პროზა (თარგმანი)

აღასი აივაზიანი – ეშმაკის დახმარება

აკოფს თავისი უბნიდან, ანჩისხატიდან, სხვაგან, ვთქვათ, ნავთლუღში ან დიდუბეში გადასვლა აზრადაც არ მოსვლია. ეს მთელი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო და თან უნდა მოჰყოლოდა ყველა ნაცნობი ხმისა და სუნის, ყველაფერი ჩვეულის და ახლობელის გაქრობა. ადგილი უნდა ეცვალა მისი სხეულის ნაწილებისთვისაც კი – ფილტვები ყელში უნდა მოებჯინა, ნაწლავები – თავის ქალაში, გული კი კუჭში გადაებარგებინა… ჰოდა დაიშლება აკოფი და ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას არაერთი დღე დასჭირდება. ისევ რომ მისწვდეს მის ნესტოებს მტკვრის კურთხეული სიმყრალე, ყურებს – კარის გულისგამაწვრილებელი ჭრიალი, ბრტყელ სახურავებს რომ ისევ მოეფინოს შეშლილი ბეჟოს ყოველდღიური ღრიალი… აი, თბილისი – წინ ფუნიკულიორი, უკან – ავლაბარი, აივნის ქვეშ – მტკვარი, პირსაბანი, სამრეცხაო, ნაგავსაყრელი, თევზაობა და პეიზაჟიც კი. აკოფი მტკვარში ირეცხავდა დაჩვრეტილ წინდებს, მტკვარშივე ყრიდა საჭმლის ნარჩენებს თავისი ერთადერთი ჯამიდან, ღამღამობითაც მტკვარში აფურთხებდა და ცხვირს იხოცავდა, საღამოობით კი ტკბებოდა მდინარის ცქერით, თან რომ მოჰქონდა დამხრჩვალი კატები, მისი ჭუჭყიანი ზედაპირით, ზედ ტიტველი და თავაშვებული მთვარის ნებივრობით…

დღისით მოისვრიდა მტკვარში თავის მარტივ მოწყობილობას, თოკის ბოლოს მდინარეზე დაკიდული აივნის ბოძს გამოაბამდა, თვითონ კი მიაშურებდა ეზოს, სადაც ოთახი, რომელიც მტკვრის მხრიდან მეორე სართული იყო, სარდაფად გადაიქცეოდა, და იცდიდა.

თუკი მტკვარს თევზი მოჰყვებოდა და მის ბადეში გაიხლართებოდა, თოკი ამოძრავდებოდა და აკოფის მოფახფახებული აივანიც დაიწყებდა რწევას და საწყალობელ ჭრიალს მტკვრის თავზე, მივიდოდა აკოფი და ამოსწევდა ბადეს. უჰ, ღმერთმა არ ქნას, თევზი მოსწყდომოდა, მაშინ მარტო თოკი კი არ გაწყდებოდა, მის რიკულებიან აივანსაც ერთიანად მოგლეჯდა და მტკვარში გადაუძახებდა… თევზიც, ალბათ, ინდობდა აკოფს თავის აივნიანად და ცდილობდა ხოლმე მისი ბადისთვის გვერდი აექცია.

აკოფს აზრად არ მოუვიდოდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე დამდგარიყო დღე და იმას თავი პეტრე-პავლეზე ან კუკიაზე, ან დიღომში და შავნაბადაზე, ანდაც არსენალზე და ტაბახმელაზე ამოეყო და თბილისი მთელი თავისი შემოგარენით პატარა მოსჩვენებოდა, ისეთი პატარა, აკოფის დარდი ვერ დაეტია და თუნდაც ერთი პაწაწინა ბილიკი არ გამოეჩინა მისი დარდიანი ფიქრებისთვის გარეთ გამოსაღწევად.

