ესე (თარგმანი)

ჯეიმს ვუდი – კულტურა და სიშლეგე – ლასლო კრასნაჰორკაის მეტად უცნაური პროზაული ქმნილებების შესახებ

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა

„სიშლეგის მომენტამდე გაშიშვლებული რეალობა.“ გგონიათ, მისი აღწერა იოლი საქმეა? თანამედროვე მწერლებიდან მხოლოდ რამდენიმე მახსენდება, ვინც ამ საკითხთან შეჭიდება სცადა. ერთ-ერთი მათგანი ლასლო კრასნაჰორკაი გახლდათ. მისი პროზა მრავალხმიანობით გამოირჩევა. იგი არაერთი ნაწარმოების ავტორია, სადაც საკმაოდ რთული სიუჟეტის მიღმა, მკითხველი მწერლის თავისებურ, ობსესიურ, ხილვის მსგავს მომენტებს ხშირად შენიშნავს.

ომის შემდგომი ავანგარდული პროზა ბევრი თავისებურებით ხასიათდება. მოდი, ორ მათგანზე ვკონცენტრირდეთ. ერთი მხრივ, მწერლები ცდილობენ მაქსიმალურად გააფართოონ ნაწარმოების სამოქმედო არეალი (უხვად შემოიტანონ დეტალები, გაამრავალფეროვნონ ეპიზოდები აღწერითი ტექსტებით, გამოიყენონ ცნობიერების ნაკადის ტექნიკა), თუმცა ზოგიერთი ავტორი მინიმალიზმისკენ მიისწრაფვის (ისინი მაქსიმალურად მოკლედ, ზედმეტი დეტალების გარეშე ცდილობენ საკითხზე კონცენტრირებას. ამას ბეკეტი „ლაკონიზმს“ უწოდებდა). ბეკეტმა სამწერლო კარიერა სიტყვაუხვი ტექსტებით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ლაკონიური ნაწერებით დაასრულა. სიმართლე გითხრათ, ამ ორი თავისებურების გამიჯვნა არც ისე მარტივია. ხშირად, მწერლები სამოქმედო არეალს მხოლოდ იმიტომ აფართოებენ, რომ ამბავი ლაკონიურად ამცნონ მკითხველს. აზრობრივი ექსპანსიის მიზანი ყოველთვის ნაწარმოების შემადგენელი ელემენტების გაძლიერებასა და გამძაფრებაში როდი გამოიხატება. მართალია, ბევრი ადამიანი რომანს სიუჟეტთან, პერსონაჟებთან და საგნებთან აიგივებს, თუმცა მისი არსი გაცილებით დიდი და ღრმაა.

მეოცე საუკუნეში არაერთმა მწერალმა გადაწყვიტა ფიქციური სამყაროს შექმნაზე კონცენტრირების ნაცვლად, ყურადღება წინადადების არქიტექტურისთვის მიეპყრო. ისინი მათი საშუალებით ცდილობდნენ უმცირესი დაზუსტებების, ყოყმანის, პაუზის, დასტურისა და უარყოფის გადმოცემას. ცხადია, ამან ზოგ შემთხვევაში სათქმელი დააგრძელა, ადგილ-ადგილ კი ის დაუსრულებელ წინადადებადაც კი აქცია. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ფორმა არაერთი ექსპერიმენტული პროზის წარმომადგენლის მთავარ იარაღად იქცა. ამ ხერხს მიმართავდა კლოდ სიმონი, თომას ბერნჰარდი, ჟოზე სარამაგუ, ვ.გ.ზებალდი, რობერტო ბოლანიო, დევიდ ფოსტერ უოლესი, ჯეიმს კელმანი და ლასლო კრასნაჰორკაი. ისინი გრძელ წინადადებებს შთამბეჭდავი ოსტატობით იყენებდნენ, რითაც ნაწარმოებს სრულიად ახლებურ სუნთქვას შთაბერავდნენ. აღვნიშნოთ ისიც, რომ თითოეული ავტორი გრამატიკას რეალობის დამშლელ ინსტრუმენტად განიხილავდა, რომლის საშუალებითაც ამბის დეკონსტრუქცია იყო შესაძლებელი. მათი სამწერლო სტილი ამ იდეის მთავარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა.

მე რომ მკითხოთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორი რეალისტია. ისინი ჩვენ გარშემო არსებული მოვლენების აღწერას ცდილობენ და პროცესში ყველაზე ბნელი, იდუმალი დეტალების გადმოცემასაც კი არ ერიდებიან. „სიშლეგის მომენტამდე გაშიშვლებული რეალობა“ – ეს ფრაზა კრასნაჰორკაის ეკუთვნის. იგი ყველა აქამდე ნახსენები ავტორისგან განსხვავდება თავისი უცნაური წერის მანერითა და იდეებით. მისი წინადადებები მკითხველს შესაძლოა უსაშველოდ ვრცლად და დამქანცველად მოეჩვენოს. ზოგიერთი მათგანი თავის ბოლომდეც კი არ სრულდება. იგი აბზაცებს იშვიათად იყენებს, შესაბამისად, მკითხველს მუდამ დაუსრულებლობის განცდა რჩება. კრასნაჰორკაის გაუმართლა, რომ ინგლისურად ბრწყინვალე მთარგმნელი, პოეტი ჯორჯ სირტეში, შეხვდა. აი, როგორ ახასიათებს იგი მის პროზას: „კრასნაჰორკაის წინადადებები ლავასავით მოიწევენ წინ. ჯერ ნელა, შემდგომ კი ეტაპობრივად იკრებენ ძალას. ისინი მელნის უზარმაზარ შავ მდინარეს აფორმირებენ, რომლის შეჩერებაც თანდათან შეუძლებელი ხდება…“ ხშირად რთულია ზუსტად იმის მიხვედრა, თუ რას ფიქრობენ კრასნჰაორკაის პერსონაჟები. მისი გამოგონილი სამყარო ყოველთვის ზმანებას წააგავს. იგი რაღაცის შესახებ გვაფრთხილებს, მაგრამ თან ისეთ რეალობაში გვამყოფებს, რომელიც სრულყოფილი ფორმით არასდროს დგება. რომანში „ომი და ომი“, დიერდ კორინი, პროვინციული უნგრული ქალაქის ისტორიკოსი და არქივარიუსია. ის ერთ დღეს ჭკუიდან შეიშლება. რომანში ის მუდმივად „შემობრუნების წერტილის ძიებაში“ იმყოფება. იგი ცდილობს დაადგინოს, თუ სად გადის ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის. გთავაზობთ, ვრცელ ციტატას წიგნიდან, სადაც კრასნაჰორკაი კორინის შემზარავი მენტალური იარების შესახებ მოგვითხრობს:

