• პროზა

    ინა არჩუაშვილი – ლალა

    ავეჯით სავსე სატვირთო მანქანა ზევით თუ აივლიდა, ლალას უკან აბრუნებდნენ; თუ ქვევით ჩამოივლიდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ლალა კიდევ ერთხელ გათხოვდა და მზითევთან ერთად ახალი ქმრის სახლში მიიბარგებოდა. სოფელსაც მეტი რა უნდოდა? – ცხელ-ცხელ ამბავს სასწრაფოდ აიტაცებდა ხოლმე.
    – გაიძვრა ძირი გარდერობ ამდენი ზეით-ქვეით ტარებით. ე პალიროვკიანი ავეჯი მაინც არ ეცოდებათ ეგრე სათრევად…
    – მა, დიდხან მაგაი ვინ გააჩერებს, ორ კვირაში ისევ სახში გამააცხადებენ ჩვენ ლალიკოი – ლაზღანდარობით სულს იბრუნებდნენ საღამოობით ბურდიაანთ სკამზე ვენახიდან დაბრუნებული, გაზაფხულის ცხარე მზით სახეატკრეცილი უბნის ბიჭები.
    ქალები უმეტესად ნაზოოაანთ ქუჩის კარებთან იკრიბებოდნენ და ნახირის ამოვლამდე და სერიალის დაწყებამდე იქ იქლერტავდნენ ლაპარაკით ენებს.
    – დაგრისხოი, ქა, რა ცოფი ჭირს ეგეთი, რო უკაცოდ ვერა ძლებს?
    – კაცები თორე, ეგეც იმისთანებ მიყავთ…
    – შალვარი ხო აცვიათ და…
    – რავი, გო, ავეჯ ეხარბებიან, ალბათ, თორე, რო აკლია რა დიდი შემცნევა მაგაი უნდა?
    – ყავაშიც სუ ჩამონგრეული მერცხლის ბუდე ამოიდის მაგ საწყალ. ეფრემვერდში პირდაპირა სწერია მაგის წელსა და თვეში დაბადებულზე, – “ასოთა ჯანი ახალგაზრდობაშივე წაერთვას, მოკლე დღე ჰქონდეს და თავის ჭერქვეშ ვერ გაიხაროსო”, – ყველაზე ბოლოს ჩაერთვებოდა ხოლმე ჭორაობაში ზამთარ-ზაფხულ მკლავშიშველი და ლამის ნულზე თმაგადაკორტნილიA ჟიტაანთ ეთერა, უბნის ცნობილი ნათელმხილველი.
    არ უყვარდათ ქალებს ეთერას რაღაცნაირი ლაპარაკი. ბევრი ეფიქრებოდათ მერე, სინდისი აწუხებდათ და ცოტა ეშინოდათ კიდეც. გულში ღმერთს იმოწმებდნენ და ჩუმ-ჩუმად თავთავიანთთვის პირჯვარს იწერდნენ, რომ არ ეჯავრებოდათ ლალა. პირიქით, თავისებურად უყვარდათ კიდეც, ებრალებოდათ ყველას სამასხარაოდ რომ იხდიდა თავს და უიმისოდ უბანი ვერც წარმოედგინათ. მაგრამ, გაჩუმებაც არ შეეძლოთ. საღამოობით, ეს უბოროტო ქაქანი იყო ამათი დაღლილ-დაწყვეტილი ჯანისთვის გართობაც და დასვენებაც, ტალახის აბაზანებიც და განსატვირთავი ვარჯიშებიც.
    ლალას ბოლო ქმარი ლაგოდეხელი იმერელი, მაღალი, გაფშეკილპარიკიანი მელოტი კაცი იყო. რაც მე იმან შიში მაჭამა ერთხელ. ქარიანი დღე იყო. სკოლიდან მოვდიოდი. თორმეტი-ცამეტი წლისა ვიქნებოდი და, აბა საიდან უნდა მცოდნოდა, რომ, თურმე, კაცებიც იკეთებდნენ პარიკს. სახელი კარგად არ მახსოვს, მგონი, ფირუზა ერქვა. ჰოდა, ეს ფირუზა, გზაზე ლალას სახლის გადმოსწვრივ, ჩუთლაანთ წინ იდგა. უცებ, ქარმა ისეთი სიძლიერით წამოუბერა, რომ პარიკი თავზე ნახევრად წამოხადა. მე კიდე, მეგონა, თავი სძვრებოდა და კინაღამ იქვე სული გავაცხე.
    – ვა, რა კაი კადრია; რო ამობენ იმერლებზე ცალფაზიანები არიანო, ეგე, თუ არ არი მართალი. რაი ჩამოუფხატებია ეგ საბუდარი და დადის, მაგი მეტი მელოტი არავინა ყოფილა?
    – მა, ეგეც ვერ უნა ჩანდეი თავი მატორზე, – სიცილით იჟუჟებოდა ლალას ქმრის ყოველ დანახვაზე უბნის წვრილფეხა ბიჭბუჭობა.
    სამაგიეროდ, ამ “ცალფაზიანი” სიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, ამდენ ქმრებში, მხოლოდ მან მოხერხა და, ქორწინებიდან ოთხი წლის თავზე, უკვე საკმაოდ შელახულ მზითვის ავეჯთან ერთად, ჩვენი ლალა ცოცხალი ნამატით მოუბრუნა მშობლებს.
    ისევ აყეფდა ძლივს ჩაწყნარებული უბანი, ახალი სალაყბო მიეცა.
    – გაიგეთ გო, პირდაპირ სამშობიაროდან წამოუყვანიათ…
    – ნეტა მაგ მკვდარმა ბალღი როგო გააჩინა, გო?
    – თან ბიჭი ყოფილა…
    – ბალღიღა აკლდათ საწყალ დათებაი და ანეტაი.
    – რა გინდა, ქა, გაიზრდიან და პატრონი მაინც ეყოლებათ სიბერეში.
    – პატრონი არა, შენც იტყვი ხოლმე, რა… ბალღიც ვერა ყოფილა ნორმალული, იმიტო გამოუპინტრიშებიათ ორთავე დედა-შვილი.
    – ეგრე რო არა ყოფილიყო ხო, მაგისმა მზემ, ლალაი მიზეზ ვერ უპოვიდნენ გამოსაგდებად. თითის თითზე დამკარებელი არა ყოფილა, ქა, თურმე.
    – მამა ხო ყავდა რა, ძაან დალაგებული, დაუწმენდიათ მარტო ამ უბედურისთვინ ხელები, – ახლა ბურდიაანთ სათონეში გაემართათ საფიხვნო მეზობლის ქალებს. ზედ გახურებული თონის პირზე გაშლილ სახელდახელო სუფრაზე კომბოსტოს წითელი მწნილი, ნიორი, ნიგოზი და ცხელი შოთი დაეწყოთ. თონის ძირშივე, პირმოტეხილი დოქით ედგათ გაზაფხულგამოტარებული, ქმრებისგან უჩუმრად გადანახული სიმჟავეშეპარული ღვინოც. თლილ ჭიქებში ნახევრად ჩამოასხამდნენ, ცომშემხმარ თითებს შემოხვევდნენ და მოკლე-მოკლე სადღეგრძელოების შემდეგ, დაჯღანულები გადაყლურწავდნენ. “პერსონალურად” ადღეგრძელეს ლალას შვილიც – “უბანს შემომატებული ახალი სული”, “მაინც ბალღი და ღმერთის გაჩენილი”… კარგად რომ აიჩუყეს გულები, იქვე დათქვეს, რომ ფულს აკრეფდნენ, რამე იაფფასიან საჩუქარს იყიდდნენ და პატარა “მეზობლური ზღვენით” ლალას მოსანახულებლად მივიდოდნენ.

