
ინგლისურიდან თარგმნა ანა დარსაველიძემ
ოჰაიოში, 1950-იანებში, რამდენიმე მეგობარი მყავდა, რომლებიც საღ აზრსა და სიფხიზლეს მინარჩუნებდნენ. სწორედ ისინი მაძლევდნენ სტიმულს, დავრჩენილიყავი ჩემი საუკეთესო და ყველაზე გიჟური მისწრაფებების ერთგული. როგორც ამერიკის ყველა სხვა პატარა ქალაქი, ჩემიც არ გამოირჩეოდა პოეზიისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით. არა, მარტოსული ბავშვობის გამო ამ ამბისგან განსაკუთრებული შემთხვევა არ გამომყავს. ეჭვგარეშეა, ზემოთ ხსენებული პერიოდისა და ადგილისთვის დამახასიათებელი საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისგან გარიყულობამ მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ის ცხოვრება, რომელიც ჩემთვის შესაძლებელი ყველა სხვა ცხოვრების გზიდან ავირჩიე.
რა თქმა უნდა, არც ერთი ჩემი მეგობარი არ გამიცნია ჩვეულებრივ. თავიდან ყველა მათგანი უცხო იყო. ისინი მხოლოდ საკუთარ ნაწერებში ცხოვრობდნენ, თუმცა მხოლოდ აჩრდილ-მეგზურნიც რომ ყოფილიყვნენ, მაინც ისინი იყვნენ ჩემი მუდმივი, ძლიერი და საოცარი მეგობრები. ეს იმიტომ, რომ საოცარ ამბებს მომითხრობდნენ და ეს ჩემთვის მთელ სამყაროს ცვლიდა.
„საათის ამ დროს დარწმუნებით მოვყვები იმას, / რასაც ყველას არა, მაგრამ შენ კი გიამბობ.“
უიტმენი ის ძმა იყო, რომელიც არასდროს მყოლია. მყავდა ბიძა, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელმაც შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს თავი მოიკლა. ალბათ, მისი დაკარგვის გამო, უიტმენი ჩემთვის უფრო ახლობელი გახდა. ის ზოგჯერ ბოშა ბიჭი[1] იყო, რომელთან ერთადაც მე და ჩემი და ჩვენი პონით ქალაქის მიღმა, შორეულ მინდვრებში, მარწყვის შესაგროვებლად დავდიოდით, ხოლო როცა ბავშვობის მეგობარი რუმინელი ბიჭი სადღაც გადაიკარგა, უიტმენმა ჩემი ოთახის ბინდში გააგრძელა ნათება, ოთახისა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა წიგნებით, რვეულებით, ტალახიანი ჩექმებითა და ბაბუაჩემის ძველი, „ანდერვუდის“ ფირმის საბეჭდი მანქანით.
„ჩემი ხმა სწვდება იმას, რასაც თვალი ვერ ხედავს, / ენით მოვიცავ სამყაროებს და სამყაროთა უვრცელეს მასებს.“
როდესაც სკოლა, რომელშიც დავდიოდი, მოსწავლეების ყოფაქცევასთან დაკავშირებით კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩემი პასუხი იყო ის, რომ ყოველი დილის უმეტეს ნაწილს სკოლაში წასასვლელად გამზადებული ტყეში ვატარებდი წიგნებით სავსე ზურგჩანთით. ამ ჩანთაში ყოველთვის იდო უიტმენის წიგნი. როცა უნებართვო გაცდენების შესახებ გაიგეს, ჩემი მშობლები გააფრთხილეს, რომ, შესაძლოა, პრობლემები შემქმნოდა და სკოლა ვერ დამემთავრებინა. თუმცა, უცნობი მიზეზით, მშობლებმა ჩემებურად გაგრძელების უფლება მომცეს, რაც უცნაური ჩანდა, მაგრამ ჩემთვის წყალობის ტოლფასი იყო. ტბის პატარა უბეებთან თუ ფართო საძოვრებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ვპოულობდი უღრანი ტყეების გადაღმა, დროს ვატარებდი ბავშვობის მეგობართან, ჩემს ძმასთან, ბიძასთან, ჩემს საუკეთესო მასწავლებელთან ერთად.
