პროზა (თარგმანი)

ნა­ჯიბ მაჰ­ფუ­ზი – შეხვედრა მის აღმატებულებას­თან

mahfuz 2313

არაბულიდან თარგმნა მაია ანდრონიკაშვილმა

ახ­ა­ლი, შე­უ­სახ­ლე­ბე­ლი შე­ნო­ბის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დი. იქ ჯერ კი­დევ შე­უმ­შ­რა­ლი სა­ღე­ბა­ვის სუ­ნი იდ­გა. მი­წის ოთხ­კუთხე­დი ნაკ­ვე­თი ეკ­ა­ვა და ცო­ტა ხან­ში მი­სი შე­სას­ვ­ლე­ლის თა­ვი უნ­და და­ემ­შ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი უზ­არ­მა­ზა­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბი­ან დიდ აბ­რას. ის ბედ­ნი­ე­რი შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც აირ­ჩი­ეს და იჯ­ა­რით აიღ­ეს ეს შე­ნო­ბა, ჩემ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე ყვე­ლა­სა­გან მი­ვიწყე­ბუ­ლი არ­ქი­ვის გა­დამ­წე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ოქ­მის მწარ­მო­ებ­ლად შე­მიყ­ვა­ნეს იმ კა­ბი­ნეტ­ში, რო­მე­ლიც დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის ახ­ა­ლი შე­ნო­ბის შე­სარ­ჩე­ვად შე­იქ­მ­ნა – დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ლი­ა­ლე­ბი ხომ დი­დი ქა­ლა­ქის ერთ­მა­ნე­თის­გან ძალ­ზე და­შო­რე­ბულ უბ­ნებ­ში იყო მი­მობ­ნე­უ­ლი. ყო­ველ დი­ლით ძვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ამ შე­ნო­ბას ჩა­ვუვ­ლი­დი ხოლ­მე და ერთხე­ლაც, მო­ვიწ­ვიე კო­მი­ტე­ტი მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. ყვე­ლა სა­ჭი­რო ფორ­მა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რულ­და და მა­ლე ხე­ლი მო­ა­წე­რეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას შე­ნო­ბის მფლო­ბელ­თან.

ერთხელ დი­ლით, რო­დე­საც ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ახ­ალ შე­ნო­ბას ჩა­ვუ­ა­რე, ერთ­გ­ვარ­მა სი­ა­მა­ყემ და მე­პატ­რო­ნის მოჩ­ვე­ნე­ბით­მა გრძნო­ბამ მი­ბიძ­გა კი­დევ ერთხელ ვწვე­ო­დი ცა­რი­ელ შე­ნო­ბას, რო­გორც ეს ნამ­დ­ვილ ბი­უ­როკ­რა­ტებს სჩე­ვი­ათ, მით უმ­ე­ტეს, რომ გა­და­ბარ­გე­ბა ჯერ არ დაწყე­ბუ­ლი­ყო. ად­რინ­დე­ლი ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის წყა­ლო­ბით კა­რის­კა­ცი დი­დი პა­ტი­ვით შე­მე­გე­ბა. რა იც­ო­და ამ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო კაც­მა, რამ­დე­ნად დამ­ცი­რე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი თავს – მე ხომ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ხე­ლე ვი­ყა­ვი, ამ­ას­თან, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ოჯ­ა­ხის პატ­რო­ნიც, რო­მე­ლიც ხორცს მხო­ლოდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე თუ იგ­ე­მებ­და ხოლ­მე.

