ინტერვიუ,  პორტრეტი

რეზო გეთიაშვილი – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

არადა, კითხვა პირველ მოგონებამდეცაა, უფრო ძველი და „პრეისტორიული“, მეხსიერებაში არ რჩება, მაგრამ სულში რჩება, ხასიათში და, ალბათ, მსოფლმხედველობაშიც. ეს ის წიგნებია, ღრმა ბავშვობაში რომ გვიკითხავენ. ჩვენს შემთხვევაში, დედა გვიკითხავს. ეს იქიდან ვიცით, რომ მერეც დედა გვიკითხავს. თავისი ადგილი ზეპირსიტყვიერებასაც უკავია – ბებიას მოთხრობები სოფელზე, საიდანაც გადაასახლეს და დედას ზღაპრები ჩემზე და ჩემს დაზე. ალბათ, ამით მივხვდი, რომ „გამოგონებაც მოსულა“. პარალელურად, უკვე ლექსებიცაა, რომლებსაც ადვილად ვიმახსოვრებ. წიგნებში მათი თანმიმდევრობაც დავიზეპირე და შემიძლია თითიც გავაყოლო – ვითომ ვკითხულობ. წერასაც, ალბათ, ამ ყველაფრის კომბინაციით ვიწყებ, ოღონდ არც წერა ვიცი და ხან დედა იწერს, ხან – ბებია. უკვე ცალკე რვეულიც გამოყვეს. პირველი ეს ლექსია: „დათუნია დაშიმშილდა / სული ითქვა ასე / ისეთი სკა გამოძებნა / თაფლით იყო სავსე / ახადა სკას სახურავი / ამოუსვა თათი / აი მართლა ეს ყოფილა / ღორმუცელა დათვი“. ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება – უხეშ გრამატიკულ შეცდომებს აუცილებლად გამისწორებდნენ („დათუნიას რომ მოშივდას“ დაწერდნენ), მაგრამ „საავტორო უფლებებს“ არ ეხებიან. ეს ნიშნავს, რომ ლექსი ნამდვილად ჩემია.

პირველი წიგნები

ერთ-ერთი – „სურამის ციხეა“, თუმცა, რამე უფრო თანამედროვე ლიტერატურული ინტერპრეტაცია მგონია, ვიდრე ჭონქაძე. ესეც დედაჩემმა წამიკითხა, მაგრამ ჩემი დაკვეთა იქნებოდა. ჩემი ვარაუდით, მანამდე სადმე ყურს მოვკრავდი და შევუჩნდებოდი. ლეგენდების გამძაფრება უფროს დებსაც კარგად გამოსდით, კედელი რომ სველია და მგლოვიარე ქალს დღემდე რომ ხედავენ… კითხვისას დედაჩემიც როლში შევიდა: „შვილო, ზურაბი სადამდე“. ამას მთელი ბავშვობა იხსენებენ და დამცინიან – გაჩერდი-მეთქი, ვტირი და ვეღარ მამშვიდებენ. შემდეგ დღეებშიც ვამოწმებ, ხან ვის ვეკითხები, ხან – ვის, ვცდილობ, დავრწმუნდე, რომ ტყუილია. სიმართლეაო, ბებია მეუბნება, ლეგენდების ფანია. მე კი იმის წარმოდგენა მიწევს, რომ ადამიანი კედელში ჩააშენეს. ბავშვის სამყარო ერთი მთლიანობაა, საგნები და მოვლენები არც დროში იმიჯნებიან, არც – სივრცეში, ისინი ან არიან, ან – არა. თან იყოს და თან არ იყოს – ეს უკვე უფროსების ხელწერაა. სურამის ციხეც ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდება, ერთ-ერთი მთავარი ამბავი.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

