ესე

რეზო გეთიაშვილი – რა ელოდებათ წიგნებს – პასუხები პირველ გვერდებზე

თუ კარგი პასუხი გაქვს, ვადაგასული კითხვების დასმაც შეიძლება.

სუსტი ჰიპოთეზებიც ზოგჯერ საინტერესო ინტერპრეტაციების ნიშანია.

რაღა დროს წიგნია?

ლაშა ბაბილუას „განგაშის იავნანა“, თინათინ ხუტურიძის „უთხარით ქარებს“, ალეკო ცქიტიშვილის „თავები“[1] და ნინი ელიაშვილის „ბავშვს სადაც უნდა იქ იდგება“ – ერთდროულად ამ ოთხი კრებულის გადაშლამდე და იმის გარკვევამდე, თუ რა გველოდება ამ წიგნებში, იმას ვარკვევთ, თვითონ ამ წიგნებს რა ელოდებათ. უფრო სწორედ, წიგნებს – ზოგადად, როგორც ასეთებს, ამ ფანტასტიკურ, ტექნოლოგიურ რეალიზმში.

ჩვენს აჩქარებულ დროში კითხვა უკვე ზედმეტად რთულ გასართობად და შრომატევად სიამოვნებად იქცა, მით უმეტეს – ახალი თაობისთვის. ელიტურობაც დაიკარგა და მოდურობაც – არც კითხულობენ და ამას არც მალავენ. განწყობები სულ უფრო მკაცრია: მძიმეები, მოწყვლადები, შეუფერებლები და ასოციაციები ­- სულ უფრო დრამატული: როგორც დინოზავრები. საინფორმაციო ინდუსტრიისთვის მასობრიობა აღარ ყოფნით, ნიშურობისთვის კი – მიმზიდველობა. დიდი ვიტრინებიდან მალე, ალბათ, ინგრედიენტებშიც ჩამოვაბარგებთ, სადმე მედიაში მაინც რომ გავთქვიფოთ, ძველში თუ ახალში. მეტი-მეტი, ხემსად დავიტოვოთ – ხანგრძლივ, მოსაწყენ ფურცვლა-ცმუცვნას, ისევ ელეგანტური დაგემოვნებები სჯობია.

მერე ჩვენ რას ვშვრებით, როგორც ლადო იტყოდა, „ძმებო მგოსნებო“? ან ეს ოთხი წიგნი ვისთვისაა და მათი ვადები როგორ იქნება? კრიტერიუმებისთვის მაინც ხომ არ გადაგვეხედა? თუნდაც მეტი პლასტიკურობა და შეხამება-თავსებადობა მოგვეთხოვა – უწყვეტობის, დამოუკიდებელი ფორმების, სიღრმისა და მასშტაბურობის, მით უმეტეს, ტვინის ჭყლეტისა და მთავარი კითხვების კირკიტის ნაცვლად.

გარკვეულ მოლოდინებს თავის მართლებასავით გრძელი შესავლებიც ქმნიან. ფაქტი კი ისაა, რომ ეს თეორიები ბოროტი ფანტაზიების იქით ვერ წავიდა და წიგნები ისევ „თამაშში რჩებიან“.

მიზეზი ჩვენი მავნე ჩვევა და სუსტი წერტილია – გარდასახვა, რაც წიგნში უფრო გამოგვდის, ვიდრე თუნდაც ტექნოლოგიურ და კომპლექსურ სფეროებში, კინო იქნება თუ ვიდეო-თამაშები.

სრული ანაქრონიზმია – გარშემო ტექნოლოგიები მართლა ყველაფერს აყირავებენ, ჩვენ კი ისევ წიგნებით ვმედიტირებთ. თან თითქოს ცივილიზაციამ გვერდი აგვიარაო, ზუსტად ისე ვწერთ, როგორც ათასწლეულების წინ, ზოგჯერ უარესადაც და ამის მიუხედავად, ამ თეთრზე შავად ჩამწკრივებული სიმბოლოებით მოჯადოებაც გამოგვდის, ტელეპორტაციაც და სხეულის გამოცვლაც, როცა მოგვინდება, სადაც მოგვინდება და რამდენჯერაც მოგვინდება.

არანაირი მაგია და პარაფსიქოლოგია – ამ ფენომენს ისევ ტექნოლოგიებით თუ ავხსნით:

წიგნი კოდირება-მოდელირების დახვეწილ, თითქმის სრულყოფილ სისტემას იყენებს და „სიტყვების ხელოვნება“, სინამდვილეში, „სიტყვების ტექნოლოგიაა“. ჰოდა, წიგნს ვერანაირი ტექნოლოგიური გარღვევა ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ყველაზე დიდი ტექნოლოგიური გარღვევა თვითონ წიგნია.

„წიგნის სასწაული“ ენების, როგორც კიდობნების გრანდიოზულ, ათასსაუკუნოვან, უსასრულო, თითქმის მარადიულ მშენებლობას უკავშირდება, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ჩავტიეთ, თანაც თავისი ვარიაციებით და ინტერპრეტაციებით. საგნების დასათაურებამ, მოვლენებისთვის სახელის დარქმევამ, ფიზიკური რეალობის ვირტუალური ანალოგი შექმნა, თვითონ რეალობა კი თავისივე საწყისის რეინკარნაციად აქცია: საგანი-სახელი-საგანი, სინამდვილე-გამონაგონი-სინამდვილე, ვიზუალური-ვერბალური-ვიზუალური. ეს იყო გაციფრულება ევოლუციამდე, სიტყვების რევოლუცია, სამყაროს დაშლა, გადაწერა, სიმბოლოებში გადატანა, მერე თავიდან აწყობა და ხელახლა გაშვება.

ახლა სიტყვები გაცილებით მეტია, ვიდრე კომუნიკაცია და თუნდაც ინფორმაციის შენახვა-გადაცემა. ისინი აყალიბებენ აუცილებელ მასალას ფიქრისთვის, სიზმრისთვის და ნებისმიერი გააზრებული აქტისთვის, რასაც ხანგრძლივობა და თანმიმდევრულობა სჭირდება. ვერც ღრმა ინტელექტუალურ პროცესებში ვეღარ მოვაქცევთ – საგნები მარტო დატვირთვას კი არა, სახესაც სიტყვებისგან იღებენ, რადგან აღქმისა და შემეცნების ნებისმიერი პროდუქტი, თუნდაც მხედველობითი და შეგრძნებითი, ჩვენში მაშინვე სიტყვებად ტრანსფორმირდება. სიტყვებისგან თავისუფალი სამყარო ჩვენთვის უბრალოდ აღარ არსებობს.

თან წიგნებში ხომ საუკეთესო მაგალითებს ვგულისხმობთ, როგორებიც ნამდვილად იყო და სიტყვებით „მთებიც გადაიდგა“, მათ შორის – ქართულ ენაზე და მათ შორის – ლირიკაში.

პირადი დიალექტები

ისტორიებისგან თითქმის დაცლილი, ზოგჯერ აზრისგანაც, ხან მთლიანად სიტყვებით თამაშია, გრძნობებიც კი არ არის, ან თუ არის, ზედმეტად გაშიშვლებული, ძალიან ვულგარული, იქნებ ამორალურიც, რადგან გრძნობებით თამაშიცაა.

ეს ლირიკაა.

ხან – წმინდა და რიტუალური ან ფილოსოფიური და ისეთი მკვრივი, რომ ფორმულა, დოგმა და აფორიზმია. პროცესებიც განსხვავდება – ლექსს როცა წერ, თითქოს დაფრინავ, პროზის წერის დროს კი ტალახში ეფლობი.

ენა პოეზიაში – ესაა, რა სიტყვებითაც ვხედავთ და არა – რაღაც გრამატიკა, ლექსიკა და კომპოზიტები. ამიტომაა, რომ საკუთარი ხედვების მსგავსად, პოეზიაში საკუთარი, საავტორო, სახელობითი ენებიც არსებობს. ორი და სამი ახალი ენა ერთი ეპოქისთვის ზედმეტად ბევრი რომ არ მოგვეჩვენოს, დავაზუსტოთ, რომ ასეთი ახლა ოცია, ოცდაათია და არაფერი განსაკუთრებული – მსგავსი აფეთქებები ბევრჯერ, ბევრგან და ჩვენთანაც ყოფილა.

