ბაჩო კვირტია – ბამბის ნამცეცი

kvirtia-5454

31 დეკემბერია. საღამო. მე მზად ვარ. ნუცას ველოდები – ჩემს ცოლს. გვერდით ოთახში ბებიაჩემი და ბაბუაჩემი სხედან დივანზე. ისინი მე მელოდებიან. ერთად უნდა წავიდეთ. ერთმანეთს რაღაცებს უყვებიან. ბებიაჩემი პატარა გოგოსავით კისკისებს. ბაბუაჩემი დროდადრო ჩემკენ გამოაპარებს თვალს. რაღაცნაირად მიყურებს. ვერ ვხსნი, რანაირად. გარეთ ბარდნის. საოცრად თოვს. მესამე დღეა უკვე ტემპერატურა მინუს 10-დან მინუს 12-მდეა. აქ ასეთი ყინვა არავის ახსოვს დღემდე. თოვლი კი განუწყვეტლად მოდის. ზღაპრულად. სიცივეც ეგეთია – ზღაპრული. გაუნძრევლად ვდგავარ. ველოდები ნუცას. უნდა წავიდე. შორს ვარ წასასვლელი, მაგრამ ისე მიმეჩქარება, რომ თოვლი და ყინვა კი არა, ქვეყნიერება რომ თავზე მემხობოდეს, ვერაფერი შემაჩერებს. საითაც უნდა წავიდე, ვისთვისაც უნდა წავიდე, ვისთანაც უნდა მივიდე, ის მაძლევს ძალას, რომ ყინვასაც გავუძლო, თოვლის ბარდნასაც, ჩემს დაღლილობასაც და კიდევ ბევრ რამეს, რომელიც გზადაგზა ამედევნება, მოსვენებას დამიკარგავს, სულმთლად გამასავათებს. მაგრამ არა უშავს… აი, ახლა გამოვა ნუცა და ჩვენც წავალთ. თბილი პალტო მაცვია. ქუდი ხელში მაქვს ჩაბღუჯული და ფანჯარას ვუყურებ. ყვითლად განათებულ ქუჩაში თოვაა. გასაოცარი. შეუსვენებელი. ჩემთვის უზომოდ სევდიანი, თორემ ისე ძალიან მხიარული. ეზო ბავშვებს აქვთ აკლებული. ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება. შორიდან გოგო-ბიჭების ჟრიამული აღწევს. გვერდითა ოთახისკენ ვიხედები – ბებია და ბაბუა ჩუმად სხედან. მე მიყურებენ. მელოდებიან. ხმას არ იღებენ. მალე წავალთ-მეთქი, ხმადაბლა ვეუბნები. მიყურებენ, ნაკვთი არ უტოკდებათ სახეზე. ნუცა გამოდის საძინებლიდან. ნელი ნაბიჯით მიახლოვდება. თვალები ამოღამებული აქვს. თითქოს წვეთი სიცოცხლე არ შერჩენია სხეულში. იმას, რაც უნდა გამატანოს, ხელსახოცებში გადახვეულს მიწვდის. ვართმევ და პალტოს გულის ჯიბეში ვიდებ. გულს ქვემოთ, ნეკნთან, ადგილი მითბება.

-         საბა სად არის? – ხმადაბლა ვეკითხები.

-         ტელევიზორს უყურებს…

-         ეზოში არ უნდა ჩასვლა? არ უთხოვია?..

-         არა. აქ იყოს. გაცივდება. შენ რას იზამ?..

-         მე?..

-         ხო.

-         მე… ალბათ დავრჩები… შენ როგორ გირჩევნია?

-         არ ვიცი…

-         არ იცი?.. კარგი, კარგი… ნუცა… საბა გაიგებს, ცოდოა… მოდი ჩემთან… ნუ ტირი, გთხოვ… თუ გინდა, არ დავრჩები და დავბრუნდები, თორმეტამდე. გინდა?..

-         არა. დარჩი. შენ არ გინდა, რომ დარჩე?..

-         მინდა. ძალიან მინდა! მაგრამ თქვენთანაც მინდა. არა! კარგი, დავრჩები. ხვალ დილით დავბრუნდები. ახლა წავალ. კარგი?

-         წადი.