,,…მას საკუთარ დაბადების დღეზე ცარიელ ბინაში დაბრუნება არ სურდა. ეს მართლაც მეტისმეტად მოულოდნელი რამ იყო, ვინაიდან მას ასეთი აზრები ზოგადად ნაკლებად აწუხებდა. ღმერთო ჩემო, იგი ნელ-ნელა რეალობის შეგრძნებას კარგავდა, საერთოდ აღარაფერი გაეგებოდა ამ სამყაროში. ამის გაცნობიერება თავზარდამცემი აღმოჩნდა. იგი ფიქრობდა, რომ მან ეს ყველაფერი მეტისმეტად უცნაურად განიცადა. იგი ამ ცხოვრების ამაოებას, ბანალურობას, ვულგარულობას, გულისამრევად ირონიულ თავისებურებებს ჩაუკვირდა და მიხვდა, რომ საერთოდ არაფერი გაეგებოდა. ორმოცდაოთხი წლის ასაკში მან ერთადერთი რამ გააცნობიერა. ღმერთო, რამდენად სულელი იყო. გონება სრულიად დასცარიელებოდა. ერთ ყბედ, გამოთაყვანებულ ადამიანად იქცა, რომელიც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შეჰყურებდა და ვერაფრის ახსნას ვერ ახერხებდა. ორმოცდაოთხი წელი მისი ცხოვრების მდინარე სულ ტყუილად მიედინებოდა. მას ყველაფერი არასწორად ესმოდა. არარად ქცეულიყო. მას ეგონა ბევრი რამის შესახებ გააჩნდა საკუთარი მოსაზრება, თუმცა ახლა გრძნობდა, რომ ყველაფრის წინაშე მარცხი განიცადა. ორმოცდაოთხმა წელმა ტყუილად ჩაიარა. ის დაბადების დღის ღამეს მდინარესთან იჯდა, უყურებდა წყლის მდინარებას და საკუთარი უმეცრება თავზარს სცემდა. მარტო იყო, თუმცა მის თავში არსებული ფიქრები ხმაურობდნენ. უმეცრების შეცნობა დიდი ვერაფერი ამბავია. ეს ცოდნის ახალ ფორმას სრულებით არ წარმოადგენს. იგი თავსატეხი უფროა. კორინი, რაც უფრო მეტად უკვირდებოდა მას, მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა. იგი მთელი ცხოვრება თავგამოდებით ცდილობდა რაიმე ახლის შეცნობას. იწყებდა ცხოვრებისეული სადავეების ხელში მოხელთებას, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც უსხლტებოდა. მარცხდებოდა და იყო ამ დაცემაში რაღაც პოეტური. თავსატეხი მეტისმეტად კომპლექსურად გამოიყურებოდა. საკუთარ თავს იტანჯავდა, ცდილობდა გაეგო ის საზრისი, რასაც გარშემო ყველა ასე გააფთრებით მალავდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. იგი კვლევა-ძიებას მაინც აგრძელებდა. მას დანებება არ სჩვეოდა. მზად იყო პასუხების ძიებაში გაელია სიცოცხლე. რამდენიმე დღე გავიდა და მან გააანალიზა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. მასში რაღაც შეცვლილიყო. იგი თავს ძველებურად აღარ გრძნობდა…”

ამ პასაჟის საშუალებით კრასნაჰორკაის პროზის მრავალ თავისებურებაზე შეიძლება გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ავტორი ვრცლად აღწერს პერსონაჟის გარდამტეხ მომენტს, რაც კორინის გონებაში მიმდინარე პროცესს თვალნათლივ წარმოაჩენს. ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ადგილ-ადგილ იწელება პერსონაჟის გონება, შემდგომ კი ერთიანად იკუმშება. იგი შეშლილ მორიელს წააგავს, რომელიც საკუთარი თავის დაგესვლას ცდილობს. დასკვნითი ფრაზა, ავტორის ირონიულ წერის მანერაზე მიგვანიშნებს. მწერალი თითქოს აზრებს ერთმანეთზე აწყობს, რათა უწყვეტი ჯაჭვი შექმნას, ბოლოს კი იუმორისტული, თუმცა კი ტკივილნარევი ფრაზით ერთიანად ანგრევს მკითხველის განწყობას. მისი ,,შენიშვნები” მუდამ მახვილგონივრულია, თუმცა მას ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე არასდროს მივყავართ. თომას ბერნჰარდის (მას კრასნაჰორკაის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს) მსგავსად, ავტორი ერთ სიტყვას, იდეას ეჭიდება (,,თავსატეხი”, ,,სამყარო, როგორც გამოცანა”). იგი მას მთელი აბზაცის განმავლობაში უტრიალებს გარშემო, რათა ის ყოველი მხრიდან გვიჩვენოს, შემდგომ კი უბრალოდ მოკლას. ამ ხერხის განმეორება სასაცილოცაა და საგანგაშოც. ბერნჰარდის პერსონაჟები მუდამ დიდებულად თამაშობენ საკუთარ როლს სცენაზე, შემდგომ კი უცნაურ, უჩვეულო სივრცეში უჩინარდებიან. ადამიანს შეუძლია მათი სათითაოდ ამოჭრაც, ვინაიდან ისინი ცალ-ცალკეც ბრწყინვალე კომიკურ სცენებს წარმოადგენენ. მათი განცალკევებით წაკითხვა წიგნის ღირებულებას ოდნავადაც არ აუფასურებს. კრასნაჰორკაის გრძელი წინადადება უკიდურეს ზღვრამდე მიჰყავს, სადაც ის უფერულდება და ერთგვარ დამცავ გარსს წარმოქმნის, რომლის მიღმაც იდუმალი საზრისი იმალება. ესაა მდგომარეობა (დამბლის დაცემას ძალიან წააგავს), როდესაც გონება დაძაბულია, რაღაც მნიშვნელოვანს დასტრიალებს, თუმცა არაფერი ესმის. აზროვნების აქტი უშედეგოდ სრულდება.

რომანს „ომი და ომი“ ძალიან საინტერესო ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული: „ზეცა ნაღვლიანია.“ კორინი საარქივო მასალებში ხელნაწერს წააწყდება. იგი მას „განსაკუთრებული მნიშვნელობის არმქონე საოჯახო მასალების“ სექციაში მიაგნებს. ისტორია 1940-იანი წლების დასაწყისშია დაწერილი. ტექსტი ოთხი კაცის: კასერის, ფალკეს, ბენგაცასა და ტოტის თავგადასავალს მოგვითხრობს. ისინი კრეტიდან კიონლამდე, შემდგომ კი ჩრდილოეთ ინგლისამდე მოგზაურობენ, გზად კი უამრავი ფათერაკი შეემთხვევათ. კორინი ამ უცნობი ხელნაწერის დიდებულებითაა შეპყრობილი. ნაწერის ყუთიდან ამოღებისთანავე „მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.“ კორინს არამდგრადი ფსიქიკა აქვს, შესაბამისად, ამ ნივთის აღმოჩენას სამყაროს განზრახვად მიიჩნევს. იგი მისი საშუალებით „თავსატეხთა“ ამოხსნას ცდილობს. კორინი იმ ქურუმს ჰგავს, რომელსაც ხილვა ახლახან ეწვია. ის დარწმუნებულია, რომ ახლახან ნაპოვნი ტექსტი „ედემის ბაღის“ შესახებ მოუთხრობს. რამდენიმე ამბის წაკითხვისთანავე იგი მოგზაურობას გადაწყვეტს. კორინი ამბობს, რომ იგი „სამყაროს ჭეშმარიტი ცენტრისაკენ მიეშურება. იქ, სადაც ცივილიზაციის ბედი წყდება. მოვლენები ერთმანეთში ირევიან და უცნაურ ლაბირინთს წარმოქმნიან. ეს ადგილი ძველ რომს წააგავს. იქ ხომ სამყაროსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც შემდგომ სრულიად ახალ პროცესს აძლევდა დასაბამს. კორინი ამ ადგილს დაეძებს. მას სურს მიაგნოს ამ ირეალურ სივრცეს, რის შემდეგაც ყველაფერს თავს გაანებებს და განმარტოვდება.“ ის ასეთ ადგილად ნიუ-იორკს მიიჩნევს. კორინი იქ წასვლას და ხელნაწერის გამოქვეყნებას გადაწყვეტს, რის შემდეგაც ვარაუდობს, რომ მისი ცხოვრება დასრულდება.

