ბელა ჩეკურიშვილი – ლურსმანი და სხვ. ლექსები

 

belachka-54893ლურსმანი

როცა ერთ თვეში მესამედ ჩავალაგე ჩემოდანი

და მატარებლის ბილეთი შევუკვეთე,

შიშით აღმომხდა:

„ღმერთო, სად არის ჩემი სახლი“!

 

“მაინც სად არის ჩემი სახლი“? -

ვეკითხები ყველას ხმამაღლა,

გაბნეული ქვეყნებსა და ქალაქებს შორის,

კარიდან კარზე მოხეტიალე,

პილიგრიმივით უქონელი და

გზის შემყურე.

 

„სადაც შენი სამუშაო მაგიდა გიდგას,

სახლიც იქ არის“ – მწერს მეგობარი,

და ვხედავ, როგორ სწორდება წელში მაგიდის გასწვრივ.

„იქ, სადაც შენი საწოლია“ – ამბობს ჩემი შეყვარებული,

სადაც ერთმანეთს გულებით ვათბობთ,

და გაღვიძება გვიხარია.

„სადაც მუდამ გელოდებიან, სახლიც იქ არის“ –

იცინის ჩემი სტუდენტი შვილი

და გეგმებს აწყობს შორს, შორს წასვლაზე.

 

დედაჩემი ჩამომჯდარა ტელევიზორთან

და სუნთქვის რიტმს კიბეზე ამომავალ ნაბიჯს აყოლებს.

სახლი, ერთ დროს მის შვილებს რომ ვეღარ იტევდა,

ისე ივსება სიცარიელის უძრავი ქვებით,

თაგვიც აღარ დარჩენილა კარადის უკან.

 

მე კი დავდივარ, მთებს და ზღვებს შორის

და ვეძებ ჩემს სახლს,

ადგილს, სადაც პალტოს დასაკიდ ლურსმანს მივაჭედებ,

და იქიდან არც არავინ ამოაძრობს,

და ვერც ვერავინ გამიბედავს, რომ : „ამის ადგილი აქ არ არის“…

რომ „ მეტად აღარ“…

 

ბუდის ამბავი

თებერვალს არ მოჰყვა გაზაფხული,

რაც ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა

და არც შეიცვლება,

მასწავლიან, რომ დავემორჩილო მოვლენებს

და დაველოდო.

იქნებ ჩემი გადარჩენა მართლაც მორჩილებაშია?

მასწავლიან, რომ ეს მათი თვისებაა, გაზაფხულების,

ვერაფერს გავაწყობ,

როცა დრო დგება, მაშინ მოდიან,

ქარებსაც მაშინ ერეკებიან და კაბებსაც მაშინ კერავენ.

მე კი ვფიქრობდი: ჩიტი-ჩიორა ვარ,

ამიტომ ბუდე უნდა ავაშენო,

ხავსი და ფოთლები მოვძებნო შიგ ჩასაფენად.

ახლა კი რა ვქნა?

აღარ მიყვარდეს?

და დავიწყე გაქცევა ბუდიდან,

მერე საკუთარი თავიდან, ტყავიდან, ფრთებიდან, ბუმბულიდან,

არ დავიტოვე არაფერი,

რაც კი ძველ ზამთრებს გამახსენებდა.

დრო კი იყო უცვლელი,

უწყლოდ,

უხეებოდ,

თებერვლის და მარტის გარეშე.

მეგობარი ამბობს:

უნდა ვიპოვოთ, რაც გვჭირდება,

ჩვენით უნდა ვიპოვოთ.

მე კი მეგონა, მთავარი მისი მოსვლა იყო,

და იმას ვეძებდი, რაც სჭირდებოდა:

ბუდეს ვაგებდი და ბარტყებს ვუფრენდი.

მეგობარი მირჩევს:

მას რაც სჭირდება, ვერ გადაგვარჩენს,

მოვიფიქროთ რამე ახალი.

და მე დავიწყე გაყინვა,

თვალები გამიხდა ელვარე,

ნისკარტი – ალესილი,

ფრთებით კი ცის თაღის გაფატვრაც შემეძლო.

მეგობარი მთხოვს:

წავიდეთ, საკუთარ თავს მაინც შემოვუაროთ,

თუ გზას ვერ ვიპოვით, წრე მაინც შევკრათ,

აქამდე ხომ მხოლოდ მის გარშემო დავდიოდით,

მოდი, ახლა ჩვენი თავი აღმოვაჩინოთ.

