Posted on

არისტოფანე – ბაყაყები

aristofane554

ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა

ანტიკური პოსტმოდერნიზმის ნიმუში

არისტოფანეს „ბაყაყები“ მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. მსოფლიო ლიტერატურის ამ შედევრში დრამატურგია პირველად გახდა თავად დრამატურგიის სამიზნე, ლიტერატურა პირველად გახდა ლიტერატურის ასახვის საგანი, პირველად შეიქმნა მეტა-ლიტერატურა, მეტა-დრამა. გასაოცარია, მაგრამ იმ თავზარდამცემი ტრაგედიიდან, რაც ძვ.წ. 506 წ. თავს დაატყდა მთელ საბერძნეთს, განსაკუთრებით კი ათენსა და მის თეატრს, როდესაც მიყოლებით გარდაიცვალნენ ანტიკური ტრაგედიის უკანასკნელი გიგანტები: ევრიპიდე, სოფოკლე და აგათონი, არისტოფანემ მხიარული, ელვარე, ფერადოვანი და გონებამახვილური კომედია შექმნა.

„ბაყაყებში“ საკუთრივ ამბავი, როგორც ყოველთვის არისტოფანესთან, სრულიად წარმოუდგენელი, ფანტასტიკური, გროტესკული, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ დამაჯერებელი, მარტივი და ადვილად გასაგებია: დიდი დრამატურგების გარეშე დარჩენილი თეატრის ღმერთი, დიონისე, გადაწყვეტს ჰადესიდან ამოიყვანოს და ათენის სცენას დაუბრუნოს რომელიმე გენიალური ტრაგიკოსი პოეტი. მისი არჩევანი ევრიპიდეზე ჩერდება, რადგან ამასწინათ, გემით მგზავრობისას სწორედ ევრიპიდეს ტრაგედია, „ანდრომედე“, წაუკითხავს და ჯერაც შთაბეჭდილების ქვეშაა. ჰადესში მოსახვედრად მას სათანადო ინფორმაცია სჭირდება და დიდი ღმერთი კონსულტაციას იღებს დიდი გმირისაგან, ჰერაკლესაგან, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, თავისი ერთ-ერთი გმირობის ჩასადენად ჰადესში უკვე უმოგზაურია და იქიდან ექიდნასა და ტიფონის ნაშიერი, ჰადესის მრავალთავიანი ძაღლი კერბეროსიც კი ამოუყვანია.

იწყება დიონისესა და მისი მონის, ქსანთიას, სასაცილო მოგზაურობა ჰადესში. ღმერთისა და მონის ამ დაუვიწყარ წყვილს უზარმაზარი გავლენა აქვს მოხდენილი მსოფლიო ლიტერატურაზე. მის გარეშე არც დონ კიხოტისა და სანჩო პანსას წყვილი იქნებოდა, არც დონ ჟუანისა და სგანარელისა, არც დონ ჯოვანისა და ლეპორელოსი, არც ფაუსტისა და მეფისტოფელისა, არც ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლისა. აქ ყველაფერია: ბუფონადითა და გაუთავებელი კალამბურებით დაწყებული ტანსაცმლისა და როლების გაცვლით დამთავრებული. ბერძნული სულიერების ყველაზე პირქუში პერსონაჟები და ადგილები მოულოდნელად სასაცილო და სახალისო ეპიზოდებს შემოგვთავაზებენ. მხიარულ სურათებს გაითამაშებენ: მიცვალებული, რომელსაც ბარგის წაღებაზე ვერ მოელაპარაკებიან, რადგან მეტისმეტად დიდ ანაზღაურებას მოითხოვს; ქარონი, რომელიც აქერონზე გადასაყვანას ტრადიციული ობოლის ნაცვლად, ათენის სოციალური ცხოვრების გავლენით, ორ ობოლად დააფასებს; ბაყაყები, რომელთა „სიმღერა“ ანუ გაუთავებელი ყიყინი მოსწონთ მუზებს; ეაკოსი, რომელიც იმის გასარკვევად, თუ რომელია დიონისესა და ქსანთიას შორის ღმერთი, ორივეს სცემს, რომ ტკივილით მათში მოკვდავი იპოვოს, მაგრამ ღემრთიცა და მონაც იოლად დამალავენ ტკივილს; პერსონაჟი დიონისე, რომელიც მთელ ორქესტრას გადაჭრის და თეატრის პირველ რიგში მჯდომ ნამდვილი დიონისეს ნამდვილ ქურუმს მივარდება, მიშველეო და ა.შ.

არისტოფანემ დრამატურგიის ოქროს მასალად აქცია ესქილესა და ევრიპიდეს ტექსტები. დრამატურგები ერთმანეთს ტყვიებივით ახლიან ციტატებს საკუთარი და მოწინააღმდეგის ტრაგედიებიდან, შედარებების, მეტაფორებისა და ჰიპერბოლების ამ ლიტერატურულ კარნავალში, სიტყვიერების ამ ფეიერვერკში ღმერთი დიონისე, ბოლოს და ბოლოს, გაერკვევა და დედამიწაზე დასაბრუნებლად ევრიპიდეს ნაცვლად ესქილეს აირჩევს. როდესაც ევრიპიდე განაწყენდება, თეატრის ღმერთი მას საკუთარი ხერხით განაიარაღებს, დრამატურგს „დაახრჩობს“ ციტატებით ევრიპიდედან.

„ბაყაყები“ არაჩვეულებრივი წარმატებით სარგებლობდა საუკუნეების განმავლობაში და მისი პოპულარობა დღემდე გრძელდება: გილბერტისა და სალივანის ოპერეტაში „პენზანსის პირატები“, გენერალ-მაიორი სტენლი თავის შესავალ სიმღერაში საკუთარი სამეცნიერო მიღწევების ჩამოთვლისას ადასტურებს, რომ იგი „იცნობს არისტოფანეს ბაყაყების მოყიყინე გუნდს“. „ბაყაყები“ ფიგურირებდნენ ჯეიმს ჯოისის „ფინეგანებში“, საკულტო ფილმ „სტარ ტრეკში“ ერთ-ერთი პერსონაჟი „ბაყაყების“ საგუნდო პარტიას ღიღინებდა… კომპოზიტორმა სტივენ სონდჰაიმმა დაწერა მიუზიკლი „ბაყაყები“, რომელშიც ძველი ბერძენი დრამატურგები ინგლისელი გენიოსებით ჩაანაცვლა, „ძველი“ ესქილე — უილიამ შექსპირითა და „ახალი“ ევრიპიდე — ბერნარდ შოუთი. მიუზიკლი იელის უნივერსიტეტის საცურაო აუზში დაიდგა 1974 წელს და მას დიდი წარმატება ჰქონდა.

მთარგმნელი

 

მ ო ქ მ ე დ ნ ი   პ ი რ ნ ი

 

ქ ს ა ნ თ ი ა, მონა

დ ი ო ნ ი ს ე, თეატრის ღმერთი

ჰ ე რ ა კ ლ ე

ც ხ ე დ ა რ ი

ქ ა რ ო ნ ი

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი ს გ უ ნ დ ი

ზ ი ა რ ე ბ უ ლ თ ა გ უ ნ დ ი

ე ა კ ო ს ი

პ ე რ ს ე ფ ო ნ ე ს მ ო ა ხ ლ ე

ო რ იმ ე ფ უ ნ დ უ კ ე ქ ა ლ ი

პ ლ უ ტ ო ნ ი ს მ ს ა ხ უ რ ი

ე ვ რ ი პ ი დ ე

ე ს ქ ი ლ ე

პ ლ უ ტ ო ნ ი

 

 

 

პ რ ო ლ ო გ ი

 

ორქესტრის სიღრმეში ორი სახლია: მარჯვნივ — ჰერაკლესი, მარცხნივ კი — პლუტონისა. მარჯვენა პაროდოსიდან შემოდიან დ ი ო ნ ი ს ე და მისი მონა ქ ს ა ნ თ ი ა. დიონისეს ფეხზე კოთურნი აცვია, ხოლო ტანზე — ქალის მეწამული ქიტონი, რომელზეც ლომის ტყავია გადაკრული; ხელში კომბალი უჭირავს. ბუტაფორიულ ვირზე შემჯდარი ქსანთია ვეება ფუთას მოათრევს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არ გინდა, ბატონო, ისეთი ხუმრობა,

რაზეც იცინიან სულ მაყურებლები?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მითხარი, თუ გინდა, ოღონდ „ვიჭყლიტები“

ნუღარ წამოგცდება, ყელში ამოვიდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

5          უფრო მოსწრებული?

 

დ ი ო ნ ი ს ე

არ თქვა: „მემძიმება“.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

უფრო სასაცილო?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთმანი, რაც გინდა,

მითხარი თამამად. ის არ თქვა…

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა არ ვთქვა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რომ ფუთის ტარებით ნამდვილად ჩაისვრი.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არც ეს: „ამოდენა ტვირთი რომ ამკიდეთ,

10        თუ არ მომაცილებთ, ქარებს გამოვუშვებ?“

 

დ ი ო ნ ი ს ე

ო, მეტი აღარ თქვა, თორემ ვაღებინებ.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მაშ, რა საჭიროა, ეს ფუთა ვათრიო,

თუ კრინტსაც ვერ დავძრავ? ფრინიქე, ლიკისი,

ანდა ამიფსია ასე არ შვრებიან?

15        მონები მაგათთან სულ ტვირთს ატარებენ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ ნუ გააკეთებ!“ თეატრში რომ ვზივარ,

ამდაგვარ „სიბრძნეებს“ როგორც დავინახავ,

მაშინვე ერთი წლის სიცოცხლე მაკლდება.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

სამგზის უბედური ყოფილა კისერი:

20        გაიჭყლიტება და ვეღარც გაიხუმრებს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

განა თავხედობა არ არის, მითხარით,

რომ მე, დ ი ო ნ ი ს ე, ძე სტამნიოსისა,

ქვეითად ვირჯები, ეს — ვირზე შემოვსვი,

რომ არ დაიღალოს, სიმძიმე არ ზიდოს?!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

25        როგორ, მე არ ვზიდავ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ ვირზე ხომ ზიხარ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვზივარ, ვეზიდები.

 

დ ი ო ნ ი ს ე

როგორ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

უმძიმესად.

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენც და მაგ ფუთასაც ვირი არ გატარებთ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ზურგზე ხომ მკიდია? ჰოდა, მე ვატარებ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ როგორც ატარებ, ისე გატარებენ.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

30        არ ცივი, ეს მხარი კი ჩამომივარდა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

თუკი სახედრისგან არ გაქვს სარგებლობა,

მაშინ შეიცვალეთ: ვირი შენ ატარე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვაი მე უბედურს! ზღვაზე რომ მებრძოლა,

ხომ იქვითინებდი, მარტო დარჩენილი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

35        ჩამოდი ვირიდან, არაფრის მაქნისო!

უკვე იმ კართან ვართ, რომელსაც პირველად

უნდა მივაკითხოთ.

(აკაკუნებს)

ბიჭო, ბიჭო-მეთქი!

ჰ ე რ ა კ ლ ე

(კარს უკან)

კარს ვინ უბრაგუნებს? ეს რა კენტავრული

ბრახუნი ატეხეს!

(კარს აღებს)

რა გინდა, მითხარი!

 

დ ი ო ნ ი ს ე (ხმადაბლა, ქსანთიას)

40        ბიჭო!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

თუ ნახე?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა უნდა მენახა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

როგორ შეეშინდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ეს კაცი გადამრევს!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

(ხარხარებს)

ხა! ვფიცავ დემეტრეს, სიცილს ვერ ვიკავებ!

ტუჩი დავიკბინე, მაინც მეცინება!

 

დ ი ო ნ ი ს ე

აქ მოდი, საბრალოვ, რაღაცა მჭირდება.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

45        სიცილს ვერ ვიკავებ, დიაცის მეწამულ

ამ ქიტონს რომ ვხედავ, ლომის ტყავგადაკრულს.

ეს ვინ ჭკვიანია?! კოთურნი კომბალთან?!

გზა საით გიჭირავს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე რომ კლისთენესთან…

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

რა, ზღვაზე იბრძოდი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ხო, მტრის ხომალდებიც

50        ჩავძირეთ ათი თუ თორმეტი, არ მახსოვს.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ორმა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

გეფიცები!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

… აქ გამომეღვიძა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და იქ წავიკითხე, გემზე, „ანდრომედე“.

როგორც გავასრულე, უმალ სიყვარულმა

ვეებამ, ძლიერმა შემიძრა ეს გული.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

55        მაინც რამოდენამ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მოლონისოდენამ.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ქალია?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ოჰ, არა.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ბიჭი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

არა-მეთქი!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

მაშ, კაცი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

აპაპა!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ვაჰ! იქნებ კლისთენე?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ძმაო, ნუ დამცინი, საშინელ დღეში ვარ;

ოჰ, ეს სურვილია, რომ მტანჯავს სასტიკად.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

60        რომელი, ძამიკო?

 

დ ი ო ნ ი ს ე

არ ძალმიძს გამოთქმა;

მაგრამ, რომ გამიგო, გეტყვი ქარაგმულად:

შენ ფაფა ოდესმე თუ მოგნატრებია?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ფაფაო? ოხ! ოხ! ოხ! კი! ათიათასჯერ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ნათლად აგიხსენი, თუ „სხვაც ვთქვა რაიმე“?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

65        ფაფაზე? არ მინდა. მშვენივრად მიგიხვდი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჰოდა, მეც ასეთი ნატვრა და სურვილი

მკლავს ევრიპიდესი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

და ის რომ მკვდარია?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვერ გადამარწმუნებს კაცთაგან ვერავინ:

მე მასთან მივდივარ.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ჰადესის სიღრმეში?

 

დ ი ო ნი ს ე

70        ღმერთმანი, თუნდ უფრო ღრმად იყოს, მივაგნებ.

 

ჰ ერ ა კ ლ ე

რად გინდა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მჭირდება ნამდვილი პოეტი.

„ძველები არ დარჩნენ; ვინც დარჩა, არ ვარგა“.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

რაო, იოფონტი არ დარჩა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეგ ერთი

თუ დამრჩა ვარგისი… ისიც მეეჭვება,

75        ჯერ კარგად არც ვიცი, როგორი იქნება.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

კაცო, ევრიპიდეს სოფოკლე არ სჯობდა?

იმას მიაკითხე, თუ იქით მიდიხარ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

არა, იოფონტი უნდა შევამოწმო,

სოფოკლეს გარეშე რისი მაქნისია.

80        თანაც ევრიპიდე თაღლითი კაცია,

ვშიშობ, შეეცდება იქიდან გაქცევას.

აქ წყნარ სოფოკლეს კი იქ რაღა შეცვლიდა?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ხოლო აგათონი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ის ჩვენგან წავიდა —

კარგი პოეტი და ტკბილი მეგობარი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

85        სადაა საწყალი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ნეტართა ნადიმზე.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ქსენოკლე?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ზევსს ვფიცავ, ჯანდაბას წასულა!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

აბა პითანგელე?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ჩემზე კი კრინტიც არ

დაძრულა, მხარი კი ჩამომწყდა მთლიანად.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

და სხვებიც ხომ დარჩნენ, ისეთი ბიჭები,

90        ასობით რომ ქმნიან, ხოლო ყბედობაში

თვით ევრიპიდესაც ტოლს არ დაუდებენ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ყბედები არიან მართლაც და მთხლეები!

სწორედ ეგ მერცხლები კლავენ ხელოვნებას, —

გუნდს რომ მიიღებენ და ტრაგედიასთან

95        ღამეს გაათევენ, მაშინვე კვდებიან.

ნიჭიერ პოეტს კი, რომ დაიგრიალოს

ერთი ვაჟკაცურად, ვეღარსად იპოვი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

როგორ თუ ნიჭიერს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ისეთს, რომ იტყოდეს

ასე გამბედავად, თამამად: „ეთერი —

100      ზევსის კარმიდამო“, ან „ფერხი ჟამისა“,

ან „სულს არ უნდოდა ზვარაკთან შეფიცვა,

ენამ კი დაასწრო და ცრუდ დაიფიცა“.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

შენ მოგწონს ესენი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მომწონსო? — ვგიჟდები!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ეს ხომ სიცრუეა, თვითონაც ხომ ხვდები!

 

დ ი ო ნ ი ს ე

105      ჩემს ტვინში ნუ ძვრები, სახლში დაეტიე!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

მე კი, სულ უბრალოდ, შტერული მეგონა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჰო, ჭამაც მასწავლე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

            (თავისთვის, ბოღმით)

ჩემზე — არაფერი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ამიტომ მოვედი შენებრ გადაცმული,

შენ გბაძავ… მინდა, რომ შენც დამისახელო

110      შენი მეგობრები, მაშინ კერბეროსთან

ვინაც მიგიყვანა, — იქნებ მეც დამჭირდნენ.