    * * *
    თავიდან, სანამ ახალი მობრუნებული იყო, იშვიათად ჩნდებოდა გარეთ. ბავშვისთვის მაწვნის ან რძის საყიდლად თუ შევიდოდა ბაბულაანთა, ან იატაკის ტილოს თუ გამოიტანდა ბოგირთან, ჩახრიელაზე გასარეცხად. ” – გონი, სვინდისმა შააწუხა, ქა; როგორც იქნა, ჭკუაზე მობრახუნებულა, რო გარეთ ცხვირს აღარა ყოფს”, – უწონებდნენ ლალას მეზობლები საქციელს. მაგრამ, მალევე გაირკვა, რომ არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე. საწყალ ანეტა ძალოს ერთი მესამე უბნელი ქალისთვის გული გადაუშლია, აღარ ვიცი რა ვქნა, სახლში ძლივს ვაჩერებთო. ის კიდე, ადგა და მთელ სოფელს მოსდო. მაინც ქვეყანამ იცოდა, რაღა აზრი ჰქონდა სახლში ძალით დაბმას. ჰოდა, ლალამაც, ერთი რადგან აიდგა ფეხი, ლამის ქუჩაში წინ და უკან სიარულში წამოჩიტა თავისი ერთადერთი პირმშო ლევანი, – ასე დაარქვა “დედის შაქარყინულს და მაცოცხლებელ ნიავს.” მაგრამ, უბანმა ვერ იგუა სახელის ქალაქურად დაბოლოებული, გარემოსთვის შეუფერებელი “ი” ხმოვანი და თავის ჭკუაზე – “ა”-დ გადაუკეთა; მერე, ცოტა წამოზრდილს, “ამოკრულ ლაპარაკზე” რომ შეატყვეს “მაგრათა კრეჭამდა”, სახელს წინ “გიჟი” დაუმატეს და ასე მოინათლა საბოლოოდ ლალას სიამაყე “გიჟლევანად”.
    სამი-ოთხი წლისას უკვე თავის ფორმაზეც ეტყობოდა, რომ არც შიგნითა ჰქონდა ყველაფერი წესრიგში. ნესვივით წაგრძელებული, წვეტიანი თავი, უკან, კეფასთან, ისე ჰქონდა ჩაბრტყელებული, გეგონება, კაი მოზრდილი ნაწილი ცულით აუთლიათ და ტვინიც იმისთვის გაუყოლებიათო. ამ ნესვივით თავზე, აქეთ-იქიდან, თითქოს მიწებებულივითა ჰქონდა მართლა “ზილის სარკეებივით” გადმოყრილი, ასაკისთვის შეუფერებელი დიდი, გამჭვირვალე ყურები. ცალკე დაბადებიდან გამოყოლი დეფექტის, ცალკე კიდევ, დღენიადაგ ყვითელი ბოტოტებით გამოტენილი ცხვირის წყალობით, დედაზე უარესად ნიღნიღებდა ცხვირში. ვერ გაიგებდი, ლაპარაკობდა თუ ტიროდა.
    ჩადგებოდა ბოტებიანი ფეხებით რუში და ხან ზევით აუყვებოდა წყალს, ხან ქვევით დაუყვებოდა. ფრო ხშირად, უბნის ბავშვებისგან ამობუებული, ჯვარედინის თავში, ბოგირის ბოლოზე იჯდა ფეხებჩაკიდებული და ნამტირალევი თვალებით, გარინდებული საათობით დასცქეროდა ზემოდან ჩხრიალით მიმავალ წყალს.

