
რამდენიმე თვის წინ, როდესაც სასამართლო პროცესებზე ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალა, ჟურნალისტებმა გამოსავალი ლაივ-ბლოგების წერასა და პროცესების ილუსტრირებაში იპოვეს. მალევე საქალაქო სასამართლოში თანამებრძოლებს სინდისის პატიმარ გიორგი მინდაძის ნახატის ასლები გვაჩუქეს; ნახატზე სასამართლო პროცესია აღწერილი და ასახულია ეშმაკად გადაქცეული მოსამართლე გალუსტაშვილი, წონასწორობადაკარგული თემიდა, ზურგშექცეული და დარცხვენილი პროკურორები, ამაყი და ღიმილიანი სინდისის პატიმრები და კიდევ ბევრი პერსონაჟი. მე ის ფურცელი იმ დღესვე წამართვა და დამიხია რიგითმა უსახელო მანდატურმა, მაგრამ სოციალურ ქსელებში ნახატი მაინც სწრაფად გავრცელდა და სასამართლოს სანაგვე ურნებში არ ჩაკარგულა.
ასეთ უბნელეს პერიოდში, ამ სტილის თხრობის ქართულ ინტერნეტში გაელვებამ, წამიერი სიხარული მომგვარა. ერთი შეხედვით, მეტი ეფექტისთვის თითქოს რაღა უნდა დამატებოდა სასამართლო პროცესების ტრანსკრიპტებს, მით უმეტეს, ჩვენს ასეთ შავ-თეთრსა და ცხადად ბრუტალურ რეალობაში, მაგრამ სწორედაც რომ ჟურნალისტის ფანქრის ერთმა მონასმმა, დახატული მოსამართლისა თუ ცრუ მოწმის ერთმა ნაკვთმა, კარიკატურად გადაქცეულმა პროცესმა, სასამართლო კედლებში დაბუდებული რეალობა უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინა.
ეს მონასმ(ებ)ია მთავარი ძალა გრაფიკული ჟურნალისტიკის – ლიტერატურული ჟანრის, რომელსაც ჩვენთან ფეხი არც თარგმანში მოუკიდებია და არც ადგილობრივ მწერლობაში. არადა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ჟანრი წლიდან წლამდე მეტ წონას იძენს საგამომცემლო ინდუსტრიაში. 80-იანები კი ვახსენე, მაგრამ, რეალურად, გრაფიკული ჟურნალისტიკის ფესვები მრავალ საუკუნეს ითვლის – პოლიტიკური, სატირული კარიკატურებიდან დაწყებული, თანამედროვე კომიქს-რეპორტაჟებით დამთავრებული. სწორედ ამ ჟანრს ვუმადლით კომიქსების მოყვარულები, რომ სიტყვა “კომიქსისადმი” მიდგომაც კი შეიცვალა დაწინაურებულ საგამომცემლო ქვეყნებში.
გრაფიკული ჟურნალისტიკა სიტყვისა და გამოსახულებების ძალის ერთობლიობაა და ის კარგი ავტორის ხელში ქმნის ღრმა და დასამახსოვრებელ ნარატივებს, რომლებიც ხშირად ტრადიციული წერილობითი ჟურნალისტიკის მიღმა არსებულ სირთულეებსა და ემოციებს უფრო ცხადად გადმოსცემს. ამ ჟანრს დღეს არამხოლოდ ბეჭდური გამომცემლები ჰყავს, არამედ სულ უფრო და უფრო მრავლდება ვებ-გვერდები, რომლებიც ამგვარი თხრობის პლატფორმებად პოზიციონირდებიან. თუმცა, ბეჭდურია თუ ციფრულია, გრაფიკული ჟურნალისტიკის სათავე გვიანი რენესანსის პოლიტიკურ კარიკატურებში უნდა ვეძებოთ. ადრეული მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, ეს მარტივი ნახატები სატირისა და პროტესტის იარაღი იყო, რომლებიც ქალაქის მოედნებსა თუ ლუდხანების კარებზე აჭედილი უმარტივესი ილუსტრაციებითა და დოკუმენტური ტექსტებით გვამცნობდნენ იმას, რასაც ხელისუფლები გვიმალავდნენ; ანდაც გვამცნობდნენ იმას, რომ გვატყუებდნენ.
ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში, როდესაც როგორც მწერლობა, ასევე მხატვრობა – და, შესაბამისად, ნებისმიერი ამბავთხრობა – იძენს უფრო მეტ სოციალურ წონას, ჩნდებიან ისეთი თავზეხელაღებული არტისტები, როგორებიც არიან მაგალითად ჯეიმს გილრეი და ტომას როულანდსონი. მაშინდელი გაზეთების ეს როკ-სტარები თავიანთი უმარტივესი და უშუალო გადმოცემის ფორმით და სოციო-პოლიტიკური მოვლენებისადმი ძლიერი მგრძნობელობით ფართო აუდიტორიამდე აღწევდნენ და ამ აუდიტორიას ხშირად გროტესკულად უჩვენებდნენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. თხრობის ეს ფორმა კი რიგით მკითხველს სტანდარტულ საგაზეთო სტატიაზე უკეთ არკვევდა მათ გარშემო მომხდარ ამბებში.
გილრეის, როულანდსონის და სხვათა გროტესკში ძალას იკრებდა ნარატივი და პირიქით, ძალას კარგავდა უთანასწორო რეალობის შემოქმედი. კარიკატურისტები ხშირად სცილდებოდნენ უბრალო იუმორს და ქმნიდნენ ძლიერ ვიზუალურ სიმბოლოებს, რომლებიც წლების განმავლობაში რჩებოდა საზოგადოების მეხსიერებაში. მათ შეეძლოთ ერთ ნახატში გადმოეცათ მთელი პოლიტიკური კამპანიის ან სოციალური პრობლემის არსი.
სრული ისტორიული მიმოხილვა და გვერდების ამით გადავსება რომ ავირიდო, მრავალ დეკადას გადავახტები და პირდაპირ მეოცე საუკუნის გვიან 50-იანებში გადავინაცვლებ: ევროპული სატირული კარიკატურის ტრადიციაზე დაყრდნობით, მაშინდელ ევროპასა და ამერიკაში, არაერთი ანდერგრაუნდ კომიქს-გამოცემა და კომიქს-არტისტთა გილდიები იქმნება. 60-იან წლებში უკვე ყველაზე მძლავრი – ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს ალტერნატიული კომიქს-სცენები იკრებს ძალას და იძენს აუდიტორიას. ამ პროცესებში სატირასა და დოკუმენტალისტიკას უმთავრესი როლი აქვს. იქმნება პერიოდული გამოცემები RAW, MAD, Zap Comix და სხვა მრავალი. და სწორედ ამ სცენიდან აღმოცენდება არტ შპიგელმანი – პირველი კომიქს-არტისტი, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს.
საგულისხმოა ის, რომ შპიგელმანს პრემია არა რომანის კატეგორიაში, არამედ ჟურნალისტიკაში მიენიჭა. არადა, მისი MAUS ის ნაწარმოებია, რომლისთვისაც გამომცემლებმა ტვინი იჭყლიტეს თუ როგორ გაეყიდათ კომიქსების გვერდით და ტერმინი “გრაფიკული რომანი” საბოლოოდ დაამკვიდრეს ინდუსტრიაში. თავად შპიგელამნი ამ ტერმინს ვერ იტანს, მიუხედავად იმისა, რომ MAUS ბიოგრაფიული, მაგრამ, ამავდროულად, რომანული სტილის საკითხავია. ის თავის შემოქმედებას კომიქს-ლიტერატურად მიიჩნევს და ამაში კაცი-შვილი ვერ შეეწინააღმდეგება.
