ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ
“არასდროს უძებნია სახელი და დიდება. მეოცნებე, ფილოსოფოსი, განდეგილი, მარტოობასთან შეხმატკბილებული, სიტყვაძუნწი, დაღუპული სიყვარულის მომღერალი, პროვინციის თავმდაბალი მასწავლებელი, მუდამ ძველმოდურად ჩაცმულ-დახურული, დაღვრემილი… ნელა დაუყვებოდა ქუჩას ფიქრებში ჩაფლული, მთვარეულივით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ სადღაც სხვაგან იყო, ვერ ამჩნევდა ვერც მშვენიერ დილას, ვერც ქუჩას, არ ესმოდა ჩიტების ჟივილ-ხივილი”, – ანტონიო მაჩადოს ეს პორტრეტი დაგვიხატა რაფაელ ალბერტიმ, ასეთი დაამახსოვრდათ იგი გარსია ლორკას, მიგელ დე უნამუნოს, ხუან რამონ ხიმენესს. ყველამ იცოდა მისი ჩვევა, უყვარდა ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში ხეტიალი და ამ ხეტიალში იკვერებოდა ცნობილი განდეგილის ლირიკული გმირი და იკვეთებოდა მისი მრწამსი – “ოცნება მხოლოდ ფხიზელი მწამს, ჩვენ არ უნდა ვქმნიდეთ რაღაც განსაკუთრებულ სამყაროს, სადაც ეგოისტურად დავტკბებოდით ჩვენივე საკუთარი თავით, არ უნდა ვქმნიდეთ განსაკუთრებულ ცხოვრებას, სხვათათვის რომ მიუწვდომელი იქნებოდა…” თავდაპირველად თავის გზამკვლევად ფრანგ სიმბოლისტებსა და მოდერნისტ რუბენ დარიოს მიიჩნევდა, მაგრამ მის სამშობლოს მძიმე ჟამი რომ დაუდგა, ამ გოლიათისგან მხოლოდ ჩონჩხიღა შემორჩა, მისი პოეზიის ცაზე გაიფანტა მისტიკური ღრუბლები და ხმა აღიმაღლა: “დადგა დრო, ან შეიძლება ჯერ არ წასულა დრო, როცა ჩვენ, ესპანელებმა საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი შემეცნება, საით მივდივართ? საით მივდიოდით? ამ კითხვებს კი ასეთი კითხვაც მოსდევს: ვისთან ერთად მივდივართ? ვინ გახდება მომავალში ჩვენი თანამგზავრი ისტორიის გზაზე?..” მის პოეზიაში უკვე გაისმა განგაშის ზარები: “…გაიყიდა ესპანეთი, ხარბი გადამთიელები დაეპატრონებიან ცას, მიწას და წიაღს მისას. სულ ერთიანად გაიყიდა… ჩვენი რეაქციონერების ტრაგიკული ფუქსავატობის წყალობით. ჭეშმარიტად რომ მწირია მოღალატის გასამრჯელო, თუ მას შევადარებთ გაწეულ რისკსა და ამ ბოროტების შემაძრწუნებელ შედეგებს…” მის პოეზიაში და უფრო მკვეთრად პროზაში ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომ ისტორია არ არის მხოლოდ ეპოქათა უბრალო მონაცვლეობა და დროის ჩვეულებრივი დინება, რომ ეს არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა, რომ გუშინდელი დღე ებღაუჭება დღევანდელს და უკვე ეპოტინება ხვალინდელს, ამიტომ მკაცრად განსაზღვრა მომავალი თაობის გეზიც: “მე გავბედავ და ვურჩევ მათ, რაც შეიძლება მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ საკუთარი თავის მიმართ, მწვავედ და ნათლად გაიაზრონ თავიანთი ხელოვნების პრობლემები”.ანტონიო მაჩადოს მკითხველი უფრო პოეზიით იცნობს. თვით ესპანეთშიც გვიან დაიწყეს მისი ფილოსოფიური, ესთეტიკური, პოლიტიკური თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა.დღეს დიდი გულისყურით კითხულობენ მის პროზაულ ნაწარმოებს “ხუან დე მაირენა, მახვილგონივრული სენტენციები, ესკიზები და მოგონებები ერთი აპოკრიფული პროფესორისა”, რომელიც ცალკე წიგნად 1936 წ. გამოიცა. ძირითადი თემა შეიძლება ასეთი ფრაზით გამოიხატოს: “მთავარი ის კი არ არის, რომ პოეტმა საკუთარ “მე”-ს სძლიოს, არამედ მან “შენ” უნდა ეძებოს, ჩვენს სარკეში უნდა ვეძებოთ სხვა, ის, ვინც გვერდით გვიდგას”.