    * * *
    შინ გაჩერებულს ვერა ნახავდით ლალას. ამოილურჯებდა ფანქრით ზომაზე მეტად წინ წამოწეულ თვალებს, ზედა ტუჩზე წითელი პომადით “ბანტიკს” დაისვამდა, შედგებოდა ქუსლიან ფეხსაცმელებზე, იმას თუ დგომა ერქვა, და ზურგში მოხრილი, რწევა-რწევით მიმავალი, დღეში რამდენიმე რეისს გააკეთებდა სოფლის ცენტრში. თავისი განუყრელი საჭით – ლურჯიზოლაციადახვეული მომრგვალებული მავთულით, გიჟლევანა ჯერ ბღუილ-ბღუილით ქვევითა ჯვარედინამდე ჩააცილებდა “კრასნაია მასკვას” სუნით გაჟღენთილ დედას; დაახლოებით ნახევარ საათში, უკან მომავალსაც იქვე დახვდებოდა და ახლა უკან, სახლამდე ააცილებდა პირის სიგნალითა და რვიანების ხაზვით. მყვირალა, ბიჭო-გოგია ფერის კაბების ჩაცმა უყვარდა ლალას. ჩანთასაც, აუცილებლად, შეხამებით გადაიკიდებდა და მარტო გიჟლევანა კი არა, მთელი უბანი კილომეტრიდანა სცნობდა ქვევიდან კმაკვნა-გრეხით მომავალს.
    – იი, დაიწვი, ლალავ, როგო გამოიპრანჭულხარ, გო, კიდე ხო არა თხოვდები, – მიაძახებდა ღიმილით რკინის კარებიდან თავგამოყოფილი, ზევით-ქვევით მაცქერალი რომელიმე მოცლილი მეზობელი. ” – რატომაც არა, გო, ზოგიერთები გულის გასახეთქად”, – თან ამ დროს, შინაბერად დარჩენილი გომურაანთ თამროს კარებისკენ გაიხედავდა, – “ჩემი რო შურთ, კიდე უნა გავთხოვდე”, – თითქოს წინასწარ მომზადებულ პასუხს დაახვედრებდა ხოლმე ნათქვამს. ბოზი ვენერას სალონში ახლად შეღებილ ყვითელ თმაზე ხელს კმაყოფილი გადაისვამდა და უფრო მოუმატებდა რწევას.
    დიდი მონდომების მიუხედავად, მეტჯერ ვეღარ გათხოვდა ლალა. თავი კი, რაც მართალია, მართალია, პატიოსნად შეინახა. ყველაფერი რომ წამოეძახებინათ გიჟლევანასთვის, იმას მაინც ვერ დააბრალებდნენ, დედაშენი ასეთი და ისეთი იყოო. ოთხჯერ გათხოვდა თუ ხუთჯერ, ყველა მთხოვნელი “ოფიციალურად” მოუვიდა სახლში და ნიშანი დაუტოვა. თუ არადა, უბანი მაინც ხომ მოწმე იყო მისი მზითვებით დატვირთული მანქანების წინ და უკან სიარულისა?

