
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ჭინჭარაულმა
რიგითი ვერცხლისფერი დილაა. ტელეფონის ხმა ისმის ან ვიღაც მიკაკუნებს კარზე. ფიქრებში ღრმად ვარ ჩაძირული. უხალისოდ ვდგები. ტელეფონს ვპასუხობ ან კარს ვაღებ. მოხელთებული ან თითქმის მოხელთებული ფიქრი ხელიდან მისხლტება.
შემოქმედებით მუშაობას მარტოობა სჭირდება. სჭირდება კონცენტრირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე. შემოქმედს სჭირდება მაყურებლის გარეშე მოწმენდილ ცაზე ფრენა, რათა იმ წერტილს მიაღწიოს, რომელსაც ესწრაფვის და რომელსაც ხელაღებით ვერ დაეუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სჭირდება პირადი სივრცე, ყოველდღიური ფუსფუსისგან მოშორებული ადგილი. ადგილი, სადაც ფანქარს დაღეჭავს, რაიმეს მიჯღაბნის, მერე წაშლის და ისევ მიჯღაბნის.
მაგრამ ხშირად, თუ თითქმის ყოველთვის არა, გაფანტულობა მოდის არა გარედან, არამედ საკუთარი თავიდან ან იმ „მე”-დან, რომელიც შენშია, რომელიც უსტვენს, კარზე აბრახუნებს, გორაობს და წუწაობს ფიქრების აუზში. რას გეუბნება იგი? გეუბნება, რომ დაქოქო საათი, დარეკო კბილის ექიმთან, გეუბნება, რომ მდოგვი გაგითავდა, რომ ორ კვირაში ძია სტენლის დაბადების დღეა. რა თქმა უნდა, შენ ამ ყველაფერზე რეაგირებ. შემდეგ, როცა საქმეს მიუბრუნდები, აღმოაჩენ, რომ იდეების პატარა ყლორტები უკან, ბურუსში გაფრენილან.
მსურს, ამ შინაგანი ხმის, ამ პირადი ხელის შემშლელის ნაბიჯებს გავყვე. სამყარო მისთვის ჩვეულ, ურთიერთობებისთვის გახსნილ, საერთო სივრცეს ქმნის. არაფერია ამაში საკამათო. მაგრამ „მე“, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავისთვის ხელის შეშლა და ამას აკეთებს კიდეც, გაცილებით უფრო ბნელი და საკვირველი მოვლენაა.
პირადად მე, სულ მცირე, სამი “მე“-სგან შევდგები: უპირველესად, ესაა ბავშვი, რომელიც ვიყავი. რა თქმა უნდა, ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ მაინც ზოგჯერ შორს და ზოგჯერ არც ისე შორს მესმის იმ ბავშვის ხმა, ვგრძნობ მის იმედებსა და გასაჭირს. იგი არ გამქრალა. მეხსიერებასა თუ სიზმრების შენაკადებში ამოტივტივდება ხოლმე მძლავრად, ეგოისტურად და შემპარავად. საერთოდაც, არსად წასულა. ის ჩემთან არის ამ წამს და საფლავშიც თან ჩამყვება.
არის კიდევ სხვა, ყურადღებიანი სოციალური „მე“. იგი მოღიმარია, კარს მუდამ ღიას ტოვებს სხვისთვის. ეს ჩემი ის ნაწილია, რომელიც საათს ქოქავს და გზას მიიკვლევს ყოველდღიურობაში. მას ახსოვს ყველა დათქმული შეხვედრა და არც ერთს არ გამოტოვებს. იგი ბორკილდადებულია ათასი ვალდებულებით. დღის განმავლობაში საათების თანმიმდევრობას ისე მისდევს, თითქოს თავად მოძრაობა იყოს მთავარი ამოცანა. გზად სიბრძნისა და სიხარულის მარცვლების აკრეფა თუ ვერ აკრეფა ის საკითხი არ არის, რომლითაც დაინტერესდება. ის, რაც ამ „მეს“ დღედაღამ ჩაესმის, ის რაც ყველა სხვა სიმღერას ურჩევნია, არის საათის ისრის განუწყვეტელი წინსვლა, მკაცრად გამოზომილი, სიცოცხლითა და თავდაჯერებით სავსე.
