
2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გურამ მეგრელიშვილის საავტორო სკოლა “ფასკუნჯში” წავიკითხე ლექციების კურსი “ათი ქართული ბესტსელერი”. ამ კურსის მთავარი მიზანი იყო, მეცადა მესაუბრა თანამედროვე პროზაზე და მეტ-ნაკლებად მომეხდინა მისი სისტემატიზაცია, მაგრამ რადგან კურსი მხოლოდ ბესტსელერებს ეხებოდა, ბევრი ექსპერიმენტული და ნაკლებად პოპულარული ტექსტი ავტომატურად დარჩა განუხილველი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეპირ საუბარს, რაც არ უნდა კარგად იყოს ის წინასწარ მომზადებული, მაინც თავისი სპეციფიკა აქვს და, როგორც წესი, მასში ინფორმაციული ნაწილი უფრო ჭარბობს, ვიდრე ანალიტიკური.
ჩატარებული კურსის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ მწერლებზე ლაპარაკს, მათზე წერა სჯობს და არც ჟანრობრივი ლიმიტაციაა მაინცდამაინც დიდად სასარგებლო რამ ამ საქმეში.
სწორედ – ბედმა გამიღიმა – ამ დროს შემომთავაზა“ არილის” რედაქტორმა, ლექსო დორეულმა, თემის გაშლა, ლიმიტების მოშლა და ზეპირსიტყვიერებიდან წერილობით ფორმატზე გადასვლა, რასაც მე, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.
ზოგადი ვითარება
1
“მწერლებმა უნდა წერონ მწერლებზე, სხვანაირად ლიტერატურული პროცესი ვერ იარსებებს ..”
ეს მალხაზ ხარბედიას სიტყვებია და რთულია არ დაეთანხმო ამ ელემენტარულ და ყოვლად ლოგიკურ მოსაზრებას, თუმცა ერთია თანხმობა, ხოლო მეორე – ქმედითი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა… მწერლები უნდა წერდნენ მწერლებზე, ცოცხლები – ცოცხლებზე, მაგრამ ასე იშვიათად ხდება და ამის გამო მიმდინარე, ცოცხალი ლიტერატურული პროცესი თითქმის შეუფასებელი და გაუაზრებელი რჩება.
განა უმიზეზოდაა ასე?! არა, მიზეზები არსებობს.
მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი, ბარიერი, შეფერხება, უწოდეთ რაც გსურთ, ლიტერატურული კრიტიკის საბჭოური გაგება უნდა იყოს. ძველი, საბჭოური, იდეოლოგიზებული მიდგომა დღემდე ინერციით მოქმედებს, თუმცა ის დღეს უკვე მოკლებულია ერთ, რომელიმე იდეოლოგიას, მაგრამ ძველი დროების მსგავსად, უფრო კრიტიკოსის ავტორისადმი პირად განწყობაზეა დამოკიდებული, ვიდრე თავად განსახილველ ტექსტზე.
არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც. ეს კრიტიკოსის – ასევე საბჭოეთში – შექმნილი სტანდარტია.
“კრიტიკოსი ჟანდარმი” ასე უწოდებდა აკაკი ბაქრაძე საბჭოელ კრიტიკოსს, რომელიც ძალიან ხშირად მართლაც იყო იდეოლოგიური მუშაკი.
წესის დამამტკიცებელი გამონაკლისები მაშინაც არსებობდა და დღესაც არსებობს, მაგრამ კრიტიკოსობა სრულიად მცდარად, ჩვენში მაინც ნეგატიური ქარცეცხლის დატრიალებასთან ასოცირდება და არა დინჯ, გააზრებულ ანალიტიზმთან.
წერილების ამ სერიის მიზანი სწორედ კრიტიკის ძველი სტანდარტებიდან გამოსვლა და ტექსტის შეფასების რაციონალურ და ობიექტურ კალაპოტში გადატანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია გაგაცნოთ ის მიდგომა, მეთოდი, რომლითაც ტექსტების წაკითხვას და მათ გაანალიზებას ვაპირებ.
მკითხველის დამოკიდებულება ტექსტისადმი უფრო ხშირად მომხმარებლურია და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, მით უმეტეს, არც გასაკიცხი და დასაგმობი, რადგან ნებისმიერი ტექსტი, რომელიც გამომცემლობაში ტრანსფორმირდება წიგნად, უკვე პროდუქტია.
რა თქმა უნდა, წიგნი არაპირველადი მოხმარების, არამედ ე. წ. ნიშური, სპეციფიკური მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროდუქტია, რომლითაც ადამიანთა მხოლოდ ვიწრო ჯგუფია დაინტერესებული.
თუმცა ეს ნიშურობა და სპეციფიკურობა, ჯამში, მაინც არ ცვლის მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მკითხველის – მოთხოვნასა და მოლოდინს.
წიგნი მკითხველს უნდა მოერგოს, გაართოს ის, მიანიჭოს მას სიამოვნება. დაეხმაროს ახლის შემეცნებაში და გაუფართოოს თვალსაწიერი, მაგრამ ეს ყველაფერი ზუსტად ისე უნდა მოხდეს, როგორც მომხმარებელს წარმოუდგენია, სხვა შემთხვევაში წიგნში გადახდილი ფული დაკარგულია, ხოლო თავად პროდუქტი – უვარგისი.
რაც შეეხება ე. წ. პროფესიონალ მკითხველებს ანუ ლიტერატორებს და კრიტიკოსებს, მათი დამოკიდებულებაც, ანალოგიურად, მომხმარებლურია, თუმცა ამ შემთხვევაში მოხმარებაში უკვე ტექსტის ინტელექტუალური ექსპლუატაცია იგულისხმება.
კრიტიკოსი ხომ თავად მწერალია და მთხზველი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისთვის აუცილებელია უკვე არსებულ ტექსტზე დაყრდნობა და რაც უფრო დიდი ავტორიტეტის მქონეა იგი, მით უფრო მაღალია და დიდია განსახილველად შერჩეული ტექსტის დაკარგვისა და გაუჩინარების ალბათობა. რა იცვლება მაშინ, როდესაც ლიტერატურის თეორეტიკოსს პრაქტიკოსი მწერალი ანაცვლებს? ბევრი იქნებ არც არაფერი, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც პროფესიონალ მწერალს რადიკალურად განასხვავებს პროფესიონალი მწერალი-კრიტიკოსისგან.
მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის უსასრულო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას აღიარებს, რადგან ვერ უარყოფს, გულის სიღრმეში მაინც ოცნებობს შეუძლებელზე, რომ ტექსტი ავტორისეული, თავდაპირველი და ერთადერთი სწორი ჩანაფიქრის მიხედვით იქნას წაკითხული და გაგებული მკითხველის მხრიდან.
მაგრამ იდეალური მკითხველები არ არსებობენ და ეს ოცნებაც – როგორც მრავალი სხვა – მხოლოდ ოცნებად რჩება.
ვერც ჩემეული ინტერპრეტაციები იქნება უნაკლო, თუმცა ნამდვილად ვეცდები, რადგან ცდა ბედის მონახევრეა, წერილების ამ ციკლში განხილული წიგნები არა ჩემი პირადი ლიტერატურული გემოვნებითა და სტანდარტით შევაფასო, არამედ მივაგნო ავტორისეულ ჩანაფიქრისა და შესრულების ტექნიკას და ურთიერთშესაბამისობის თვალსაზრისით განვიხილო ისინი, ხოლო დასკვნების გამოსატანად მივმართო გონებას და არა გულს.
გულმა მთავარია იფეთქოს.
2
აკა მორჩილაძის რომანი “როძინა” ჩემი ყურადღების ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ ერთი, უფრო სწორედ, ერთადერთი მიზეზის გამო მოექცა: ის სადღეისოდ ავტორის ბოლო რომანია.
სხვა მხრივ – ეს რომანი არც მისი საუკეთესო ტექსტია და არც ყველაზე გაცუდებული; უფრო ძველად დაწყებული საქმეებისა და სტილისტური ძიებების გაგრძელება და მორიგი ნიმუშია, რომელიც არც რამეს აჯამებს და არც რამე ახალს იწყებს.
ერთ-ერთია სხვა ტექსტებს შორის, მაგრამ სადღეისოდ – უკვე ითქვა – ბოლო.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, ეს რომანი იმავე ავტორის სხვა წიგნებთან ერთად იქნება განხილული, თუმცა სანამ ცეცხლი აინთებოდეს და თამაში დაიწყებოდეს, საჭიროდ და გადაუდებელ საქმედ მივიჩნევ, თავად ამ ავტორის ზოგადი მნიშვნელობა განისაზღვროს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესში. ამისთვის კი დროში მოგზაურობაა საჭირო. კერძოდ, გასული საუკუნის მიწურულში და იქაური, იმდროინდელი ლიტერატურული წამოწყებების გახსენება, მათზე დაკვირვება და გააზრება.
მოგზაურობისას მკითხველს ერთადერთი რამ ევალება – არ შეწყვიტოს კითხვა.
მეოცე საუკუნის უკანასკნელი დეკადა მძაფრ და უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება, ხოლო იქ, სადაც იცვლება პოლიტიკა, მით უმეტეს დრამატულად, იცვლება სოციალური ურთიერთობებიც, იცვლება ყოველდღიურობა, ყოველდღიურობა კი ერთადერთი ობიექტური რეალობაა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზოგადად ხელოვნებაზე და მის კონკრეტულ ნაირსახეობაზე – ლიტერატურაზეც აისახა.
კომუნიზმის პროექტი გაკოტრდა, იქნებ დროებითაც, მაგრამ იმ დროს ყველას ეგონა, რომ სამუდამოდ.
პროექტი კომუნიზმი ახალმა პროექტმა – დემოკრატიამ ჩაანაცვლა და დაიწყო გარდაუვალი ომებისა და ძალადობის სეზონი.
რაც შეეხება ლიტერატურას პროექტ დემოკრატიაში – ის დეცენტრალიზდა, მწერლობაც, ჯერ კიდევ გუშინ პრესტიჟული საქმიანობიდან უსაქმურობის ნაირსახეობად გარდაიქმნა, მაგრამ ერთია საქმის საბაზრო ღირებულება და მეორე მისი ბაზრისგან დამოუკიდებელი დანიშნულება.
თუ ლიტერატურას მის კომერციულ ნაწილს – ტირაჟებსა და გაყიდვებს – ჩამოვაცილებთ და მკითხველებად მხოლოდ მოქმედ და მომავალ მწერლებს მოვიაზრებთ, ის ასეთ მოცემულობაში მაინც იარსებებს და განვითარდება. ლიტერატურული თვალსაზრისით – იქნებ უფრო შედეგიანადაც კი.
სწორედ რაღაც ასეთი მოხდა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში.
და არა მხოლოდ ჩვენთან.
3
კომუნიზმის გაკოტრებამ და იდეოლოგიური ცენზურის გაუქმებამ, ქართულენოვანი ლიტერატურა ცოცხალ დროში დააბრუნა, უფრო სწორედ: ლიტერატურა უნებურად ცოცხალ დროში აღმოჩნდა…
ბევრი ავტორი არ იყო მზად იმ ახალი რეალობის გასააზრებლად, რომელიც ძალიან მალევე იქცა ხანგრძლივ მოცემულობად.
მოდერნიზაცია აუცილებელი იყო და რადგან წიგნების მასიური ბეჭდვა შეწყდა, მკითხველიც უცებ სადღაც გაქრა, სულ თუ არა – ძლიერ მაინც შეცოტავდა. მოდერნიზაციის მთავარი ძალა პოეზია გახდა და არა იმიტომ, რომ პოეზიის ქვეყანა ვართ, არა. უბრალოდ, პოეზია პრაქტიკულად უფრო პრაქტიკული მედიუმი იყო იმ დროისთვის, ვიდრე პროზა.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ამ პერიოდში პროზა თითქმის არ იწერებოდა. როგორც უკვე ვთქვი, ეს შეხედულება მცდარია. პროზა იქმნებოდა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, მისი მიწოდება ალაგ-ალაგ შემორჩენილი მკითხველისათვის რთული იყო.
