ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2008 – აგვისტო

“ფლორენციელი კუდიანი”
სალმან რუშდი
“The Enchantress of Florence”
Salman Rushdie
368 გვ. Random House

რომანი, რომელიც არც გეოგრაფიულ საზღვრებს ცნობს და არც ისტორიულ ქრონოლოგიას – სამ კონტინენტზე განფენილი სივრცე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰარმონია, ეპოქალური აღრევა და ეს ყველაფერი გაერთიანებული ერთ ქალაქში, სადაც უცნაური მოგზაური საკუთარი ტყავის გადასარჩენად სხვადასხვა ამბებს იგონებს. შეჰერეზადას ცნობილ მოტივებზე აგებული წიგნში ვის აღარ შეხვდებით – ჯალალ-ედ-დინიდან დაწყებული, ნიკოლო მაკიაველით დამთავრებული, სალმან რუშდის რომანი მთელ სამყაროს იტევს. “ფლორენციელი კუდიანი” ბუკერის პრემიის ლაურეატი მწერლის მეთორმეტე რომანია. მკითხველი მას იცნობს წიგნებით “Midnight’s Children”, “The Satanic Verses”, “East, West”.

“წიგნი დამწვარი წიგნების შესახებ”
ფოლკერ ვაიდერმანი
“Das Buch der Verbrannten Bücher”
Volker Weidermann
256გვ. Kiepenheuer & Witsch

1933 წელს გერმანიის ბიბლიოთეკებში წიგნების მასობრივი დაწვა დაიწყო. ჯერ კიდევ ომის გაჩაღებამდე, სანამ ნაცისტური გერმანია ადამიანების განადგურებას მიჰყოფდა ხელს, პირველ რიგში სწორედ წიგნების მოსპობაზე იზრუნა. ასამდე ავტორი, მათ შორის კლასიკოსები – კესტნერი, ცვაიგი, ბრეხტი, რემარკი – თაროებიდან ცეცხლის ალში იყრებოდა. გერმანელი კრიტიკოსი, ფოლკერ ვაიდერმანი, სწორედ ამ სისასტიკეზე უამბობს მკითხველს და ცდილობს, თავის წიგნში მაინც გააცოცხლოს რამდენიმე ისეთი ავტორი (მაგ. რუდოლფ ბრაუნე), რომლებიც დღეს დავიწყებას მიეცნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენების გამო.

“ბრწყინვალება”
ჯონ ბერნსაიდი
“Glister “
John Burnside
272გვ, Jonathan Cape

ჯონ ბერნსაიდმა თავისი ახალი რომანის მოქმედების ადგილად პოსტ-ინდუსტრიული ქალაქი აირჩია, სადაც მწყობრიდან გამოსული ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე მოზარდის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა ხდება. გამომძიებლების როლშიც არათუ პროფესიონალი პოლიციელები, არამედ ახალგაზრდა უსაქმური ბიჭები არიან. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ჩვეულებრივი კრიმინალური რომანია, თუმცა, თემატური აქცენტები და თხრობის სტილიც მალევე ხდის ნათელს, რომ უფრო ეგზისტენციალისტურ ნაშრომთან გვაქვს საქმე, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ გამოცდილებებზეა დაფუძნებული. “ბრწყინვალება” შოტლანდიელი მწერლის, ჯონ ბერნსაიდის, მეშვიდე რომანია.

“ალფრედი და ემილი”
დორის ლესინგი
“Alfred and Emily”
Doris Lessing
274გვ, Fourth Estate

რომანის სახელწოდება თითქოს უკვე მიუთითებს, რომ ბიოგრაფიულ ნაწარმოებთან გვაქვს საქმე, თუმცა, დორის ლესინგის ახალი წიგნის შემთხვევაში ძნელი მოსაძებნია ზღვარი სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას შორის. “ალფრედი და ემილი” – კონტრაპუნქტით მოყოლილი ერთი და იგივე ისტორია, უფრო ექსპერიმენტია, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება, და არა ის, თუ როგორი იყო, ან არის. ნობელიანტი მწერლის ახალი რომანი ორი ადამიანის და მათი შვილის ამბავს გვიამბობს, რაც ძირითადად წარმოსახვებს ემყარება – შეიძლებოდა თუ არა ბედნიერების მიღწევა სამოქალაქო ომების, მატერიალური სიდუხჭირისა და სხვა გარე ხელისშემშლელი პირობების გარეშე. 88 წლის დორის ლესინგი 2007 წლის ნობელის პრემის ლაურეატია.

“ყნოსვა”
ჩაკ პალანიკი
“Snuff”
Chuck Palahniuk
208 გვ. Doubleday

ჩაკ პალანიკის თაყვანისმცემლებს მწერლისგან ახალი სიურპრიზი ელით – ლიტერატურული პროვოკაციებისა და ეპატაჟის დიდოსტატმა ამჯერად პორნოინდუსტრიას შეუტია და მისი ახალი რომანიც ამ თემატიკას ეძღვნება. კასი რაიტი პორნო-ვარსკვლავია, რომელმაც გადაწყვიტა, საკუთარი პიროვნების უკვდავსაყოფად ტელეკამერის წინ მსოფლიო რეკორდი მოხსნას და 600 მამაკაცთან ერთდროულად დაამყაროს სექსუალური კავშირი. წიგნის პერსონაჟები – მისტერ 72, 137, 600 – სწორედ ამ ექვსასთაგანნი არიან. “ყნოსვა” ამერიკელი მწერლის, ჩაკ პალანიკის მეცხრე რომანია. მკითხველი მას უკვე იცნობს წიგნებით “Fight Club”, “Choke”, “Lullaby”, “Haunted”.

“დუმილის წუთი”
ზიგფრიდ ლენცი
“Schweigeminute”
Siegfried Lenz
128გვ. Hoffmann und Campe

გერმანიის პატარა ტბისპირა ქალაქში ახალგაზრდა მასწავლებელი სტელა ჩადის. მას სწორედ იმ გიმნაზიაში გაამწესებენ, სადაც თავგასული და უზრდელი კრისტიანი სწავლობს. სტელა ყველას უყვარს, პატივს სცემენ ჭკვიან, მომხიბვლელ მასწავლებელს. კრისტიანიც მოჯადოებულია ახალგაზრდა თავაზიანი ქალბატონით, და უფრო მეტიც – მალე მათ ერთმანეთი უყვარდებათ. სტელა და კრისტიანი უბედნიერეს ზაფხულს ატარებენ ერთად, თუმცა, ზაფხულის ბოლოს სტელა ტრაგიკულად დაიღუპება. სწორედ აქედან იწყება კრისტიანის ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელსაც თანამედროვე გერმანელი მწერალი, ზიგფრიდ ლენცი, ჩვეული ოსტატობითა და მხატვრულობით გვიამბობს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“