მერე რა, რომ აკოფის აივანი სავსე იყო ხვეულა ორნამენტებით, არავის, არც ერთ სრულიად უმაქნის ანდა შინაბერად დარჩენილ ქალსაც კი, ცალი თვალითაც არ გაუხედავს არც მისკენ და და არც მაგისი აივნისაკენ… იყო აკოფი მარტო, სულ მარტოდ მარტო. ეგ კიდევ არაფერი, მაგას მიჩვეოდა და კიდევაც გაუძლებდა. მაგრამ სულ მარტო იყო. აი, მოკვდებოდა, წავიდოდა და თბილისს კაცი დააკლდებოდა. „რა გამოდის, ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა აკოფ პიხამალიანისა? იყო და აღარ იყო? იყო და არც იყო? და საიდან უნდა მიმხვდარიყავი, რომ მართლაც იყო, როცა აღარ არის და არც ყოფილა. ან ვინ იტყოდა, რომ იყო? მიდის მტკვარი, თან მიაქვს ყველაფერი, რაც კი უხილავს და ერთხელაც, დამხრჩვალ კატებთან ერთად მასაც წაიღებს. მტკვარი წაიღებს, და თან კი მაინც თბილისში დარჩება, აკოფი კი… ეჰ, საწყალო აკოფ!.. რისთვის მოევლინე ქვეყანას, ხორცისა და ძვლების  უბადრუკო გორგალო? რისთვის იფურთხებოდი ან იხოცავდი ცხვირს მტკვარში, რისთვის ითმენდი და რას ან რისთვის ელოდი?.. იყო და აღარ არი აკოფ პიხამალიანი. აღარ არი. მაგრამ დაიცა, როგორ აღარ არი?!“

თავს იმტვრევდა აკოფი, რა უნდა ყოფილიყო ეს არყოფნა. ფიქრობდა, ფიქრობდა და მაინც ვერ გაეგო. ჯიბეში რომ ფული აღარ იყო, ეს ესმოდა, მაგიდაზე რომ ღვინო აღარ იდგა, ესეც ესმოდა, სახლში რომ ერთი, თუნდაც სრულიად უმაქნისი ქალიც არ დაიარებოდა, ესეც ესმოდა, მაგრამ მისი არყოფნა თბილისში, არყოფნა დედამიწის ზურგზე, აი ამისი გაგება არა და არ გამოსდიოდა. არ ესმოდა რა იყო ეს არა, არ ყოფნა. და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით მეტად უჯდებოდა ფორიაქი და ციებ-ცხელება. მის შიგნით სხეულის ორგანოები თითქოს გადაადგილდებოდნენ, სადღაც მიიჩქაროდნენ, ტრიალებდნენ, ყირაზე გადადიოდნენ. ასე მოიყარა აკოფი ორმოცდახუთი წლისა, მხრებზე დააწვა განვლილი ცხოვრება, კისერზე ჩამოეკიდა და მოპირდაპირე სანაპიროსკენ, ქვიშებისკენ წააჩაქჩაქა. იქიდან კი თავის რიკულებიან აივნიან სახლში მოიყვანა ერთი შინაბერა, ყველასაგან მიტოვებულ-დავიწყებული ზაბელი.

გადააგდებდა აკოფი ბადეს, ამოჰყავდა თითო-ოროლა თევზი, თან თვალს ზაბელის მუცლისაკენ აპარებდა. ელოდა, ო, როგორ ელოდა, თავს მასხრად იგდებდა, რომ მისი ამქვეყნად ყოფნა-არყოფნა ზაბელის მუცელზე აღმოჩნდა ჩამოკიდებული.

მართალიც იყო. აბა რა კინტო იქნებოდა, თუ საკუთარ თავზე არ გაეცინებოდა და ყველაზე მწუხარე წუთებშიც კი არ გაეხუმრებოდა?

მაგრამ ზაბელის მუცელი იყო ბრტყელი და უტყვი.

ხუთი წელი ელოდა აკოფი, ხუთი წელი დღისით თუ ღამით ხან ქურდულად, ხანაც მოურიდებლად უთვალიერებდა ცოლს მუცელს. თვითონ ზაბელს ზედაც აღარ უყურებდა, დაავიწყდა კიდეც მისი სახე.