თუმცა სანამ MAUS პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდებოდა, მანამდე 14 უმწარესი შემოქმედებითი წელიწადის გავლა მოუწია მის ავტორს. და ამ პროცესში, შპიგელმანის მხრებზე ამოიზარდა სხვა ავტორი, რომელმაც საბოლოოდ დაამკვიდრა გრაფიკული ჟურნალისტიკა როგორც არა მხოლოდ კომიქს-ჟანრი, არამედ როგორც, ზოგადად, ლიტერატურის ძალიან ღირსეული მიმდინარეობა. ეს ავტორი მალტური წარმოშობის ამერიკელი ჯო საკოა, განათლებით ჟურნალისტი, ორეგონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომლისთვისაც სამწერლო სამსახურებს თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. საკოს ჰობი ყოველთვის იყო კარიკატურების ხატვა და – დიდება მის მოწყენილობას ჟურნალისტიკით, რომ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ ნოტარიულ დაწესებულებებში სამსახური რაღაც დროს მიატოვა და სრულ ავანტიურაში გადაეშვა.
ავანტიურის სიმძაფრე იმაშიც მდგომარეობდა, რომ ჟურნალისტი საკო არ ენდობოდა მაშინდელ ამერიკულ ჟურნალისტიკას. მასთან ბრძოლა კი დავითისა და ოცი გოლიათის შერკინებას დაემსგავსებოდა. როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, საკო, რომელიც ყველაზე გავლენიან საკითხავად სწორედ MAUS-ს ასახელებს, ყველაზე გავლენიან ავტორად კი არტ შპიგელმანს, ყველაზე მეტად სწორედ ამერიკაში გამეფებულ პრო-ისრაელისტურ ნარატივს არ ენდობოდა – ისევე როგორც თავად შპიგელმანი. “შეუძლებელია რომ სულ ისრაელი ყოფილიყო მსხვერპლი, აშკარა იყო, რომ მატყუებდნენ ყველა არხსა და ყველა გაზეთში.” – ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუს დროს საკო და მანაც, 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, მწირზე მწირი პირადი ბიუჯეტით ჟურნალისტური სიმართლის საძიებლად პალესტინას მიაშურა.
პირველი ინტიფადას პერიოდში ის ცხოვრობდა პალესტინის სხვადასხვა ქალაქში; ცხოვრობდა არა სასტუმროში, არამედ ადგილობრივებთან, ოჯახებში – გადაჭედილ ქოხმახებსა და მიწურებში. ძილის დროს თავზე აწვიმდა, ფერდებს ნესტი უჭამდა, დღიურ სარჩოდ კი ის ჰქონდა, რასაც ახლად გაცნობილი ადგილობრივები უწილადებდნენ. ამ ჩია ტანის კაცს ენერგია მაინც ჰყოფნიდა, რომ მთელი პალესტინა შემოევლო და საკუთარი თვალით ენახა თუ როგორ ესროდნენ ბავშვებს, როგორ ლპებოდა პალესტინური მოსავალი, როგორ იგებოდა მახინჯი კორპუსები ახალმოსახლე ისრაელელებისთვის და უფრო მახინჯი ციხეები მიწიდან აყრილი პალესტინელებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო საკომ პალესტინელების ყოველდღიურობის ხატვა, ინტერვიუების ჩაწერა მათთან და ამ ინტერვიუებზე და თავის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დოკუმენტური კომიქსების შექმნა. მის ამ წამოწყებას ბევრი მხარდამჭერი ნამდვილად არ ჰყოლია ამერიკაში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ პატარა გამომცემლობა Fantagraphics-მა დაიჯერა ამ კაცის ნიჭისა და შემართების და მისი პალესტინური კომიქსების მცირე ტირაჟით გამოცემა დაიწყო.