-         დამპირდი, რომ აღარ… საბა ცოდოა… თან ახალი წელი მოდის… მპირდები?..

-         წადი. დაგაგვიანდება.

-         მპირდები?..

-         წადი. ვეღარაფერს გაყვები. დაგაგვიანდება.

* * *

წვივებამდე თოვლში მივდივართ: მე, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი. ჩემი შარვალი მუხლებამდე თოვლითაა გათეთრებული. ფქვილივით მშრალი თოვლით. მივდივართ. ჩუმად. წინ მე მივდივარ, ფეხქვეშ თოვლი ჭრაჭუნობს. უკან ბებია და ბაბუა მომყვებიან. ბაბუას ბებიასთვის ხელი ჩაუჭიდია. ერთმანეთს ეხმარებიან. ახლა უკვე თან ყინავს, თან თოვს, და თან ქარბუქია. სუნთქვას არ გაცდის – პირდაპირ სახეში გაყრის ცივ და მსუსხავ ფიფქებს. დროდადრო უკან ვიხედები – რამე ხომ არ უჭირთ-მეთქი. მაშინვე იჭერენ ჩემს მზერას და ორთავე გაბადრული ამომხედავს – ნუ გეშინია, ჩვენ არაფერი გვიჭირს, მოგყვებითო.

* * *

გურამი. ბაბუას გურამი ერქვა. გურო. აპრილის შუა რიცხვები იყო, აღდგომამდე ათიოდე დღით ადრე. ჩავაკითხე თავის სახლში. თბილისთან ახლოს, საბაღე დასახლებაში ცხოვრობდა. საკუთარი ხელით აშენებულ სახლში. ნაკვეთის დაბარვაში დამეხმარეო, შემომითვალა და ჩავედი. ახლაც თვალწინ მიდგას, იმ დღეს, მოსაღამოებულზე, უეცრად როგორ გაფუჭდა ამინდი, გადაშავდა ცა, ამოვარდა ქარიშხალი და თავსხმა წვიმა დაუშვა. დავყარეთ ბარები, გამოვაბოტეთ ხნულებში, გამოვვარდით ორღობეში და სულ კისრისტეხით გამოვიქეცით სახლისკენ. ბაბუა მიყვიროდა ტელეგრეიკა წამოიფარე თავზეო. მერე ორთავე ვიდექით მეორე სართულის გადახურულ პარმაღზე, სიგარეტს ვაბოლებდით და წვიმას ვუყურებდით. კიბის ქვეშ, საქათმეში შეყუჟული ვარიების კუთვა ისმოდა. აბრიალებულ ღუმელზე დადგმულ ტაფაზე კარტოფილი იწვებოდა, ჩაიდანში წყალი დუღდა. ქარი გლეჯდა და წეწავდა ყველაფერს. ბაბუა წუხდა, სულ დააყრევინა ამ შობელძაღლმა ხეებს ყვავილებიო. მერე ისევ ვიდექით გადახურულ პარმაღზე და ისევ ვაბოლებდით – ოღონდ, უკვე მთვრალები. ღამდებოდა. აღარ წვიმდა, მაგრამ ქარიშხალი ისევ ანგრევდა ირგვლივ ყველაფერს. ქალი როდის უნდა მოიყვანოო, – უეცრად მკითხა გურომ. მე რა ვიცი-მეთქი… საკუთარი სიმთვრალით, სიგარეტით და ცუდი ამინდით ვტკბებოდი. მა ვინ იცის? მე ვიციო?! არ უნა დააგვიანო ქალის მოყვანაო. ჩემი ოქრო იყო გურო… ახლა აგერ მომყვება, ბებიაჩემზე ხელჩაკიდებული. ამ მუხლამდე თოვლსა და ყინვაში თხელი შარვალ-პიჯაკი აცვია, ფეხზეც თხელი, საშემოდგომო ფეხსაცმელები, და მოდის ეგრე. გაოცებული ვარ, მაგრამ არაფერს ვეუბნები.