სიახლეს ლიმიტები სჭირდება. ერთი და იმავე ადამიანის კიდევ და კიდევ მოჯადოება შეუძლებელია, თუ მისი გემოვნება არ შეიცვალა. ბიოტექნოლოგიურმა მაგიამ დიდხანს რომ იმუშაოს, რაღაც პერიოდის მერე მკითხველის ღირებულებების გადაფასებაა საჭირო (არც კლასიკაა გამონაკლისი – უბრალოდ, გენიოსები შედარებით დიდხანს ძლებენ).

ტექსტსაც ეს ამოძრავებს: ჯერ იმას ცდილობს, რომ მკითხველს მოერგოს და მერე აქეთ ირგებს მკითხველს, ამისთვის კი აუცილებლად სადმე უნდა გადაუხვიოს. ნებისმიერი ნაწარმოები, ყველაზე მარტივი და ნატურალისტურიც, რაღაც კუთხით მაინც არაორდინალურობისკენ იხრება, რაც თან ძალიან კომფორტულია იმისთვის, რომ გამოცადო. ტექნიკაც საჭიროა, სტილიც, ვირტუოზობაც და შთაგონებაც, მაგრამ მთავარი მაინც ერთგვარი ავტო-ილუზიონის მოწყობაა, რომელიც მაქსიმალურად უჩვეულო ამპლუების, თავგადასავლების, ხასიათების, მთლიანად, ცხოვრების, კანის გაცვლას გვთავაზობს. ამას კი, გულწრფელობასთან და ბუნებრიობასთან ერთად, უჩვეულობა და მოუხელთებლობაც სჭირდება. სხვანაირად წიგნის სასწაული არ შედგება და არც მკითხველს გამოუვა, სიტყვები თავისთან წამოიღოს, გადმოტვირთოს და წამმზომს გააყოლოს:

დეკემბერს, ზოგადად, ყველაფერს ვპატიობთ,

ცხრა დღისწინ, პირდაპირ გამზირთან მოვიდა.

“განზებმა” გაძარცვეს ქალაქი, რადიო:

ასი და ორიდან

(ლაშა ბაბილუა)

წიგნებიც ერთდროულად ატარებენ მსგავსებას და განსხვავებას მკითხველთან, თანაც ერთდროულად დიდ მსგავსებას და განსხვავებას – თან ძალიან პირადულს და თან ყველაზე ზოგადს, ახალი და თითქოს მაინც ნაცნობი ელფერით და არომატით, უცხოც რომ უნდა იყოს და მშობლიურიც, მიუღებელიც და საკუთარიც, უცნაურიც და თავსებადიც:

ხომ გახსოვს როგორ დავიღალე სახლის მიგნებით

სახლს თავის თავი გამუდმებით სხვაგან მიყავდა

უთხარი როცა გათოვდება აღარ ვიქნები

როგორ მიყვარდა

(ნინი ელიაშვილი)

საგანი-სახელი-საგნის სქემა იმპრესიული და ერთჯერადია. თითქმის ყოველთვის თავიდან გიწევს, შექმნა სახელი, როგორც საგნის სიცოცხლის ახალი ფორმა და საგანი, როგორც სიტყვის რეინკარნაცია. ოღონდ გამოსასახსა და გამოსახულს, ნახატსა და ნატურას შორის განსხვავებულობა უნდა იყოს მაქსიმალურად, ზედმეტად თვალშისაცემი, ხოლო სურათი, ამ განსხვავების მიუხედავად, სრულიად ბუნებრივი და პირველადი:

ზაფხულის იმ დღეს,

იმ თაფლივით ტკბილ და ყვითელ ვარვარა დილას,

მზის სხივები რომ ხეთა ტოტებზე,

ვენახზე და იმის უკან, მსხმოიარე მწიფე ბაღზე საიმედოდ დაფენილიყო,

მწვანეთვალება დედაჩემმა გაშალა სუფრა ალუბლის ჩრდილქვეშ,

მე კი გამგზავნეს გოლიათი მამაჩემის დასაძახებლად

(თინათინ ხუტურიძე).

წიგნი ნიშნავს საავტორო, ექსკლუზიურ პრიზმას, რამაც მკითხველის პირადი ხედვები უნდა გადატეხოს და სამყაროს განსხვავებული, თუნდაც სინთეზური იერი მისცეს. სინამდვილისა და ანარეკლის სადღაც აცდენაც ამ სინთეზზეა აწყობილი. არაა აუცილებელი, იპოვო ჭეშმარიტება, საკმარისია, იპოვო გასაღები, რომელიც რომელიმე ჩაკეტილ კარს მოერგება:

დროა, მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა),

მისტერ S, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.

ღამეა. მძიმე ასოების დაგვირისტებით

ვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევს

(ალეკო ცქიტიშვილი).

ნინი ელიაშვილის შემთხვევაში, ეს რღვევები უფრო იოლად ლაგდება, რადგან მისი თავისუფლება ყველაფრის უფლებაა და მისი წითელი ხაზიც ესაა, ამაზე დაბლა არ ჩამოდის. რაც შეეხება ლაშა ბაბილუას, ის, პირიქით, საკუთარ თავთან მდიდარი ბურჟუასავით იქცევა, მისგან ყოველ ჯერზე რამე შეუძლებელს, მიუღწეველს ითხოვს და ისიც უნაკლოდ უსრულებს. ამ დროს თინათინ ხუტურიძე ფენტეზით თამაშობს, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ჩვენს რეალობას ეს მისი ზღაპრები კი არ ასცდა, პირიქით, ეს ჩვენი რეალობა ასცდა მის ზღაპრებს, რადგან სიმართლე სიმართლეში კი არა, სწორედ ზღაპარშია. ამიტომ შეუძლია, სიტყვებითაც გაერთოს და ფერებითაც, თანაც უმარტივესად, თითო ტონის აწევ-დაწევით და იმ პირობით, რომ როცა რაკურსი აგვერევა, სინამდვილეში, სწორედ მაშინ გავასწორებთ.

თუ ეს სამი ავტორი ვარსკვლავებს დედამიწიდან უყურებს, ალეკო ცქიტიშვილს საწინააღმდეგო გზა აქვს არჩეული – სხვა პლანეტიდან გველაპარაკება, სადაც პერსონაჟები დიდი ხნის წინ დასახლდნენ, თავისთვის ცხოვრობენ და არ არის აუცილებელი, ყველაფერი ვიცოდეთ მათ შესახებ. იდეაც ამაშია, ჯერ სცენაც არ გახსნილა, რომ სიტყვით გამოდის და სანახაობაზე, შოუზე გვეპატიჟება. მკითხველის ტექსტთან გაუცხოებაც პირველივე სიტყვებიდან გარანტირებულია – ჯერ ამ უცხო სიუჟეტში უნდა შევყვეთ და ხაზების გავლება მერეღა ვცადოთ, ავტორისკენ თუ საკუთარი თავისკენ, როგორც პროზაში. ეს მარტო იმ მოულოდნელობებს კი არ ქმნის, რომლებიც უნდა გაიაზრო, არამედ, მოლოდინებს, რომლებიც სულ მართლდება.

ექსპერიმენტული და მეტაფორული აზროვნება პოეტებისგან არავის უკვირს და არც სტილის, ფორმისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გარჩევაზე ღირს დროის კარგვა. ნამდვილი ლირიკის კითხვა დანაღმულ ველზე სიარული ან დანაღმულ ცაში ფრენაა და განაღმვა თუ „დასპოილერება“ მავნებლობასთან ერთად, აბსურდიც იქნებოდა.

ამიტომ ჩვენც მხოლოდ პირველი გვერდებით შემოვიფარგლოთ, „ერთი ლექსის ანალიზით“, პირველი ლექსით – თითოეული წიგნიდან.