„ჩრჩილი და ქვირითი თავის ადგილზეა. / მზეები, რომელთაც ვხედავ და რომელთაც ვერ ვხედავ, თავ-თავის ადგილზეა, /ცხადი ადგილზეა და გაუცხადებელიც თავის ადგილზეა.“
ამიტომაც, როცა მე თვითონ დავიწყე ლექსების წერა, უიტმენის პოეზია ჩემთვის იქცა აზრის საბოლოო დანიშნულებამდე მიყვანის მაგალითად; ვგულისხმობ იმ უსაზღვრო ძალასა და ენერგიას, რომელიც უიტმენის ლექსს თან დაჰყვება – მაგიური სინტაქსი, მთელი სამყაროსთვის უპირობო თანხმობის გამოცხადება. ჩემთვის იმ წლებში ჭეშმარიტება ბუნდოვანი იყო. ჭეშმარიტების შეცნობისა და მისი შესისხლხორცებისთვის საკმარისი რწმენაც არ გამაჩნდა. უიტმენმა უარესი გაურკვევლობის ჭაობისგან მიხსნა და მრავალი საათი გავატარე მისეული სიზუსტისა და სიმამაცის ნათელ წრეში მოქცეულმა. „გახსენით კარის საკეტები! მოხსენით კარი წირთხლიდან!“ – აქ იყო ის ვნება, რომელსაც ლექსებად გარდასახავდა. მეტაფიზიკური ცნობისმოყვარეობა! სინაზე ორაკულისა, რითაც სამყაროს აღიქვამდა – მისეულ სიუხეშეს, განსხვავებულობას, ვარსკვლავებს, ობობას – არაფერი რჩებოდა მისი ყურადღების მიღმა. ვტკბებოდი უიტმენის სიტყვებისა და რწმენის თავისებურებით, რაც ჩემს სულისკვეთებას ნამდვილად ამხნევებდა, თუმცა კი, როგორც გაგონილი მქონდა, თვითონ მის რწმენას სახელი არ გააჩნდა. „გგონია, რამე ჩახლართული დანიშნულება მაქვს? დიახ, მაქვს… რადგან ეს აპრილის წვიმასაც აქვს და კლდის მინერალ ქარსსაც“.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უიტმენისგან ვისწავლე, რომ ლექსი ტაძარია ან მწვანე მინდორი, ადგილი, რომლის სიღრმეშიც უნდა მოხვდე და შეიგრძნო. და მხოლოდ მეორეხარისხოვანი გაგებითაა ლექსი ინტელექტუალური რამ – არტეფაქტი, სათანადო და მძლავრი სიტყვიერების გამოვლინება, რა მშვენიერიც არ უნდა იყოს მისი ეს ნაწილი. ვისწავლე, რომ ლექსი შეიქმნა არა იმისთვის, რომ იარსებოს, არამედ იმისთვის, რომ ილაპარაკოს და მეგზურობა გასწიოს. ლექსი მაძლევდა ყველაფერს, რაც მჭირდებოდა. მახსოვს რთული, უსწორმასწორო გზა ტყეში და წიგნების სიმძიმე ჩანთაში. მახსოვს ხეტიალი და უმიზნოდ ყიალი – გასაოცარი დღეები, როცა უიტმენთან ერთად „შარვლის ტოტები ბოტებში ჩავიტანე და დროსტარებას მივაშურე“.
მერი ოლივერი, დინების წინააღმდეგ: რჩეული ესეები (2016)
[1] მეტაფორულად იგულისხმება უიტმენის პოეზიის ემოციური გავლენა, რომელსაც პოეტისთვის თავისუფლებისა და თავგადასავლების შეგრძნება მოჰქონდა. აქ ერთმანეთში ირევა ოლივერის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და წარმოსახვა.
© არილი