ფილიპ როთი
“აჩრდილის გაუჩინარება”
”Exit Ghost”
Philip Roth
304გვ, Jonathan Cape
ალბათ, არც ისე იოლია, 30 წლისა და 9 წიგნის შემდეგ, ერთი ხელის მოსმით გაანადგურო საკუთარი ალტერ ეგო. თუნდაც, ეს ხელის მოსმა ფინალური რომანი იყოს, სადაც შენს საყვარელ გმირს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს უთვლი. ასეა თუ ისე, თავისი ბოლო რომანის გამოსვლასთან ერთად ფილიპ როთმა განაცხადა, ეს ბოლო წიგნია, რომელიც ნათან ცუკერმანს მივუძღვენიო. წიგნის გმირიც იქ ბრუნდება, საიდანაც თერთმეტწლიანი მოგზაურობა დაიწყო _ მშობლიურ ქალაქში, ნიუ იორკში, ბრუნდება წიგნში, სადაც იგი დაიბადა (”The Ghost Writer”). იკვრება წრე, რომელიც დასასრულის მაუწყებელია. როთის წიგნის სათაური ჰამლეტის პირველი აქტის ცნობილი სცენის მიხედვითაა – მეფის აჩრდილი ჩუმად, მოუსვენრად დახეტიალობს სასახლეში, შვილის შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა და ბოლოს კი უჩინარდება. ”აჩრდილის გაუჩინარების” კითხვის პროცესიც რაღაცით წააგავს ამ სცენას: ჰამლეტის მსგავსად ჩვენც განზე ვდგავართ, ვუყურებთ საყვარელი გმირის წასვლას და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია”
ირვინ უელში
If You Liked School, You’ll Love Work
Irvine Welsh
391გვ, Jonathan Cape
”Acid House”-სა და ”Trainspotting”-ის თაყვანისმცემლების შეუძლიათ, გაიხარონ _ ირვინ უელშმა მათ ახალი თავშესაქცევი გაუჩინა. ახალ წიგნს ”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია” – ჰქვია, მასში ოთხი პატარა მოთხრობა და ერთი ნოველაა შესული. მოთხრობებთან შედარებით, ნოველა ”ფაიფის მეფე” გაცილებით ემოციური, სასაცილო და საინტერესო ტექსტია. ეს არის მეფე ჯეისონის მხიარული თავგადასავალი, მისი წარუმატებელი ცხენოსნობის ისტორია და მაგიდის ფეხბურთის სიყვარული, სახალისო ამბები, რომლებიც ჯეისონს გოთურ ტავერნაში სასმელის წრუპვისას გადახდება თავს. ფაიფი კი ზღაპრული სამეფოა, ზღაპრული წეს-წყობილებებით და უცნაური, თავისებური მონარქით. უელში კვლავ ინარჩუნებს თავის სტილს – თხრობის თავისუფლება და სილაღე, ხმამაღალი და უკომპრომისო პროზა მისი სავიზიტო ბარათია.
პოლ ტერუ
”სპილოს ლუქსი”
The Elephanta Suite
by Paul Theroux
278გვ, Hamish Hamilton
ერთხელ პოლ ტერუმ, მორიგი წუწუნისას, ამერიკელი ავტორები ბუკერს რატომ არ გააკარესო, აღნიშნა: ”ყველაზე მეტად იმ წელიწადმა გამაღიზიანა, როცა ეს პრემია პოლონელმა ქალმა მიიღო, რომელიც ერთ-ერთი აღმოსავლური რელიგიის მიმდევარი მამაკაცის ცოლი იყო და მასთან ერთად ინდოეთში ცხოვრობდა.” ეს პოლონელი ქალი რუთ პროერ ჯაბვალა გახლავთ, და ალბათ მისი და მისი აღმოსავლურ იდეოლოგიების მიმდევარი მეუღლის მიმართ ანტიპათიითაა გამოწვეული, რომ პოლ ტერუ თავის ბოლო წიგნში, სადაც მოქმედებები ინდოეთში ხდება, იქაურების მიმართ ცინიკური, უხეში და ირონიულია. წიგნში ამერიკელის ინდოეთში მოგზაურობაა აღწერილი, ”სპილოს ლუქსი” კი მუმბაის ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს საუკეთესო ნომრებს ჰქვია. ტერუ ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალის გამოცდილებებს თავის ადრეულ ნაწარმოებებშიც გვიზიარებს. მათ შორის მკითხველისათვის ყველაზე ცნობილი ”მოსკიტების სანაპიროა” (”The Mosquito Coast”).
