პროზა (თარგმანი)

ლუსინე ხარატიანი — ერევნული სენი

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

1

– დღეს მსუქანი, შავკანიანი ქალი ვარ.

ამის მთქმელი მაღალი, გამხდარი, მელოტი, თეთრკანიანი, სკანდინავიური გარეგნობის სამოცს გადაცილებული მამაკაცი იყო, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი და თეთრი სპორტული მაისური ეცვა, რომელზეც გარემოს დაცვის თემაზე ეწერა რაღაც. აგარაკის სასტუმროში მოსაუზმეები წარწერის წაკითხვას ცდილობდნენ, მაგრამ ეუხერხულებოდათ პირდაპირ შეხედვა და თან მოსახერხებელიც არ იყო, რადგან სათვალე ძაფით ეკიდა კისერზე.

2008 წლის სექტემბერი იდგა. რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დამთავრებული იყო. სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე პატარა სასტუმრო უჩვეულოდ გადაჭედილიყო. მოსაუზმეთა უმეტესობა კვლევითი ექსპედიციიდან გახლდათ: 20-30 წლის ახალგაზრდები რუსეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, თავიანთ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად. ექსპედიციის აგარაკზე ყოფნის მეორე კვირა იყო. შუადღეებს ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ხალხთან საუბარში ატარებდნენ, საღამოობით კი სასტუმროს რესტორანში დღის „ველს“ განიხილავდნენ.

ნარეკმა დაამთქნარა, ექსპედიციის ხელმძღვანელმა დღეს გადაწყვიტა, ბოლომდე კონსტრუქტივისტი ყოფილიყო. ხელმძღვანელი რუსეთიდან იყო, ცნობილი მეცნიერი ყოფილ სსრკ-სა და ევროპაში და მრავალი კვლევის ავტორი.

– ალექსანდრე ბორისიჩ, თქვენ რაც არ უნდა მსუქან, შავკანიან ქალად მიიჩნიოთ საკუთარი თავი, სხვები ასე არ ჩაგთვლიან, – თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ ექსპედიციის სომეხმა ექსპერტმა, – ყველაფერი ასე გასაგები რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა კონფლიქტები, ომები, გენოციდები. გუშინ, მაგალითად, ინტერვიუ გვქონდა ერთ ბაქოელ სომეხთან. კაცი რუსულის გარდა სხვა ენაზე არ ლაპარაკობს, მთელი ცხოვრება თავს ბაქოელად მიიჩნევდა, პაპამისიც იმ ქალაქში ცხოვრობდა, პაპის პაპაც… ბებიამისი საერთოდ ებრაელია, ცოლი კი რუსი. ერთადერთი სომხური, რაც ჰქონდა, გვარი იყო. მოკლედ, თავი ბაქოელად მიაჩნდა. თუმცა ირკვევა, რომ დამრბევები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ის როგორღაც გაიქცა, მაგრამ მისი ძმა მაშინვე მოკლეს, რადგან დამრბევები მათ სომხებად მიიჩნევდნენ.

– აი, უკვე იარლიყი მიანიჭეთ. ახლახან თქვენ თვითონ თქვით, რომ თავს არ თვლის სომხად და როცა ახასიათებთ ადამიანს, „ბაქოელ სომხად“ მოიხსენიებთ. კაცმა თავის თავს ბაქოელი უწოდა, არა?

ნარეკი საუბარს გვერდიდან ადევნებდა თვალს და ფიქრობდა, რომ საქართველოდან ათ ადამიანს უნდა მიეღო ექსპედიციაში მონაწილეობა, მაგრამ ომი მოხდა და შედეგად ორი ადამიანი ჩამოვიდა; რომ ამოდენა მსოფლიოში ყველა ქართველმა უარი თქვა რუსებთან ერთ კვლევით პროგრამაში მონაწილეობაზე, იმ რუსებთანაც კი, რომლებიც საკუთარ თავებს მსუქან, შავკანიან ქალებად მიიჩნევენ. ახლა რამდენიც გინდა, აცხადე, რომ მსუქანი შავკანიანი ხარ და თანაც ქალი. ეგ შენი კონსტრუქტივიზმი პოლიტიკური იარაღია, სხვა არაფერი. შედეგად, მხოლოდ მეტი ადამიანი იღუპება. ნარეკს უკვე წარმოედგინა, როგორ ქოლავენ გააფთრებული ქართველები, რუსები და ოსები ალექსანდრე ბორისიჩს, როცა ეს, მწვანე მაისურზე ლურჯი დედამიწის ნახატითა და ზურგზე წარწერით – რომ ის ხეა, ცდილობს წინ აღუდგეს რუსულ ტანკებს.

