
***
მზემ რომ იცოდეს, რას დანათის, სულ არ ამოვა.
რა უსაშველოდ ლამაზია, რაც ამაოა.
მიწა და წყალი – ერთმანეთის მიღმა ობდება,
ვნების გველები დაიხვიეს სხვა თაობებმაც –
ედემიდან რომ ჩვენთან ერთად გამოსრიალდნენ
და დღემდე ერთი გემოსია ყველა სიამე –
ამდენი წყალი – და ყოველი წვეთი მლაშეა,
ამდენი მიწა – და ყოველი ბელტი ჩაშლილა
ჩვენი ნეკნების ქვესკნელებში. ესეც სეირის
საუკუნეა – სიცოცხლეზე დიდი სეილი
გამოაცხადეს საუკუნის დასაწყისებმა.
ყველა ავსული დანაყრდება, რადგან მისწრება
არის ასეთი ფასდაკლება სისხლზე და ხორცზე.
რაც შეიძლება დიდხანს უნდა განაგრძონ ხოცვა,
რომ ამოავსონ, გამოტიკნონ კოშჩეის გვამი.
არის ჰეტერო, ცისფერსისხლა და მონოგამი.
თუ დასჭირდება, ანაფორას უმშვენებს ჯვარი,
თუ დასჭირდება, დაძახილზე იხუვლებს ჯარი
და შეესევა მოხუცებს და მით უფრო – ბავშვებს,
რომ ითუხთუხოს შავმა კუპრმა, ძვლებში არ ჩაშრეს,
და მისტერ სმიტიც მოაგორებს თავის ტომარას
და ატომური ბომბის უკან ჩურთავს მომავალს.
მას აბრეშუმის მომავალზე გული შესტკივა.
იყოს ფეშქაში – უკრაინა და პალესტინა
და თუნდაც მთელი აფრიკა და თუნდ ევრაზია.
ცენტს – ცენტი, ხოლო სიღარიბეს – ევთანაზია.
მზე კი ანათებს. ანათებდეს. ან ვიღას ახსოვს.
უწინ წარვიკვეთთ პოეზიას, ვიდრეღა სასოს.
***
თურმე როგორი დამყოლია – სამშობლო – მძევალი,
თითქოს შვილები არც ჰყოლია, თითქოს ვერავინ
ვერ გამოზარდა, ვერ გაშალა მხრებში, მთლიანად
ნაჭუჭში ჩარჩა და ვერაფრით დააფრთიანა
წიწილებივით მართვეები. დედა, დედილო –
სულმთლად მოხრილა, მოკეცილა, ვინმე კეთილმა
ჯოხი რომ მაინც გაუწოდოს – თვალზე ლიბრიანს,
როცა ასეთი მოხუცია და ღარიბია,
მდიდარს კუთხეში მიუსვია ისეც უჭმელი,
გამხმარ ნატეხებს აუვსია რკინის ჭურჭელი,
აქეთ ჭინკები ქეიფობენ ხონჩა-თასებით,
იქით ნარჩენებს მოელიან კაცის მსგავსები,
ლუკმას ლოღნის და ერთი ყლუპი ყოფნის სასმელად,
სხვები ვერაფრით ნაყრდებიან, ის კი სავსეა.
თურმე როგორი დამყოლია დედა – მძევალი.
დედაბერია, დედა როა ვერც ცნობს ვერავინ.
***
იყო დრო, ვოცნებობდი სიკვდილზე – ავიაკატასტროფაში,
რომელიც იქნებოდა ყველაზე მარტივი კრემაცია
და გარანტიაც, რომ ცეცხლი ხარ და ფერფლად იქცევი.
მაგრამ მერე, ყოველი აფრენისას და დაშვებისას,
ყოველ ტურბულენტურ ორმოში ჩავარდნისას –
ფრთები ეწვოდა ამ ფანტაზიას.
ვიცოდი, რომ ორასამდე მგზავრი ბოინგის
ასეთ სიკვდილს
მხოლოდ კოშმარულ წყევლად მოირგებს.