საათი! თორმეტ ისრიანი მთვარის თავის ქალა, თეთრი ობობას მუცელი! როგორი სიმშვიდით მოძრაობენ ისრები თავიანთი ფილიგრანული წვეტებით. როგორი სიმტკიცით! თორმეტი საათი, შემდეგ კვლავ თორმეტი და ახლიდან იწყება ათვლა. ჭამე. ისაუბრე, დაიძინე, ქუჩა გადაკვეთე, ჭურჭელი დარეცხე! საათი კვლავ წიკწიკებს. მისი მოძრაობის ტრაექტორია ერთობ ცხადი და რეგულარულია (დააკვირდით ამ სიტყვას). ყოველდღე, თორმეტი პატარა სათავსო, რომლებშიც უნდა მოაწესრიგო ქაოსური ცხოვრება და კიდევ უფრო ქაოსური ფიქრები. ქალაქის საათი ჩამორეკავს და ციფერბლატი ყველას მაჯაზე გაიზუზუნებს ან აციმციმდება. სამყარო საკუთარ რიტმს უწყობს ფეხს. კიდევ ერთი დღე, რიგითი და ჩვეულებრივი (ამ უკანასკნელსაც დააკვირდით).
ვთქვათ, იყიდე თვითმფრინავის ბილეთი და გსურს, გაფრინდე ნიუ იორკიდან სან ფრანცისკოში, რას მოითხოვ პილოტისგან, როდესაც ბორტზე ახვალ და შენს ადგილს დაიკავებ ფანჯარასთან, რომელიც არ იღება, მაგრამ შეგიძლია დაინახო თავბრუდამხვევი სიმაღლეები, რომელზეც აიჭრები, როდესაც თვითმფრინავი უსაფრთხო და მეგობრულ დედამიწას მოგწყვეტს? ეჭვგარეშეა, გსურს მფრინავი საკუთარი თავის ყველაზე უფრო სტაბილური და არაფრით გამორჩეული ვარიანტი იყოს? გსურს, მან საკუთარი მოვალეობა შეასრულოს მშვიდი სიამოვნებით? არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ახალი. მისგან მოითხოვ, რომ რუტინულად შეასრულოს ის, რაც იცის - თვითმფრინავის მართვა. იმედი გაქვს, რომ არც ოცნებები გაიტაცებს და არც საინტერესოდ ჩახლართული ფიქრები. იგივე ითქმის ქირურგზე, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლსა და გემის კაპიტანზე. დაე, იმუშაონ, ჩვეულებრივ, როგორც მუშაობენ. დარწმუნებულებმა იმ ცოდნაში, რასაც მათი საქმიანობა მოითხოვს. არც მეტი არც ნაკლები. მათი ჩვეულებრიობა სამყაროს სანდოს ხდის. მათი ჩვეულებრიობა ატრიალებს დედამიწას.
მეც ვცხოვრობ ჩვეულებრივ სამყაროში. მე მასში დავიბადე. ჩემი განათლება, უმეტესწილად, მიმართული იყო იმისკენ, რომ მე ჩვეულებრივ სამყაროში თავი კომფორტულად მეგრძნო. ცალკე საკითხია, რატომ ჩაფლავდა ეს წამოწყება. როდესაც ასეთი ჩაფლავება ხდება, როგორც ყველაფერს სხვას, სამყარო ამასაც საკუთარი თავის სასარგებლოდ ატრიალებს. სამყაროს ისევე სჭირდება მეოცნებეები, როგორც მეწაღეები (თუმცა, ეს არც ისე მარტივია. რეალურად, რომელ მეწაღეს არ ჩაურტყამს ცერში, როდესაც, როგორც იტყვიან, ფიქრებში წასულა?! და როდესაც ცხოველური ინსტინქტი გამოიღვიძებს, რომელი მეოცნებე არ გამოფხიზლებულა ოცნებიდან, რათა დაკეტვამდე მიესწრო ბაზრისთვის და მშიერი არ დარჩენილიყო?!).