მაშ, ჩამომითვალე ნავსადგურები და

გზები, ქალაქები, საროსკიპოები,

დუქნები, რუები, სასტუმრო, რომელშიც

115      ბაღლინჯო არ იცის.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

(თავისთვის)

ჩემზე — არაფერი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

და შენ, უბედურო, იქ ჩასვლას გაბედავ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

შევწყვიტოთ ამაზე. შენ მე გზა მითხარი,

რომლითაც მივაღწევ ჰადესის სიღრმეებს;

ოღონდ ნუ იქნება ნურც ცხელი, ნურც ცივი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ახლავე… რომელი გზა გითხრა პირველად?

ჰო… არის ერთი გზა: სკამით და კანაფით.

ჩამოეკიდები.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ცხელია, მხუთავი!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

არის სხვა ბილიკიც. ის უფრო მოკლეა.

ფილთაქვა სჭირდება.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რაა? საწამლავი?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

125      მიმიხვდი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ცივია ეგ ზამთრის სუსხივით,

სულ გამეყინება იმწუთას მუხლები.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

მაშ, გინდა, სწრაფი და დამრეცი გზა გითხრა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მინდა. სიარულში ვერ ვარ გამოცდილი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

მაშ, კერამიკოსზე აბობღდი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და შემდეგ?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

130      მაღალი კოშკია, აძვერი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და რა ვქნა?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

იქიდან ჩირაღდნით მორბენლებს უყურე

და მაყურებლები რომ დაიძახებენ

„გაეშვით“, თვითონაც „დაეშვი“.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სად?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ქვემოთ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ გინდა, რომ ტვინი დავასხა მიწაზე?

135      მე მაგ გზით არ წავალ.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

რომელ გზას დაეძებ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რითაც შენ ჩახვედი.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ცურვა რომ მოგიხდეს?

რომ ჩახვალ, პირდაპირ დიდ ტბას მიადგები,

უძიროს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და იგი როგორ გადავცურო?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ტბაზე გადაგიყვანს მოხუცი მენიჩბე

პატარა კანჯოთი. ორ ობოლს მოითხოვს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა ძალა ჰქონია ორ ობოლს ჰადესშიც!

იქ ვინ შემოიღო?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ვინა და თეზევსმა.

შემდეგ გველებსა და საშინელ ურჩხულებს

ნახავ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ნუ მაშინებ, უკან არ დავიხევ!

145      არ გამოვბრუნდები!

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

დაგხვდება მარადი

სკორე და ტალახი; იმაში აგდია,

ვინც კი უსამართლოდ მოექცა სტუმარს ან

ბიჭი შეაცდინა, ფული კი არ მისცა;

ან დედა მიბეგვა, ან ყბა მოუნგრია

150      მამას; ან ცრუ ფიცით ურცხვად დაიფიცა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთებს გეფიცები, უნდა მიუწვინონ,

ვინაც კინესიას ასწავლა პირიქე

ან ამოიწერა რამე მორსიმედან.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

მერმე დაგიბერავს სიო ფლეიტათა,

155      იქაც დაინახავ აქაურ სინათლეს,

მვირსინის ჭალაკებს, კაცთა და დიაცთა

ბედნიერ მსვლელობას, ტაშსა და სიხარულს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და ვინ იქნებიან?

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

ზიარებულები.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

(თავისთვის)

ვირივით არა ვარ ამ ზიარებაზე?!

160      აღარ შემიძლია, ამას ჩამოვიღებ.

 

ფუთას მიწაზე დებს.

 

ჰ ე რ ა კ ლ ე

რაც კი დაგჭირდება, იმათგან გაიგებ,

რადგანაც სწორედ იმ ადგილზე გაივლის

ის გზა, რომლითაც შენ პლუტონს მიადგები.

აბა, გაიხარე, ძმაო!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენც ჯანმრთელად

165      მენახე ყოველთვის.

            (ქსანთიას)

                                    აიღე ლეიბი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ახლა ჩამოვიღე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აიღე სასწრაფოდ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არა, გევედრები, ვინმე ვიქირავოთ

მკვდართაგან, თუ შეგვხვდა იქით მიმავალი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

თუკი ვერ ვიპოვეთ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მე ვზიდავ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სწორია.

შეხედე, ვიღაცებს არ მიაქვთ ცხედარი?

(ეძახის)

ვერ წამოგვიღებდი ამ ტვირთს ჰადესამდე?

 

ორქესტრაზე შემოდის სამგლოვიარო პროცესია.

 

ც ხ ე დ ა რ ი

დიდია?

 

დ ი ო ნ ი ს ე

(ფუთას აჩვენებს)

ესაა.

 

ც ხ ე დ ა რ ი

ორ დრაქმად წავიღებ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ცოტა დაუკელი!

 

ც ხ ე დ ა რ ი

(თავის მესაფლავეებს)

აბა, გზას გავუდგეთ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

175      მოიცა, შე კაცო, შევთანხმდეთ რამეზე!

 

ც ხ ე დ ა რ ი

ორ დრაქმას არ მაძლევ? — არც ღირს ლაპარაკი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ცხრა ობოლს…

 

ც ხ ე დ ა რ ი

გავცოცხლდე, თუკი დაგეთანხმო!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვაჰ! ეს დაწყევლილი თავსაც რომ იფასებს!

თვითონ წამოვიღებ.

 

                        მესაფლავეები გაასვენებენ ცხედარს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კაციც შენ ყოფილხარ!

180      მივიდეთ კანჯოსთან.

 

(ორქესტრაზე გამოჩნდება ქარონის კანჯო).

 

ქ ა რ ო ნ ი

ნაპირს მიაყენე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ეს რაა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა? ესა? — ტბა არის, ღმერთმანი;

ისაა, რომ გვითხრეს, კანჯოსაც ხომ ხედავ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვფიცავ პოსეიდონს, თვითონ ქარონია!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ქარონ, გამარჯობა! ქარონ, გამარჯობა!

 

ქ ა რ ო ნ ი

185      ვის სურს დასვენება ტანჯვა-სიავისგან?

ვის უნდა ლეთესთნ, „ვირის ბეწვეულთან“,

კერბერიელებთან ანდა ჯანდაბასთან?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე.

 

ქ ა რ ო ნ ი

სწრაფად ჩამოდი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მერმე, სად მიმიყვან?

მართლა ჯანდაბაში?

 

ქ ა რ ო ნ ი

მხოლოდ შენ წაგიყვან,

190      ჩამოდი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ, ბიჭო!

 

ქ ა რ ო ნ ი

მონა არ გადამყავს,

თავისი ტყავისთვის თუ არ უბრძოლია.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ზევს ვფიცავ, მე არა, თვალები მტკიოდა.

 

ქ ა რ ო ნ ი

მაშ, ახლა მოგიწევს ტბისთვის შემორბენა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

თქვენ სად დაგელოდოთ?

 

ქ ა რ ო ნ ი

კაეშნის ლოდებთან.

195      იქ ნავსადგურია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

გაიგე?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

(სიმწრით)

მშვენივრად!

ნეტავი ვინ შემხვდა, ასე ვინ დამთარსა?!

(გადის).

 

ქ ა რ ო ნ ი

ნიჩბებს მიუჯექი. იჩქაროს, ვინც მოდის!

შენ, კაცო, რას შვრები?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რას ვშვრები? — არაფერს!

ნიჩაბს მივუჯექი, როგორც შენ მიბრძანე.

 

ქ ა რ ო ნ ი

200      აქ, შე ღორმუცელავ, აქ დაჯე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

დავჯექი.

 

ქ ა რ ო ნ ი

ხელები ჩაავლე ნიჩბებს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჰო, ჩავავლე.

 

ქ ა რ ო ნ ი

კაცო, ნუ სულელობ! აბა, გულმოდგინედ

მოუსვი მაგ ნიჩბებს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და როგორ შევიძლო

მე, გამოუცდელმა, არაზღვაოსანმა,

205      არც სალამინელმა?

 

ქ ა რ ო ნ ი

იოლად შეიძლებ.

მოუსვამ — სიმღერას მოუსმენ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეს ვისას?

 

ქ ა რ ო ნ ი

ბაყაყებ-გედების. საოცარს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მიბრძანე.

 

ქ ა რ ო ნ ი

ოოპოპ, ოოპოპ!

 

კანჯო კვეთს ორქესტრას. სცენის მიღმა ისმის ბაყაყების სიმღერა. დიონისე სიმღერის ტაქტში უსვამს ნიჩბებს.

           

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

210      ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

ჭაობის წყლის შვილებმა

აღვავლინოთ ჰიმნები;

ავაჟღეროთ ტკბილხმიანი

სიმღერა:

კოაქს, კოაქს!

215      და ნისეულ ღვთაებას,

დიონისეს, ზევსის ძეს,

ვუგალობოთ ჭაობში.

ქოთნის დღესასწაულებზე

გამომთვრალი ხალხის ჯგუფი

ჩემს სანახებს ერთიანად მოადგა.

220      ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე კი ტრაკი დამებეჟა

და ამტკივდა, კოაქს, კოაქს!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

არაფერი არ გადარდებთ!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

225      ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

დაიღუპეთ მაგ კოაქსით!

თვითონაც სულ კოაქსი ხართ!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

დაიღუპე, არამკითხევ!

230      მე ვუყვარვარ ტკბილლირიან მუზებსაც და

თავად პანსაც, სალამურით რომ ერთობა.

ფორმინქსიან აპოლონსაც ეფონება

წყალში ჩაზრდილ

ჩემი სტვირის ხმიანება.

235      ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მთელი ტანი დამიწყლულდა,

მთელი ტრაკი ოფლში ცურავს;

დავიხრები — ხმას გამოსცემს…

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

240      მომღერალთა მოდგმაო,

მორჩი!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

არა, ვიმღერებ

უკეთესად: ჩვენ მზეკეთილ

დღეებში სულ ასე ვხტებით

შროშნებიდან ლერწამზე და

ჩვენთვის ვხარობთ სიმღერით.

245      წყალში ყვინთვა გვიყვარს ძლიერ;

როცა ზევსი თავსხმას გვივლენს,

წყლის სიღრმეებს მივაკითხავთ,

ჭაობს ავახმაურებთ და

წყალში ბუშტებს გავაჩენთ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

(ჰაერს აფუჭებს)

თქვენგან ამას თუ ვისწავლი.

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

მეტისმეტი არის უკვე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჩემთვის არის მეტისმეტი,

255      ნიჩბის მოსმით გავსკდები!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

იყიყინეთ, არ მადარდებს!

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

აბა, მართლა ვიყიყინოთ,

ჩავიწყვიტოთ ხმები სულაც,

260      არ გავჩერდეთ მთელი დღე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!

ამით ვეღარ დამამარცხებთ.

 

ბ ა ყ ა ყ ე ბ ი

შენც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

თქვენც ვერ მიყოფთ ვერაფერს!

ვერასოდეს! სულ ვიბღავლებ!

265      ვიღრიალებ მთელი დღე,

სანამ ხმით არ გადავფარავ თქვენს კოაქს.

ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს.

ვიცოდი, მაგ კოაქსს რომ შეგაწყვეტინებდით.

 

ქ ა რ ო ნ ი

შეწყვიტე. დააწყვე ნიჩბები. გადადი.

270      ფული!

 

დ ი ო ნ ი ს ე

გამომართვი ეს ორი ობოლი.

სადღაა ქსანთია? შენ, ბიჭო, ქსანთია!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

აუუ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

აქ მოდი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

სალამი, ბატონო!

 

დ ი ო ნ ი ს ე

იქ რაა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

წყვდიადი გახლავს და ტალახი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვინმე მამისმკვლელი თუ ნახე ან კიდევ

275      ცრუ ფიცის მიმცემი, რომ გვითხრა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

შენ არა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

(დარბაზს უყურებს)

მე ახლაც კი ვხედავ, ვფიცავ პოსეიდონს.

რა უნდა ვიღონოთ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

წინ უნდა ვიაროთ.

აქ უნდა შემოგვხვდნენ უკვე ურჩხულები,

მან რომ აგვიწერა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვანანებ იმ თავხედს!

280      ტყუოდა ყველაფერს ჩვენს დასაშინებლად,

ჩემი ვაჟკაცობის შეშურდა ნამდვილად.

აბა, ჰერაკლეზე ტრაბახა ვინაა?!

მე კი ვისურვებდი, მოგზაურობაში

რამე ფათერაკი რომ გადაგვხდომოდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

285      ღმერთმანი, რაღაცა ხმაური მომესმა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

საიდან?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

უკნიდან.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მაშ, უკან იარე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მე მგონი, წინიდან.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, წინ იარე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ღმერთმანი, ვეება ურჩხული გამოჩნდა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

როგორი?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

სასტიკი! სახესაც რომ იცვლის!

290      ხარია! ჯორია! ახლა კი ქალია,

ნორჩი და ლამაზი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სად არის? მივირბენ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ქალი აღარაა, უკვე ქოფაკია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ემპუსა ყოფილა!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ჰო, სახე სულ ცეცხლით

უელავს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და ფეხი? სპილენძის ფეხი აქვს?

ქ ს ა ნ თ ი ა

295      ერთი სპილენძის და მეორე ფუნისა,

იცოდე.

დ ი ო ნ ი ს ე

ვაჰ, საით წავიდე?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მე საით?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მიხსენი, ქურუმო, თუ გინდა ქეიფი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვაი, დავიღუპეთ, ჰერაკლე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რას ყვირი?!

კაცო, გევედრები, ნუ მიხმობ მაგ სახელს!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

300      მაშინ — დიონისე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეგ უარესია!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

წამოდი, აქეთკენ წამოდი, ბატონო!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა მოხდა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

დასრულდა უკვე ყველაფერი:

ჰეგელოქესავით თქმა ჩვენც შეგვიძლია:

„ტალღები დაცხრა და ზღვა ისევ დამტკნარდა“.

305      გაქრა ის ემპუსა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ფიცი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

გეფიცები!

 

დ ი ო ნ ი ს ე

კიდევ დაიფიცე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვფიცავ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

კვლავ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ზევსს ვფიცავ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ო, როგორ გავფითრდი, ის რომ დავინახე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ეგ კი შიშისაგან სულ გაგწითლებია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

საიდან დამეცა ეს უბედურება?

310      რომელი ღვთაება მღუპავდა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

„ეთერი —

ზევსის კარმიდამო“ თუ „ფერხი ჟამისა“?

შენ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არ გესმის?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა უნდა მესმოდეს?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ფლეიტის ხმა ისმის.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მეც მესმის! ჩირაღდნის

რაღაც იდუმალმა სუნმაც მოაღწია!

315      აბა, დავიმალოთ და ყური დავუგდოთ.

 

ზ ი ა რ ე ბ უ ლ თ ა გ უ ნ დ ი

იაკქოს! იაკქოს!

იაკქოს! იაკქოს!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ესენი არიან ზიარებულები,

ჰერაკლემ რომ გვითხრა, ბატონო. მღერიან

320      „იაკქოს, იაკქოს“, როგორც აგორაზე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მეც ასე მგონია; მაინც უკეთესი

იქნება დამალვა: გავიგებთ ყველაფერს.

 

იმალებიან.

 

 

 

პ ა რ ო დ ო ს ი

 

სცენაზე შემოდის თეთრებში გამოწყობილი მისტერიებს ზიარებულთა გუნდი.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

სტრ    მრავალპატივდებულო, ამ ტაძარში განისვენებ,

325      იაკქოს, იაკქოს;

მოდი ჩვენთან, ჩვენს მინდვრებში საცეკვაოდ,

მოდი ზიარებულებთან.

აყვავებულ მვირსინისგან

დაწნულ გვირგვინს დაიმშვენებ

330      და თამამად ჩაებმები ფერხულში,

გაუძღვები ჩვენს ცეცხლოვან

და მხიარულ როკვას, ღმერთო!

335      ქარიტებით სავსე როკვას გაუძღვები,

ზიარებულთ გაუძღვები, მეუფე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

წმინდა დედოფალო, დემეტრეს ასულო!

რა დამატკბობელი სუნია ხორცისა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

წყნარად ვერ იქნები? თუ სუნით გაძღები?

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

340 ანტ          გაიღვიძე! ლამპარი უპყრია და ისე მოდის,

იაკქოს, იაკქოს,

ის, ვარსკვლავი ღამეული ზეიმების.

მთელი ველი ცეცხლით ბრწყინავს.

345      ბებრებს მუხლი უთამაშებთ;

სევდას გადაიყრიან და

დაუნდობელ მსვლელობასაც წელიწადთა —

350      ამ ზეიმის გულისათვის.

ჩირაღდნები წამოიღე! მოიყვანე

გუნდისათვის ჭაბუკები,

მიადექით აყვავებულ წმინდა მინდორს!