ყოველ ჯერზე მქონდა მიზეზი –
ჩავჭიდებოდი წამს და სიცოცხლე გამტკბარიყო
და ქცეულიყო მიწაც ისევ კურთხეულ აღთქმად
სადაც ერთმანეთს მივაბარებთ მიწას
და ნაწილ-ნაწილ ჩვენს თავებს ვმარხავთ
და მიწა ვართ და მიწად ვიქცევით.
ასე დავნებდით მიწად ყოფნას.
რაც კი წყალია სამყაროში, რაც კი სივრცეა –
ისიც მიწაში ჩამარხულა, რადგანაც მოწმე
ჩვენ გარდა არ ჰყავს.
ჩვენი სისხლით იმდენჯერ მოვრწყეთ,
გავანოყივრეთ, რომ გაშენდა მიწა ედემად
ყველა შროშანი, ვარდი, სუმბული
მისგან მოიწევს
და თვალებსაც კუთვნილს უბრუნებს –
სილამაზეს ხომ ამ თვალების გარდა
სხვა არც ეიმედება.
ბარტყები დღეს-ხვალ გაფრინდებიან.
მეგობარო, შენ რომ არა,
ვინ იქნებოდა
სიცოცხლისხელა წამის ასე გადამრჩენელი.
***
დღეს – პატიმარი – მეფის ტოლია.
დასკვნითი სიტყვა – ეპისტოლეა.
გადაარჩენდა – რომ მოესმინათ – ბადრაგებს.
თუმცა ბადრაგებს – საქმე ჰქონიათ
და მოსამართლის წარბი ჰგონიათ –
კომპასი – თავის განჩინებას რომ ქადაგებს.
კერპად გამოცხვა ისევ ცახესიც,
ახლა სხვა სახე ადევს სახეზე,
უფრო ცბიერი და ახლებურად სასტიკი,
მღვრიე წყლებისკენ – სულებს აქეზებს,
თვითონ ქანაობს თავის ანკესზე,
თუმც პოეზიას – სიტყვა ეკუთვნის – დასკვნითი.
***
სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით ცუდად რომ არის
მაიმუნების პლანეტაზე – ჩვენ ძალიან კარგადაც ვიცით,
მაგრამ სადღა გვაქვს სიმართლის და სიზუსტის თავი
შემოსაზღვრულებს ამ ყულფივით დროით და სივრცით.
ვიდრე მეწყერი, ცეცხლის წვიმა და გამლღვარი ყინულის ტალღა
წაგვლეკავს, ჭირსაც წაუღია ნათხოვარი თავები ჩვენი
რადგან თავები, სულ ერთია, აზროვნებენ რაოდენ საღად,
ცა-ქუდად მაინც არ უღირთ და მით უფრო – ჭერი,
და მხოლოდ მიწის ქალამანი – სამშობლოს ქოში
ცოცხლებსაც, მკვდრებსაც გვაცვია და ვერ ფარავს ტერფებს
და თან თავები ამოვყავით დაკლაკნილ დროში –
გველივით სულ რომ იგრიხება უმიზნო წრფეზე
და კუდსაც იყოფს ხახაში და ინელებს ჩონჩხებს
და ტყუილ-მართალს – ჩვენს ცარიელ გუგებში ჩაშლილს –
თუ სიზმარია, შეიძლება დილამდე მორჩეს
და თუ ცხადია, მითუმეტეს – რა ყრია ცხადში –
სულ შემთხვევითი სხეულების, ნივთების გარდა.
ვიღაცა სულაც ნულებიან ციფრებად გვხედავს.
ბრძოლაც წესების გარეშეა და თამაშის უძღები მადაც –
თვალებს და თითებს გადააქცევს მერანად, მხედრად.
აგერ – ეკრანზე გადააწყო – სახლიც და ეზოც,
საკანი, ლექსი, გზა, ქვეყანა, პლანეტა, სივრცე.
სცადე – ქაღდის თვითმფრინავად მაინც დაკეცო
და ბავშვს – არქაულ სათამაშოდ – წასვლამდე მისცე.
