
ბებია მ-ის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე
თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ბევრი ახალი და უაღრესად საინტერესო ხმაა. მე კი ამ პოლიფონიიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთს შემოგთავაზებთ: იანა კარპიენკო – ადამიანი, ვის შემთხვევაშიც წერა, გარდა შემოქმედებითი მუხტისა, უდავოდ გამბედაობასაც მოითხოვს. არ უნდა იყოს იოლი, დღის უმეტეს ნაწილს მრავალგზის აღიარებულ ლიტერატორთან ატარებდე და თვითგამოხატვის საშუალებად შენც კალამი აირჩიო. იანა კარპიენკო ხომ ნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელი მწერლის, ოლგა ტოკარჩუკის ასისტენტი და მისივე ფონდის კოორდინატორია. ძალიან მწირ თავისუფალ დროს კი ის წერას, თარგმნასა და თეატრს უთმობს. არჩევანის გაკეთებისას ვიხელმძღვანელე იმ ფაქტითაც, რომ იანას ტექსტები ავტორისათვის რთულ, მაგრამ შემოქმედებითად, ამავე დროს, ძალიან ნაყოფიერ ენათშორის სივრცეში იბადებიან, რადგან პოლონური მისთვის მშობლიური ენა არ არის. მაშ, რატომ აირჩია მან ლიტერატურული საქმიანობისთის სწორედ ეს ენა? ამ კითხვაზე პასუხს ჩემ მიერ თარგმნილი მისი ჩანახატი გაგვცემს.
პოლონურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო კატია ვოლტერსმა
ბარათი პირველი
სიტყვა მოგპარე
ჩუმად აგწაპნე, სიბნელეში. პირი იბრუნე თუ არა, სასწრაფოდ ჩავიწერე. ჩაწერა რომ ვერ მომეხერხებინა – დავიმახსოვრებდი მაინც. სხვანაირად როგორ უნდა მოიქცე, როცა ახალთახალ, შენთვის აქამდე უცნობ და უხმარ სიტყვას გადააწყდები – თუ არა, მოიხელთო და გაიხარო ამ მოულოდნელი ნადავლითა და ტკბილი მონაპოვრით. მეც წავიღებ ამ სიტყვას და მივითვისებ, თუმცა მას სამუდამოდ შენი ხმის ელფერი ექნება. ამიერიდან ყოველთვის, როცა კი მას წარმოვთქვამ, მაშინაც კი, როცა აქედან შორს იქნები, ვიგრძნობ, რომ ჩემ ახლოს ტრიალებ. მეც ყველა ჩემს მოგზაურობაში ამ სიტყვით წაგიყვან. რომ მომენატრები, ნატვრისთვალივით ამოვიღებ მას, ამოვაბრწყინებ და ჩემი მსმენელი, ჩემი დროებითი თანამოსაუბრე – ვერაფერს იგუმანებს.
ბარათი მეორე
მე მთლიანად სხვისი სიტყვებისგან შევდგები. ისე გვიან მომიხდა ამ ენის სწავლა, რომ ყველაფერს, რასაც გავიგონებ და რასაც სადმე ამოვიკითხავ, ვიჭერ და ვიმახსოვრებ. ყოველდღე ბადით ამომაქვს სიტყვების ლიფსიტები და არასდროს მავიწყდება, რომელი ვის ეკუთვნის.
დგიმი – ი-ს
ხელადსახმარი – ე-სი
კონტროვერსიული – ა-ის
ეს სიტყვები მათგან ისე მივითვისე, ვერც კი გაიგეს. ჩემი ყველაზე ძვირფასი განძი სწორედ ასეთი, მითვისებული სიტყვებია –– სიტყვები, რომლებსაც ახალშობილივით ეტიკეტი აქვთ შებმული მაჯაზე: ჩემს შემეცნებაში მოვლინების თარიღი, ადგილი, გარემოებები. აგრეთვე: წონა, მნიშვნელობა, გამოყენების ხარისხი. ზოგ მათგანს ახლომახლო, იოლად მისაწვდომ თაროებზე ვდებ, თუ მგონია, რომ მალე გამომადგება, ხოლო თუ მათ სარგებლიანობაში ეჭვი მეპარება, მაშინ შორეულ უჯრებში ვალაგებ. ამ გზით ვცდილობ, ოდნავ მაინც გავფანტო უმეცრების ნისლი. იქნებ მომავალშიც დავლანდო რამე, რაც შეიძლება თავს გადამხდეს და რეალობის ქაოსურ ნაკუწებს, ჩემი აზრით, შესაფერი სიტყვები მოვარგო.