გუშინ ყოფილ აზერბაიჯანულ სოფლებში ბევრი იმუშავეს. მეზობელ მაგიდასთან ექსპედიციის მონაწილეები ახლა განიხილავდნენ მასალას, განსაკუთრებით სოფლების ახალი მცხოვრებლების, აზერბაიჯანელ-სომეხი ლტოლვილების სიზმრებს. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელების ყოფილ სახლებში, სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები, სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულები, სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები, სიზმარში ხედავდნენ თავიანთი სახლების ყოფილ მეპატრონეებს. სიზმრების მთხრობელთა აზრით, სახლის მეპატრონეებს ენატრებათ და მოდიან თავიანთი სახლ-კარის მოსანახულებლად.

– გუშინ ალდარაში ერთმა ბაქოელმა ქალბატონმა დეტალურად აღწერა თავისი სახლის ყოფილი მეპატრონე, – ჰყვებოდა კარინე, რომელიც შაჰუმიანიდან[1] იყო და პატარაობისას მშობლებთან ერთად მთისა და ხევის გავლით ძლივს მოაღწია სომხეთამდე, – ამბობდა, რომ თვითონ არასოდეს შეხვედრია სახლის მეპატრონეს, მაგრამ ის მას 2-3 თვეში ერთხელ სტუმრობს და ეკითხება: ნა ვარ ნა იოხ, სახლის კედლებში რაღაცას ეძებს.

ბევრი გოგო იყო. ექსპედიციის ხელმძღვანელების გარდა, ნარეკი და პეტერბურგელი კოლია ერთადერთი მამაკაცი მონაწილეები იყვნენ. ნარეკს უკვირდა, თუ ქალებს ასე ძალიან რატომ აინტერესებდათ სიზმრების თემა. კარინე ჯერ კიდევ ალდარაში მცხოვრები ბაქოელი ქალის სიზმარს ჰყვებოდა, როცა გოჰარი ალექსანდრე ბორისიჩს მიუბრუნდა.

– პატარა რომ ვიყავი, სულ ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი. სიზმარში გვიანი ღამეა, ჩვენს სახლში ვარ და უცებ კარზე მაგრად აკაკუნებენ, კინაღამ გატეხეს და მაშინვე ვფიქრობ, რომ თურქები არიან, ჩვენს წასაყვანად მოვიდნენ. მაგიდის ქვეშ ვძვრები. კარი იმტვრევა და ჰიტლერის ჯარის ფორმაში გამოწყობილი, გერმანულჩაფხუტიანი, ავტომატიანი მამაკაცები შემოიჭრებიან, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა ფილმებში გამოსახული გესტაპოელები. ჰენდე ჰოხ, შნელ, შნელ! და მაგიდის ქვეშიდან ხელებაწეული გამოვდივარ, მაგრამ თავში ჩაბეჭდილი მაქვს, რომ ესენი თურქები არიან და ახლა ბეღელში წამიყვანენ დასაწვავად. ახლა, როცა ჩემს სიზმარს კონსტრუქტივიზმის პერსპექტივიდან ვაანალიზებ, ვფიქრობ, ჩემს გონებაში დასახლებული მტერი, მხეცი, არის თურქი, სომხური პროპაგანდის შედეგად, მაგრამ ის თურქი ფაშისტის სახითაა – საბჭოთა პროპაგანდის შედეგად, ხოლო ამ ორს შორის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება რომელია, არ ვიცი. არც ვიცი, რადგან წმინდა აღმოსავლელი სომეხი ვარ, როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან და გენოციდთან დაკავშირებული ოჯახური ისტორიაც არ მაქვს. მაგრამ სიზმარში ეს ყველაფერი ძალიან მძაფრად ვიგრძენი, თითქოს მართლა ჩემს თავს ხდებოდა. მერე ისევ დამესიზმრა იგივე სიზმარი და ვიწრო ქუჩებში გავრბოდი თურქებისგან და ჩემი მდევრები მაინც ავტომატიანი ფაშისტები იყვნენ.