ლასლო კრასნაჰორკაი 1954 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში მდებარე პატარა ქალაქ დიულაში დაიბადა. იგი ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა მისი შემოქმედება მაინც უფრო მეტად ევროპაშია ცნობილი (გერმანიაში ის დიდწილად ადგილობრივ მწერლადაც კი მიიჩნევა, ვინაიდან კრასნაჰორკაი სრულყოფილად ფლობს ამ ენას. იქაურები მას ნობელის პრემიის მიღებასაც კი უწინასწარმეტყველებენ). მწერლის რომანებს დიდი აღიარება მოუტანა ბელა ტარის ეკრანიზაციებმა. უნგრელმა რეჟისორმა კრასნაჰორკაის რამდენიმე ნაწარმოები გააცოცხლა: „წყევლა“, „ვერკმაისტერის ჰარმონია“ (ფილმს „წინააღმდეგობის მელანქოლია“ ჰქვია), „სატანტანგო“. ეს უკანასკნელი შთამბეჭდავ ქმნილებას წარმოადგენს. ბელა ტარის ეკრანიზაცია შვიდ საათზე მეტხანს გრძელდება და არაერთ პირქუშ, პირველყოფილ, შავ-თეთრი გამოსახულებებით დატვირთულ ეპიზოდს აერთიანებს, სადაც დიალოგები გაიშვიათებულია. მნახველს აქვს განცდა, რომ მუნჯურ კინოს უყურებს, სადაც მუსიკა მხოლოდ ფონად ისმის და ყველაფერი ქმედებებში ცოცხლდება. ბელა ტარი შთამბეჭდავად ახერხებს კრასნაჰორკაის სამწერლო სტილის სურათ-ხატებად გაცოცხლებას. კადრები ერთმანეთს ენაცვლებიან. ზოგიერთი მათგანი ათ წუთსაც კი გრძელდება, თუმცა ისინი სრულყოფილად იტევენ რომანში გადმოცემულ სათქმელს. „ვერკმაისტერის ჰარმონიაში“ რეჟისორი ორი პერსონაჟის – ბატონი ესტერისა და ვალუშკას – ამბავს გვიამბობს. ფილმის სიუჟეტი მოჟამული, პროვინციული ქალაქის ქუჩებს მიუყვება. პერსონაჟები უსიტყვოდ მიაბიჯებენ. წამით, მნახველს ისეთი განცდაც კი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი მათ თვალწინ, რეალურ ცხოვრებაში ხდება. მთელი ფილმის განმავლობაში კამერა ვალუშკას (გულუბრყვილო, აფორიაქებული კაცი, რომელსაც ხშირად ეწვევა ხოლმე ხილვები) არ სცილდება. რეჟისორი მის სახეს ისეთი სასოებით დასტრიალებს, როგორც მორწმუნე ხატს. „ეშამკის ტანგო“ (კინოეკრანიზაციის სახელი) ბევრად კომპლექსური ქმნილებაა. იგი ამ ცეკვის რიტმიკასა და სტრუქტურას იმეორებს (ექვსი ნაბიჯი წინ, შემდგომ კი უკან). იქ სამყარო განადგურების პირასაა. მეურნეობა გაჩანაგებულია. აშკარაა, რომ ტარი კადრების ამოჭრას ერიდება. შედეგად ვიღებთ ფილმს, სადაც თითოეული სცენა შეულამაზებლად გადმოგვცემს ადამიანთა მძიმე ყოფასა და ქმედებებს. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში სოფლის მაცხოვრებლები მთვრალები როკავენ, რაც, თუკი ტარს დავუჯერებთ, სრულებით არ ყოფილა სცენარის ნაწილი. ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოხდა.

მიმაჩნია, რომ ამ დიდ უნგრელ რეჟისორსაც კი არ გამოუვიდა კრასნაჰორკაის პროზის სრულყოფილად გაცოცხლება. მისი ნამუშევრები გაცილებით ღრმა და კომპლექსურია. მათ მკითხველის შთანთქმა შეუძლიათ (იმის მიუხედავად, რომ ისინი ამას მიზნად შეიძლება საერთოდაც არ ისახავდნენ). ,,ვერკმაისტერის ჰარმონია” საოცარი ჰაეროვნებით გადმოგვცემს იმ მზაკვრობებს, რასაც სოფლის მაცხოვრებლები სჩადიან. ცხადია, ეს ყველაფერი “წინააღმდეგობის მელანქოლიაში” ჯეროვნად ვერ გამოჩნდა. ამბავს რეჟისორმა მაგიური რეალიზმის ელემენტები დაამატა, რამაც ქმნილება რომანს დააშორა. ინგლისურენოვანი მკითხველი კრასნაჰორკაის სხვა ქმნილებების თარგმნას მოუთმენლად ელოდება, თუმცა ეს ყველაფერი სირტეშის ოსტატობასა და გამომცემლობა New Directions-ის გულუხვობაზეა დამოკიდებული. დიახ, არ მოგესმათ. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის წიგნების თარგმნა დიდი გულუხვობაა, ვინაიდან კრასნაჰორკაის წიგნები იშვიათ ვალუტასაც წააგავს, რომელიც სიფრთხილით გადადის ხელიდან ხელში. მე მათ შესახებ პირველად რუმინელი ასპირანტის საშუალებით შევიტყვე. ,,წინააღმდეგობის მელანქოლია” სწორედ მან მირჩია. მახსოვს, როგორი ინტერესით გადავშალე წიგნი, დავიწყე მისი კითხვა და, ცოტა არ იყოს, თავზარიც კი დამეცა. მივხვდი, რომ ეს მარტივი რომანი არ იქნებოდა. ჩემ წინ ლავა მოედინებოდა, რომლის შეჩერებასაც ვერაფრით ვახერხებდი. სიტყვები ძალას იკრებდნენ, მე კი მათი დაძლევა არ შემეძლო. წიგნი თაროზე იმ იმედით შემოვდე, რომ ოდესმე… ოდესმე მის წაკითხვას შევძლებდი. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ კრასნაჰორკაის პროზას ერთ დღეს აუცილებლად დავუბრუნდებოდი. მე ხომ სირთულეებთან გამკლავება მუდამ მიყვარდა. დროის გასვლასთან ერთად რაღაცები არ იცვლება. მე კვლავ ცეცხლს მიკიდებენ უცხო კულტურაში შექმნილი ნაწარმოებები. მახსოვს, ამ წიგნს ერთ-ერთ კაფეში ვკითხულობდი, როდესაც თავს ერთი უნგრელი ქალი წამომადგა და მკითხა, თუ რატომ ვკითხულობდი მაინცდამაინც ამ ავტორს. ჩანაწერების გაკეთება შევწყვიტე, წიგნაკი დავხურე და გაკვირვებულმა ავხედე უცნობს. მან ამიხსნა, რომ ის პირადად იცნობდა ავტორს, მისი არაერთი რომანი ჰქონდა წაკითხული და ამასწინათ “მაკულატურის” პრემიერაზეც კი იყვნენ ერთად ბოსტონში. ცხადია, ამის შემდეგ აღარ გამკვირვებია, თუ რატომ სურდა მას მწერლის შესახებ საუბარი.

