
უცნაური „ნორმა“ გამოვიდა. ახალგაზრდა მეცო-სოპრანომ ბრწყინვალედ შეასრულა ადალჯიზას პარტია… თავისი ტემბრითა და გამძლეობით დაჯაბნა ნორმას შემსრულებელი არცთუ მთლად ახალგაზრდა სოპრანო და მჭექარე მაღალი ნოტებით აზანზარა დარბაზი… სცენიდან მხოლოდ მისი მგრგვინავი ხმა ისმოდა. ნორმას ისღა დარჩენოდა, უსუსური აჩრდილივით ატუზულიყო მის ზურგს უკან…
სოპრანოს ხმა დაეკარგა და აღარაფერი შერჩენოდა ოდინდელი თავდაჯერებულობიდან, უმწეოდ შლიდა ხელებს და ნოტების მაგივრად ყრუ ბგერებს გამოსცემდა პირიდან.
იმ დღის ხმა – და თან როგორი ხმა! – უთუოდ ადალჯიზასი იყო და არა ნორმასი…
მაგრამ დარბაზის რეაქცია პარადოქსული იყო: მაყურებელმა სწორედ ამ ტრიუმფატორს, მეცო-სოპრანოს უსტვინა შეუბრალებლად, ბრაზიანი ბუუ-ები უძახა დუეტის დასრულებისას და ტაშის მაგივრად ფეხების ბაკუნს მოჰყვა მისი გამოსვლის დროს სპექტაკლის ბოლოს, ხოლო ხმადაკარგულ და სახეგადაფითრებულ სოპრანოს აღტაცებული ყიჟინით შეხვდა.
ფრანკო ძეფირელი კულისებში მიეჭრა ხმიან ახალგაზრდა მეცოს და მილოცვის მაგივრად, ლანძღვა-გინებით აავსო:
– პირობას გაძლევთ, აღარასდროს ვიმუშავებ თქვენთან ერთად!
თქვენ სამარცხვინო ხართ! ეს რა ჩაიდინეთ, არაადამიანო!
მეცოს ხმა არ გაუღია – კარგად იმღერა, ბრწყინვალედაც კი,
თუმცა არაფერი უთქვამს თავის დასაცავად…
იცოდა, რაც ჩაიდინა.
კოლეგები საყვედურით უყურებდნენ ან საერთოდაც თვალს არიდებდნენ, დირიჟორს კომპლიმენტიც კი არ უთქვამს მისთვის, ისე დატოვა თეატრი.
აბსურდული რაღაც ხდებოდა: ქალმა კარგად იმღერა და რისხვა გამოიწვია. და პირიქით, ვინც ვერ იმღერა, იმას მთელი დარბაზი უკრავდა ტაშს.
რადგან ყველამ იცოდა, რა ხდებოდა…
სოპრანო ხმას კარგავდა და ამის დამალვა ან არშემჩნევა უკვე შეუძლებელი იყო. მართალია, ტემბრი ჯერაც თავისი ჰქონდა – უნიკალური და მაგიური, მაგრამ უკვე ძალაც დაეკარგა და მაღალი ნოტებიც… მისი დიდი დიაპაზონიდან – დრამატული სოპრანოდან კოლორატურულ მაღლებს რომ სწვდებოდა წლების წინ – თითქმის აღარაფერი შერჩენოდა…
აღარაფერი დარჩენილიყო მისი ბედნიერებიდანაც…
საყვარელ კაცს სხვა ქალი შეერთო ცოლად და ეს ცნობა გაზეთებიდან შეეტყო ამ დილით. სიყვარულის ნაცვლად ტყუილები და სიცარიელე ერგო. შვილის გაჩენა უნდოდა ამ კაცისთვის და ესეც არ გამოუვიდა… ეგონა, რომ ყველას და ყველაფერს ეყოფოდა მისი სიყვარული და თურმე თავი მოუტყუებია.
ეგონა, რომ უკვე უარის თქმაც შეეძლო ოპერაზე, რადგან თითქოს უკვე შეეძლო კიდეც თავისი ცხოვრების მოხელთება და არა გმირების ვნებებით სუბლიმირება – ტოსკათი, ვიოლეტათი, ლუჩიათი თუ ნორმათი… იქ გახარჯვა აღარ სჭირდებოდა, რადგან უკვე ჰყავდა (ასე ეგონა, რომ ჰყავდა) თავისი კავარადოსი, ალფრედო და პოლიონი… და თურმე არა – როგორც ვერდის, ქერუბინის და ბელინის ოპერებში კარგავდა ამ კაცებს, ცხოვრებაშიც დაკარგა ეს ერთი, იასონი, ბერძენი იმ მოღალატე არგონავტის მსგავსად, ვისაც ყველაფერი მისცა და შესწირა, როგორც მედეამ… ხმაც კი!.. გულიც, ცხოვრებაც, თავისი თავიც… იმან კი გლავკეში გაცვალა, ახალგაზრდა ქალში, გლამურულ ქვრივში, რომელსაც მხოლოდ სახელი და გვარი ჰქონდა და ესეც ყოფილი ქმრის – მოკლული პრეზიდენტის… ამას კი ყველაფერი თავისი ჰქონდა და საყვარელი კაცისთვის გაიღო მსხვერპლად. თავისთვის აღარაფერი დაუტოვებია, რადგან იფიქრა, რომ ბრძოლა დასრულდა, რომ დეკორაცია აღარ სჭირდებოდა ბედნიერების იმიტირებისთვის… და იქნებ აღარც ხმა, რითაც ამ ბედნიერებისთვის გასახარჯ ძალას იძლეოდა სცენიდან… სცენის ჯადო გაქრა, რადგან სიყვარული იპოვა.