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

ჩვენ მოწიწებით უნდა დავდუმდეთ. ჩვენი გუნდი კი დატოვოს ყველამ,

355      ვისთვისაც წმინდა სიტყვა უცხოა, ვისაც სინდისი სუფთა არა აქვს;

ვისაც მუზათა წმინდა ორგია არ უნახავს და არ უცეკვია,

არც ხარისმჭამელ კრატინეს ნამდვილ ბაკქოსურ ენას ზიარებია;

ვისაც მდარე და არამახვილი ან უადგილო ხუმრობა მოსწონს;

ვინაც არ აცხრობს ამბოხებებს და სიმშვიდისათვის არ ზრუნავს ვინაც,

360      შეუნელებლად ცეცხლს რომ აღვივებს და საკუთარი თავის ფიქრი აქვს;

ვინც გაჭირვებულ ქალაქს მართავს და ვერანაირად ვერ ძღება ქრთამით;

ვინც მტრებს გადასცემს საგუშაგოებს ან ეგინადან ხელუხლებელი

მარაგი გააქვს, როგორც აკეთებს ვინმე ახალი თორიკიონი;

ეპიდავროსში ვინაც აგზავნის აფრებს, ფისსა და ტყავის ღვედებსაც;

365      ვინც სხვას არწმუნებს, მტერს ფული მივცეთ, რომ ხომალდები აიშენოსო;

ვინაც ჰეკატეს უსვრის ხატებს და თან საფერხულო სიმღერას მღერის;

ვინაც რიტორი არის და ფიქრობს, რომ ლუკმაპური წაართვას პოეტს, —

თუ დიონისეს დღესასწაულზე გაათამაშეს კომედიაში;

ამათ ვუბრძანებ, კიდევ ვუბრძანებ და მესამედაც ვუბრძანებ ამათ,

370      გაეთრიონ და ზიარებულთა გუნდი დატოვონ დაუყოვნებლივ.

გამოაცოცხლეთ თქვენი სიმღერა, როგორც ამ ზეიმს შეეფერება.

 

გ უ ნ დ ი

აბა, ყველამ გულმკერდზე

აყვავებულ ველზე

აბაკუნეთ ფეხები!

იცინეთ და

375      ითამაშეთ, იხუმრეთ!

საკმარისად ვისადილეთ!

იარეთ და უმღერეთ

ჩვენს მხსნელსა და გადამრჩენს!

დაიფარავს ქალღმერთი

380      სამუდამოდ

ჩვენს სამშობლოს, თუნდაც ეს

თორიკიონს არ სურდეს.

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

აბა, სხვა ჰიმნიც მოგვასმენინეთ, ნაყოფისმომტან ქალღმერთისადმი —

დემეტრესადმი მიძღვნილი ჰიმნი. აბა, კაცურად, აბა, მთელი ხმით!

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

სტრ    დემეტრე, წმინდა ორგიის

385      დედოფალო, მოდი და

შენივე გუნდი იხსენი!

დაუსრულებლად მთელი დღე

მათამაშე და მაცეკვე!

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

ანტ     ხან გამაცინე, ქალღმერთო,

390      ხან ჩამაფიქრე ნამდვილად.

თუ ღირსეულად წავმართავ

შენს დღესასწაულს, უკვდავო,

შემამკე ძლევის გვირგვინით!

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

თამამად!

395      ახლა კი ყმაწვილ უფალსაც სიმღერით უხმეთ ჩვენთან,

რომ მოვიდეს და გაუძღვეს ჩვენს საზემო ცეკვას.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

სტრ    ო, იაკქოს, მრავალპატივდებულო,

ო, უტკბესო, მიგვიყვანე ქალღმერთთან

400      და გვაჩვენე,

რომ იოლად, უდრტვინველად

გაასრულებ ამ დიდ გზას;

ღმერთო ცეკვისმოყვარევ, გამიძეხი!

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

ანტ     მომჭირნევ და მოყვარულო სიცილის!

შენ დაფლითე სანდლები და ძონძები

405      და გვასწავლე

მხიარულად, დაუსჯელად

ჩამოვლა და თამაში;

ღმერთო ცეკვისმოყვარევ, გამიძეხი!

 

გ უ ნ დ ი

მხოლოდ ახლა გავიხედე გვერდით და

410      შევამჩნიე ტურფა სახის გოგონა,

„სამეგობრო“.

დახეული ქიტონიდან

წყვილი კერტი მოუჩანს;

ღმერთო ცეკვისმოყვარევ, გამიძეხი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

როგორ მინდა, უკან გავყვე,

ცეკვითა და თამაშით

415      ვერ გავძღები მთელი ღამე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მეც, მეც მინდა!

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

რა თქმა უნდა, თქვენც გინდათ,

არქედემოსს დავცინოთ,

რომელსაც შვიდ წლამდე პატრონი არ ჰყავდა;

420      ახლა კი ხალხს უძღვება,

ზედა მიცვალებულებს,

პირველი კაცია იქ გარყვნილებაში.

 

კლისთენეს ძის ამბავი

ხომ გაიგეთ, საფლავში

რომ იბრდღვნის უკანალს და სახეს იხოკავს?

425      იბრაგუნებს გულზე ხელს,

ტირის, ბღავის, მოუხმობს

ერთ ნძრევისწყაროელ მეგობარს, მატკანეს.

 

ამბობენ, რომ კალია,

ჰიპოტკანეს ვაჟკაცი

430      ტყავში გახვეულა „საზღვაო ბრძოლისთვის“.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ხომ ვერ გვეტყვით, სად არის

აქ პლუტონის სასახლე?

სტუმრები გახლავართ ახლახან მოსულნი.

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

ახლა შორს არ წახვიდე,

435      არც მე მკითხო ხელახლა.

იცოდე, სწორედ იმ კართან ხარ მოსული.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, ფუთა აიღე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ნეტავ, რა ამბავია?

რაა ამ ფუთაში, „კორინთე, ზევსის ძე“?

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

440      შემოდით

ქალღმერთის წმინდა ნაკრძალში, ამ ყვავილოვან ველზე,

ზეიმის მონაწილენო; აქ გაიხარეთ გული.

445      მე კი გამომყვეს ქალებისა და ქალწულების გუნდი.

წავიდეთ, რათა ლამპრებით ღამე ვუთიოთ ქალღმერთს.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

ანტ     მხოლოდ ჩვენთვის ამოდის

455      მზე და მოაქვს სინათლე.

ჩვენ ვართ ზიარებულნი,

ღვთისნიერად ვიღებთ

უცხოებსა და ჩვენივე

თანაქალაქელებს.

 

გუნდი მარჯვნივ იკავებს ადგილს. დიონისე და ქსანთია მიდიან მარცხნივ, პლუტონის სასახლის კარებთან.

 

 

 

პ ი რ ვ ე ლ ი ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

 

დ ი ო ნ ი ს ე

460      მინდა, ამ კარებზე დავაკაკუნო და

არ ვიცი, აქ როგორ არის მიღებული.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ნუღარ დააყოვნებ, ბრახუნი ატეხე.

ჰერაკლეს სახე და სიმტკიცე გახლავდეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჰე, ბიჭო!

 

            გამოდის ე ა კ ო ს ი.

 

ე ა კ ო ს ი

ვინა ხარ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მძლეთამძლე ჰერაკლე გახლავარ.

 

ე ა კ ო ს ი

465      ო, შე საზიზღარო, ურცხვო და თავხედო!

ბილწო, ყოვლადბილწო, ყოვლადუბილწესო!

შენ არ მოიტაცე ჩემი კერბეროსი?!

ახრჩობდი საწყალს და ისე მიათრევდი.

ახლა სად წამიხვალ? შენზე იზრუნებენ

470      სტიქსის ქარაფები, შავგულიანები,

სისხლჭარბ აქერონის მრისხანე კლდეები.

კიდევ: კოკიტოსთან გელიან ძაღლები;

ჰო… ასთავიანი ექიდნაც მოელის

შენს ძვირფას შიგნეულს; ფილტვს ტარტესოსელი

475      მურენა არავის დაუთმობს იოლად;

თირკმლებს და სისხლიან ნაწლავებს დაგლეჯენ

ტითრასის მკვიდრები, გულქვა გორგონები.

მე დაუყოვნებლივ მათკენ გავიქცევი.

 

(გადის.)

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა გჭირს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჩავისვარე… მოიხმე უფალი.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

480      სეირი თუ გინდა, ესაა! ადექი,

სანამ დაგინახეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

გული შემიღონდა.

ტილო მომიტანე და გულზე დამადე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

აიღე, დაიდე. ო, ოქროს ღმერთებო!

შენ გული მანდა გაქვს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ალბათ შიშისაგან

485      შეხტა და ჩავარდა პირდაპირ მუცელში.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ყველაზე მხდალი ხარ მოკვდავ-უკვდავებში!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე მხდალი როგორ ვარ? — ტილო მოვითხოვე.

იცი, რას იზამდა სხვა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ჰო, რას იზამდა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მხდალი ხომ პირდაპირ სუნში ჩაწვებოდა.

490      მე — ფეხზე ავდექი, თან გამოვიწმინდე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა ვაჟკაცობაა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

სწორედაც, ღმერთმანი!

შენ არ შეგაშინა სიტყვათა ხმაურმა,

ამდენმა მუქარამ?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არც კი მიფიქრია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ასეთი ვაჟკაცი თუ ხარ და მამაცი,

495      შენ გახდი ჰერაკლე! აიღე კომბალი,

ე სტყავიც შენ გქონდეს, ჯიგარუშიშარო!

მე ტვირთს წამოგიღებ, უკან გამოგყვები.

 

ტანსაცმელს უცვლიან ერთმანეთს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კარგი, გავაკეთოთ. დაგემორჩილები.

შენ ახლა უყურე ჰერაკლექსანთიას,

500      მხდალი და ლაჩარი თუ იქნა შენსავით.

 

დ ი ო ნ ი ს ე

არა, შენ მელიტელ ავაზაკს მაგონებ.

იარე, ამ ბარგს კი თვითონ წამოვიღებ.

 

მ ო ა ხ ლ ე

            (გამოდის სასახლიდან. ქსანთია-ჰერაკლეს)

ო, უძვირფასესო, მოხვედი, ჰერაკლე?

ქალღმერთმა გაიგო შენი ჩამოსვლა და

505      პური გამოგიცხო, ქოთნები აგივსო

ფაფით და მთლიანი ხარიც შეგიბრაწა;

მზადაა კვერები, ნამცხვრები… შემოდი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ძალიან კარგია!

 

მ ო ა ხ ლ ე

აპოლონს ვფიცავარ,

არსად არ გაგიშვებ: შენთვის იხარშება

ფრინველის ხორცი და ცხვება ტკბილეული;

შემზადებულია ღვინოც საუცხოო.

მოდი, შემომყევი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

გმადლობ!

 

მ ო ა ხ ლ ე

რის მადლობა?

მაინც არ გაგიშვებ, სახლში ფლეიტისტი

ქალი გელოდება; მოცეკვავეებიც

515      არიან.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რას ამბობ?! მოცეკვავეები?

 

მ ო ა ხ ლ ე

და რა გოგოები! ახლა გაიპარსეს.

შემოდი, აპირებს ახლა მზარეული

თევზის შემოტანას, მაგიდაც შემოაქვთ.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

შედი და უთხარი იმ მოცეკვავეებს,

520      სახლში რომ არიან, მოდის-თქო ჰერაკლე.

ბიჭო, წამოიღე ბარგი და მომყევი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ, ბიჭო, მოიცა! მართლა დაიჯერე?

მე ხომ სულ ხუმრობით გაგხადე ჰერაკლე.

თავს ნუ გაგივიდა, გონს მოდი, ქსანთია!

525      ბარგს ხელი დაავლე, აბა, წამოიღე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა იყო? შენ ახლა მიპირებ, წამართვა,

რაც თვითონ მომეცი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

როგორ თუ ვაპირებ?!

აბა, გაიხადე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

(მაყურებლებზე მიუთითებს)

სუყველას გიმოწმებთ

და ღმერთებს მივმართავ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა ღმერთებს მიმართავ?

530      ჭკუაზე არა ხარ! სად ვიღაც მოკვდავი

მონა და სად კიდევ ალკმენეს ვაჟკაცი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

დამშვიდდი, ბატონო, იცოდე, ოდესმე

კიდევ დაგჭირდები, თუ ღმერთმა ინება.

 

ისევ უცვლიან ერთმანეთს ტანსაცმელს.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

უკვე ჩანს, რომ კაცი არის

ჭკვიანი და გონიერი.

535      ალბათ, ბევრიც უნახავს.

სულ ამაზე არის თქმული

„არსად არ დაიკარგება“.

კარგიცაა, სჯობია

დგომას ქანდაკებასავით,

სახეს ერთს რომ არ შეიცვლის.

მოძრაობა, ძიება,

540      გამოჩენა — აი, მესმის!

თერამენეს მაგონებს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სასაცილო იქნებოდა,

თუ ქსანთია, ვინმე მონა

მილეტოსურ ნოხებზე

დაიწყებდა კოტრიალს და

ღლაბუცს მოცეკვავეებთან!

ღამის ქოთანს მომთხოვდა,

545      მე კი სანთლებს დავუჭერდი!

რა თაღლითიც არის, ვიცი:

მნახავდა და იმავწამს

ყბაში მუშტებს დამიშენდა,

კბილებს არ შემარჩენდა.

 

 

მ ე ო რ ე ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

 

შემორბის განრისხებული მეფუნდუკე ქალი, რომელსაც მეორე მეფუნდუკე ქალი მოჰყვება.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

პლათანე, პლათანე! მოდი, ეს თაღლითი

550      არ არის, მაშინ რომ შევიდა ფუნდუკში

და პური ჩახეთქა თექვსმეტი?!

 

მ ე ო რ ე ქ ა ლ ი

ღმერთმანი,

ისაა ნამდვილად!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მოხვდება ვიღაცას!

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

555      ურიცხვი ნიორიც!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მიჰქარავ, დიაცო!

არც იცი, რას ამბობ!

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

კოთურნი ჩაიცვი

და ასე გეგონა, რომ ვეღარ გიცნობდი?

ნიორი რა არის? თევზზე ჯერ არ მითქვამს!

 

მ ე ო რ ე ქ ა ლ ი

ღმერთმანი, არც ყველზე. არ გახსოვს, საბრალოვ,

560      ამან რომ ჩახეთქა კალათებიანად?

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

და შემდეგ, როგორც კი ფული მოვითხოვე,

ავად გადმომხედა, ბღავილი დაიწყო.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კი, ეს იქნებოდა, სულ ასე აკეთებს.
პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

დანაც ამოიღო, თითქოსდა გაგიჟდა…

 

მ ე ო რ ე ქ ა ლ ი

565      ზევსს ვფიცავ!

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

მაშინ ჩვენ, შეშინებულებმა,

სხვენს მივაშურეთ და იქ გადავიმალეთ;

ამან კი წნულებიც წაიღო, წავიდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კი, ამის საქმეა.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

რაღაც მოვიფიქროთ!

წადი და ჩვენს დამცველს, კლეონს დაუძახე.

 

მ ე ო რ ე ქ ა ლ ი

570      შენც წადი, იქნება შეგხვდეს ჰიპერბოლე.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

ახლა კი მოგხვდება, ფაშვო საზიზღარო!

ო, რა სიხარულით დაგიმსხვრევ მაგ ეშვებს,

რომლითაც შენ ჩემი მარაგი შესანსლე!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მე — გადაგისვრიდი უმალ ბარათრონში.

 

მ ე ო რ ე ქ ა ლ ი

575      ნამგალს ავიღებდი, სასას ამოგკვეთდი,

რომლითაც ჩახეთქე ჩემი კუპატები.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ქ ა ლ ი

კლეონთან მივდივარ, იგი სამართალში

მიგცემს და რაც ჭამე, ამოგანთხევინებს.

 

            ქალები გადიან.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მომკალით! — ქსანთია მაინც მეყვარება!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

580      მიგიხვდი, რაც გინდა. შეწყვიტე, შეწყვიტე,

სად მე, სად ჰერაკლე?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ნუ იტყვი, ძვირფასო,

ნუ იტყვი, ქსანთუნა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მე, ვიღაც მოკვდავი,

თან მონა, ალკმენეს ძე როგორ ვიქნები?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჰო, ვიცი, რომ ბრაზობ; მართალიც ბრძანდები.

585      მომკალი, თუ გინდა, სიტყვასაც არ ვიტყვი.

თუ აწი ოდესმე წაგართვა სამოსი,

არ დამრჩეს არავინ, მომიკვდეს ცოლ-შვილი,

მეც მოვკვდე და მომყვეს უკან აქემედეც!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მივიღე ეს ფიცი და შენი პირობაც.