კრასნაჰორკაის ნამუშევრებით აღტაცება მის იდუმალებასთანაა დაკავშირებული. თომას ბერნჰარდის ისტორიები, მის ფიქციურ ამბებთან შედარებით, ერთდროულად გონივრულადაც გამოიყურება და სიგიჟედაც. პარადოქსია, არა? ბერნჰარდს შეუძლია პიანისტისა და მწერლის გონებაში ჩაძვრეს, მათ სიღრმეში მიაგნოს მეგობრობის სურათ-ხატს, რაზეც შემდგომ რომანის სიუჟეტს დააფუძნებს. იქ, ერთ-ერთი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, ავტორი კი მშვიდად განაგრძობს მკითხველისთვის გლენ გულდთან მათი ურთიერთობის შესახებ მოყოლას. ბერნჰარდის ამ წიგნს „დაღმავალი“ ჰქვია. ავტორი ისტორიას პირველ პირში გადმოგვცემს. მართალია, წინადადებები მეტისმეტად კომპლექსურად და რთულად მიყვებიან ერთმანეთს, თუმცა ნაწარმოების ბოლოს ისინი სასოწარკვეთილებამდე ლოგიკურ შინაარსს აფორმირებენ. კრასნაჰორკაის ნარატიული წყობა განსხვავებულია. ის უფსკრულს წააგავს და ყოველგვარი ლოგიკურობისგან დაცლილია. ხშირად ავტორს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა ამოძრავებს მის ნაწარმოებებს. წარმოიდგინეთ, კითხულობთ რომანს, უახლოვდებით ქალაქის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ცეცხლზე ხელებს ითბობენ და აღმოაჩენთ, რომ იქ არანაირი შეშა არ იწვის. მეტიც, ხალხი სულ ტყუილად არის შეკრებილი და არ იციან, თუ რატომ აღმოჩნდნენ იქ.

კრასნაჰორკაის რომანის (,,ომი და ომი”) პერსონაჟი, კორინი, ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც უნგრელ თარჯიმანთან, ბატონ შარვარისთან, დაიდებს ბინას. იგი კომპიუტერს შეიძენს და ხელნაწერის გაციფრულებას დაიწყებს. მისთვის ტექსტს საკრალური მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, იგი მასზეა მიჯაჭვული. ყოველი წამი ამ ნაწარმოების საშუალებით იძენს მნიშვნელობას. მას არ შეუძლია ტექსტის რეალური საზრისი გადმოსცეს. კორინი ფიქრობს, რომ მისი აღწერა შეუძლებელია:

,,სულ რაღაც სამი წინადადების წაკითხვაც კმაროდა, რათა დარწმუნებულიყო, რაოდენ უჩვეულო დოკუმენტთან ჰქონდა საქმე. იგი არაფერს ჰგავდა. კორინმა ბატონ შარვარის საუბარში გაანდო, რომ მას ხელში გამაოგნებელი, სულისშემძვრელი, გონებისშემარყეველი, საქვეყნო მნიშვნელობის მქონე ნაშრომი ჩაუვარდა. იგი დილიდან საღამომდე მთელ დროს ფიქრში ატარებდა. აზრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოდიოდა. აისს დაისი მოჰყვებოდა, საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა – მას კი ჯერაც რამდენიმე წინადადების იქით ვერაფრის გააზრება ვერ მოესწრო. იჯდა გარინდებული, სივრცეს გაჰყურებდა და ცდილობდა თავს დატეხილ ფიქრებს გამკლავებოდა. არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება. იგი ახლა თითქოს სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნაზე იდგა. ერთი არასწორი ნაბიჯიც და ყველაფერი დასრულდებოდა. ხელნაწერს არქივში ვერ დააბრუნებდა, ეს უმეცრება იქნებოდა. მას წიგნისთვის უკვდავება უნდა შთაებერა… შემთხვევითობამ კორინის ცხოვრება შეცვალა და მის ახალ მისწრაფებას დაუდო დასაბამი. ბატონ შარვარს მისთვის უნდა გაეგო. განთიადისთვის მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შეცვლასაც აღარ აპირებდა. კორინმა საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რათა ხელნაწერისთვის უკვდავება ეჩუქებინა. მან იცოდა, რომ უკვე კარგა ხანია სურდა სიკვდილი, შესაბამისად, ჭეშმარიტების სანაცვლოდ მზად იყო საკუთარი სხეული დაეთმო. სიმართლე ითქვას, სხვა გზა არც რჩებოდა. ეს იყო ერთადერთი ლოგიკური არჩევანი.”

საინტერესოა, რომ ,,ჭეშმარიტება”, რომელსაც კორინი წააწყდა, ბუნდოვანია. ავტორი მას არ განმარტავს. მეტიც, კრასნაჰორკაი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პერსონაჟი უკანა პლანზე გადაწიოს. იგი ამ მიზნით პასაჟს მესამე პირში წერს. სიმართლე გითხრათ, მის მიერ აღწერილი ამბავი შთამბეჭდავად გამოიყურება. პერსონაჟი მეტად უცნაურ, მერყევ გზას გადის. თხრობა ჯერ მიმდინარე ამბებს შეეხება (,,იგი წიგნს ყურადღებით ეცნობოდა, აქა-იქ, უკვე წაკითხულ პასაჟებს ხელახლა უბრუნდებოდა, რათა მათი გააზრება სრულყოფილად მოეხერხებინა. ასე გრძელდებოდა განთიადამდე…”), შემდეგ კი გმირის მენტალური მდგომარეობის აღწერას ვხვდებით (“რაიმე უნდა ეღონა. თავში არაერთი აზრი მომწიფებოდა, რომელთაგან დასრულებული ფორმა არც ერთს არ გააჩნდა. ფიქრები ერთმანეთს ქაოსურად ენაცვლებოდნენ”). ავტორი ცნობიერების ნაკადის ტექნიკას იყენებს, სადაც კორინის ფიქრებს აშიშვლებს. საბოლოოდ, პერსონაჟი მათ ბატონ შარვარს უზიარებს (,,ეს მეტად მნიშვნელოვანი რამ იყო… ის, რაც კორინმა ბატონ შარვარს აცნობა”). პასაჟის გაცნობისას მკითხველს ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს ჰალუცინაციას უყურებს. კორინი მთელი ამ დროის განმავლობაში შეშლილ ადამიანს წააგავს, რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება. წინადადებები ერთმანეთს უცნაურად ერწყმიან. ეს ყველაფერი საბოლოოდ შლეგი კაცის მონოლოგად გარდაიქმნება. “ომისა და ომის” თითქმის ყოველ გვერდზე გვხვდება ფრაზა: ,,თქვა კორინმა” (ან მისი რომელიმე ვარიაცია: “ეს ჰერმესი იყო, თქვა კორინმა… ჰერმესიდან იწყება ყოველივე”). ავტორი თითქოს საგაზეთო სტატიის პაროდიას გვთავაზობს. ის ჟურნალისტურ თხრობას ეჭვქვეშ აყენებს. მას მედია დიდი ძალმოსილების ავტორიტეტად არ მიაჩნია. რომანის ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ საინტერესო დეტალსაც (სიტყვათა განმეორებადობას) ვხვდებით: “მერწმუნეთ, როცა ვამბობ, როგორც მანამდეც არაერთგზის მითქვამს – აღნიშნა მან – ეს ყველაფერი სრული სიგიჟეა! დაუჯერებელია!”