* * *

ლილი. ბებიაჩემი. სკოლიდან შინ მოვყავარ. თავის სახლში. მე პატარა ვარ – მეორე ან მესამე კლასში. კინოთეატრია ლილის სახლთან ახლოს. უნდა ჩავუაროთ. დარბაზის შენობას გვერდზე ჰაერგამწოვის უზარმაზარი თუნუქის მილი ჰქონდა. როცა გამწოვის აგრეგატი ჩართული იყო, დიდი ხმა ჰქონდა. ამ ხმის მეშინოდა და რომელიღაც ცხოველს ვადარებდი ხმას. ლილის უყვარდა, როცა ამაზე ვლაპარაკობდი – შეშინებული და აღტაცებული, ერთდროულად. მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე, ისე ვუყვარდი. ახლა ჩემ უკან მოდის. ამ თოვაში, ყინვაში, ქარბუქში, თხელი საზაფხულო კაბა და ღია სანდლები აცვია. მოდის, მომყვება. ბაბუასთან ერთად, გზას მოიკვლევს წვივებამდე თოვლში და ხმას არ იღებს. არც მე ვეუბნები არაფერს. რა უნდა ვუთხრა?.. არ ვიცი. ნუცას გამოტანებული – ის, რაც გულისჯიბეში მიდევს, გაცივდა. აღარ არის თბილი. წამდაუწუმ ვისინჯავ გულისჯიბეს – ხომ არ ამომივარდა… ლილის ჩემს შეყვარებულებზე ვუყვებოდი. ყველა შეყვარებულის ისტორია იცოდა – საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტის პირველ კურსამდე. ლილის ისეთი შარმი ჰქონდა, იმდენი წიგნი ჰქონდა წაკითხული, და ისე მიყვარდა… ახლა უკან მომყვება, და საოცარი თვალები აქვს. შეგეშინდება, ისეთი სხვანაირად ლამაზი. ამიტომ ვერ ვუყურებ. უბრალოდ ვიცი, რომ თავისი საზაფხულო სანდლებით, გუროსთან ერთად, თოვლში გზას მოიკვლევს. უფრო სწორად – ჩემს გაკვალულზე მომდევს. ლილი სიგიჟემდე მიყვარს!

* * *

ნუცა ოთხთვალა საკაცეზე წევს და ჰოსპიტლის დერეფნის ლუმინესცენციურ ნათურას უყურებს. როგორ ხარ-მეთქი, – ყოველ წამს ვეკითხები. ვგრძნობ, რომ სისხლისგან ვიცლებიო. მეძინებაო. მორიგე ექთანი უყვირის, არ გაბედო დაძინებაო. მე მორიგე ექთანს ვუყვირი, რაღას ელოდებით, რატომ არ შეგყავთ საოპერაციოში, კვდება გოგო-მეთქი. სისხლს და ანესთეზიოლოგს ველოდებითო. საბა სად არისო? – ნუცა ჩუმად მეკითხება. უკვე მეასედ. დედაშენთან არის-მეთქი. ხო, კარგიაო. მერე მიღიმის. უხმოდ. ნუ იღიმი-მეთქი, ვცოფდები. რატომო? იცი თვითონაც-მეთქი. რა უნდა ვიცოდე, უბრალოდ გიღიმიო. არ არის ეგ მარტო ღიმილი და ნუ იღიმი-მეთქი, – ლამისაა მაჯები დავიჭამო. უეცრად კარი მჭახედ იღება და განყოფილების დერეფანში გიჟივით შემორბის მორიგე ანესთეზიოლოგი, უკან ექთნები მოყვებიან სისხლით სავსე პოლიეთილენის პაკეტებით ხელში. საკაცეს ჩააფრინდებიან და ადგილიდან მოწყვეტით ნუცას საოპერაციოსკენ მიაგორიალებენ. დერეფნიდან გასვლისას, კარის ჩარჩოს საშინლად ეჯახებიან. ვაიმე! – ყვირის ნუცა. ფრთხილად!!! ფრთხილად!!! ფრთხილად!!! – ნუცასკენ გავრბივარ, მაგრამ ისინი მასწრებენ – ნუცა გაჰყავთ. იქვე ვიკეცები, კედელთან: ფრთხილადფრთხილადფრთხილადფრთხილადფრთხილადფრთხილადფრთხილადფრთხილად… ღმერთო… ნუცა…