კითხვაში ჩამორჩენა დამიგროვდა, პირველ რიგში, ჩემს დასთან, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი სისწრაფით ითვისებდა ჯერ სახლის, მერე სკოლის და ბოლოს – საჯარო ბიბლიოთეკებს. ამისთვის რამე უნდა დამეპირისპირებინა და გამოსავალი ვიპოვე. ეს იყო წიგნები ნაკლები ტექსტით. ასეთები ნამდვილად არსებობდა და ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ნაკლები ტექსტითაც, მოკლე სტრიქონებით, მათ შორის დატოვებული ადგილებით, ცალკე ჰაერები – თავში და ბოლოში, ახალი გვერდი ახალი ტექსტისთვის და ზოგჯერ სულ სამი-ოთხი ხაზი მთელ გვერდზე. ცხადია, პოეზიას ვგულისხმობ. ამ ვერსიით, პოეზიამდე სწორედ სიზარმაცემ მიმიყვანა. ასე რომ, ჩემს დას თუ ჰიუგო აქვს გადაშლილი, მე მურმან ლებანიძის თარგმანებს ვფურცლავ. შეიძლება ბევრს ვერაფერს ვიგებდე, მარა ვინ გამოწმებს. კითხვასთან დაკავშირებული კითხვები ამოწურულია – ბავშვობის წიგნების ნაცვლად ჩემი ასაკისთვის ცოტა შეუსაბამო წარმოსახვებში გავები, ნამდვილ, არასაბავშვო ლექსებში.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ალბათ, ისევ პოეზია. ის სულ უფრო შთამაგონებელი ხდება და მეხსიერებაც ცალკე მივარჯიშდება. მასწავლებლის უსიამოვნო შეჩერება და შენიშვნა მახსოვს, როცა „კაკო ყაჩაღის“ მთელი ეპიზოდი ზეპირად ჩამოვურაკრაკე. თან ეს სტროფები გონებაში უძრავადაც არ აწყვია, ცოცხლდებიან და დარბიან: „მიდის ურემი და უეცრადა“… ან თუნდაც კაკოსა და ზაქროს დიალოგიდან: „რისთვის მოსულხარ, მოყვრად თუ მტრადა“? იქით ლადოს „ბასიანი“ შემომესწავლა, აქეთ – გალაკტიონის „მესაფლავე“. ეს მთლად კარგი ამბავი ვეღარაა და, ალბათ, ფსიქიკაზეც მოქმედებს.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ცვლილებების პერიოდი ნამდვილ რევოლუციებს დაემთხვა. ჰაერში უკვე 90-იანი წლების სუნი ტრიალებს. გადაფასებების და ჩამოფასებების მთელი კონვეიერია ჩართული და მხატვრული ლიტერატურა კი არა, მთელი ისტორია, თანამედროვეობა, უძრავი და მოძრავი, ცოცხალი და მკვდარი, ტვინიდან და გულიდან პირდაპირ სანაგვეზე მიდის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დუმბაძე და გამსახურდია უკვე ყალბი მეჩვენება, რობაქიძე კი იმდენად ბავშვურია, საკუთარ ემოციებსაც ვერ უმკლავდება. ახლად აღმოჩენილი ტერენტი გალაკტიონის გადასაფარად მჭირდება, ვიდრე ერთსაც და მეორესაც ტარიელ ჭანტურია არ გადაფარავს. მარტო ავტორების კი არა, მთლიანად ჟანრების ათვალწუნება დავიწყე – სათავგადასავლო, სასიყვარულო თუ ისტორიულ-პატრიოტულ ლიტერატურას ერთი „პროხორი“ მირჩევია. მერე დომინანტური ტექნიკური მხარე ხდება და რაღაც პერიოდში შინაარსი და სიუჟეტები აღარ მაინტერესებს. ინანიშვილს და ქარჩხაძეს ჭილაძე და დოჩანაშვილი ცვლიან. ამ პერიოდს ბევრი ავტორი ეწირება, ოღონდ ზოგიერთი მოგვიანებით დაბრუნდება და ყველას და ყველაფერს გადაწონის.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ცისფერყანწელების კრებული იყო, ცოტა უჩვეულო და უიდეო სათაურით – „პოეტის ათასი სტრიქონი“, რაშიც ჩემი რომანტიკა ვიპოვე. ცხადია, გალაკტიონიც. ბავშვობაში გალაკტიონი მესიზმრებოდა კიდეც. ის ჩემთვის მარტო სინამდვილესა და წარმოსახვას კი არა, ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურსაც აკავშირებდა. თან ავტორის პოზიციიდან ვკითხულობდი. ერთი უცნაურობა ისაა, რომ დიდი წიგნების გვერდით ჩემი შთაგონების წყარო ლიტერატურულად მოკრძალებული ტექსტებიც გახდა. მაგალითად, ჩაპლინის „ჩემი ბიოგრაფია“. თან ეს ლიტერატურაში თავით გადაშვებას დროა, რაშიც ჩემი მეგობრებიც მონაწილეობენ, როცა უკვე წიგნებით ვცხოვრობ, პირდაპირი მნიშვნელობით.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