ნიუ-იორკში მყოფი კორინი ხელნაწერის შესახებ ბატონ შარვარსა და მის მეუღლეს უყვება. იგი სამზარეულოშია გამოკეტილი და დაუსრულებლად იმეორებს კასერის, ფალკეს, ბენგაცასა და ტოტის ისტორიებს. კრასნაჰორკაი მათი ამბებიდან ვრცელ ნაწყვეტებსაც გვიზიარებს. ის საოცრად ახერხებს ამ ორი ამბის გაერთიანებას. ისტორიები მეტისმეტად უცნაურად გამოიყურებიან, თუმცა თითოეული მათგანი მკითხველში აღფრთოვანებას იწვევს. ტექსტში კიოლნის ტაძრისა და ადრიანეს კედლის გასაოცარი აღწერებიც გვხვდება. კორვინი შარვარის მეუღლეს გაუმხელს, რომ ის ხელნაწერის კითხვისას, ისევე, როგორც მისი აკრეფისას, თითოეულ პასაჟსა და პერსონაჟს თვალნათლივ ხედავს. ამ ტექსტს მისთვის განსაკუთრებული ძალა გააჩნია: „კითხვის დაწყებისთანავე – ის ნათლად ხედავდა პერსონაჟთა სახეებსა და გამომეტყველებას… ამას ყოველგვარი ძალისხმევის ჩადების გარეშე ახერხებდა. მათი სახეები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. შეუძლებელი იყო, ერთხელ შეგეხედა ადამიანს და შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგმახსოვრებოდა. ნახავ და ეგაა, უკვე გონებაში გაქვს ჩარჩენილი – ამბობდა კორინი.“ მკითხველი რომანის კითხვისას რწმუნდება, რომ კორინს არანაირი ხელნაწერი არ აქვს ნაპოვნი. ის თავად წერს ნაწარმოებს ნიუ-იორკში. ხელნაწერი მისმა გონებამ გამოიგონა. იგი შეიშალა და ფიქრობს, რომ საკუთარი ნაწარმოები, სადღაც ვიღაცას უკვე დაწერილი აქვს… მისი როლი მხოლოდ წიგნის გადაწერა და უკვდავყოფაა. მკითხველი ხვდება, რომ ფრაზის: „თქვა კორინმა“ – უკან, რეალურად, „დაწერა კორინმა“ იგულისხმება. კითხვა, საუბარი, ფიქრი, წერა, გამოგონება… აი, რა სიტყვები ირევიან კორინის გონებაში. ის ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს რეალობასა და გამონაგონს. ცხადია, ეს ქაოსი ნელ-ნელა მკითხველის გონებაშიც ინაცვლებს.

უცნაურია, მაგრამ რომანის დასასრულს ცოტათი დავიზაფრე. როგორც მკითხველს, ასეთი შემაშფოთებელი გამოცდილება თითქმის არასდროს მქონია. მე სხვის გონებაში “შესახლებასთან” ძალიან ახლოს ვიყავი, რამაც თავზარი დამცა. არ მეგონა, რომ გამოგონილ ამბავს ამგვარი რამის ჩადენა შეეძლო. კორინის გონება დაუსრულებელი ომითაა დამძიმებული. ის შეპყრობილია. მისი ფიქრები ლამაზ ხილვებსაა მოკლებული. იქ რაღაც დუღს, თუხთუხებს, ამოხეთქვას ლამობს. ცხადია, ასეთ გონებაში “შესახლება” დამზაფვრელია. ამ დროს ტკივილნარევი მოგონებებით ხარ გარშემორტყმული. ეს ყველაფერი იდუმალი, თავისებური წერითი სტილით მიიღწევა, რომელსაც ასე ოსტატურად იყენებს კრასნაჰორკაი. დიახ, მისთვის “ზეცა ნაღვლიანია” და ამაში პარადოქსული არაფერია. ეს ტკივილი “ომისა და ომის” ფურცლებზეა ამოტვიფრული. მკითხველს ისეთი განცდაც კი რჩება, თითქოს მწერალმა გვერდები საკუთარი სისხლით დაწერა. ამ ემოციებს ყველაზე უკეთ კორინის ხელნაწერის ფურცლებზე ვხვდებით:

,,კორინი მხოლოდ ერთადერთი რამით იყო შეპყრობილი. მას სიშლეგის მომენტამდე გაშიშვლებული რეალობის ჩვენება სურდა. იგი თითოეულ ემოციას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, რათა სათქმელი ზედმიწევნით კარგად გამოეთქვა. ყველა ის სიგიჟემდე დასული გამოცდილება, რაც მასში იყო დალექილი, ახლა წიგნის ფურცლებზე გადადიოდა. ხელნაწერის გვერდების შექმნა მარტივი არ ყოფილა. კორინი სკულპტორს ჰგავდა, რომელსაც უხეში მატერია დიდებულ ქმნილებად უნდა გარდაექმნა. იგი შეპყრობილი გახლდათ. ერთსა და იმავე მოგონებასა და გამოცდილებას უამრავჯერ უბრუნდებოდა, რათა განცდები პირველყოფილი ფორმით ეჩვენებინა. ისე ჩანდა, თითქოს კორინი ტექსტს კალმითა და სიტყვების საშუალებით კი არ წერდა, არამედ ფრჩხილებით კაწრავდა ფურცელსა და გონებაში.“

კრასნაჰორკაის ბოლო თხზულება, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცა, მის რომანს არ წარმოადგენს. ის უნგრელი მწერლისა და გერმანელი ხელოვანის, მაქს ნოიმანის ერთობლივი ნაშრომია, რომელსაც „Animalinside” ეწოდება. წიგნი თოთხმეტ საინტერესო და იდუმალ ნახატს აერთიანებს, რომელთაც თან კრასნაჰორკაის რამდენიმე აბზაციანი ტექსტები ახლავს. შესავალში კოლმ ტოიბინი წერს, რომ მწერალმა თავდაპირველად ტექსტი მხოლოდ ნოიმანის ერთ-ერთი ნამუშევრისთვის დაწერა, შემდეგ კი მხატვარი იმდენად მოიხიბლა მისი ნაშრომით, რომ დამატებით არაერთი ნახატის შექმნა განიზრახა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი საერთო წიგნად იქცა. ნოიმანის ქმნილებებმა კრასნაჰორკაის გონების გათავისუფლების საშუალება მისცა, რაც თითოეულ ტექსტში იგრძნობა. გერმანელი ხელოვანის ნამუშევრებზე გამოსახულია შავი ძაღლი. ის საკმაოდ მკაფიოდაა გამოკვეთილი. ზოგიერთი ძაღლი მგელს წააგავს, ზოგიც მხიარულად (კარიკატურულადაც კი) გამოიყურება. პირველ ნახატზე ის ნახტომისთვისაა გამზადებული (აქ მგელს უფრო ჰგავს, ვიდრე ძაღლს), მაგრამ პატარა ოთახში იმყოფება, შესაბამისად, ამ ქმედების განხორციელება შეუძლებელიც კია. მეოთხე ნამუშევარზე შავი ძაღლი კვლავ ნახტომისთვის ემზადება, თუმცა ამჯერად ბადისებრ მართკუთხედში აღმოჩნდება დატყვევებული. მეხუთე ნახატზე კაცი მშვიდად კითხულობს გაზეთს. ის კმაყოფილი ჩანს. ვვარაუდობ, რომ პროფესორი უნდა იყოს. ნახატზე არსებულ სიმშვიდეს შავი ძაღლის ნახტომი არღვევს, რომელიც მას მარცხენა მხრიდან ესხმის თავს.