 

კვლავ უცვლიან ერთმანეთს ტანსაცმელს.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

ანტ     აბა, ახლა თუკი შენთვის

590      წართმეული სამოსელი

დაგიბრუნეს თავიდან, —

გაიმაგრე სული, გული,

შეიძინე საშინელი

გამოხედვა, გახსოვდეს,

რომ ღმერთი ხარ და გამაგრდი.

თუკი როშვა დაიწყე და

რამე ნაზი წამოგცდა,

595      არაფერი არ გიშველის, —

ბარგს ატარებ თავიდან.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კაცნო, ცუდად არ მირჩიეთ,

მე თვითონაც მივხვდი ამას,

ჩავწვდი უკვე ყველაფერს.

თუკი რამე კარგი მოხდა,

600      კვლავ წართმევას შეეცდება,

კარგად ვიცი, ნამდვილად.

მე კი მაინც მამაცურად,

გამბედავად ვიქნები და

თვალებიდან ცეცხლს ვისვრი;

დამჭირდება, როგორც ვატყობ:

ხმაურია კარებთან.

 

 

მ ე ს ა მ ე ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

 

ორი მონის თანხლებით შემოდისე ა კ ო ს ი.

 

ე ა კ ო ს ი

605      შეკარით სასწრაფოდ ეს ძაღლიპარია,

პასუხი რომ აგოს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვიღაცას მოხვდება!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ფეხი არ გადმოდგათ!

 

ე ა კ ო ს ი

ეს ბრძოლას აპირებს?!

დიტილას, სკებლია, პარდოკას! სასწრაფოდ

გამოდით სამივე, ამას მოუარეთ!

 

მონები გამორბიან და კრავენ ქსანთიას.

 

დ ი ო ნ ი ს ე

610      საშინელებაა, სხვისას იპარავს და

ხალხსაც სცემს!

 

ე ა კ ო ს ი

ნუ იტყვი, გასაოცარია!

 

დ ი ო ნ ი ს ე

საზიზღარია და თავხედი!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ღმერთმანი,

არასდროს ვყოფილვარ აქ, არც არაფერი

მე არ მომიპარავს; მოვკვდე, თუ ვტყუოდე!

615      ერთ კეთილშობილურ აზრს შემოგთავაზებ:

ხომ ხედავ ამ მონას, ეს გამოსცადე და

თუ ბრალი დამედოს, მოკალი მაშინვე.

 

ე ა კ ო ს ი

როგორ გამოვცადო?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ო, ყველანაირად!

გაჭიმე, დაკიდე, სცემე, გაატყავე,

620      დაოთხე ან ცხვირში ძმარი ჩაუღვარე,

მუცელზე აგური დააწყვე… ერთს კი გთხოვ:

პრასით ან ახალი ხახვით არ გაჯოხო.

 

ე ა კ ო ს ი

კაცური სიტყვაა! თუ მონას რაიმე

მოუვა ცემაში, ფულით გადაგიხდი.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

625      მე ფული არ მინდა, მუქთად გამოსცადე.

 

ე ა კ ო ს ი

მაშ, აქვე, შენ თვალწინ გამოტყდეს ეს მონა.

(დიონისეს)

ტვირთი ჩამოიღე და არ გაგვიბედო

არც ერთი ტყუილი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე თქვენ გეუბნებით,

ვინმემ არ მაწამოს! ღმერთი ვარ უკვდავი!

630      თავბედს გაწყევლინებთ, გაფრთხილებთ!

 

ე ა კ ო ს ი

რას ამბობ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვამბობ, რომ ზევსის ძე ვარ მე, დიონისე.

ეს ჩემი მონაა.

 

ე ა კ ო ს ი

თუ გესმის?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კი მესმის;

მაშინ მას წამებაც ვეღარ შეაშინებს.

ღმერთი თუ ბრძანდება, ცემასაც ვერ იგრძნობს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

635      შენაც ხომ ამტკიცებ, რომ ღმერთი ბრძანდები!

მაშინ ხომ შენც უნდა გაწამონ ჩემსავით.

 

ე ა კ ო ს ი

კაცური სიტყვაა!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ჩვენ ორში რომელიც

პირველი იყვირებს ან ტკივილს შეიგრძნობს,

იმწუთას მიხვდები: ის ღმერთი არ არის.

 

ე ა კ ო ს ი

640      ნაღდად ღირსეული კაცი ხარ; გეტყობა,

სამართლიანიც ხარ. აბა, გაიხადეთ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ახლა რას გვიპირებ?

 

ე ა კ ო ს ი

საშინელს არაფერს,

ცოტ-ცოტას დაგარტყამთ ორივეს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კარგია.

ნახე, განძრეულსაც ვეღარ დამინახავ.

 

ე ა კ ო ს ი

 

(ურტყამს ქსანთიას)

 

645      დაგარტყი?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ღმერთმანი, არც კი გამიგია!

 

ე ა კ ო ს ი

იმასთან მივალ და დავარტყამ.

 

ურტყამს დიონისეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

როდისღა?

 

ე ა კ ო ს ი

დაგარტყი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მაშ, რატომ არ მეხიცინება?

 

ე ა კ ო ს ი

არ ვიცი. ხელახლა იმასთან გადავალ.

 

ურტყამს ქსანთიას.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ნეტავ, რას აყოვნებ? ვაჰ, ვაჰ, ვაჰ!

 

ე ა კ ო ს ი

რა „ვაჰვაჰ“?

650      გეტკინა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ო, არა! ჰერაკლეს ზეიმზე

ვფიქრობ, როდისაა ის დიომეაში.

 

ე ა კ ო ს ი

ეს წმინდა კაცია. კვლავ იმას გამოვცდი.

 

ურტყამს დიონისეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ოჰ, ოჰ, ოჰ!

 

ე ა კ ო ს ი

რა მოხდა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მხედრები დავლანდე.

 

ე ა კ ო ს ი

მერე, რა გატირებს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეს? ხახვმა ამიწვა!

 

ე ა კ ო ს ი

655      რამე არ გაწუხებს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

არა, არაფერი!

 

ე ა კ ო ს ი

ხელახლა იმასთან უნდა გადავიდე.

 

ურტყამს ქსანთიას.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ვაიმე!

 

ე ა კ ო ს ი

რა იყო?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ეკალი შემერჭო.

 

ე ა კ ო ს ი

ეს რა ამბავია? იმასთან გადავალ.

 

ურტყამს დიონისეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აპოლონ! „…რომელიც მბრძანებლობ დელისზე…“

 

ქ ს ა ნ თ ი ა

660      ეტკინა! ხომ გესმის!

 

დ ი ო ნ ი ს ე

სულ არა! რატომღაც

უცებ ჰიპონაქსის ლექსი გამახსენდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კარგად ვერ აკეთებ, ფერდი ჩაულეწე!

 

ე ა კ ო ს ი

ო, არა, ღმერთმანი!

 

(დიონისეს)

მუცელი მაჩვენე!

 

ურტყამს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ოო, პოსეიდონ!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ეტკინა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

„…რომელსაც

665      გიპყრია ზღვები და ეგევსის ნაპირი…“

 

ე ა კ ო ს ი

დემეტრეს ვფიცავარ, ვერ მივხვდი, თქვენ ორში

ღმერთი რომელია; შემოდით ორივე.

670      ჩემმა მბრძანებელმა და მისმა მეუღლემ

განსაჯონ, თვითონაც ღმერთები არიან.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აი, ეს სწორია! ნეტავი აქამდეც

მოგეფიქრებინა, სანამ გამჯოხავდი.

 


 

პ ა რ ა ბ ა ს ი ს ი

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

675      მოუუახლოვდი წმინდა გუნდებს და

ხიბლი მიაგე ჩემს საგალობლებს, მუზა!

მოდი და ნახე ხალხის სიმრავლე, ათი ათასი

ბრძენი კაცი ზის აქ.

ღირსებით ყველა აღემატება კლეოფონს;

680      მას კი ბაგეზე თრაკიული მერცხალი უზის

და უჭიკჭიკებს, თითქოს

ბარბაროსებთან სადმე ფოთოლზე იჯდეს;

გულისმომკვლელად გვებულბულება, დავიღუპები იმავწამს,

685      თუ გამეყოო ხმები.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი

წმინდა გულის ვალი არის, ქალაქს პატიოსნება

ურჩიოს და შეასწავლოს. ჩვენი აზრით, პირველად

ყველა უნდა გათანაბრდეს, შიში უნდა მოისპოს.

თუკი ვინმე მოატყუა, შეაცდინა ფრინიქემ,

690      თუკი ვინმეს უნებლიეთ ფეხი ერთხელ დაუცდა,

შევუნდოთ და დავუვიწყოთ ადრინდელი შეცდომა

და პატივსაც ნუღარავის ნუღარ ავყრით ქალაქში.

სამარცხვინო საქმე გახლავთ, ზღვაზე ერთხელ ნაბრძოლევს

პლატეელად ვხდით და მონას დავასკუპებთ ბატონად.

695      არა, ცუდი კი არ არის, კარგად ვშვრებით, პირიქით;

სამწუხაროდ, გონივრულად მხოლოდ ამას ვაკეთებთ;

მაგრამ თუკი არაერთგზის უომია ვიღაცას,

მამამისიც თუ ომობდა, ნათესავიც თუ არის,

ნუ გაწირავთ, შეიბრალეთ, აპატიეთ ეს ერთი.

700      გააკეთეთ ბრძნული საქმე: რისხვა გადაიყარეთ,

შევიწყალოთ და ყველანი ნათესავად მივიღოთ;

დავუბრუნოთ პატივი და ჩვენთან ერთად ვაბრძოლოთ.

ხოლო თუკი ქედმაღლურად, სულელურად გავწირავთ,

როცა ქალაქს საფრთხე ელის და მორევში იხრჩობა,

705      უფრო გვიან დავრწმუნდებით, რომ შეცდომა დავუშვით.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

თუ სწორად ვხედავ კაცის ბუნებას

და თუკი ვწვდები იმის ხასიათს, მალე

710      წაიღებს წერილს ის მაიმუნი, ავი კლიგენე,

ის ქონდრისკაცი, ის!

როგორ გვაწამებს ეს საზიზღარი მექისე,

ნაცარშერეულ კომოლოსის, ქვიშითა და თუთქით

მდიდარი მიწის მეუფე!

მალე წაიღებს წერილს, თუ იცით, რატომ? —

715      მშვიდობა არ სურს და კომბლით დადის

ყოველდღე მთვრალი ვინმემ რომ

არ შეაშინოს ღამით.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი

კარგა ხშირად გვეჩვენება, თითქოს ჩვენი ქალაქი

თავის შვილებს ისე არჩევს, საყვარლებს და საძაგლებს,

720      ვით ძველებურ მონეტებს და ახალმოჭრილ ოქროებს.

თუ ძველია მონეტა და გაუყალბებელია,

თუ კარგია და სჯობია სხვა მონეტებს ათასჯერ,

თუ მოჭრილი არის სწორად, არის ხარისხიანი,

ბერძნებსა და სხვა ხალხებშიც მოწონება თუკი აქვს,

725      არ ვიყენებთ; ბრუნვაში გვაქვს საძაგელი სპილენძი,

აგერ, გუშინ და გუშინწინ უხარისხოდ მოჭრილი.

კეთილშობილ მოქალაქეს, პატიოსანს, გონიერს,

სამართლიანს, გამოსადეგს, წესიერს და რიგიანს,

პალესტრაში განათლებულს, მუსიკაში გარკვეულს

730      ვაძევებთ და ახალ სპილენძს, ყირმიზსა და უცხოელს,

საძაგელს და საძაგლის შვილს სიხარულით ვიტოვებთ,

თუმცა გუშინ მოეთრნენ და ერთ დროს ჩვენი ქალაქი

შესაწირად ვარგისადაც არ ჩათვლიდა მაგ ოხრებს.

მაგრამ ახლა, უგუნურნო, ჩვეულება შეცვალეთ:

735      პატიოსნებს დაეყრდენით, თუ ივარგეს, ხომ კარგი;

თუ არადა, კარგი ხიდან მაინც ჩამოვარდებით,

თუკი თავი გეტკინებათ, შიგნით რაღაც გქონიათ.

 

 

მ ე ო თ ხ ე ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

 

სახლიდან გამოდიან ქ ს ა ნ თ ი ა და პლუტონის მსახური.

 

მ ს ა ხ უ რ ი

ჩვენს მფარველ ზევსს ვფიცავ, ეგ შენი ბატონი

კაცური კაცია!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რატომ არ იქნება?!

740      ქალებიც უყვარს და სმაც არ ეჯავრება.

 

მ ს ა ხ უ რ ი

ახლა რომ გამხილა, კარგად არ მიგბეგვა,

რომ მონამ ისურვე უცებ ბატონობა?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ხელსაც ვერ მახლებდა!

 

მ ს ა ხ უ რ ი

მონა თუ იზამდა

იმას, რაც შენ ჰქენი! მომწონს ასეთები.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

745      რა მოგწონს, მითხარი.

 

მ ს ა ხ უ რ ი

თავი ბედნიერი

მგონია, ჩემთვის რომ ვაგინებ ჩემს ბატონს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ბურტყუნი არ გიყვარს, როდესაც ნაცემი

მიდიხარ კარებთან?

 

მ ს ა ხ უ რ ი

კი მიყვარს, ძალიან!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

უაზროდ წრიალი?

 

მ ს ა ხ უ რ ი

ღმერთმანი, ძალიან!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

750      ზევსია მფარველი! და მიყურადება

მაგათ ლაყბობაზე?

 

მ ს ა ხ უ რ ი

ნუ მეტყვი, ვგიჟდები!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

და შემდეგ ამბების გატანა თუ გიყვარს?

 

მ ს ა ხ უ რ ი

მაგის სიყვარული არაფერს ედრება!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ფოიბოს აპოლონ! მომეცი მარჯვენა,

755      მეც მაკოცნინე და შენაც გადამკოცნე.

თქვი, ზევსის სახელით, ჩვენი შემწყალებლის, —

ეს რა ხმაურია, რას იგინებიან

ამ სახლში?

 

მ ს ა ხ უ რ ი

ესქილე და ევრიპიდეა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რა მოხდა?

 

მ ს ა ხ უ რ ი

აქ, ჩვენთან, დიდი ამბავია,

760      მკვდრებში აჯანყება და ამბოხებაა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

როგორ, ამბოხება?!

 

მ ს ა ხ უ რ ი

აქ ხელოვანთათვის

არსებობს კანონი: ვინც უძლიერესი

იქნება იმათგან, მას პრიტანიონში

ეძლევა უფასო კვების და პლუტონის

765      გვერდით დაბრძანების უფლება.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

გავიგე.

 

მ ს ა ხ უ რ ი

მაგრამ თუ მოვიდა სხვა, უფრო ძლიერი,

მაშინვე მას უნდა დაეთმოს ადგილი.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მერედა, ესქილე რაღამ შეაშფოთა?

 

მ ს ა ხ უ რ ი

აქამდე მას ეპყრა ტახტი ტრაგიკოსთა,

770      როგორც უძლიერესს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ახლა ვის უპყრია?

 

მ ს ა ხ უ რ ი

როგორც ჩამოვიდა ჩვენთან ევრიპიდე,

სულ შემოიკრიბა მამისმკვლელები და

ჯიბის ქურდები და ქუჩის მძარცველები, —

ისინი ჰადესში საკმაოდ არიან.

775      მათ რომ მოისმინეს მისი მსჯელობები,

გაგიჟდნენ უმალ და უბრძნესად ჩათვალეს;

გაამაყებულმა დაიპყრო ის ტახტი,

რომელზეც ესქილე იჯდა.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

არ ჩაქოლეს?!

 

მ ს ა ხ უ რ ი

არა! მოითხოვა ხალხმა სასამართლო, —

760      იქ გადავწყვიტოთო მაგათი ამბავი.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ნახე, საზიზღრები!

 

მ ს ა ხ უ რ ი

ხმა ცას გააგონეს!

 

ქ ს ა ნ თ ი ა

მერედა, ესქილეს არავინ არა ჰყავს?

 

მ ს ა ხ უ რ ი

ჩვენც გვიჭირს კარგები, როგორც იქ, მიწაზე.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

და რის გაკეთებას აპირებს პლუტონი?

 

მ ს ა ხ უ რ ი

785      უნდა, შეჯიბრება მოაწყოს მაგათი

და იქ გადაწყვიტოს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

კი მაგრამ, სოფოკლემ

რად არ მოითხოვა ის ტახტი თავისთვის?

 

მ ს ა ხ უ რ ი

არ უნდა, ღმერთმანი! ეგ რომ ჩამოვიდა,

ესქილეს აკოცა და ხელიც ჩასჭიდა;

790      ტახტისთვის კამათი არც კი დაუწყია.

ახლა აპირებსო, ბრძანა კლიდემიდემ,

ჯდომას ეფედროსად, თუკი გაიმარჯვებს

ესქილე, ადგილზე დავრჩები, თუ არა,

შევეჯიბრებიო, უთქვამს, ევრიპიდეს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

795      და მალე იქნება?

