ესე,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია

ანაბელ გახოკიძე – მოლოი. დედა. თავშესაფარი.

 

„ნეტავ არსებობს კი სხვა მოთხოვნილებებიც, მშვიდად და წყნარად ხრწნის გარდა?“- ამ კითხვას სვამს მოლოი, სემუელ ბეკეტის ამავე სახელწოდების წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც დედის, მარადმიუღწეველი სამოთხის  დაუსრულებელი ძიების თავგადასავალშია გახლართული და არაადამიანური ჟინისა და მონდომების წყალობით, აბსოლუტურად ითრევს მკითხველს და აიძუელბს მასთან ერთად ამ გრძელი და მტკივნეული გზის გავლას, რომელიც დაცემით სრულდება. მოლოის მოგზაურობა, თუ მისი განმარტება საერთოდაც შესაძლებელია, არსებობამდელი მდგომარეობის მელანქოლია, არარსებობის სამოთხის ობსესიაა,  რომელსაც   ადამიანი დედის მუცლად ყოფნისას განიცდის და მისგან მოწყვეტის შემდეგ უიმედოდ ცდილობს სხვა ხორციელი სიამოვნებით მის იმიტირებას. ამ ფენომენს ფსიქოანალიტიკურ თეორიაში დაბადების ტრავმას უწოდებენ. პირველად დედობრივ წიაღში დაბრუნების თემით ბეკეტი ლონდონში იუნგის ლექციაზე დასწრების შემდეგ დაინტერესდა, სადაც მისმა ფსიქოანალიტიკოსმა – ვილფრედ ბიონმა წაიყვანა. მწერლის ბიოგრაფები ხშირად იხსენებ, თუ როგორ ეტრფოდა და აღწერდა თავად ბეკეტი ემბრიონული, შეუმდგარი თვითის განცდას, ანუ იმას, ვინც შესაძლოა ყოფილიყო, თუმცა  არასდროს დაბადებულა სრულად. როგორც ჩანს, მწერლის ამ უცნაურმა განცდამ „მოლოიშიც“ იჩინა თავი.

ცოტა რამ თუ მახსენდება იმაზე უფრო ქაოსური, რთული და დამაბნეველი, ვიდრე უცნობ მკითხველთან “მოლოის“ შესახებ საუბარია – რადგან მას, ვისაც ბეკეტის ეს მეტაფიქციური ნამუშევარი წაკითხული არ აქვს, თითქმის შეუძლებელია, აუხსნა და მოუყვე იმ ცხად  შეგრძნებაზე,  რომელიც წიგნის პირველივე გვერდის ჩამთავრებისას იწყებს გონებაში მოუსვენარი ჭიასავით გრეხას, რომ ტექსტი  ფურცელზე  არ  სრულდება,  არსებობს რაღაც მიღმიერი რეალობა ტექსტისა, რომელიც შენს, მკითხველის ცხოვრებასთან იკვეთება და მას უნებართვოდ ირეკლავს სრულიად უცნობ, „მოლოის“ სამყაროში.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ თითქოს არასდროს აღმოგიჩენია ის, რაც ასე ძალიან გამგვანებს მოლოის, თითქოს არასდროს გიფიქრია საკუთარ ყოფიერებაზე, იმაზე, თუ რის მიღწევას ცდილობ, რითი სრულდება დაუმთავრებელი გზის ჩამთავრების ჟინი – არასდროს არ გიგრძვნია უმწეობა ასე სრულყოფილად, სანამ მოლოის არ შეხვდებოდი. „მოლოის“ არ ჰყავს გმირები, რომელთაც მკითხველთა გულის მონადირება ან მათი აღტაცება, სიკეთით ავსება შეუძლია. პირიქით, „მოლოის“ სამყაროში ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ დაცემული და სასომიხდილია, უფრო მეტიც, ის სრულიად გაძარცვულია ყველა ინსტრუმენტისგან, რომ გაირთოს თავი, დაივიწყოს საკუთარი უსუსურობა და უაზრობა. ის აბსოლუტურ მარტოობაშია საკუთარ თავთან. ეს მდგომარეობა იმდენად საზარელია, რომ მკითხველი თავდაპირველად კითხვის პროცესს საკუთარი თავისათვის სიმართლის დამტკიცების ჟინით თუ აგრძელებს – რომ ის არ ჰგავს მოლოის. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ რამდენადაც ცდილობ დაშორდე წიგნის უხეშ, ერთი შეხედვით, არაადამიანურ ბუნებას, უფრო და უფრო ნათელი ხდება ის მსგავსება, რომელიც მასთან გაკავშირებს – აბსოლუტური მარტოობის იდეის მელანქოლიით მოწამლული, თანდათანობით სრულად შეიზრდები წიგნის ფურცლებში და მოლოისა და მორანის მოგზაურობის უცნაურ გზას მორჩილად შეუდგები. „მოლოი“ მის მკითხველს ჰგავს და სრულად აირეკლავს მას. დასვრილი სარკეა, რომელიც, თუ ძალიან მოინდომებ და სახეს სუფთად შემორჩენილი ნაწილისკენ მიუშვერ, მთლიან სურათსაც დაგანახებს.