ფორმობრივი თვალსაზრისით, კრასნაჰორკაის პროზა სემუელ ბეკეტისას ძალიან წააგავს. მისი ნაწარმოებები ირლანდიელი მწერლის გაგრძელებადაც შეიძლება აღვიქვათ. იქ ყოველთვის წინა პლანზეა წამოწეული არარაობის, ხაფანგში ყოფნის, წინსვლის შეუძლებლობის იდეები, რაც მკითხველს მუდამ ფიქრის პროცესში ამყოფებს. ნოიმანთან ერთად გამოქვეყნებულ წიგნში კრასნაჰორკაი ოსტატურად ახერხებს მოკლე აბზაცებში დიდი აზრის ჩატევას. მისი ძახილი ნახატების კვალდაკვალ ექოსავით გაისმის. ის ხშირად უბრუნდება ერთსა და იმავე სილუეტებს, თუმცა თითოეულ მათგანს ყოველ ჯერზე ახლებურად იაზრებს. ასე მაგალითად, პირველი ძაღლის დანახვისას, ის ძაღლს, როგორც ყუთში გამომწყვდეულ მსხვერპლს, ისე აღიქვამს. ცხოველი გალიიდან თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა იქვე ხვდება, რომ მისი მცდელობები მარცხისთვისაა განწირული. ,,ერთი ღმუილიღა დარჩა”- წერს კრასნაჰორკაი. სწორედ ამ ორი სიტყვით ახერხებს ის არაფრიდან დიდი ემოციის წარმოშობას. ,,ერთი ღმუილი” მეტისმეტად ხმამაღლა ხმაურობს. აი, დააკვირდით, რაოდენ ოსტატურად ახერხებს ავტორი ამ ეფექტის შექმნას:

,,მსურს კედლები გავაფართოო, მაგრამ არაფერი გამომდის. აქ ვარ შემოკუჭული, პატარა სივრცეში. მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. იძულებული ვარ, საკუთარ ყოფას შევეგუო, სხვა რა გზა დამრჩა… შემიძლია ერთი წამოვიღმუვლო და სულ ესაა. მარადიულად ამ პატარა სივრცეში მომიწევს ყოფნა, სანამ ჩემი აღსასრულის დღე არ დადგება. სხეულის დაჭიმულობა და ღმუილი… ეს ორად-ორი რამ მაბადია. ნელ-ნელა ისინიც უფერულდებიან. მე არაფერი მაკავშირებს ამ სივრცესთან. ქვეყნიერებაზე არ მოიძებნება ადგილი ჩემთვის. ამ უცხო სტრუქტურაში საკუთარი ნებით არ მოვმხვდარვარ. უკვე აღარ ვარსებობ, უბრალოდ ვღმუი, ეს უკანასკნელი კი უწინდებურად აღარ გაისმის… სასოწარკვეთა მეუფლება. ახლა უიმედობის გადმოცემას მხოლოდ მისი საშუალებით ვახერხებ.”

ზემოთ მოცემულმა პასაჟმა მკითხველს შესაძლოა სემუელ ბეკეტის რომანი, “უსახელო”, მოაგონოს, სადაც მთხრობელი ერთ ეპიზოდში გულისმომკვლელად ღრიალებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ “ცარიელ ადგილას მყოფ უსიტყვო საგნად ქცეულა… ის მტკიცედ ჩაკეტილ კარს მიღმა აღმოჩნდა, მშრალ, ცივ და ბნელ ადგილას. იქ არაფერი იძვრის, ჩამიჩუმიც კი არ ისმის. იგი გალიაში მყოფ მხეცს მიაგავს, რომელიც ასევე დატყვევებულმა ცხოველმა შვა და ისე აღესრულება, რომ თავისუფლებას ვერ იხილავს. ასეთი ყოფილა ცხოვრება. გალიაში იბადები და შემდგომ იქვე აღესრულები…”

კრასნაჰორკაის ლიტერატურაში ბევრად ხშირია პოლიტიკური მაგალითები. ბეკეტთან მსგავსი ეპიზოდი უფრო მეტად მორალურ საწყისებთან გვაბრუნებს, მაშინ, როცა უნგრელი ავტორი მას გარშემო გამეფებული წყობილების დეტალებსაც უმატებს. გალიაში გამომწყვდეული მხეცი ერთდროულად მსხვერპლიცაა და აგრესორიც. მას ძალმომრეობის სურვილი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ოდესღაც დაჩაგრეს. შესაძლებლობას თუ მისცემ, ის ,,მოურიდებლად ჩაგასობს კბილებს კისერში.” მეხუთე სურათს მეტად საინტერესო ტექსტი ახლავს ქვემოთ. ძაღლი გაზეთის კითხვით გართულ კაცს ესხმის თავს. იმ მომენტში აშკარაა, რომ მხეცი რაღაც “სხვად” გარდაისახება. ის ბურჟუაზიული ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანს ემუქრება. მას ხომ რეალურ ცხოვრებაში ცხოველების გარდა ტერორისტები, მიგრანტები, რევოლუციონერები, ანდაც უცხო პიროვნებები უქმნიან საფრთხეს? ჩვენ ბევრი უცნაური რაღაცის გვეშინია: ,,აი, ახლა წამოვიმართები და სახეს დაგიფლეთ. მერე ვნახავთ, თუ რა ფასი ექნება შენს მოლოდინებსა და სურვილებს, როდესაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას ტანჯვაში გაატარებ. თავზარდაცემული მიაწყდები კედლებს, მაგრამ ამაოდ… სული შვების მოგვრის გარეშე ამოგხდება.”

ძაღლი გვპირდება, რომ ის აპოკალიფსივით დაგვატყდება თავს. ის ღამით შემოპარული ქურდის მსგავსად აპირებს ჩვენში შემოღწევას და იმის დამსხვრევას, რაც ადამიანთა სიმშვიდეს განაპირობებს (ჩვენში არსებული წესრიგის მოსპობას):

,,მერწმუნე, შენთან ძალიან მალე გავჩნდები. იმდენად სწრაფად, რომ გონს მოსვლასაც კი ვერ მოასწრებ. მოიხედავ და მიხვდები, რომ ჩემ მოსვლამდე წარსული არ გაგაჩნდა, ახლა კი თვალსა და ხელს შუა მომავალიც შემოგეფშვნება. დროითი საზღვრები ჩემთვის პირობითია… მე მის მიღმა ვიმყოფები. აი, აწიე თავი გაზეთიდან, გამოიხედე და მიხვდები, რომ უკვე შენ წინ ვარ… ცოტაც და განწირული ხარ.”