შე­ნო­ბის ეზ­ო­ში ვი­ღაც კაცს შე­ვე­ჩე­ხე. გა­უ­გე­ბა­რი იყო, სა­ი­დან გაჩ­ნ­და იგი აქ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი გახ­და ის, რომ კა­ცი მტკი­ცედ და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და­ა­ბი­ჯებ­და თა­ვი­სი სა­ი­მე­დო და ძლი­ე­რი ფე­ხე­ბით. ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ეს კა­ცი აქ ბი­ნის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად მო­ვი­და და მო­ვე­ლო­დი, რომ გუ­ლი­თა­დად მო­მე­სალ­მე­ბო­და, მაგ­რამ მან თა­ვი­დან­ვე არ მო­მაქ­ცია ყუ­რად­ღე­ბა – ჩა­მი­ა­რა და თან ყვე­ლა­ფერს ქედ­მაღ­ლუ­რად ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. მის გა­მო­ხედ­ვას შე­ეძ­ლო ჩემ­ნა­ი­რი მო­ხე­ლეც კი გა­ნე­რის­ხე­ბი­ნა, რა­გინდ სა­ვა­ლა­ლო არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს შე­ნო­ბა ხომ მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, გარ­და ამ­ი­სა, იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ე­პატ­რო­ნე­ბო­და. ამ­ი­ტომ მო­ვემ­ზა­დე კა­ცის­თ­ვის შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­სა­ცე­მად, თუმც კი გო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. ერთხელ კი­დევ შე­ვავ­ლე თვა­ლი მის ჩაფ­ს­კ­ვ­ნილ სხე­ულს, მაგ­რამ მან და­მას­წ­რო და არც კი მომ­სალ­მე­ბია, ისე მკითხა: – სახ­ლის პატ­რო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ? იმ დე­პარ­ტა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ვარ, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა იჯ­ა­რით აიღო, – ვუ­პა­სუ­ხე ამ­ა­ყად. ძა­ლი­ან კარ­გი. მინ­და შე­ნო­ბა შიგ­ნი­დან და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, – თქვა მან დინ­ჯად. – კი, მაგ­რამ, ვინ ბრძან­დე­ბა თქვე­ნი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა? დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, – მო­მი­გო უბ­რა­ლოდ. გა­ვოგ­ნ­დი, ხელ-ფე­ხი გა­მი­შეშ­და, ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად წელ­ში მო­ვი­ხა­რე, თით­ქოს მი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან ჩემს უძ­ლურ არ­სე­ბა­ზე გად­მო­სუ­ლი ელ­ექ­ტ­რო­მუხ­ტის პა­სუ­ხად. მორ­ჩი­ლად ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე: მო­მი­ტე­ვეთ, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! წინ გა­მი­ძეხ! – თქვა მან გულ­გ­რი­ლად. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ცის კა­რიბ­ჭე გა­იხ­ს­ნა და მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ღვთის კურ­თხე­ვამ და წყა­ლო­ბამ იწ­ვი­მა ჩემს თავ­ზე. წინ მი­ვუძღო­დი მას ერ­თი ოთ­ა­ხი­დან მე­ო­რე­ში, თან ვცდი­ლობ­დი ამ­ე­წე­რა მის­თ­ვის ყო­ვე­ლი­ვე – ვაზ­ვი­ა­დებ­დი სახ­ლის ღირ­სე­ბებს, მი­სი ყუ­რად­ღე­ბა მი­ვაპყა­რი კა­ბი­ნე­ტებს, დარ­ბა­ზებ­სა და ვეს­ტი­ბი­უ­ლებს, მი­ვუ­თი­თებ­დი მათ უაღ­რეს გე­მოვ­ნე­ბით მო­პირ­კე­თე­ბულ კედ­ლებ­სა და სა­თავ­სე­ბის ელ­ე­გან­ტუ­რო­ბა­ზე. შემ­დეგ კი­დევ უფ­რო გავ­თა­მამ­დი და ვუთხა­რი: – თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! მე მი­მაჩ­ნია, რომ მე­სა­მე სარ­თუ­ლი თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა. ის საკ­მა­რი­სად მაღ­ლაა და ქუ­ჩის ხმა­უ­რიც არ აღ­წევს იქ­ამ­დე, ამ­ა­ვე დროს, ლიფ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ასვ­ლა-ჩას­ვ­ლა არ­ა­ვი­თარ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. შემ­დეგ და­ვუ­მა­ტე: – ზღვის­კენ გა­მა­ვალ ფრთას საგ­რ­ძ­ნო­ბი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი უპ­ი­რა­ტე­სო­ბაც აქვს: ორი მხრი­დან ქუ­ჩა ეკვ­რის, მე­სა­მე­დან კი – ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის და­ბა­ლი შე­ნო­ბა. ამ ფრთას ყო­ველ­თ­ვის და­უვ­ლის ნი­ა­ვი და მზის შუ­ქი.

ახ­ლა ყვე­ლა­ზე დიდ ოთ­ახ­ზე მი­ვუ­თი­თე და ვთქვი: ეს თქვე­ნი კა­ბი­ნე­ტია, თუ კე­დელს მო­ვან­გ­რევთ, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მომ­დევ­ნო ოთ­ახ­თან, რომ სხდო­მე­ბი­სა და კრე­ბე­ბი­სათ­ვის საკ­მაო ად­გი­ლი გექ­ნეთ, ხო­ლო თუ კარს გაჭ­რით წი­ნა კე­დელ­ში, მა­შინ კა­ბი­ნე­ტი თქვე­ნი პი­რა­დი მდივ­ნის ოთ­ახს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. სა­ხე­ზე კმა­ყო­ფი­ლე­ბა აღ­ე­ბეჭ­და. სა­სარ­გებ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ექს­კურ­სი­ის შემ­დეგ ეზ­ო­ში გა­მო­ვე­დით. ზე­ცი­უ­რი შთა­გო­ნე­ბი­თა და უეც­ა­რი სი­ახ­ლის­გან მთვრა­ლი ვი­ყა­ვი. მის­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ მკითხა: შენ რო­მე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ხარ? მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვი­სარ­გებ­ლე ბედ­ნი­ე­რი შემ­თხ­ვე­ვით: არ­ქი­ვის გა­დამ­წე­რი ვარ, თქვე­ნო ბრწყინ­ვა­ლე­ბავ, ყვე­ლა­სა­გან და­ვიწყე­ბუ­ლი გა­დამ­წე­რი, დი­დი ხა­ნია მინ­და გთხო­ვოთ… – სხვა დროს, სხვა დროს! – შე­მაწყ­ვე­ტი­ნა; მეც მო­ვი­ბო­დი­შე: მო­მი­ტე­ვეთ თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ჩემს თხოვ­ნას სხვა დროს გა­ახ­ლებთ.