ასეთივე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ შემოქმედებით საქმიანობაში, ყოველგვარ შემოქმედებით საქმიანობაში, მსოფლიოს ხელოვანები ცდილობენ სამყარო წინ წაიყვანონ და არა წრეზე. ეს კი ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავებულია. ამგვარი საქმიანობა არ უარყოფს ჩვეულებრიობას. უბრალოდ, ეს სულ სხვა რამ არის. ეს საქმიანობა განსხვავებულ ხედვასა და პრიორიტეტებს საჭიროებს. ჩვენში ნამდვილად კიდევ ერთი „მე“ არსებობს, რომელიც არც ბავშვია და არც დროის მსახური. ეს ჩვენი მესამე „მეა“, რომელიც ზოგში დროდადრო ვლინდება და ზოგში მუდმივად დომინირებს. ამ „მეს“ არ უყვარს ჩვეულებრიობა, მას არ უყვარს დრო. მას მარადისობა სწყურია. ინტელექტუალური შრომა, – უეჭველად, სულიერი და ყოველთვის შემოქმედებითი, – იმ ძალებს განეკუთვნება, რომლებიც მას უპყრია ხელთ. ეს ის ძალებია, რომლებიც დროისა და ყოფითი ჩვევების შეზღუდულობის მიღმა უნდა მოქმედებდნენ. შეუძლებელია, ეს შრომა ბოლომდე განაცალკეო ცხოვრებისგან. შუა საუკუნეების რაინდების მსგავსად, შემოქმედებით ადამიანს ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეუძლია სხეულისა და სულის მომავალი გმირობისთვის მოსამზადებლად, რადგან არ იცის, რა თავგადასავალი ელის. რეალურად, თავად შემოქმედება არის თავგადასავალი. არაჩვეულებრივი ძალისა და კონცენტრაციის გარეშე არც ერთი ხელოვანი არ დაიწყებს მუშაობას; უბრალოდ, არც მოუნდება მუშაობა. არაჩვეულებრიობა არის ის, რასაც ეფუძნება ხელოვნება.
ასევე შეუძლებელია, გააკონტროლო ანდა დაარეგულირო შემოქმედებითი მუშაობის მექანიზმი. ხელოვანი უნდა მიენდოს შემოქმედებით ძალებს. თუ არ მიენდობა, მაშინ მის წინააღმდეგ იმუშავებს. ხელოვნებაში, ისევე როგორც სულიერ ცხოვრებაში, არ არსებობს ნეიტრალური სივრცე. განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე დისციპლინასთან ერთად საჭიროა მარტოობა და კონცენტრაცია. მაგალითად, სამუშაო განრიგის გაკეთება კარგი რჩევაა ახალგაზრდა მწერლისთვის. ამის თქმა საკმარისია, თუმცა ეტყვის კი მას ვინმე სრულ სიმართლეს – ნებისმიერ დროს იდეების აბრჭყვიალებისთვის მზად რომ უნდა იყოს გათვლილი დისციპლინის მიუხედავად? რადგან ეს იდეები მაშინ მოდიან, როცა მოესურვებათ, თან ფრთების სწრაფი მოძრაობით, ქაოსურად და დაუდევრად მოძრაობენ და ზოგჯერ ვნებასავით უმართავნიც არიან.
ჯერ არავის შეუდგენია სია, სად შეიძლება გამოჩნდეს არაჩვეულებრიობა და სად – არა, თუმცა, არსებობს მინიშნებები: მას იშვიათად წააწყდები ხალხმრავლობაში, სასტუმრო ოთახებში, დასვენების დროს, კომფორტისა და სიამოვნების განცდისას. მას სუფთა ჰაერზე უყვარს ყოფნა. მოსწონს გონების დაძაბვა და მარტოობა. გაცილებით დიდია ალბათობა, რისკიან ადამიანს უფრო მიეტმასნოს, ვიდრე გაუბედავს. იგი არ უარყოფს კომფორტს ან სამყაროს მიერ გაკვალულ გზებს, უბრალოდ მისი ყურადღება სხვა მხარეს არის მიმართული. მას ზღვრული მდგომარეობები აინტერესებს, ფორმადქმნადობა ზღვრების მიღმა არსებული უფორმობისგან.
ყველა თანხმდება, რომ შემოქმედებითი მუშაობა ისეთ აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვს, როგორიც მხოლოდ დედამიწის გრავიტაციის მიმართ წყლის ერთგულება შეიძლება იყოს. თუ ადამიანი ისე მიაბიჯებს შემოქმედების ველურ ბუნებაში, რომ ეს არ იცის და არც სურს გაგება, ის დაკარგულია. მას, ვისაც არ სწყურია მარადიულობის ღია ცის ქვეშ ყოფნა, სახლში უნდა დარჩეს. ასეთი ადამიანი ცალსახად დასაფასებელია, ლამაზიც კია, მაგრამ ხელოვანი არ არის. უმჯობესია, მან თავისი დროების შესაფერისი ამბიციებით იცხოვროს და მოვალეობების შესრულებით მიიღოს წამიერი ბედნიერება. უმჯობესია, თუ ასეთი ადამიანი თვითმფრინავის მართვით დაკავდება.