ნარეკი გოჰარს უყურებდა და ფიქრობდა, რომ გოჰარი ლამაზი ჩიტუნია იყო, მით უმეტეს, როცა აღელვებული რაღაცას ჰყვებოდა. ამ დროს გოჰარს ლოყები ეფაკლებოდა და გულისცემა ისე უძლიერდებოდა, რომ მის გვერდით მჯდომიც კი ამჩნევდა და თითქმის ესმოდა მისი გულისცემა. რა თქმა უნდა, ალექსანდრე ბორისიჩმა თქვა, რომ გოჰარის სიზმარი კონსტრუქტივიზმის შედეგია, რომ სომხები წლების მანძილზე აშენებენ თავიანთი მტრის კონსტრუქციას, მაგრამ რადგან ამ მტრის დამაჯერებელი ეკრანიზაცია არ არსებობს, მტერი სტუმრობს საბჭოთა პროპაგანდის მიერ შექმნილი გერმანელის სახით, რომელიც ყვირის: ჰენდე ჰოხს და შნელს. ნარეკმაც იფიქრა, რომ სომხურად თურქი – სიტყვებშია, გამოსახულებებში კი სისხლიანი იატაგანით და წითელი ფესით[2], რის გამოც გოჰარის ნანახი მტერი უფრო თანამედროვე იყო და ალბათ მოტოციკლიც კი ჰყავდა. თანაც რაკი სიზმრები გამოსახულებით ლაპარაკობენ, რაც სიტყვებშია – იდეად რჩება, არასოდეს იძენს ხორცსა და სისხლს და მტრის ჰიბრიდად იქცევა, რომელსაც მხოლოდ ჩეკისტის შავი მანქანის დამატებაღა აკლია.

– იცით, – თქვა კარინემ, – ერთი სიზმარი მქონდა, ვნახულობდი ჩვენი ეზოს ალუბლის ხეს, რომლის ტოტები მოხრილიყო მოსავლის სიმძიმისგან, რუს ჯარისკაცებს, რომლებიც იმ ალუბალს ჭამდნენ და კურკებს აფურთხებდნენ და ძველი, დაშლილი მანქანის ქვეშ შიშისგან მოცახცახე საკუთარ თავსა და ჩემს ძმას. ჩვენს თვალწინ იმ ჯარისკაცებმა დახოცეს ჩვენი კარის მეზობლები. ერთ-ერთმა მათგანმა ისროლა, კალაშნიკოვი მხარზე გადაიგდო, დაიხარა და ხიდან ალუბლის კრეფა დაიწყო. ნელა ჭამდა, კურკებს აფურთხებდა და ამბობდა: какая вкусная вишня[1]. მე და ჩემი ძმა ბაბუას ძველი უაზის ქვეშ ვკანკალებდით. ადრე ხშირად ვხედავდი ამ სიზმარს. ახლა აღარ ვხედავ, მაგრამ სიზმარში ისევ ვბრუნდები ჩვენს სახლში. გუშინ, როცა ის ბაქოელი ქალი ჰყვებოდა, რომ სიზმარში ისიც მიდის თავის ბაქოს სახლში, დადის და ყოველ ჯერზე, როცა ბოლოს ხედავს, რომ სახლში ახალი მაცხოვრებლები არიან და ეს მაცხოვრებლები მას ვერ ხედავენ, ვიფიქრე, რომ ახლა ჩვენს სახლს ყოველთვის ცარიელს ვხედავ, რომ ჩემს სიზმარში იქ არავინ არის, რომ იქ მხოლოდ სახლი, ალუბლის ხე და მანქანაა.

კარინე ჰყვებოდა, ნარეკი გოჰარს უყურებდა, გოჰარი კი ალუბლის იოგურტს ჭამდა. კარინეს მონაყოლის შუიდან გოჰარმა კოვზი იოგურტში ჩადო და გვერდით გადადო, მკერდი კი აჩქარებული გულისცემის გამო ზევით აეწია. ხოლო თვალებში ცრემლები უბრწყინავდა, გოჰარი აქეთ-იქით იყურებოდა, რომ მისი ცრემლები არავის შეემჩნია.