ერთადერთი პროზაული ტექსტი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია დათო ბარბაქაძის “ტრფობა წამებულთა” იყო, თუმცა, სინამდვილეში, დღემდე ცოტა თუ ხვდება ამ ტექსტის მხატვრულ ღირებულებას, ხოლო იმ დროს ხომ საერთოდ: მასში მხოლოდ სკანდალური ნატურალიზმი შეამჩნიეს.
ჰო, მთავარ სათქმელს იმ დროს პოეზია ამბობდა, მაგრამ სწორედ ამ დროს იწერებოდა ზურაბ ქარუმიძის პირველი ტექსტები, შოთა იათაშვილის პროზა, არსებობდა ჟურნალი XX საუკუნე, რომლის ირგვლივ შეკრებილი ავტორები ტრადიციული მოთხრობის მოდერნიზაციას ცდილობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაჟა გიგაშვილის ექსპერიმენტები იყო.
რადგან უფროსი თაობის ავტორები ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ ოთარ ჩხეიძის “არტისტული გადატრიალება”, ოთარ ჭილაძის “აველუმი” და, როგორც მახსოვს, ჯემალ ქარჩხაძის “იუპიტერის სინანულიც” წიგნებად სწორედ ამ პერიოდში გამოიცა.
ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს წერილი კონკრეტულ ავტორს და მის კონკრეტულ ტექსტს ეხება და ამიტომ მიმოხილვითი ნაწილიდან განსახილველ ნაწილზე გადასვლა დროულიცაა და აუცილებელიც.
4
აკა მორჩილაძის პირველი რომანიც სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იგულისხმება “მოგზაურობა ყარაბაღში”, რომელსაც უკვე წლების შემდეგ ბესტსელერობაც ელოდა და ეკრანიზაციაც, მაგრამ იმ დროს ეს წიგნი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. არადა, ეს რომანი ძალიან საყურადღებო ტექსტია, რადგან სწორედ აქ გამოჩნდა აკა მორჩილაძის ლიტერატურისადმი მიდგომა, რომელიც იქნებ იმ დროისთვის სტრუქტურირებული კონცეფცია სულაც არც იყო და საქმეში უბრალოდ ინტუიცია და საყვარელი წიგნები იყვნენ ჩართულები, რადგან მათ გარეშე პირველი წიგნი არ იწერება, არც რომელიმე სხვა, მაგრამ პირველი განსაკუთრებით.
ამავე წიგნში, ლიტერატურის გარდა, კინოც ბევრი იყო. ის კინო, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილებმა უფრო ვიდეოჩანაწერების ფორმატში ვნახეთ, ვიდრე კინოთეატრებში. ამერიკულ კინოს ვგულისხმობ, კერძოდ, ჰოლივუდურს, სტუდიურს, რომელიც გინდა დრამა იყოს, გინდა კომედია და თუნდაც თრილერი და გამოძიება, უპირველესად, მაინც თავგადასავლით იქცევს ყურადღებას და თუ თავგადასავალმა ვერ ივარგა, რაც არ უნდა კარგი ნაკეთობა იყოს, შეუსრულებელ მისიად რჩება.
აკა მორჩილაძის პროზა, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი მაინც, მე რომ მაქვს წაკითხული და მისი წიგნების სულმცირე ნახევარს მაინც მოიცავს, სწორედ ასე მუშაობს. აკა მორჩილაძის მწერლობის არსი თავგადასავლების გამოგონება და ამბავთა თხზვაა – სამწერლო ხელობის ოსტატური ხარისხით, მაგრამ ამ უკანასკნელის ცოდნას მწერალს ხომ თავად მწერლობა ავალდებულებს.
აკა მორჩილაძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს თანამედროვე ლიტერატურაში: ერთი მხრივ, ის ბესტსელერების ავტორია და, მეორე მხრივ: ის სხვა ბესტსელერების მთხზველებისაგან განსხვავებით, პროფესიონალებს შორის ლიტერატურული ავტორიტეტითაც სარგებლობს, თუმცა უპირობო აღიარების ხანა უკვე დასრულებულია და დღეს აკა მორჩილაძე ერთ-ერთია და არა ერთადერთი.
იყო დრო, როდესაც ის მართლაც ერთადერთ მწერლად მიიჩნეოდა საქართველოში. ეს მიმდინარე საუკუნის პირველ წლებში ხდებოდა. ასეთი დამოკიდებულება საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო მონაცემებით მოხვედრით იყო განპირობებული.
დრო, ადგილი, მონაცემები.
სათითაოდ მივყვეთ. თქვენი მისია ამჯერადაც მხოლოდ კითხვის გაგრძელებაა.
5
პოსტსაბჭოთა პერიოდის ლიტერატურა ფორმალურად და შინაარსობრივად გართულდა და, ძირითადად, ექსპერიმენტული ხასიათი მიიღო. ეს გარდაუვალიც იყო, რადგან ლიტერატურის ბუნებრივი განვითარება 1932 წლის პარტიული დადგენილებით შეჩერდა და ის სრულიად დაემორჩილა სოც-რეალისტურ ცენზურას. რასაკვირველია, ცენზურა სხვადასხვა დროს განსხვავებული სიძლიერით მუშაობდა და სტალინის სიკვდილის შემდეგ თანდათან მოეშვა კიდევაც, მაგრამ ლიტერატურა არცერთ პერიოდში არ ყოფილა სრულიად თავისუფალი, თუნდაც იმიტომ, რომ წიგნის გამოცემის საქმეში, როგორც სხვა ყველაფერში – სახელმწიფო სრული მონოპოლისტი იყო. სწორედ ამ მონოპოლიამ შექმნა ლიტერატურის გაგების სტანდარტი და თავისთავად მკითხველის ტიპიც.
