ილია ჭავჭავაძე 170, საიუბილეო კრებული. რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2007.
ილია ჭავჭავაძის ვინაობასა და სამოღვაწეო საქმიანობის რაობაზე საუბარს არ დავიწყებ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ 2007 მისი საიუბილეო წელია ეს წიგნიც ილიას დაბადებიდან 170 წლისთავს ეძღვნება. კრებულში თავმოყრილი პუბლიკაციები კიდევ ერთხელ გაგვახსენებს დიდი ქართველის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის მსოფლმხედველობას, სამწერლო თუ პუბლიცისტურ ენას, მხატვრულ სახეებს, ეპოქალურ სურათებს. ავტორები – ზაზა აბზიანიძე, თამაზ ვასაძე, მალხაზ ხარბედია, დავით წერედიანი, როსტომ ჩხეიძე და სხვები უკვე 21-ე საუკუნის გადასახედიდან მიგვანიშნებენ ილია ჭავჭავაძის დამსახურებებსა და ღვაწლზე.
მსოფლიო ლიტერატურა, რჩეული მოთხრობები. შემდგენლები გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი. ტ. 1, 2. თბ. “დია” 2007.
მსოფლიო ლიტერატურის ორტომეული ლიტერატურის გურმანებს იმ შესანიშნავ დროს გაახსენებს, როცა პირველად ეცნობოდნენ თომას მანს, ცვაიგს, ჰემინგუეის, სელინჯერს, კორტასარს, აკუტაგავას, მათ კი, ვისთვისაც ეს სახელები ჯერ კიდევ ბინდით მოცულია, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით. წიგნებში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების რჩეული მოთხრობებია თავმოყრილი, მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ყველა დროისა და ეპოქის საუკეთესო პროზის ნიმუშებს. ერთი სიტყვით, ისღა დამრჩენია, ყბადაღებული მოწოდებით მოგმართოთ – გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები. ტომეულებს ძალზე ორიგინალური სტრუქტურა აქვთ და უახლოეს მომავალში სერიის 3-ე, 4-ე და 5-ე ტომიც შეუძლიათ მიიღონ.
თამარ ბართაია, „პეიზაჟს აკლია სითბო“. მოთხრობები, პიესები. რედაქტორები ია ანთაძე, ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“ 2007.
ალბათ სხვების დღიურები ხშირად წაგიკითხავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჯერ არ ჩაგვარდნიათ ხელში დღიური, რომლის ავტორიც არ მეტი, არც ნაკლები – კაბა იქნებოდა. თანაც – ფრანგი, კლასიკური მუსიკის მოყვარული, მეოცნებე და ნოსტალგიური. თამარ ბართაიას ნაწარმოებების კრებულში სწორედ ამ კაბას, და კიდევ მრავალ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით. „პეიზაჟს აკლია სითბო“ ავტორის პირველი წიგნია, და მასში მოთხრობები და პიესებია შესული. თავად თამარ ბართაიას კი ქართველი მკითხველი სხვადასხვა თეატრალური დადგმებისა და სატელევიზიო სცენარების ავტორად იცნობს.
გურამ ბათიაშვილი, “ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”. რედაქტორები როინ მეტრეველი, ზაზა აბაშიძე. რომანი. თბ. „საარი“ 2007.
თუ გურამ ბათიაშვილის სამყაროს უკვე იცნობთ, წაგიკითხავთ მისი პიესები („მეათე კაცი“, „ზანქანი ძე მორდეხაისა“, „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“) ან გინახავთ სცენაზე დადგმული მისი პიესები, მაშინ ეს პიესა კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ ამ სამყაროში, ახალ სახეებში ძველ პერონაჟებსაც ამოიცნობთ და გაიხსენებთ საქართველოში ებრაელების ყოფას შორეული წარსულიდან დღემდე. თუ არა და, წინ მეტად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გელით – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ განსხვავებული ხელწერის, თავისებური სტილისა და მსოფლმხედველობის ავტორის მქონე კიდევ ერთი წიგნია.
ჰეროდოტე, „ისტორია“. მთარგმნელი თინათინ ყაუხჩიშვილი. რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.
ჰეროდოტე ანტიკური ეპოქის ცნობილი ისტორიკოსია. წინამდებარე ნაშრომში იგი თავისი მოგზაურობის გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. „ისტორიის მამამთავარმა“ თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი, საბერძნეთი, სამხრეთ იტალია, სიცილია, სკვითების მხარე, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები მოიარა, აკვირდებოდა დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს, მათს ურთიერთდაპირისპირებას, რაც შემდგომ თავის ნაშრომში აღწერა. „ისტორიის“ მთავარი თემაც სწორედ ბერძენ-სპარსელთა ომებია. წიგნში თავმოყრილი ისტორიული ფაქტები და მათი ანალიზი მკითხველს უკეთ გააცნობს ანტიკურ სამყაროს.
მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“, „ახალი თარგმანები“ 2007.
თუ მხატვრული თარგმანის შემოქმედებითი დაოსტატების სახელოსნოს გარეთ დარჩით, გული ნუ დაგწყდებათ – მხატვრული თარგმანის მასტერკლასი ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით უკვე წიგნის მაღაზიების თაროებზეა. თარგმანის რაობა და სახეობები, რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები, ლექსის საზომი, სემანტიკური შესაბამისობა, ერთი სიტყვით – თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების თეორიას ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ ეზიაროთ. წიგნში ასევე შესულია სხვადასხვა ავტორების (მარინა ცვეტაევა, ეზრა პაუნდი, ენ სექსტონი, ფრანც კაფკა, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი) სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების ნიმუშები.
(c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“