2

ალექსანდრე ბორისიჩმა ნარეკს ერთ-ერთ საზღვრისპირა კაფეში გაყოლა სთხოვა გასაუბრებაზე. ვისაც უნდა დალაპარაკებოდნენ, რუსული არ იცოდა და დახმარება სჭირდებოდა. კაფე პატარა, ძველი სახლი იყო, სადაც რამდენიმე პლასტმასის მაგიდა და სკამი იყო გაშლილი, ხანგრძლივი მგზავრობისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ლოდინისგან დაღლილი სპარსელი მძღოლებისთვის ყავით და ჩაით გასამასპინძლებლად. შიგნით კვამლის, უხარისხო ყავის, ნავთისა და კატის სუნი იდგა. რამდენიმე კატა მიმოდიოდა. ერთ-ერთ მაგიდასთან დასხდნენ. კაფეს მეპატრონე დაბალი და ოდნავ ჭარბწონიანი მამაკაცი იყო, გრძელი შავი წვერით და შავი თმით. ალექსანდრე ბორისიჩმა დაიწყო კითხვების დასმა კაფეს მიმოსვლის, სტუმრების, ვაჭრობისა და ცხოვრების შესახებ. მეპატრონეს არმენი ერქვა. უკვე ათი წელია, რაც კაფეს ამუშავებდა. მანამდე მანქანას მართავდა. ყარაბაღში საბრძოლველად წასვლა უცდია, მაგრამ არ გაუშვიათ, რადგან ერევნული სენი ჰქონია. იმ პატრიოტულ წლებში ძალიან უნდოდა რაიმე სასარგებლოს გაკეთება, ამიტომ პურის სატვირთო მანქანას ატარებდა, რათა ჩეკით პური რეგიონის ქალაქებში ჩაეტანა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე გზად მშიერ სოფლებში მშიერ ბავშვებს პურს ურიგებდა. მაშინ სპარსული ნავთი ჩაჰქონდა საზღვრიდან ერევანში. ერთხელ, ქაჯარანის გადასახვევზე, სატვირთო მანქანა ხეობაში გადავარდა. არმენი სასწაულით გადარჩენილა და დღემდე დარწმუნებულია, რომ მის მიერ გაცემულმა პურის ნაჭრებმა გადაარჩინა. მკერდზე დიდი ჯვარი ეკიდა, პატარა სახლის კედლებზე კი ხატები.

– ის რუსია? – არმენმა ალექსანდრე ბორისიჩზე იკითხა.

– არა, ის კონსტრუქტივისტია, – უპასუხა ნარეკმა მოღიმარი სახით.

– ეგ რომელია? – არ დააყოვნა კითხვამ.

– ეგ ისაა, ვისაც არ სჯერა, რომ ეროვნება გენეტიკურად გადადის. მოკლედ, მას სჯერა, რომ ერები, ასე ვთქვათ, კონსტრუქტები არიან, ანუ ადამიანი ამა თუ იმ ეროვნებისა კი არ იბადება, არამედ აღიზრდება. ბავშვობიდანვე უნერგავენ მას მშობლები, გარემო და სახელმწიფო, ანუ, კონსტრუქტივისტების ენით რომ ვთქვათ, აშენებენ ეროვნულს. მერე ის ბავშვი სწავლობს ამ ენაზე ლაპარაკს, გარშემომყოფებისგან იგებს, ვინ არის მისი ერის მტერი და იწყებს მისი ეროვნების გაგებას ამ ეროვნების მტერთან შეპირისპირებით. მაგალითად, თუ სომეხ ბავშვს დაბადებიდან თურქული ოჯახი გაზრდის და მას არ ეცოდინება, რომ სომეხია, ის თურქი გახდება. მოკლედ, გენებს არ აქვს მნიშვნელობა, გარემოა მნიშვნელოვანი.

არმენმა წარბები შეჭმუხნა. ცოტა ხანს ჩუმად იფიქრა და შემდეგ თქვა:

– რავი, ტო… მაშ, თუ ეს გენი არაფერ შუაშია, რატომ აქვთ მხოლოდ სომხებს ერევნული სენი? ესე იგი, ეს ეროვნული დაავადებაა, არა? აბა, იმას უთხარი და ვნახოთ, რას იტყვის.

ნარეკმა თარგმნა არმენის კითხვა, თურმე ალექსანდრე ბორისიჩს არ სმენია ამ დაავადების შესახებ და არ იცოდა, ეგ რა იყო. ნარეკმა დაიწყო ახსნა, რომ ეს იყო გენეტიკურად გადამდები ცხელების სახეობა და რომ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ზოგიერთი ძველი ერი იტანჯება ამით, მაგალითად, როგორც ებრაელები, ბერძნები და სომხები. ისიც დაამატა, რომ სამედიცინო სახელწოდება ხმელთაშუა ზღვის ცხელებაა. ალექსანდრე ბორისიჩმა თქვა, რომ ჯერ წაიკითხავს ამ დაავადების შესახებ იმის გასაგებად, თუ რა კავშირი აქვს მას გენეტიკასთან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დაავადების სახელწოდება, ხმელთაშუა ზღვა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს უფრო მეტად გეოგრაფიულ მდებარეობასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეროვნებასთან.