    * * *
    აბა სად უყვართ, მაგრამ, სოფელში მაინც განსაკუთრებულად ეშინოდათ კიბოს ხსენებისა. უამრავ სინონიმს მოიფიქრებდნენ, ღობე-ყორეს მიედ-მოედებოდნენ, ოღონდაც არ ეთქვათ, არ ეხსენებინათ, პირიდან არ ამოეშვათ ეს დაწყევლილი სიტყვა. ჟიტაანთ ეთერას “ეფრემვერდის” წინასწარმეტყველებებზე ათასჯერ მეტად ეშინოდათ მისი; ისე შორიდან უვლიდნენ, თითქოს თავად სიტყვაში ყოფილიყო ჩაბუდებული რამე მომაკვდინებელი, სისხლისმწოველი და ხორცისმჭამელი და, მისი თქმა და კაცის ადგილზე გათავება ერთი იქნებოდა.
    ასე ფრთხილად, შეპარვით, ამ სიტყვის უთქმელად გამაგებინა დედაჩემმაც სოფლიდან გამოგზავნილი წერილით ლალას ამბავი: “…რა ვიცი, შვილო, სხვა რა გითხრა, კიდევ ერთი ცუდი ამბავია უბანში, – ლალა ვერ არის კარგად. ის მოურჩენელი და არსახსენებელი გაუჩნდა უცბად ძუძუზე და რამდენიმე კვირაში შეჭამა, პირდაპირ, გოგო. მოკვეთეს, მაგრამ უკვე მოდებული ყოფილა ყველგან. არ გახსოვს, რამხელა იყო, ლანდივითღა დადის. ქიმიას არ უკეთებენ. ვიღაცა ბალღოჯიაანელი ექიმბაშის ბალახ-ბულახებისგან დამზადებულ წამლებსა სვამს და, არი ჯერჯერობით, სული უდგას საწყალს. თუ მოახერხებ, ჩამოდი, შვილო, გაუხარდება შენი ნახვა. მე ვერ დაგაძალებ, როგორც გინდა.

    პირზე კოცნით, დედაშენი. “

    ლალაანი ჩვენგან ზევით, შვიდი-რვა სახლის მოშორებით ცხოვრობდნენ. მაინცდამაინც მეზობელა ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯვარედინიდან ჯვარედინამდე სხვა მეზობლების სახლებში, თითოჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი, ლალაანთა კი – არასოდეს.
    წერილი ხუთშაბათს მივიღე. შაბათ დილით უკვე სოფელში ვიყავი. იმავე საღამოს, დედაჩემს საგულდაგულოდ ჩავაწყობინე პარკში თბილისიდან წამოღებული შოკოლადები, ორლიტრიანი ქილით ატმის კომპოტი, ერთ კილომდე მაღაზიის ქიშმიშიანი ნამცხვარი, ერთი პაჭკა ყავა და ლალას სანახავად წავედი.
    უბალკონო, ერთსართულიან სახლი ედგათ. ეზოდან პირდაპირ ოთახში შედიოდი, – ასე არავინ აშენებდა სოფელში სახლს. დაბალჭერიან ბინაში დაღვრემილი სახით შემიპატიჟა ანეტა ძალომ. სოფლის კვალობაზე საკმაოდ კარგად მოწყობილი, სუფთა სახლი იყო. Lლალას საძინებელიც, მყუდროდ, ქალაქურად გამოიყურებოდა. ანეტა ძალო მალევე გავიდა ოთახიდან და თან უხერხულად შეჩეჩებული, ჩემი მიტანილი პარკი გაიტანა. – ალბათ, თავის ცნობილ მზითვის საწოლში წევს, – გავიფიქრე ლალასთან პირისპირ მარტოდ დარჩენილმა და საწოლის ბოლოში მდგარ დაბალ, სოფლურ სკამზე ჩამოვჯექი.
    ერთმანეთზე მიყუდებულ ორ გაფუმფულებულ, ქათქათა ბალიშზე მისვენებული იწვა ლალა. გალეულ თავზე ჭრელი, წვრილყვავილებიანი ხილაბანდი ჰქონდა წაკრული. დიდი თვალები კიდევ უფრო წამოკარკვლოდა. მთლად შეეჭამა, საწყალი, სენს. ვერ წარმოვიდგენდი ასე მძიმედ თუ იქნებოდა. მთლად დავიბენი. არ ვიცოდი რა და როგორ მეთქვა. ხმას არც ის იღებდა. თავიდან მეგონა, ვერ მიცნო. მზერა საწოლის გვერდით, ჩაისტილოგადაფარებულ ტუმბოზე გადავიტანე, სადაც გაშლილი ეყარა იაფფასიანი პარფიუმერია, პინცეტი, ნუნების მაკრატელი და ხელის პატარა სარკე. მერე ისევ ლალას შევხედე. არ მეჩვენებოდა, – შეღებილი იყო.
    თუ ოდესმე ყოფილხართ მომაკვდავი ახლობლის მოსანახულებლად, დამეთანხმებით, რომ არაფერია იმ ტყუილი სიტყვების თქმაზე ძნელი, რომლითაც გასაჭირში მყოფი ადამიანი უნდა ანუგეშო; ავადმყოფმაც იცის, რომ მის გამო ხარ ამ დღეში ჩავარდნილი და ყველანაირად ცდილობს, დაგეხმაროს. თუ ლაპარაკს ვერ ახერხებ და ჩუმად ზიხარ, გიცდის, გელოდება, სანამ საჭირო სიტყვას მოძებნი. სათქმელს მიაგნებ და, ნაღვლიანი ღიმილით მთელი გულისყურით გისმენს, თავს ისე გაჩვენებს, თითქოს, მართლა სჯერა ყველა შენი ნათქვამი სიტყვისა.
    – ლალი, ნუ გეშინია, კარგად იქნები, – ამოვღერღე როგორც იქნა. იმან კიდევ, ეტყობა, წეღანდელი ჩემი მზერა დააფიქსირა და, თითქოს ეს პასუხი იყოო, სვენებ-სვენებით მითხრა: “რათ მინდა, ირმავ, ეს ამდენი პარფიუმერია, ერთი ამდენი კიდე გარდერობში მაქ, სუ ახლები, მიწაში ხო არ ჩავიტან? ამ ძველებ დავიტოვებ, მერე ვიღაცამ რო ჩამხატოი, ახლებ კიდე შენ გაგატან, გოგოებ დაურიგე უბანში”. ისევ გამებნა აზრი, არც ერთი სანუგეშებელი სიტყვა თავში არ მომდიოდა.
    – ლევანიზე ვჯავრობ, გო, თორემ, ყველა იქით წამსვლელები არა ვართ? – პარფიუმერიიდან ბუნებრივად გადავიდა მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე და ამომასუნთქა. მანამდე მაინც მეცოცხლა, გო, სანამ ოჯახ მეეკიდებოდა…(ნუთუ მართლა სჯეროდა ამისი?) იცი, რა კაი დედამთილი ვიქნებოდი? იმათ კი არ ვემგვანებოდი, მე რო შამხვდა რა? ხმები რო დამიყარეი, თითქოი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო… როგო შეიძლებოდა, რო ყოველთვინ მე ვყოფილიყავი მტყუანი? იცი, როგორი ნაწყენი ვარ მთელ მეზობლებზე? – ნიკაპი აუცახცახდა, ცრემლი ჩამოუგორდა გაყვითლებულ ლოყაზე… მერე გაყუჩდა, მოეშვა,Lჩათვლიმასავით. უხმაუროდ ავდექი. ფეხაკრეფით გამოვიარე ოთახი. კარებამდე ვიყავი მისული, რომ უძალო ხმით დამიძახა. გარდერობის ზედა უჯრიდან ჩემი ხელით გამომაღებინა გამჭვირვალე პარკში ჩაწყობილი დაპირებული პარფიუმერია – სხვადასხვა ფერის ტენების ნაკრები, რამდენიმენაირი პომადა, თვალის შავი და ლურჯი ფანქრები, ორი შუშა წითელი ფრჩხილის ლაქი და ერთიც, მრგვალი, თეთრი მუყაოს კოლოფით, თბილისის გამოშვება პუდრი.