სახელებს და გვარებს არც დავასახელებ – მათ შეუძლიათ ყველაზე ყველაფერზე მაღლა დადგნენ, იმპერიალიზმის გარდა. შეიძლება ჩემი პირადი შურისძიებაცაა და სტრატეგიულადაც სწორი მგონია – ყველაფერ რუსულზე უარს ვამბობ, რადგან ყველაფრის უკან ერთი და იგივე იმპერიალიზმია – კულტურული სივრცე იქნება, საინფორმაციო, ენობრივი თუ ეკონომიკური.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

სცენარის იდეა მქონდა და მზა სიუჟეტების გამოყენება გადავწყვიტე, ქართულიდან. ყველა იმ წიგნს, რაც არ დადგმულა და გადაღებულა, ამ თვალით გადავხედე. ფავორიტებში სრული სიცარიელე დამხვდა, მხოლოდ ემოციები და განწყობები. უფრო ადრეული წიგნები დაბრუნდნენ. ვიღაცას გადაჭარბებით ვაფასებთ, ვიღაცას – არასათანადოდ და მერე გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი გასწორდა. მაგალითად, გოდერძი ჩოხელი დაბრუნდა და იმ ჩემი ფავორიტი ტექსტებიდან „ქვა ქვაზე აღარ დატოვა“. პანდემიის დროს „ვეფხისტყაოსანი“ აღმოვაჩინე. ახლაც მჯერა, რომ ხელახლა გავშიფრე, როცა მის პოლიტიკურ კონტექსტებს დავუწყე კირკიტი. კიდეც შევეცადე დამესაბუთებინა, რომ მთლიანად პოლიტიკური ტექსტია. ელექტრონულად გამოქვეყნდა კიდეც: „დემოკრატია და ტოტალიტარიზმი ვეფხისტყაოსანში“.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ახლა ასეთი არავინაა. ადრეც თამაში უფრო იყო, მაგრამ ჩამთრევი და კონტექსტებსაც მოუხდა. სხვადასხვა დროს ეს იყო ბიოლის კლოუნი, ბულგაკოვის კატა-ბეჰემოთი, ჰამსუნისა და აგათა კრისტის გმირები. კარგი ისაა, რომ ხშირად მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყვნენ.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ძალიან ბევრია. შთაბეჭდილება პირველივე გვერდიდან გექმნება და ხვდები, რომ აღარ უნდა გააგრძელო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ჰამიდ ბუკოვსკისთან პროფესიული ლიტერატურა ვაგროვე და წამოსაღებად რომ მივედი, ნახევარი საბარგული გაივსო.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

შალვა ნუცუბიძე. დიდი მოაზროვნეა, ქართული კულტურისა და ისტორიის მართლა უჩვეულო ინტერპრეტაციებს ქმნის, მაგრამ საშინლად წერს. შეიძლება საბჭოთა კავშირისთვის ისეთივე ისტორიულ-კულტურული ბაზისის მოფიქრებას ცდილობდეს, როგორიც ევროპისთვის საბერძნეთია. „საქართველო, როგორც საბჭოთა საბერძნეთი“ – მეცნიერულად ძალიან თამამი და დამაინტრიგებელია. უზარმაზარი მასალა აქვს დამუშავებული, რომელიც ფართო მკითხველამდე ვერ აღწევს. კარგი იქნებოდა, ვინმეს რომ აეღო და ამ წიგნების მცირეფორმატიანი, ადაპტირებული ვერსიები შეექმნა. ადვილად დაიწურებოდა, რადგან მეცნიერული ჰიპოთეზების გასამყარებლად ერთსა და იმავეს ხშირად ათჯერ იმეორებს. მარტივად იფილტრება და აუცილებლად წასაკითხია.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. ვფიქრობ, რომ მსოფლიო შედევრია და ყველაზე თანამედროვე, რაც კი დაწერილა. განსაკუთრებით აქტუალური – დღევანდელ სამყაროში, სადაც ჰუმანისტური კულტურა უძლურია ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებთან. სწორედ ის, რაც ახლა ხდება, საქართველოშიც და მსოფლიოშიც.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

წელს სამი წიგნის რედაქტორობა მხვდა წილად – ლაშა ბაბილუას „განგაშის იავნანა“, ნინი ელიაშვილის „ბავშვს სადაც უნდა იქ იდგება“ და ლევან სებისკვერაძის „ისინი მოდიან“. ავტორებს, ალბათ, ჩემი წარდგენა არ სჭირდებათ, მაგრამ წიგნები მართლა ძალიან კარგია.

© არილი

Facebook Comments Box