თუმცა, ამ სიახლოვის განცდის მიღწევამდე, ბეკეტი ხშირად ცდის მისი მკითხველის ნდობას. მწერლის ცნობილი ტრილოგიის პირველი წიგნი მიზანმიმართულად, თუმცა შეგრძნებით დონეზე სრულიად ორგანულად, აბიჯებს მოდერნისტული ლიტერატურის ჩარჩოებს, ანაწევრებს თხრობას – ნარატივს ორ ტოლ ნაწილად ხლეჩს, რომლებიც ერთმანეთის კიდურებისმაგვარ წაგრძელებას წარმოადგენს და თავგზას უსაშველოდ გიბნევს. ორივე ნაწილი თავისთავად სრულია, თუმცა კომპოზიციაში კიდევ უფრო მრავლისმთქმელი. თითოეულ ნარატივს თავისი მთხრობელი და შემომქმედი ჰყავს, ორივე მათგანი – მოლოიცა და მორანიც – თითქოს ანტიკური მოგზაურობის ბედისწერით არიან დასჯილნი. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ იარონ ხორციელი დეგრადაციისა და სულიერი თვითგამორკვევის მიჯნაზე, შეუსვენებლად, შიმშილისა და სიცივის მიუხედავად, მუცელზე ხოხვით განაგრძონ იმ ფსიქიკურ სივრცეში ნავიგაცია, რომელიც გამჭრიახადაა შეფარული ხმაურიანი ქალაქებისა და ტყეების ფასადებით. უნდა იარონ მანამ, სანამ გზა არ გაიმარჯვებს მათზე, სანამ გზაზე ყოფნა მათ სიცოცხლეს უმწარებს. უნდა იარონ, იმიტომ რომ უძრავად ყოფნა შეგუებაა, შეგუება კი დამარცხებაზე უარესია. ან კი, როგორ შეიძლება გაჩერდე, როდესაც შორეული, ემბრიონული სამოთხე გეგულება. მოუსვენრობა, რომელსაც მოლოი უმოქმედობისას განიცდის, ინფექციასავით ვრცელდება მკითხველზეც, რომელიც პირველივე გვერდიდან კონტექსტის გამორკვევის ამოცნობითაა დაკავებული. ეს ბეკეტის ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი სტრატეგიული ხრიკია, რომელიც თანგავს მკითხველს – პირველი წინადადებიდანვე სრულად მოწყვეტილი რომაა კონტექსტს –  და იძულებულს ხდის რამდენიმე ხანს დააყოვნოს მთხრობელთან ერთად, რათა გაიგოს, ვის ან რატომ ეძებს ის? ამ კითხვებზე მოპოვებული პასუხები ხშირად მოულოდნელად სხლტება ხელიდან, ვინაიდან რთულია ნარატორების შინაგან მონოლოგებსა და მათ რეალობას შორის ხაზის გავლება – მიზნებიცა და მიზეზებიც ისევე უეცრად იკარგება „მოლოის“ სამყაროში, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება ხოლმე. დეკონსტრუირებული თხრობის შეკოწიწების მუდმივი ჯაფის ფონზე, მკითხველი ყველაზე აქტიური თანაავტორია ამ ფსიქოანალიტიკური პაზლისა, რომლის ნაწილები ხშირად უმარტივესი, პაწაწინა საგნების უკანაა შემალული, რომელსაც ხშირად ყურადღებიანი მკითხველიც კი ვერ ამჩნევს. თუმცა, ერთი რამ დარწმუნებით ვიცი –  წიგნის დასრულებისთანავე თითქმის ყველას დაეუფლება შეგრძნება, რომ სემუელ ბეკეტმა თავსატეხის ცენტრალური ნაწილის შექმნა-მოპირკეთება ჩვენს ნება-სურვილს მიანდო. სწორედ მკითხველი წყვეტს, „მოლოი“ ოდაა ცხოვრების გაბმული აბსურდული ხეტიალისა, თუ წარმატებით დასრულებული მიზანი თვითსრულყოფისა, დედაში გასხივოსნებული დაკარგული სიმშვიდის მოპოვებით.