3

სასტუმროს ბარში ახალი სტუმრები გამოჩნდნენ. რა ბარი – პატარა სივრცე იყო ოთხი მაგიდით, სკამებით და ბარის დახლით. სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეები ერთსა და იმავე ადგილას საუზმობდნენ, ვახშმობდნენ და საღამოს დისკუსიებს მართავდნენ. დღეს ნაშუადღევს ცოტა ადრე გათავისუფლდნენ და ახლა თბილისელი ქეთი და ნარეკი ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ. მოპირდაპირე მაგიდასთან ორი ფინელი მოლაპარაკებას აწარმოებდა აგარაკის სპილენძის მაღაროს ქართველ მმართველებთან. მათ პირველივე დღეს გაიგეს, რომ რუსებისთვის გადაცემული ქარხნის მმართველები ქართველები იყვნენ. ისინი ორმოც წლამდე ბიჭები იყვნენ და ხშირად დადიოდნენ ტახზე სანადიროდ ზანგელანის უკაცრიელ რაიონებში ჯიპებით.

ორი დღე იქნებოდა, რაც ფინელები სასტუმროში დაბინავდნენ. რუსი თარჯიმანი ახლდათ, რომელიც ერთი ერთში ჰგავდა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ძალიან პოპულარული ფილმის „ინტერდევოჩკა“ გმირის ტიპაჟს და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის მოგრძო მინის მოდაზე ეცვა. ექსპედიციის მონაწილეები მას ერთმანეთში ზუსტად ასე – ინტერდევოჩკას ეძახდნენ. ფინელები და ქართველები ამ რუსი გოგონას დახმარებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუ როგორ გაეტანათ აგარაკის წიაღისეული ფინეთში. ნარეკი და თბილისელი ქეთი ნარდს თამაშობდნენ, პეტერბურგელი კოლია კი, გუშინდელი თუთის არყის გამოხდის ჩართული დაკვირვების მერე, ნაბახუსევი უყურებდა თამაშს. ბარმენი ყველა კლიენტთან თანაბრად ცდილობდა თვის მოწონებას, როცა ოთახში ახლები გამოჩნდნენ. ხმაურიანი ჯგუფი იყო. ოთხნი იყვნენ. ორი რუსი იყო რუსული არმიის ოფიცრის ფორმაში. დანარჩენი ორიდან ერთს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა და ნარეკმა უკვე იცოდა, რომ ის ადგილობრივი უსაფრთხოების თანამშრომელი იყო. უკანასკნელიც სომეხი იყო, მაგრამ რუსული ფორმა ეცვა. დაცვის თანამშრომლის გარდა, დანარჩენი სამი აშკარად შეზარხოშებული იყო. ბართან ყველაზე ახლოს თავისუფალ მაგიდასთან დასხდნენ, ქაბაბ-მწვადისა და არყის აუცილებელი დოზა შეუკვეთეს და ხმაურიანი საუბარი განაგრძეს. ახალმოსულებმა ორი მაგიდის გარშემო შექმნილი ატმოსფერო დაარღვიეს. ფინელებმა და ქართველებმა დროდადრო მათკენ გახედვა დაიწყეს და ნარეკს კი კამათლის გაგორება ავიწყდებოდა. ნარეკს ახალი გაგორებული ჰქონდა დუ-შაში და ახლა ქვებს უყურებდა, ფიქრობდა, საიდან სად გადაეტანა ქვები, როცა ბარმენი მათ მაგიდას მიუახლოვდა და კონიაკის ბოთლი დადო, მეორე ბოთლი კი ფინელების მაგიდაზე დადო. ნარეკმა და კოლიამ ბოთლს შეხედეს, მერე ერთმანეთს, მერე მეზობელ მაგიდასთან მსხდომ ქართველებს და ბარმენისკენ გახედვისას – ფორმიანი სომეხი ადგა, ჭიქა ასწია და ფრიად საზეიმოდ გამოაცხადა:

– Российская армия угощает. [2]

სანამ ნარეკი და კოლია ბოთლს უყურებდნენ და დალევა-არდალევის მტკივნეულ საკითხს წყვეტდნენ, მეზობელ მაგიდასთან მყოფი ქართველები ერთხმად წამოდგნენ ფეხზე და უსიტყვოდ დატოვეს ბარი.

– ჩარი და სე, – თქვა ქეთიმ და რადგან კოლია უკვე სადღეგრძელოს ამბობდა გვერდითა მაგიდიდან მათთან შეერთებულ ფინელებთან ერთად, რომლებიც ადიდებდნენ ამის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგს, ნარეკი კი აწეული ჭიქით სადღეგრძელოს დასრულებას ელოდებოდა, ქეთიმ ისევ გაიმეორა, – ჩარი და სე, – მერე ქვები ხმაურიანად გადააადგილა.

