვიძებთ,

ამჯერად მაინც თბილ ლოგინში გაგვეღვიძება,

შენ ლოყაზე დატყობილი ბალიშის ნაკეცებით,

მე ისე, თითქოს ამწუთას ვახელ თვალებს,

თუმცა ამ სიზმრის გამო გამთენიიდან თვალი არ მომიხუჭავს

ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით, თუმცა ლოგინში ვიწექით,

და სამი დღე ზედიზედ ექვსის ნახევარზე მეღვიძებოდა,

ძილს ვერაფრით ვეღარ ვიბრუნებდი, ფოთლების ჩრდილებს მივჩერებოდი

და არ მინდოდა ჩამეწერა, არ მინდოდა დავმჯდარიყავი  ამ ლექსის დასაწერად.

მაგრამ ვიცოდი, რომ დასახვრეტად მივყავდით  და რომ უნდა დაიწეროს,

დაგვამახსოვრდეს – როცა კეფაში ტყვია გაივლის, ვიცოდე, რით განუგეშო.

ვიცოდი, რომ ამ სიზმრიდან გავიღვიძებდით, მაგრამ სხვები ვერ გაიღვიძებენ.

ცალ-ცალკე მიჰყავთ.

ვარშავა, 2025

თარგმნა  ნინი ელიაშვილმა

ვახშამი

ცას ზედ შავი პატინა გადაეკრა მწარედ და

ცივ პოლარულ ციალში სიკვდილს მოასწავებდა

ხის ტოტებს აწვებოდა ზედ კუპრივით ცა ღამის

ცოცხებად იქცეოდა წაბლიც და ნეკერჩხალიც

მშვიდობას რომ გახვეტავს და ომებს შემოხვეტავს

ის დრო დგას, თუმც აგრძელებ უმშვიდეს შემოხედვას

თუმც მზიან ოთახებში ცეცხლი თავის ალს გაშლის

შთანთქავს ყველა ქონდრისკაცს ამ დიდმარხვის კვირაში    

და მოელის განწმენდა ნაფოტებად ყველა ხეს

და ტყვიები ჩააწყვეს და ბაწრები დაგრიხეს

უკვე ეკალხლართებით შემკულია, მოწნილი

გამართულა დაშნების მწკრივქვეშ შავი ქორწილი

და ვაჟებიც დაბადეს – მკერდზე სისხლის შხეფებით,

გოგონებიც დაბადეს – მომავალი მსხვერპლები

ყდიან კატეხიზმოებს კანონებად ასაღებს

ღამე აწვენს ქაღალდზე ბრძანებათა ბაზალტებს

სუფრის კილომეტრები, მიმტანები სირჩებით,

ვერცხლს გაუდის პრიალი, სულ მალე შევიჭმებით.

                                                            ბერლინი, 2020

თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

მოძღვრება ფერებზე

ხატვის შემდეგ საღებავს ვრეცხავდი,

ეს იყო ლამაზი, ხასხასა წითელი,

ხურმის ლაქისფერი წითელი,

სისხლისფერი წითელი,

ორმოცდაათიანი წლების

კადილაკებისა და მაცივრების ფერი,

შესანიშნავად სცილდებოდა ფუნჯსა და ხელებს,

სადინარში ჟოლოსფერ ნაკადებად მიედინებოდა

და ქრებოდა,

სანამ მის ქვეშ გამოჩნდებოდა

ისეთივე წითელი,

ხელუხლებელი,

კანქვეშიდან,

ფუნჯის მიერ გაჩენილი, გამსკდარი წყლულიდან

და თქვა:

მე ვერასოდეს ჩამომირეცხავ,

მე შენი შინაგანი ფერი ვარ.

ბერლინი, 2022

თარგმნა  ნინი ელიაშვილმა

დარიუშ სოსნიცკი

შაბათი დილის აუდიოსფერო

წვიმის წვეთები

წიფლის ფოთლებიდან ფოთლებზე,

მაღლა ტოტებიდან – დაბლა ტოტებისკენ,

ზემოდან ქვემოთ.

ყორნების ავი, მბრძანებლური ჩამოძახილი,

ჭილყვავების მეამბოხე ექო – პასუხად,

ქუჩა კი თავის ამბავს ხმაურობს,

ბეღურების უცაბედი ჟივჟივი კაწრავს სამყაროს მერქანს.

აქა-იქ ისმის ცალკეული გულის ფრთხიალიც

სისხლის ხმაურში.

ბოლოს კი ხმაა – იარაღის,

ადამიანთა კოშმარებში

დატრიალებულ დოლაბების ხმას რომ წააგავს.

ალბათ ყველაზე სმენისწამღები ხმაურია

ამ წუთისოფლის.

თქვენ, კბილებამდე აღჭურვილო

პრეზიდენტებო

და თავკაცებო

და შენ, მსუბუქო კავალერიავ,

დაქირავებულ ძალთა არმიავ,

დროშებად “მე”-ს რომ მიაფრიალებ

საკუთარ ტყავში გამოწყობილო,

გუშინ სასმლის გადასაყლურწად მიგეჩქაროდათ,

დღეს კი – ომია!

თარგმნა  ლელა სამნიაშვილმა

მაისის ხოჭო

სამი წლით  დაკარგულო

ბუნების ციკლოფრენიკო,

კვლავ დადგა მაისი,

ისევ კრიალა ღამეა

და ისევ რომელიღაც

ქუშის ფარანი

შენს განსხეულებათა

ღრუბელშია.

არ ვიცი რას გრძნობ,

ამ დიდი შესვენების,

ამ მძიმე ძილის

შემდეგ.

თუმცა კი ვიცი, ვიცი და ვხედავ

პირველ ფორხილს,

უნდობლობას,

მაგ ჯავშანში დაუტეველ

ხლაფორთით სავსე ბედნიერებას.

თარგმნა რატი ამაღლობელმა

© არილი

Facebook Comments Box