პოლიტიკურმა, სახელმწიფოებრივმა და სოციალურმა ქაოსმა მითოსში გალაღებული მწერალი შერეკილად აქცია, თვალში საცემად შემცირდა მკითხველთა რაოდენობა, ხოლო ვინც მაინც დარჩა, ისინიც ლიტერატურას, ძირითადად, ჯერ კიდევ საბჭოთა სტანდარტების მიხედვით აღიქვამდა და ამიტომ იმდროინდელი ლიტერატურის ექსპერიმენტული ფორმა მათთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, ზოგიერთმა მკითხველმა მტრულადაც კი ჩათვალა ეს ექსპერიმენტები და რაღაც ძალიან არაქართულ, ანტიეროვნულ მოვლენად მიიჩნია.
რაც შეეხება ახალი თაობის მკითხველებს: მიუხედავად იმისა, რომ ასაკი – როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც – თავისას აკეთებდა და ძველ, კონსერვატიულად განწყობილი მკითხველებისგან განსხვავებით, ისინი ემოციურად უფრო მზად იყვნენ ექსპერიმენტებისთვის, ეს ადამიანებიც საბჭოთა კავშირში იყვნენ წარმოებულნი და ამის გამო მათი მიმღებლობა უფრო ინტუიტიური იყო, ვიდრე რაციონალური.
სწორედ ამ დროს, ლიტერატურული ექსპერიმენტებით, ცოტა არ იყოს, გადაღლილმა და უკვე თითქმის ხელჩაქნეულმა მკითხველმა აღმოაჩინა ახალი ავტორი, აკა მორჩილაძე და ასე დაიწყო პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში რესტავრაციის პერიოდი.
6
აქ უკვე ითქვა – თუ არა ჩემგან, სხვა აბა ვისგან? – რომ აკა მორჩილაძის პირველი ტექსტები 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა – “მოგზაურობა ყარაბაღში” და “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, თუმცა არცერთი მათგანი მყისიერად ბესტსელერი არ გამხდარა და არც დიდად გახმაურებულა, მაგრამ ახლა როგორც მახსენდება, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” იმ დროს მაინც უფრო მეტი მკითხველი გამოუჩნდა, ვიდრე პირველ რომანს.
სწორედ ამ რომანებით დაიწყო რესტავრაცია ქართულენოვან ლიტერატურაში. მისი დეინტელექტუალიზაცია.
ეს რომანები აკა მორჩილაძის მხოლოდ ერთ მიმართულებას გამოხატავენ. პირობითად, ამ ხაზს შეიძლება ურბანისტული და ყოფითი ვუწოდოთ. მისი შემოქმედების მეორე მიმართულება ფსევდოისტორიული, სტილიზებული პროზაა. ამ წერილის მიზანი არ არის იმის დადგენა, რომელი მიმართულებით შეძლო აკა მორჩილაძემ უფრო სრულყოფილად განვითარება და მეტის მიღწევა.
ქართული ენის გავრცელების არეალის გათვალისწინებით, ჟანრული ლიტერატურის შექმნა კომერციულად დიდად მომგებიანი საქმე არ არის. რაც შეეხება ესთეტიკურ ასპექტს, ამ მხრივ ჟანრული ლიტერატურის ავტორი ამა თუ იმ ჟანრის მკაცრი კანონიკით არის შეზღუდული. მაგ: სტილიზებული ისტორიული დეტექტივი ითხოვს ენის არქაიზებას კოლორიტის შესაქმნელად, ხოლო ურბანული ტრილერი სლენგს და, რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში აუცილებელია ჩამთრევი, თავბრუდამხვევი სიუჟეტი.
ყოველივე ამის გამო, ჟანრული ლიტერატურა ნაკლებად ექსპერიმენტულია თხრობის ტექნიკისა და ტექსტის არქიტექტონიკის თვალსაზრისით და ამიტომაც მას, რა თქმა უნდა, მკითხველი უფრო ეტანება.
7
არცერთ ქართულენოვან მწერალს საერთაშორისო აღიარება არ აქვს და, სამწუხაროდ, არც არასდროს ჰქონია. ამის ახსნა პოლიტიკითაც შეიძლება, ქართული ენის განცალკეულობითაც და არასწორი მენეჯერული მიდგომებითაც.
ხანდახან ისე მოხდება, რომ რომელიმე ქართულენოვანი მწერალი ითარგმნება ხოლმე რომელიმე ფართოდ გავრცელებულ ენაზე, მისი სახელი საუნივერსიტეტო წლიურ კვლევებშიც გაიჟღერებს, ოღონდ საქმე ამის იქით ვეღარ მიიწევს წინ. ჰოდა, ასეთ მოცემულობაში რთულია მწერლები დაახარისხო გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე ავტორებად.
საერთაშორისო აღიარებაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ დიდ და ხმაურიანი სახელის მქონე პრემიებით დაჯილდოებას, რადგან თუნდაც ნობელის პრემია რეგიონალური მნიშვნელობის ბევრ ავტორს მიუღია, ხოლო უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე მწერლებს – ჯოისს, ბროხს, მუზილს, ბორხესს, ნაბოკოვს, ალენ რობ-გრიეს – არა.
დიდი და მნიშვნელოვანი პრემია ავტორის პრესტიჟს კი სტყორცნის მაღლა, მაგრამ მისი სუფთა ლიტერატურული მნიშვნელობის განმსაზღვრელი ნამდვილად არ არის.
აბა, მაშინ როგორ განვსაზღვროთ ამა თუ იმ მწერლის მასშტაბი და კუთვნილი ადგილი იმ ლიტერატურულ პროცესში, რომელშიც პოლიტიკური მიზეზების, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ენისა თუ მენეჯერული ხარვეზების გამო, ყველა ავტორი რეგიონალური მნიშვნელობისაა. იქნებ არც არანაირი მიზეზი არ არსებობს და მართლაც ასეა, რომ ქართულენოვან მწერალს წინასწარ განსაზღვრული აქვს მოქმედების არეალი და ამის შეცვლა შეუძლებელიცაა?
ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაღაა შესაძლებელი. თავად აკა მორჩილაძეც გამოთქვამს ხოლმე ასეთ ვარაუდებს, ძირითადად, ეპიგრაფებში: აკაკი წერეთელს საყვარელ მგოსნად მოიხსენიებს, ნიკოლოზ ბარათაშვილს – დიდ პოეტად. და ძნელია არ დაეთანხმო ამგვარ შეფასებას. და მეც მისივე პრინციპით ვიხელმძღვანელებ: აკა მორჩილაძე მხოლოდ საქართველოს უტრიალებს. მხოლოდ საქართველო აინტერესებს და აინტერესებს ინდივიდებზე მეტად. მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება მოქმედება – თბილისში, ტიფლისში, ფოთში, ლონდონში თუ სულაც შეთხზულ კუნძულზე.
სამუშაო ენა ხომ ისედაც ქართულია და ის მის კიდევ უფრო მეტად გაქართულებას ცდილობს, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ ტექსტებში, მაგრამ ყოველივეზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ აკა მორჩილაძე არასდროს აყენებს ისეთი საკითხების პირისპირ ადამიანს, უსამშობლოდ რომ ტოვებს ღმერთთან ან უღმერთობასთან.
ორივე შემთხვევაში ეს სიკვდილთან პირისპირ დგომაა.
არ ვიცი, იქნებ მას ასეთი მიდგომა სიუჟეტის განვითარების შემაფერხებლად მიაჩნია ან სულაც ლიტერატურისთვის ზედმეტ და არასაჭირო დანამატად.
არ ვიცი და არც დავეძებ.
მთავარი ის არის, რომ მას უფრო აკაკი წერეთლის მისეულივე დეფინიცია მიესადაგება, ვიდრე ბარათაშვილისეული.
ასე რომ: აკა მორჩილაძე ჩვენი საყვარელი მწერალია. ჩვენ რომ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენი რომ არის.
და აი, ჩვენმა საყვარელმა მწერალმა დაწერა ახალი რომანი და მას სახელწოდებად რუსული სიტყვა “როძინა “ შეურჩია.
მახვილგონიერი მკითხველი, ალბათ, რომანის სათაურიდანვე მიხვდება საქართველოს ბედისწერის წიგნის რომელ მონაკვეთთან მოუწევს მას შეხვედრა.
8
რა თქმა უნდა, ეს დიდად სასიხარულო ამბავია: საყვარელმა მწერალმა ახალი წიგნი გამოსცა და ჩვენ, მისი ერთგული მკითხველები, მყისიერად დავირაზმეთ წიგნის ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიებისკენ, შევიძინეთ წიგნი და შევუდექით კითხვას.
მკითხველი საყვარელი მწერლისგან ერთადერთ რამეს ითხოვს სინამდვილეში: ისეთი რამ არ დაწეროს, რაც მას, აქამდე ერთგულ მკითხველს, გულს აუცრუებს და ახალი საყვარელი მწერლის მოძიებას აიძულებს. სხვა ყველაფერი მისაღები და დასაშვებია.
უკვე ითქვა, რომ მე აქ არ ვაპირებ გამოვთქვა ჩემი პირადი მოსაზრებები და ესთეტიკური შეხედულებები. არ აქვს ამჯერად მნიშვნელობა პირადად მე როგორი დამოკიდებულება მაქვს სტილიზებულ ლიტერატურასთან, რამდენად დროულად მიმაჩნია ამგვარი ხერხით ლიტერატურის თხზვა, რადგან ასეთ შემთხვევაში სუბიექტივიზმით საშიშად დანაღმულ ველზე შევდგამ ფეხს და მალევე ავფეთქდები, რაც ტექსტს საგრძნობლად დამაცილებს.
ამიტომ, უკვე ნახსენებ მეთოდს გამოვიყენებ და შევეცდები, ავტორის ჯერ სტრატეგიული ჩანაფიქრი გამოვიცნო, და მერე მისეული შესრულების ტექნიკა გავაანალიზო.
არც პირველია რთული და არც მეორე, რადგან ყოველივე ხელისგულზეა და თავად ავტორიც ტექსტის დასაწყისშივე გვაძლევს მინიშნებას თუ განმარტებას რასთან, რა ყაიდის წიგნთან გვაქვს საქმე.
ზოგადად, აკა მორჩილაძეს ახასიათებს მინიშნებები ქვესათაურებისა და მცირე წინათქმების სახით. მაგალითად, რომან “აგვისტოს პასეანსის” ქვესათაურია სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. სანთლის შუქი ამ შემთხვევაში ლირიკულ-რომანტიკული მეტაფორა არ არის. პირიქით: სრულიად პრაქტიკული ინსტრუქციაა, რომელიც იმდროინდელ რეალობას, კერძოდ, ელექტროენერგიის ხშირ წასვლა-მოსვლის და გრაფიკების ამბებს ესადაგება, ხოლო ბულვარული რომანის მნიშვნელობას ჩემი ხელახალი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, ისედაც კარგად ცნობილი რამ არის. და მაინც, მხოლოდ შესახსენებლად: ტექსტი, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისთვისაა წარმოებული და ლიტერატურული პრეტენზიები და ამბიციები არ გააჩნია, დროის გაყვანის საამური საშუალებაა და თუ მკითხველის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, მაშინ მიზანი, მართლაც, სრულად ამართლებს საშუალებას.
რაც შეეხება “როძინას”, მას ქვესათაურიც აქვს და მცირე წინათქმაც. სწორედ ამ უკანასკნელშია მოცემული ტექსტის ნირის განმარტება-დახასიათება.
“ღამის მატარებელში საკითხავი წიგნაკი”
წიგნი, მოცულობიდან გამომდინარე, წიგნაკად მოხსენიებას ნაკლებად იმსახურებს, ასევე, საეჭვოა თანამედროვე საქართველოში ღამის მატარებელში მისი წაკითხვა. საამისოდ არც მატარებლების მარშრუტებია საკმარისად გრძელი და დიდად აღარც განწყობა აქვს ხალხს ჩვენში წიგნებისა თუ წიგნაკების საკითხავად.
