ანა კორძაია-სამადაშვილი – ჰიუგოს ჩრდილში

ana-3

იქ, სადაც მთები მთავრდება და თვალუწვდენელი ოკეანე იშლება, შუქურა დგას. მიქცევის დროს ჩანს ხოლმე, რომ მის საძირკველს ყველაზე კარგი სიტყვები აწერია: „სამშობლო“ და „თავისუფლება“.

ოდესღაც მარტივი შუქურა იქნებოდა: რკინის გისოსით გარშემორტყმული ცეცხლის ალები. უმთვარო ღამეებში ის აფრთხილებდა ნაოსნებს, რომ წინ საფრთხე ელით, კლდეები ახლოსაა – და ახარებდა, რომ შინ დაბრუნდნენ, ნავსაყუდელში, პასაიაში.

როცა პირველად ჩამოვედი, ერთმა შესანიშნავმა ქალმა დამლოცა: „ჩვენი კარგი ჰიუგოს ჩრდილი დაგადგეს“.

პასაია ვიქტორ ჰიუგოს ჩრდილშია. კარგი ჰიუგოსი, როგორც კარგი ბასკები იტყვიან ხოლმე.

* * *

თავის წიგნში „ალპები და პირენეები“ ვიქტორ ჰიუგომ ამ ქვეყანას ზღვაში აღმართული მთა უწოდა. ამბობენ, უკვე 30 ათასი წელია, ამ მიწაზე ბასკები ცხოვრობენო. უამრავ რამეს წერენ და ჰყვებიან, იმასაც კი, ბასკები ატლანტების შვილთაშვილები არიანო, და ამ ვერსიას, როგორც ყველა სხვას, მაგალითად, ქართველებთან ნათესაობას, რაღაცნაირად ასაბუთებენ. ძალიან საეჭვო ამბებია, კაცმა არ იცის, სინამდვილეში რა იყო. ის კი მართალია, რომ ამ მიწას სულ ვიღაც იპყრობდა, და ბასკები სულ ათავისუფლებდნენ, და ბასკურ ენაზე მოლაპარაკე მამაცმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა თავისი ძველისძველი ენა და მებრძოლი სული.

მიგელ დე უნამუნოს უთქვამს, აქ მიწა უფრო მნიშვნელოვანიაო, ვიდრე ცა.  მართლა დიდებული მიწაა: ატლანტიკის ოკეანის მზიანი, ოქროსფერი სანაპირო – და მწვანეში ჩაფლული, იდუმალი მთები, სასახლეები, ისეთი, ზღაპრების წიგნში რომ გვინახავს – და ასეთივე ზღაპრული მებადურების სოფლები. ეუსკარ ერია, ბასკების სამშობლო, etxera, მშობლიური კერა.

აი, ამ მიწაზე არის ერთი სოფელი. უფრო სწორად, მთლად მიწაზე არაა, უფრო ცის, მიწის და წყლის გასაყარი ეთქმის, ხაისკიბელის ქედის და ულიას მთის ძირას, ბისკანის ყურეში. ძველისძველი სოფელია, მისი ამბავი ჯერ კიდევ 1203 წლის ხელნაწერებშია მოყოლილი.

დღეს აქაურობის შესახებ თხრობას ყველა ერთნაირად იწყებს. ამას ავტორების საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ, ვიქტორ ჰიუგოზე უკეთ ვერავინ აღწერა, ესაა და ეს. ამიტომ ჩვენც ასე ვთქვათ:

„…მაღალი, მწვანე მთების ფარდა, მათი მწვერვალები კაშკაშა ცაზე მკვეთრად მოსჩანს. მთის ძირას სახლების მწკრივია, მჭიდროდ ჩალაგებული. ყველა სახლი თეთრად, ზაფრანისფრად და მწვანედააა შეღებილი, ორ ან სამ რიგად დიდი აივნები მიუყვება, რომელთაც წითელი, კრამიტის სახურავების ჩრდილი ადგას. ყველა აივანზე ათასობით რაღაც ფრიალებს – თეთრეული, სარეცხი, ბადეები, წითელი, ყვითელი და ლურჯი ქსოვილი. სახლების ქვეშ ზღვაა, ჩემ ხელმარჯვნივ – თეთრი ეკლესია, მარცხნივ, მეორე მთის ძირას – სხვა აივნიანი სახლები, რომელთა მწკრივიც ძველი კოშკის ნანგრევებთან მთავრდება. ყველა სახის და ზომის ნავი სახლების წინ ირწევა, კოშკის ქვეშაა მიბმული, და ყურეში მისრიალებს ხომალდები, კოშკები, სახლები, ეკლესიები, მთები და ზეცა, სიცოცხლე, სითბო, ლაჟვარდი, წარმოუდგენელი მხიარულება, და ამას ჩემი თვალით ვხედავ.

ეს ადგილი, შესანიშნავი და მომხიბვლელი, მხიარული და დიდებული, ადგილი, სადაც დრო გაჩერებულია, ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს. მიწის და წყლის ეს მოკრძალებული კუთხე უცნობია, (…) რადგან ბასკეთშია. ამ პატარა, მბრწყინავ ედემს, რომელშიც შემთხვევით მოვხვდი, ისე, რომ არც ვიცოდი, საით გამიწევია, არ ვიცოდი, სად ვარ, ესპანურად  Pasajes ჰქვია, ფრანგულად – Le Passage“.

ასეთი იყო აქაურობა 1843 წელს, როცა იმხანად დონოსტიაში, ესპანურად – სან სებასტიანში მცხოვრებმა ვიქტორ ჰიუგომ გასეირნება გადაწყვიტა. ის უცნობ, მშვენიერ ახალგაზრდა ქალს, ბატელერას ნავში ჩაუჯდა, ქალმა ნიჩაბი მოუსვა – და ჰიუგომ პასაია დაინახა. დაინახა და უმალვე შეუყვარდა.