არსებობს შეხედულება, რომ ხელოვანი ადამიანები საზოგადოებრივი ჩვევებისა და ვალდებულებების მიმართ გონებაგაფანტულნი, დაუდევარნი და უყურადღებონი არიან. იმედია, ეს მართლაც ასეა, რადგან ისინი აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრობენ. ეს ის სამყაროა, რომელსაც მესამე „მე“ განაგებს. არც წმინდა ხელოვნება ჰგავს ბავშვურ უბიწოებას (თუკი, ეს, საერთოდ, არსებობს). ხელოვანის ბავშვობა მთელი მისი ქარტეხილებითა და მრავალფეროვნებით მოგვაგონებს ბალახს, რომელიც ფრთოსანმა ცხენმა ველური კბილებით უნდა დაღეჭოს.
შეუთავსებელია, ერთი მხრივ, საკუთარ წარსულთან დაკავშირებული გამონაგონის გაცნობიერება და გააზრება და, მეორე მხრივ, ამ შეთხზული ამბების ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი ხელოვნებისთვის შესაფერისი, ზრდასრული ფიგურები ყოფილიყვნენ, რადაც ისინი ვერასდროს იქცევიან.
შემოქმედებით პროცესში ჩართული, მობილიზებული ხელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრული ადამიანი შეიძლება იყოს, რომელიც საკუთარ თავს არასდროს მისცემს ხელის შეშლის უფლებას; რომელიც შთანთქმულია თავისი საქმით, მისგან იღებს ენერგიას და ამიტომ, პასუხსაც აგებს თავის შემოქმედებაზე.
ნებისმიერ დილას თუ შუადღეს, მუშაობაში სერიოზული ჩარევა ამიტომაც არასდროს არის უადგილო, თუმცა არც სახალისოა; თვით სიყვარულით აღსავსე ჩარევაც კი სხვა მხრიდან. სინამდვილეში, სერიოზულად ხელის შემშლელი ის მოდარაჯე თვალია, რომლითაც საკუთარ თავს დავტრიალებთ. ეს არის გასროლა, რომელიც ისარს მიზანს აცილებს! ეს ის უღელია, რომელსაც საკუთარ განზრახვებს ვადგამთ! ეს ისეთი ჩარევაა, რომლისაც უნდა გვეშინოდეს!
დილის ექვსი საათია და ვმუშაობ. გონებაგაფანტული, დაუდევარი და უყურადღებო ვარ სოციალური ვალდებულებების და ა.შ. მიმართ. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. საბურავი ეშვება, კბილი მტყდება. კიდევ ათასჯერ ვისადილებ მდოგვის გარეშე. ლექსი იწერება. ანგელოზს შევერკინე, სინათლეს ვეზიარე და სირცხვილს არ განვიცდი. არც სინდისი მქენჯნის. პასუხისმგებლობას არ განვიცდი ჩვეულებრივი წვრილმანების, არც დროში განსაზღვრული მოვლენების მიმართ. ჩემი ვალდებულებები არ ვრცელდება მდოგვსა და კბილებზე. მათში არ შედის დაკარგულ ღილებზე დარდი და ლობიოს მარცვლებზე ზრუნვა. მე ერთგული ვარ ჩემი შინაგანი ხედვის მიმართ, სადაც და როგორც არ უნდა გამოვლინდეს იგი. გიხაროდეს, თუ სამ საათზე დათქმულ შეხვედრაზე ცოტა დავაგვიანებ და კიდევ უფრო უნდა გაგიხარდეს, თუ საერთოდ არ მოვალ.
ღირებული ხელოვნების შესაქმნელად სხვა გზა არ არსებობს. თავდადებული პოეტის იშვიათი წარმატება ყველაფრად ღირს. დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტი სინანული იმ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც უხმობდათ შემოქმედება, რომლებმაც იგრძნეს შემოქმედებითი ძალის მოუსვენრობა და შფოთვა და არ დაუთმეს მას არც დრო და არც ძალისხმევა.
მერი ოლივერი, დინების წინააღმდეგ: რჩეული ესეები (2016)
© არილი