წავედით,

მაგრამ წრის შეკვრა მაინც ვერ მოვახერხეთ,

გზაჯვარედინი შემოგვეყარა.

ახლა ელექტრონის მავთულებზე ვსხედვართ

და ვჟივჟივებთ.

 

ის წლები, ის დღეები

                   ეძღვნება ნუსას

იმ წლებზე ვამბობ,  იმ დღეებზე,

დაუნანებლად რომ ვართმევდით ერთმანეთს,

განა  ჩანთაში ჩაწყობილ-ჩაკეცილებს

ან პარკში ჩატენილ-ჩაკუჭულებს,

ქაღალდში გახვეულებს,

პირდაპირ რომ ვიცვამდით ტანზე,

ყელზე ვიხვევდით,

ვიწებებდით მკლავებზე, მხრებზე.

იმ წლებზე ვამბობ, იმ დღეებზე

სახლიდან რომ გავრბოდით

და არ ვკითხულობდით

სად ვიყავით, რომელ მხარეში,

რომელ მდინარის შესართავთან

რომელი ციხის კარიბჭესთან,

და ყველა ბილიკს საკუთრად ვთვლიდით,

თუკი ერთხელ ფეხი დაგვედგა,

და ერთმანეთის კვალს მივდევდით,

წრეში ვაქცევდით,

ჯაჭვად ვედექით;

იმ წლებზე ვამბობ, იმ დღეებზე,

სიტყვები რომ მუდამ გვქონდა

ჭრილობებზე დასაფენად

და ჭრილობებიც რომ მუდამ გვქონდა

გულგასახეთქად საიდუმლო

და საიდუმლოც რომ მუდამ გვქონდა

გაუმხელელად საფიცარი.

იმ წლებზე ვამბობ, იმ დღეებზე,

ვიღაცეებს რომ ეგონათ,

ჰაერში ვფანტავთ,

ქარს ვატანთ მინდვრად,

რომ ეგონათ, ვანიავებთ, ყადრი არ ვიცით,

ჩვენ კი ჰაერს საკუთარი ხმებით ვავსებდით

და გრამი რაა, მისხალიც არ გვეკარგებოდა,

იმ წლების, ზუსტად, იმ დღეების,

ერთმანეთით  მოგუგუნე,

ერთმანეთით აჭრელებული,

ბოლოს რომ აღარ ვუპატრონეთ

და გავასხვისეთ…

 

როცა ქარია

როცა ქარია,

პოეტები თმას იშლიან და სახლიდან გარეთ გარბიან,

რომ ააფრიალონ კაბები და მოსასხამები,

გაედევნონ ქუდებს და შარფებს,

ანდა სულაც წიგნების ფურცლებს,

როგორც ოდესღაც, ბავშვობაში,

სასწაულის როცა სჯეროდათ…

როცა ქარია,

მე თმას ორ წვრილ ნაწნავად ვიწნავ

და მკლავებგაშლილი ფანჯრის წინ ვდგები.

ვიღაც იფიქრებს,

ალბათ ველი იმ წიგნების ფერად ფურცლებს

და ქუდის ბაფთებს,

ქარში ატალღულ ჭრელ-ჭრელ შარფებს,

ანდა სულაც მიწასმოწყვეტილ რომელიმე პოეტ არსებას,

დახუჭული თვალებით რომ ჩამოიქროლებს.

ქარისგან კი

ამ დროს სახლი ისე ყანყალებს,

თითქოს მარჯვე დიასახლისი ხელებ შუა ჭადის ფქვილს ცრიდეს,

და მე ვცდილობ, ჩემი ორი წვრილი ნაწნავით

ერთმანეთზე გადავკვანძო კედლები და იატაკის თხელი ფიცრები,

მივამაგრო ჭერსა და კარზე,

ვცდილობ, კიბე არსად გამექცეს, გადავაბა ზედვე სარდაფიც.

ქარია და ამიტომაც ხმამაღლა ვყვირი,

ჩემი სიტყვები ალვის დამსკდარ ტოტებად ეხეთქება

ტროტუარის დაბრეცილ კიდეს,

მაგრამ მშველელს კი არ ვეძახი,

ანდა მიწასმოწყვეტილ, მქროლავ პოეტებს კი არ მოვუხმობ,

დახუჭული თვალებით რომ მიფარფატებენ სადღაც, გადაღმა,

ვყვირი, რადგან მინდა, განიშნო,

რომ მოვახერხე,

შევკარი და მტკიცედ მიჭირავს, სახურავის წვერიცა და საბუხრე მილიც,

რომ დაბზარული, ძველი სახლისგან

აგურიც კი არ დამიკარგავს.