საფირმო პოეტური მანევრების მსგავსად, არც „მთავარ კითხვებზე“ მსჯელობა ივარგებს, რაც, ამავდროულად, საკვანძო კომპონენტიცაა განსხვავებების მისაღებად. ეს არ ნიშნავს, რომ შინაარსის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩება, ან მაღალმხატვრულობის გამო ერთგვაროვან განწყობებს გაატარებს, ამასაც ახსნა თუ არ მოუძებნა. ჟანრობრივ ჩარჩოს არც ნინი ელიაშვილი ეხება, არც ლაშა ბაბილუა და არც თინათინ ხუტურიძე. პირველი – სულ ეგზისტენციალიზმის ზღვარზეა, მეორე – ამას სოციალურ გარნირსაც უმატებს, მესამე კი – იმპრესიონისტია და დიდ ტილოებს ხატავს, მათში რაღაც წამიერი შეგრძნებების გადასარჩენად. ვერცერთს ვერ შეედავები, რადგან მათი ენის, მათი სიმართლის და ნამდვილობის საზღვრები ესაა.

ალეკო ცქიტიშვილი უფრო „პერიმეტრიდან მოქმედებს“ და მის სუპერპოეტურ ემოციებში სუპერპროზაული ფართო გამოცდილებაც შემოდის: ცივი გონება ღრმა ექსპრესიასთან ერთად; ავტორი, თავისი თავიდან რომ წავიდა და თავის თავს შეხვდა; ერთგვარი პერსონაჟი-ავტორი, თან ზღვრებს რომ შლის და ამით მეტამორფოზას აადვილებს და თან საკმაოდ საინტერესო ამპლუები აქვს – კანის გასაცვლელად.

პროზაიზმებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ რუსთველმა რომ გვასწავლა (ან იქნებ მანამდე ვიცოდით), თანამედროვეობაში კი პოეზიის „შესაბამისობის სერთიფიკატად“ იქცა, ოთხივე ავტორისთვის წმინდათა-წმინდაა. ოღონდ თითქოს მოდააო, ეს პროზაიზმები, ზეპოეტურობაშია შეზავებული, თან ყველასთან სხვადასხვა ფორმით: ნინი ელიაშვილთან – მისთვის უჩვეულო არქაიზმით, ალეკო ცქიტიშვილთან – თვითირონიული აღმატებითით, თინათინ ხუტურიძესთან – ზღაპრის სლენგით და ლაშა ბაბილუასთან – მუსიკით.

ბუნებრივია, რომ ოთხივე საავტორო ენა უფრო ფართო ენობრივ კალაპოტებშიც მიედინება. ნინი ელიაშვილი და ლაშა ბაბილუა, ფაქტობრივად, გალაკტიონის ახალ დიალექტს აკეთებენ, სადაც სიტყვები ნაკადულივით მოდის და შემდგომი ავტორების გავლენები მაქსიმალურად გამქრალია. ალეკო ცქიტიშვილის ენა უფრო პოსტმოდერნისტულია, რაც გალაკტიონის მერე კიდევ ბევრჯერ გადამუშავდა და მისთვის მთავარი სკულპრუოზულობა, ვირტუოზობა და სრულყოფილებასთან ახლოს ჩავლაა. აქვე „ლაივებით“ დახუნძლული ვერლიბრები თინათინ ხუტურიძესთან, ისეთი გულწრფელი, რომ უკვე აღარ გჯერა და ისეთი მატყუარა, რომ ყველაფერს იჯერებ.

მე მჯერა, რომ ამ ავტორებზე კიდევ ბევრი დაიწერება და ბევრად უფრო სიღრმისეული ანალიზებიც გაკეთდება. ეს ამბები ლიტერატურათმცოდნეებს დავუთმოთ, ჩვენ კი ჩვენს ექსპერიმენტს მივყვეთ და თითო ავტორის თითო ლექსი „გავარჩიოთ“.

ხომ გახსოვს როგორ დავიღალე სახლის მიგნებით

შეიძლება თუ არა, რომ ყველაზე არაორდინალური ტექსტი ყველაზე ჩვეულებრივი გახდეს? რა თქმა უნდა – ჩვეულებრივი ხომ ყოველთვის არაჩვეულებრივისკენ მიისწრაფვის და პირიქით.

უკიდურესად გამარტივებული სინტაქსი, წყალივით თხრობა და „წყლის ზედაპირზე“ განგებ დატოვებული ფეხის წამოსაკრავები; მხატვრული პარადოქსები – ყოველ ნაბიჯზე; არაარსებითი ორმაგი ინტერპრეტაციები, რაც სასვენი ნიშნების არქონის გამოცაა; დაკოჭლებული ბოლო სტრიქონი; ადგილ-ადგილ – კონვენციის დაუწერელი კანონების რღვევა, მაგალითად, გარითმული სუფიქსები – ეს იმ ინგრედიენტების ნაწილია, რაც რაღაც მთავარს, ძირითადს, საბაზისოს უნდა შეერიოს და ნინი ელიაშვილის ენა წარმოქმნას. უფრო არსებითი კი – გზების „ჩადების“ და „შეცურების“ ტექნიკაა, მოტყუებით სხვა სამყაროში რომ უნდა გადაგვიყვანოს.

„უთხარი როცა გათოვდება აღარ ვიქნები როგორ მიყვარდა“. აქ სამივე პირი გარკვეულია: პირველი – ავტორი, რომელიც კვდება, მეორე – ჩვენ, მკითხველი და მესამე – მთავარი გმირი, ვისაც ავტორის სიკვდილის შემდეგ მისი საიდუმლო უნდა გადავცეთ. უცნაურიც სწორედ ესაა – ჩვენ მოგვმართავენ, ვიღაცასთან რაღაცას გვაბარებენ, ადგილი გამოგვიყვეს, როლი მოგვანიჭეს, ანდერძის აღსრულების ფუნქცია დაგვაკისრეს, თან პირველივე ლექსში, მოწმედ გვაქციეს, უფრო – თანამონაწილედ, თამაშში გვითრევენ, ხელში ლექსი-ანდერძი გვიჭირავს ან იქნებ – წიგნი-ანდერძიც, რადგან პირველი ლექსია.

მეორე პირი და მიმართვის ფორმები პოეზიაში ფართოდაა მიღებული, ავტორი ხან საკუთარ თავს ელაპარაკება, ხანაც კონკრეტული ადრესატი ჰყავს – ადამიანი, ღმერთი, სამშობლო… თუმცა, უშუალოდ მკითხველისადმი მიმართვა ის იშვიათი და რისკიანი გამონაკლისია, თავი ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში რომ ამოწურა და სადმე დიდაქტიკურ ჟანრში დასრულდა. მკითხველისთვის როლის შეჩეჩება დიდი ხანია აღარ მუშაობს და ლექსის ადრესატობისთვისაც ყველა ერთნაირად მზად ვერ იქნება. თანამედროვე ტექსტებში ასეთ ამოვარდნებს მარტო ერთი ახსნა აქვს – „პოეტური ექსტრემი“. ეს კი კარგად ვიცით, რადგან ესეც ჯერ კიდევ რუსთველმა განმარტა და ლექსის კრიტერიუმადაც აქცია, როცა წერა რბოლას შეადარა.

კომპოზიციურადაც ნამდვილი ლაბირინთია. არცერთი აქცენტი იქ არ კეთდება, სადაც მოსალოდნელი იყო. სახლიც ვიცით, ნოსტალგიაც და ამით გადაღლაც, მაგრამ ლექსი მომავლის პერსპექტივით, „სახლის მიგნებით დაღლის ხსოვნით“ იწყება. ვერც მანერულობით ახსნი და ვერც ბუნებრივად ტროპული აზროვნებით, ესეც პოეტური ექსტრემია.

გრძელი და რთული გზებით სიარული, აცდენებისა და შეუთავსებლობების ხელოვნება – უკვე მშვენიერი კომბინაციაა, რასაც „მთავარი კითხვები“ და „მძიმე პასუხები“ ემატება ან, უფრო – თავზე გვატყდება: მუდმივად საკუთარ სისუსტეებზე დაფუძნებული ერთადერთობა, უმწეობისა და ყოვლისშემძლეობის ნაზავი, რითაც ერთდროულად უნდა დატკბე და იტანჯო.

