ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ მანანა მათიაშვილთან – “პროცესი, რომელიც უფრო მძაფრია და შედეგი, რომელიც უფრო ტკბილია”

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

იმ ეტაპიდან დავიწყებდი თხრობას, როცა მთხოვდნენ: „ამჟამად ვიმყოფები…“ (ოფიციალურად), ან  „მე ახლა“ (შინაურულად).

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობის ასახვა, რადგან ეს დაკავშირებულია ენასა და მის გამომსახველ საშუალებებთან იმ კუთხით, რომ ერთგვარ გამოწვევაში შედიხარ რეალობისა და სიტყვის ერთმანეთთან, რაც შეიძლება, სწორად მორგების აზარტში. ეს არის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, რადგან თარგმანისთვის იგივეა დედანი, რაც რეალობა – მისი ასახვის მცდელი და მსურველი ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის.

ვფიქრობ, ამ კითხვას აკლია მეორე ნაწილი – „და ვისთვის და რისთვის არის ეს უფრო მნიშვნელოვანი?“ რეალობის ასახვა ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, არის უფრო მნიშვნელოვანი, თორემ გამონაგონი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია სხვა პროფესიის ადამიანებისათვის (მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი)…

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

გარემომცველი სინამდვილე  – ეს მართლაც ისაა, რასაც ვხედავთ, თუ ის, რასაც ვერ ვხედავთ.

ალბათ, ამასთან კავშირშია ის ამბავიც, რომ ყოველთვის მაღელვებს სამართლიანობის ცნება, რადგან სხვადასხვა პერსპექტივიდან, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი აღმოჩნდეს სიმართლე, ამიტომ ყოფით სიტუაციებში ძალიან განვიცდი შერჩევით სამართალს სოციალურ ურთიერთობებში.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ამ კითხვაზე რომ მომიწია დაფიქრება, მივხვდი, თურმე არასდროს მყვარებია რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი (რატომ არ მყვარებია, არ ვიცი. ეს დიდ ჩაღრმავებას ითხოვს საკუთარ თავში). ახლა რომ დავფიქრდი, რატომღაც გამახსენდა ნიკოლოზ ბარათაშვილი – თუ მას რომანტიზმის დიდ სცენაზე წარმოვიდგენთ, როგორც პერსონაჟს, ვფიქრობ, ერთობ მიმზიდველი იქნებოდა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და სხვა მრავალი.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ყველა, ვისაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაუწირავს ადამიანები.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ერთი საყვარელი რეჟისორი არ მყავს. მიყვარს ლარს ფონ ტრიერის, მიქელანჯელო ანტონიონისა და პედრო ალმოდოვარის ფილმების ყურება.

საყვარელი ფილმებიდან დავასახელებ ბილი უაილდერის  „Some Like it Hot“-ს, რუსულ-ქართულ თარგმანში  „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ რომ დაარქვეს, რომელსაც შემიძლია ვუყურო ყოველ ჯერზე, როცა სადმე ეკრანზე  წავაწყდები, და ეს იმ ფონზე, რომ, ზოგადად, არ მიყვარს ერთი და იმავეს წაკითხვა და ყურება.

რატომ? არ ვიცი, ალბათ, ბევრი ნიჭი და ინოვაცია შეიკრიბა ერთად.

ზოგადად, მხატვრული ნაწარმოების ღირებულება ჩემთვის ამით განისაზღვრება: შეუძლია თუ არა ფილმს, მეთედ მაყურებინოს თავი, წიგნს – წამაკითხოს თავი მეორედ და მესამედ, მომინდეს ლექსის მეოცედ გადაკითხვა და ა. შ.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ზოგადად, მიყვარს იმპრესიონისტები ნათელი შთაბეჭდილებებისა და აღტაცების მომენტების დაფიქსირების გამო, თუმცა მიყვარს ექსპრესიონისტი ნორვეგიელი ედვარდ მუნკიც, რადგან მის ნახატებში ცხადად ჩანს ადამიანის სული და შინაგანი სამყარო.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

უაზრო, მეათეხარისხოვანი საქმის მთელი სერიოზულობით კეთება დედლაინის მოახლოებისას

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენა და აკვიატება ბევრი მქონია ჩემი ფსიქოტიპის ზოგადი მახასიათებლიდან გამომდინარე, თუმცა რაციონალიზაციის შედეგად ეს ყველაფერი, მეტნაკლებად, გადავლახე.

