
***
ჩვენ ტირილით ვიბადებოდით
იქ, სადაც უნდა გვეცინა და გვეჟრიამულა
და
თვალდახუჭული მოვდიოდით ამ ხმაურში,
სიმშვიდისათვის.
ცდება ადამიანი,
შორსაა მშობლიური ქალაქები.
სამაგიეროდ,
ხელის ერთ გაწვდენაზეა
ტკბილი კოცონი,
რომელზეც შენი აზრებისთვის
უნდა დაიწვა.
***
შენ შეეხები ცოცხალ ღმერთს,
რომელიც არაფერს ნიშნავს,
მაგრამ
ძილის წინ იმ ღმერთის სახელზე ილოცებ,
რომელიც არასდროს გინახავს.
ყველაფერი იმისთვის ხდება,
რომ
არაფრის შეგეშინდეს,
რომ გადაყარო ყველა ხატი,
დაივიწყო ყველა მოძღვრება,
რადგან შენი სინდისია
შენი ღმერთი,
რომელსაც ვერც შეეხები და ვერც დაინახავ,
საკმარისია
მხოლოდ უსმინო.
***
ღმერთი ცხოვრობს ბარაკებში.
ამ ქვეშაგების უკან,
ამ მტვრის გვირაბებში.
ერთი წამის წინ ჩაიქროლა
შენ შორიახლოს ლურჯი მოპედით.
ქუჩის კუთხეში მიმოყრილი ნარჩენებიდან
ღვთაებრივი კვამლი ამოდის.
ღმერთი ცხოვრობს სარდაფებში,
ჰიმალაების,
კავკასიონის
და ალპების მთების მწვერვალზეც.
შენი გულის სხარტი მწევარი
ამ ქაოსებს ვერ დაეწევა.
ღმერთიც ეწევა
გონებისკენ მსუბუქ აპრილებს.
ასეთია უცხო ნაპირი.
თუ დააპირო,
დანებება თუ დააპირო,
არსად წახვიდე,
ბარაკებში მოძებნე შუქი,
ყველა ჭუჭყის და მტვრის უკან.
არაფერია საიმედო
არაფერია საიმედო,
თუ არც ღიმილი გაიმეტე,
თუ არც გულისყური გაიმეტე.
ცა იმედებს არ შობს.
მხოლოდ წკავწკავი ძაღლების,
მხოლოდ ყეფა ადამიანების.
და ცვალებადი მოღრუბლულობა ბარში.
არაფერია საიმედო,
თუ არც სიყვარული უნდა გაიმეტო,
თუ არც “როგორ ხართ”, “მესმის”, “სალამი”,
მწიფე ღრუბლები ამინდს კრძალავენ,
შემოდგომის მოსვლას შევხარი.
გაეცალა ჩემს სულს მერქანი.
ბავშვი ვერ ითამაშებს ამ ქალაქში,
ბავშვი ვერ დაიბადება ამ ქუჩებში,
აზრი ვერ დაიბადება ამ ქაოსში,
რომელიც
სიმშვიდეს არ მოასწავებს,
მიეცათ სვავებს ნადავლი,
მიეცათ ლხენა.
ვერ თარგმნის ენა ამ სიძულვილს –
ქალაქის წყურვილს.
არაფერია საიმედო,
მხოლოდღა რხევა უიმედოდ,
ბეტონებში გამხმარი ხეების,
უკანღა ვიხედები,
გაგრილებული ნაღვერდალით ტკბობის ძებნაში,
ბავშვობაში,
ოცნებების გამოძინებაში.
არაფერია საიმედო,
ერთი რამ მაძლევს პირველქმნილ სითბოს,
დიდი ხნის წასულს,
მშობლების სახლში,
ჯერ კიდევ მხვდება
ხელუხლებელი ჩემი პირსახოცი.
***
ყოველი მეოთხე ბავშვი
საარსებო შემწეობას იღებს,
ყოველი მეოთხე ბავშვი მშიერია,
ყოველი მეოთხე ბავშვი მაძღარია სიღარიბით,
ისე მაძღარი,
ამ სიმაძღრისგან გული ერევათ,
გზა ერევათ,
ერევათ აზრი.
მათი გზა არ მიდის ტაძართან,
მათი გზა არ მიდის არსად.
ყოველი მეოთხე ბავშვი მშიერია,
ჩემი შვილი კი ტირის
შოკოლადებს,
ლამაზ კედებს,
ჩემი შვილი კი ყვირის
ფუნთუშებს,
ყველაფერს.
პოეზია არაა მაძღართათვის,
პოეზია მშიერთათვისაა.
© არილი