მთავარიც ესაა, როცა წიგნზე და წიგნში გარდასახვაზე ვლაპარაკობთ – დატკბე და იტანჯო.

სახლიც რაღაც მისამართი არ გეგონოთ, ტაქსის რომ უკარნახებ – გაგირბის, გადაადგილდება: „სახლს თავის თავი გამუდმებით სხვაგან მიყავდა“. იქნებ სახლები ადამიანებიც არიან და ადამიანები – სახლები, ოღონდ მთლად თავსაც ვერ დავდებთ – სიმართლეს აქ სადმე ნეიტრალურ ზონაში თუ მოვიხელთებთ, მეტაფორასა თუ სინამდვილეს შორის. შეიძლება გალაკტიონის ინსპირაციაცაა („ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“), მაგრამ უბინაობა აქ სიყვარულის დაკარგვას კი არა, მის შეუძლებლობას უკავშირდება და ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს – პირადი და ადამიანური შეუთავსებლობები ბედნიერებასთან: „უთხარი თითქმის ყველაფერი რაც დამეზარა როგორ გაბრწყინდა“.

დილემაც სრულიად მიწიერი ხდება – ტრაგედია სიყვარულის არარსებობაში კი არა, ამ სიყვარულის დაჯერების, ნდობის არარსებობაშია და ბედისწერის არსიც ესაა: ვიდრე ცოცხალი ხარ, არ დაგიჯერებენ; ყველაფერი მხოლოდ მაშინ ბრწყინავს, როცა დაკარგავ; ერთად-ერთი გზა იმისთვის, რომ სიყვარული დააჯერო, სიკვდილია. მანამდე ლაპარაკსაც აზრი არა აქვს და მთელი ლექსი სწორედ იმაზე ლაპარაკია, რასაც თითქოს საიდუმლოდ ტოვებდნენ, ანდერძად გვაბარებდნენ და ფინალამდე მცირე ლაფსუსივითაცაა, სანამ გაირკვევა, რომ ავტორი უკვე მკვდარია და ეს ლექსიც – ანდერძი კი არა, საიდუმლოს გამხელის აქტია, სიყვარულის, უფრო სწორედ, უსიყვარულობის ახსნა: „რომ ახლა მკვდარსაც მხოლოდ ერთი დარდი მაწვალებს“.

მეტი დეტალები აღარ იქნება – საუბარია ღალატზე და ზუსტად იქ, სადაც სიყვარულზე ვლაპარაკობდით; თან მრავალჯერად ღალატზე, რომელიც სიყვარულთან შედარებით ისეთი უმნიშვნელოა, რომ არც კი უნდა გეწყინოს.

ამასობაში, საკმაოდ დახვეწილი, მაგრამ მაინც ზედმეტად ბევრი მხატვრული პარადოქსი გროვდება: ჯერ სახლი, თვითონ რომ დადის; მერე სიყვარული, უსიკვდილოდ რომ არ განხორციელდება; ღალატი, რომელიც არ გწყინს; მერე – რასაც ხელს გაუშვებ, ყველაფერი რომ ბრწყინდება და პირიქით, რაზეც გავლენა გქონდა, სწორედ იმას რომ ვერ შველი; გამარჯვება რომ დამარცხებაა და ა. შ. ოღონდ დომინანტური ეს პარადოქსები კი არა, სრულიად მოულოდნელი, თავისთავადი სახეებია, რომლებსაც ახსნასაც ვერ უპოვი: ორი უშველებელი დარდი რომ დაგაქვს, რატომღაც ორი რომაა და ვიღაც ბრმებიც არიან, წვიმას სახეს უშვერენ, ვერცხლის წვიმა რომ არის, რატომღაც ვერცხლის წვიმა და მშვენიერ ფონს ქმნის ტრაგედიებისთვის: „რასაც მარტივად ვაღვივებდი სულის შებერვით ვეღარ ვუშველე“.

უფრო დომინანტური კი სიმძაფრეა, რადგან თითოეული ამ მხატვრული პარადოქსის უკან ნამდვილი ტრაგედია და იმდენი სიმწარეა, რომ ვიღაცის თამაშში კი არა, უკვე სხვის ტყავში ხარ, უფრო სწორედ, საკუთარ, აქამდე უცნობ ტყავში, საკუთარი ტრაგედიის კერებში: ეს – შენი გამარჯვება და შენი ხელმოცარვაა, ეს შენ „არ შეგეძლო უფრო ღრმად და უფრო ძალიან“, ეს შენს „გამარჯვებას და ხელმოცარვას არაფერი არ განასხვავებს“.

განზოგადებები ნინი ელიაშვილთან არ გამოდის, ყველაფერი საკუთარ თავზეა და არაფერი – საერთო ღირებულებებზე. ავტორის ტკივილები იმიტომ კი არაა ხელშესახები, რომ ყველა ადამიანს იგივე სჭირს, პირიქით, მკითხველთან ინტიმის გამო – იმიტომ, რომ მარტო თვითონაა ასე, უფრო სწორედ, ჩვენ ორი, მკითხველი და ავტორი.

სიუჟეტის ტრაექტორიაც ბოლომდე აღმავალია, მძაფრდება და მძაფრდება – ვისაც სახლი გაექცა, ის სახლის გზას ტყუილად დაეძებს, ვერ გადარჩება, შემზარავი ჩრდილები დაამარცხებენ, განაჩენი გამოტანილია და ერთად-ერთი მიზანი რჩება – წყევლის მოხსნა, სიყვარულის გამო სიკვდილი. დიდი ხანია, თამაშიც სინამდვილედ იქცა და ჰაერში გამოკიდული მეორე პირიდან უკვე ავტორში გარდავისახეთ, თავი ვიპოვეთ, ყველა სტრიქონში თავიდან ვპოულობთ, თან იქ, სადაც აქამდე არც არასდროს გვიძებნია.

Haverford Station

ლაშა ბაბილუას ლექსი-სახელმწიფოები, თავისი კონსტიტუციით.

პირველი ამბავი პირველივე ლექსის პირველივე სტროფში იკვრება, ზუსტად და ლაკონიურად, ჟურნალისტურად, ინფორმაციის მიწოდების თანამედროვე სტანდარტების დაცვით:

ადგილი – პენსილვანია, დრო – 9 დეკემბერი, მოვლენა – „განზებმა“ გაძარცვეს ქალაქი.

ზამთრის დადგომით გამოწვეული დეპრესიაა. მეცხრე დღეა, რაც აღარაფერი ხდება, მას მერე, რაც დეკემბერი მოვიდა და რაკი არაფერ შუაშია, უნდა ჩავთვალოთ, რომ მანამდეც ეს იყო, ოკეანისმიღმა სიცარიელე და, ალბათ, მონატრებაც, ფსიქოზად რომ უნდა იქცეს, ახლა ზევიდან ზამთარიც რომ დაემატა და ერთმა ადამიანმა ამხელა ზამთარს მართლა რა უნდა მოუხერხოს:

„შეშლილი ხეების პასუხი მზად არი,

ეკლიან შეკითხვებს აკავებთ წამიღა.

მე ქარი ვიყავი, ამხელა ზამთარი,

სად უნდა წამეღო?“

ლექსი-სახელმწიფო კი იმიტომ, რომ აქ ექსკლუზიური „პოეტური კანონები“ მოქმედებს.

პოეზია ისედაც წესრიგის სამყაროა და რაც არ უნდა თავისუფლებას ვესწრაფოდეთ, ერთ წყევლას მაინც ვერ ვიცილებთ – არტისტიზმს. თუმცა, წესრიგიცაა და წესრიგიც.

კანონი ნომერი ერთი: დასაწყისი უნდა იყოს ზოგადი, ნეიტრალური, თხრობითი, აღწერითი და ანალოგიურად – ყველა დასაწყისი ამ ლექსში: „დეკემბერს, ზოგადად, ყველაფერს ვპატიობთ“; „შეშლილი ხეების პასუხი მზად არი“; „გაწყალდნენ წყლები და ვიშვილე ქვიშები“; „ვიყავი ვიღაცის პატარა იგავი“; „შუქებს კი ყოველთვის დროულად აქრობენ“.