* * *

გურო ისე გარდაიცვალა, ისე იტირა ლილიმ და ისე დაკრძალეს, რომ ვერ ვნახე. ვერ ჩამოვედი. 2008-ის აგვისტოს იმ მძიმე დღეებში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ომში ვიყავი. იქაურობა ვერ დავტოვე, ვერ წამოვედი. გუროს დაკრძალვაზე ძალიან ცოტა ხალხი მოსულა. ვის ეცალა გუროს დასაფლავებისთვის – ხალხი დაზაფრული ისხდა სახლებში და ტელევიზორს იყო მიჩერებული. გარეთ გამოსვლის ყველას ეშინოდა. დაკრძალვისას, იმ მომენტში, კუბო რომ უნდა ჩაესვენებინათ სამარეში, რუსულ თვითმფრინავს გადაუფრენია ზედ სასაფლაოს თავზე. ამომხტარან საფლავიდან მესაფლავეები და უკანმოუხედავად გაქცეულან. მეზობლის ბიჭებს ჩაუსვენებიათ საწყალი გურო, და მიწაც იმათ მიუყრიათ. უკან მივიხედავ თუ არა, მაშინათვე დაიჭერს ჩემს მზერას და მიყურებს – სხვანაირად. ვერ ავხსნი, როგორ… მიცვალებულისთვის ჩემი ხელით არჩეული შარვალ-პიჯაკი და ფეხსაცმელი ჩაუცმევიათ, რომელიც ჩემი ქორწილისთვის ვუყიდე გუროს.

* * *

ყინავს. თავზე მათოვს. ჰოსპიტლის გაჩახჩახებულ შენობას ვუყურებ. ვუახლოვდები. ახალ წლამდე ორიოდე საათი რჩება. უკან ვიხედები – გურო და ლილი მომყვებიან, მიყურებენ. ისევ წინ ვიყურები, მივდივარ. ლილი გუროს სიკვდილის შემდეგ, სამ წელიწადში გარდაიცვალა. ისიც ზაფხულში. მე და ნუცამ შევმოსეთ მიცვალებული. თხელი, საზაფხულო კაბა და ღია სანდლები ჩავაცვით. ცოტაც, და ჰოსპიტალში შევალ. ორივე ხელში ტკბილეულით, საჩუქრებით სავსე პარკები მიჭირავს – ექიმებისთვის, ექთნებისთვის. დღეს ხომ 31 დეკემბერია… უკან ვიხედები… გურო და ლილი აღარ მომყვებიან… ადგილზე ვშეშდები. გული ისე მიცემს, ლამისაა ამომივარდეს. წამოდით!.. რატომ გაჩერდით?! ხმას არ მცემენ. დგანან გაუნძრევლად და ათოვთ. არ ვიცი, რა ვქნა… მივბრუნდები და გზას ვაგრძელებ. ისევ ვჩერდები. ვტრიალდები. ისევ დგანან. ოღონდ უფრო შორს არიან. ათოვთ. ქარბუქი ლილის ზაფხულის კაბას უფრიალებს. მიყურებენ. სიცივისგან და მღელვარებისგან მთელი სხეული მიკანკალებს. გზას ვაგრძელებ. ისევ ვჩერდები და ვტრიალდები. აღარ დგანან… აღარსად ჩანან. თავისით გადმოცვენილ ცრემლებს პარკებიანი მუჭით ვიშორებ, გულისჯიბეში იმას ვისინჯავ, რაც ნუცამ გამომატანა და ჰოსპიტლის შენობაში შევდივარ. ლიფტთან დაცვის თანამშრომელი მაჩერებს.

-         სად მიბრძანდებით?

-         მეოთხეზე.

-         რომელზე?

-         მეოთხეზე.

ლიფტის კარი იღება. ვიღაცები გამოდიან.

-         არ შეიძლება.

-         რატომ არ შეიძლება?

-         დამთავრდა უკვე პაციენტების ნახვის საათები.

-         გამორიცხულია რომ არ ვნახო. თან, აი…

ტკბილეულით და საჩუქრებით სავზე პარკებს მის ცხვირამდე ვწევ.

-         ეს რა არის?..

-         საჩუქრები და ტკბილეული გოგოებისთვის. ექიმებისთვის, ექთნებისთვის. დღეს ხომ ოცდათერთმეტია…

-         მომეცით და მე გადავცემ.