„დედაჩემის ოთახში ვარ. ახლა მე ვცხოვრობ აქ. ოღონდ როგორ მოვხვდი, ეგ კი აღარ ვიცი“ – ასე იწყება წიგნის პირველი ნაწილი. მოლოის ნარატივი მთლიანადაა დაფუძნებული დედასთან დაბრუნების მისწრაფებაზე, დედასთან ერთად, ერთიანად  ყოფნის დაუოკებელ სურვილსა და ამ სურვილის შეუძლებელობისგან გამოწვეულ ზიზღსა და უიმედობაზე.

რაც უფრო ვითარდება თხრობა, მით უფრო ადვილი შესამჩნევი ხდება, რომ მოლოი დედისადმი იმ ტრადიციული კეთილგანწყობითა და მადლიერებით სულაც არ გამოირჩევა, რასაც ასე ძალიან ვართ „მიჩვეული“ დედის კულტის სამშობლოში. მოლოის თითოეული სიტყვა, არ აქვს მნიშვნელობა დედას ეხება ის, თუ ქუჩაში გაჭყლეტილ ძაღლს, თანაბარი ზიზღითა და აპათიითაა გაჟღენთილი, ზოგადად კი, ის იმდენად საზიზღრად გაუფილტრავი, წმინდა და გულისამრევია, თითქოს თავად მისი ქვეცნობიერი საუბრობდეს მის ნაცვლად. „ქალი, ვინც ამ ქვეყანას მომავლინა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, უკანალში დატანებული ხვრელიდან“ – ასეთია დედის იდენტობა მოლოისათვის – ქალი, რომელმაც ეს საძულველი, მტკივნეული ცხოვრება აჩუქა, საკუთარი შვილის გონებაში უსახელოდ არსებობს. სიმართლე უნდა ვთქვათ, მოლოი ქალის სახელის გახსენებაზე სულაც არ წუხს, რადგან დედას მშვენიერი მეტსახელი შეურჩია – „დეზი“, იქნებ, როგორც  დედა+ზიზღი, რომელიც მისივე გამოთვლებით, წესით, ახალშობილ მოლოის უნდა უდრიდეს. თუმცა მასთან დაბრუნების სურვილი შეუჩერებელი და დაუძლეველია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ დედა ატარებს საკუთარ თავში არსებობამდელ სიმშვიდესა და სინაზეს.

მშობელთან მიუღწევლობით დასჯილი მოლოი თითქოს დედისგან პირველადი მოწყვეტის ტრავმითაა შეპყრობილი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სახე იცვალა, გამაგრდა, დაჩიქრდა, შურისძიებად გადაიქცა და ყველაფერი, რაც კი, არათუ დედამისის, არამედ, ზოგადად, ქალის არსებობას მიანიშნებდა, შეაძულა. თითქოს ვერადავერ უპატიებია მისთვის, როგორ მოწყვიტა ემბრიონულ სიმშვიდეს და აუარებელი ბიწიერებით გამოტენილ სამყაროში აიძულა ყოფა-ცხოვრება: სითბოსათვის ბრძოლა, საჭმლისათვის ნაგავსაყრელის ჩიჩქვნა, არსებობისათვის ნელი კვდომა.