 

მ ს ა ხ უ რ ი

მათი შეჯიბრება?

— მალე. აქ სასტიკი საქმე აღიძვრება:

სასწორზე დადებენ მაგათს პოეზიას.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

რაო? ტრაგედიას როგორ აწონიან?

 

მ ს ა ხ უ რ ი

სიტყვათა გირებით. თან სახაზავებით

800      სულ გადაზომავენ…

 

ქ ს ა ნ თ ი ა

ფილებს აკეთებენ?

 

მ ს ა ხ უ რ ი

… დიამეტრს, კუთხეებს. ბრძანა ევრიპიდემ,

სიტყვებს სულ დავზომავ ტრაგედიაშიო.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

წარმომიდგენია, რას ბრაზობს ესქილე!

 

მ ს ა ხ უ რ ი

თავი დახრილი აქვს, თვალებს აბრიალებს.

 

ქ ს ა ნ თ ი ა

805      დავას ვინ გადაწყვეტს?

 

მ ს ა ხ უ რ ი

ეს ქმნიდა სირთულეს.

ბრძენ ხალხს სად იპოვი? ათენელებსაც ხომ

ვერ უთანხმდებოდა ხანდახან ესქილე?

 

ქ ს ა ნ თ ი ა

იმათგან მრავალი მძარცველად მიაჩნდა.

 

მ ს ა ხ უ რ ი

სხვებზე კი ამბობდა, არ შეუძლიათო

810      პოეტთა ბუნების შეცნობა; შენს ბატონს

მიმართეს ახლახან, ის პოეზიაში

ხომ კარგად ერკვევა! შევიდეთ, მაგათ თუ

კამათი ატეხეს, ჩვენც მაგრად მოგვხვდება.

 

შინ შედიან.

 

გ უ ნ დ ი

სასტიკი ბრაზით აღსავსე, მეხმოგრიალე პოეტი

815      ბრძოლისთვის კბილებალესილ, მახვილმოლაყბე მეტოქეს

დაინახავს და უმალ უსაშინლესი რისხვით

დააბრიალებს თვალებს.

იგი კი ჯიღაზმებიან, მუზარადქნევა კამათით,

სიტყვამახეთა ნაკადით, საქმეთა მოჩუქურთმებით

820      შეებრძოლება ამის მაღალფარდოვან აზრებს

და ამხედრებულ სიტყვებს.

მაშინ მრისხანე პოეტი ფაფარს აიყრის საზარლად,

წარბებს აიწევს მძვინვარედ, ურჩხულისებრი ღრჭენით და

გოლიათური სუნთქვით ისვრის ლურსმნებით ნაჭედ,

825      ფიცრებად შეკრულ სიტყვებს.

ის, ჯადოქარი ლექსისა, გრძნეული სიტყვის მოქმედი,

აღარ შებორკავს ენას და ერთად მოუშვებს აღვირებს.

სიტყვათა ხლართებს დახსნის; ფრაზათა ხვანჯებს დაშლის

და დაასვენებს ფილტვებს.

 

 

მ ე ხ უ თ ე ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

 

შემოდიან ე ვ რ ი პ ი დ ე, ე ს ქ ი ლ ე და დ ი ო ნ ი ს ე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

830      ვეღარ დამარწმუნებ! მე ჩემს ტახტს არ დავთმობ!

უძლიერესი ვარ ამ ხელოვნებაში!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რად დუმხარ, ესქილე? ხომ გესმის, რას ამბობს?!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ო, ჯერ თავს იფასებს; ასე არ შვრებოდა

ეგ ტრაგედიაშიც? არ მატრაბაზობდა?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

835      დაფიქრდი, ძვირფასო, მეტისმეტს ნუ იტყვი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

კარგად შევისწავლე; კარგად გავეცანი

ზვიადად მეტყველს და ველურთა შემოქმედს;

სადავე არა აქვს, ვერ დაიმორჩილებ,

პირსაც ვერ დაუხშობ ზვაობარქედმაღალს.

 

ე ს ქ ი ლ ე

840      მართლა, ნაშიერო სოფლელი ქალღმერთის?

ამას მეუბნები, ჭორების შემკრებო,

ღატაკთა შემქმნელო, ძონძების მკერავო?!

ო, ვერ გაიხარებ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შეწყვიტე, ესქილე!

სულ ნუ გაიხურებ შიგანს მრისხანებით!

 

ე ს ქ ი ლ ე

მე ვერ მოვისვენებ, სანამდე არ ვამხელ

ამ კოჭლთა შემოქმედს, ამდენს რომ მიბედავს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მონებო, ბატკანი! შენ, შავი ბატკანი!

გრიგალი აპირებს, მგონი, ამოვარდნას!

 

ე ს ქ ი ლ ე

შენ, შემგროვებელო კრეტულ სიმღერათა,

850      სისხლის აღრევაზე წერდი ტრაგედიას…

 

დ ი ო ნ ი ს ე

მოიცა, ესქილე, მრავალღირსეულო!

შენ კი, ევრიპიდე, ჭკუას მოუხმე და

სიტყვას დაემალე, საბრალოვ, სასწრაფოდ,

ახლა საფეთქელში არ მოგხვდეს სიტყვა და

855      არ ამოგივარდეს თავიდან „ტელეფოს“.

რისხვა დაიოკე, ესქილე! აჯობებს,

მშვიდად რომ დასდებდე ბრალს, რადგან პოეტებს

ვაჭარ ქალებივით ლანძღვა არ შეგფერით;

შენ კი მუხასავით აენთე ყვირილით.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

860      მზადა ვარ აწი და უკან არ დავიხევ!

მეც ვუკბენ! ამანაც უკბინოს, თუ უნდა,

სიტყვებს და მუსიკას, ძარღვებს ტრაგედიის;

ღმერთმანი, პელევსსაც, მერმე ეოლოსსაც,

მერმე მელეაგროსს ან კიდევ ტელეფოსს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

865      შენ კი რას აპირებ? მითხარი, ესქილე.

 

ე ს ქ ი ლ ე

მე აქ პაექრობა არ მსურდა, კამათში

არ ვართ თანაბარნი ჩვენ ორნი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეს რატომ?

 

ე ს ქ ი ლ ე

ჩემთან არ მომკვდარა ჩემი პოეზია,

ამისი — მოკვდა და ჰადესში ჩამოჰყვა.

870      და მაინც, რაკი გსურს, დავყვები შენს ნებას.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, მოგვიტანონ ცეცხლი, საკმეველი;

მე უნდა ვილოცო თქვენს პაექრობამდე,

რათა ღირსეულად მოგიწყოთ განკითხვა.

თქვენ — მუზებს უმღერეთ მანამდე სიმღერა.

 

გ უ ნ დ ი

875      ზევსის ცხრა ასულო, წმინდა ქალწულნო,

მუზებო, უსმინეთ პოეტთა ბრძნულ და გონივრულ სიტყვებს;

ახლა ესენი პაექრობაში გადაეშვებიან,

მძიმე სიტყვებით ერთიმეორეს შეასკდებიან.

მოდით, მუზებო, ძალა მიაგეთ

880      საშინელ ბაგეებს, ყოვლისშემძლეებს,

რომ სიტყვა შეიკრას უმტკიცესად,

რამეთუ

იწყება უკვე პაექრობა დიდი სიბრძნისა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

885      თქვენ ორმაც ილოცეთ, სანამ დაიწყებდეთ.

 

ე ს ქ ი ლ ე

დემეტრე, აღმზრდელო ჩემი სულისაო,

ღირსი მქმენ შენივე იდუმალებისა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენაც განემზადე ლოცვისთვის.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მზადა ვარ!

ოღონდ მე სხვა ღმერთებს მივმართავ, იცოდე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

890      რა, საკუთარი გყავს მოჭრილი?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

დიახაც!

 

დ ი ო ნ ი ს ე

წადი და შენს ახალ ღმერთებზე ილოცე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ეთერო, გონების საზრდოვ, სითამამევ

ენისა, გაგებავ, ყნოსვავ დახვეწილო,

მტერი ღირსეულად მომაცილებინეთ!

 

 

 

ა გ ო ნ ი

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

895      აჰა, ყველანი ვიწვით სურვილით,

მოვუსმინოთ ბრძენკაცებს, დავინახოთ, სიტყვებით

რა გზას დაადგებიან.

ენა გამხეცებულია,

სიმტკიცით და სიმამაცით

აღსავსეა ორივე.

900      ახლა უნდა მოველოდეთ,

რომ ფაქიზ და სათუთ სიტყვას

იტყვის ერთი, მეორე კი

სიტყვას თავის ძირიანად

ამოთხრის და შეალეწავს,

სულ დაუნგრევს ლექსუკების ხუხულას.

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

905      აბა, სასწრაფოდ დაიწყეთ. ილაპარაკეთ გულით,

მეორედ აღარ წამოგცდეთ ერთხელ ნათქვამი სიტყვა.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

თავად როგორი გახლავართ, ამას სულ ბოლოს გეტყვით;

ჯერ მსურს, ეს კაცი ვამხილო, — ცრუ, ტრაბახა და ფლიდი.

ეს მატყუარა თეატრში ასულელებდა ყველას,

910      ვინც გაიარა ისედაც მტკნარი ფრინიქეს სკოლა.

გამოიყვანდა მსახიობს, დაუფარავდა სახეს, —

ვინმე აქილევსს, ნიობეს სადმე დასვამდა მარტოდ;

ამ ტრაგედიის თოჯინებს არ დასცდებოდა სიტყვაც.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთმანი, არ დასცდებოდათ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

და მიყოლებით გუნდი

915      ოთხ რიგსაც ჩაათავებდა… მსახიობები დუმდნენ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე კი იმათი დუმილი გულს მიამებდა უფრო,

ვიდრე მავანთა ლაყბობა.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რადგან, იცოდე კარგად,

ბრიყვი ბრძანდები.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რას იზამ! რაატომ შვრებოდა ასე?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მატრაბაზობდა! საწყალი მაყურებელი ელის,

920      რის თქმას აპირებს ნიობე, წარმოდგენა კი მიდის.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ხედავ ამ თაღლითს?! რამდენგზის მოვტყუვებულვარ მისგან!

რისთვის შეგიკრავს წარბები?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

არ მოსწონს, მე რომ ვამხელ.

ასე რომ გაგასულელებთ, შუაგულშია დრამა.

უეცრად თორმეტიოდე ხარისოდენა სიტყვას,

925      წარბჩაჩქანმუზარადიანს და საფრთხობელას ისვრის,

რომ ვერ გაიგოს ვერავინ.

 

ე ს ქ ი ლ ე

ვაი უბედურს!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჩუმად!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ერთ ნათელ სიტყვას არ იტყვის!

 

დ ი ო ნ ი ს ე

(ესქილეს)

ნუ აკრაჭუნებ კბილებს!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

სკამანდროსები, თხრილები, გრიფარწივები ფარზე,

სპილენძით გამოჭედილი, ამხედრებული ზმები!

930      თუ ვაჟკაცი ხარ, გაიგე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

სწორია, ღმერთებს ვფიცავ!

მეც მთელი ღამე ვფიქრობდი, არ მიძინია წვეთიც,

რა ჩიტი არის, ნეტავი, შავრა-მამალი-მეთქი.

 

ე ს ქ ი ლ ე

შე უმეცარო, ხომალდზე ნიშანს ხატავენ ასეთს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე არიქნისი მეგონა, ის, ფილოქსენეს ვაჟი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მერედა, ტრაგედიაში რა უნდა, ნეტავ, მამალს?!

 

ე ს ქ ი ლ ე

ო, საძულველო ღმერთთათვის, შენ ვინ გამოგყავს ერთი?!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

შავრა-მამლები, შენსავით და თხა-ირმები არ მყავს,

რადგან მაგათი ადგილი სპარსულ ფარდაგზე გახლავს.

მე შენგან რა ჩავიბარე? რა? — ტრაგედია მძიმე,

940      გასივებული ტრაბახით, მსუყე სიტყვებით სავსე;

რა უნდა მექნა? პირველად შევამსუბუქე ოდნავ, —

მჩატე სიტყვები მივეცი, გავასეირნე ცოტა,

წიგნიდან გამოწურული ყბედობის წვენი ვასვი,

კეფისოფონტთან შერეულ მონოდიებით ვკვებე;

945      ენაზე მომდგარს, ყველაფერს აღარ ამბობდა გმირი,

როგორც კი გამოვიდოდა, წარმოაჩენდა ნათლად

დრამის ხასიათს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

და შენსას ათასჯერ სჯობდა იგი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

პირველი სიტყვებიდანვე არავინ მყავდა უქმად;

სიტყვას ვაძლევდი სუყველას: დედაკაცებს და მონებს,

950      დედაბრებსა და ბატონებს, ქალიშვილებსაც.

 

ე ს ქ ი ლ ე

მერმე,

სიკვდილის ღირსი არ ხარ?!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

არა, აპოლონს ვფიცავ!

დემოკრატია ესაა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეს მიატოვე, კარგო;

შენ ამ საკითხზე მსჯელობა კარგს არ მოგიტანს ახლა.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ამათ ლაყბობა ვასწავლე…

 

ე ს ქ ი ლ ე

და მეც ამას არ ვამბობ?!

955      მაგ „სწავლებამდე“, ნეტავი, გამსკდარიყავი თავად!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

…და გავაცანი აზომვა და შეფასება ლექსის;

ფიქრი, ჭვრეტა და გაგება, მოტყუება და განსჯა,

ტრფობა და ყველაფრისადმი ეჭვი.

 

ე ს ქ ი ლ ე

მეც ამას ვამბობ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მე საოჯახო ამბები შემოვთავაზე სცენას,

960      რაც ნაცნობია ყველასთვის; ყველას შეეძლო ჩემი

დრამის გაგებაც, გაკიცხვაც. არ ვზვიადობდი ფუჭად,

არ ვღალატობდი გონებას და არ ვაფრთხობდი ვინმეს.

კიკნეს არ ვქმნიდი, არ ვძერწდი „ცხენეჟვანშებმულ“ მემნონს.

ან შეადარე ამისი მოსწავლეები ჩემებს:

965      სად ამის ფორმისიოსი და მეგეტენე მანეს,

წვერიანჰოროლოსანნი, დამცინავმხრელნი ფიჭვის;

სად ჩემი კლეოფონტი და ან თერემენე ბრძენი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ო, თერამენე კი არის ჭკუით აღსავსე კაცი;

თუნდაც გასწიროს ბედმა და გაქრეს იმედი ყველა,

970      უბედურების წარღვნიდან მშრალი ამოვა მაინც.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ერთ-ერთი საუკეთესო

მოსწავლე იყო ნამდვილად…

ხელოვნებაში მსჯელობაც

მე შევიტანე, რომ ყველას

975      სუყველაფერი გაეგო.

ახლა უკეთაც ხედავენ

და შეკითხვებიც ისწავლეს:

„ეს საქმე როგორ იქნება?

ის ვინ აიღო, მითხარით!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

980      ღმერთმანი, ათენელები

შინ რომ მიდიან, იმწუთას

ყვირილს უწყებენ მსახურებს:

„აბა, სად არის ქოთანი?

ამ თევზებს ვინ მოაჭამა

985      თავები? ჯამი სად არის,

რომ შევიძინე შარშანწინ?

სად დაიკარგა ნიორი?

ვინ ეთამაშა ზეთისხილს?“

უწინ კი იყვნენ ჩერჩეტნი,

990      ბოთე „დედიკოს ბიჭები“,

დოყლაპიები სულაც.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

„ამას თუ ხედავ, ლომო აქილევს?!“

შენ ამაზე რას იტყვი?

ორონდ ფრთხილად იყავი,

სულმა აღარ წაგძლიოს,

995      არ გასცილდე ზეთისხილებს.

მძიმე რამეს გაბრალებენ;

მაგრამ შენ კი, რაინდო,

რისხვით ნუღარ უპასუხებ;

ჩამოხსენი იალქნები,

1000    წყალში ფრთხილად შეცურდი;

მერმე ნელა მოუმატე

სიჩქარეს და შეეცადე,

დაიჭირო საიმედო ზურგქარი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, პირველო მთელ საბერძნეთში, ვინაც აღმართე სიტყვა კოშკივით

1005    და ტრაგედია მოაჩუქურთმე, ნიაღვარივით მოუშვი სიტყვა!

 

ე ს ქ ი ლ ე

მე ეს შეხვედრა ბრაზით მახრჩობს და შიგნეულშიაც ცეცხლი მედება,

რომ ამას უნდა გავცე პასუხი; შენ არ გეგონოს, რამე მიჭირდეს.

ჯერ მიპასუხე: რა თვისებებით აღგვაფრთოვანებს დიდი პოეტი?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

გონიერებით, ჭკუის სწავლებით, ქალაქებში რომ ადამიანებს

1010    უკეთესებს ვხდით, იმით.