    * * *
    მარტის ბოლო იყო. წვრილად ჟინჟლავდა, მაგრამ საზაფხულო, წითელი ღაღანა შიფონის კაბა ეცვა ლალას. ისე იყო “ჩახატული”, როგორც უყვარდა, – თვალებზე სქლად ლურჯი ფანქარი ესვა, ტუჩებზე წითელი პომადა და გაპუდრულ სახეზე, პომადითვე ჰქონდა შეფერადებული ღაწვები. თავიდან ბოლომდე მეზობლის ქალებს გაუპატიოსნებიათ, შეღებვით კი, უბნის იმ ახალგაზრდა რძლებს შეუღებავთ, ვისაც მკვდრისა არ ეშინოდა. სუდარა გადახდილი ჰქონდა, – დაუბარებია, არ დამაფაროთო.
    როგორც წესი იყო, ჯერ სახლთან ახლოს, პირველსავე ჯვარედინაზე წინასწარ გამზადებულ ჩალის სკამებზე დაასვენეს. უბნის ბიჭები ერთმანეთს ეცილებოდნენ კუბოს აწევაში. ბარათაშვილის ბოლო ნომრამდე ოთხი ჯვარედინა იყო გასავლელი. ამასობაში წვიმამ იმატა. ბოლო ჯვარედინასთან რომ დაასვენეს, სახე ერთიანად სველი ჰქონდა და თვალებიდან ლურჯ ხაზებად ჩამოსდიოდა წვიმისგან ჩამოდღაბნილი, იაფფასიანი ფანქარი.
    – დაგრისხოი, თითქოი თითონ დაიტირისო საკუთარ თავ, გო, გინახვთ ეგეთი რამე? – ვიშვიშებდნენ ქალები და ცრემლებს აღვარღვარებდნენ. არავინ იცის, რა უფრო მეტად ატირებდათ, – ლალას სიკვდილი, თუ იმის გახსენება, ვის სად, როდის, რამდენჯერ გაეჭორა საწყალი გოგო და, ახლა, საკუთარი სინდისისგან შეწუხებულები, მდუღარე ცრემლებით ცდილობდნენ მის წინაშე ჩადენილი ცოდვების მონანიებას. ამბობენ, გაუცინებელი მკვდარი არ ვარგაო. ქალებისგან განსხვავებით, გადღაბნილი ლალას დანახვაზე, ჩუმ-ჩუმად ფხუკუნებდნენ კუბოს აქეთ-იქიდან მდგარი ბიჭები. ბასილაანთ პროპკას, ნადირაძეაანთ ოჩიკოსთვის ჩუმად გადაულაპარაკია, “ჯერ ცოცხალი რასა გავდა ეს უბედური, ეხლა კიდე მთლად რაი დაემგვანა, ო; მაიტა დროზე შავიგდოთ მხრებზე, შაქრო მღვდელი ხო იქნება იქა, უნა გამოალოცინო, ღამე არ მამელანდოს…” ოჩიკოს პირში რა დაუდგებოდა? – პროპკას სიტყვებმა რამდენიმე წუთში ტალღასავით გადაურბინა პატარა პროცესიას და ამით დასრულდა უკანასკნელი ხუმრობა ლალაზე.