დამეთანხმებით, რომ ტექსტი მეტისმეტად დაუნდობლად გამოიყურება. ძაღლი აქ ინსტრუმენტია, რომელიც მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოცემულობის გააზრებაში გვეხმარება. მხეცი ადამიანთა შიშებს აერთიანებს. ჩვენ ხომ გარდაუვალი ხვედრის წინაშე ვცახცახებთ. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილს გზას ვერ ავუვლით, მისთვის თვალის გასწორება გვიჭირს. ტანჯვა, ტკივილი, სიკვდილი, სხვისთვის ზიანის მიყენება… აი, როგორ ახასიათებს ნორმან რაში, თავის რომანში (“მოკვდავნი”), ,,ჯოჯოხეთის უფსკრულს”: “ჯოჯოხეთის უფსკრული პირდაპირ ჩვენ წინაშეა. ეს საზარელი ადგილი პირდაფჩენილი ელოდება მსხვერპლს. იქ შეიძლება ადამიანი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აღმოჩნდეს.” იმის მიუხედავად, რომ კრასნაჰორკაის ტექსტი მართლაც თავზარდამცემად გამოიყურება, მასში იმედის ნაპერწკალი მაინც გამოკრთის. ძაღლი საზარელ ფიქრებს გულწრფელად გვიზიარებს. ერთი შეხედვით, მას იოლად შეუძლია კაცის დაფლეთა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მზერა გაზეთმომარჯვებულ ადამიანსაც მივაპყროთ. იგი მშვიდად ზის და განაგრძობს კითხვას. ველური პირველსაწყისი მასშიცაა, უბრალოდ ის დროებით მის დაფარვას ახერხებს. ამრიგად, გამჟღავნებული ფიქრების მიღმაც რჩება რაღაც, იდუმალი, რაც იმაზე საშიშად მოჩანს, ვიდრე ძაღლის მიერ გამოვლენილი აგრესია.

კრასნაჰორკაი აპოკალიფსითაა შთაგონებული. მას ხიბლავს დამსხვრეული სურათ-ხატები, გაუშიფრავი შეტყობინებები და ორაზროვანი ქმედებები. იგი პერსონაჟებს მუდამ “შემობრუნების წერტილის სიახლოვეს” ატარებს. კრასნაჰორკაის პერსონაჟებისთვის – დოსტოევსკის გმირების მსგავსად – ღმერთზე ფიქრი ბუნებრივი მოცემულობაა. მწერალი რუსი ავტორისგან ბევრ რამეს სესხულობს. მისი სამყარო დოსტოევსკისეულია, იმ განსხვავებით, რომ იქიდან ღმერთი სრულადაა განდევნილი. მისი რომანი – “წინააღმდეგობის მელანქოლია” – აპოკალიფსის კომედიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ესაა წიგნი ღმერთზე, რომელიც კი არ ჩაიჭრა, არამედ გამოცდაზეც არ გამოცხადდა. ამაზე დიდი სიგიჟის ჩადენა ლიტერატურაში თითქმის შეუძლებელია. “ომისა და ომისგან” განსხვავებით ეს რომანი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს შეშლილი ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესებზე. იგი პროვინციული უნგრული ქალაქის ცხოვრებაზე გვიამბობს, სადაც განსხვავებული თვისებების მქონე პერსონაჟები ცხოვრობენ: ბოროტი, ფაშისტი (საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად სჭირდება) ქალბატონი ესთერი, რომელიც ქალაქის ხელში ჩაგდებასა და ზნეობრივი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნაზე ოცნებობს. მისი მეუღლე კაფანდარა ფილოსოფოსია, მუსიკოსი, რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა ქალაქის ორკესტრი (დირიჟორი იყო) და დღეებს ტახტზე ნებივრობაში ატარებს. მას ხანდახან შემზარავი ზმანებები ეწვევა ხოლმე. არის მომენტები, როდესაც მოწოლილ ფიქრებს ვეღარ უმკლავდება, თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდება. რომანში ვხვდებით იანოშ ვალუშკასაც, მეოცნებე ფოსტალიონს, რომელიც მთელ დღეებს ქალაქში სეირნობაში ატარებს და სამყაროსეული წესრიგის იდუმალებაზე ფიქრობს. მას ხშირად დასცინიან და აბუჩად იგდებენ. საზოგადოებაში სულელის სახელი აქვს და უმეტესად გარიყულია. კრასნაჰორკაი ცენტრალური ევროპული რომანისთვის დამახასიათებელ ტრადიციას ზედმიწევნით მიყვება, შესაბამისად, რომანში ლოთი პოლიციის უფროსისა და უიღბლო მერის შემოყვანაც არ ავიწყდება.

ცხადია, მოკლე მიმოხილვაში ძალიან რთულია მთელი იმ უცნაურობისა და იდუმალების ჩატევა, რაც ამ რომანს სდევს თან. ქალაქი გაპარტახებულია. მაცხოვრებლები გაურკვევლობაში იმყოფებიან, ქუჩის ლამპიონები ჩამქრალია, ნაგავი დახვავებული (უკვე თვეებია არავინ ეზიდება). ქალაქში მოხეტიალე ცირკი ჩამოდის, რომლის ერთადერთი მთავარი სანახაობა გიგანტური ვეშაპია. იგი უცნაურ, უკარო სატვირთო ავტომობილში ჰყავთ დაბინავებული. რამდენიმე მსხვილ, სპირტით სავსე კოლბაში ემბრიონებია მოთავსებული. ცირკი რეგიონის მასშტაბით მართავს წარმოდგენებს. მათ თან მრისხანე მაყურებელთა არც ისე მცირე-რიცხოვანი გუნდი დაჰყვებათ. კაცები ქალაქის მთავარ მოედანზე, ვეშაპის სიახლოვეს ტრიალებენ და თითქოს რაღაც სასწაულის მოხდენას ელიან. ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანებითა და საბედისწერო ქმედებათა მოლოდინითაა განმსჭვალული. აი, სწორედ აქ შემოდის სცენაზე ქალბატონი ესთერი. ის ფიქრობს, რომ ანარქისტული ქმედებები (ან რაიმე საპროტესტო მოძრაობის მართვა) საკუთარი ზრახვების აღსასრულებლად კარგ შესაძლებლობას იძლევა. მას იოლად შეუძლია არეულობის “ბოროტი ძალებისათვის” გადაბრალება, რის შემდეგაც კონკურენტებს ჩამოიშორებს და თავად ჩაუდგება ზნეობრივ კომიტეტს სათავეში. მართლაც, კაცები მალე იწყებენ უკონტროლო ქმედებებს. ისინი არბევენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ ცირკს, ლეწავენ საგნებს, ხოცავენ ხალხს, წვავენ შენობებს. რატომ? რატომ ხდება ეს ყველაფერი? ამაზე პასუხი არავის აქვს. აი, რას აცხადებს ერთ-ერთი პროტესტის მონაწილე: “ჩვენ ვერ ვიპოვეთ ზიზღისა და უიმედობის გამომწვევი ობიექტი, ამიტომაც თანაბარი ძალით დავატყდით ყველაფერს თავს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა იდგა ჩვენ წინ. მათ, ვინც გზის გადაღობვა სცადა, ყველას სასტიკი სასჯელი დაატყდა თავს.” ქალაქში ჯარი შემოდის. აი, სწორედ ამ მომენტში იმარჯვებს ქალბატონი ესთერი. ის მართვის სადავეებს მყისვე მოიგდებს ხელში და თოთხმეტ დღეში “განაგდებს ძველ წესრიგს, რის შემდეგაც ახალ კანონებს დაამკვიდრებს.”