გა­ვი­და გა­რეთ, უკ­ან გავ­ყე­ვი. წინ გა­ზე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი შე­მოგ­ვ­ხ­ვ­და. ჟურ­ნა­ლი და წიგ­ნი იყ­ი­და. ორ­ი­ვე ერ­თად 25 კირ­ში ღირ­და. ჩემ­თ­ვის ცხა­დი გახ­და, რომ დი­რექ­ტო­რი საკ­მა­რის ხურ­დას ვერ იპ­ო­ვი­და, ხო­ლო გამ­ყიდ­ველს მსხვი­ლი ბან­კ­ნო­ტის ხურ­და არ ექ­ნე­ბო­და. ასე რომ, დი­რექ­ტორ­მა ჟურ­ნა­ლის და წიგ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ მე და­ვას­წა­რი და ხელ­გაშ­ლი­ლად გა­და­ვი­ხა­დე სა­ჭი­რო თან­ხა. დი­რექ­ტორ­მა ცო­ტა ხანს იყ­ოყ­მა­ნა, შემ­დეგ შე­უ­რიგ­და მომ­ხ­დარს და მითხ­რა: ჩემს კა­ბი­ნეტ­ში შე­მო­ი­ა­რე ფუ­ლის მი­სა­ღე­ბა­დო. დამ­ტო­ვა იმ­ე­დე­ბის ორ­ომ­ტ­რი­ალ­ში და უც­ნო­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ლო­დინ­ში. ას­ეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მან­ქა­ნა­საც გა­ვე­ტა­ნე, ისე ვი­ყა­ვი აღ­ტა­ცე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი. თავს ვირ­წ­მუ­ნებ­დი, რომ შრო­მი­თა და სიძ­ნე­ლე­ე­ბით აღ­სავ­სე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ა­ლი ბრწყინ­ვა­ლე ფურ­ცე­ლი იშ­ლე­ბო­და. მე ხომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­ვი­ცა­ნი, მეგ­ზუ­რად გა­მო­ვა­დე­ქი, ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბაც შევ­ჩივ­ლე და მან აღ­მით­ქ­ვა, რომ ჩემს თხოვ­ნას მი­ხე­დავ­და და ერთ კურ­თხე­ულ წამს, გა­რე­მო­ცულს ან­გე­ლო­ზე­ბის სუნ­თ­ქ­ვით, 25 კირ­შიც კი ვა­სეს­ხე. ალ­აჰ­მა და­მი­ფა­როს, ვა­ლი მოვ­თხო­ვო, ან ვინ­მეს­თან წა­მომ­ც­დეს ამ­ის შე­სა­ხებ. ეს თან­ხა მსხვერ­პ­ლი იყო, რო­მე­ლიც მის კე­თილ­გან­წყო­ბას მა­ჩუ­ქებ­და და უკ­ი­დუ­რე­სი აუც­ი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მის კარ­საც გა­მი­ღებ­და.

დი­ახ, თან­ხა უზ­არ­მა­ზა­რია, მო­ითხოვს მომ­ჭირ­ნე­ო­ბის ახ­ა­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას, ვიდ­რე ჩე­მი დარ­ღ­ვე­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ერთ­გ­ვა­რი წო­ნას­წო­რო­ბა აღდ­გე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩემს სი­ცოცხ­ლეს თვის ბო­ლომ­დე, თუნ­დაც უმ­დაბ­ლეს დო­ნე­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას არ­ა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ოღ­ონდ კი ჩე­მი­ვე ხე­ლით არ გავ­წყ­ვი­ტო სი­ახ­ლო­ვის ძა­ფი, რო­მე­ლიც გა­ი­ბა ჩემ­სა და მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას შო­რის.

დამ­თავ­რ­და ახ­ალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ბარ­გე­ბა, და, რო­გორც მი­ღე­ბუ­ლია, ჩვენ, არ­ქი­ვის მო­ხე­ლე­ებს ბი­ნა დაგ­ვი­დეს ნა­ხევ­რად­სარ­დაფ­ში. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვფიქ­რობ­დი ფა­რულ ბედ­ნი­ერ კავ­შირ­ზე, რო­მე­ლიც გა­ი­ბა ჩემ­სა და მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას შო­რის. რა თქმა უნ­და, არც მი­ფიქ­რია მის კა­ბი­ნეტ­ში მის­ვ­ლა გა­სეს­ხე­ბუ­ლი თან­ხი­სათ­ვის, რო­გორც მან მიბ­რ­ძა­ნა და, მად­ლო­ბა ალ­აჰს, არც მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა ფუ­ლი რო­მე­ლი­მე მო­ხე­ლის ხე­ლით. გა­ირ­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე დღემ და შიშ­მა შე­მიპყ­რო, რომ მას და­ვა­ვიწყ­დი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის ორ­ომ­ტ­რი­ალ­ში და რომ სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა ხე­ლი­დან გა­მის­ხ­ლ­ტა. ალ­აჰს კურ­თხე­ვას და მფარ­ვე­ლო­ბას შე­ვე­ვედ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე მი­ღე­ბა მეთხო­ვა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის, მაგ­რამ რო­დე­საც მი­სი პი­რა­დი მდივ­ნის ოთ­ახ­ში შეს­ვ­ლა და­ვა­პი­რე, წინ გა­და­მე­ღო­ბა შიკ­რი­კი და ამ­იხ­ს­ნა, რომ მდი­ვა­ნი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. ამ­ას­თან მამ­ც­ნო, რომ თვი­თონ მზა­დაა მო­ახ­სე­ნოს მდი­ვანს ჩე­მი თხოვ­ნის შე­სა­ხებ. მა­შინ წარ­მოვ­თ­ქ­ვი: – გთხოვთ, და­მი­ნიშ­ნოთ დრო, რო­დე­საც მექ­ნე­ბა პა­ტი­ვი წარ­ვ­დ­გე გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წი­ნა­შე. შიკ­რიკ­მა ალ­მა­ცე­რად შე­ხე­და ჩემს გაც­ვე­თილ კოს­ტი­უმს, მაგ­რამ ერ­თი წა­მით მა­ინც გა­უ­ჩი­ნარ­და და­კე­ტი­ლი კა­რის უკ­ან, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი მითხ­რა: – და­წე­რე შე­ნი თხოვ­ნა სპე­ცი­ა­ლურ ბლან­კ­ზე და გაგ­ზავ­ნე ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბით. მას ვე­რა­ფერ­ში შე­ე­და­ვე­ბო­დი. იგი ის­ე­ვე დახ­შუ­ლი იყო, რო­გორც კა­რი, რომ­ლის წი­ნაც იჯ­და. დავ­ბ­რუნ­დი ჩემს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. თავს უს­ა­მარ­თ­ლოდ და­ჩაგ­რუ­ლად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მტკი­ცედ მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მიზ­ნის­თ­ვის მი­მეღ­წია, რა­დაც არ უნ­და დამ­ჯ­დო­მო­და ეს. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე მივ­მარ­თე ჩვე­ნი არ­ქი­ვის უფ­როსს. იგი ყო­ველ­თ­ვის იზ­ი­ა­რებ­და ჩვენს გა­სა­ჭირს და არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ჩვენ­გან, გარ­და ას­ა­კი­სა. მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბით მი­ვის­წ­რა­ფო­დი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა მე­პოვ­ნა. გა­ვუ­ზი­ა­რე არ­ქი­ვის უფ­როსს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ჩე­მი შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი, ვკითხე რას აზ­რი­სა იყო ამ­ა­ზე და რჩე­ვა ვკითხე:

– რა­ტომ მი­ის­წ­რა­ფი ასე ამ უძ­ნე­ლე­სი შეხ­ვედ­რი­სა­კენ?

– თხოვ­ნა მინ­და მი­ვარ­თ­ვა.

– გა­ნა ყვე­ლა­ნი ერთ­ნა­ი­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა ვართ?

– დი­რექ­ტორ­მა თვი­თონ მი­ბიძ­გა იმ­ის­კენ, რომ ეს გა­მე­ბე­და.

– მარ­თ­ლა?!… რო­დის და რო­გორ?

ვუ­ამ­ბე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ახ­ალ შე­ნო­ბა­ში. ცო­ტა ხანს და­ფიქ­რ­და და მითხ­რა:

– ეს ფრთი­ა­ნი სიტყ­ვაა… წა­მოც­დე­ნი­ლი. ას­ეთ ნათ­ქ­ვამს არ­ა­ვინ ენ­დო­ბა.

– არ­აფ­რით არ და­ვუ­კარ­გავ სა­კუ­თარ თავს და შვი­ლებს ას­ეთ ხელ­საყ­რელ შემ­თხ­ვე­ვას, რომ­ლის მსგავსს იშ­ვი­ა­თად გვიგ­ზავ­ნის ზე­ცა.

– გირ­ჩევ, ხე­ლი აიღო შენს გან­ზ­რახ­ვა­ზე.

– ეს ერ­თა­დერ­თი იმ­ე­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ჩა­ფიქ­რე­ბულ­მა თა­ვი გა­იქ­ნია და და­ვი­ნა­ხე, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღ­არ იყო – უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ტყვია უნ­და გა­მეს­რო­ლა და ყურ­ში ჩავ­ჩურ­ჩუ­ლე:

– სა­ი­დუმ­ლოს გა­გან­დობ შენ, რო­გორც კე­თილ­შო­ბილ კაცს – მის­მა მოწყა­ლე­ბამ ჩემ­გან ოც­და­ხუ­თი კირ­ში ის­ეს­ხა. ამგ­ვარ­მა გაზ­ვი­ა­დე­ბამ ჭარ­მა­გი კა­ცი და­აბ­ნია და სა­ხე­ში უნ­დობ­ლად შე­მომ­ხე­და. აღ­ელ­ვე­ბულ­მა და­ვუ­დას­ტუ­რე:

– და­მი­ჯე­რე, მენ­დე, სრულ ჭკუ­ა­ზე ვარ.

დაწ­ვ­რი­ლე­ბით ვუ­ამ­ბე იმ ფუ­ლის ამ­ბა­ვი, მას რომ ვა­სეს­ხე. და­ეჭ­ვე­ბულ­მა მკითხა:

– ად­რე გი­ნა­ხავს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი?

– არა.

– ვინ გითხ­რა, რომ ის კა­ცი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო?

 

– ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უეჭ­ვე­ლია.

 

– ვი­ღაც ხუ­მა­რა არ იყ­ოს, რო­მელ­მაც შე­ნი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით ის­არ­გებ­ლა.

 

– შე­უძ­ლე­ბე­ლია… მო­დი, აგ­ი­წერ მას…

 

მაგ­რამ მან შე­მაწყ­ვე­ტი­ნა:

 

– რა აზ­რი აქვს. ერ­თი წა­მით მოვ­კა­რი თვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და ის­იც შო­რი­დან…

 

– ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

 

– სა­ა­რა­კო ამ­ბა­ვია!

 

მინ­დო­და კა­მა­თი ამ­ით და­მემ­თავ­რე­ბი­ნა.

 

– შე­დი ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მირ­ჩიე, რო­გორ მი­ვარ­თ­ვა თხოვ­ნა გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს.

 

– კარ­გი. და­წე­რე თხოვ­ნა სპე­ცი­ა­ლურ ბლან­კ­ზე და წარ­მო­მიდ­გი­ნე მე, რო­გორც შენს უშ­უ­ა­ლო უფ­როსს. და­ვა­მოწ­მებ, შემ­დეგ წა­ი­ღებ კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­თან; ის, თა­ვის მხრივ, და­ა­მოწ­მებს და მი­არ­თ­მევს უფ­როს ინს­პექ­ტორს, რომ მა­ნაც და­ა­მოწ­მოს. შემ­დეგ კი გა­დაგ­ზავ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში. მაგ­რამ აი რას გირ­ჩევ! ალ­ა­ჰის გუ­ლის­თ­ვის არ­ა­ვის­თან ახ­სე­ნო ოც­და­ხუ­თი კირ­შის ამ­ბა­ვი!