”Ulrike Maria Stuart”
Elfriede Jelinek
Ortrud Gutjahr
”ულრიკე მარია სტიუარტი”
ელფრიდე იელინეკი
ორტრუდ გუთიარი
167გვ, Königshausen & Neumann
ელფრიდე იელინეკის პიესის, ”ულრიკე მარია სიტუარტის” სასცენო პრემიერა 2006 წლის 28 ოქტომბერს ჰამბურგში შედგა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ სიმპოზიუმზე რეჟისორის, ნიკოლას შტემანის დადგმული პიესის შესახებ დისკუსია გაიმართა, აღმოჩნდა, რომ პიესის ტექსტი არავის ჰქონდა ხელთ, უფრო მეტიც, არც ერთ გამოცემაში დაბეჭდილი არ იყო. თანდათან მოთხოვნილება ”ულრიკე მარია სიტუარტის” ტექსტზე უფრო და უფრო გაიზარდა და იელინეკმაც რედაქტორთან, ორტრუდ გუთიართან ერთად წიგნის გამოცემა გადაწყვიტა. წიგნში პიესის გარდა სხვადასხვა ნაწყვეტები, ინტერვიუები, მონოლოგებია შესული. იელინეკის პიესებზე დაყრდნობით განხილულია პოსტდრამატული თეატრის თანამედროვე თეორიები. წიგნს ახლავს საინტერსო ილუსტრაციებიც.
ჩარლზ ნიკოლი
”მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე”
“The Lodger: Shakespeare on
“
Charles Nicholl
378გვ,
როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა შექსპირს ახალგაზრდა ოჯახური წყვილის დასაშორებლად სხვადასხვა მაქინაციები მოეფიქრებინა და, როგორც რომანტიკულ კომედიებშია ხოლმე, მზაკვრული ჩანაფიქრისთვის სასულირეო პირს შეეშალა ხელი? ჩარლზ ნიკოლის ახალ წიგნში ინგლისელი დრამატურგის ცხოვრების სახალისო და საინტერესო ეპიზოდებია შერჩეული. ”მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე” ერთგვარი ცხოვრებისეული ისტორიაა, რომელიც ავტორმა მწერლური ოსტატობითა და მახვილი იუმორით სასიამოვნო, ოჯახურ კომედიად აქცია. მოქმედება შემდეგნაირია: ლონდონის ჩრდილოეთ მხარეს, შედარებით ღარიბ უბანში, სილვერ და მაგლ სტრიტის ქუჩების გადაკვეთაში დიდი სახლი დგას, სადაც მეტად უცნაური და თავისებური ადამიანები ბინადრობენ. მთავარი გმირები, ქრისტოფერ მაუნთჯოი და მისი მეუღლე – მარი, ფრანგები არიან. სწორედ მათი ბინის ზემოთ, ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს ინგლისელი, სახელად უილიამ შექსპირი.
”პიკასოს ცხოვრება; ტრიუმფალური წლები, 1917-1932”
ჯონ რიჩარდსონი
A Life of Picasso, The Triumphant Years, 1917-1932.
John Richardson.
592 გვ. Alfred A. Knopf.
ყველაზე დიდი წარმატების ხანა პიკასოს ცხოვრებაში 1917 წელს დაიწყო, როცა მან კოკტოსთან ერთად ბრძოლის ველად გადაქცეული პარიზი მიატოვა და რომში გადასახლდა. სწორედ აქ, დიაგილევის საბალეტო სტუდიაში, ოლგა ხოხლოვა გაიცნო, მასზე იქორწინა და მეუღლესთან ერთად პარიზში დაბრუნდა. ჯონ რიჩარდსონის სამტომეულის ბოლო ნაწილი პაბლო პიკასოს ცხოვერების 1917-23 წლების შესახებ ისტორიულ კვლევებთან და ამომწურავ დაკვირვებებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ფაქტსა და ამბავსაც მოგვითხრობს, თანაც ეს ყველაფერი სადა და მარტივი ენით, თხრობის თავისებური სტილითაა გადმოცემული და მკითხველს კითხვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ჯონ რიჩარდსონი რამდენიმე მემუარული ნაშრომის, ესსეების კრებულისა და ბიოგრაფიის ავტორია. მასვე ეკუთვნის ჟორჟ ბრაკისა და ედუარდ მანეს შესახებ წიგნები.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“