    * * *
    სასაფლაოდან ხალხთან ერთად არ წამოვსულვარ. ქელეხს მინდოდა ავრიდებოდი. ცოტა ხნით მამაჩემის საფლავზე გადავედი. ორტოტა ცაცხვის შუაში ჩატენილი ტილო ამოვიღე და ქვა გადავწმინდე. მერე ნაზამთრალი ფოთლებისა და წვრილი, ხმელი ტოტებისგან მიწა შეძლებისდაგვარად მოვასუფთავე, საფლავის ღობეს იდაყვებით დავეყრდენი და უაზროდ მივაშტერდი იმ ადგილს, რომლის ქვეშაც უკვე ათი წელი ხდებოდა, რაც მამაჩემი იწვა.
    ნელ-ნელა, ფეხათრევით მივდიოდი. მეოთხე უბანზე უკვე ისმოდა შუა ქუჩაში, პალატკის ქვეშ გაშლილი ლალას ქელეხის სუფრიდან დანა-ჩანგლის წკარუნი და ხალხის რუზრუზი. სანამ ჩვენს ჯვარედინაზე გადმოვუხვევდი, შუყლურტოანთ სახლის წინ, სკამზე, თავისთვის მარტო მჯდარი გიჟლევანა დავინახე. გამიკვირდა მისი აქ ყოფნა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. მივედი და უხმოდ ჩამოვუჯექი სველ სკამზე. ერთბორბლიანი, სქლი მავთულის ტარზე დამაგრებული ტუალა ეჭირა ხელში, წინ და უკან ატარებდა და ფეხებთან გულმოდგინედ ზელავდა ტალახს. ჩანთაში შოკოლადი მქონდა, ის მივეცი. მორცხვად გამომართვა. მოფერება მინდოდა, – ვერ მოვეფერე. ვერც სანუგეშო ვუთხარი ვერაფერი. მხოლოდ გადახოტრილ თავზე გადავუსვი წამოსვლისას ხელი.
    – მართლა რა ეშველება ამ საწყალს, – მახსენდებოდა რუის პირზე მიმავალს ლალას იმქვეყნად წაღებული გულის ტკივილი და, ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთადერთი მართალი პასუხი მქონდა, – არც არაფერი!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    გია მირზაშვილი – ლექსები



    თუნუქის სახურავი

    შემშრალი კინოვარი. კარმილიონი. ტილო მოლბერტზე დადებული.

    ქილა შუშის. ზედ მასტიხინი. ვერმილიონი. პერმანენტული წითელი.

    გაისეირნებ კარში.

    გაისეირნებ ქარში.

    დალანდავ ნაცნობს, ტოლს არ დაგიდებს, ხელს ჩამოგართმევს.

    სახურავი თუნუქის. მელიკ კაზარიანცი.

    გასწვრივ კედელზე კიპარისები. ნამისჭია მტვრიანი.

    აბოლებს მეზობელი დინჯად კიბეზე მჯდომი. ფლოსტებში.

    მოუვა დუშაში. ლოჯიაში ანარეკლი შუშის.

    სილუეტები ანძების, კიბე სახანძრო, სხვენი, მავთულები,

    პროპელერი სავენტილაციო.

    ტროტუარი. იეზიდი შირიშა. წიწვები ნაძვის.

    ირწყვება გაზონი კიროვის ბაღში.

    დილის ხუთი საათია. სათვალემომარჯვებული

    კალმისტრით ხელში,

    ჭიქა ჩაით. – საით?

    თუნუქის სახურავზე.

    კუდი ყავარზე.

    ხომ ხარ ჯავარზე?

    რას ჩმახავ, დახატავ ბოთლებს, ხეებს, სახლს მიტოვებულს,

    თუნუქის სახურავს, სიფათებს, ცოცხის ხმას.

    THE VICTORY SIGN

    შემეკრა ფოლაქი ღიპზე. მაგიდას მაუდგადაკრულს,

    რესტავრირებულს,

    ოდესღაც მნჯოიანისგან ნაყიდს გროშებად,— მივუჯექი.

    მოქაჩა სიგარეტი გალერისტმა სახელოსნოში წინადღეს.

    ნოემბრის თვეში კურსი აიწევს დოლარის.