ეს მცირე წინათქმა ავტორს თავისი ახალი ტექსტის დასახასიათებლად და ბუნების გამოსავლენად უფრო ესაჭიროება, ვიდრე მკაცრი და ზუსტი ინსტრუქციის გასაცემად – თუ რა ვითარებაში წაიკითხოს “როძინა”მკითხველმა.
ეს წინათქმა მკითხველის შემზადებაა და ასევე წიგნის მომავალი კრიტიკოსებისგან ცოტა თავდაცვაც. აღწერს და ახასიათებს რა წიგნს, ავტორი თავად აღნიშნავს ტექსტის ხარვეზებს და ასე გარდაქმნის მათ ტექსტის ბუნებრივ აუცილებლობებად. ეს, რა თქმა უნდა, გონიერი და ეშმაკური სვლაა და, ამავე დროს, ავტორის ერთ კარგ თვისებაზეც მეტყველებს – მას საკუთარი ტექსტისგან დისტანცირება და მისი მეტ-ნაკლებად ობიექტური წაკითხვა შეუძლია.
და მწერლური გამოცდილებაც ხომ აქეთკენ უბიძგებს არა მხოლოდ მას, ნებისმიერ ავტორს.
9
წინათქმაში ავტორი მკითხველს იმის შესახებაც აფრთხილებს, რომ ტექსტი კი იწყება რომანივით, მაგრამ მთლად ამ სახით არ გრძელდება და აქ უფრო კარგად თუ ნაკლებად ცნობილი ამბების გახსენებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე კლასიკურ რომანთან, ხოლო ეს ამბები ავტორისეული სურვილის მიხედვით არის დალაგებული და თუ მკითხველს კითხვის პროცესში უკვე წაკითხული ამბები მიავიწყდება, ეს დიდად საგანგაშო არც არის.
რაც შეეხება ამბების მთავარ პერსონაჟს – სტალინს, ის ამ ტექსტში სხვადასხვა სახელებით – ტიტულებით – მოიხსენიება: ხაზეინი, ინსტანცია და ა.შ. მაგრამ სახელების გადანაცვლებით არ იცვლება ჯამი.
სტალინი ერთპიროვნული მმართველია. წიგნში მისი მმართველობის უკანასკნელ წლებზეა საუბარი.
კითხულობ და ამ ამბების უმრავლესობა ისედაც იცი, გსმენია, წაგიკითხავს და ფიქრობ: მათ მოსათხრობად შერჩეული ენა უფრო ნეიტრალური რომ იყოს, მშვენიერი პოპულარულ-შემეცნებითი წიგნაკი გამოვიდოდა, აი, ისეთი – ქართულის რვეულები რომ არის. ზომიერად სტილიზირებული და ასევე ზომიერად პათეტიკურ-ირონიულიც.
მაგრამ არა.
ასე არ არის.
აუცილებლად გამოჩნდება ისეთი მკითხველი ხალხიც, რომელიც “როძინას” წიგნ-გაფრთხილებად ჩათვლის, მასში მოცემულ ვითარებას თანამედროვე საქართველოსთან დააკავშირებს და ავტორისეულ მცირე წინათქმასთან ერთად, ამ ორი არგუმენტის ერთობლიობა ტექსტის გამართლებად იქცევა, მაგრამ ლიტერატურის ბუნება ასეთ გამართლებებს არ ცნობს. მეც შემიძლია „როძინა“ ავტორის ადრე დაწერილი წიგნებით გავამართლო, მაგრამ რას მისცემს ეს თავად ტექსტს ან მკითხველს? ბევრს არაფერს, სიმცდარეში წინწადგმული მორიგი ნაბიჯის გარდა.
რაც შეეხება თანამედროვე საქართველოს ამბებთან პარალელებს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ნებისმიერი ისტორიული რომანი – სუსტი და, მით უმეტეს, შედევრი – გამოდგება ასეთ გამაფრთხილებელ წიგნად, რადგან ავტორიტარიზმი რთული წყობის ფენომენი არ არის. მასში მხოლოდ ცხოვრებაა რთული.
10
თუმცა დავუბრუნდეთ – ტექსტის სტრატეგიულ – ტაქტიკის თემას.
ლიტერატურული კარიერის დასაწყისში აკა მორჩილაძე სრულიად იყო ორიენტირებული სათავგადასავლო ლიტერატურაზე, პირველ ორ რომანში – „მოგზაურობა ყარაბაღში” და „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” – ის ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ლიტერატურულ ფორმას, ტექსტის სტრუქტურასა და არქიტექტონიკას, უფრო სწორედ: ტრადიციულ, ხანდახან ზედმეტად გაცვეთილ ხერხებსაც კი იყენებდა. სწორედ მისმა პირველმა ორმა რომანმა მოახდინა რესტავრაცია, ძველის გაცოცხლება და მკითხველის მოზიდვა 90-იანი წლების მოდერნისტულ მოცემულობაში.
შემდეგ ის სტილიზაციებით და სხვადასხვა პოსტმოდერნისტული ხრიკებით დაინტერესდა და ახალი ფორმის ისტორიული რომანი შექმნა. ამ პერიოდის და, იქნებ ზოგადადაც, საუკეთესო ტექსტი, რომანი “ძველი გულებისა და ხმლისაა”, რომელშიც თავგადასავალი და სტილი იმდენად ზუსტად არის დაბალანსებული, რომ ფართო მკითხველისთვის ის ნაკლებად არის ცნობილი. არც არის გასაკვირი. ამ რომანში სწორი ლიტერატურული დისციპლინა საშუალებას არ აძლევს ქართულ ჯიგარსა და სენტიმენტს ყოვლისმომცველი გახდეს.
მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც შეიცვალა.
ზოგმა ეს აკა მორჩილაძის პროდუქტიულობას დააბრალა და დაასკვნა, რომ უწყვეტმა წერამ ავტორს ხელი გაუფუჭა. ზოგმა ეს ყველაფერი ავტორის პოპულარობით ახსნა და თქვა, რომ მასობრიობა ადრე თუ გვიან ნებისმიერ მწერალს აფუჭებს. ორივე შეხედულება ლოგიკურია, მაგრამ მაქვს კიდევ ერთი დაშვება, რაც შეიძლება სხვა მხრივ თუ კუთხით ხსნიდეს აკა მორჩილაძის ბოლოდროინდელი პროზის უცნაურობებს.