დღეს თქვი: „სამ წლამდე საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რადგან ჯერ სიტყვების მარაგი უნდა დამეგროვებინა“. გულიანად გამეცინა. მეც კომპულსიურად ვაგროვებ ჩემს სიტყვათა მარაგს, თვალისჩინივით ვუფრთხილდები ამ კოლექციას, მაგრამ ის ჯერ მაინც მწირია და, ასე მგონია, ვერასდროს დაგეწევით ვერც შენ და ვერც ცხოვრებას. მუჭში მოგიმწყვდევთ და თითქოს თითებს შორის მეპარები, უკანმოუხედავად გარბიხარ. მე კი მხოლოდ არამდგრადი კვალი მრჩება – მეხსიერებაში ჩაწერილი ხმა, სუნამოს სურნელი, რამდენიმე ფოტო მოსაგონრად, ძველი კალენდრები, ტრამვაის ბილეთები, ჩასასხდომი ბარათები, ჩანაწერები, სანიშნეები, წერილები, ღია ბარათები, წინადადების ნაწყვეტები, სიტყვები, მარცვლები, გამოძახილი, გამოძახილი…
ბარათი მესამე
უეჭველია, რომ ადამიანი ადამიანის თარჯიმანია. სხვა რა არის საუბარი, თუ არა საკუთარი ქაოსური ფიქრების სხვის ენაზე თარგმნა, მათ დასაზუსტებლად და, შესაძლოა, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობადაც. ჩაი გინდა? – არ ვიცი. მაგრამ ბევრჯერ უფრო იოლად გამომდის, ვთქვა: „არა, გმადლობ“, – ვიდრე თანხმობით გიპასუხო, საუბარი გავაგრძელო, შავ დარჯილინგს, მწვანესა და რძიან ოოლონგს შორის რომელიმე ავირჩიო. „არა, გმადლობ“, – გამოდის, რომ არ მინდა. სინამდვილეში – მართლა არ მინდა. სიტყვები თითქოს წინ მისწრებენ, ჩემ ნაცვლად ფიქრობენ და უკვე გაკეთებული არჩევანის წინ მაყენებენ. თურმე ენასთანაც საჭიროა კარგი ურთიერთობის აგება და იმის შესწავლა, როგორ შევეგუო ფაქტს – რომ ის დამოუკიდებელი და უდავოდ ცოცხალი არსებაა, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არ არის ჩემთან ურთიერთობის ხასიათზე, თავისი სურვილისამებრ მტოვებს და ბრუნდება. ასეთ დღეებში, წესით, ყველაზე მეტ ენობრივ შეცდომას ვუშვებ, თუ საერთოდ მოვახერხე გამართული წინადადების შეკოწიწება. ამაში გასაკვირი არაფერია – ერთმანეთისგან დასვენების სურვილიც მესმის.
ბარათი მეოთხე
ერთ საღამოს შენგან ვბრუნდები, ტელევიზორს ვრთავ. ტელევიზორში, პრესას თუ დავუჯერებთ, ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლონელი მომღერლის ვიდეოკლიპს უჩვენებენ. ჩვეულებრივი პოპ-სიმღერაა, მსუბუქი ხრინწი მაღალ ნოტებზე, მარტივი, ადვილად გასაგები ტექსტი. მე თვითონ ფანჯარასთან ვდგები და ქალაქს გავყურებ. შორს, ქალაქის ცენტრში, ვროცლავის საკათედრო ტაძრის განათებული გუმბათები მოჩანს. გათბობას ოდნავ ვუწევ და საკუთარ თავს იმაში ვიჭერ, რომ სიმღერის რეფრენითა და ტაძრის გუმბათით დატყვევებული ადგილიდან ვეღარ ვიძვრი. წამით საერთოდ აღარ მესმის, რაზე მღერიან, გავყურებ ვროცლავს – ძალიან საყვარელ და ახლობელ ქალაქს, რომელმაც მომცა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე მიოცნებია; ყველაფერი, რასაც თხუთმეტი წლის წინ ერთხმად მიკრძალავდნენ რუსი ექიმები („ოჰ, ეს რა, საერთოდ დადის?“, „გასაკვირია, რომ საერთოდ საწოლიდან წამოდგომა შეუძლია“, „დიდხანს ვერ გასტანს“). ქალაქი, რომელსაც ჩემს წარსულზე ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს. მან მომცა ნიადაგი, მაჩუქა აწმყო და მომავალი, სიყვარული, სახლი, სამუშაო – ახალი ცხოვრება – ახალი და ერთადერთი – სად ვიქნებოდი ახლა, რომ არა ეს ქალაქი? სად ვიქნებოდი ახლა?