* * *
ფრანგულ სიმბოლიზმს რომანტიკული სუბიექტივიზმის აშკარა დაცემა მოჰყვება; მწიფდება XIX საუკუნის იდეების ნაგვიანევი, ანდა დროგადასული ნაყოფები. მხედველობაში მყავს მარსელ პრუსტი საფრანგეთში და ჯეიმს ჯოისი ინგლისში. ვერც პრუსტსა და ვერც ჯოისს პოეტებს ვერ ვუწოდებდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ განა ყველა სანაქებო პოემა, მთელს ეპოქას რომ მოიცავს, ლექსთამთხზველებს შეუქმნიათ?”დაკარგული დროის ძიებაში”, ასე ეწოდება მარსელ პრუსტის უსასრულო რომანს, რომლის აურაცხელი ფურცელი ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს წიგნი ოქროს გასაღებივით გვიხსნის XIX საუკუნის ფრანგული ბურჟუაზიული რომანების ფართო წრეს. ამ პოემაში ისმის მთელი საუკუნის მელოდიის ექო. პოეტი თითქოს იკვლევს საკუთარ ისტორიას, ჰეროიზმსა და იდეალებს მოკლებულ თავის სანიადაგდღეო არსებობას და ამ ცხოვრების ყოველ მოძრაობაში აღმოაჩენს წარმავალი შიშისა და იმედის უკიდეგანო რიგს. პრუსტის პოემა თუ რომანი (ეგებ რომანი არის კიდეც სახეშეცვლილი პოემა), რომანტიკული საუკუნის ამ უკანასკნელი მოჰიკანის ეს წიგნი იბადება მოგონებებიდან და არა წარმოსახვიდან, მისი თემაა მეხსიერებით შემონახული წარსული, რომელსაც არ ეღირსება მომავალი და ამდენად იგი სასიკვდილოდაა განწირული, თუმცა მოგონებებით გადარჩენა. თუ რომანს ლიტერატურული ცრურწმენების გარეშე განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ მისი მთავარი გმირი არის დრო, დრო გარდასული საუკუნის ნიშნით დაღდასმული, იმ დრომოჭმული საუკუნისა, მღელვარებით რომ უგდებს ყურს თავისივე თავს. პერსონაჟი, თავისი საწყალობელი, სნობის ცხოვრების ამბავს რომ მოგვითხრობს, უკვე საკმაოდ დაშორებია სტენდალის გმირს – ნაპოლეონის ეპოქის ემანსიპირებული ბურჟუაზიის ცოცხალ განსახიერებას, თუმცა კი ბევრი რამ უანდერძებია მისთვის ცინიკოსსა და მწვალებელ ჟიულიენ სორელს, ბანოვანთა კერპსა და ჰერცოგინიათა გულთამპყრობელს, მისი ცხოვრების მომხიბლაობის წყალობით, მაგრამ იმდენად მაინც არ დაშორებია, რომ ძირეულად გარდაქმნილიყო; ისიც იგივე ჟიულიენ სორელია, ოღონდ დაბერებული და გაცრეცილი, საკუთარ თავში რწმენადაკარგული, ვნება და ნებაგამოცლილი, თუმცა ფიქრისა და განსჯის უნარი კი შეუძენია. ბალზაკისეულ ახალ ბურჟუაზიას პრუსტი აკვირდება დაცემის ჟამს, როცა იგი თავდამსხმელი კი აღარ არის, არამედ თავდამცველია, როცა ცდილობს შექმნას თავისი საკუთარი ტრადიციები და გადაიქცეს არისტოკრატიად; მას უკვე აღარ გააჩნია ილუზიები, ოდენ ღრმა სევდა თუ შემორჩენია. პრუსტი დიდებული ფსიქოლოგია, მეტისმეტად ფაქიზი და ნატიფი; იგი გახლავთ ხსოვნის პოეტი, რომელმაც შესძლო ერთი თვალის გადავლებით, ვითარცა აგონიის ჟამს, მოეცვა ეპოქის მთლიანი სურათი. პრუსტი გახლავთ ავტორი ისეთი ლიტერატურული ძეგლისა, რომელიც თავის მხრივ, საბოლოო წერტილი აღმოჩნდა; იგი ამთავრებს მთელ საუკუნეს და გვტოვებს იმ კეთილშობილი მსახურივით, რომელსაც თან მიაქვს ოქროს გასაღები.
