ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ლელა კურტანიძესთან — “ახლა უფრო სიცოცხლის ადამიანი ვარ”

ნათია კაპანაძის ფოტო

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ყველასთან სხვადასხვაგვარად. ახლა ასე დავიწყებდი: ჩემზე ორსულობისას დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გადაწყდა აბორტი. შემდეგ დედას დაეწყო სიზმრები, სადაც მე ვყავდი და ეს ისეთი სიყვარულით ავსებდა, გადაწყვიტა, მოეთმინა და მაინც გავეჩინე. ჰოდა, ასე გამოვიდა –  სიყვარულმა გადამარჩინა.   

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობა. სინამდვილეში, ვერაფერს გამოვიგონებთ.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. კასანდრას სინდრომივითაა. ხედავ, ყვირი, იბრძვი და ირგვლივ ამდენი ყრუ კედელია. თუმცა, მაინც იმედიანად და მხნედ ვარ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

არ მყავს ერთი გამორჩეული პერსონაჟი.  ბოლოს  დანიელ შტაინით აღვფრთოვანდი, ლუდმილა ულიცკაიას რომანიდან.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

მათი სახელია ლეგიონი, მაგრამ იყოს „ღვთაებრივი კომედია“. ფრაგმენტები არ ჩავთვალოთ.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ისტორიული ჟანრი არ მიყვარს, ამიტომ ახლა არავინ მახსენდება. ორჯონიკიძე ჰყავს ვინმეს ნახსენები? ეყოლება. ჰოდა, დავასახლებ, ჩემი სოფლიდანაა მაინც.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ბევრი, მაგრამ ახლა დავასახელებ ქსავიე დოლანის „ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ (Juste la fin du monde). წლების წინ ვნახე. შთაბეჭდილება მახსოვს, როგორი მოსაწყენი იყო დაახლოებით პირველი 15-20 წუთი. ლამის გამოვრთე. მერე ვეღარ მოვწყდი. გარდა ფრანგულის ენობრივი მშვენიერებისა და შესანიშნავი მსახიობებისა, ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია დიალოგის შეუძლებლობაზე. მთელი ფილმი დიალოგების ნაკრებია, სულ ლაპარაკობენ და თან ვერ ლაპარაკობენ. მიკროსკოპული სიზუსტითაა ასახული უხერხულობებისა და სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული ბარიერების მთელი წყება.  მიუხედავად სევდიანი დასასრულისა, ეს ყველაფერი ისე ოსტატურადაა გადმოცემული, ადამიანად ყოფნაში მაინც რაღაც იმედი იგრძნობა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ფრიდა კალო. რატომ? არ ვიცი, იმ ასაკში გავიცანი, ყველაზე ძლიერად რომ უყვარდებათ ხოლმე. ახლა შეიძლება ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება ვეღარ მოეხდინა. თვითონ ფრიდა მიყვარს მთლიანობაში, როგორც პიროვნება, როგორც ქალი. ნახატებიც ამ მთლიანობის ნაწილია. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი, მაღალმგრძნობიარე და თავისუფალი პერსონაჟია.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

საერთოდ არაფერი მაქვს უცნაური.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არა. მეზარება.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

აქ ვიგულისხმოთ, რომ ჩემი სიცილი მთელ ქალაქს ესმის… კი, ბევრს და ღრმა ბავშვობიდან. თუმცა, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ეს დამოკიდებულება მკვეთრად ტრანსფორმირდა. უცნაურია, მაგრამ აღარ მაინტერესებს სიკვდილი, ძალიან დაკნინდა და თითქოს ჩემი სხეულიდანაც კი გავიდა. ახლა უფრო სიცოცხლის ადამიანი ვარ და სიცოცხლის ფენომენის ახლებურად გადააზრებას ვცდილობ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

კატები…

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ახლა ვმონაწილეობ დიდ ისტორიულ მოვლენაში. დიდი იმედი მაქვს, ეს ბრძოლა ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ევროპულ ორბიტაზე.