ავტორი ნაწარმოებში ვეშაპის ამ ძალადობრივ კერასთან კავშირის შესახებ არაფერს გვეუბნება. ბუნდოვანია, რამდენად გამოიწვია ამ არსებამ ბრბოს გაღიზიანება. კრასნაჰორკაი ეშმაკურად მიგვანიშნებს, რომ ცირკი ყველამ აპოკალიფსის მანიშნებელ სიმბოლოდ აღიქვა. ზოგადად, ამ ტიპის წარმოდგენები საკმაოდ ბევრ აზრობრივ შრეს მოიცავს, შესაბამისად, მისი გაგება არასდროსაა მარტივი. ხშირად ადამიანები გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე, იდუმალ ნაწარმოებებს მცდარად კითხულობენ (ქვეტექსტის ამოკითხვა იოლი საქმე არაა. ავტორი იმავეს ფიქრობს საკუთარ რომანზეც). ვეშაპი მელვილისა და ჰობსის გამოგონილ არსებათა კომიკურ, თუმცა ოდნავ ბუნდოვან ალუზიას წარმოადგენს. ლევიათანისა და მობი დიკის მსგავსად, ისიც უზარმაზარია, ამოუცნობი და თავზარდამცემი. ეს არსება მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კრასნაჰორკაი მიგვანიშნებს, რომ ზოგჯერ უძრავი, სტატიკური, მკვდარი არსებები ბევრად მეტს ამბობენ, ვიდრე დინამიკაში მყოფი პერსონაჟები. მელვილის სიმბოლიკა პურიტანული რწმენა-წარმოდგენებით აიხსნება (თავად თეთრი ვეშაპი ბევრ მკითხველს აბნევს, თუმცა დეტალებზე დაკვირვებით ყველაფერი თავის ადგილას დგება). კრასნაჰორკაის ღრმად სწამს, რომ კარპატების ჩრდილში მყოფი კოშმარული ქალაქიდან ღმერთი დიდი ხანია გაუჩინარდა. საწინააღმდეგო მოსაზრების დამტკიცება მკითხველს ძალიან გაუჭირდება. მწერალი მოქმედებებს ისე ათამაშებს, რომ ჩვენ ყველანი მის აზრზე გადავდივართ. ქალაქის მთავარი მოედნის ცენტრში დგას ავბედითი, უკარო სატვირთო, რომელიც რაღაცით ტროაში შეგორებულ ცხენსაც კი წააგავს. ცხადია, ავტორი ირონიულად სწორედ ამ ამბავზე მიგვანიშნებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი ავტომანქანიდან არავინ გადმოდის. ის ცარიელია.

,,წინააღმდეგობის მელანქოლია” ჩამთრევი, მაგრამ, ამავდროულად, პესიმისტური განწყობის მქონე წიგნია. ის ნებისმიერი რევოლუციური ქმედების მცდელობას ირონიულად უყურებს. ნაწარმოებში ქალბატონი ესთერი თითქმის არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდება. ერთადერთი, ვინც მასთან დაპირისპირებას გაბედავს, ვალუშკაა (მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავენ). ესთერის ქმრის ჩუმი და ძალის არმქონე პროტესტის მცდელობები აღნიშვნადაც არ ღირს. დარწმუნებული ვარ, მკითხველი ამ რომანისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, ვინაიდან ის არაერთი წინააღმდეგობრივი პასაჟისგან შედგება. ავტორი ადამიანებს გაწელილი, ადგილ-ადგილ უჩვეულო წყობის მქონე წინადადებებით ესაუბრება. ის პროცესში პუნქტუაციის წესებსაც უკუაგდებს, რაც ტექსტს ცნობიერების ნაკადის ნამდვილ შედევრად გარდაქმნის. მწერლის ოსტატობა ვალუშკას პასაჟების აღწერისას განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება. განდევნილი ფოსტალიონი ქალაქში ეულად დახეტიალობს და სამყაროს მოწყობის საკითხებზე ფიქრობს. კრასნაჰორკაი სიუჟეტურ ხაზს ბატონი ესთერის გარშემოც საკმაოდ შთამბეჭდავად ხლართავს. ის წლების განმავლობაში საკუთარი პიანინოს აწყობის იდეითაა შეპყრობილი. ინსტრუმენტის გამართვის შემდეგ, მას მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა სურს, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში დაუკრავს.

ვფიქრობ, კრასნაჰორკაი საოცრად ირონიული მწერალია. სხვანაირად ვერაფრით აიხსნება ის განსაცდელი, რომელსაც ავტორი ბატონ ესთერს მოუვლენს. წარმოიდგინეთ, პერსონაჟი ძლივს გამართავს პიანინოს, დაჯდება დასაკრავად და აღმოაჩენს, რომ ის შემზარავ ბგერებს გამოსცემს. ბატონი ესთერი მუსიკის საშუალებით თავს დატეხილ რეალობასთან გამკლავებას ცდილობს. ის მისთვის პროტესტის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად იქცევა:

,,რწმენა, – ფიქრობდა ესთერი – რაღაცის დაჯერებას როდი ნიშნავს… ამ დროს შენ დარწმუნებული ხარ, რომ რაღაცების განსხვავებულად გაკეთება შეგიძლია. მუსიკაც სწორედ ამის საშუალებას იძლევა. იგი სამყაროს უკეთესს კი არ ხდის, არამედ რეალობას ნიღბავს. ჩვენ გამოუსწორებელი არსებები ვართ. სამყარო სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა… ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. ხანდახან რაღაცის შენიღბვაც არ კმარა. საჭიროა, დამახინჯებული ფაქტების უარყოფა, რომელიც, საბოლოოდ, ადამიანს გამოაჯანმრთელებს. განკურნების ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს. ბარბიტურატი მუდამ ოპიატის მაგივრობას ვერ გასწევს.“

ჩვენს გონებაში გაცოცხლებულმა სურათ-ხატებმა შეიძლება თავზარი დაგვცეს. ზოგჯერ ისინი გვაცოფებენ, ჭკუიდან გადავყავართ, თუმცა თავს დატეხილ რეალობასთან წინააღმდეგობის გაწევას სწორედ მათი საშუალებით ვახერხებთ. კორინი, ვალუშკა, ბატონი ესთერი, განსხვავებული გზებით უახლოვდებიან რაღაც იდუმალ სიწმინდეს. ისინი შეშლილი მაძიებლები არიან. გზააბნეულები დაეხეტებიან ამ სამყაროში, ვერ ახერხებენ სიტყვების თავმოყრას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ გონებაში არსებულ ედემის ბაღს აღწერდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, თითოეული მათგანის წარმოდგენა მშვენიერია. ის მათ შინაგან სამყაროს ამდიდრებს და განსხვავებულად წარმოაჩენს. მერწმუნეთ, მათთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, ერთი რამაა საერთო – ზეცა ყოველი ჩვენგანისათვის ნაღვლიანია.

გამოქვეყნდა 2011 წლის 4 ივლისს.

© არილი

Facebook Comments Box