მოლოის უკანასკნელი მოგზაურობა დედასთან შესახვედრად ერთ ჩვეულებრივ დღეს იწყება: ზარების უეცარმა ხმამ მას 12 საათის დადგომა ამცნო და უეცრად გადაწვიტა დედა მოენახულებინა, მაგრამ გაფიქრებისთანავე უეცრად უჩნდება სურვილი, იპოვოს რაიმე მიზეზი, რომელიც გაუფანტავს „დედისერთა ბავშვის ყველა სხვა საფიქრალს“ და გამგზავრებაზე დაუყოვნებლივ ხელს ააღებინებს – ცდილობს მოიხმოს უმწეო ბავშვის თვითშეგნება, რომ უკვე დიდია, გაიზარდა და დახმარება აღარ სჭირდება, რომ თავის თავზე, თავის სიკეთესა და ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თვითონაა. თუმცა შესაძლებელია საერთოდ კი დამოუკიდებლობის ბოროტებასთან შეჩვევა?!

მოლოი ეჭვისა და ჭმუნვის კაცია, მთელს ცხოვრებას რომ აწონ-დაწონვაში ატარებენ, საბოლოოდ კი ვერც მომავალს ირგებენ და ვერც აწმყოს. თუმცა, როგორც ჩვენც უამრავჯერ გამოგვიცდია,  არჩევანის ილუზორულობის ამბავი, მოლოის შემთხვევაშიც ასეა, სხვა გზა არც არასდროს ჰქონია, ყველა ერთსა და იმავე საჩოთირო და  სატანჯველ საკითხს შეეხებოდა – როგორ დაუბრუნდეს დედას. ამიტომაც, მისი ეჭვიანობაც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ის საწადელს მიაღწევს. როგორც სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფი შეიგრძნობს თავის უეჭველ აღსასრულს, მოლოიც ინსტინქტურად ხვდება, სად უნდა ეძებოს საკუთარი ყოფიერების წამალი.

მოლოის სძულს დედამისი, როგორც შემოქმედი და გამანადგურებელი მისი სიმშვიდისა. სიმშვიდისა, რომელიც მუცლად ყოფნის შემდეგ ცხოვრებაში აღარსად და აღარასდროს აღარ უგრძვნია. საეჭვოა კი, საერთოდ აქვს კი რაიმე აზრი მის აქ, ამ მიწაზე ძიებას, „სადაც ისე დავბორიალობთ, როგორც გაზაფხულამდე შემორჩენილი ხმელი ფოთოლი“, სანამ სიცოცხლისა და კვდომის წრებრუნვა არ ჩაგვანაცვლებს. მოლოიც ასე უიმედოდ დაბორიალობს ჯერ ქალაქიდან ქალაქში, შემდეგ კი, უცხო ქალის კალთას შეფარების გამო დანაშაულის გრძნობით დამძიმებული, ტყეს მიაშურებს.

დედის სითბოება არსად ჩანს.

მოლოი ისევ და ისევ დაუსრულებელია.

ფიზიკურად საშვილოსნოს მოწყვეტილი, მთხრობელის სული, მისი ფსიქიკა ისევ და ისევ დედაში, მასთან ერთობაში თანაარსებობს, ამიტომაც მოლოისთვის დედის ძიება საკუთარი თავის სრულყოფის ერთადერთი შანსია: „ორ მიხრწნილ ბებრუხანას ვგავდით, ერთი და იმავე მოგონებებში ჩარჩენილები, ერთნაირად გულღრძოები“  – თვითიდენტიფიკაცია იმდენად ძლიერია დედის სხეულთან, მის ასაკთან, რომ ადვილი შესამჩნევია, მოლოის დედას ცალკე იდენტობა არ აქვს. ისინი არიან ერთნი, როგორც უწინ. მისი სხეული ტყეში მოგზაურობისას ნელ-ნელა კვდომას იწყებს.