 

გულ­მოდ­გი­ნედ შე­ვად­გი­ნე თხოვ­ნა, წარ­ვუდ­გი­ნე ის ჩემს უშ­უ­ა­ლო უფ­როსს, რო­მელ­მაც ხე­ლი მო­ა­წე­რა და წა­ვი­ღე არ­ზა კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდი­ვან­თან. მდი­ვან­მა ჩე­მი არ­ზა თხოვ­ნა­თა მთე­ლი გრო­ვის ქვეშ ამ­ო­დო და თა­ვის საქ­მეს მი­უბ­რუნ­და.

 

– რო­დის ინ­ე­ბებ მი­არ­თ­ვა კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როსს?

 

ქა­ღალ­დე­ბი­დან თა­ვიც არ აუწ­ე­ვია, ისე მი­პა­სუ­ხა:

 

– ეს შენ არ გე­ხე­ბა.

 

– ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თხოვ­ნაა. ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ იგი თვით მი­სი მოწყა­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით დავ­წე­რე.

 

უც­ნა­უ­რად შე­მომ­ხე­და და და­ცინ­ვით მკითხა:

 

– მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა შე­ნი ნა­თე­სა­ვია თუ ახ­ლო­ბე­ლი?

 

– მარ­თალს ვამ­ბობ. ხუმ­რო­ბის გა­რე­შე.

 

– თა­ვის დრო­ზე წარ­ვუდ­გენ მას. თუ არა და წა­ი­ღე და წა­დი.

 

– ნუ ბრა­ზობ. რო­დის შე­მო­ვი­ა­რო პა­სუ­ხის­თ­ვის?

 

– რო­დე­საც წა­რუდ­გე­ნენ.

 

– რო­დის იქ­ნე­ბა ეს, ალ­ა­ჰის ნე­ბით?

 

– წარ­დ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თა­ვის დრო­ზე!

 

და ზურ­გი ის­ე­თი მოძ­რა­ო­ბით შე­მაქ­ცია, გაგ­დე­ბას უდ­რი­და. დავ­ბ­რუნ­დი არ­ქივ­ში. ვწყევ­ლი­დი ყვე­ლა ბი­უ­როკ­რატს, რა თქმა უნ­და, მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გარ­და. ჩემს უფ­როსს ვთხო­ვე ეშ­უ­ამ­დ­გომ­ლა ჩემ­თ­ვის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდივ­ნის წი­ნა­შე, მაგ­რამ უარ­ით გა­მო­მის­ტუმ­რა – ეს ყმაწ­ვი­ლი მე­რი­ის მე­ტად გა­უზ­რ­დე­ლი და ქედ­მა­ღა­ლი ვინ­მეაო. დღე­ე­ბი გა­დი­ო­და. ვე­ლო­დი და თმე­ნა მე­ლე­ო­და.

 

ერთ დი­ლას, რო­დე­საც კო­ლე­გას­თან ერ­თად შე­მო­სავ­ლის ბა­ლანსს ვად­გენ­დი, კო­ლე­გა ჩემ­ს­კენ გად­მო­ი­ხა­რა და ჩურ­ჩუ­ლით მკითხა:

 

– მარ­თა­ლია, რომ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს 25 კირ­ში ას­ეს­ხე?

 

ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, შიშ­მა ამ­ი­ტა­ნა და ვკითხე, ვის­გან გა­ი­გო­ნა ას­ე­თი რამ? მითხ­რა, რომ არ­ქივ­ში გავ­რ­ცელ­და ამგ­ვა­რი ხმე­ბი. ო, უბ­ე­დუ­რე­ბი­სა­გან დამ­ფარ­ვე­ლო, შენ შეგ­ვიწყა­ლე! პირ­ვე­ლად ჩე­მი უფ­რო­სი და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე, მაგ­რამ მან შვი­ლე­ბი და­ი­ფი­ცა, რომ სიტყ­ვაც არ­ა­ვის­თან წა­მოს­ც­დე­ნია. შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­ვაბ­რა­ლე, მას ხომ მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და მო­ხე­ლე­თა მე­უღ­ლე­ებს შო­რის, მაგ­რამ მა­ნაც იუარა. არ ვი­ცი, მარ­თ­ლა უდ­ა­ნა­შა­უ­ლო იყო, თუ ჩე­მი შე­ე­შინ­და. გულ­ში შხა­მი ჩა­მეღ­ვა­რა და მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან მდევ­და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და დამ­ცი­ნა­ვი მზე­რა. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ის­ი­ნი, ვინც ასე მი­ყუ­რებ­დ­ნენ, მა­ლე რო­გორც რეგ­ვენს ან შეშ­ლილს შე­მომ­ხე­დავ­დ­ნენ. მოვ­ლე­ნე­ბი უნ­და და­მეჩ­ქა­რე­ბი­ნა, ვიდ­რე ის­ე­თი რამ არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც ჩემს ან­გა­რიშ­ში არ შე­დი­ო­და.

 

კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მდი­ვანს მი­ვა­კითხე. მი­სალ­მე­ბა­ზე არ მი­პა­სუ­ხა. მხო­ლოდ ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე მი­მი­თი­თა უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, არ­ზა გა­მო­ვარ­თ­ვი და მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის მდი­ვანს მი­ვა­შუ­რე. მი­ვარ­თ­ვი მას ჩე­მი არ­ზა და ის იყო იმ­ის გან­მარ­ტე­ბას ვა­პი­რებ­დი, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მი­სი ში­ნა­არ­სი, რომ მდი­ვან­მა და­მას­წ­რო:

 

– და­ტო­ვე და წა­დი!

 

მის­თ­ვის რომ მე­ა­მე­ბი­ნა, კა­რის­კენ და­ვი­ძა­რი, მაგ­რამ მა­ინც ვკითხე:

 

– პა­სუ­ხი რო­დის იქ­ნე­ბა?