თუკი შეიძლება, აკვიატება დადებითი მოვლენა იყოს, ეს დაკავშირებულია რიცხვებთან 13 და 26 ჩემი პირადი თავგადასავლების გამო.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

რა თქმა უნდა, ხშირად. ჩემი შემეცნება, საერთოდაც, ბავშვობაში სიკვდილზე ფიქრით დაიწყო.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

უცნობ გარემოში ყოფნა და უცხო ენების შესწავლის წამოწყება.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ყველა მოვლენაში ჩავერეოდი, სადაც სამართალი დაირღვა, და ვეცდებოდი სამართლიანობის აღდგენას.

დიონისე თუ აპოლონი?

აპოლონი, თუმცა ვისურვებდი, დიონისეს თქმა შემძლებოდა.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ძალიან ადრე, ინტენსიური კითხვის პროცესში, ძალიან ბევრ წიგნზე გამჩენია ეგ აზრი, მე დავწერდი-მეთქი, ავტორს რომ არ დაეწერა, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს, ეს რომელი წიგნები იყო… გრიგოლ რობაქიძის „ენგადი“ იქნებოდა ერთ-ერთი, ალბათ.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველასი მშურს, ვისაც ცეკვა შეუძლია

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ასრულებულ ოცნებაზე უარის თქმა

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

გვარების დასახელებას მოვერიდები იმ სუბიექტური მიზეზით, რომ თანამედროვე პოეტების უმრავლესობა ან ჩემი მეგობარია, ან – მე ვარ მათი მთარგმნელი, ხოლო ობიექტურად, იმიტომ, რომ მათგან მხოლოდ სამის გამორჩევა მართლაც ძალიან  ძნელი საქმეა – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ ენაზე უმაღლესი სინჯის თანამედროვე პოეზია გვაქვს.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„ქალბატონო“, „უპრიანი“

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ინგლისურ ენაზე „mesmerizing“, ყველა ენაში კი ყველა ის სიტყვა მიყვარს, რომელიც თარგმნის დროს ზუსტად ჯდება კონტექსტში და სრულყოფილად გამოხატავს ორიგინალის აზრს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ბოლო დროს რომანებს ვერ ვკითხულობ, ამიტომ არ ვიქნები კომპეტენტური ამ საკითხში.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ასეთი კონკრეტული  ფრაზა არ მაქვს, მაგრამ, ეს იქნება ყველა ის გამონათქვამი, რომელსაც კონფლიქტის ჩაცხრობა შეუძლია და სიყვარულისა და ჰუმანურობის ძალას გამოხატავს.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“ – იმიტომ, რომ იმდენად თანამედროვეა, მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიის მიღწევებსაც კი მოიცავს. თანაც, ამ სტრიქონებში აღწერილი გნოსეოლოგიური კანონზომიერება საკუთარ თავზე ხშირად გამომიცდია.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

რაც ასეთ ბლიც-შეკითხვაზე მახსენდება ყოველგვარი ლოგიკისა და კლასიფიკაციის გარეშე, ესენია: ხალხური „შენ ჩემო დიდო იმედო“, „აქედანა და შენამდე“, ბარათაშვილის „მერანი“, ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება“  და გალაკტიონის „გურიის მთებს“.

საბედნიეროდ, კიდევ უამრავი საუკეთესო ლექსი გვაქვს ქართულ ენაზე, ხალხური, კლასიკური თუ თანამედროვე.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამ ენაზე

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ჯავახიშვილის „ქალის ტვირთიდან“ ქეთევან ახატნელი

და ჰოვარდ რორკი აინ რენდის „პირველწყაროდან“.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ამაოებისა და გაუცხოების შეგრძნება მწერლებთან შეხვედრისას ყველაზე მეტად მიპყრობს ხოლმე.

თუ მაინცდამაინც, რუსთველთან ვისურვებდი შეხვედრას, რადგან მაინტერესებს, როგორი ადამიანი იყო სასწაულის შემოქმედი.

რის შესახებ? ყველაზე გონივრული იქნებოდა აზრების გაცვლა-გამოცვლა ყოველდღიურობაზე, მწერლის დამოკიდებულებებზე გარემომცველი სამყაროს ცალკეულ ხდომილებებთან.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ყველაზე დიდი, ალბათ, არცოდნის შიშია – საჭირო დროს საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არარსებობის შიში.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