    აგერ

    უკვე

    ხუთი

    წელი

    სასმელს სპირტიანს არ მივკარებივარ.

    ჩემი ქალაქი – სემირამიდას ბაღებია.

    — ცხოვრებამ უბანში აუარა გვერდი ყველას.

    არავინ დარჩა საღსალამათი,-

    ანგარიშს მაბარებს ჩუთლა შეზარხოშებული.

    ზეგ რეზო მიემგზავრება, დღეს მინდა დავხატო.

    მზად არის ტილოც, მთავარია, მაესტრომ დრო გამონახოს.

    პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი

    სიგარით, ირონიულად ორ თითს მიღერებს,

    მგონი შედეგიც არ დააყოვნებს.

    * * *

    ქოლგა გაიხსნა.

    ჭიქიდან ორთქლი ჯინივით ამოდის.

    გაწებილი სახელო. თაფლი წაბლის.

    წაშლის წამებს დაუვიწყარს

    თათარიახნად არაყი მყრალი.

    ხინჯი. შარვალი ველვეტის, BRAX-ის.

    ტაქსი. ლოკოკინა. ხავსი. ჩამეძინა.

    ავან-ჩავანი ქალაქის. – ვინ იცის?

    ხელის გულზე – ტიზერცინი. – დაიძინე!

    კომპიუტერის შეკეთება ადგილზე მისვლით.

    ქოლგის შრიალის ხიბლი.

    კაფე ვორონცოვზე,

    ამოდის ორთქლი ჭიქიდან ჯინივით.

    კაკაო, ვიტრინა, ფუნთუშა,

    ვოლგა.

    ქოლგა გაშლილი შრება.

    * * *

    კეხურა სინზე.

    ხის მაგიდაზე

    ფარდაგი გადაფარებული.

    ალაგი

    სადაც ჩუბჩიკა მუშაობდა,

    სტუმრებს ღებულობდა,

    ჩუქნიდა ნამუშევრებს,

    ანგლობდა.

    * * *

    მეტეხის ხიდზე ვაჭრობს სომხის ქალი,

    ბეჭდებით, ხრიკებით, ძეწკვებით, ღილებით.

    * * *

    გვირისტი, გვირისტი, გვირისტი, გვირისტი,

    გახუნებული, გახეხილი ჯინსის ხიბლი,

    სიხისტე.

    ფეთხუმი სატრაპი,

    ფეთხუმი სატრაპი,

    ფეთხუმი სატრაპი,

    ფეთხუმი სატრაპი,

    ატამი სახრავი.

    * * *

    გოგონა-გორგონა, სიფათგაყინული,

    მგონი ბარნოველი, ჰამაც ბიბლიური.

    * * *

    ამგვარი მხატვრობა არსად მინახავს.

    ბერეტი, ღილი, სათნო ღიმილი.

    ცხელი პიცა ადგილზე მიტანით

    მაღაზია საგალანტერეო, ბაკალეა, გალერეა სამხატვრო,

    კაფე “მეტრო”, ხალხი მოსეირნე, ჩამოვიარე

    ღობე რკინის, ყომარბაზი ვერის პარკთან,

    წყლები გაზიანი ვიწრო ჭურჭელში, იმ სახლის წინ

    სადაც ახლა ფილარმონია დგას. ჩაბარდა პატრონს,

    ჩაბარდა წარსულს…

    Летучий Голландец

    კახა თოლორდავას

    ცილინდრი. სათვალე.

    ქოლგის ქნევით

    გადმოკვეთა კახამ

    გამზირი რუსთაველის.

    ჰაი, გიდი! სადღაა რიდი…

    * * *



    გაანათებს მაუდს მწვანეს

    ებონიტის ლამპა შავი.

    ვერ გიგონებ.

    ვერ ვიგონებ

    სიტყვას უწინ დასწავლილს.

    სარეკლამო ბარათი



    ზაირა ბერელიძეს

    ბოთლის წახნაგის იარლიყს

    “არაყი ზაირა” აწერია.

    Ф.Ц. მწვანე. ვოლკონსკოიდი.

    ვარდები თეთრი და ერთიც შავი.

    ოქროსფერ ფონზე კენკრაა დაყრილი.

    შევცქერი ბარათს, – მეორე მხარეს –

    სახლია თეთრი უკაცრიელი,

    ფანჯრებით დახვრეტილი,

    ფონად კობალტი. – მომაგრდი?

    გალერეა ვერნისაჟში სიგარეტს უკიდებს.