***
ყოველთვის ზერელედ ვუყურებდი მოდას
თავისი მანეკენებით –
ვისთვისაც ცხოვრება,
ზოგჯერ ბრძოლაც კი –
მხოლოდ ვიწრო პოდიუმია.
მნიშვნელობა არ აქვს მასშტაბს
მათი გზების, ტრაექტორიის.
სცენად მაინც ითვლებოდეს,
თუნდაც ხანმოკლე ეპიზოდებით –
ძვალრბილიანად ხორცშესხმული გარდასახვების.
უკურნებელ სევდას წააგავს –
ერთადერთ, მთავარ ფილოსოფიად –
აჩონჩხლილი ზიზილ-პიპილა.
მაგრამ თურმე ყველაზე დიდ არქაულ ბრძოლას
აქვს თავისი ზუსტი სამოსი –
ხაკისფერი მაისური –
პიჯაკების ყბადაღებულ, უტიფარ პეწში,
ნარინჯისფერი ქურთუკი –
რუხი სკაფანდრების აპოკალიფსში,
შეუმცდარი, ძველი დრესკოდი –
ჯვალოს კვართი –
დროისა და სივრცის გათხრებში
ჩაწოლილი აბჯრების ჯარს
მოწყალედ რომ ისევ დანათის.
***
ისე ჩაყრილა მზეში დღეები –
კვირები კვირებს ძლივსღა მიება
და ეს ქალაქიც მოწყენილობის
ბუდეა და ეს მოწყენილობა
ამდენ ბრაზში და საცობში მოჩანს
აკრძალულ ნიღბად, ან თუ ინებებ –
სამედიცინო პირბადედ, როცა
მოწყენისთვისაც გაპატიმრებენ,
შეგაჩვენებენ, რადგან გინდოდა
შემოდგომაში ისე გეცხოვრა,
თითქოს ფოთლებით სავსე კიდობანს
არ შეხებია წარღვნის შეცდომა.
***
ჩავთვალოთ, ეს დრო – საწრთობია. უფრო – გრდემლია –
ურტყამს და ურტყამს სულს, რომელიც გამძლე ლითონი
ყოფილა, თუკი ცრემლიც, სისხლიც ბლომად სდენია,
სიტყვები – კიდევ უფრო მეტი. ყველა სიმპტომით
მძიმე და მყარი მეტალია. არადა უფრო
მსუბუქი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ბგერები,
ჩიტის ფრთები და თმის ღერები. შენ რომ გეგონა –
გიფრიალებდათ გოფრეებად შენ და მეგობარს –
ამ დროს ყოფილა მოკეცილი რკინის ნაჭერი.
ეს ჭანჭიკები, მაკრატლები, ეს მახვილები –
იჭედებიან, თუმცა უკვე ეთერ-ბოჭკოვან
სტადიაშია ეს სამყარო.
ვინ რა მოჭორა,
ვინ რისთვის დაშვრა, ან ვინ რატომ გამოიჭედა –
არავინ იცის.
და ცოდნამ რომ აღარ დაგვზაფროს,
იქნებ ჩაბეროს ბოლოს ვინმემ ლამაზ საქსაფონს.
***
რადგან ლექსების არაფერი არ გაგეგებათ,
ისევ მამლების ჩხუბს მიხედეთ – ალისფერ დამღას.
უფსკრულისკენაც შეიძლება გზის გაგელვება,
მისამართებმა თუ დაიწყეს დაკარგვა, დაღლა –
მეგობრობებმა. ყველა თავის ჩრდილს რომ მიათრევს
ტვირთზე მეტია და ამიტომ – ზურგით ტარებას –
თუნდაც დაჭრილი – ვინ-ვის მოსთხოვს. ყოველ კვირა დღეს
ისევ უქმეა აღდგომისთვის. არც უკვდავებას
დიდად სიკვდილი არ სჭირდება – ერთად გაშლილა –
ვითომ ცალ-ცალკე განფენილი ყოფნა-არყოფნა.
ან თვალთმაქცია, ან ბრიყვია, ან მთლად ბავშვია –
მკვდარზე მეტ ცოცხალს ვინც მოითვლის ახლა ახლობლად.
© არილი