ნარეკმა ვერ შეამჩნია, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სომეხი უსაფრთხოების თანამშრომელი ბარიდან როდის გავიდა, მაგრამ ახლა დაინახა, რომ კარი გაიღო, თანამშრომელი შემოვიდა, პირდაპირ მათთან მივიდა, ქეთის მობილური გაუწოდა და უთხრა:

– С вами хотят поговорить.[3]

გაკვირვებულმა ქეთიმ შეხედა თანამშრომელს, ნარდის ქვა ხელიდან დააგდო, ტელეფონი აიღო და ქართულად „ხო, ხო“-ს თქმა დაიწყო. მერე ტელეფონი პატრონს დაუბრუნა, სკამიდან წამოდგა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა წასულიყო, თან ანიშნა ნარეკს, რომ გაჰყოლოდა. ნარეკმა კონიაკის ჭიქა დადო და ქეთის გაჰყვა.

სასტუმროს ეზოში შეფაკლულმა ქეთიმ სიცილი დაიწყო, მერე ნარეკს მოუყვა, რომ ქართველი მენეჯერები შეურაცხყოფილები იყვნენ რუსული ჯარის გამასპინძლებით, ამიტომ დატოვეს ბარი დემონსტრაციულად, შემდეგ დაცვის თანამშრომელს დაურეკეს და სთხოვეს ქეთისთვის ტელეფონი გადაეცა და მას სამშობლოსადმი შესაფერისი პატივისცემის გამოჩენა სთხოვეს. ახლა ქეთიმ გადაწყვიტა, ოთახში წასულიყო დასასვენებლად.

ბარში დაბრუნებულმა ნარეკმა დაინახა, რომ მათი მაგიდის ირგვლივ თბილი საუბარი გამართულიყო კოლიას, ფინელებსა და მათ თარჯიმანს შორის. ფინელებს უკვე მოესწროთ ალკოჰოლისგან გაწითლება და ახლა ჰყვებოდნენ პიტერის რომელ ბარში როგორი დრო უტარებიათ და რა კარგი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი, სამწუხაროა, რომ დაინგრა.

– ძმაო, სომეხი ხარ? – სომეხმა ფორმიანმა ჰკითხა ნარეკს.

არა, კონსტრუქტივისტი ვარ, გაიფიქრა ნარეკმა, მაგრამ ხმამაღლა დაადასტურა თავისი სომხობა.

– ძმაო, იმდენი ქართველი დავაჩმორე ჩეჩნეთში, მაგათ ბრძოლა არ იციან, მამას გეფიცები, – უკვე ენა ებმოდა. სიგარეტს მოუკიდა და ნარეკმა ხელმკლავი გაუყარა და გამოიყვანა.

ეზოში უკვე დაისი იყო. ფორმიანი მამაკაცი ძლივს იდგა ფეხზე. ნარეკი თვალს არ აშორებდა მზის ჩასვლას, ეს კი, გინებაშერეული, უყვებოდა თავისი გმირობის ამბებს: როგორ იყო დაქირავებული რუსულ ჯარში და ებრძოდა ჩეჩნებს, აფხაზებთან ერთად როგორ ავიწროებდა ქართველებს რუსების ბრძანებით, რომ რუსზე უკეთესი არავინაა დედამიწის ზურგზე. ახლა გიუმრის რუსული სამხედრო ჩასტისთვის სპარსული სალიარკის წასაღებად ჩამოვიდა.

– ბიჭო, მამას გეფიცები, ამერიკელები ვირები არიან, სანქცია-მანქცია, სულ ტყუილია, რამდენიც საჭიროა, ირანელისგან ნავთს ვყიდულობთ და ჩვენს ძმებსაც აქ მაგ ნავთით ვინახავთ. ბიჭო, რუსის ჭირიმე. ბიჭო, ეგენი რომ არ იყვნენ, ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ძმაო, ეგ იდიოტი ქართველები რას გატუტუცებულან, ვერ ვხვდები. ეგეთი მაგარი ბიჭები თუ იყვნენ, ომში ეჩვენებინათ…

გაუთავებლად ლაპარაკობდა. ნარეკი მოწყენილი იყო. მზის ჩასვლას უყურებდა და თვალწინ ერთი დიდი სისხლიანი ბრძოლის ველი ედგა, სადაც ლეგო-კაცუნები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ – ტუჩებზე დაუბადებელი ბავშვების სახელები და თვალებში უცხოვრებელი სიცოცხლის გამოსახულებები ედგათ.