1960-70 წლების ამერიკაში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„საუკეთესოს“ ჩავანაცვლებდი სიტყვით „შთამბეჭდავი“, რადგან საუკეთესო ისაა, რომელიც პირველივე წინადადებიდან მოახდენს შთაბეჭდილებას და ინტერესით დაგაწყებინებს კითხვას. ჩემზე და, ალბათ, ბევრზე ახდენს შთაბეჭდილებას უცხო გარემოს აღწერა და უცნაური პერსონაჟის გამოჩენა. ამაზე მახსენდება ჰამსუნის „მისტერიების“ დასაწყისი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ შთამბეჭდავ დასაწყისად მიმაჩნია: „შარშან ზაფხულს ნორვეგიის ერთ პატარა საპორტო ქალაქში ერთობ უჩვეულო მოვლენები დატრიალდა. ყველასგან მოულოდნელად აქ სრულიად უცხო მამაკაცი, ვინმე ნაგელი ჩამოვიდა“. (თამარ კვიჟინაძის თარგმანი, 2011 წ.)

რომელია საუკეთესო დასასრული?

როგორც ჩანს, ძველმა სიყვარულმა გამახსენა თავი ამ შეკითხვებზე…

საუკეთესო დასაწყისისგან განსხვავებით, ამ კითხვაზე სუბიექტური პასუხი მაქვს, თუმცა იმავე ავტორის შემოქმედებიდან: გამომცემლობა „ლიტერასთვის“ 2010 წელს ვთარგმნე კნუტ ჰამსუნის „მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში (კავკასიაში ნანახი და ნაოცნებარი)“, რომელიც ასე მთავრდება: „ … მალე დავტოვებთ ამ ქვეყანას, მაგრამ აქაურობა ყოველთვის მომენატრება, რადგან მე უკვე მტკვარდალეული მქვია“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის „როგორ“ და არა  „რა“.

პროცესი თუ შედეგი?

ორივე: პროცესი, რომელიც უფრო მძაფრია და შედეგი, რომელიც უფრო ტკბილია.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

იბრძოლე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სცადე ყველაფერი!

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დამთხვევეზე მოყოლილი ამბები და ბიძაჩემს ვაყოლებდი ხოლმე… ისე, ძალიან ბევრია დასამახსოვრებელი ამბები, უბრალოდ, მე ვერ ვიმახსოვრებ, რადგან კითხვისას თუ მოსმენისას სხვა საკითხებს უფრო ვაქცევ ყურადღებას და დეტალებს ვუღრმავდები.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ლიტერატურის კრიტიკა და, შესაბამისად, კრიტიკოსობა, უმნიშვნელოვანესია ყველგან – იქ, სადაც ბევრი იწერება და იქაც, სადაც ლიტერატურა სიმწირეს განიცდის.

ჩვენს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას რაც შეეხება, გვყავს მაღალი რანგის (ერთდროულად განათლებულიც და ნაკითხიც) კრიტიკოსები, რომლებსაც, უბრალოდ, სისტემურობა აკლიათ და ესეც იმის გამო, რომ არ არიან დაკავებული შესაბამის ორგანოებში – პერიოდული გამოცემა იქნება ეს თუ ისეთი გაერთიანება, სადაც მათ მოეთხოვებათ გარკვეული პერიოდულობით აქტიურად წერა. წესით, ამ სფეროზე საქმეზე ორიენტირებული კულტურის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ ინსტიტუციას მხოლოდ პარტიული მეხოტბეები სჭირდება და არა – კრიტიკოსები, რომლებიც ობიექტურად აკრიტიკებენ ყველაფერს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ასეთია ჩემი წაკითხული წიგნების უმრავლესობა, რადგან წიგნებიდან მიღებული ინფორმაცია გადაიხარშება შენში, როგორც მკითხველში, და პირვანდელი სახით არასდროს რჩება (ცხადია, ყველა მკითხველში ეს სხვადასხვა დოზით ხდება).

ამ მოვლენის ჩემეული ახსნა ასეთია: როგორც ოქტავიო პასს მიაჩნდა, „ყოველი წაკითხვა, დასაწყისისთვის მაინც, თარგმანია“ და ჩვენც თუ ასე შევხედავთ ამ მოვლენას, მივხვდებით, რომ წაკითხვა და თარგმანი ტრანსფორმაციაა და, შესაბამისად, ინფორმაცია მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ამიტომაც არ მამახსოვრდება პირვანდელი, დედნისეული სახით.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

მოძრაობის შეუძლებლობა

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

უცხო ადგილას ყოფნა და ახლის შეცნობა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

„ვეფხისტყაოსანს“ –  ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვიგებ.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

მართლაც გრძელდება თუ არა სხვა ფორმით არსებობა სიკვდილის შემდეგ?

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რა მიგაჩნიათ სამყაროში ყველაზე დიდ საოცრებად?

© არილი

Facebook Comments Box