კანონი ნომერი ორი: საჭიროა მოჭრილი, მოსხეპილი, მოულოდნელი დაბოლოებები, როგორც ალტერნატივა წინა ნაწილთან. რაკი ეს დასასრულები ყველა სტროფის ბოლოშია, ცხადია, რომ მათ ერთმანეთის გადაფარვაც მოუწევთ, რაც ფინალში უკვე სრულიად ტექსტის ალტერნატივით უნდა დასრულდეს: „მე მინდა, ვუსმინო ცარიელ ვაგონებს, გათიშეთ რადიო“ (ეს სათაურის გამხსნელიცაა და მთელი წიგნის დეპრესიული განწყობისთვის გვამზადებს).

კანონი ნომერი სამი: მაქსიმალურად სალაპარაკო, პროზაული, თითქმის სლენგური ლექსიკა ადგილ-ადგილ უნდა ჩანაცვლდეს ისეთი პოეტური აკორდებით, სადაც ვერბალური მასალა მარტო ვიზუალად, ემოციად ან შინაარსად კი არა, მუსიკად იქცევა, ყველა მარცვალი თავის ერთად-ერთ ადგილზე დაეწყობა და ისეთ იდეალურ წესრიგს შექმნის, ტექსტურმა სიმბოლოებმა ხმა რომ გამოსცენ. ოღონდ ეს უნდა ხდებოდეს კვანძის შეკვრის და არავითარ შემთხვევაში – კულმინაციის ან კვანძის გახსნის ნაწილში: „ეკლიან შეკითხვებს აკავებთ წამიღა“; „გაწყალდნენ წყლები და ვიშვილე ქვიშები“; „თეთრ ღამეს ვუხამე შხამი და შავი ცა“.

კანონი ნომერი ოთხი: სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები შეიძლება გარკვეული მოტივების გამო ან უმიზეზოდაც ტრანსფორმირდნენ, ან უფრო – დეფორმირდნენ და არანაირი სიტყვათწარმოება და კომპოზიტები! მაგალითად, „ცხრა დღისწინ“ – აქ კორექტურა სრულიად უმიზეზოა, ხოლო „გამზირთან მოვიდა“ – გამიზნულ-დატვირთული, რადგან დეკემბერი სწორედ „გამზირთან მოდის“, როგორც სულიერი, როგორც მტერი და არა – როგორც მორიგი თვე, რომელიც შეიძლებოდა გამზირზეც მოსულიყო.

ამას რატომ აკეთებს? რატომ უნდა წაუყენო საკუთარ თავს ამხელა მოთხოვნები ამ უმადურ წესებთან დაკავშირებით? რატომ უნდა აშენო კოშკები და სასახლეები, როცა ნგრევაა მოდაში?

ნგრევის წინააღმდეგი აქ ნამდვილად არავინაა, ოთხივეს ვგულისხმობ და მოდური კი არა, აუცილებელიც კია, რადგან კაცობრიობას დასანგრევი უფრო მეტი დაუგროვდა, ვიდრე ასაშენებელი, მაგრამ, ელემენტარულად, თუ თვითონვე უნდა დაგენგრია, თვითონვე რაღას აშენებდი და ამ პროცესშიც ამხელა შთაგონება საიდან გქონდა? შენი მსხვერპლშეწირვისა და უდიერობის, საკრალურობისა და ტრივიალურობის, ხელოვნებისა და რუტინის წყვილები ვის სჭირდება? ან შენი დახვეწილი ნგრევები და, მით უმეტეს, კონსტიტუციები, რომელთა ყველა მუხლი უნდა დაირღვეს? ქვიშაზე შედევრებს ვინ ხატავს? თან სანამ გვერდს აუვლი, ერთი ფეხიც რომ უნდა გაკრა, რომელიმე გვერდი თვითონვე ჩამოაცალო და მკითხველს ისევ ამ ყოველდღიურობისა და მისტიკის ნაზავი ასვა და აჭამო, გახეთქვამდე. ან როცა იცი, რომ ამ თავხედურ უდიერობას ვერ შეელევი, ცოტა ნაკლებად დახვეწილი მაინც ხომ უნდა იყო?

რა თქმა უნდა, ესეც აცდენებია და, პირველ რიგში, მიზეზ-შედეგობრიობას ეხება. „თვალის ამხელი“, ფილოსოფიური პარადოქსებიც შეიძლება („ვიცვლიდი ღმერთებს და ვრჩებოდი იგივე“) და შედარებით იაფფასიანი მეტაფორებიც („ჯობია სიბნელე ათიონ“), მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე საკმარისი ვერ იქნება – საჭიროა მოულოდნელობა, რთულად ამოსახსნელი ლოგიკა, კითხვა-პასუხი, თუნდაც შებრუნებით, ჯერ პასუხი და მერე კითხვა.

პასუხი: „მე ქარი ვიყავი“; კითხვა: „ამხელა ზამთარი სად უნდა წამეღო“?

პასუხი: „დღეები ნაწვიმარ სიზმრებში მიშვებენ“; კითხვა: „რა უნდა ჩავიცვა“?

პასუხი: „ვიცვლიდი ღმერთებს და ვრჩებოდი იგივე“; პასუხის პასუხი: „იგივე ვრჩებოდი“!

ისევ რღვევა და ნერვები უკვე დაგლეჯაზეა: „პასუხი მზად არის“, ხსნა აღარაა საჭირო, არც – თავის მართლება, ერთი წამიც საუკუნეა და მართლა რა უნდა უყო მილიონს, მილიარდს, მთელ ამ დროს, მთელ ამ ცხოვრებას, მთელ ამ ზამთარს… ამხელა ზამთარი სად უნდა წაიღო!

ესეც ბუნების კანონია – ყველაფერი იდეალურ წესრიგს აჩვენებს, მიკროსკოპებიდან ტელესკოპებამდე. შემთხვევითობებიც აქედანაა და საზღვრებისა და გარსების რღვევაც. გზიდან გადასახვევად ჯერ გზა უნდა არსებობდეს, ყველაზე დიდი გადახვევები კი ყველაზე დიდი გზებიდანაა შესაძლებელი – თუნდაც ვარსკვლავის აფეთქება და თუნდაც შავ ხვრელში მისი განზავება. წესრიგი აყალიბებს სახეებსაც და განსხვავებებსაც, რადგან ყველა უწესრიგობა ზუსტად იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რამდენადაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ წესრიგში იბადებიან და ქრებიან ვარსკვლავები და ეს რომ დაფიქსირდეს, მოწმენდილი ცაც საჭიროა და გამჭვირვალე, ყველა დამატებითი სინათლისგან თუ მტვრისგან თავისუფალი ჰაერიც:

ვიყავი ვიღაცის პატარა იგავი:

ვტოვებდი ამ სხეულს, ჩემხელა ჩემოდნით.

ვიცვლიდი ღმერთებს და ვრჩებოდი იგივე,

იგივე ვრჩებოდი!

ზევით იაფფასიანი მეტაფორა „გამოვაჭენეთ“ და სამართლიანობა ერთი უზუსტესი მეტაფორის გამოტანასაც ითხოვდა – „ვტოვებდი ამ სხეულს, ჩემხელა ჩემოდნით“. ისეთი მძაფრი და ირონიულია, რომ გააზრებაც ჭირს – სიკვდილი, კაცის ზომის ჩემოდანი, ჩემოდნით წაღება…

პასუხი მარტივია – წესრიგი, თუნდაც იდეალური, ლაშა ბაბილუასთვის სულაც არ არის პირველადი; მისთვის მთავარი სწორედ ნგრევაა და წესების მიღმა სწორედ ეს რღვევები დგას.