4

ვაზგენი ნარეკის უნივერსიტეტელი მეგობარი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს არ შეხვედრიან. ახლა რომ გაიგო, აგარაკზე იყვნენ, სანახავად მოვიდა. ისე მოხდა, რომ მოსვლის დრო მათ საღამოს საველე დისკუსიას დაემთხვა. ექსპედიციის მონაწილეებს გაუხარდათ იმის გაგება, რომ ვაზგენი პროფესიით ისტორიკოსი იყო და ადგილის ისტორიის მოყოლა სთხოვეს. ვაზგენს, რა თქმა უნდა, გაუხარდა ლაპარაკის შესაძლებლობა და დაიწყო ქვის ხანით, გამოიარა ტიგრან დიდი, ავარაირის ბრძოლა, ოდნავ შეეხო პაპ მეფეს, მივიდა ბერლინის კონგრესამდე და ხრიმიან ჰაირიკის ქაღალდის ჩამჩასა და ქვაბს შორის იგრძნო, რომ მსმენელები ამთქნარებდნენ.

– Извините пожалуйста, но мы бы хотели немножко узнать об истории этой конкретной местности а не армянского нaрода,[4] – ფრთხილად ჩაერია ყაზანიდან ჩამოსული ზემფირა.

აქ ჩვენი ვაზგენი დაიბნა. აბა, ის ასეთ წვრილმანებზე ხომ არ ილაპარაკებდა, ისტორიკოსი უნდა მოჰყვეს ეპოქალური ფენომენების შესახებ, რათა ხალხმა უკეთ გაიცნოს ჩვენი ერი და გაიგოს, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ რომ ვიყავით, კიევის რუსეთი სიზმარშიც კი არ იყო ჯერ. მაგალითად, იცით, რომ ჩვენ სუფთა არიელები ვართ? ჩვენნაირი წმინდა ხალხი თითქმის არ დარჩენილა. ნარეკი შეშფოთდა და ვაზგენს ანიშნა, რომ ცოტა ელაპარაკა. მაგრამ ვაზგენი როლში იყო შეჭრილი. მომდევნო ათი წუთის განმავლობაში ნარეკმა აღმოაჩინა, რომ ვაზგენისნაირ ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სტუდკავშირში, პროფკავშირში და სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, კონფერენციებზე მოხსენებებს კითხულობდა, ლექციებზე ყოველთვის მომზადებული და პოლიტიკურად დაუდეგარი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეღრიში დაბრუნების შემდეგ ძალიან შეუვიწროვდა ველი. ცოტა მიმდგარ-მომდგარიყო, თუმცა თვითგამოხატვის შესაძლებლობები არაფრით არ გაზრდილა და ვაზგენი, როგორც რეგიონის საუკეთესო ისტორიკოსი, სიუნიქის არწივი გახდა. ახლა ჩვენს არიულ რასას ადიდებდა, შუალედებში ალექსანდრე ბორისიჩის კითხვებს პასუხობდა, რომლის დაუფარავი ირონია არც კი შეუმჩნევია: а кто старше, вы или турки? Кто тут был раньше? Азербайджанцы или вы?[5]

კიდევ ნახევარი საათი და დამსწრეებმა შეიტყვეს და ვინც იცოდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მთელი მსოფლიო სომხების შთამომავალია. ნოეს კიდობნიდან და არარატიდან ვაზგენი ივანოვ-გამყრელიძემდე მივიდა და ასევე ახსენა ჰიტლერი, რომელსაც არ დაავიწყდა სომხების მოხსენიება ჭეშმარიტ არიელთა შორის, ციტირებდა ნჟდეჰს და ასევე წარმოადგინა ამ უკანასკნელის ვინაობა. ნარეკმა თავისთვის აღმოაჩინა, რომ არწივებს სომხურად უთარგმნიათ “Mein Kampf” და რომ იგი ვრცელდებოდა, იკითხებოდა და განიხილებოდა მათ სასკოლო წრეებში.

– А все же, кому по праву принадлежит эта земля? Вам или азербайджанцам?[6]– არ ასვენებდა ალექსანდრე ბორისიჩი.

ნარეკმა არ იცოდა, როგორ გადაერჩინა სიტუაცია და ხუმრობას მიმართა.

– ვაზგენ, ახლა შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი სისხლი ასი პროცენტით არიულია, რომ შენში საერთოდ არაა თურქული და სპარსული სისხლი? ხომ ამბობენ, რომ შუა საუკუნეებში ძალიან შევერიეთ სხვადასხვა დამპყრობლებს, თორემ ქერა და ცისფერთვალება ვიქნებოდით…

ვაზგენს გაბრაზებისგან სახე აუჭარხლდა.

– მტრის წისქვილზე ასხამ წყალს, – თქვა – ახლა იმავე კითხვას შენ გისვამ: დარწმუნებული ხარ, რომ ასი პროცენტით სომეხი ხარ? მე კი – ჩემი მხრიდან, დარწმუნებული ვარ, შენ?

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი ვარ, აი, შენ კი კონსტრუქცია ხარ.

– რა? – თვალები დააბრიალა ვაზგენმა.