* * *
“ულისეც”, ირლანდიელი ჯეიმს ჯოისის წიგნი, პოეტის ქმნილებაა, მაგრამ თავისებურად დემონური. მე მას ვთვლი XIX საუკუნის ნაგვიანევ ნაყოფად და ასე მგონია, თუ რომანტიზმის ეპოქის წყალქვეშა დინებები არ შეგისწავლია, ერთ ფურცელსაც ვერას გაუგებ. ნეტავი გიჟმა ხომ არ დაწერა? მაგრამ სიგიჟე ხომ გონების სენია, ჯოისის მონოლოგს კი განზრახ, გულგრილად და ოსტატურად აქვს გამოცლილი გონი. მთელ წიგნში გონების ნატამალსაც ვერსად წააწყდებით, შეუძლებელია რაიმემ დაგაავადოთ, რამეთუ ავტორმა ადამიანის ბუნების მთავარი ნიშანი, გონი, თამამად მოისროლა სანაგვე ყუთში. დაუჯერებელია, ეს გონებასუსტობის შედეგი ყოფილიყო, რომლის დროსაც გახლეჩილი ცნობიერება აზრებს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ალაგებს გონივრულად; ასეთი წიგნი რომ დაწერო, მართლაც მძლავრი გონება უნდა გქონდეს, რათა თანმიმდევრობით და ზედმიწევნით გაწმინდო ათასობით ფურცელი ყოველგვარი ლოგიკური კავშირისგან. თუ პრუსტის წიგნი ხსოვნის პოემაა, მაშინ ჯოისის წიგნისთვის შეგვეძლო აღქმის პოემა გვეწოდებინა, რომელიც არ არის შებოჭილი ლოგიკური სქემით, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, თავისუფალია შეუწყობელი, ქაოტური შეგრძნებებისა და შინაგანი ასოციაციების ასევე ხმაშეუწყობელი ქოროს უშუალოდ გამოხატვაში. უაზრობაა, მოვითხოვოთ, რომ ეს წიგნი გასაგები იყოს, არც ერთი მისი სიტყვა არაფერს გვამცნობს. ზოგჯერ სიტყვები ფრაზებადაც ლაგდება და გვეჩვენება, თითქოს ისინი ლოგიკურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ შემთხვევით მოხვედრილან გვერდი-გვერდ, ანდა რაღაც ეშმაკეული მექანიზმით შეერთებულან. ამ წიგნში ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ელემენტს, რომელიც ქმნის გონებრივ ქაოსს, ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს პოეტისავე მომზადებულ დომხალში.პრუსტის რომანი, როგორც ეპილოგი, მთელი ლიტერატურული საუკუნის დამაგვირგვინებელია, ჯოისის წიგნი კი არის გზა არსაით, XIX საუკუნის ლირიკული სოლიფსიზმის ჩიხი. პიროვნების უკიდურესი ინდივიდუალიზაცია და ჰერმეტიზაცია არ ვარაუდობს რაიმე წინასწარდადგენილ ჰარმონიას, ეს გახლავთ მოაზროვნე სუბიექტის მიხრწნილების დასტური, მისი გედის სიმღერა, რომელიც – ნურც ამას დავმალავთ, – უმალ ყვავის ჩხავილს გვაგონებს.გერმანელმა კურციუსმა “ულისეს” ანტიქრისტიანული უწოდა და მართლაც, ისეთ წიგნს, რომელშიც ლოგიკის ჭაჭანებაც არ არის, არ არის და ვერც მიაგნებთ ეთიკას, ამ თვალსაზრისით, შეიძლება კიდეც ვუწოდოთ სატანური. და სულ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მორალური ფასეულობანი და იდეები ერთსა და იმავე სფეროში არსებობენ, ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ერთის გაქრობას გარდაუვლად მოჰყვება მეორის ნგრევაც.თანამედროვე ლიტერატურის ეს ერთი ნაწარმოები “ულისე” სრულ წარმოდგენას გვიქმნის მოვლენაზე, დღეს რომ სიურრეალიზმად იწოდება (ეს მცდარი სახელწოდება ცოტას კი გვაბნევს), მის არსზე, ინდივიდუალობის სრულ დაშლაზე გონებრივი ჰორიზონტის უზომო შეზღუდვის შედეგად. სუბიექტივიზმის ეს არაჯანსაღი განვითარება ხლეჩს ცნობიერებას და არ შეიძლება პიროვნებამ თავისი თავი არ ამოწუროს. ერთმანეთთან დაუკავშირებელ სახეთა ეს უთავბოლო ქარაშოტი უკვე ვეღარ ერთდება ცნობიერების ნაკადში; ერთნი ამოიზრდებიან არსების სიღრმიდან, მეორენი მოგვევლინებიან გარედან, მაგრამ ორივე ცდილობს გაცალკევებას და თავისთავში ჩაკეტვას, ისინი არ ქმნიან ფიქრისა და ჭვრეტის რაიმე ობიექტს, თუმცა კი ობიექტურის უსიამო სიცივეს ინარჩუნებენ.ჯოისის გაკვალულ გზაზე სიარული, ერთი შეხედვით, უფრო ძნელია, ვიდრე “დაკარგული დროის ძიებაში” წაკითხვის მერე რომანების წერა და მასაც ამ წიგნში, მისი უკიდურესობისა და აბსურდულობის მიუხედავად, ანდა შეიძლება სულაც მათი წყალობითაც კი, არის რაღაც მომავლისკენ მიმართული; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ესთეტიკური კოშმარი გაუსაძლისი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლოსაა გამოღვიძება; იგი დადგება და პოეტი დაბრუნდება ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდან, რათა დანტეს კვალად “იხილოს ვარსკვლავები” და მას, შინაგან სამყაროთა მარადიულ აღმომჩენს, კვლავაც გაეხსნება ბუნების სამყარო და გონების სასწაული.