 

– არ იქ­ნე­ბა!

 

სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა და­ვიწყე:

 

– ჩე­მი თხოვ­ნა…

 

თვა­ლე­ბი ჭერს მი­აპყ­რო, თით­ქოს ალ­აჰს უხ­მობ­და ჩე­მი თავ­ხე­დო­ბის მოწ­მედ. ამ­ა­სო­ბა­ში ოთ­ახ­ში თავ­მოყ­რილ­მა ხალ­ხ­მა და­მიწყო და­რი­გე­ბა დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი მდი­ვანს და სა­მუ­შა­ოდ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შიშ­მა ამ­ი­ტა­ნა. შიკ­რიკ­მა ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მომ­კი­და ხე­ლი მკლავ­ზე, თან სა­ხე­ზე კე­თილ­გან­წყო­ბა გა­მო­ე­ხა­ტა. დე­რე­ფან­ში შიკ­რიკ­მა ამ­იხ­ს­ნა, რომ მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რია თა­ვის ფოს­ტას პირ­და­პირ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ას უგ­ზავ­ნის.

 

– მე რო­გორ გა­ვი­გო, რომ ჩე­მი არ­ზა გად­მოგ­ზავ­ნი­ლია?

 

– ერ­თი კვი­რა­ში ან 10 დღე­ში გა­მო­ი­ა­რე და მი­მარ­თე მო­ხე­ლეს, რო­მელ­საც აბ­ა­რია გა­მა­ვა­ლი ქა­ღალ­დე­ბი მთა­ვა­რი ინს­პექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში. ის მოგ­ცემს ნო­მერს და თა­რიღს და ამ­ით იპ­ოვ­ნი შენს გან­ცხა­დე­ბას…

 

ჩე­მი უძ­ლუ­რე­ბის და­სა­ფარ­ვად ვთქვი:

 

– წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ის­ე­თი პა­ტი­ვით შემ­ხ­ვ­დე­ბი­ან, რომ­ლის მე­ა­თედ­საც არ­ა­ვის მი­ა­გე­ბენ თქვენ­თან.

 

შიკ­რიკ­მა დამ­ლო­ცა: – უფ­ალ­მა ჩვენ­მა სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ძა­ლა მოგ­ცეს…

 

დავ­ბ­რუნ­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თან ვფიქ­რობ­დი: გა­მაგ­რ­დი, კრი­ზი­სი მა­ლე ჩა­ივ­ლის! ასე მე­გო­ნა, ამ დღე­ებ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტან­ჯ­ვა სა­მოთხე­ში შეს­ვ­ლის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბო­და; ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ წყვდი­ადს ნა­თე­ლი მოჰ­ყ­ვე­ბო­და და ად­რე თუ გვი­ან, მო­ვი­პო­ვებ­დი ღვთის წყა­ლო­ბას. დამ­ცი­ნა­ვი თვა­ლე­ბი კი არ მეშ­ვე­ბოდ­ნენ, მათ არ შე­მიწყა­ლეს და კვლავ და­უ­ფა­რა­ვად მიც­ქერ­დ­ნენ.

 

ერ­თი კო­ლე­გა მე­კითხე­ბა:

 

– რო­გორ? რო­დის? რა ვი­თა­რე­ბა­ში ას­ეს­ხე გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს 25 კირ­ში?

მე­ო­რე ჩამ­ცი­ე­ბია:

– არ და­უბ­რუ­ნე­ბია გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს თა­ვი­სი ვა­ლი?

ერთხელ ას­ე­თი რა­მეც გა­ვი­გო­ნე:

– ეს ის მათხო­ვა­რია, რო­მელ­მაც გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ას­ეს­ხა:

ალ­აჰს ვე­ვედ­რე­ბო­დი ჩემ­თ­ვის იობ­ის მოთ­მი­ნე­ბა მო­ე­ცა, რად­გან რწმე­ნა, რომ უფ­ა­ლი მოწყა­ლეა, არ შემ­რ­ყე­ვია. გა­ვიხ­სე­ნე, რო­გორ დას­ცი­ნო­და ნო­ეს მი­სი ოჯ­ა­ხი და რა საზ­ღა­ურს მი­ა­ღე­ბი­ნებ­დ­ნენ ღვთის­მო­შიშ­ნი. მო­ხე­ლეს­თან, რო­მელ­საც გა­საგ­ზავ­ნი კო­რეს­პონ­დენ­ცია ეხ­ე­ბო­და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში, სრუ­ლი ორი კვი­რის შემ­დეგ მი­ვე­დი. მან წე­რი­ლის ნო­მე­რი და თა­რი­ღი მომ­ცა. ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვკითხე:

– რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ვი­გო შე­დე­გი?

ყოვ­ლად გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი აღშ­ფო­თე­ბით მითხ­რა:

– ეს მხო­ლოდ ყოვ­ლის­მ­ცოდ­ნემ იც­ის.

ასე იყო, თუ ისე, ჩემ­მა თხოვ­ნამ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის კან­ცე­ლა­რი­ას მი­აღ­წია. გა­ვახ­სენ­დე­ბი, შე­საძ­ლოა გა­მო­მი­ძა­ხოს ან და­მეხ­მა­რე­ბა მა­ინც. ბედ­ნი­ერ სიზ­მ­რებს ვხე­დავ­დი, თავს ვი­ი­მე­დებ­დი სამ­სა­ხურ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბით ან ჯა­მა­გი­რის მო­მა­ტე­ბით, რაც ჩე­მი შვი­ლე­ბის სარ­ჩენ თან­ხას მი­ე­მა­ტე­ბო­და. ერთხელ, არ­ქივ­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ფოს­ტა მომ­ქონ­და, თან ტახ­ტის აიას ვი­მე­ო­რებ­დი. ერ­თი მო­ხე­ლე წინ გა­და­მიდ­გა და და­მიწყო გა­მო­კითხ­ვა:

– მარ­თა­ლია, რომ…?