სამაგიეროდ, ზაბელის მუცელი ლამის ხატად ექცა. ძილის წინ აუცილებლად შეათვალიერებდა, ძილშიც ხელი ცოლის მუცელზე ედო. დილით კი, გაიღვიძებდა თუ არა, შეუდგებოდა მის გულმოდგინედ შესწავლას. დაადებდა ყურს ზაბელის ფიცარივით მუცელს და უსმენდა იქიდან ამომავალ ბუყბუყს. ეს უსინდისო მუცელი სულ სხვა სიმღერებს მღეროდა და ყველაფერზე ლაპარაკობდა გარდა იმ წმიდათა წმიდისა, რასაც აკოფი მოელოდა…

თავიდან დატრიალდა მორევი აკოფის თავზე, ნაღვლის წვენმა პირი გაუმწარა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ბუშტივით უნდა გამსკდარიყო ამ საყოველთაო კარნავალზე კინტო აკოფ პიხამალიანი…

ორი მონასტერი იყო თბილისის მახლობლად. ისე მოხდა, რომ ორივეს დამაარსებელს მაკარი ერქვა. ერთი მარხულობდა, ხორცს აკვდინებდა, დღე და ღამე ლოცულობდა, მოკვდა სიწმინდეში და საკუთარივე მონასტრის კარიბჭეში დამარხეს. უწოდეს მონასტერს წმინდა მაკარის მონასტერი – უფლის სახლი.

მეორე მაკარი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. კი არ ლოცულობდა, პირიდან წყევლა-კრულვა ამოსდიოდა, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდა და ღამღამობით თავისთან ქალებსაც კი დაატარებდა. გაუგო ეს ხალხმა, დაიჭირა და დაუწყო ქვებით ცემა. ცოცხალმა რისხვას თავი ძლივს დააღწია. შებილწული და მიტოვებული მონასტერი გაპარტახდა, ბილიკები ბალახმა დაფარა. იდგა ტაძარი, მუდმივად ღრუბლებში გახვეული, ავი და მოღუშული. და შეარქვა ხალხმა ეშმაკის სახლი.

წმინდა მაკარის მონასტერი მომლოცველობის ადგილად იქცა, ცას აღწევდა მისი დიდება, მის სასწაულმოქმედ ძალაზე გიუმრისა და ვლადიკავკაზშიც კი გაეგონათ. და მოდიოდნენ, სწირავდნენ მსხვერპლს და ღმერთთან თავიანთ მიწიერ თუ ციურ სადარდებელს აბარებდნენ.

წმინდა მაკარს თავის ღვთის სახლში მიაკითხა აკოფმაც. მუხლი მოიყარა და შესთხოვა:

– დამეხმარე, უფალო!.. ბევრს კი არაფერს გთხოვ, მხოლოდ ვაჟიშვილსა… ნურც მანთაშოვი იქნება, ნურც ვორონცოვ-დაშკოვი ან არსენა, თუნდაც ჩემნაირი უბედური და ობოლი, ოღონდ კი იყოს!..

მერე კი, თითქოს უნდოდა ღმერთისთვის ნატვრის ასრულების სანაცვლოდ რამე შეეწირა, რითიმე მადლობა გადაეხადა, გახელებული თავის დამდაბლებით შესძახა:

– საცოდავი ვარ და ისიც საცოდავი იყოს, თუნდაც ფეხზე ძლივსა დგებოდეს, გული ლამაზი ქალებისკენ მიურბოდეს, მაგრამ ვერ კი პოულობდეს, თავის დაჩვრეტილ წინდებსაც მტკვარში თვითონ ირეცხავდეს, ლუკმაპურსაც იქიდანვე მოიპოვებდეს… ოღონდ კი იყოს და დავიწყებას მიეცეს არყოფნა! ღმერთო, გინდა, უკან-უკან სიარულით აქედან ტიფლისამდე მივალ? გინდა, ანჩისხატიდან წმინდა გიორგიმდე დაოთხილი მივფორთხდები?..

მერე ორი თითით ყანყრატო გამოსწია (ისე, როგორც მარტო ტიფლისელებმა იციან) და შეუდგა ხვეწნას:

– უფალო ღმერთო, მოწყალეო უფალო!..

და მაშინ სიმშვიდემ დაისადგურა აკოფის სულში, ირგვლივ ყველაფერი განათდა…

დაბრუნდა სახლში რწმენით და იმედით და წლების მერე პირველად შეხედა სახეზე ზაბელს.

იცადა ერთი თვე, ორი, მერე კიდევ ორი – ზაბელი კი არ იცვლებოდა, მუცელიც ისევ ისე ჰქონდა ფიცარივით, მალებს აკრული.