კანონიც და კონსტიტუციაც, როგორც კი ნორმად იქცევა, მაშინვე დაშლას იწყებს და შეგულებულ ადგილას, სადაც, ვთქვათ, მოკლედ მოჭრილი ალტერნატივა უნდა დაგხვედროდა, დემონსტრაციული ტავტოლოგია გხვდება, რაც მთავარი სათქმელის ხაზგასმაა და ლექსში ყველაზე ძლიერ აქცენტსაც სვამს: „ვრჩებოდი იგივე, იგივე ვრჩებოდი“.

სინამდვილეში, დანგრევა არც ისე მარტივია და ფასადურად რაც დავანგრიეთ, ის არც დანგრეულა. „ჭეშმარიტ ნგრევას“ საძირკველში ჩასვლა უნდა და ლაშა ბაბილუაც ამას აკეთებს. მან აუცილებლად უნდა შეცვალოს, მაგრამ ამისთვის არა მარტო უნდა შექმნას, არამედ იდეალურობამდე, სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოს და მერე სწორედ ეს შეცვალოს, შენ თვალწინ, რადგან ესაა ცხოვრებაც და ცხოვრების მთელი ტრაგედიაც ესაა.

როგორც ვთქვით, არტისტიზმი პოეზიის წყევლაა. მარტო სურვილი და ოსტატობა აღარ გყოფნის, როცა სამყარო საკუთარი თვალის პრიზმაში უნდა გადატეხო. აქ თვითონ თვალი უნდა იყოს ასე მოწყობილი. ლაშა ბაბილუას თვალია ასეთი, მასში სამყარო უკვე იდეალურ წესრიგშია მოქცეული და ისღა დარჩენია, დაირღვეს.

და კიდევ – ეს „მომავლის ენაა“. ლაშა ბაბილუა და ნინი ელიაშვილი მარტო ახალ ენას კი არ ქმნიან, ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ლიტერატურულ ენაზე. ზოგადად, „ახალი ენა“, თუნდაც ბევრად უფრო თავისთავადიც, ხშირად სპეციფიკურია, ამიტომ – ვიწრო გამოყენების, სულაც – ეგზოტიკური, ერთჯერადი და სამუზეუმო. ამიტომ პოეტური ენების უმრავლესობა მალევე წარსულს ბარდება. ნოვატორული კი მხოლოდ ის ენებია, რომლებზეც მომავალში ყველამ უნდა ილაპარაკოს. ერთი მხრივ, იმდენად მარტივი ენები, რომ სალაპარაკოს კიდევ უფრო ამარტივებენ და, მეორე მხრივ, ურთულესები – შესაქმნელად.

ბუნებრიობას ხომ ყველაზე დიდი სიზუსტე სჭირდება და უბრალოებას – ყველაზე მეტი ოსტატობა.

დროა, მოხუცო

გარდასახვა მაინც საკუთარ თავთან შესახვედრად გვჭირდება, თუნდაც – საკუთარი თავის შესაცნობად. ყველაზე მნიშვნელოვანიც ესაა – გარდასახვის მომენტში იქნებ სადმე საკუთარ თავს გადავეყაროთ, სხვისი თვალით დავინახოთ და რაც უფრო უცხოთი, მით უკეთესი.

ალეკო ცქიტიშვილმა ეს იცის და გზადაგზა კიდევ უამრავ ხაფანგსაც აგებს, რომ ან სინდისი გაგვიღვიძოს, ან სირცხვილი, ან ემპათია, ან სიყვარული და სიძულვილიც, რატომაც არა.

თავი დაგანახოს კი არა, წიგნს შეუძლია, თავი სულ სხვანაირად დაგანახოს და გაპოვნინოს კიდეც. ზოგჯერ ნამდვილი გარდასახვა მისი გადაშლიდან კი არა, დახურვიდან იწყება. თავს თვითონვე დაგახურვინებს და თვალს რაღაც ერთ წერტილზე გაგასწორებინებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ გარდასახვაა და ერთმაგია. ამ დროს კი, ორმაგი გარდასახვაც არსებობს, ისევე, როგორც ორმაგი სიზმარი – როცა სიზმარში გეღვიძება და ყველაფერს გაორმაგებულად განიცდი, რადგან არ გახსოვს, რომ სიზმარია. ანალოგიურად, შეიძლება წიგნში წიგნი გაათამაშო, ფილმში ფილმი, სპექტაკლში სპექტაკლი და თუნდაც სიმღერა იმღერო.

თუ გავართულებთ, შეგიძლია ერთდროულად ორი იდენტური თამაში წამოიწყო, ერთმანეთის პარალელურად, ერთი და იმავე ხალხით, ერთი – წიგნში და მეორე – ცხოვრებაში. ამით ტექსტი და სინამდვილე თან გაერთიანდება და თან გაიმიჯნება, ორი ოთახივით, რომლებსაც კედელი ყოფთ და აერთებთ. ეს იქნება თამაში, რომელშიც იცხოვრე და ცხოვრება, რომელშიც ითამაშე და თუ მაინც პერსონაჟი-ავტორი ხარ, რა პრობლემაა, თუ ამ ყველაფერს, არც მეტი და არც ნაკლები, აგათა კრისტის პერსონაჟის თვალით შეხედავ.

ბებერი პოეტების „მთელი მავნებლობაც“ ეს იყო: 1990-იანი წლების თბილისის პოეტური ორდენი – აგათა კრისტის წიგნებიდან. ამ წიგნშიც იგივე გმირები გადმოდიან, ოღონდ უკვე ალეკო ცქიტიშვილის წარსულიდან, პომპეზურად „ბებერი პოეტები“ რომ დაირქვეს და ლიტერატურული ავანტიურები მოაწყვეს, აკადემიურადაც, ალტერნატიულადაც, თავისი წიგნებითა და პერფორმანსებით. მთავარი კი ის იყო, რომ რეალურად არსებობდნენ, ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ, ოჯახებსაც ქმნიდნენ და კვდებოდნენ კიდეც.

მათი ერთ-ერთი აფიშა ასეთია: „ავანტი – ლამპიონებით, ძალიან მწვანე მდელოზე – ჩარლზ ჩენდლერი, მისტერ სატერზვეიტი, ადოლფ აიხმანი, ნანა აკობიძე“ და ხალხი სწორედ ნანა აკობიძისთვის მოდის, რადგან დანარჩენი ისედაც გასაგებია. სინამდვილეში, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და რაკი იტყუებიან, შეიძლება კიდევ სხვა ოინებიც ჰქონდეთ ჩაფიქრებული, რაც, პირველ რიგში, წინა თაობების მგრძნობიარე პოეტებს არ მოეწონებათ.

ამ ლექსსაც „30 წლის შემდეგ“ უნდა რქმეოდა და, როგორც ჩანს, მთლიანად ციკლსაც, რომელიც ძველ მოგონებებზე მტვრის გადაცლაა. თუმცა, ერქვას, რაც ჰქვია: “თავები“, „თავი I“ და „მიმოწერა საკუთარ თავთან“, რაკი მაინც 30 წლის წინანდელ საკუთარ თავთან საუბარია.

„დროა, მოხუცო“… ყველა მინიშნება ისევ დროზე კეთდება. დროზე მინიშნება იყო „ბებერი პოეტების ორდენის“ სახელიც, როცა ოთხმა ახალბედამ მიზანში აღიარებული საზოგადო მოღვაწეები ამოიღო და მათ ბოსტანში პირველი კენჭიც საკუთარი სახელით ისროლა.

ახლა კი უკვე თვითონ ავტორია წინა თაობა, ღვაწლმოსილიც და ბუკინისტებგამოვლილიც, ოღონდ ისევ ცისფერი ყანწების სულით და პროტესტით: „ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს“. ირონიაც ბევრია და ბედის ირონიაც – ავანტიურისტის ნაცვლად უკვე აკადემიური მოხუცი გველაპარაკება, მსუბუქი განწყობების ნაცვლად – მძიმე თემები შემოაქვს და პოეზიაში ყოველგვარ ხელოვნურობასთან ბრძოლის ნაცვლად – ასოებს თვითონვე აგვირისტებს.