* * *
იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ არაპოეტურ ეპოქაში ვცხოვრობდეთ, რომ მეტისმეტად დავშორდით ყველაზე უფრო ლირიკულ XIX საუკუნეს. მაგრამ აკი ყოველი საუკუნე უცილობლად ატარებს თავის წიაღში წინა საუკუნეების მემკვიდრეობას და თუ მის განსჯას მოვინდომებთ, ალბათ გაგვიჭირდება ერთი რომელიმე დამახასიათებელი ნიშანი გამოვაცალკევოთ. ვთქვათ XIX საუკუნის განხილვისას, ადვილი მოსალოდნელია, ყველაზე უფრო გამჭრიახი გონების კაციც კი შეცდეს, ისეთი, ჭეშმარიტი ხედვის უნარი რომ აქვს და ეს სულაც არ არის გასაკვირი. როგორც არ უნდა იყოს დავალებული XIX საუკუნე თავისი დროის ადამიანებისგან, მაინც უფრო მეტადაა დავალებული განმანათლებლობისა და ბაროკოს ეპოქისაგან, კიდევ უფრო მეტად აღორძინების უდიდესი მემკვიდრეობისგან და განუზომლად – ანტიკური სიბრძნისაგან. მცირედნი თუ მოიძებნებიან, ვისაც ძალუძს შეაფასოს თითოეული ამ საუკუნის წვლილი საერთო საკაცობრიო კულტურაში და ამოიცნოს მათ მიერ განაწილებული აქცენტები.თავად მე უყოყმანოდ ვაცხადებ, რომ სხვა ყველაფრის გარდა, XIX საუკუნე ლირიკისა და ხელოვნების სუბიექტური ფორმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კეთილსასურველი იყო.XIX საუკუნის ადამიანს, კარნოს დიდებული ეპოქის ადამიანს, კარნოსი, ვინც ბუნების საყოველთაო კანონად დრო აღიარა, – უჩნდება თავისი საუკუნის გრძნობა, უსმენს მას, იტანჯება მისთვის, უყვარს იგი და საუკუნეც ადამიანისთვის მისივე წარმავლობის სიმბოლოდ იქცევა. ამ ეპოქის ადამიანი თავს გრძნობს “საუკუნის პირმშოდ”, შეპყრობილია “საუკუნის სენით”, სწორედ მას ეკუთვნის და ჰმართებს კიდეც გამოაცალკევოს იგი წინა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ თვითონვე ცხოვრობს და კვდება მასთან ერთად. ყველა დროის ადამიანებს შორის შეიძლება იგი ყველაზე ნაკლებად მივიჩნიოთ ადამიანის კლასიკურ ნიმუშად, რამეთუ საკუთარ ინდივიდუალურ შემეცნებაშია ჩაკეტილი და არც ძალუძს თავისი შემოქმედება ობიექტურობის კანონს მიუსადაგოს, მისი ღრმა თავისებურება კი სწორედ ის არის, რომ დრო იქცევა მისთვის ერთ ყველაზე მაღალ ინტიმურ ფასეულობად; მისი მეტაფიზიკა ცოტა მოგვიანებით ჩამოაყალიბა ანრი ბერგსონმა: du vecu de l’absolu. ცხოვრება არის არსებობა დროში, მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც არსებობს. XX საუკუნეში ბერგსონისა და ზოგიერთი მისი მიმდევრის ნაშრომებში დიდებული რომანტიკული საუკუნის მსოფლშეგრძნება ბოლოს და ბოლოს მიდის საკუთარი თავის შეცნობამდე.იტყვიან ხოლმე, ლირიკული პოეზია იმიტომ კვდება, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო გაღარიბდაო. ამას თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს ყველას როდი ესმის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს, ადამიანის ინდივიდუალური შემეცნების ცნება გვიან გაჩნდა, იგი ტანჯვით გამოიტანა XIX საუკუნემ. ბერძნებისათვის, ცნობილი დელფოსური გამონათქვამის მიუხედავად, ეს ცნება უცხო იყო, არ იცოდა იგი აღორძინების ეპოქამაც, თუმცა ამის გამო, სხვათა შორის, მათ არც ადამიანურობა აკლდათ და არც სიღრმე. სინამდვილეში დაცემას განიცდის XIX საუკუნის ბრწყინვალე და სწორუპოვარი რომანტიკული პოეზია მხოლოდ და მხოლოდ, მისმავე ეგზალტაციამ შეიყვანა იგი ჩიხში, რაც არცთუ იშვიათი მოვლენაა ხელოვნების სფეროში. ეს დღესაც შეიმჩნევა რომანტიზმის ეპიგონებს შორის.თუკი თვალს მივადევნებთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს, არ შეიძლება არ შევამჩნიოთ ურიცხვი მიმდინარეობა, რომელთაც ალბათ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, საკმაოდ განსხვავებულებიც არიან, მაგრამ ერთი რამით კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს – ყველა ერთხმად ომს უცხადებს გონებას და გრძნობას, ანუ ადამიანთა ურთიერთობის როგორც ერთ, ისე მეორე ფორმას.
* * *
დადგება დღე, როცა პოეტები და ფილოსოფოსები როლებს გაუცვლიან ერთმანეთს, პოეტები ხოტბას შეასხამენ ფილოსოფოსთა დიდებულ მეტაფიზიკურ ქმედებებს და მათს ბრწყინვალე მიღწევებს, ანუ ყოფიერებას გაიაზრებენ დროის გარეშე, არსს არსებობის გარეშე. ანდა, როგორც იტყვიან, წარმოიდგენენ ისეთ თევზს, რომელიც ხმელეთზეც იცოცხლებდა, ხოლო წყალს – თევზის ილუზიად მიიჩნევენ. ადამიანთა ფანტაზიის ამ სასწაულებზე რომ იმღერონ, პოეტები თავიანთ ლირას ყვავილების წნულებით მორთავდნენ, ხოლო ფილოსოფოსები სამგლოვიარო ბაფთებს შემოაგრაგნიდნენ თავიანთ ვიოლებს და პოეტებივით დაიწყებდნენ ფიქრს fugit irreparabile tempus-ზე, და, როცა ამ რომანტიკულ თავდაღმართზე დაეშვებოდნენ, მიადგებოდნენ ეგზისტენციალურ მეტაფიზიკას, რომელიც ეფუძნება დროს, ოღონდ უფრო პოეზიისკენ გადაიხრებოდნენ, ვიდრე ფილოსოფიისკენ. მაშინ კი ფილოსოფოსები გვამცნობდნენ იმ სევდის ამბავს, რაც თავისი არსით პოეტურია და რასაც განიცდის ცოცხალი არსება არარას წინაშე, ხოლო პოეტი სინათლისა და მაღალფარდოვანი გამოთქმებით გაოგნებული გამოგვეცხადებოდა და ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ პოეტი და ფილოსოფოსი – მაგრამ არა როგორც მტრები – და თითოეული მათგანი დასჯერდებოდა იმ სფეროში მოღვაწეობას, რომელსაც მეორე დაუთმობდა.ამას იტყოდა მაირეხა, როცა იგი ჭვრეტდა მომავალს და ოცნებით წარმოადგენდა პოეტს, რომელიც ემსგავსებოდა პოლ ვალერის, ხოლო ფილოსოფოსს, რომელიც ემსგავსებოდა მარტინ ჰაიდეგერს.