არადა, მისი მსხვერპლი თურმე არაფერი ყოფილა. საყვარელმა კაცმა საყვარელი გაიჩინა და როგორც იასონმა, დაუფიქრებლად მოიშორა მისთვის თავგანწირული მედეა.
მარია კალასმა გაზეთიდან გაიგო, რომ არისტოტელე ონასისს ჯეკი კენედი მოჰყავდა ცოლად. ბოლო თვეები ეჭვობდა, რომ რაღაც შეიცვალა მათ შორის და ეს მის იოგებზეც აისხა… ნერვებზეც… აგერ დალასის ოპერაში მაღალ ნოტებს ვეღარ შეწვდა „ლუჩია დი ლამერმურში“ და კულისებისკენ წასულმა, გოდებით ამოიძახა: „აქ ხომ ვიღებდი ამ ნოტებს, ყოველთვის ვიღებდი!..“
… დალასში! ქალაქში, სადაც მისი შეყვარებულის საყვარლის ყოფილი ქმარი მოკლეს რამდენიმე წლის წინ… პრეზიდენტი… დამთხვევაა? დაწყევლილი ადგილი ყოფილა.
– ხმა აღარ მაქვს, თუ შეგიძლია, დამეხმარე, – სთხოვა კალასმა
ახალგაზრდა კოლეგას, ამომავალ ვარსკვლავ ფიორენცა კოსოტოს, რაზეც ცხადია თანაგრძნობით აღსავსე დასტური მიიღო.
დახმარება იმას ნიშნავდა, რომ კოსოტო ყურადღებით,
ადამიანურად უნდა მოჰპყრობოდა დიდ კოლეგას – ესმინა მისი სუნთქვისთვის, რთული ფრაზები უკიდეგანოდ არ გაეჭიმა დუეტში სიმღერის დროს და თავისი რკინის ხმით არ ჩაეხშო აჩრდილად ქცეული კალასი.
მაგრამ ამ ქალმაც მოატყუა (როგორც ყველა ატყუებდა, ვისაც ენდო), ამბიციურმა ახალგაზრდა მომღერალმა, რომელსაც როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, რომ მარია კალასი დაეჯაბნა, შეუბრალებელი გლადიატორივით გადაეჯეგა და ყველაფერი ეღონა, რაც კალასის დიდებას დაასრულებდა „ნორმაში“, თუნდაც ამ ხილული კონტრასტის ხაზგასმით: უსმინეთ, კალასს ხმა აღარ აქვს…
კალასი მთელი საღამო ხროტინებდა, მომაკვდავივით იხრჩობოდა და ვერაფრით ეწეოდა პატივმოყვარეობის ამ ახალგაზრდა და ჯანსაღ მონსტრს, – როგორც ვერაფერი გააწყო მოღალატე კაცის ახალგაზრდა საყვარლის სხეულთან, იმ ქალის მორიგ ტრიუმფთან (ძლევამოსული და მდიდარი ქმრების მეწყვილესთან), რომელიც იქნებ არც იყო ტრიუმფი, როგორც ფიორენცა კოსოტოს გამარჯვება ვერ შედგა ამ საღამოს…
რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა და არავის უნდოდა ჯანმრთელი მეცო-სოპრანოს ხმის გაგონება… კალასის ოხვრა ბევრად სათუთი აღმოჩნდა იმ დღეს!
ახალგაზრდა ქალმა დასუსტებული კალასი „დაახრჩო“, მაგრამ ტაში არ რგებია, ლანძღვა და სიძულვილი მიიღო პასუხად…
უხმო მედეამ შური იძია.
ახალგაზრდა მეცო-სოპრანო ისეთივე მგრგვინავი ხმით ტიროდა კულისებში, როგორი ხმითაც სამი საათის განმავლობაში გუდავდა არცთუ ახალგაზრდა კალასს.
მაგრამ „სუსტს“ თურმე ჯერაც შერჩენოდა ჯადო. სხვა ჯადო. კალასის ჯადო. მედეას ჯადო.
რაკი ტყუილსა და შურისძიებას გარდაუვალად მოჰყვებოდა სასჯელი.
მედეას სასჯელი.
თუნდაც მედეა ბარბაროსი ყოფილიყო, კალასი კი ხმადაკარგული და გულდაფლეთილი…
ამ საღამოს ან თუნდაც დილის გაზეთს კი არა, არამედ უკვე ისტორიას გადაეწყვიტა, რომ კალასს ვერავინ და ვეღარასდროს დაჯაბნიდა. ქალღმერთი ის იყო და არავინ სხვა…
ხმას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა!
ხმა თავად კალასი იყო.
© არილი