 

ე ს ქ ი ლ ე

და თუკი არ გააკეთე ასე, პირიქით, —

რიგიანი და კეთილშობილი თუ არამზადად გადააქციე,

რისი ღირსი ხარ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

სიკვდილის ღირსი! ნუღარ იკითხავ ამას მეორედ.

 

ე ს ქ ი ლ ე

ახლა კი ვნახოთ, როგორი ხალხი მიიღე ჩემგან თავდაპირველად:

კეთილშობილნი, მაღალ-მაღალნი, ქალაქისათვის თავდადებულნი;

1015    ახლა კი ვინ გვყავს? — მატრაბაზები, ჭორიკანები და მასხარები,

ჩემს დროში ხალხი შუბით სუნთქავდა და თეთრფრთიანი მუზარადებით,

საბარკილებით, აღჭურვილობით, შვიდხარიანი ძალგულოვნებით.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ვაიმე, მოდის უბედურება! გამსრესს თავისი მუზარადებით!

 

დ ი ო ნ ი ს ე

შენ კი, გვითხარი, რა გააკეთე, კეთილშობილნი როგორ გახადე?

1020    ილაპარაკე, ესქილე, ნუ ხარ მზვაობარივით განრისხებული.

 

ე ს ქ ი ლ ე

დრამა შევქმენი არესით სავსე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რომელი დრამა?

 

ე ს ქ ი ლ ე

„შვიდნი თებეში“.

ვისაც უნახავს, სუყველას უმალ ბრძოლაში ყოფნა მონატრებია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სწორედ ეგ არის დიდი შეცდომა, თებელები რომ გახადე ჩვენზე

უფრო მამაცნი და მეომარნი! აი, ამისთვის კი იცემები!

 

ე ს ქ ი ლ ე

1025    თქვენი გაწაფვა მინდოდა სულაც, მაგრამ თქვენ ასე არ მოიქეცით;

მე „სპარსელები“ დაგიდგით შემდეგ, იმით მინდოდა, მესწავლებინა,

რომ გულოვნება გმართებთ ყოველთვის; შარავანდედით შევმოსე ბრძოლა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა სასეირო ამბავი იყო, შენ დარიოსი რომ დაიტირე!

გუნდმა ხელი ხელს შემოჰკრა უმალ და დაიბღავლა: „ავა, ავაი!“

 

ე ს ქ ი ლ ე

1030    აი, ესაა პოეტის საქმე. თავიდანვე ხომ ის გამოგვადგა,

კეთილშობილი ვინც იყო სულით: ორფევსმა მოგვცა მისტერიები

და აგვიკრძალა მანვე მკვლელობა; მკურნალობა და ორაკულები

ხომ მუსეოსმა გვასწავლა, ხოლო ჰესიოდემ კი მიწის საქმე და

ჭირნახულისთვის გარჯა, ხვნა-თესვა; თვით ჰომეროსი, ღმერთთა სადარი,

1035    იმით არ არის სახელგანთქმული, რომ სასარგებლო საქმე გვასწავლა:

ჯარის წყობა და აღჭურვილობა, ომში ქველობა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მაგრამ პანტაკლეს

ვერ შეასწავლა, გამოლაყებულს; მხედრიონში რომ იყო ახლახან,

ჯერ მუზარადი დაიდგა თავზე, მერმე ფიქრობდა ფრთის დამაგრებას.

 

ე ს ქ ი ლ ე

მაგრამ ასწავლა ისეთ ვაჟკაცებს, როგორიც იყო გმირი ლამაქე.

1040    მე, ჰომეროსით შთაგონებული, ლომგულოვანი პატროკლოსების

და ტევკროსების სიქველეს ვქმნიდი, რათა სურვილი ჰქონოდა ყველას,

გატოლებოდა ამ გმირებს, როცა საყვირი ბრძოლად მოუწოდებდა;

მაგრამ, ღმერთმანი, არ შემიქმნია გარყვნილი ფედრა და სთენებეა

და ვერც ვერავინ იპოვის ჩემთან შეყვარებული დიაცის სახეს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1045    რადგანაც შენში წვეთიც არ არის აფროდიტესი!

 

ე ს ქ ი ლ ე

და ნუმც ყოფილა!

სამაგიეროდ, წვეთის სანაცვლოდ, შენში ხომ არის მთელი მდინარე!

იმიტომაც ხარ წყალწაღებული.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთმანი, სრული სიმართლე გახლავს!

რაც მიაწერე სხვა დედაკაცებს, თავადაც იმან გიყო სიკეთე!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რა დაუშავეს, თქვი, უბედურო, ქალაქს იმ ჩემმა სთენებეებმა?

 

ე ს ქ ი ლ ე

1050    დიდგვაროვანთა დარბაისელი ბანოვანები შეარცხვინე და

თვითმკვლელობამდე მიაყვანინე იმ შენს ჰიპოლიტოს-ბელეროფონტებს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

განა ისეთი არ იყო ფედრა, როგორიც მე მყავს გამოყვანილი?

 

ე ს ქ ი ლ ე

იყო, ღმერთმანი, მაგრამ საძაგელ ამბებს პოეტი უნდა ერიდოს,

სცენა არ უნდა დაუთმოს მაგათ; რადგან ბავშვისთვის მოძღვარი არის

1055    მასწავლებელი, ხოლო დიდისთვის — მოძღვარი უნდა იყოს პოეტი.

მან ახალგაზრდებს პატიოსნება უნდა ასწავლოს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ლიკაბეტოსის

და პარნასოსის სიმაღლის სიტყვებს რომ ქმნი, ისაა პატიოსნება?

ადამიანურ სიტყვას ვერ იტყვი?!

 

ე ს ქ ი ლ ე

მაგრამ, ბედშავო, სიტყვა უცილოდ

დიადთა აზრთა და შთანაფიქრთა შესაბამისად უნდა შეიქმნას.

1060    ბუნებრივია, ნახევარღმერთი ამაღლებულად ლაპარაკობდეს

და სამოსელიც განსხვავებული, მავანისაზე ბრწყინვალე ეცვას.

მე ყველაფერი კარგად განვსაზღვრე, შენ — წაახდინე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რა გავაკეთე?

 

ე ს ქ ი ლ ე

რა და მეფეებს ძონძებს აცმევდი, რათა ისინი შესაბრალისად

მოჩვენებოდნენ ადამიანებს!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რა დავაშავე, ნეტავი, ამით?

 

ე ს ქ ი ლ ე

1065    შენგან განსწავლულს შეძლებულთაგან არავის არ სურს ტრიერარქობა,

ყველა ძონძებში გამოხვეულა, კვნესის და ტირის, ღატაკი ვარო.

 

დ ი ო ნ ი ს ე

დემეტრეს ვფიცავ, ძონძების შიგნით კარგი ქიტონი აცვია, შალის!

ყველას ტყუილით რომ გააცურებს, ამოცურდება თვითონ ბაზარში.

 

ე ს ქ ი ლ ე

მერმე ლაყბობა, დაუსრულებლად ლაზღანდარობა ასწავლე ყველას;

1070    დაცარიელდა ყველა პალესტრა, უქმად ყოფნაში გაგვინებივრდნენ

და გაგვინაზდნენ ყმაწვილკაცები; პარალოსები გაგვითამამდნენ,

ისწავლეს ენის შემობრუნება უფროსისათვის; ჩემს სიცოცხლეში

კი რა იცოდნენ? პურს მოითხოვდნენ, დაიძახებდნენ: „ნიჩბებს მოვუსვათ!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

აპოლონს ვფიცავ, ეხერხებოდათ თალამაქსების გაბითურებაც.

1075    მეინახეთა აყროლებაც და სანაპიროზე ხალხის გაძარცვაც.

ახლა იციან მხოლოდ კამათი, გემს ალთა-ბალთად დაატარებენ.

 

ე ს ქ ი ლ ე

რა სიავე არ ჩაუდენია?

არ გამოჰყავდა მაჭანკლები და

1080    წმინდა ტაძარში მშობიარენი?

ძმების სარეცელს ზიარებულნი,

რომ კითხულობდნენ, ჩვენი სიცოცხლე

სიცოცხლეაო? ამის გამოა,

ხალხს უსინდისოდ რომ ატყუებენ;

1085    მაიმუნებით, ცრუ მწერლუკებით

რომ გაიჭედა მთელი ქალაქი.

ყველა მცონარე რომ გახდა ახლა,

ვეღარც ჩირაღდნით დარბის ვერავინ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთმანი, მართლაც ვერავინ დარბის!

1090    პანათენეებს რომ ვესწრებოდი,

სიცილით მოვკვდი, ჩამორჩენილი

ვიღაც პატარა, მსუქანი კაცი

სხვებს რომ მისდევდა; კერამიკოსში

დაიჭირეს და ფეხქვეშ გაიგდეს,

1095    უკანალსა და ფერდებში ურტყეს.

პატარა კაცმა თავის მტანჯველებს

სულ აუმყრალა ხელისგულები,

ჩააქრო კარი და მიიმალა.

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

დიდი საქმე, პაექრობა, მძიმე ბრძოლა გახურდა,

1100    ძნელი არის ამორჩევა:

ერთი მძლავრად უტევს, მაგრამ

მეორესაც შეუძლია, თვი მტკიცედ დაიცვას.

ერთ ადგილზე ნუღარ სხედხართ,

თავდასხმისთვის ჯერ ხომ ბევრი ხერხი არ გიხმარიათ!

შეუტიეთ, იკამათეთ,

1105    მისხალ-მისხალ გაარჩიეთ

ძველიცა და ახალიც.

შეეცადეთ, ლამაზად და ბრძნულად ილაპარაკოთ.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

თუკი კიდევ გეშინიათ, ვინმე უცოდინარი

1110    არ აღმოჩნდეს მსმენელებში,

ვერ გაიგოს კოხტად თქმული, —

ეგ ცრუ შიში გახლავთ, ახლა ძველებურად როდია:

გამოცდილი არის ყველა,

წიგნი ყველას უნახავს და ყველამ იცის სიმართლე.

1115    ბევრი ნახეს, შეისწავლეს,

ბუნებამაც უშველათ.

ნუღარაფრის დარდი ნუ გაქვთ,

იპაექრეთ, შეგაფასებთ ჩვენი მაყურებელი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

პირველად, მე მინდა, პროლოგებს შევუდგეთ,

1120    რათა ამ ღირსეულ კაცის ტრაგედიის

პირველი ნაწილი კარგად გავარჩიოთ;

აზრის გადმოცემა ბნელი აქვს ყოველთვის.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რომელს განიხილავ?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რომელიც იქნება.

თუნდაც „ორესტეას“ პროლოგით დაიწყოს.

 

ე ს ქ ი ლ ე

1125    „ჰერმეს წიაღისა, მფარველო მამისა!

გენუკვი კავშირს და შველას გეაჯები,

დავბრუნდი, მოვედი მშობლიურ მიწაზე…“

 

დ ი ო ნ ი ს ე

არის აქ შეცდომა?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

თორმეტი არ არის?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

1130    თორმეტი?! სულ სამი სტრიქონი არაა?!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

და თითოეულში ოცი შეცდომაა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მოიცა, ესქილე, არ გირჩევ ლაპარაკს,

ეგ ოცის სანაცვლოდ ოთხმოცსაც იპოვის.

 

ე ს ქ ი ლ ე

ამასთან დავდუმდე?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

კი, კი, დამიჯერე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1135    მიწიდან ცამდეა პირველი შეცდომა.

 

ე ს ქ ი ლ ე

ტყუიხარ!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

იყვირე, მე სულ არ მადარდებს!

 

ე ს ქ ი ლ ე

რას მითვლი შეცდომად?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

დაიწყე თავიდან.

 

ე ს ქ ი ლ ე

„ჰერმეს წიაღისა, მფარველო მამისა…“

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ორესტე არ ამბობს ამას გარდაცვლილი

1140    მამის სამარესთან?

 

ე ს ქ ი ლ ე

ამას არ უარვყოფ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ჰერმესს აქ რა უნდა? მამა ხომ დაღუპა

მისივე მეუღლემ ძალდატანებით და

ფარული მზაკვრობით! ვისფ ა რ ა ვ სჰერმესი?

 

ე ს ქ ი ლ ე

ამაზე არ ამბობს, წიაღის ჰერმესს კი

1145    მოუხმობს, უბრალოდ, უნდა განაცხადოს,

რომ ზევსის უფლება ახლა მის ხელშია.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ეს უარესია, ვიდრე მე მეგონა!

თუ ზევსის უფლება ჰერმესის ხელშია…

 

დ ი ო ნ ი ს ე

…მაშინ შეუბღალავს შვილს მამის საფლავი.

 

ე ს ქ ი ლ ე

1150    ჩემო დიონისე, არ ვარგა ეგ ღვინო.

 

დ ი ო ნ ი ს ე

განაგრძე წაკითხვა. შეცდომა ეძებე.

 

ე ს ქ ი ლ ე

„გენუკვი კავშირს და შველას გეაჯები,

დავბრუნდი, მოვედი მშობლიურ მიწაზე…“

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

აქ განმეორება ინება ესქილემ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

1155    რა გაიმეორა?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

აბა, დაუკვირდი:

ბრძანა მოვედიო, თანაც დავბრუნდიო.

„დავბრუნდი“, „მოვედი“ ­— სულ ერთი არ არის?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ღმერთმანი, ვიღაცამ რომ უთხრას მეზობელს:

„ცოტა ხნით მათხოვე ან ვარცლი, ან გობი“.

 

ე ს ქ ი ლ ე

1160    ეს ასე როდია, მოლაყბე კაცუნავ,

არ არის სულერთი, სწორად მიწერია!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

როგორღა? მითხარი, მეც გამაგებინე.

 

ე ს ქ ი ლ ე

„მოვედის“ ის იტყვის, ვისაც აქვს სამშობლო

და გაძევებული არასდროს ყოფილა;

ხოლო განდევნილი — „დავბრუნდი, მოვედის“.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კარგია, ღმერთმანი! რაო, ევრიპიდე?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მე კი ორესტეზე „დაბრუნდას“ არ ვიტყვი, —

ფარულად მოვიდა, არავინ იცოდა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კარგია, ღმერთმანი!… ვერ მივხვდი, რას ამბობ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1170    ბარემ დაასრულე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მიდი, დაასრულე,

ესქილე. შენ ცუდი რა არის, უყურე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

სამარის მიწიდან ვთხოვ, რომ გამიგონოს

მამამ და მისმინოს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ისე იმეორებს!

რაც გაგონებაა, მოსმენაც ისაა!

 

ე ს ქ ი ლ ე

1175    ბრიყვო, მიცვალებულს მოუხმობს, იმას კი

ვერას გააგონებ, სამგზისაც რომ უხმო.

შენ როგორ პროლოგებს გვიწერდი?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მე გეტყვი.

თუ გავიმეორო ან თუ სარეველა

მიპოვო სიტყვაში, თვალებში მაფურთხე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

1180    აბა, წაგვიკითხე, სხვა საქმე მე არ მაქვს:

უნდა მოვისმინო შენი პროლოგებიც.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მეფე ოიდიპოს, ადრე ბედნიერი…

 

ე ს ქ ი ლ ე

არა, ბედნიერი არასდროს ყოფილა!

მის დაბადებამდე ბრძანა აპოლონმა,

1185    რომ მამას მოკლავდა; როგორ იქნებოდა

ის კაცი ოდესმე ოდნავ ბედნიერიც?!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

…ბოლოს უბედური შეიქმნა ყველაზე.

 

ე ს ქ ი ლ ე

ღმერთმანი, ასეთი იყო თავიდანვე.

რად არ იქნებოდა? ის რომ დაიბადა,

1190    ზამთარი იდგა და ქოთანში ჩააგდეს,

რომ გაზრდილს მშობელი მამა არ მოეკლა;

მერმე პოლიბოსთან მივიდა კოჭლობით;

ბოლოს მოიყვანა ცოლად დედაბერი,

თან დედაც აღმოჩნდა; თავიც საკუთარი

1195    ხელით დაიბრმავა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ბედი ექნებოდა,

ერასინიდესთან რომ ესტრატეგოსა!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მიჰქარავ! პროლოგებს მე კარგად ვაკეთებ!

 

ე ს ქ ი ლ ე

ახლა სათითაოდ ვერ დავედევნები

შენს ყველა გამოთქმას. ღმერთებმა ინებონ

1200    და მაგ შენს პროლოგებს ჭინჭილით წაგიქცევ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ჭინჭილით? პროლოგებს?

 

ე ს ქ ი ლ ე

ჰო, ეგეც გეყოფა.

შენ ისეთ ლექსებს წერ, ჭინჭილა კი არა,

ჩარექი, ჭარიკი, ქვევრიც მიუდგება;

მე ამას ახლავე ნათლად დაგიმტკიცებ!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1205    შენ მე დამიმტკიცებ?