მკითხველს კვლავ ის ევალება, რაც აქამდე: განაგრძოს კითხვა.
11
ეს დაშვებაც სტრატეგია-ტაქტიკის საკითხს უკავშირდება. მოდი, დავუშვათ, რომ ერთ დროს ამბავზე, ფათერაკიან თავგადასავალზე ორიენტირებულმა ჩვენმა საყვარელმა მწერალმა, ბოლო დროს მიდგომა შეცვალა და ახალი ენობრივი ნაზავის შექმნა დაისახა სტრატეგიულ მიზნად, ხოლო ამბავი კი – რაღაც დამხმარე საშუალებად აქცია. რა თქმა უნდა, მას ამის შესახებ განცალკევებულად არც ესე დაუწერია და არც, თუნდაც, რომელიმე რომანის მოკლე წინათქმაში გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, ხოლო მინიშნებით აქა-იქ იქნებ მიგვანიშნა კიდევაც, გადაკვრით, ირიბად, არ ვიცი.
ასეა თუ ისე, აკა მორჩილაძემ ბოლოდროინდელ ტექსტებში რთულად შეთავსებადი, ასე ეტიკეტის გამო ვამბობ, თორემ სინამდვილეში – შეუთავსებელი ენობრივი ნაკადების შერწყმა გადაწყვიტა. მსგავსი რამ უფრო ადრე გურამ დოჩანაშვილმა გააკეთა, საკუთარი შემოქმედების მეორე პერიოდში. მისი ექსპერიმენტი აკა მორჩილაძისაზე გაცილებით რადიკალური იყო და ქართულ ენაზე დაფუძნებული ახალი ენის შექმნას ისახავდა მიზნად, მაგრამ, რასაკვირველია, აქედან ბევრი არაფერი გამოვიდა, რამდენიმე, ლიტერატურული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო აბზაცის გარდა.
აკა მორჩილაძე ჯერჯერობით ასე შორს არ არის წასული და არც “როძინაა” მთლად წასაკითხად დაუძლეველი ტექსტი. მისი ენობრივი საფუძვლებიც არ არის რთული მისაგნები: “ქართლის ცხოვრება”, “კალმასობა”, ძველი პრესა და ამ ყველაფერს დამატებული – დიალექტიზმები.
მიზანიც გასაგებია: ამგვარი ენობრივი ნაზავით მოჰყვე ამბავი როძინისა ანუ ჯაშუშობის ბოლო ჟამისა და აქციო ის ჯერ აბსურდად, ხოლო შემდეგ უკვე აბსურდულ კარიკატურად. ასე რომ, “როძინა” იუმორისტული პროზის ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს.
მაგრამ ერთია ჟანრულ-ხასიათობრივი კუთვნილება და მეორე – ტექსტის ხარისხი. მე ზუსტად ვერ ვიტყვი სად, რომელ მწვერვალებამდე ან უფსკრულებამდე მიიყვანს ასეთი ენობრივი მიდგომა აკა მორჩილაძეს. ლიტერატურის ისტორია გვეუბნება, რომ, ერთი მხრივ: მწერლობა ენაზე გარდაუვალი ძალადობაა მისი განახლების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ: ენაზე გადაჭარბებული ძალადობა – სამწერლო ჩიხი.
უკვე ვთქვი, რომ “როძინა” აკა მორჩილაძის უბრალოდ მორიგი წიგნია, და: არც ძველის გზების თავმოყრაა და არც რაიმე ახლის გზის დასაწყისი, და ამიტომ რთულია თქვა: საით მიდის იგი ამჯერად – ლიტერატურული მწვერვალისკენ თუ უფსკრულისკენ.
ხოლო საკუთრივ “როძინა” კი თავად “როძინიდანვე” ამოღებული წინადადებით შეიძლება შეფასდეს – არ გემევიდა.
კონკრეტული ვითარება
12
ავტორი გულუხვია, რადგან ტექსტი დროის, ადგილისა და თხრობის სტილის დაკონკრეტებით იწყება და ამით მკითხველს პირველივე გვერდზე ეძლევა საშუალება, რომ გადაწყვიტოს რამდენად სურს მას ასეთ თემატიკაზე ამგვარი სტილისტიკით გაკეთებული წიგნის წაკითხვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სტალინისტური პერიოდი ბევრს კვლავ აინტერესებს ჩვენში, მაღალია ალბათობა, რომ მკითხველების უმრავლესობა კითხვას არ შეწყვეტს. კითხვის გაგრძელებას ხელს ისიც უწყობს, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად ადარებენ სტალინისტურ ეპოქას.
რამდენად ზუსტია ეს პარალელი მეცნიერულად, ერთია, მაგრამ ფაქტია, ადამიანები თავს საფრთხეში გრძნობენ და რაღაც ისეთი ხდება, რაც ადამიანებს აშინებთ.
დროის, ტერიტორიისა და სტილის დაკონკრეტების შემდეგ მთხრობელს, რომელიც პოსტმოდერნისტული, უკვე საკმაოდ გაცვეთილი ირონიით მემატიანეს ფუნქციას კისრულობს და აქვე, ბარემ უნდა ითქვას, რომ ტექსტის ფინალამდე პატიოსნად ასრულებს ამ ფუნქციას, მოსკოვში, მთავარ პოლიტიკურ ჯურღმულში ჩავყავართ და გვაცნობს ტუსაღ ვლასიკს, რომელიც ერთ დროს დიდი კაცი იყო სტალინის, იგივე ხაზეინის კარზე, მაგრამ როგორც ხშირად ხდებოდა იმ და არა მხოლოდ იმ დროს, ღალატში იქნა შენიშნული და ახლა დილეგშია.