– მე ვამბობ, რომ მე ადამიანი ვარ, შენ კი კონსტრუქცია.

– თამაშს არ ვთამაშობ, ნარეკ, სერიოზულად ვლაპარაკობ. აი, ქოჩარიანს რომ უნდოდა მეღრის ყარაბაღში გაცვლა, აზერბაიჯანელებს პირდაპირი გზა რომ ჰქონოდათ ნახიჯევანში და სანაცვლოდ ყარაბაღი ლაჩინით სომხეთისთვის გადაეცათ და სომხები აქედან გაესახლებინა, რადგან ის სომეხი არ არის, ის ყარაბაღელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ლოკალური კუთვნილება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხობა. მე კი, უპირველეს ყოვლისა, სომეხი ვარ.

– კი, მაგრამ ეს სომეხი რაა? სიტყვები რომ გამოაცალო, ქვეშ არაფერი დარჩება. ჩემთვის უფრო სომეხი იქნებოდი, პირველ რიგში, მეღრელი რომ ყოფილიყავი: ამ მიწა-წყალზე, ამ გარემოში ჩამოყალიბებული… ახლა ვამბობ, რომ შენ ხარ კონსტრუქცია, რომ სხვებმა აგავსეს ნაგვით და ახლა შენ გგონია, რომ ესაა სომხობა. სიძულვილით თუ ამავსებენ და მეტყვიან, რომ მე უნიკალური ვარ, ერთადერთი, ყველაზე ძველი და ჩემნაირი სხვა არავინაა, გავხდები ცარიელი, მაგრამ ხმაურიანი ბუშტი, მე კი ბუშტად ყოფნას ადამიანობა მირჩევნია.

– Да, кстати, Нарек-джан, – საუბარში ალექსანდრე ბორისიჩი ჩაერია, – я тут немного поисследовал, и оказывается этой вашей среднеземноморской лихорадкой болеют не только ваши так называемые старые народы, но еще и турки с арабами…[7]

5

იმ ღამეს ნარეკმა სიზმარი ნახა. სიზმარში ლორეს ტყეები და გაზაფხულის სუნი იყო. ბაბუა იყო ჯოხით ხელში და ის, 6-7 წლის ბავშვი, ბაბუას ადევნებული ენძელას საძებნელად. ყველაზე ნორჩი და სურნელოვანი ენძელა თოვლის ქვეშ იყო და ის და ბაბუა ეჯიბრებოდნენ, ვინ პირველი მოწყვეტდა. მიწა ახლა თბებოდა, ჰაერი ჯერ კიდევ ცივი იყო, ხეებს შორიდან მზე გიჭყიტინებდა თვალებში და გიღიტინებდა.

დილით, როცა ანგარიშს ასწორებდნენ და სწრაფად გამოჰქონდათ ჩემოდნები სასტუმროდან, სასტუმროს ბარმენი ნარეკს მიუახლოვდა და ორი წუთის დათმობა სთხოვა. მისაღების დივანზე დასხდნენ, ბარმენი ნარეკს ყავით გაუმასპინძლდა და ძალიან დაბალი ხმით გამოთქვა, სავარაუდოდ, დიდხანს ნაფიქრი აზრი.

– ყოველ საღამოს ვუსმენდი თქვენს ყველა დისკუსიას, იცოდე, თუ უცებ მეღრის საკითხი ისევ წამოიჭრება მოლაპარაკებებში და აქ რაღაც ისე არ წავა, ვიცი, ვინ ვეძებო.


[1] რა გემრიელი ალუბალია!

[2] რუსული ჯარი გეპატიჟებათ.

[3] თქვენთან უნდათ საუბარი.

[4] უკაცრავად, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ ამ კონკრეტული ადგილის ისტორია და არა სომეხი ხალხის.

[5] და ვინ უფრო ძველია, თქვენ თუ თურქები? ვინ იყო აქ უფრო ადრე, თქვენ თუ აზერბაიჯანელები?

[6] და მაინც, კანონით ვის ეკუთვნის ეს მიწა, თქვენ თუ აზერბაიჯანელებს?

[7] ხო, სხვათა შორის, ნარეკ ჯან, აქ ცოტა გამოვიკვლიე და თურმე ამ თქვენი ხმელთაშუა ზღვის ცხელებით არა მხოლოდ თქვენი ეგრეთ წოდებული უძველესი ერები იტანჯებიან, არამედ თურქები და არაბებიც.


[1] აქ იგულისხმება: საბჭოთა აზერბაიჯანის შაჰუმიანის რაიონი.

[2] ოსმალეთის იმპერიაში გავრცელებული მამაკაცის თავსაბურავი.

© არილი

Facebook Comments Box