ვერაფერს ვაკეთებ – მხოლოდ ფანჯარასთან დგომა და შორეული მანათობელი გუმბათებისთვის ცქერა შემიძლია, ბნელი ეზოსა და მეზობლების ფანჯრებისთვის თვალის შევლება სიმღერის მარტივი სიტყვების ფონზე. თავს ვეკითხები, რით მატყვევებენ ეს სიტყვები, თუ მათი მნიშვნელობა არ მხიბლავს. სამაგიეროდ, არის რაღაც სხვა – ის, რასაც შემიძლია ვუწოდო „ენა ჩემში“.
დიახ, ეს ენა ჩემშია, ეს ალბათ ჩემი პოლონური ენაა, ეს მე ვარ – ოღონდ პოლონურად, ეს ჩემი დიდი ბებიაა პოლონური „ლოცვანით“ ხელში და ყველა ჩემი ფრანციშეკი, ურშულა, ადელა… ჩემს გენეალოგიურ ხეზე გამოკვირტული მათი სახეები, სახელები – ცოცხლები, ძლიერები, ლამაზები.
ისინი არ მიცნობდნენ.
არ მიცნობდნენ, მაგრამ დღესაც მესალმებიან ანდრომედეს ნისლეულიდან.
მღერიან ცივი ძვლებისა და ცხელი გულების მიწისქვეშა სიმღერას.
ჩურჩულებენ ხან ქვემოდან, ხანაც ზემოდან, სხვადასხვა სამყაროდან მრავალხმიან კანონად.
ფხიზლობენ.
სძინავთ.
ერთდროულად სძინავთ და ფხიზლობენ. სწორედ ასე ვგრძნობ: ერთდროულად სძინავთ და ფხიზლობენ.
პირველ სურათზე ანტონი რომანჩუკია. მისი დაბადების თარიღი უცნობია, გარდაცვალებით კი 1914 წელს გარდაიცვალა. დაქორწინებულა ემილიაზე, რომლის ქალიშვილობის გვარიც აღარავის ახსოვს. შვიდი შვილი ჰყოლიათ – ექვსი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ტომსკის ოლქში, ციმბირში, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ – იმ მიწებიდან, რომლებსაც ახლა ბელარუსს ეძახიან, ადრე კი პოლონეთის კუთვნილება იყო. მათ შვილებს ერქვათ: ურშულა, ადელა, ქრისტინია, პაველი, იუსტისია, ფრანციშკა და ზოსია.
მეორე სურათი – ქრისტინია რომანჩუკი, დაბადებული 1908 წლის 22 მარტს, ცოლად გაჰყვა იგნაცი ვიშედკევიჩს, ემილია და ედუარდ ვიშედკევიჩების ვაჟს. ქრისტინია რომანჩუკი 1993 წელს გარდაიცვალა. კარგად მახსოვს ცალკე ოთახში მდგარი მისი უბრალო ტახტი, მოჩითული საშინაო ხალათი და სიმაღლე, სახის ნაკვთები, თმა და სავარცხელი. ქრისტინიას დარჩა ოთხი შვილი: ალექსანდრი, მიხალინა, მიკოლაი და ვიქტორი.
მესამე სურათი – მიხალინა ვიშედკევიჩი – დაბადებული 1931 წლის 2 სექტემბერს. მიხალინა ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად გენადი ლევაშოვთან, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ნიკოლაი კარიპიენკოსთან. გარდაიცვალა 2016 წლის აპრილს. მისი ვაჟები არიან ვიქტორ ლევაშოვი და იგორ კარპიენკო.
მეოთხე სურათი – იგორ კარპიენკოს შვილები: კირილი, არტიომი და მე.
ჩანაწერი დღიურიდან:
მოვიდა ადამიანი, გამაცნო თავი:
მისით გაიღიმა მისმა ბაბუამ, ნიკანორ ივანოვიჩმა,
შუბლი გახსნა მისმა ბებიამ, სერაფიმა ფიოდოროვნამ,
წარბი ასწია დიდმა ბაბუამ, სიმიონ პეტროვიჩმა,
თვალი მოწკურა დიდმა ბებიამ, ნასტასია დემიდოვნამ,
სხვები ჩემთვის არ გაუცნია, თუმცა თან მოჰყვნენ;
კვლავ თვლემენ მასში ამოუცნობი:
დიდედები და პეპერები, მამა-პაპანი,
ორი, ოთხი, რვა, თექვსმეტი,
მილიარდი ატომი
ხასიათისა, უნარ-ჩვევისა,
ჩაის მოწრუპვის მანერისა.