საერთოდ, აკა მორჩილაძის წიგნებში დილეგი და საპატიმრო არცთუ იშვიათად გვხვდება. არ იქნება სწორი, თუმცა მკითხველს როგორ დაუშლი, თუ დილეგს რაღაც სიმბოლურ დატვირთვას მივცემთ, მიზეზი ალბათ ის უფროა, რომ მისი პერსონაჟები, ძირითადად, მარტოკაცები არიან, ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობით და ძალიან იშვიათია თუ მის წიგნებში სასიყვარულო-რომანტიკულ ხაზს და ამ ხაზს გაყოლილი პერსონაჟების დრამას შევხვდებით. მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია. კონკრეტიკას დავუბრუნდეთ.
13
სწორედ ყოფილი გენერალი ვლასიკი და მოქმედი ამერიკელი ჟურნალისტი, სოლსბერი უნდა ჩაითვალოს ამ ტექსტის ორად-ორ, კლასიკური განმარტებით პერსონაჟად, რადგან ისინი, სხვებისგან განსხვავებით, არ არიან სტატიკურები და ისტორიული სიმართლით ლიმიტირებულები, და როგორც ლიტერატურულ პერსონაჟებს სჩვევიათ და ახასიათებთ – ვითარდებიან, და რადგან საქმე აკა მორჩილაძის პროზასთან გვაქვს, განვითარება გარეგნულია და მცირე კავშირი აქვს შინაგან ძვრებთან.
ვლასიკს საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურს, ხოლო სოლსბერის რაღაც საიდუმლოს გაგება და, თუ პირველი დილეგში მყოფი ტყვეა, მეორე თვალთვალის ობიექტია.
თუმცა ორივე სტალინის ჩრდილში იკარგება. არა მხოლოდ ესენი, სხვებიც იმავე ჩრდილში არიან დაკარგულები, თავად სტალინიც საკუთარი ჩრდილიღაა. არქაულ-დიალექტური წერის სტილით გატაცებული მემატიანე ხომ მისი ცხოვრების ბოლო ნაწილს გვიყვება ჟამი-ჟამ უკუსვლებით.
ჩრდილშია ასევე ბერიაც, მაგრამ ის ერთადერთია, ვინც ამ ხაზეინის ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს და პირველკაცობისთვის ემზადება. ეს ამბავი როგორც დამთავრდა, ყველამ იცის, სტალინის ჩრდილიდან გამოსული ბერია სიკვდილის ჩრდილში დაიკარგა სამუდამოდ.
14
სტალინის ნაცნობ-უცნობი, ძირითადად, ნაცნობი ამბებით – სად ისვენებდა, რას ჭამდა და სვამდა, რამდენი ჩექმა და კიტელი ჰქონდა – ტექსტი იმდენადაა გაჯერებული, რომ სადღაც შუაში გონიერი მკითხველი უკვე ხვდება, რომ აქ უკვე დიდად ვეღარც ყოფილი გენერალი ვლასიკის ამბავი განვითარდება საფუძვლიანად და ვერც ამერიკელი ჟურნალისტის, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისევ კლასიკური გაგებით, აქ სიუჟეტი ვერ იქნება და უფრო History Channel-ის სტილისტიკის დოკუმენტალისტიკასთან აქვს საქმე, ვიდრე მხატვრულ პროზასთან. History Channel-ს კი დოკუმენტალისტიკის მიმართ ძლიერ სუბიექტური, პოსტმოდერნისტული დამოკიდებულება აქვს.
ეს ერთ დროს ძალიან პოპულარული, დღეს შინაარსისგან გამოცლილი სიტყვა – პოსტმოდერნი, არც შემთხვევით მიხსენებია და არც ამაოდ. საქმე ის არის, რომ იყო დრო, როდესაც პოსტმოდერნი ყოვლისმომცველ ესთეტიკურ ხედვად მიიჩნეოდა. აკა მორჩილაძეც და კიდევ ბევრი, სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდნენ როგორც მწერლები. ეს ის პერიოდია, როდესაც მწერლობა გადაწერად იქცა, მხატვრობა გადახატვად, ფილმის გადაღება ძველი ფილმის ახლებურად გადაღებად. მაგრამ პოსტმოდერნს თავიდანვე ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, რაც მას, ადრე თუ გვიან, შეარყევდა, ეს იყო მდგომარეობა. ერთმა ფრანგმა ფილოსოფოსმა წიგნიც კი დაწერა გასული საუკუნის 70-იან წლებში, თუ სწორად მახსოვს, წიგნს „პოსტმოდერნისტული მდგომარეობა“ ჰქვია. სწორედაც – რადგან მართლაც მდგომარეობა იყო და არა ფილოსოფია. ტექნიკური ხერხი იყო და არა დამოუკიდებელი ესთეტიკური ხედვა, თუმცა დიდხანს ასეთად მიიჩნეოდა.
15
„როძინას“ მთავარი პრობლემა, მისი კოსმოსად ვერქცეული ქაოტურობა, სწორედ პოსტმოდერნისტული ჩარჩოდან ვერგამოსვლაა და არა ავტორის პირადი შემოქმედებითი კრიზისი. ის კვლავ ისე წერს, როგორც ადრე წერდა, თემატურადაც კვლავ საკუთარ, უმთავრეს სტიქიას – ისტორიას, წარსულს უტრიალებს და, ჯამში, იგივე აკა მორჩილაძეა, რომელიც ოდესღაც „მადათოვის” ტრილოგიას წერდა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ პოსტმოდერნისტული, მოჩვენებითად უსასრულო, სინამდვილეში კი ძალიან სასრული ადამიანური მდგომარეობა და მასზე დაფუძნებული ხედვა – ფილოსოფია, მართლაც აქტუალური თამაში იყო, დღეს კი ასე აღარ არის.
ასე რომ, კრიზისში არა თავად ავტორი, არამედ მისი მეთოდია, რომელსაც ის ალბათ ამ შემთხვევაში უკვე ჩვევით და ინსტინქტურად მისდევს.
თავად ტექსტის ძირითადი თემაც ხომ ეს არის: ხაზეინს ახალი, დიდი გადასხვაფერება სურს მის მიერვე შექმნილ როძინაში, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან დრო შეიცვალა და ძველი მეთოდები ვეღარ მუშაობს.
© არილი