როცა ყველაფერი წარსულს ბარდება, ხელში გრჩება ისტორია ისტორიაზე, ვნებები ვნებებზე და ტექსტი ტექსტზე, პერსონაჟი-ავტორის აჩრდილი და მემუარები, რომელთა ნაწილად თავი აღარც კი მიგაჩნია. ნამდვილ გრძნობებად კი არა, ტექსტადაც ვეღარ აღიქვამ და მეტი-მეტი, სარჩევივით გადაიკითხო: „დაგვირისტებით ვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევს“.

მთელი ტრაგი-კომედიაც აქაა – ყველა და ყველაფერი უკვე იმდენად შორი გახდა, რომ აგერ – მისი მეგობარი კინი მომკვდარა („მისტერ კინ, ჩემო მეგობარო და სხვანაირო“) და ამ ამბავსაც ამხელა დაგვიანებით მოუღწევია.

„დროა, მოხუცო“… იმდენად მოხუცო, რომ შეიძლება სიკვდილსაც დასცინო და მეგობრის გარდაცვალებასაც, რომელიც „შენი გმირი იყო“, გმირი და პერსონაჟი, ხოლო ეშმაკს მადლობა გადაუხადო, რადგან ჯერ არაფერი მთავრდება – ბებრები და მოხუცები, ცოცხლები და მკვდრები, ერთმანეთს სიზმრებში ხედავენ და მისტერ კინსაც ჯერ კიდევ ბევრჯერ მოძებნიან, ზმანებებს შორის და არა მარტო:

„ვიცი, თანა გაქვს დაღუპულთა მოკლე სია შენ,

მარქვი, მას შემდეგ ქვეყანასა ზედა რა მოხდა“.

გამხსნელი ლექსია და ამ სიტყვებს უკვე მთელი ციკლი უნდა მოჰყვეს. არქაიზმიც თვითირონიაა და დროსთან კავშირის შეხსენებაც. ძველი მანერებიც უხვადაა – ტექსტის ფრჩხილებში გატანა, ზედოზირებული ანჟამბემანი და კრიპტოგრამები. თუმცა, ახლა უკვე ყველა კრიპტოგრამა გახსნილია და ისტორიებიც, ვითომ ამ ლექსების უკან რომ იმალება, ზეპირად იციან.

სიტყვებმა და მეტაფორებმაც თვითონ იციან. ისე არა, გენიოსი მწერალი რომ დაჯდება და სიუჟეტი, პერსონაჟები, ხასიათები… იინტრიგნებს, იკონფლიქტებს, იჟონგლიორობს, იფილოსოფოსებს, იაინშტაინებს, იმიუნჰაუზენებს… პოეზია არაა დახაზულ გზებზე სიარული, შუქნიშნები და მოძრაობის წესები, ეს ახალი გზების გავლებაა. პოეტურ ხელწერას და სკოლებს არ ვგულისხმობ, არამედ – თვითონ წერის პროცესს. აქ არ იცი, სტრიქონის დასაწყისიდან სტრიქონის ბოლომდე როგორ მიხვალ და მერე სად გადაუხვევ. აქ სიტყვები იღებენ გადაწყვეტილებებს, ბგერები, რიტმები, ან საერთოდ არაფერი…

ესეც ცალკეა – რამემ ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოს, ჩარჩოებში არ უნდა ჩაგსვას, გზაზე არ უნდა დაგაყენოს და თუ უცებ მაინც სადმე გაგიყვანა, უნდა ადგე და კედელს დაეჯახო ან სადღაც გადავარდე და იქაც იგივე წამოიწყო. ესაა, რაც ამ ლექსებს ქმნის და, რა თქმა უნდა, სრული თავისუფლება – „თევზი წყალში“, რადგან საკუთარი თავს ვერსად გაექცევი, თუნდაც ბავშვობაშივე დაშორდე („აპირებდი ცოლის შერთვასაც“) და გაუუცხოვდე:

„რად არ მომწერე, საკუთარი ლანდი რომ სცემე“.

ზაფხულის იმ დღეს

წიგნის გარდასახვის არსებითი განსხვავება სიზმართან ისაა, რომ ალტერნატიულ სივრცეებში კი არ გადაგიყვანს, პირიქით, აქეთ გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს, თავს ახალ სიმართლეში ამოგაყოფინებს და დაგაჯერებს, რომ თურმე წიგნი კი არ არის ილუზია, არამედ ყველაფერი, რაც წიგნამდე იყო. მაგალითად, უცებ ხვდები, რომ ის საოცარი საჩუქარი თუ დიდი უმწეობა, რაც ერთ პერსონაჟს მეორისგან ერგო, ან დიდი სიყვარული და ზიზღი, რაც ერთმა მეორის გამო გადაიტანა, თურმე სულ შენში ყოფილა. აღმოაჩენ, რომ ურჩხული იყავი და მზეთუნახავმა გაკოცა ან რაღაც აუნაზღაურებელი გაფლანგე, რაღაც შეუქცევადის მიზეზი გახდი და არა მარტო საკუთარი წარსული, სხვისი მომავალიც შენ დაწერე.

ეს უკვე თინათინ ხუტურიძეა.

უკვე შევთანხმდით, რომ გარდასახვას შეუსაბამობა სჭირდება და მთელი ლიტერატურის „ანი და ჰოეც“ ესაა, ხელოვნების მთელი საიდუმლო და რაც უფრო დიდია გარდასახვა, მით – უკეთესი.

ეს აცდენებია, რის გამოც სიზმარში ბევრად უფრო მგრძნობიარეები ვხდებით, ვიდრე ცხადში ვართ. არადა, სიზმარი მხოლოდ საკუთარ თავში გარდასახვაა, იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე თავებს განვასახიერებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სიზმარში სხვა ადამიანში გარდასახვა შეგვეძლოს. დაუჯერებელია? წიგნში და განსაკუთრებით ლირიკაში – ეს შეიძლება.

შეიძლება გრადაცია კიდევ გავაგრძელოთ და საკუთარ თავს კიდევ უფრო დავშორდეთ.

რაც მეტად, მით უკეთესი.

ამ თვალსაზრისით, თინათინ ხუტურიძის პირველი ლექსი ნამდვილი აღმოჩენაა:

ესაა ბავშვში გარდასახვა.

ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივიც, რადგან საკუთარ ბავშვობას მართლა თან დავატარებთ, მაგრამ ყველაფერი გაცილებით საინტერესო და მძაფრი მაშინ ხდება, როცა ბავშვში გარდასახვა საკუთარი თავის კი არა, პერსონაჟის გავლით გვიწევს. ეს ნიშნავს, რომ სამყარო სხვა ადამიანის, სხვა ბავშვის თვალით უნდა დავინახოთ – რაც სიზმარშიც შეუძლებელია.

ამ როლმა ყველა მხატვრული და ენობრივი კანონზომიერება უნდა დაანგრიოს და გვითხრას, რომ მზის სხივები „ხეთა ტოტებზე, ვენახზე და იმის უკან, მსხმოიარე მწიფე ბაღზე საიმედოდ დაფენილიყო“. იდენტური შინაარსის სიტყვები – ერთ რეესტრში: „ხეთა ტოტები, ვენახი, მწიფე ბაღი“ და სწორედ ეს ერთნაირობა უსვამს ხაზს თითოეულის მნიშვნელობას, რადგან მცირე განსხვავებებიც უზარმაზარ მასშტაბებს ქმნიან – ეს ხომ ბავშვის დანახული სამყაროა.