* * *
ერთხელ, კარგა ხნის წინათ, მკითხეს, როგორ ფიქრობთ, პოეტმა ხალხისთვის უნდა წეროს, თუ “სპილოსძვლის კოშკში” ჩაიკეტოს (მაშინ დიდი გასავალი ჰქონდა ამ გამოთქმას) და კულტურის მაღალ სფეროებში არისტოკრატულ მოღვაწეობას მიეცეს, მხოლოდ რჩეულთა უმცირესობისთვის რომაა მისაწვდომიო. მე ისეთი პასუხი გავეცი, რომ ზოგიერთს ორჭოფული ანდა გულუბრყვილოც კი მოეჩვენა: “ხალხისთვის წერა! ამაზე უკეთესი რა შეიძლება ვისურვოო, იტყოდა ხოლმე ჩემი მასწავლებელი. ხალხისთვის რომ მინდოდა წერა, სწორედ ამიტომ ვისწავლე მისგან ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა მხოლოდ მცირედი თუ შევითვისე იმისა, რაც მან იცის. ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა წერდე ადამიანისთვის, ჩვენი ტომის, ჩვენი მიწის, ჩვენი ენის ადამიანისთვის, ეს არის ის სამი ამოუწურავი წყარო, რომლის სიღრმეში ვერასოდეს ჩავაღწევთ და ვერასოდეს შევიცნობთ ბოლომდე; უფრო მეტიც, ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ გავცდეთ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს და სხვა ტომის, სხვა მიწის, სხვა ენის ხალხისთვისაც ვწეროთ. ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ იყო სერვანტესი ესპანეთში, შექსპირი – ინგლისში, ტოლსტოი – რუსეთში. ეს ის სასწაულია, რომელიც მხოლოდ გენიოსისთვისაა მისაწვდომი. ეგებ სხვებმაც შესძლეს ეს თავისდაუნებურად, სულ რომ არ უფიქრიათ. დადგება დღე, როცა ხალხისთვის წერა პოეტის უპირველესი მოთხოვნილება გახდება, მისი უმაღლესი და გააზრებული მისწრაფება იქნება. მე კი ერთი უბრალო შეგირდი გახლავარ პოეზიის მხიარული მეცნიერებისა და ასევე დავრჩები ფოლკლორისტად, ხალხური სიბრძნის სკოლის თავისებურ შეგირდად.მე ისე ვუპასუხე, როგორც მართებდა ესპანელს, ვინც თავისი ესპანური ეროვნულობის შეგრძნებითაა გამსჭვალული, ვისაც კარგად ესმის, ანდა აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ ესპანეთში ყველაფერი ბრწყინვალე და დიდებული შექმნილია ხალხისთვის ან ხალხის მიერ, რომ ესპანეთში ყველაფერი, რაც არისტოკრატულია, გარკვეულწილად ხალხურიცაა.
* * *
ერიდეთ ლიტერატურულ მანერულობას, თვითმყოფადობის ამ უბოროტეს მტერს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ წერთ უკვე კარგად დაღვინებულ, ფოლკლორითა და ხალხური სიბრძნით გაჯერებულ ენაზე; სწორედ ეს ფოლკლორი იყო ის წმინდა თიხა, რომლისგანაც გამოძერწა სერვანტესმა ყველაზე უფრო თვითმყოფადი ლიტერატურული ქმნილება, ყველა დროის კუთვნილება. მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ მანერულობის მიმდევრებს, ზედაპირულსა და გარეგნულად ვითომ განსხვავებულს რომ ეტანებიან, საბაბი მიეცემოდათ თქვენთან კამათისა, თუ თქვენს შემოქმედებაში არ ჩასდებდით მთელს თქვენს გულსა და გონებას და მხოლოდ ეროვნულობით არ მოიწონებდით თავს.
* * *
თუ ოდესმე ისეთ ალყაში აღმოჩნდებით, როგორშიც ნუმანსიელები მოაქციეს რომაელებმა, ერთადერთი გონივრული გამოსავალი ისევ და ისევ ნუმანსიური უნდა იყოს, რასაც ისტორია გვიამბობს და ლეგენდებიც ადასტურებს.აღსასრული რომ დადგება, გაიხსენეთ, რას გვეუბნება ესპანური ანდაზა: “ლაჩრებზე არასოდეს არაფერი დაუწერიათ”, ამიტომ მთელი ცხოვრება იმაზე უნდა იფიქროთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, თქვენზეც დაეწერათ რამე”.