დამ­ცი­ნავ პრო­ვო­კა­ცი­ებს ვე­ღარ ვი­ტან­დი, ამ­ი­ტომ შე­ვაწყ­ვე­ტი­ნე:

– გა­ჩუმ­დი, უზრ­დე­ლო!

დაბ­ნე­ულ­მა უკ­ან და­ი­ხია, თან ბურ­ტყუ­ნებ­და:

– შენ შეშ­ლი­ლი ხარ, ეს უეჭ­ვე­ლია.

– მომ­შორ­დი, თო­რემ გა­ვიხ­დი ფეხ­საც­მელს და თავ­ზე და­გაფხ­რეწ!

კე­თი­ლი და ბო­რო­ტი ად­ა­მი­ა­ნე­ბი მა­შინ­ვე ჩად­გ­ნენ ჩვენს შო­რის და მე­ო­რე დღეს დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­სი­ა­ში მიხ­მეს. თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მითხ­რა:

– შენ ბრა­ლი გე­დე­ბა იმ­ა­ში, რომ რე­ვი­ზორს სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნე და მის ცე­მა­საც აპ­ი­რებ­დიო.

– მე ერ­თი სა­ცო­და­ვი კა­ცი ვარ. მას ჩე­მი გა­მას­ხა­რა­ვე­ბა უნ­დო­და და თა­ვი­დან მო­ვი­შო­რე. ეს არ­ის და ეს-მეთ­ქი.

რე­ვი­ზო­რი ამტ­კი­ცებ­და, რომ მას უნ­დო­და მხო­ლოდ ეკ­ითხა ჩემ­თ­ვის, ხომ არ მო­სუ­ლა ხა­ზი­ნი­დან მი­სი კო­რეს­პონ­დენ­ცია. მის­მა კო­ლე­გებ­მა და ჩემ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს. ბო­ლოს მეც ვირ­წ­მუ­ნე, რომ ის მარ­თალს ამ­ბობ­და და მივ­ხ­ვ­დი, რომ ყო­ვე­ლი­ვე მო­მეჩ­ვე­ნა. უკ­ან და­ვი­ხიე:

– იმ­დე­ნი მა­მას­ხა­რა­ვებს, რომ ის­იც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი მე­გო­ნა.

დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მკითხა:

– რა­ტომ გა­მას­ხა­რა­ვე­ბენ?

დავ­დუმ­დი. მოწ­მე­ებ­მა და­იწყეს სეს­ხის ამ­ბის მო­ყო­ლა. ავყ­ვირ­დი:

– ტყუ­ი­ან! მსგავ­სი არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. ბო­რო­ტი მო­ნა­ჭო­რია!

ჩემ­სა და მოწ­მე­ებს შო­რის და­იწყო კა­მა­თი, რო­მე­ლიც ზრდი­ლო­ბის საზ­ღ­ვ­რებს გა­დას­ც­და და კი­ნა­ღამ ცე­მა-ტყე­პით დამ­თავ­რ­და. სა­ბო­ლო­ოდ გულ­გა­ტე­ხილ­მა დავ­ტო­ვე იქ­ა­უ­რო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ჩემ­მა უფ­როს­მა მიხ­მო და სევ­დი­ა­ნად მითხ­რა:

– და­ად­გი­ნეს, 5 დღის ხელ­ფა­სი და­გიქ­ვი­თონ.

– ეს აშ­კა­რა უს­ა­მარ­თ­ლო­ბაა. ის­ე­დაც ძლივს ვარ­ჩენ ბავ­შ­ვებს…

– შემ­დეგ­ში მეტ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენ…

– შევ­ც­დი, მაგ­რამ სა­პა­ტიო მი­ზე­ზი მაქვს. რო­გორ ფიქ­რობ, ხომ არ მი­აღ­წია ამ სე­ხის ამ­ბავ­მა მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტ­რის ყუ­რამ­დე?

– ჩვენს სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს უთხ­რას მას ას­ე­თი რამ.

ათ­ას­გ­ვა­რი უბ­ე­დუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩე­მი რწმე­ნა ალ­ა­ჰი­სად­მი არ შერ­ყე­უ­ლა. თავს ვირ­წ­მუ­ნებ­დი, იგი ისე მიხ­ს­ნი­და ჩე­მი უბ­ე­დუ­რე­ბე­ბის­გან, რო­გორც იოს­ე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა საპყ­რო­ბი­ლე­დან. რაც მე­ტად უარ­ეს­დე­ბო­და ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა, მით უფ­რო მეტს ვოც­ნე­ბობ­დი აღთ­ქ­მულ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, მით უფ­რო მე­ტად მწამ­და ბედ­ნი­ე­რე­ბის დად­გო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კარ­გა ხანს შე­ვი­ცა­დე და მე­რე მი­ვა­დე­ქი მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას იღ­ებ­და მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში. სრუ­ლი­ად უმ­ი­ზე­ზოდ მკვა­ხედ მო­მა­ხა­ლა:

– ცნო­ბებს მხო­ლოდ ხუთ­შა­ბა­თო­ბით ვიძ­ლე­ვი.