 

ე ს ქ ი ლ ე

ჰო-მეთქი!

 

დ ი ო ნ ი ს ე

დაიწყე!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„ასეა ნათქვამი: თავის ორმოცდაათ

ვაჟკაცთან ერთად რომ მოადგა ხომალდით

არგოსს, ეგვიპტოსმა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჭინჭილას რა უნდა ამ ლექსში? ახალი

1210    პროლოგი დაიწყე, კიდევ გამოვცადოთ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„მაღალ პარნასოსზე, ჩირაღდნის ნათელში

გუნდს რომ უძღვებოდა, ტყავში გახვეულმა

ღმერთმა დიონისემ…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვაიმე, ხელახლა დაგვეცა ჭინჭილა!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1215    ყოველთვის ასე ხომ ვერ იზამს! ამ პროლოგს

ვეღარ მიაწებებს იმ წყეულ ჭინჭილას:

„ყველგან ბედნიერი კაცი ვერ იქნება;

იქნებ გვაროვანმა სარჩოც ვერ იშოვოს,

ხოლო უაზნომ კი…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგოს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

1220    კაცო, ევრიპიდე!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რაო?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ჩამოხსენი

აფრები! ჭინჭილამ მაგრად შეუბერა!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

დემეტრეს ვფიცავარ, არც კი გავიფიქრებ!

მაგ „ჭინჭილფარხმალსაც“ სულ დავაყრევინებ!

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, სხვა დაიწყე. უფრთხილდი ჭინჭილას!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1225    „სიდონის ქალაქს რომ გამოსცდა, კადმოსმა,

ძემ აგენორისა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კაცო, შეეხვეწე, მოგყიდოს ჭინჭილა,

თორემ სულ დაღუპავს პროლოგებს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ეს როგორ?

მე უნდა ვეხვეწო?

 

დ ი ო ნ ი ს ე

კი, კი, დამიჯერე.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1230    ო, არა! მარაგში კიდევ მაქვს პროლოგი,

ვეღარ მიაწებებს ზედ თავის ჭინჭილას:

„პისას რომ მიადგა ცხენით, ტანტალოსის

ვაჟკაცმა, პელოფსმა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მაინც მიუმატა თავისი ჭინჭილა.

1235    იქნება მოგვყიდო, რას იტყვი? იშოვი

მაგაზე უკეთესს ორიოდ ობოლად.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ღმერთმანი, კიდევ მაქვს მრავალი პროლოგი!

„ენევსმა მინდორში…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ჯერ სრული სტრიქონი მაინც მათქმევინე!

„ენევსმა, მინდორში აღებულ მოსავლის

წილი რომ შესწირა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

…ჭინჭილა დაკარგა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეგ როგორ, წირვის დროს? ვინმემ მოიპარა?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

თავი დაანებე, ძვირფასო. ახლა თქვას!

„ჭეშმარიტადაა ნათქვამი, რომ ზევსმა…“

 

დ ი ო ნ ი ს ე

1245    დამღუპავ! ხომ იტყვის: „ჭინჭილა დაკარგა!“

ჭინჭილას ლექსიდან ვეღარ მოიცილებ,

როგორც ქუთუთოზე ამოსულ ჯიბლიბოს.

ახლა სიმღერებზე გადადით, გაფიცებთ!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ახლავე გაჩვენებთ, როგორ წერს სიმღერებს,

1250    სულ რომ იმეორებს ერთსა და იმავეს!

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

რა მოხდება, ნეტავ, აწი?

საფიქრალი კიდევ დამრჩა:

რა გასაკიცხს უნახავს

კაცს, რომელიც სიმღერებით

1255    ამჟამინდელ ტრაგიკოსებს

ბევრად აღემატება?

მიკვირს! ნეტავ, რას უპოვის

ანდა როგორ გაკიცხავს

ბაკქეურის მეუფეს?

1260    მეშინია ამისი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

გასაოცარია მისი სიმღერები;

სუყველა ერთ ხმაზე რომ დაიყვანება!

 

დ ი ო ნ ი ს ე

მე კენჭებს ავიღებ და დათვლას დავიწყებ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„ლომო აქილევს! ხომ გესმის ბრძოლის ხმა და ქვითინი!

1265    ვაჰ, რა ტანჯვაა! რად არ გვეშველები?!

ჰერმეს, მეუფეს ჩვენს და წინაპარს, მოვუხმოთ ტბასთან;

ვაჰ, რა ტანჯვაა, რად არ გვეშველები?!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

ესქილე, ეს უკვე მეორე „ტანჯვაა“!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1270    „სახელმორჭმულო ატრევსის ძეო, ხალხთა მეუფევ, მითხარი:

ვაჰ, რა ტანჯვაა, რად არ გვეშველები?!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

ესქილე, ეს უკვე მესამე „ტანჯვაა“!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„დადუმდით, ტაძარს არტემისისა დააღებენ ქურუმნი ქალნი

1275    ვაჰ, რა ტანჯვაა, რად არ გვეშველები?!

ღვთიური ნიშანი მომეცა! გმირებს წარმატება ელით!

ვაჰ, რა ტანჯვაა, რად არ გვეშველები?!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

ზევსო, ო მეუფე! მართლა დავიტანჯე!

ახლავე აბანოს უნდა მივაკითხო:

1280    თირკმლები გამისკდა ამდენი ტანჯვისგან.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ჯერ უნდა უსმინო სხვა წყობის სიმღერას,

რომელიც კითარის თანხლებით სრულდება.

1285    „აქაველთა ორი ტახტის დარად მთელი საბერძნეთი,

ტოფლატოთრატოფლატოთრატ,

სფინქსს, შავი დღის ძუკნა-პრიტანს, გააგზავნის,

ტოფლატოთრატოფლატოთრატ,

საზარელი გველეშაპი შუბითა და მსახვრალ ხელით,

1290    ტოფლატოთრატოფლატოთრატ,

შესახვედრად ცაში მფრინავ ძალებს უხმობს

ტოფლატოთრატოფლატოთრატ,

აიასის წინააღმდეგ,

1295    ტოფლატოთრატოფლატოთრატ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვინ არის ფლატოთრა? მარათონელია?

ჭიდან წყალს რომ იღებ, იმის სიმღერაა!

 

ე ს ქ ი ლ ე

მე მშვენიერიდან კვალად მშვენიერში

გარდავთქვი სიმღერა, რათა ფრინიქესთან

1300    ვარდი არ მეკრიფა მუზათა ჭალაში.

ამისთვის სულერთი იყო და აიღო

მელეტეს სუფრულიც, კარიის სიმღერაც,

ცეკვაც, დატირებაც; ახლავე გაჩვენებთ.

ლირა მომიტანეთ! თუმცა რა საჭირო

1305    იქნება ის ლირა? არა, საჟღარუნო

ეჟვანი მჭირდება! აქეთ ევრიპიდეს

მუზავ, შესაფერი სიმღერა გიმღერო.

 

შემოდის ეჟვნებიანი მოცეკვავე ქალი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

რაღაც არ ეტყობა მას ლესბოსელობა!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„ზღვის თოლიებო, მუდმივადმედინ ტალღებში

1310    ტკბილად ჟღურტულებთ მარად,

ისევ და ისევ ისველებთ,

წყლში დალბობილ ფრთათა ზედაპირს;

სხვენის კუთხეში ობობას თითები

ააააააახვევენ ააბლაბუდას,

1315    ჟღერადი მაქოს ქმნილებას,

ფეიქრის დაზგის საგალობელს;

ხოლო მუსიკის მოყვარული

დელფინი გემთან თამაშობს

ორაკულების სიგრძით.

1320    აყვავებული ვენახის

მორჩო კეთილო, შრომათდამხსნელო,

მშობელი გულში ჩამიკარი“.

ხედავ, რა საზომს ხმარობს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვხედავ.

 

ე ს ქ ი ლ ე

როგორ, ამასაც ხედავ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ვხედავ.

 

ე ს ქ ი ლ ე

1325    ამის ავტორი გაბედავს

ჩემი სიმღერის გინებას?

რას ქმნი შენ თვითონ, კახპასავით

თორმეტჯერ იცვლი პოზას!

საგუნდო ნაწილში ასეთი ბრძანდები;

1330    აწ მონოპდიაშიც მინდა, გამოგცადო.

„შავო წყვდიადო ღამისა,

ეს რა უბედურ სიზმარს მიგზავნი

ბნელი ჰადესის წიაღიდან?

სული უსულო

აქვს ამ ზმანებას; შემზარავი

1335    და ამაზრზენი, ძაძით მოსილი

შვილია ღამის; სისხლიანია, სისხლიანია

იმისი მზერა! საშინელია ბრჭყალები!

მოახლეებო, სწრაფად ამინთეთ ჭრაქი!

აბა, წყაროდან ამომიტანეთ და გამიცხელეთ წყალი!

1340    მე ამ ჩვენებას მსხვერპლი თუ ჩამომბანს!

იო, ღვთაებავ ზღვისა!

ო, მეზობლებო, შეხედეთ,

ამ საოცრებას უყურეთ!

ჩემი მამალი მოიტაცა და სადღაც

გაიქცა გლიკე!

1345    დამაჭერინე, მანია!

მე უბედური

სულ შრომაში ვარ და ამ ძაფებს

ვაააახვევ და გორგალს ვაკეთებ;

გათენებამდე როგორმე

მინდა მოვასწრო. დილით

1350    მივიტან, გავყიდი.

ის კი ეთერში გაფრინდა, გაფრინდა

მსუბუქი ფრთების ფარფატით!

მე დამიტოვა ნაღველი;

თვალთაგან ცრემლი, თვალთაგან ცრემლი

1355    მცვიოდა, მცვიოდა უბედურს!

მაგრამ კრეტელნო, იდას ძენო,

მომეშველენით, მშვილდებს დაავლეთ ხელი!

ამოძრავდით და ამ სახლს სწრაფად გარს შემოერტყით!

ტურფა არტემის, ნორჩო დიქტინა, შენაც

1360    მცირე ძაღლებით ყოველნაირად სახლი შეისწავლე;

შენ კი, ჰეკატე, ზევსის ასულო,

გამიჩრაღდნე გზა გლიკესკენ, —

შევუვარდები და სახლს გავუჩხრეკ!“

 

დ ი ო ნ ი ს ე

შეწყვიტე სიმღერა!

 

ე ს ქ ი ლ ე

თვითონაც მომბეზრდა.

1365    ახლა კი სასწორთან მინდა მივიყვანო;

სასწორს შეუძლია, სიტყვებს თუ აწონის,

სწორად შეაფასოს ჩვენი პოეზია.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აქ მოდით ორივე! ყველის ვაჭარივით

აგწონით თქვენცა და თქვენს პოეზიასაც.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

1370    უცნაური არ არის?

საოცარი არ არის?

სასწაული არ არის?

კაცი რას არ მოიფიქრებს!

ვიღაცა რომ შემხვედროდა,

1375    ეს ამბავი მოეყოლა,

მე ხომ არ დავუჯერებდი,

რაებს როშავს-მეთქი!

 

შემოაქვთ უზარმაზარი სასწორი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სასწორთან დადექით ორივე!

 

ე ს ქ ი ლ ე და ე ვ რ ი პ ი დ ე

დავდექით.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, დაიჭირეთ; ხელი არ გაუშვათ,

1380    სანამდე მე „კუკუს“ არ ვიტყვი, მანამდე.

 

ე ს ქ ი ლ ე და ე ვ რ ი პ ი დ ე

გვიჭრავს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

სასწორზე დადეთ სტრიქონები!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„არგო რომ ამგვარად არ გაფრენილიყო…“

 

ე ს ქ ი ლ ე

„მდინარე სპერქიოს, ხართა საძოვრებო…“

 

დ ი ო ნ ი ს ე

კუკუ!

 

ე ს ქ ი ლ ე და ე ვ რ ი პ ი დ ე

ჩვენ გავუშვით.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ესქილეს პინაა

1385    დაბლა დაწეული.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მიზეზი რა არის?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რაა და „მდინარით“ ლექსი დაამძიმა;

მატყლის გამყიდველიც მატყლს ასე ასველებს;

შენი სტრიქონიკი მსუბუქად „აფრინდა“.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

სხვა რამეს ვიტყვი და დამიპირისპირდეს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

1390    ისევ დაიჭირეთ!

 

ე ს ქ ი ლ ე და ე ვ რ ი პ ი დ ე

გვიჭირავს.

 

დ ი ო ნ ი ს ე

დაიწყეთ!

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„მხოლოდღა ს ი ტ ყ ვ ა ა ტაძარი რ წ მ ე ნ ი ს ა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

„მხოლოდ თ ა ნ ა ტ ო ს ი გაურბის საბოძვარს.“

 

დ ი ო ნ ი ს ე

გაუშვით!

 

ე ს ქ ი ლ ე და ე ვ რ ი პ ი დ ე

გავუშვით.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კვლავ ამან დასწია,

მძიმეთ ა ნ ა ტ ო ს ი — სიკვდილი დაადო.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1395    მერ წ მ ე ნ ადავადე, ბრწყინვალე სიტყვაა!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რწმენა მსუბუქია, გონებაც არ ახლავს.

სხვა რამე მოძებნე, მძიმე და მაგარი,

იქნებ გადასწონო ამისი სიტყვები.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მექნება ასეთი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

გეტყვი: „აქილევსმა

1400    ორი იაქე და ჩარი გააგორა.“

დაიწყეთ! ეს ბოლო აწონვა იქნება.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

„უმალვე რკინის კეტს დაავლო მარჯვენა…“

 

ე ს ქ ი ლ ე

„ეტლი ეტლს დაეცა და ცხედარს ცხედარი…“

 

დ ი ო ნ ი ს ე

ისევ გაგაბრიყვა.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

როგორ მოახერხა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

1405    ეტლებიც დაყარა, ცხედრებიც დააწყო;

ამას ვერ ასწევდა ასი ეგვიპტელიც.

 

ე ს ქ ი ლ ე

რად გვინდა სტრიქონი? ავიდეს სასწორზე

ეს კაცი ცოლ-შვილით და კეფისოფონტიც

მაგათთან დაბრძანდეს, წიგნებიც აიღონ;

1410    ორ სტრიქონს ვიტყვი და მაინც გადავწონი.

 

შემოდის პ ლ უ ტ ო ნ ი და მისი ამალა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მეგობრებს მსაჯულად მე ვერ დავუდგები,

ეტყობა, არჩევანს მე ვერ გავაკეთებ;

ეს ბრძნად მიმაჩნია, ის მიყვარს ძალიან.

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

რისთვისაც მოსულხარ, იმას არ აკეთებ?

 

დ ი ო ნ ი ს ე

1415    და თუ გავაკეთებ?

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

წაიყვან, რომელსაც

აირჩევ, ტყუილად ხომ არ ხარ მოსული!

 

დ ი ო ნ ი ს ე

ო, დიდი მადლობა! მისმინეთ ორივემ!

მე აქ პოეტისთვის მოვსულვარ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რად გინდა?

 

დ ი ო ნ ი ს ე

მინდა, რომ ქალაქმა ზეიმი მოაწყოს.

1420    თქვენ ორში ვინც უფრო ბრძნულს ურჩევს ჩვენს ქალაქს,

ვინც მეტს გაუკეთებს, მეც იმას წავიყვან

პირველად ეს ვნახოთ: ალკიბიადეზე

რას ფიქრობთ? ქალაქი აღელვებულია.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ხალხი კი რას ფიქრობს?

 

დ ი ო ნ ი ს ე

რას უნდა ფიქრობდეს?

1425    უყვართ, ეჯავრებათ, მაინც სურთ, რომ ჰყავდეთ.

მითხარით, თქვენ თვითონ როგორი აზრის ხართ?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მძულს ის მოქალაქე, რომელიც სამშობლოს

კარგისთვის ზანტია, ცქვიტია ცუდისთვის;

თავისთვის ძლიერი, სხვებისთვის უძლური.

 

დ ი ო ნ ი ს ე

1430    კარგია, ღმერთმანი! შენ რა აზრისა ხარ?

 

ე ს ქ ი ლ ე

ქალაქში ლომები არ უნდა დაზარდო;

თუ გაზრდი, კიდევაც უნდა გაუგონო.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მფარველო უფალო! მიჭირს გადაწყვეტა.

ერთმა თქვა ბრძნულად და მეორემ — გარკვევით.

1435    მაშ, კიდევ მოგიწევთ აზრების გამოთქმა:

მითხარით, ქალაქის შველაზე რას ფიქრობთ?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ვინმემ კლეოკრიტეს ფრთებად კინესია

მისცეს, რომ ქარებმა ზღვისკენ გააქროლონ…

 

დ ი ო ნ ი ს ე

რას ვისეირებდი! რის თქმას აპირებდი?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

1440    …რათა იქ იბრძოლონ გემებზე. საძმარით

ძმარი სულ თვალებზე შეასხან მომხდურებს.