* * *
ელ გრეკო არის მიქელანჯელოს აზროვნება. რაც კი დინამიურია ბაროკოში, ბუონაროტისგან იწყება და დომენიკო თეო ტოკოპულოსთან მთავრდება. თუ ბაროკოში კიდევ იყო სხვა რამ დინამიური, ეს გახლდათ თეატრი, სადაც დინამიზმი ყველაზე ბრწყინვალედ კალდერონის შემოქმედებაში წარმოჩინდა.
* * *
ერთ მშვენიერ დღეს შეიყრებიან დიდი ერები, რათა მსოფლიოში მშვიდობა დაამყარონ, მაგრამ ნეტავ თუ შესწევთ იმის ძალა და უნარი სისრულეში მოიყვანონ ეს თავიანთი განზრახვა! – ასე სჯიდა მაირენა კაფეში. – თუმცა მთავარი ეს სულაც არ არის. მთავარი სულ სხვა რამაა და აი, რა: ნებისმიერ შემთხვევაში პრესტიჟი შეუნარჩუნონ ერთა ლიგას. ვთქვათ ორ მცირე ერს შორის წარმოიშვა კონფლიქტი; ასეთ დროს დიდი სახელმწიფოები მამობრივ რჩევას მისცემდნენ მათ, უნდა შერიგდეთო. ახლა დავუშვათ, რომ მცირე ერები გაჯიუტდნენ და მათ რჩევას ყურიც არ ათხოვეს, მაშინ, რა გაეწყობა, დიდი სახელმწიფოები იტყვიან, “ჩვენ თუ განზე არ დავდგებით, ამ პიგმეების ეს პატარა ომი შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოს და გოლიათებიც ჩაითრიოსო”. და რაკი სრული მშვიდობის ჩამოგდება ვერ მოხერხდება, ერთა ლიგა იმას მაინც ეცდება, როგორმე მაქსიმალურად შეზღუდოს ომი, რითაც თავისი პრესტიჟის შენარჩუნებასაც მოახერხებს. ახლა დავუშვათ ისიც, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის მოხდა კონფლიქტი, მაშინ ერთა ლიგა შეაჩერებს თავის არსებობას და რასაკვირველია, არარსებული ორგანიზაციის პრესტიჟის დაკარგვის საშიშროებაც აღარ იქნება.- მაგრამ ჩემო მეგობარო მაირენა, როცა კონფლიქტის მიზანი ის არის, რომ დიდმა ერმა მოინდომა მცირე ერის გადასანსვლა, მაშინ სხვა დიდი ერები ანუ ლიგის წევრები, რას მოიმოქმედებენ?- ეცდებიან, როგორმე ხელი შეუშალონ და ასეთი ბოროტმოქმედება აღკვეცონ, ძვირფასო კოსმე.- მაგრამ თუ დიდი ერები მაინც თავისას დაიჩემებენ და ეცდებიან თავისი პატარა მეზობლის გადასანსვლით უფრო მომაგრდნენ და ჯანი შეიმატონ!..- მაშინ, სხვა დიდი ერები კიდეც წააქეზებენ, გადასანსლეთ, მაგრამ საერთო სახელითო. აი, ასე და ამგვარად, კვლავაც გადარჩება ერთა ლიგა.
* * *
მუდამ იმას გიკიჟინებდით (და არც მოვიშლი ამას -, როგორებიც ხართ, იმაზე უკეთესები გახდით-მეთქი, მაგრამ ესპანელობაზე რომ ხელი აიღოთ, ამას არასოდეს გეტყვით. ჩემი ქვეყნის სიყვარულში ვერავინ შემეჯიბრება და არც ბევრი მეგულება ჩემზე მეტად ამაყობდეს ჩვენი მოდგომის ხალხითა და მისი ღირსებებით, თუნდაც ასე დაუნდობლად ვკიცხავდეთ საკუთარ თავს და მეტისმეტ ლმობიერებას ვიჩენდეთ ჩვენი მეზობლების მიმართ. მართლაც ესპანელი უნდა იყო, რომ ესპანეთსა და მის ნაკლოვანებებზე ისე ილაპარაკო, როგორც დღეს ლაპარაკობენ. ამაში არაფერია გაუგებარი ან არაბუნებრივი, რამეთუ არ არსებობს მანკიერება, რაც თავად არ გააჩნდეს და არ არსებობს ტანჯვა, რაც თავად არ განეცადოს ადამიანს. აზრთა ასეთი მდინარება პატიოსანიცაა, გულწრფელიც და ღრმად ადამიანურიც. გთხოვთ, სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდეთ ეს და ერთგულად იცავდეთ.ისინი, ვინც ესპანეთზე ისე ლაპარაკობს, როგორც სავაჭრო ფირმაზე, რომლის პრესტიჟი მსოფლიო ბაზარზე უნდა დაიცვა, რაც არ უნდა დაგიჯდეს, ისინი, ვისთვისაც პატრიოტული ვალი მდგომარეობს რეკლამაში, ხინჯის დამალვაში, იმსახურებს ნამდვილი პატრიოტის წოდებას, – ამას დავუშვებ, – მაგრამ მათ არავითარ შემთხვევაში არ ვუწოდებთ ნამდვილ ესპანელებს. მე ვამბობ, ისინი შეიძლება იყვნენ კიდეც ნამდვილი პატრიოტები, რამეთუ მათთვის ესპანეთი, სხვა ევროპული ქვეყნების მიხედვით, წარმოადგენს ერთგვარ კორპორაციას, რომელსაც კიდეც ევალება მთელი ფსონი ერთ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაში ჩამოვიდეს და ამიტომაც არც მის მტკივნეულ მხარეებს გაამჟღავნებს, პირიქით, ხელსაც შეუწყობს და არც ეროვნული სიამაყის გრძნობა დაავიწყდება. თუმცა ასეთი აზრები ღრმად ანტიესპანურია. ესპანეთს არასოდეს უბრძოლია ეროვნული სიამაყის, ანდა რასობრივი უპირატესობის დროშით, იგი მუდამ იბრძოდა ადამიანური ღირსების სახელით, ანდა ღმერთის სიყვარულის სახელით, რაც ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივეა, მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ.