საბოლოოდ, უკვე ხეიბარი შვილი უსასრულო დეგენერაციის გზას შეუდგება და დედის საძებნელად თავისი საყვარელი ყავარჯნით გაემართა, კვდომისათვის, არარსებობაში დასაბრუნებლად.

ერთი შეხედვით, ყოვლად ამაზრზენ, აბსურდული წრებრუნვის ოდას თან გასდევს უცნაური შეფარული სინაზე, ისეთი, მხოლოდ დიდ ტკივილს რომ შეუძლია ადამიანის გულში დატოვოს ჭრილობის შეხორცების შემდეგ. ფურცელზე კი მისი გადმოცემა კი ძალიან სარისკოა – უდიდესი შანსია ან ღვარძლად იქცეს, ან კიდევ უბრალო პათეტიკად. თუმცა ბეკეტმა მოახერხა ამ ტკვილის ფურცელზე არეკვლა მისი წმინდა, შეურეველი სახით. ვინც კარგად იცნობს მწერლის ბიოგრაფიას, მას არ გაუჭირდება ამოიცნოს, თუ როგორ შეძლო მან ისეთი სპეციფიკური დედაშვილობის შექმნა, საჯაროდ, სხვისი თვალისთვის შემჩნევა რომ შეუძლებელია. ბეკეტმა დედასთან დაბრუნებისა და დაბადების ტრავმის იდეა წიგნის პირველ ნაწილში ასახა, სადაც აღმაფრთოვანებელი სიფრთხილით შემალა საკუთარი ცხოვრების ანამნეზიც.

ბეკეტი, მსგავსად მოლოისა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამისს – მეის. ქალის თხელი, მაღალი აღნაგობა, ზღვისფერი, წყლიანი თვალები, ოქროსფერი თმა და სახასიათოდ მოკაუჭებული ცხვირი მემკვიდრეობით შვილებს შორის მხოლოდ სემუელს ერგო. შესაძლოა სწორედ აქედან დაეწყო მეის შვილის ცხოვრებით ცხოვრების ობსესია – იქნებ სემუელში საკუთარ განუხორციელებელ მიზნებსაც ხედავდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, მეის ახალგაზრდა ბეკეტის შრომები მუდამ აღიზიანებდა, არაფრად არ აგდებდა მის ინტერესს ეწერა ის, რასაც წერდა. სემუელი, რომელიც ფინანსურად ოჯახზე იყო დამოკიდებული, გასაქცევს დუბლინის ბარებში პოულობდა, საიდანაც სახლში დაბრუნებას რამდენიმე დღე სულაც არ ჩქარობდა. ბეკეტმა რამდენიმე მტკივნეული სცენა გააცოცხლა მოლოის დახმარებით: მან საკუთარ პერსონაჟსა და მის „დედობილს“ დაამარხინა ძაღლი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მეიმ სემის გარეშე დაფლო საკუთარ ბაღში, ლარიქსების ქვეშ. მოლოისვე ათქმევინა, რომ შეუძლებელია ოდესმე შვილი ყოლოდა – რადგან ვერასდროს წარმოედგინა, როგორ შეეძლო ეზრუნა საკმარისად სხვა ადამიანზე, თითქოს ის დედამისის მაგალითით ხელმძღვანელობდა. დედა-შვილის ურთიერთობა ერთიორად გაუარესდა, როდესაც სემი დედასთან მარტო დარჩა: მამის გარდაცვალების შემდეგ, ვაჟი მგლოვიარე დედის ნუგეშისმცემელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნაური სისწრაფით უარესდებოდა – რაც უფრო ბევრ დროს ატარებდა ის ქალთან, მით უფრო ეხუთებოდა ჰაერი. ბეკეტს სწორედ ამ პერიოდში დაეწყო შფოთვის მწვავე ნიშნები: პანიკური შეტევები, ქრონიკული ინსომნია, საშარდე პრობლემები, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, იმპოტენციის სიმპტომები. თითქოს მისი სხეული დედისგან გაქცევას სთხოვდა. ბეკეტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად უმართავი გახდა, რომ მან დახმარებისათვის  ვილფრედ ბიონს მიმართა და მასთან ფსიქოანალიზის ორწლიანი კურსი გაიარა. ბეკეტის მდგომაროება საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ ლონდონში დედისგან შორს იყო. ავტორის პირად ჩანაწერებში ხშირადაა განხილული ფსიქოანალიტიკური ლიტერატურაც. ხაზგასმულია, რომ კონკრეტულ თეორიებთან თუ იდეებთან მწერალი უშუალო კავშირს პოულობდა. ერთ-ერთი ასეთი თეორია ეკუთვნოდა ოტო რენკს, რომელიც ვრცლად წერდა დაბადების ტრავმისა და ამ ტრავმისგან გამოწვეული შფოთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბეკეტის დიაგნოზი ცნობილი არ არის, მისი მეგობრის, ჯეფრი ტომფსონის თქმით, მისი პრობლემების უმეტესობა დედასთან ამბივალენტური ურთიერთობით იყო განპირობებული. ბიონისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ორწლიანი ფსიქოთერაპიის დასრულების შემდეგ, ბეკეტს გარკვეული დროით თავი შეეკავებინა დედის მონახულებისაგან. რათა ცოტათი შესუსტებულიყო ჩვილური დამოკიდებულების ტენდენცია და, ამასთანავე, მძლავრი სურვილი მისგან დამოუკიდებლობისა.  ბიონი მართალი აღმოჩნდა, როგორც კი ბეკეტი სახლში დაბრუნდა,  მისმა სომატურმა სიმპტომებმაც ისევ თავი იჩინა.