პასაია დონიბანი დღესაც ასეთია, როგორიც ჰიუგომ აღწერა. ის, რაც სოფელს მას მერე დააკლდა ან შეემატა, წვრილმანებია,  თავად ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმის გარდა. ცხადია, სახლი მაშინაც იდგა და ახლაც დგას, უბრალოდ, იმხანად მთელმა მსოფლიომ არ იცოდა, როგორია. არადა, როგორც ვიქტორ ჰიუგომ თქვა, ეს არის „სახლი, რომლის ბადალსაც ვერსად ნახავ“.

მეჩვიდმეტე საუკუნის ქვის სახლია, უწინ მებადურებისა ყოფილა. მერე აქ ვიქტორ ჰიუგომ იცხოვრა, მერე, 1890-ში, „ალპები და პირენეები“ დაიბეჭდა და სახლის არსებობის შესახებ ყველამ შეიტყო, და 1902-ში ორმა ფრანგმა პოლიტიკოსმა, Deroulede-მ და Habert-მა, დიდ მწერალს პატივი მიაგო და ძველი სახლი მუზეუმად აქცია.

„სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, ბნელ ქუჩას გადაჰყურებს, მეორე მხარეს კი – კაშკაშა ყურეს (…) ისეთი პირი უჩანს, ერთ მშვენიერ დღესაც იქნება და ყველაფერი დაიქცევა. კედლებში ბზარებია და პეიზაჟი მოსჩანს. ზედა აივნის აგურებს შორის ქვედა აივნის დანახვა შეიძლება, ოთახებში იატაკი ფეხქვეშ იღუნება (…) სამასი წლის სახლი ასაკისგან კანკალებს, მაგრამ რაღაცით მაინც ძალიან საიმედო და გოროზია. (…) უზარმაზარი ობობები მიდი-მოდიან, ოთხი დუიმის სისქის მუხის კარი მასიური, მაგრამ დაჟანგული რკინითაა შეჭედილი. რას ფიქრობთ? რომ პირქუში, საშინელი ადგილია? არა, მომხიბვლელია!“

აქაურებს რომ ჰკითხოთ, ჰიუგოს სახლის მძიმე, მუხის კარი სულ ღიაა. „სულ“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია: ისევე, როგორც ყველა სხვა კარი, ის სიესტას დროს იხურება და მაშინ იღება, როცა სიესტა მთავრდება, და ვინ როდის და რა პრინციპით დაიწყებს და დაამთავრებს სიესტას – ეგ არავინ იცის. აგერ, მშვენიერი დუქნის მფლობელმა მშვენიერმა ქალბატონმა თავისი დუქანი შუადღისას დახურა და იმ დღეს საერთოდ აღარ გააღო, დილით საკმარისი ვივაჭრე და რა ძალა მადგასო, მომახსენა, როცა სხვა დუქანში ლუდის კათხით ხელში „წავასწარი“… ჰიუგოს სახლზე ბასკურ ენაზე მწერალთა ასოციაცია (EIE –Euskal Idazleen Elkartea)  ზრუნავს, ამიტომ მთლად ასეც არაა საქმე, „სამუშაო საათების ლოგიკა“ მაინც არსებობს. და როცა კარი ღიაა…

დათვალიერება უფასოდ შეიძლება. პატარა მუზეუმია, მაგრამ შთამბეჭდავი.

ბზარებიდან პეიზაჟი არ დამინახავს, არც იატაკი მეღუნებოდა ფეხქვეშ, არც ობობებს გადავყრივარ. ქვედა სართულის აივანი კი ზედა აივნის იატაკიდან მართლა ჩანს, იმ აივნიდან კი მწვანე წყალში მოსრიალე დიდი თევზების ცქერა შეიძლება – მოქცევის დროს. მიქცევა და თოლიების შემოსევა ერთია, გაშიშვლებულ, მწვანე, სრიალა ქვებზე უამრავი ვინმე და რამე რჩება: კიბორჩხალები, ლიფსიტები… დიდი თევზები ღია ზღვაში გადიან, მაგრამ აუცილებლად ბრუნდებიან და, როგორც პასაიელები ზიზღით იტყვიან ხოლმე, მათხოვრობენ და სუქდებიან. ამ თევზებს არავინ იჭერს, თუ ვინმეს მარცხი მოუვიდა და ანკესს წამოაგო, კატებს დაუთმობს, და მერე იწყება კატების და თოლიების დიდი ომი.

ალბათ, ჰიუგოს დროსაც ასე იყო. ამის შესახებ არაფერი დაუწერია, მაგრამ, ალბათ, ასე იქნებოდა. ალბათ ვიწრო, ბნელ ქუჩაზე, უფრო სწორად, თაღში, დამტვერილი მინის უკან მაშინაც ეკიდა ჯვარცმა, ალბათ მაშინაც გალობდნენ ფანჯრის რაფებზე იადონები, მაშინაც ემუქრებოდა შინიდან გამოსულს საფრთხე, რომ მეზობლის ქალი ტაშტიდან წყალს გადაავლებდა და მერე გაბადრული მიესალმებოდა: Agur! მაშინაც ამოჰყავდათ ბიჭებს ზღვიდან რვაფეხები და მაშინაც კოცნიდა ვიღაცა ვიღაცას. აბა, როგორ იქნებოდა.

უბრალოდ, მაშინ აქ ჰიუგო „ალპებს და პირენეებს“ წერდა, ახლა კი მე ვწერ, რომ აქ ჰიუგო „ალპებს და პირენეებს“ წერდა. ესაა და ეს.

© “არილი