დრომ და სიმართლემ თავისი ქნა: ჯო საკოს კომიქს-რეპორტაჟები ბოლოს სქელტანიან წიგნადაც გამოიცა. “პალესტინამ” ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. საკომ კი, როგორც იტყვიან, თავი იპოვა და მიაგნო იმ ლიტერატურულ ფორმას, რომელშიც ყველაზე ალალად შეეძლო განცდილის გადმოცემა. ღრმა და დეტალური რეპორტაჟებით პრობლემური ზონებიდან – საკომ შექმნა მის გარშემო მიმდინარე მსოფლიო კონფლიქტების მთელი არქივი – რამდენიმე წიგნი პალესტინიდან და ბოსნიიდან, კომიქსები ჩეჩნეთიდან, კუშინაგარიდან, ერაყიდან, აფრიკის სანაპირო ზოლებიდან და სხვა. მდიდარი, დინამიკური და ექსპრესიული მხატვრული სტილით, რომელიც მოგაგონებთ ფრანცისკო გოიას, ოტო დიქსისა და რობერტ კრამბის გამომსახველობით ფორმებს, ჯო საკო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეს მოდებული ჰუმანიტარული კატასტროფებიც კი საკოს ლიტერატურაში ისეთი ხელშესახები ხდება, რომ წაკითხვისას თავზარდამცემი ეფექტი აქვს და ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სწორედ ამის გამოა, რომ საკოზე წერისას თუ საუბრისას, ყოველთვის ვამატებ ხოლმე ჩემს აკვიატებასაც, რომ ოდესმე, როდესაც ნობელის კომიტეტი პედესტალიდან ჩამოვა და თავის ზედმეტად კონსერვატორულ მზერას კომიქს-სამყაროსკენაც მიმართავს, უპირველესად, თვალში სწორედ ჯო საკო უნდა გაეჩხიროთ. მისი დაუვარცხნელი და დაუწმენდავი კომიქს-პროზა დასპონსორებული ანგარიშებისთვის შექმნილ რეპორტაჟებს კი არ წარმოადგენს, არამედ ემპათიით სავსე, განცდილ მონათხრობს.
ჯო საკოს ლიტერატურა ქართულ ენაზე წელს პირველად გამოიცა. მცირე, ძველი ყაიდის ჟურნალის მსგავსი გამოცემა “ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები” გამომცემლობა “მატარებელი კომიქსმა” გამოაქვეყნა, თარგმანზე კი ნიკა სამუშიამ იმუშავა. ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ ისტორიულ რეალობაში, საკო ახალსაც ბევრს აღმოგაჩენინებთ: მისი მძაფრი სტილისტიკის, თუმცა ფაქიზი მგრძნობელობის მქონე კომიქსებში გრაფიკული ჟურნალისტიკის ძალა ყველაზე უკეთ იგრძნობა. სწორედ საკოა ის ავტორი, რომლის ნამუშევრებიც საუკუნისწინანდელი მამების მსგავსად ქალაქის მოედნებსა და ლუდხანების კარებზე უნდა ვაჭედოთ, ჟურნალ-გაზეთებში დავბეჭდოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ, რადგან ამ დაშრამულ რეალობაში მალამოდ სწორედ ასეთი თანაგრძნობით შექმნილი ლიტერატურა გვევლინება.
დასასრულს, ისევ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ გარემოს მივუბრუნდები; ოდესმე, როდესაც ჩვენი მახინჯი რეალობა არყოფნაში გადაინაცვლებს, როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს, ამბების მოყოლას A4 ფორმატზე ნაჯღაბნი პროცესებით და მათთან დართული სხარტი პროზით დავიწყებთ და ასე შევქმნით ეპოქის დოკუმენტებს, სადაც დიდი სიცხადით წარმოგვიდგებიან ქუსლით ნაცემი, ძირს დაგდებული ახალგაზრდები და იზოლატორში გამოკეტილი პენსიონერები, ცეცხლწაკიდებული და აყრილი ლტოლვილები და სპეცრაზმის ბნელ მორევში ჩათრეული ნარინჯისფერქურთუკიანი პოეტი, სასამართლო დერეფნებში ატირებული დედები და მეგაფონთან ამონთხეული პროტესტის ხმები. მანამდე კი უკვე არსებული გრაფიკული ჟურნალისტიკა ვიკითხოთ, ხელი გავიწაფოთ ჟანრის კლასიკოსებზე.
© არილი