დედის ფიგურა, სწორედ ისე, როგორც ბეკეტის ცხოვრებაში,  მოლოის ყოფიერებაშიც ობობის ქსელივითაა განფენილი, რომელიც მოლეკულურ დონეზეა კონსტრუირებული იმ სახით, რომ საკუთარი შვილი ერთდროულად მოიზიდოს, როგორც იმედმა, თუმცა უარყოს რეალური ცხოვრების ნაკლოვანების გამო. თითოეული გზა, რომელიც მოლოიმ აირჩია, საბოლოოდ დედის ძებნის სურვილად გადაიქცა. თხრობის მანძილზე, ნარატორი რამდენიმე მნიშვნელოვან პერსონაჟს ხვდება გზად, რომლებიც მზად არიან მეგობრობა გაუწიონ, შეიფარონ უმისამართოდ დარჩენილი, შიმშილისგან დაუძლურებული, ხეიბარი კაცი, რომელსაც საწუწნად გამზადებული კენჭების გარდა, რომელიც დედის მკერდზე მიჯაჭვული ჩვილის ცხოვრების ზმანების სიმბოლოა – ქვეყნის ზურგზე აღარაფერი აბადია. თუმცა, დედასთან დაბრუნების სურვილი უკვე სრულიად ორგანული მოთხოვნილებაა, რომელიც მას შიგნიდან ღრღნის და მანამდე არ შეწყდება, სანამ  არ დაკმაყოფილდება.

დაბადების ტრავმა – მშვიდი ემბრიონული ყოფის მწვავე და მტკივნეულ დარღვევას – ინდივიდის პირველად სასჯელად მიიჩნევა, რომელიც, საფუძვლად უდევს ჩვენს ყოველ შემდგომ ცხოვრებისეულ შფოთვას. სწორედ ამ დაკარგული სამოთხის რეპლიკაციას ვცდილობთ სიჩუმით ავსებულ სუსტად განათებულ ოთახში, რეალობის ყველა აქტიური იმპულსისგან მოწყვეტილები, სხვა განზომილებისეული სიმშვიდის განცდას რომ ვეუფლებით, როცა მუხლებს მკერდთან მივიტანთ, თავს ნაზად დავადებთ და ისეთ ფუფუნებას შევიგრძნობთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც  არაფერზე გვაქვს საფიქრალი.

ალბათ, სწორედ ამ სამოთხისა და სიმშვიდის იმედით დაუბრუნდა სემი დედას, თუმცა, მიაღწია კი მას?