    ღრიანკალ რაჭველს აზრად რა მოსდის –

    ალაჰმა უწყის.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეპორტაჟი

    ქართული ლიტერატურა მსოფლიო ბაზარზე

    ფრანკფურტიდან ჩამოტანილი იმედები

    კოკა ჯიქია

    ახალი არ არის, რომ ლიტერატურისა და ზოგადად, საგამომცემლო ინდუსტრიის საყურადღებო მოვლენებს შორის წიგნის ბაზრობებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტებისა თუ მკითხველებისათვის ყველაზე დიდი და ფართო სივრცეა, ყოველ წელს დათქმული დანიშნულების ადგილია, სადაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, სიახლეების, სამომავლო გეგმების, პრეზენტაციებისა და საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარებაა შესაძლებელი. ბაზრობა, როგორც წესი, ოქტომბერში იმართება, წელს 15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა ფრანკფურტმა ათასობით სტუმარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, გამონაკლისი არც 2008 ყოფილა – საერთო რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 299 112 სტუმარი ჰყავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის წელს საიუბილეო თარიღი იყო – 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანებულმა ორგანიზაციამ წიგნის ყოველწლიური ბაზრობის დაარსებას შეუწყო ხელი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები და ტრადიციები მკვიდრდებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კი – საპატიო სტუმრის მოწვევას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ბენეფისის სახით, 1976 წელს ჩაეყარა საფუძველი. თუ შარშან ბაზრობის ეპიცენტრში კატალონიური კულტურა იყო, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი თურქეთს ერგო. დევიზით – „ფერთა მომხიბვლელობა“ – აღმოსავლური სამყაროს ქვეყანამ 100-მდე გამომცემლობა წარმოადგინა ბაზრობაზე, აღინიშნა ასევე 350-მდე თარგმნილი თურქულენოვანი წიგნი. თურქ გამომცემლებსა და ავტორებს შორის, რომლებიც საპატიო სტუმრებად იყვნენ ფრანკფურტში მიწვეული, რა თქმა უნდა, ნობელიანტი ორჰან ფამუქიც იყო და ტრადიციისამებრ ლურჯ სავარძელში (Blaue Sofa) მოკალათებულმა თავის შემოქმედებაზე, კერძოდ კი ახალ წიგნზე ( „უდანაშაულობის მუზეუმი“ ), თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და ძვრებზე ისაუბრა. ლურჯი სავარძლიდან გაესაუბრნენ აუდიტორიას ასევე გიუნტერ გრასი, ინგო შულცე და უვე ტელკამპი – წლევანდელი ბუხნერის პრემიის ლაურეატი.
    7 000-ზე მეტი გამომცემელი 100 ქვეყნიდან, 400 ათასამდე დასახელების საგამოფენო ერთეული – ამ რიცხვობრივი მონაცემებით ჩაიარა წლევანდელმა წიგნის ბაზრობამ. ისევე როგორც შარშან, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებისა და სტენდების გვერდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამომცემლო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ერთიორად გაზრდილმა ინტერესმა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისა და ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლებისაგან კონკრეტული წინადადებებიც მოგვიტანა – თანამედროვე ქართული მწერლობის ინგლისურენოვანი კატალოგებიდან განსაკუთრებული დაინტერესება რამდენიმე ავტორის რომანმა გამოიწვია (დავით ქართველიშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა თვარაძე, დათო ტურაშვილი), რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე ითარგმნოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წიგნის მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდეს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და არც თუ ისე მყარი გარანტიების მომცემია, მაგრამ პირველი – დაინტერესების ეტაპი – უკვე გადალახულია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ესტუმრნენ წელს ქართველი მწერლებიც – ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი, რომელთა ვიზიტიც ფრანკფურტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საზეიმო გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოსმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, აუდიტორიას წლევანდელი ღონისძიებების გეგმა-შინაარსი გააცნო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბეჭდური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალ კონკურენტზე – ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. თუ აქამდე CD-ფორმატით მიწოდებული ლიტერატურის პოპულარობის ზრდა შემაშფოთებელ ფაქტორად ითვლებოდა, ახლა უკვე, ბოსის თქმით, უკეთესიცაა წიგნების შინაარსის მოქცევა განსხვავებულ ფორმაში, მთავარია, რომ შინაარსი არ იცვლება და ფორმებს კი მხოლოდ საინტერესო სიახლეები, აღქმის განსხვავებული და აქამდე უცნობი ასპექტები მოაქვთ. თუმცა, ფრანკფურტის ბაზრობის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების მომძლავრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ შეცვლის თუ არა ორ ყდას შორის მოქცეულ პროდუქტებს კომპიუტერულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციები, ეს უბრალოდ პროცესია, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და ვიზრუნოთ, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული. 19 ოქტომბერს ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გერმანული საგამომცემლო ბიზნესის მშვიდობის პრემიის (Der Friedenspreis des Deutschen Buchhandels) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 25 ათასი ევრო ფრანკფურტის წმ. პავლეს სახელობის ეკლესიაში (Paulskirche) გერმანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანზელმ კიფერს გადაეცა. სწორედ 19 ოქტომბერს დაიხურა საგამოფენო პავილიონებიც და მაინზე გაშენებული მანჰეტენი წიგნების მოყვარულ მუდმივ, ძველ თუ ახალ სტუმრებს მომავალი წლის ოქტომბრამდე დაემშვიდობა.

    სტატია დაიწერა 2008 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“