* * *
პოეზია არის დიალოგი ადამიანისა თავის დროსთან, – იტყოდა ხოლმე მაირენა. პოეზია არის ის, რასაც პოეტი დროის დინებიდან ამოზიდავს და უკვდავჰყოფს; ძალზე ძნელი საქმეა ეს და დროც საკმაოდ სჭირდება, ლამის მთელი ის დრო, რაც პოეტს აქვს განკუთვნილი. პოეტი მებადურსა ჰგავს, ოღონდ იგი ჩვეულებრივ თევზს როდი იჭერს, იგი იჭერს ისეთ თევზს, წყლიდან რომ ამოიყვან და მაინც იცოცხლებს, ანუ უკვდავს, ამის თქმა მინდოდა.
* * *
ჩვენ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ პოეტი სხვებზე ცხადად უნდა ხედავდეს მომავალს, “into the seed of time”, როგორც უთქვამს შექსპირს, ამასთან, მუდამ გოეთეს გულისხმობენ, თუმცა ადამიანურისა და ღვთაებრივისთვის მისი წინასწარმეტყველება, ცოტა არ იყოს, კიდეც გვღლის თავისი აბსოლუტური და უდავო ჭეშმარიტებით. თუმცა გოეთე არ ყოფილა ერთადერთი პოეტი, მასზე უფრო დიდებიც ყოფილან დიდი ნათელმხილველები, მაგრამ ისინი ყველაზე ადრე წარსულს ჭვრეტდნენ ცხადად. პოეზია კი უპირატესად ხედვაა, ეს კი მხოლოდ მანძილიდან შეიძლება. ამიტომ მივუტევოთ პოეტს, თუ მომავლისა და წარსულისკენ უფრო აქვს მიპყრობილი თვალი და თითქმის ვერასოდეს ხედავს აწმყოს, ვერ ამჩნევს სახეებს, ლამის თვალებში რომ ეჩხირება და რომელსაც ჩვენ ვეპოტინებით.ქარი, ბრმა ჰომეროსს რომ სახეში სცემდა, ზღვის ბორგვა, მის ყურებში რომ ხმიანობდა, ამას ჰქვია სწორედ თანამედროვეობა.ლირიკული პოეზიის სახეებიასე გეგონებათ, ჩვენს დროში ხელოვნებამ თავისი მნიშვნელობის რწმენა დაკარგაო და ეს თითქმის ყველაფერში ვლინდება. იმ რწმენაზე მოგახსენებთ, ახალი დროის პირველ ათწლეულში რომ დაიბადა (არიოსტო იტალიაში, სერვანტესი ესპანეთსა და მთელს მსოფლიოში), მაგრამ XIX საუკუნის რომანტიკოსებისა და მოგვიანებით სიმბოლისტთა ლირიკაში, განსაკუთრებით ვაგნერის მუსიკაში თავი იჩინა ერთგვარმა მედიდურობამ, ხოლო ჩვენს დროში, წარმოიდგინეთ, ხელოვნება აღარც ხელში შემყურეს მდგომარეობას თაკილობს. დღეს ხელოვნება უკვე აღარც მოითხოვს ყურადღება მომაპყარითო; ეს შეიძლება გაუცნობიერებელი ხერხი თუ ეშმაკობაც კი იყოს, ოღონდ კი თავი როგორმე გადაირჩინოს, რაკი პირმშოს უფლებებზე ხელს აიღებს, მაგრამ ჯერ ფაქტზე ვთქვათ, ამ მოვლენამ, ესოდენ თვალსაჩინო რომ გახდა ბოლო ხანებში მოღვაწეთა შორის, ერთობ საყურადღებო შედეგიც გამოიღო ლირიკულ პოეზიაში. საკმარისია პოეტს ეჭვი გაუჩნდეს, ეგებ მართლა ჩემს გულშია სამყაროს ცენტრი, სული კი მჩქეფარე წყარო შემოქმედებითი ენერგიის შემკრები ფოკუსიაო, რომელსაც ძალუძს კიდეც შექმნას და კიდეც დაანგრიოს ეს სამყარო, მისი სული კვლავ დაიწყებს საგანთა ირგვლივ ბორიალს. პოეტი ეჭვის თვალით დაუწყებს ყურებას საკუთარი ემოციების მნიშვნელობას და რაკი ემოციები ფასს კარგავს, ნივთის გაფეტიშებას დაიწყებს. სახეები აღარ გამოხატავენ პოეტის შინაგან სამყაროს, რაკი თავად პოეტი არად მიიჩნევს საკუთარ, ღრმა პირად გრძნობებს, ისკიარადა, კიდეც ერცხვინება მათი გამჟღავნება. სახეები ტრანსსუბიექტურ და საგანთა თვისებებსაც შეიძენს. მაგრამ თუ პოეტი მაინც გააცნობიერებს საკუთარი შინაგანი სამყაროს ასეთ გაუფასურებას, იგი იმასაც მიხვდება, რომ ასევე გაუფასურდება გარე სამყაროც, რამეთუ სწორედ პოეტის გრძნობები ანიჭებდა თუ ანიჭებდა მომხიბლაობას გარე სამყაროს, ახლა უკვე დაღუპული ანდა გადაგვარებული სახეები განიცდიან მატერიალიზაციას, გათითოვდებიან, თავისუფლდებიან გულის ხუნდებისგან, რაც მანამდე აკავებდა და პოეტს ეჩვენება, რომ ისინი თავზე ემხობა, კედელთან მიიმწყვდევს, აღარც ემორჩილება და კიდეც დასცინიან. სახეთა ამ სიმართლეში პოეტი უკვე შეიგრძნობს თავის შინაგან მარცხს, თვითონვე ეცინება საკუთარ თავზე და საკუთარი თვალით ხედავს თავის ქმნილებებში იმ მექანიკურ სათამაშოებს, რომელიც მხოლოდ ბავშვის გასართობად ივარგებს.