ორ­შა­ბა­თი იყო და რად­გან უკ­ვე ვიწ­ვ­ნიე სა­მარ­თ­ლის ძა­ლა დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­სი­ა­ში, უს­იტყ­ვოდ გავ­ბ­რუნ­დი. ახ­ა­ლი უბ­ე­დუ­რე­ბა ჩემს უფ­როსს შევ­ჩივ­ლე და მან ხა­ზი­ნის ვე­ქილ­თან წა­მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც კან­ცე­ლა­რი­ის იმ მო­ხე­ლის ნა­თე­სა­ვი იყო, რო­მელ­საც კო­რეს­პონ­დენ­ცია ებ­ა­რა. ვე­ქი­ლი და­თან­ხ­მ­და და­ე­რე­კა ნა­თე­სა­ვის­თ­ვის და გა­მო­ე­კითხა ჩე­მი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. ერთხანს დუმ­და და ისე უს­მენ­და ხმას ყურ­მილ­ში, ბო­ლოს ყურ­მი­ლი და­დო და თქვა:

– ვწუხ­ვარ, მაგ­რამ თხოვ­ნა­ზე უარი გითხ­რეს,

ამ ცნო­ბამ თავ­ზა­რი დამ­ცა, ჩე­მი იმ­ე­დე­ბი სულს ღა­ფავ­დ­ნენ, მა­თი ნან­გ­რე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლილ­მა მა­ინც ვი­კითხე:

– ჩე­მი თხოვ­ნა მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს თუ წა­რუდ­გი­ნეს?

– რა თქმა უნ­და. უარი მი­სი ბრძა­ნე­ბით გითხ­რეს.

– შე­უძ­ლე­ბე­ლია!

უკ­ო­მენ­ტა­როდ გა­ი­ღი­მეს.

– მო­ვე­ლო­დი, რომ თა­ვის­თან მიხ­მობ­და!

ვე­ქილ­მა თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად შე­მომ­ხე­და. უკ­ან დავ­ბ­რუნ­დით. თან ვჩურ­ჩუ­ლებ­დი:

– არ მჯე­რა.

– ყვე­ლა თხოვ­ნას ას­ე­თი ბე­დი ეწ­ე­ვა ხოლ­მე.

– მაგ­რამ მან ხომ თვი­თონ მიბ­რ­ძა­ნა არ­ზა და­მე­წე­რა.

– მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ვი­ღაც ხუ­მა­რას მსხვერ­პ­ლი გახ­დი.

– არა… არა…

– მა­შინ, ალ­ბათ, და­ა­ვიწყ­და. უამ­რავ­მა საზ­რუ­ნავ­მა გა­და­ა­ვიწყა.

– მაშ, რა ვქნა?

– ალ­აჰს მი­ან­დე შე­ნი საქ­მე…

მაგ­რამ უკ­ვე სი­ჯი­უ­ტემ შე­მიპყ­რო. დაწ­ვ­რი­ლე­ბით შე­ვის­წავ­ლე დი­რექ­ტო­რის ცხოვ­რე­ბის გან­რი­გი, მი­სი გა­და­ად­გი­ლე­ბის გრა­ფი­კი და დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, არც უხ­ეშ ძა­ლას, არც ბრმა სა­კან­ცე­ლა­რიო ბრძა­ნე­ბებს არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი.

* * *

დი­რექ­ტო­რის მან­ქა­ნა და­იძ­რა, რა­თა სამ­მარ­თ­ვე­ლოს შე­ნო­ბის წინ დახ­ვედ­რო­და მას. კა­რის­კა­ცი, შიკ­რი­კე­ბი და სა­პო­ლი­ციო დაც­ვა ორ რი­გად და­ლაგ­დ­ნენ. მე კი შე­სას­ვ­ლელ­ში და­ვი­მა­ლე დი­დი პლა­კა­ტის უკ­ან, რო­მე­ლიც ხალხს მო­უ­წო­დებ­და აუქ­ცი­ონს სწვე­ოდ­ნენ. ეზ­ო­დან ხმა­უ­რი მო­ის­მა და გა­მოჩ­ნ­და დი­რექ­ტო­რის კორ­ტე­ჟი; რო­დე­საც მო­მი­ახ­ლოვ­დ­ნენ წა­ვი­ბურ­ტყუ­ნე “სა­ხე­ლი­თა ალ­ა­ჰი­სა, მოწყა­ლი­სა, მწყა­ლო­ბე­ლი­სა!” და გზა გა­და­ვუ­ჭე­რი დი­რექ­ტორს, რომ მუხ­ლი მო­მე­ყა­რა მის წი­ნა­შე წყა­ლო­ბის სათხოვ­ნე­ლად.

ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა:

– გი­ჟი… ფრთხი­ლად, თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ!

აქ სა­ერ­თო არ­ე­უ­ლო­ბა და­იწყო და სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი ატყ­და. წე­სი­ე­რად ვერც კი გა­ვი­გე, რა მოხ­და. მი­წა შე­ქან­და ჩემს ფეხ­ქ­ვეშ და ათ­ო­ბით ძლი­ერ­მა ხელ­მა გა­მა­კა­ვა.

რა მეთ­ქ­მის ამ­ის შემ­დეგ?! სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, რად­გან პო­ლი­ტი­კურ დამ­ნა­შა­ვედ მი­მიჩ­ნი­ეს, მაგ­რამ რო­დე­საც შეც­დო­მა ცხა­დი გახ­და, წარ­მო­მიდ­გი­ნეს ბრალ­დე­ბა, რომ დი­რექ­ტორს თავს და­ვეს­ხი, რად­გან მან თხოვ­ნა­ზე უარი მითხ­რა.

ცი­ხე­ში დურ­გ­ლო­ბა ვის­წავ­ლე; დღეს ამ­ით ვირ­ჩენ თავს და ვზრდი შვი­ლებს…

© “არილი”

Facebook Comments Box