მაგრამ ეს ხეთა ტოტები, ვენახი და მწიფე ბაღი ასე უცებ ვერ დამთავრდება და რეესტრში ალუბლის ჩრდილი შემოდის, სადაც სუფრას შლიან, ალუბლებს ბლები მოსდევს, ბლებს სიმინდები, სიმინდებს – ნედლი თხილები, მკვახე ვაშლები და კულმინაცია – მსუქანი ლეკვი. მერე ისევ ალუბლები, ქლიავის და ჭერმის ჩრდილები, ხახვისა და ნივრის კვლები, ძუძუვაშლას ხე, თეთრი თუთა… ზმნებიც იდენტურია და განსაზღვრებებიც, თანაც ისევ გვერდი-გვერდ: აკანკალებული და აკანკალება, აღელვებული და აღელვება:

„მოვრბოდი, გამოვრბოდი, მოვქრიალებდი“…

ეს არის სიტყვები, რომელთა იქითაც ყველა სიტყვა ზედმეტია და პერსონაჟები, ვისი სულიც ჩვენ გვეკუთვნის: მწვანეთვალება დედაჩემი და გოლიათი მამაჩემი, რომელიც შეიძლება შენზე მართლა სამჯერ მაღალი და ხუთჯერ დიდი იყოს. სიტყვები, საიდანაც, უბრალოდ, არცერთი არ უნდა გამოგრჩეს, თუნდაც ახლა, ამხელა ტექსტების მერე, ავანტურად ჩანდეს:

ოდა მამაჩემს, ზაფხული

ზაფხულის იმ დღეს

იმ თაფლივით ტკბილ და ყვითელ ვარვარა დილას,

მზის სხივები რომ ხეთა ტოტებზე,
ვენახზე და იმის უკან, მსხმოიარე მწიფე ბაღზე საიმედოდ დაფენილიყო,

მწვანეთვალება დედაჩემმა გაშალა სუფრა ალუბლის ჩრდილქვეშ,

მე კი გამგზავნეს გოლიათი მამაჩემის დასაძახებლად

(ასე ვფიქრობდი, ასე მწამდა გოლიათების ქვეყნიდან იყო) –

ყველა კვალში ვდგებოდი და ჩვენსკენ ვუხმობდი,

ექო უკანვე მიბრუნებდა ხმასა და ფერებს,

მერე მეზობლებს მივადექი ძებნით გართული, -ერთს და მეორეს –

შოშიაანთმა კაბის კალთა ამივსეს ბლებით,

ნანოზიანთ-სიმინდის ქეჩში შეხვეული ნედლი თხილებით,

უძლოანთ ვაქსომ მოკანკალე ხელით მომცა მკვახე ვაშლები,

ყირყინტაიძემ-გულთმისანმა-ჩემი ბავშვური ოცნებების ამომცნობელმა(?)

პატარა და მსუქანი ლეკვი

აკანკალებულ, აღელვებულ მხრებზე დამისვა

(აღელვებული-მამაჩემი რომ ვერ ვიპოვნე,

ვკანკალებდი-ლეკვის ნახვით გახარებული).

შინისაკენ რომ მოვრბოდი, გამოვრბოდი, მოვქრიალებდი,

ბედნიერებით აღტკინებული,

მოჰვქროდი და გზა-გზა მცვიოდა:

თხილი, ვაშლები, ალუბლები…

ლეკვს კი ვიკრავდი, გულში ვიკრავდი, ვიცინოდი.

ლამის გავსრისე.

შემოვგლიჯე ორღობის კარი –

ყველა კუთხე-კუნჭულს გავძახე სიხარულის ჩემი მიზეზი

(გოლიათი მამაჩემი მიმავიწყდა შარშანდელი ჭრილობებივით).

მერე, უკან, ბაღის ბოლოს რუსკენ წავედი,

გადავკვეთე ქლიავის ჭერმის ჩრდილები,

ხახვისა და ნივრის კვლები გადავიარე,

ძუძუვაშლის ხესაც გავცდი

და ლეკვით ხელში თეთრი თუთის ჩრდილში შევცურე.

და დავინახე, –

ჭაბუკ მამაჩემს, თუთის ჩრდილში წამოწოლილს ჩასძინებოდა

უდარდელი ღიმილით პირზე

(გოლიათ ტანზე ლიცლიცებდნენ ჩრდილის ლაქები),

გადაღლილს თავქვეშ ამოეწყო ღონიერი, მშვიდი მკლავები,

იქვე სათუთად-თოხი, ბარი, ჩალის ქუდი, დოქით წყალიც…

ლეკვს მოვეფერე, სიხარულით რუს გადავახტი.

ეპილოგი

ყოველთვის თუ არა, ძალიან ხშირად და მთლიანად თუ არა, დიდწილად – ჩვენი ვიზუალური შემეცნებაც სიტყვებთანაა შეწყვილებული. გონებას აღარ შეუძლია, რომ ეს არ გააკეთოს. გამოსახულებების, ბგერებისა და გრძნობების ვერბალიზაცია ბიოლოგიური, სასიცოცხლო პროცესების ნაწილია, ორგანოებისა და ფუნქციების დონეზე.

ერთი ტრივიალური დილა ავიღოთ, თავისი ვიზუალური მასალით, რომლის მოკლე კოდირებაც ვერბალურად ასე შეიძლება – „ყავა და აივანი“. რაკი ხელში ფინჯანიც მაქვს და აივნიდანაც ვიყურები, გამოდის, რომ შინაარსობრივი სქემა ვიზუალით შეიქმნა და მისი ვერბალური ვერსია მხოლოდ ვიზუალურის მერე გაჩნდა.

სინამდვილეში კი, მთელი ვიზუალური მასალა ჩემში წინასწარ იყო ჩაწერილი, მათ შორის, ვერბალურადაც და რომ არა ეს ექსპერიმენტი, ფინჯნის თვალიერება აზრადაც არ მომივიდოდა, პროცესზე კი უამისოდაც ზუსტად იგივე წარმოდგენა და ინფორმაცია მექნებოდა. ცალკე ამბავია, რა მოცულობები დასჭირდებოდა იმ უზარმაზარი ინფორმაციის სხვა ფორმით ჩაწერას, რასაც ეს ორი სიტყვა ინახავს: „ყავა და აივანი“.

სიტყვები საგნებში არიან შეზრდილები და საგნები – სიტყვებში. ფიზიკურ რეალობას ჩვენ უკვე ისე აღვიქვამთ, როგორც სიტყვებს ტექსტში, ერთი დახედვით, წაკითხვის გარეშე, ამოცნობის ტექნიკით. ის ყოველთვის მეორადია და სიტყვებიდან, ცოდნიდან მოდის.

ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენში ეს ჩანაწერები გაქრეს და ამ ქუჩას და ნებისმიერ ქუჩას, ნებისმიერი აივნიდან, ამ ცოდნის გარეშე, სიტყვების გარეშე გავხედოთ.

ეს ხდება სიზმრებშიც და წიგნებშიც.

გართობაზეც ვთქვათ და სიტყვები მართლა მშვენიერი თავშესაქცევია. ვერთობით იმით, რაც გვსიამოვნებს და ის გვსიამოვნებს, რაც გამოგვდის. ახლაც ამას ვაკეთებდით. ეს იყო აივანზეც და ამ ტექსტის კითხვის დროსაც. ჰოდა, გასართობად იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ადამიანის პირველი სიტყვები ხმოვნები იყო (სულ რამდენიმე სიტყვა). ამას ხმოვნების კომბინაციები მოყვა და უკვე 15-20 სიტყვა დაგროვდა. პირველი დიდი გარღვევა ერთმარცვლიანი ზმნისწინებია, რომლებიც მანამდე გაჩნდა, ვიდრე სახელები ან ზმნები გაჩნდებოდა და ერთდროულად ბევრ რამეს ნიშნავდა. მაგალითად ზმნისწინი „ა“ ნიშნავდა ყველაფერს, რაც ზევითაა – სახელებსაც, სახელზმნებსაც და ზმნებსაც: ცა, მთა, ჩიტი, ზევით, მაღლა, ადგომა, აღება, ასვლა… „და“ – პირიქით იყო, რაც დაბლაა – მიწა, ზღვა, ქვევით, დაჯდომა, დაწოლა… ასევე იყო „შე“ – შიგნით და „გა“ – გარეთ. ორმარცვლიანები გვიანდელია და,ზოგადად, ერთმარცვლიანი სიტყვები ბევრად ძველია ორ და მრავალმარცვლიანებზე…

ევოლუციის ქართულ-უნივერსალური თეორიაა. რა თქმა უნდა, თავშესაქცევად გამოვიგონეთ.


[1] წიგნს წლის ბოლოს გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.

© არილი

Facebook Comments Box