კიდევ ერთხელ ეახლა აკოფი უფალს. იმანაც კიდევ ერთხელ დააიმედა და გულში სიყვარული და მოთმინება შთაბერა და გამოუშვა სახლში.

სხვა დროს კიდევ ბევრჯერ მიაკითხა უფლის სახლს, მაგრამ არყოფნა არა და არ დასრულებულა… და მაშინ დაიწყო სმა აკოფმა. ამასობაში ორმოცდაათსაც მიაღწია, გაუთეთრდა თმა და ულვაში. შარვლის ნაცვლად მწუხარება ემოსა, ხალათის ნაცვლადაც – მწუხარება, ერთიანად მწუხარებით იყო მოსილი, მზის ნაცვლად თვალწინ ჰქონდა ზაბელის მალებს აკრული მუცელი, და მთვარის ნაცვლადაც – ბრტყელი მუცელი ზაბელისა… ღამით აკოფის ოხვრა მტკვრის მეორე ნაპირამდე აღწევდა, აირეკლებოდა, უკან ბრუნდებოდა და აღვიძებდა. მის სხეულში ერთად შეგორგლილი სასოწარკვეთა, გაბოროტება და სიძულვილი არყოფნის მიმართ, გახეთქვას ლამობდა… და მაშინ გადაწყვიტა აკოფმა ახლა ეშმაკის ტაძრისკენ გაეწია. „სხვა რა დამრჩენია? – ამუნათებდა ღმერთს აკოფი – როცა ასეთი უმნიშვნელო რამეც კი არ შეგიძლია. ამდენი ადამიანი შეგიქმნია, ამდენი ნაძირალა და ნაყარნუყარი და ერთი კინტოს დაბადება კი ვეღარ მოგიხერხებია? განა შეიძლება ასე? როგორ გაძლოს ტიფლისმა უკინტოოდ, მტკვარმა კი უაკოფოთ?!“

აი რატომ მიაშურა იმედგადაწურულმა აკოფმა ეშმაკის ტაძარს.

მუხლი მოიყარა ჭუჭყიან, დანაგვიანებულ იატაკზე და კი არ სთხოვა, უფრო მოითხოვა ეშმაკისგან:

– შენთან მოვედი… მიშველე და ბიჭი მაჩუქე! განყარე ზაბელის მუცელი ხერხემლისგან, ბიჭი მაჩუქე! თუნდაც ვირთხისხელა, თუნდაც კურდღელივით მშიშარა, ოღონდ კი იყოს! ოღონდ კი კიდევ დაიარებოდეს ქვეყანაზე პიხამალიანი, ოღონდ კი იყოს კიდევ ტიფლისში აკოფი.

წარმოთქვა ესა და თითქოს ფეხები მოემჩვარა, გულ-მუცელშიც რაღაცა ჩასწყდა… მაგრამ ეშმაკს ერთი კი თვალი ჩაუპაჭუნა და შინ დაბრუნდა.

მრისხანებამ ისევ გააჩინა ოხვრა, ეს ოხვრაც ისევ მოედო მტკვრის ნაპირებს. და ერთხელაც, ისე, რომ მეორე ნაპირამდე არც კი მიეღწია, მდინარის თავზე გასკდა და წყალს მუსიკად მოეფინა, ზურნის მოზეიმე ხმებად და სიცილად გაიშალა.

შეივსო და გამოეყო ზაბელის მუცელი ხერხემალს! არის აკოფ პიხამალიანი! იყო და დარჩება აკოფ პიხამალიანი! „ყოჩაღ, ეშმაკო!“ – კინაღამ გაიფიქრა, მაგრამ ეგრევე სხვა ფიქრებს ამოაფარა, რომ დავიწყებისთვის მიეცა და საკუთარი თავისთვისაც კი საიდუმლოდ ექცია.