უახლესი ლიტერატურა მხოლოდ გარეგნული ნიშანია იმ სიღრმისეული მოვლენებისა, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს და ეს მოვლენა სხვა არაფერია, თუ არა სულიერ ფასეულობათა ევოლუცია. ჩვენ ვცხოვრობთ ღრმა კრიზისის ეპოქაში. ჩვენი გულების რიტმი დარღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულები ეძებენ რაღაც სხვა, ახალ რიტმებს. ასეთ ეპოქაში ხელოვანის შემოქმედებითი შრომა, მით უფრო ლირიკული პოეტისა, გარდაუვალად მიექანება იქით, რომ გახდეს, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, რაღაც სხვა, მეორეხარისხოვანი ანდა ჩამორჩენილი, საუკუნეს რომ ვერ დაეწევა.
* * *
უწინარეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ პოეზია, განსაკუთრებით ლირიკული პოეზია დიდი პრობლემა გახდა; ავია თუ კარგი, ასეა; მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ პოეტები და უმალ პოეტები, თვითონვე დაიკავებენ ხოლმე კრიტიკულ პოზიციას საკუთარი შემოქმედების მიმართ, თვითონვე გაიაზრებენ თავიანთ შემოქმედებას და ეჭვქვეშაც თავადვე აყენებენ. ეს მოვლენა ხშირი კი არ არის ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ არც იშვიათია. თუმცა ისეთი დღეებიც გამოერევა ხოლმე, როცა პოეტს რწმენა უბრუნდება და თავისი ნაღვაწის უკვდავების იმედიც უჩნდება. პოეტს ხომ აზრად არ მოუვა დასვას კითხვა, თუ რა არის პოეზია, არც იმის კვლევას მოჰყვება, ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს ეს პოეზია, ანდა წარმოადგენს საერთოდ რაიმეს, თუ არა; ხოლო ასეთი პოზიცია საკუთარი თავის, ანუ პოეტის მიმართ, იმას მოწმობს, რომ იგი ცხოვრობს მისთვის უცხო სულიერ ატმოსფეროში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოეტები – ისინი კი არცთუ უკანასკნელნი შეიგრძნობენ კულტურის სიღრმისეულ დინებებს, – ბუნდოვნად მაინც ხვდებიან, რომ მათი შემოქმედება დროის დინებას ვერ მიჰყვება. ნურც ის დაგვავიწყდება, სხვათა შორის, რომ თითქმის არ არსებობენ პოეტები, რომლებიც თავიანთი შემოქმედების დამქანცველ ადვოკატურას არ ეწეოდნენ, თუნდაც გუმანით არ ხვდებოდნენ, რასაც იქმნიან, ანდა ეჭვი არ ეპარებოდეთ, რომ მათი ხელოვნება უმრავლესობისთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ეს მტანჯველი წუხილი მათ ზოგჯერ მცდარი გზისკენ უბიძგებს, ან მახინჯ ფორმებსაც კი იღებს, მაშინ პოეტი ან უარყოფს ყველაფრის ესთეტიკურ ღირებულებას, რაც მანამდე შეუქმნია, ანდა თავის ნაღვაწს სიტყვაში განხორციელებულ სასწაულად, სწორუპოვარ, უებრო ქმნილებად აცხადებს და ამით არად აგდებს განსჯის ყველაზე ელემენტარულ ნორმებს. არც ისეთი პოეტების ნაკლებობას განვიცდით, ცინიკოსის პოეზიას რომ დაიკავებენ, – ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით – და არც იმათსას, რაღაცეებს რომ მიედ-მოედებიან.
© “არილი”