შესაძლოა სწორედ ამიტომ შექმნა მოლოის პერსონაჟი – იდენტური ნაკლებითა და ტკივილებით, რომელსაც აქვს შანსი, იგივე მოგზაურობა სხვანაირად დაასრულოს.

ამ უცნაურ მოგზაურობაში ჩართულ მკითხველს მოლოისთვის ბევრის პატიება მოუწევს, თუმცა არა იმიტომ რომ, მაგალითად, მკვლელობის აქტში რაიმე ხელჩასაჭიდი დაშვება მაინცაა, რაც მოლოის სამართლიანობაზე მიუთითებს, არამედ მისი უიმედობით გამოწვეული სასოწარკვეთა იმდენად გადამდებია, რომ მკითხველისთვისაც კი შეუძლებელია, რომ მას საკუთარ ქცევებზე პასუხი მოსთხოვოს.

მოლოის ისტორია კი, როგორც ყველა სხვა საკულტო გმირთა ამბები, საბოლოოდ, დაცემით სრულდება – დაუსრულებელი ძიებისგან ღონემიხდილი მოლოი, უფრო სწორი იქნება ითქვას, მისგან დარჩენილი ნიჟარა, თხრილის ფსკერზე ეცემა. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ის ეცემა იმედით, რომ იქნებ ვინმემ იპოვოს და გადაარჩინოს.

თხრობა ზუსტად იქ სრულდება, საიდანაც ის დაიწყო – მოლოი დაეცა და გონება დაკარგა, ერთადერთი რამ, რაც დანამდვილებით იცის, ისაა, რომ ახლა დედამისის ოთახშია. ახლა ის ცხოვრობს იქ. ოღონდ როგორგ მოხვდა, ეგ კი აღარ იცის. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დედა აღარსადაა, თუმცა მისი ღამის ქოთანი და ნივთები ისევ და ისევ მის ოთახშია, მორჩილად, ფეხმოუცვლელად. მოკვდა?

ზუსტად არ იცის.

უკვე დაასაფლავეს?

არც ეს იცის მოლოიმ, თუმცა ის მარტოა, დედის ოთახში, მის საწოლთან და ღამის ქოთანთან ერთად გამოკეტილი. როგორც პატარები ამბობენ გარდაცვლილზე, მოლოის დედა სხვაგანაა წასული და, ალბათ, აღარც დაბრუნდება. მიუხედავად ფასადური წარუმატებლობისა, რასაც დეზთან ვერშეხვედრა, მისი გაუჩინარება იწვევს ჩემში, ვერაფრით ამოვიგდე თავიდან გრძნობა, რომ მოლოიმ საწადელს მაინც მიაღწია, ის დედასთან დაბრუნდა, მასთან შეერთდა, ამიტომაც აღარაა დედა იქ, თავის საწოლში. ის უკვე მოლოიშია, გარს ეკვრის მას თავისი ოთახის კედლებითა და მიმოფანტული ნივთებით, რომელიც ახლა მის შვილს ემსახურება ჩვეული მოთმინებით. მოლოი უკვე დედაშია, მან ხომ ქალის ადგილი დაიკავა მისსავე ოთახში, ყველაზე ინტიმურ სივრცეში, სადაც არაფერი ხდება, არაფერი იცვლება, არავინ მოდის, გარდა კაცისა, რომელიც მოლოის ჩანაწერებს იბარებს. მოლოიც ბეკეტის ცხოვრებით ცხოვრობს. წერს დედაზე, რომელსაც ასე ელტვოდა და ვერასდროს მიაღწია, იმაზე წერს, რაც საბოლოოდ შემორჩა და მას შემდეგ, რაც მოსაყოლი აღარაფერი ექნება, „კვდომასაც დაუსვამს წერტილს“, სწორედ იმ ვარდისფერ კედლებში გამოკეტილი, სადაც პირველად გაახილა თვალი და უკანასკნელად შეიგრძნო სიცოცხლის მშვიდი დინება.

© არილი

Facebook Comments Box