 

მტრედები

მტრედებმა ახლად ამოწვერილი ყვავილები შეგვიჭამეს.
რაც დათბა, აივანზე მცენარეებმა გაიღვიძეს
და სახლის პაწია კუთხე მწვანედ ბიბინებდა.
ვხედავდით, როგორ სხდებოდნენ მტრედები მოაჯირზე,
წყვილად მოფრინავდნენ და სიყვარულობდნენ.
აი, ნამდვილი გაზაფხული, – ვფიქრობდით ჩვენ,-
აი, ზამთრის ძილიდან გამოფხიზლება,-
და ერთმანეთის ვეხვეოდით,
იმ მტრედებივით.
ამ დილას კი, სწორედ ასე ჩახუტებულებმა შევამჩნიეთ,
რომ ჩვენი აივანი ისევ გაცრეცილია,
თითქოს ზედა სართულის მეზობელმა
ნაცარი გადმოგვაყარა,
ან კალია შემოგვესია,
ანდა ახალ განზომილებას გვთავაზობენ მიღმა ქვეყნიდან.
- შეხედე, იმ სულელმა მტრედებმა ჩვენი ყვავილები გადაჭამეს!

- იყვირა ჩემმა მამაკაცმა, -
გაზაფხულით ახურუშებულმა, შობელძაღლმა მტრედებმა!
- მტრედები ასე არასოდეს იქცევიან -

უკვირთ მეგობრებს, ვისაც ვწერთ და ვისაც ვურეკავთ, -
უკვე იმდენი სიმწვანეა, რად ერჩოდნენ თქვენს მცენარეებს?
საგონებელში ვართ ჩავარდნილი,
ვფიქრობთ:
იქნებ ავად იყვნენ და წამალს ეძებდნენ?
იქნებ ის წამალი ჩვენს ყვავილებში იპოვეს?
იქნებ სწორედაც ჩვენმა ყვავილებმა გადაარჩინეს

გაზაფხულით თავბრუდახვეული, შეყვარებული მტრედები?

 

* * *

დაბერდა დედაჩემი – ვთქვი
და შემეშნდა.
ეს მაშინ მოხდა,
სამედიცინო დაზღვევაზე რამდენიმე თვე რომ იარა
და მაინც ვერ გაარკვია.
ვხედავდით, ყოველდღე სადღაც მიდიოდა,
ძველებურად კოპწია და წელგამართული,
მერე რეკავდა,
რაღაც თარიღებს ინიშნავდა,
მერე ელოდა,
თითქოს ხალისით გვიყვებოდა ვის შეხვდა,

ან რა დააბარეს,
იმედიანად იცინოდა
და უზრუნველად ვაგრძელებდით ჩვენც ჩვენს საქმეებს,
შვილებს ხომ ფიქრი საკუთარ თავზე

არც არასოდეს ებევრება-ეზედმეტებათ.

მაგრამ ერთხელაც, რაღაცნაირად, საწყლად ამოთქვა:
”ყველა მატყუებს”…
ამ ორმა სიტყვამ ისე დაგვზაფრა,
თითქოს ორპირმა ქარმა ჯახაჯუხით შემოხურა ყველა ფანჯარა
და რაფიდან ძირს გადმოყარა ლურჯი ქოთნები.
დაბერდა ბებო -
თქვა ჩემმა შვილმა სინანულით,
მაგრამ მის ხმაში შიშს ფესვები ჯერ არ გაუდგამს,
დედამისი ჯერ ახალგაზრდაა.

 

One way ticket

          გიორგი ლობჟანიძეს

ერთი გზის ბილეთით წავედი,

ამბოხის, ხმაურის, ქადილის გარეშე,

არც წყარო წამიბილწავს, არც ხიდი დამიწვავს,

უსიტყვოდ წავედი,

ისევე უბრალოდ, როგორც წიგნებიდან მიდიან გმირები

ქვე-ანდა ზე სკნელში,

და მუდამ იციან, ეს მათი ხვედრია და კითხვებს არ სვამენ.

ვიცოდი, დაბრუნებას ვერასდროს შევძლებდი,

და გადანახული მოგონებებიდან

ჯერ საკუთარი სახელი წავშალე,

ახლა იქ ლაქად ჩანს საპირველმაისო თეთრი გეტრები

და ბებოს სათონე, ახალგამომცხვარი შოთების სურნელით

და იქვე ბებიაც, ფქვილით და წლებით გადათეთრებეული.

ლაქად ჩანს მამაჩემის საზამთროს ბაღები და პაპის ვენახი.