-         არა. თქვენ არ გადასცემთ. მე უნდა გადავცე. და ამის გარდა, ესეც უნდა შევიტანო…

გულისჯიბიდან ნუცას გამოტანებულს ვიღებ, ხელსახოცებს ვაშორებ და ვაჩვენებ. დაცვის თანამშრომელი მაშინათვე უკან იხევს.

-         მიბრძანდით. ოღონდ დიდხანს არ გაჩერდეთ.

* * *

პერინატალურ განყოფილებაში გოგოებს – ექთნებს და ექიმებს სულ ფერად-ფერადი წვიმებით, ქაღალდებით, საახალწლო სათამაშოებით მოურთავთ კედლები, კარადები, კუვეზებიც კი, სადაც უდღეური ახალშობილები წვანან. ზოგს სძინავს, ზოგს ექთანი აჭმევს, ზოგი ტირის, და ახალშობილის ხმა ინკუბატორიდან ყრუდ მოისმის. ზოგი კარგად სუნთქავს, ზოგი – ჩქარა. წრიპინებს ან ტონალურ სიგნალს გამოსცემს უამრავი აპარატი, დანადგარი. ხათუნა – ჩემი პატარა ლილის ექიმი ერთ-ერთი კუვეზისკენ მიმიძღვის, სადაც ყველაზე მეტი აპარატი მუშაობს. ვჩერდები. მძინარე, ციცქნა ახალშობილს დავყურებ. ცრემლები თავისით მცვივა. ლოყაზეც კი არ ჩერდება – პირდაპირ იატაკზე ცვივა. თითქოს თვალებიდან ხტებიან.

-         ძალიან გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ.

-         არ ვნერვიულობ…

ცრემლებს კი არ ვიწმენდ, ვიგლეჯ სახიდან.

-         ისეთი სანერვიულო აღარაფერია. დღევანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულზე ბოტალის სარქველი დაიხურა. მარჯვენა ფილტვმა გაშლა დაიწყო და მუცლის ღრუში პერიტონიტის ნიშნები აილაგა. გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ არ ინერვიულოს, და თქვენც აღარ ინერვიულოთ ასე ძალიან.

-         აი, ეს გამომატანა ნუცამ…

პალტოს გულისჯიბიდან ბავშვის საჭმლის ბოთლს ვიღებ. ბოთლში ორასიოდე გრამი რძეა.

-         მეტი ვერ შეძლო…

-         არა უშავს. დღეს დიდხანს ჰქონდა თვალები გახელილი. მერე ნეკა თითზე ხელი მომიჭირა. ისეთი მოშვებული და მისავათებული აღარ არის, როგორიც პირველ დღეებში იყო. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ცოტა ხანი დაგტოვებთ. მერე კი, უნდა წაბრძანდეთ, არ შეიძლება…

-         რომ დავრჩე, ხათუნა ექიმო?..

-         სად?!

-         დერეფანში ვიქნები, ან კიბის უჯრედში დავდგები…

-         რატომ? რა საჭიროა?..

-         იმიტომ, რომ… არ მინდა, რომ…

-         რა არ გინდათ?..

ხათუნა ექიმს სახეზე ღიმილი გადაურბენს.

-         არ მინდა, რომ ახალ წელს მარტო შეხვდეს… არც მე და არც ნუცას!

ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ.

-         თქვენ იცით, ჩვენ აქ როგორ ვხვდებით ახალ წელს?

-         როგორ?..

-         როგორ?.. ყველანი ერთად!..

ხათუნა ექიმს თვალები უწყლიანდება. მე თვალს ვარიდებ, გვერდზე ვიხედები.

-         ახლა ცოტა ხანი დარჩით, შემდეგ კი წაბრძანდით. ძალიან გთხოვთ. ოჯახში გელოდებიან.

ხათუნა შებრუნდება და მიდის. ვხედავ, როგორ იწმენდს ხელსახოცით ცრემლებს.