კინტაურსა და ბაღდადურს უვლიდა აკოფი… ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა ზაბელმა. მაგრამ ტყუილად კი არ ჰყავდა ათვალწუნებული ჭკვიანი ხალხი. შუა კინტაურში, თავდავიწყებულ სიხარულში, საიდანღაც გამოტყვრა მეზობელი გერასიმ კონდახსაზოვი თავისი მჭრელი თვალითა და გონებით. სომხის მოედანზე ერთი აპარატი ედგა, ხალხს შიგ ერთ შაურად ცალი თვალით ახედებდა. გაიხედავდნენ და დაინახავდნენ მადრიდს, ლონდონს, ვერსალის ბაღებს შიგ მოსეირნე ლუდოვიკო მეჩვიდმეტეთი. აკოფს კიდევ, წაავლო ხელი და ისეთი ადგილი დაანახა, თავისი სიშორით მადრიდსაც გაასწრებდა, ლონდონსაც და ვერსალის ბაღებსაც, – დაანახა ერთი საძაგელი ადგილი ქვიშებში. მიიყვანა ჭოგრიტთან და ეუბნება:

– აბა ერთი გაიხედე!

მიადო იმანაც თვალი და დაინახა მთელი თბილისი თავისი უბნებით და მტკვრით ერთი პირიდან მეორე პირამდე.

– კარგია!.. – ჩაილაპარაკა აკოფმა.

ტკბილად ჩაეღიმა კონდახსაზოვს და ჭოგრიტი ოდნავ მიაბრუნა.

და დაინახა აკოფმა ვიწრო შუკებში მიმავალი წყეული ზაბელი, მუხრანის ხიდზე რომ გადადიოდა და მერე ქვიშებისკენ დაეშვა, იქ კი ჟღალი ლადოს სახელოსნოში გაუჩინარდა. ეს ჟღალი ლადო კიდე იმისთანა მექალთანე იყო! თავიდან ვერაფერს მიხვდა აკოფი, მაგრამ მეორე წამს კი უცებ გონება გაუნათდა და იგრძნო ძველისძველი, თითქოს გამქრალი ძმის და მეგობრის – მწუხარების მორევის სიახლოვე.

კონდახსაზოვის ღიმილი ისეთი იყო, თითქოს ეგ ჭოგრიტი მაგისი მოგონილი ყოფილიყო. ყოველდღე უთვალთვალებდა აკოფი თავის ბოზანდარა ზაბელს, ყოველდღე მიაცილებდა თვალით ლადოს სახელოსნომდე.

აკოფის ბიჭს მომწვანო-მოლურჯო თვალები ჰქონდა, ლადოსაც. თეთრი, ფითქინა კანი ჰქონდა ბავშვს, ლადოზე ღია ფერისა კი ქვიშებში არავინ იყო…

ხელი ჩამოისვა აკოფმა ნაყვავილარ სახეზე და გაიფიქრა, განა შეიძლებოდა ეს თეთრი ბავშვი ჩემი ყოფილიყოო… გაიფიქრა, ახედა ცას, დახუჭა თვალები და გაახსენდა, რომ მისი შვილი ეშმაკის ძღვენი იყო. „ოხ, შე წყეულო, განა ასე უნდა დასაჩუქრება?“ – მორჩა, ყველაფერი დამთავრდა… ცისკენ ვეღარ აეხედა. ღმერთს თვალს ვეღარ უსწორებდა. ეშმაკს აღარაფერს სთხოვდა, კარგად იცოდა მისი დახმარების ფასი. მესამე კი, მესამე არ არსებობდა, რომ ახლა მისთვის დაეკოცნა ფეხები, ეთხოვა ამ დარდისაგან გათავისუფლება და ამ გამოუვალი მდგომარეობიდან, ამ არყოფნიდან თავის დაღწევა…

თავისი რიკულებიანი აივნიდან მტკვარში ბადე გადააგდო. შეეცოდათ თევზებს აკოფი. დაიძრნენ ოქროყანიდან და დიდუბიდან, მეტეხიდან და ორთაჭალიდან, მოცურდნენ და ყველა ერთად მის ბადეში გაიბლანდნენ. ამოძრავდა თოკიც და რა ამოძრავდა! ერთიანად მოწყვიტეს აივანი სახლს და აკოფიანად მდინარეში ჩაიტანეს. მიცურავდა აივანი მტკვარზე, როგორც ვენეციური გონდოლა, აქეთ-იქიდან მიაცილებდნენ მტკვრის ნაპირები. მარცხენა ნაპირის აივნებიდან იღვრებოდა თარის, მარჯვენა ნაპირის აივნებიდან კი ქამანჩის ხმები, ემშვიდობებოდნენ ბედკრულ აკოფს, გულამომჯდარი რომ ტიროდა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა თავის ტიფლისს…

© არილი