ამონარიდი გაზეთიდან:
ბრძანება ეგრეთწოდებული Nr. 00485 „პოლონური ოპერაციის“ ჩატარების შესახებ (გაცემული 1937 წლის 11 აგვისტოს) წარმოადგენდა ერთგვარ ნიმუშს საბჭოთა კავშირში იმ დროისათვის ჩატარებული ყველა ეროვნული ოპერაციისთვის. ეს ბრძანება იმ ქმედებათა გაგრძელება გახლდათ, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების დევნას მათი ეროვნების ან იმ ქვეყანასთან კავშირ-ურთიერთობის გამო, სსრკ-ის მეზობლად რომ მდებარეობდა და საბჭოთა ხელისუფლებას მტრულ ქვეყნად მიაჩნდა. ბრძანება Nr. 00485-ში საუბარი იყო არა მხოლოდ ეთნიკურ პოლონელებზე, არამედ საერთოდ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდებოდნენ პოლონეთს: პოლიტიკური ლტოლვილები, მათ შორის კომუნისტებიც, ადამიანები, რომელთაც პოლონეთში ნათესავები ჰყავდათ, პოლონეთში ან მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ანტისაბჭოთა შეხედულებების მქონე ადამიანები.
ყველა ოლქში, სადაც დაპატიმრებათა სერია იგეგმებოდა, უპირველესად განიხილავდნენ ე. წ. „ოპერატიული დაკვირვების“ საქმეებს: ნახულობდნენ ამ ოლქში რეგისტრირებულ პოლონელთა სიას და იკვლევდნენ, აწარმოებდა თუ არა რომელიმე მათგანი ანტისაბჭოურ პროპაგანდას. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ „ოპერატიული დაკვირვების“ სიაში მოხვედრილთაგან ყველას ერთბაშად არ აკავებდნენ. ნკვდ-ს ჰქონდა საკუთარი საარქივო ერთეულები, სადაც ინახებოდა მათი საქმეები, ე. წ. ფორმულარები, რომელთა საფუძველზეც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაპატიმრებების სერიის დაწყება.
პოლონური ოპერაციის ფარგლებში, ბრძანება Nr. 00485-ის საფუძველზე, დააპატიმრეს 144 000 ადამიანი, რომელთაგან 140 000-ს განაჩენი გამოუტანეს, მათ შორის 111 000 კი დახვრიტეს.
ხელით მიწერილი შენიშვნა:
პოლონურ ოპერაციას 111 000 ადამიანი ემსხვერპლა.
რა იყო მათი ბოლო სიტყვა?…
მეხუთე ბარათი
ბებია მიხალინამ – ჩვენ მას უბრალოდ ბებია ლინას ვეძახდით – უკვე აღარ იცოდა მშობლიური პოლონური ენა. ერთხელ მკითხა: იანა, შტო ტაკოე lepiej[1]? ა შტო ტაკოე Jezus[2]? აღარ იცოდა, რას ნიშნავდა ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ეს ორი სიტყვა. ჩემი პირველი პოლონური სიტყვები სულ სხვა იყო: cześć, chyba, deszcz[3] – ისინიც ჩემებურად მივითვისე პოლონური ენის ერთი დიდი თაყვანისმცემელი მეგობრისგან. მოგვიანებით, უნივერსიტეტში ჩვენი კათედრის გამგეს „იჩ“-ზე დაბოლოებული გვარი ჰქონდა და ყველა სტუდენტს აიძულებდა, დამატებითი საგნებიდან სწორედ პოლონური აერჩიათ. ამ დამატებით ლექციებს რომ ვაცდენდი, სწორედ ის მეგობარი მეხმარებოდა ხოლმე საშინაო დავალების შესრულებაში. ადგილის გარემოებაზე ჯგუფში ყველაზე კარგი წინადადება მოვიფიქრე, უფრო სწორად, მან დამიწერა: Mam gwiazdy w kieszeniach i we włosach słońce. ჯიბეში ვარსკვლავები მაქვს და თმაში – მზე. მაშინ ძალიან მიძნელდებოდა ამ სიტყვის გამოთქმა.
ახლა კი, როცა ვროცლავის საკათედრო ტაძრის გუმბათებს გავცქერი, ამ ვარსკვლავებს ჯიბიდან ვიღებ, ცაზე ვფანტავ და ამით მოკითხვას ვუგზავნი მიხალინას, ქრისტინიას, იგნაცის, ანტონსა და ემილიას…
P. S. Lepiej – ნიშნავს, რომ უარესი უკვე იყო და უკან აღარასოდეს დაბრუნდება.
Jezus – ნიშნავს, რომ სიკვდილი არ არსებობს.
[1] პოლ. უკეთესი.
[2] პოლ. იესო.
[3] პოლ. სალამი, ალბათ, წვიმა.
© არილი