ლილის ვუყურებ, ვუყურებ, ვუყურებ. სძინავს. ძალიან ციცქნაა. ერთი ბეწო თითზე პულსის და წნევის მარეგულირებელი სარჭი უკეთია. გულმკერდზე, მუცელზე, რაღაცები აქვს დაწებებული, კაბელით რომ გრძელდება და სხვადასხვა, მოწრიპინე, მოციმციმე აპარატს უერთდება. პაწაწინა მკლავზე დრენაჟი აქვს ვენაში შეერთებული. ველოდები, იქნებ გამიმართლოს და თვალი გაახილოს. არ ახელს. ჩუმად პირველ ახალ წელს ვულოცავ და ვშორდები. მორიგე ექთნებს და ექიმებს წინასწარ ვულოცავ ახალ წელს და გასასვლელისკენ მივდივარ. ყველანი მაცილებენ, საჩუქრებისთვის მადლობას მიხდიან. კარში გასვლისას, ხათუნა ექიმი მრავალმნიშვნელოვნად თავს დამიქნევს, მეც იგივეთი ვპასუხობ და გამოვდივარ…

გარეთ ისევ ქარბუქია. უარესად თოვს და ყინავს. ვჩერდები. ირგვლივ მიდამოს ვათვალიერებ. ლილი და გურო არსად ჩანან.

-         „ღმერთო…“

-         „ნუცა, მოვდივარ! და რომ იცოდე, რამდენი რამე უნდა მოგიყვე!..“

-         „და რომ იცოდე, რა მომაქვს შენთვის…“

ტაქსიში ვზივარ. შინ მივდივარ. ჯიბიდან გადაკეცილ ხელსახოცს ვიღებ. ვხსნი. ბამბის პაწაწინა ნამცეცს დავყურებ. კარში გამოსვლისას, ხათუნა ექიმმა ჩამჩურჩულა, დღეს მთელი დღე მარჯვენა ხელში ჰქონდა ლილის ჩაბღუჯულიო… მის ციცქნა ხელს აჰყვა საიდანღაც და ეჭირაო. მერე გაუვარდაო. შეგინახეთო. როგორ მოიფიქრა?..

ბამბის პატარა ნამცეცი…

-         ახალ წელს ხომ სახლში შეხვდები, ოქროკაცო?..

მძღოლს მხარზე ხელს ვადებ.

-         არა, ჩემო ძმაო. ვერა. ტაქსოკომპანიის მანქანაზე ვზივარ და მორიგე ვარ…

-         მორიგე ხარ?.. აი, ახლა ხომ მივალთ ჩემს სახლთან…

-         დიახ?..

-         ჰოდა, რომ მივალთ, ამოდი ჩემთან და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. მერე ისევ გააგრძელე მუშაობა.

-         ვაიმე, ვაიმე! ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი ხალხი! დიდი მადლობა, შენი ჭირიმე! რას ამბობთ?!

-         მე სერიოზულად გეუბნები. დააყენე მანქანა და ავიდეთ ჩემთან…

-         ჩათვალე, რომ ამოვედი! დიდი მადლობა, ჩემო ძმაო! გაიხარე და გამრავლდი!

მანქანას ჩემს კორპუსთან აჩერებს.

-         ესე იგი, არ ამოხვალ?..

-         ვერ ამოვალ, შენი ჭირიმე, მაგრამ ჩათვალე, რომ ვიყავი და დამილოცნია შენი ოჯახი, სულით და გულით!

-         რა გქვია, მეგობარო?

-         თამაზი. თაზო.

-         თაზო, მე იცი ახლა რა მიმაქვს სახლში?..

-         არ ვიცი?..

მძღოლი დაბნეული მიყურებს.

-         აი…

პალტოს ჯიბიდან გადაკეცილ ხელსახოცს ვიღებ.

-         რა არის ესა?..

მძღოლი მიამიტურად მეკითხება.

-         ბამბის პატარა ნამცეცი…

მძღოლი დაბნეული მიყურებს. ოდნავ შემკრთალიც. ვეხვევი, ვკოცნი, ახალ წელს ვულოცავ და მანქანიდან გადმოვდივარ. სადარბაზოსკენ მივრბივარ. ტაქსი ადგილიდან არ იძვრის. ზურგსუკან, ტანით ვგრძნობ, ვხედავ, თაზოს გაოცებულ სახეს.

-         ხო, თაზო. ბამბის პატარა, ციცქნა ნამცეცი…

© არილი