მე ვიცი და მინდა, რომ გითხრათ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

გვითხარი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

საეჭვო რაც არის, სანდოდ მივიჩნიოთ,

სანდო კი — საეჭვოდ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ეს როგორ? ვერ მივხვდი!

1445    უფრო გასაგებად და ნათლად გვითხარი.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

მოქალაქეთაგან ვისაც დღეს ენდობით,

იმათ არ ენდოთ და ვისაც არ ენდობით,

იმ ხალხს მიენდეთ და დახსნილი იქნებით.

ახლა უბედურნი — გაბედნიერდებით,

1450    ყველაფერს უკუღმა თუკი გააკეთებთ.

 

დ ი ო ნ ი ს ე

ყოჩაღ, პალამედე, ცბიერო გონებავ!

ეს შენ მოიფიქრე თუ კეფისოფონტმა?

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

ბევრი მე, საძმარე კი — კეფისოფონტმა.

 

დ ი ო ნ ი ს ე

აბა, შენ რას იტყვი?

 

ე ს ქ ი ლ ე

ჯერ თქვი, სათავეში

1455    პატიოსნებია?

 

დ ი ო ნ ი ს ე

როგორ იქნებიან?

ვის მოსწონს ისინი? — მხოლოდ საძაგლები!

 

ე ს ქ ი ლ ე

რა ჰქნას სახელმწიფომ, თუ ხალხი არა ჰყავს?

რაღა გადაარჩენს იმ ქალაქს, რომელსაც

არც ჯვალო უხდება, არც ტყავი ძვირფასი?

 

დ ი ო ნ ი ს ე

1460    შენაც მოიფიქრე, თუ გინდა წამოსვლა.

 

ე ს ქ ი ლ ე

მე იქ კი ვიტყოდი, აქ არ მსურს რატომღაც.

 

დ ი ო ნ ი ს ე

არა, ჯერ აქედან ურჩიე რაიმე.

 

ე ს ქ ი ლ ე

მტრის მიწა საკუთარ მიწად ჩაითვალოს,

ხოლო საკუთარი მტერს უნდა დაეთმოს.

1465    ხსნა ხომალდებშია და არა ხარჯებში.

 

დ ი ო ნ ი ს ე

მაინც მოსამართლე შეჭამს გადასახადს.

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

რაო, გადაწყვიტე?

 

დ ი ო ნ ი ს ე

ასე მოვიქცევი:

„რომელიც გულს უნდა, მეც იმას ავირჩევ.“

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

გახსოვდეს ღმერთები, რომელთაც შეჰფიცე,

1470    რომ შინ წამიყვანდი, მე ამომირჩიე!

 

დ ი ო ნ ი ს ე

„ენამ დაიფიცა…“ ესქილეს ავირჩევ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

კაცო საზიზღარო, ეს რა გააკეთე?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა და გამარჯვება ვუბოძე ესქილეს.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

თავი მომჭერი და თვალებშიც მიყურებ?!

 

დ ი ო ნ ი ს ე

1475    მხარს მაყურებელიც არ გიჭერს, ხომ ხედავ.

 

ე ვ რ ი პ ი დ ე

რა გელაპარაკო, გარდაცვლილს დამცინი.

 

დ ი ო ნ ი ს ე

„ვინ იცის, სიცოცხლე იქნებ სიკვდილია“,

წადილი — სადილი, ღვიძლი კი — ღვიძილი!

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

აბა, დიონისე, შემოდით!

 

დ ი ო ნ ი ს ე

რა ხდება?

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

1480    მე გიმასპინძლდებით წასვლამდე.

 

დ ი ო ნ ი ს ე

კარგია!

ღმერთმანი, ეს საქმე მე არ მეჯავრება.

 

შედიან პ ლ უ ტ ო ნ ი ს სახლში.

 

 

 

ე ქ ს ო დ ო ს ი

 

პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

სტრ    არაერთგზის დავრწმუნდი, რომ

ბედნიერი მაშინ ხარ,

სრულყოფილი გონება

1485    თუ მუდმივად შენთან არის.

გონიერი კაცია, —

კვლავ მიწაზე დაბრუნდება,

გაახარებს თავის ქალაქს,

მეგობრებს და ნათესავებს,

1490    რადგან შერჩა ძველი სიბრძნე.

 

მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი

ანტ     კარგია, რომ სოკრატესთან

არ დაჯდები სალაყბოდ,

მუზებს არ მიატოვებ,

არ უარყოფ არასდროს

1495    ტრაგედიის ნაწილებს.

ხოლო მაღალფარდოვანი

სიტყვიერი სიცბიერით

დროის კარგვა არის საქმე

ჭკუანაღრძობ კაცისა.

 

სახლიდან გამოდიან პ ლ უ ტ ო ნ ი, დ ი ო ნ ი ს ე და ე ს ქ ი ლ ე.

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

1500    მაშ, გაიხარე, ესქილე, წადი

და დაიხსენი ჩვენი ქალაქი.

კარგად დამოძღვრე, ბრძნულად აღზარდე

უგუნურები. — ბლომად არიან.

(ხანჯალს აძლევს)

ჩემგან კლეოფონტს ეს გადაეცი,

(თოკს გადასცემს)

1505    ეს მიუტანე გადასახადის

ამკრეფ მორმექსსა და ნიკომაქეს.

(საწამლავიან ჯამს აძლევს)

ეს — არქენომეს. მაგათ უთხარი,

მალე მესტუმრონ, ჩემთან ჩამოსვლას

ნუ აყოვნებენ. თუკი სასწრაფოდ

1510    არ მეწვევიან, აპოლონს ვფიცავ,

უმალ დავშანთავ; მერმე მივაკრავ

ადიმანტეს და ლევკოლოფესაც

და ჩამოვრეკავ სუყველას ქვევით.

 

ე ს ქ ი ლ ე

1515    ამას გპირდები. შენ ჩემი ტახტი

სოფოკლეს მიეც, რათა დაიცვას

და შემინახოს, რადგან ოდესმე

დაგიბრუნდებით. ეგ მიმაჩნია

სიბრძნით მეორედ. კარგად გახსოვდეს,

1520    ფრთხილად იყავით, რომ ის თღლითი,

ის ცრუსიტყვა და მასხარა კაცი

არ დაეუფლოს ჩემს ტახტს მზაკვრულად

და თვითნებურად ზედ არ დასკუპდეს.

 

პ ლ უ ტ ო ნ ი

აბა, აანთეთ წმინდა ლამპრები,

1525    მაღლა ასწიეთ, უკან მიჰყევით!

მოასმენინეთ პოეტს მისივე

სიმღერები და საგალობლები!

 

კ ო რ ი ფ ე ო ს ი

წიაღის უფალნო, ჩვენს პოეტს უსურვეთ კეთილი მგზავრობა!

გზები დაულოცეთ, რომლითაც მიაღწევს სინათლის ქვეყანას.

1530    ჩვენს ქალაქს ვუსურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ბედნიერებას.

მალე ყოველგვარი უბედურებისგან გავთავისუფლდებით,

მალე გადავრჩებით სამხედრო ბეგარას! ხოლო კლეოფონტმა

და სხვებმაც, ვისაც სურს, საკუთარ სამშობლოს მინდვრებში იბრძოლონ!

 

 

 

 

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

 

სტრ. 13-14. ფ რ ი ნ ი ქ ე, ლ ი კ ი ს ი, ა მ ი ფ ს ი ა — კომედიოგრაფოსი პოეტები, არისტოფანეს მეტოქეები და თანამედროვეები.

სტრ. 22. მინიშნება სტამნიონზე, თიხის ან ლითონის წაგრძელებულ ვიწროყელიან ჭურჭელზე, რომელიც ძირითადად ღვინისთვის გამოიყენებოდა; სტ ა მ ნ ი ო ს ი ს ძ ე დღვინისა და თეატრის ღმერთი დიონისე მოხსენიებულია ხუმრობით, „ზევსის ძის“ ნაცვლად.

სტრ. 55. მ ო ლ ო ნ ი, ევრიპიდეს პროტაგონისტი (მთავარი როლების შემსრულებელი), სქოლიასტის სიტყვით, გოლიათური აღნაგობისა ყოფილა.

სტრ. 158.ზ ი ა რ ე ბ უ ლ ე ბ ი ანუ მ ი ს ტ ე ბ ი— ელევსინის მისტერიების მონაწილენი (მისტერიები იმართებოდა დემეტრესა და პერსეფონეს საპატივცემულოდ).

სტრ. 215.ნ ი ს ე უ რ ი ღ ვ თ ა ე ბ ა — გადმოცემის თანახმად, დიონისე დაიბადა და აღიზარდა ნისაზე (მთაა თრაკიაში; შდრ. ჰომეროსი, „ილიადა“, VI, სტრ. 133).

სტრ. 293. ე მ პ უ ს ა — მრავალსახოვანი ურჩხული; ბერძნული ზღაპრები მას მიიჩნევდნენ სისხლიან ვამპირად, რომელიც ადამიანთა დასაშინებლად გამოგზავნა ჰეკატემ.

სტრ. 316. ი ა კ ქ ო ს ი — ღვთაება, რომელშიც პერსონიფიცირებული იყო დიონისური მსვლელობა; პროცესია აგორიდან გადიოდა და მიემართებოდა ელევსინისკენ, სადაც საღამოსთვის ჩადიოდა; ამ დროისთვის უკვე ყველას ანთებული ჰქონდა ჩირაღდანი.

სტრ. 470-471. ს ტ ი ქ ს ი და კ ო კ ი ტ ო ს ი — საიქიოს მდინარეები.

სტრ. 473. ე ქ ი დ ნ ა — ზღაპრული ნახევრადდიაც-ნახევრადგველი, კერბეროსისა და სხვა ურჩხულთა მშობელი.

სტრ. 549 და შმდგ. ბერძენთა საყვარელი გმირი ჰ ე რ ა კ ლ ე ცნობილი იყო, როგორც დიდი გურმანი და ღორმუცელა.

სტრ. 713. კ ი მ ო ლ ო ს შ ი (კიკლადების ერთ-ერთი კუნძული იყო) მოიპოვებოდა ნატრიუმით მდიდარი თუთქი, რომელსაც ბერძნები საპნის ნაცვლად ხმარობდნენ.

სტრ. 792. ჯ დ ო მ ა ს ე ფ ე დ რ ო ს ა დ („ეფედროს“, „გვერდით, განზე“)… — ეფედროსად იწოდებოდა პარტნიორი, რომელსაც სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეთა კენტი რიცხვის გამო ორთაბრძოლა არ მოუწია და ამიტომ მთელი ტურნირის განმავლობაში სკამზე იჯდა, რათა ფინალში შემონახული ძალებით შეჯიბრებაში გამარჯვებულს შერკინებოდა.

სტრ. 807. მინიშნება ვერსიაზე, რომლის თანახმადაც სიცოცხლის ბოლოს ესქილეს განხეთქილება მოუხდა ათენელებთან და სიცილიაში გაემგზავრა; აქვე, ქალაქ გელაში გარდაიცვალა იგი 456 წელს.

სტრ. 847. შავი ფერის მსხვერპლს მიწის წიაღის ღმერთებს წირავდნენ.

სტრ. 850. ევრიპიდეს ტრაგედია „ეოლოსში“ აღწერილი იყო ინცესტი: ძმა დის სარეცელს იზიარებდა.

სტრ. 946-947. ევრიპიდეს ტრაგედიები, როგორც წესი, ასე იწყებოდა: გმირი გამოსვლისთანავე ამბობს, თუ ვინ არის იგი და სად ხდება მოქმედება. შდრ. „ჰეკაბე“, „ფინიკიელი ქალები“, „მავედრებლები“, „ორესტე“, „იფიგენია ტავრისში“ და სხვ.

სტრ. 1021-1025. იგულისხმება ესქილეს ტრაგედია „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ („შვიდთა ლაშქრობა თებეზე“), რომელიც ძველ დროში განთქმული იყო, როგორც უბრწყინვალესი ნიმუში საბრძოლო ჰეროიკისა და პატრიოტიზმისა; პელოპონესის ომში თებე ათენის მოწინააღმდეგეთა ბანაკს ეკუთვნოდა. „ს პ ა რ ს ე ლ ე ბ ი“ ესქილემ მიუძღვნა ათენელთა მიერ სალამინში მოპოვებულ გამარჯვებას; მოქმედება ხდებოდა არა გამარჯვებულ საბერძნეთში, არამედ დამარცხებულ სპარსეთში.

სტრ. 1043-1044. ფ ე დ რ ა და ს თ ე ნ ე ბ ე ა — ევრიპიდეს ტრაგედიათა („ჰიპოლიტოსი“ და „სთენებეა“) პერსონაჟები, რომლებმაც, როცა მათი სიყვარული უარყვეს, ბრალი დასდეს ჭაბუკებს, ჰიპოლიტოსსა და ბელერეფონტს. ფედრა ჰიპოლიტოსის დედინაცვალი იყო, ხოლო სთენებეა ბელეროფონტის მასპინძელი; ამ ქალებმა დაარღვიეს უმაღლესი ეთიკის ნორმები… შეყვარებული დედაკაცის სახე მართლაც მიუღებელია ესქილეს ჰეროიკული შემოქმედებისათვის.

სტრ. 1264 და შმდგ. ნაწყვეტები ესქილეს ტრაგედიებიდან, რომლებიც კომიზმის მისაღწევად გაერთიანებული არიან რეფრენით „ვაჰ, რა ტანჯვაა! რად არ გვეშველები?!“

სტრ. 1378. მთელი შემდგომი სცენა აგებულია მეტაფორის რეალიზაციის მეტად თავისებურ პოეტურ ხერხზე. პოეტები „წონიან“ ლექსებსა და სტრიქონებს „სიმძიმის“, ე.ი. მნიშვნელობის მიხედვით. ქვემოთ ციტირებულია სტრიქონები ევრიპიდესა და ესქილეს სხვადასხვა ტრაგედიიდან: სტრ. 1382 — ევრიპიდეს „მედეას“ დასაწყისია; სტრ. 1383 — ესქილეს „ფილოქტეტედანაა“; სტრ. 1402 — ევრიპიდეს „მელეაგრედან“, სტრ. 1403 — ესქილეს „გლავკედან“.

სტრ. 1400. ძველი ბერძნები სამი კამათლით თამაშობდნენ.

სტრ. 1422. ა ლ კ ი ბ ი ა დ ე — ათენის პოლიტიკური მოღვაწე, თავისი აფორიაქებული და მღელვარე დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კოლორიტული ფიგურა, ბრწყინვალე მხედართმთავარი, რომელიც არაერთგზის იცვლიდა პოლიტიკურ პოზიციას. მიატოვა ათენი და მტრის მხარეს გადავიდა, იბრძოდა სპარტელებთან ერთად; კვლავ დაბრუნდა ათენში… „ბაყაყების“ დადგმიდან მცირე ხნის შემდეგ მოკლეს.

სტრ. 1463-1465. ესქილე იმეორებს პერიკლეს ანდერძს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ათენელებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ მტრის მიერ ატიკის აოხრებას და თავად უნდა გააგრძელონ პელოპონესის იავარქმნა: რადგან სპარტელებისთვის მიწა ყველაფერია, ხოლო ათენელებს რჩებათ ძალაუფლება ზღვაზე. ესქილეს უნდა თქვას, რომ ათენის სიმდიდრის წყარო ზღვაზე ბატონობაა, ხოლო ღარიბთათვის, მოსამართლეთათვის და ა.შ. ფულის დარიგება უსარგებლო და გაუმართლებელი ხარჯია, რაც ხელს უშლის ფლოტის აღდგენასა და გაძლიერებას.

სტრ. 1471. „ე ნ ა მ დ ა ი ფ ი ც ა“ — ევრიპიდეს პაროდიაა. როგორც წესი, „ბაყაყებში“ ევრიპიდეს „ღვთისმგმობი“ და „უზნეო“ გამონათქვამები საბოლოოდ ბუმერანგივით მასვე უბრუნდება და მასვე აზიანებს ამ პასაჟში.

სტრ. 1491. კომედიის დასასრულში სოკრატეს ხსენება კრავს ადრევე დასახულ კვანძს, რომელსაც ხსნის, ერთი მხრივ, რაციონალისტური პოეზიის შემოქმედი, „სცენის ფილოსოფოსი“ ევრიპიდე და, მეორე მხრივ, რაციონალისტური ფილოსოფიის ფუძემდებელი, ანტიკური სამყაროს ყველაზე უფრო კოლორიტული ფიგურა ს ო კ რ ა ტ ე.

სტრ. 1528 და შმდგ. დაწერილია ესქილეს სტილში; შესაძლოა, რაღაც ნაწილი აღებულიც იყოს ესქილეს შემოქმედებიდან.

© არილი