ცალმხრივი ბილეთით წავედი.

ვინმემ ეს იქნება გაქცევად ჩათვალოს,

იფიქრონ: მარტოქალის ცხოვრება ვერ ვზიდე,

ეჭვებმა შემიპყრო,

ვეღარ გავუმკლავდი ჭირსა და სიავეს,

ან სიყვარულში ხელი მომეცარა,

ან ბოლო მომიღო თავგადასავლებმა.

ჭორებს ხომ წასულებს ზურგში ადევნებენ,

მაგრამ ხმამაღლა კი არავინ გაბედავს,

თქვას,

რომ ყველა რაღაცას ფრთხილად ვაყურადებთ,

თითქოსდა ნიშანს ჩავსაფრებივართ,

და რომ ეს ზოგჯერ გზაც არის ხოლმე,

გზა შორს მიმავალი და გაურკვეველი,

გზა საკუთარი თავიდან გამსვლელი,

როცა პასუხებს აღარც ითხოვ, აღარც იძლევი,

როცა არაფერს არ ეყრდნობი, მხოლოდ მიდიხარ

და სულ ერთია, როდემდე ან სადამდე ივლი.

 

შენი სახელი

I.

მაინც რამდენს ჰქვია შენი სახელი?

მე ხომ უკვე დამავიწყდი, აღარ მახსოვხარ,

როგორ წავშალე, გადავრეცხე,

როგორ წმინდად გავრანდე და გავაპრიალე მეხსიერების ყველა კუნჭული,

სადაც შემთხვევით შეიძლებოდა შერჩენილიყო თუნდაც მცირე მოგონება,

სწორედ ასე ჭკნება ფოთოლი,

ვარდება და არასდროს აღარ ცოცხლდება.

 

მაგრამ სახელი,

რამდენს ჰქვია ეს სახელი?

დროდადრო მაინც როგორ მკვეთრად გაისმის,

თითქოს კედლებს ჩაქუჩს ურტყამდნენ,

თითქოს სახურავს აჭედებდნენ,

ან მაშხალებს აფეთქებდნენ საახალწლოდ

ქუჩის ბავშვები.

 

მე წავედი და ქალაქი გამოვიცვალე,

წავედი და ქვეყანა გამოვიცვალე,

სხვა ენაზე ავლაპარაკდი

სხვა ცა მხურავს ქუთუთოებზე

და ბგერებიც სულ სხვაგვარად ლაგდებიან, როცა მოუხმობ.

მეგონა, აი, გავთავისუფლდი,

აი, შორს ვარ, წარსულისგან საიმედოდ გადამალული

და შენი ხსოვნა ვეღარ მომწვდება,

მაგრამ სახელმა,

სადღაც, შემთხვევით გაგონილმა სახელმა,

ჩემი სიმშვიდე მეტყევის ნაჯახივით მოსხიპა

და საზამთრო ფიჩხის გროვად  აქცია,

დღეს-ხვალ ისევ მწველ ცეცხლად რომ აბრიალდება.

II.

გახსენებ,
ვიცი, გიკვირს რომ გახსენებ,
როგორც იღვრება წყალი,

აღარ გვეძებენ ცეცხლის ენები
და აღარც ნაკვერჩხალი
შემორჩენია გრძნობების კერას
და ფერებია მკრთალი.

გახსენებ,

მაინც ვდგავარ და გახსენებ,

ნესტი ძვლებამდე ჩადის,

ხან ხმას მოვყვები ქვემოთ, შენამდე,

ხან ბოღმასა და წადილს.

ნეტავი, მაინც რა მაქვს სათქმელი

ამდენი წელიწადი.

წყალს მოაქვს ძველი დღეების წყება

და თითო წვეთად ამხელს,
როცა მეგონა, უკვე დასრულდა,
ხელსაც არასდროს ვახლებ,
ხსოვნის სკივრებში თვალს მიფარებულ
ბგერებგამოცლილ სახელს,

როცა მეგონა მიწად ვიქეცით,

გავიფიტეთ და გავშრით,

ზედ შეუმჩნევლად დაგვაბიჯებენ

არ დაძებნიან კავშირს

ის რაც იყო და რაც ლექსად იქცა,

ან დაემსგავსა ნახშირს.

უგროვებია ოქროს თევზები

მოგონებების ფაცერს,

თუმცა საშენო ჯადოსნურ სიტყვებს

ვერც ამ წერილში დავწერ.

ისე გახსენებ,

თითქოს ერთად ვართ,

მეძინება და მარწევ.

© არილი