დიონისე თუ აპოლონი?

არცერთი. შეგვეშვან და დავასრულოთ ბინარულობა

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

რამდენიმე გამახსენდა, მაგრამ მაშინვე შემრცხვა. თითქოს რაღაც წავართვი იმ ავტორებს და ჩემს თავსაც სხვისი როლი მოვარგე. არა, არავის ნაწარმოების ავტორი არ ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ არის მათი არსებობა ასეთი საყვარელი და ძვირფასი, რომ სხვათა შექმნილია.

ადამიანი, ვისიც გშურთ

არავისი. კონკრეტული ამბები შემშურებია, მომენტალურად და მალევე რომ გაივლის ხოლმე, ისე. ეს კარგი მარკერია იმისთვის, რაზე გაქვს სამუშაო, რა არ გაქვს რეალიზებული, ან რა გავლენების ქვეშ ხარ. კარგი დამხმარე ინსტრუმენტია შური, თუ სწორად მიუდგები.  

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ერთადერთი შეცდომა მაქვს – ჩემი ბოლო ურთიერთობა. დანარჩენი ყველაფერი გაკვეთილი იყო.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ანა ჯავახიშვილი, მაია სარიშვილი, თეა თოფურია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ვაიმე, უხერხულია…

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ლაჟვარდი.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

თამთა მელაშვილის „გათვლა“, ზურაბ ქარუმიძის „მელია-ტულეფია“, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

შენ გვერდით ვარ.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„შიგან ასრე გავერიე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი“ . ჩემს ბავშვობას უკავშირდება. მე და ჩემმა ძმამ ზეპირად ვიცოდით ნაწყვეტები ვეფხისტყაოსნიდან, გადაღეჭილი გვქონდა ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, გალაკტიონის „მესაფლავე“ და „ლურჯა ცხენები“. ალბათ დინამიურობის გამო მოგვწონდა. შუქი რომ არ იყო, ზეპირად ვყვებოდით ამ ნაწყვეტებს, ზოგჯერ გადავაკეთებდით ხოლმე. ჯაყოს ხიზნებიდან ამონარიდებზე მუცლის ტკივილამდე ვიცინოდით. კი, ასეთი ბავშვობა გვქონდა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

გერდა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლიდან“.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ვირჯინია ვულფი. ქალი ავტორის გამოწვევებზე ვისაუბრებდი მასთან სიამოვნებით. ერთი-ორ პირადულ შეკითხვასაც დავუსვამდი.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ჩემი ოცდათხუთმეტ წლიანი შიში  უკვე ახდა – მამა გარდაიცვალა. ახლა მხოლოდ წვრილმანი შიშები მაქვს.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

აქ და ახლა.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

არსებობს საუკეთესო დასაწყისები და არსებობს „ტომ! ….პასუხი არ არის“.

რომელია საუკეთესო დასასრული?

არ მახსოვს.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა. ენა მოიცავს ამბავს, მაგრამ პირიქით – ვერ.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი, მაგრამ არა „გრძელვადიანი“.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

გახსოვდეს, რომ თავისუფალი ხარ.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ლიტერატურა გიყვარს თუ გჭირდება?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ალბათ მაუგლის ამბავი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკული აზრის.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

შინაარსი უმეტესად მავიწყდება, მამახსოვრდება განცდები, ფრაგმენტული კადრები, აბსტრაქტული ხატები. რამდენიმე პოეტზე ვიცი კიდევ ასე. თავისებურად გვაქვს ალბათ ტვინი მოწყობილი.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

არასოლიდარულ გარემოში ცხოვრება.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

უჰ, კატები, წიგნები, სიყვარული, კარგი ადამიანები  და… გემრიელი საჭმელები.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ბორხესის მოთხრობები გამომადგებოდა.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

როდის ამოწყდება პუტინი?

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რა აკლია თანამედროვე ქართულ ლიტერატურას?

© არილი

Facebook Comments Box