გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც არიან.
ამჯერად რუბრიკის სტუმარია ნათელა ჯანელიძე:
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
გააჩნია – სად. მაგალითად, მხატვრულ ლიტერატურაში ალბათ უფრო გამონაგონი და ისტორიაში – რეალობა. პირადად მე კი, რეალობისგან დაღლილს, სანატრელად გამონაგონი დამრჩა.
თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ
სიკვდილი და არგადარჩენა.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში
ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ლეილა ბეროშვილის მოთხრობების კრებული. მისი ერთ-ერთი მოთხრობიდან „მარიამი”, ამავე სახელის მქონე პროტაგონისტი დამამახსოვრდა კარგად.
მარიამი თავის უნიათო ქმარს შორდება და ქალაქიდან უკან, სოფელში, თოთო ბავშვთან ერთად მარტო ბრუნდება. ეს ფაქტი არ აქცევს მას გაკერპებულ ქართველ დედად, შვილის სიყვარული ყველაფერს რომ შეაძლებინებს და მთებს გადაადგმევინებს. ტექსტში პირდაპირ არ წერია, მაგრამ სტრიქონებს მიღმა ჩანს, რომ დედობა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური პროცესია. კულტურული გავლენებისა თუ ბიოლოგიურად წინასწარგანსაზღვრული ინსტინქტების ერთობლიობა და არა უმეტეს. სიყვარულით კი ისევ ბავშვის მამა უყვარს და მისი ნამდვილი ემოციები და გრძნობები ამ უპასუხისმგებლო, არაფრისმაქნისი კაცისკენაა მიმართული.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარიამი და ბეროშვილის სხვა პერსონაჟი ქალები ზუსტად იმ თვისებებით მხიბლავენ, რომლებიც ასე განასხვავებენ მათ კაცი ავტორების მზერაში გატარებული ქალი პერსონაჟებისაგან.
ვფიქრობ, თავად ბეროშვილის მოთხრობებიც, თავის დროზე, სწორედ ამ ხაზგასმული ქალურობის გამო ჩაიკარგა მისი თანამედროვე კაცი ავტორების ნაწარმოებებს შორის.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ძალიან მრცხვენია, მაგრამ რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ არ მაქვს წაკითხული. გაგეცინათ? იმედია. ისე მართლა არ მაქვს.
თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება
ყველაზე დიდი გატაცება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეთი რამ შემიმჩნევია:
თუ ძალიან ემოციურ-მგრძნობიარე ტექსტს ვკითხულობ, ტირილამდე რომ მივყავარ ისეთს, აუცილებლად ვამოწმებ, ეს ტექსტი ავტორის ბიოგრაფიას ხომ არ ემთხვევა ან ეხმიანება რაიმე კუთხით.
მსმენია ასეთი თეორია, რომ ავტობიოგრაფიული გამოძახილები ტექსტში მის ლიტერატურულ ღირებულებას აკნინებს, რომ ავტორი მაშინაა სრულყოფილი, თუ ის საკუთარი თავისგან დისტანცირებას ახერხებს და ისე წერს. ჩემი აზრით, ეს სისულელეა.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი
ზაირა არსენიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი და ივა ფეზუაშვილი. სამივე ავტორი ქმნის თანამედროვე საქართველოს პროზას, სხვადასხვა თაობის პრიზმიდან დანახულს.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
სილვია პლათის „ზარხუფის“.
აღმსარებლობითი პროზა და პოეზია მიყვარს და ზარხუფი ამ მიმართულებით ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია. სხვათა შორის, ამ წიგნიდან ფრაზა ტატუდაც მაქვს მაჯაზე.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
მალე საბას დაჯილდოებაა და ბარემ იმათ ვიტყვი, ვისაც თან ვგულშემატკივრობ კიდეც: ანა ჯავახიშვილი და ქეთი გზირიშვილი. წლევანდელ საბაზე არაა, მაგრამ ლელა კურტანიძეც უნდა დავასახელო. მას შარშან ვგულშემატკივრობდი და, სამწუხაროდ, ვერ გაიმარჯვა, ამიტომ ჩემი პირადი საბა მას. აი, ასე.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
თვითკმარი – ბრრ.
ბრტყელ-ბრტყელი, ზედაპირული ქოუჩური სიბრძნეებით ვისაც აქვს გამოტენილი თავი, ძირითადად ისინი დაგვძახიან თვითკმარები უნდა იყოთო.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
„ფეხსალაგი” ამოვიკითხე ამასწინათ ხარანაულთან. იცოდით, რომ ჩეჩმა ტუალეტს ფეხსალაგი ერქვა? მე არ ვიცოდი. ორთოგრაფიულ ლექსიკონში ეს სიტყვა არ იძებნება. დიალექტიზმია. საერთოდ, დიალექტიზმები და არქაიზმები მომწონს, ენას ამდიდრებს. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლიტერატურული მეწყვილეც ჰყოლია ფეხსადგილის სახით, თუმცა ორთოგრაფიულის აღიარება, როგორც ჩანს, ვერც მან დაიმსახურა. ისე მე ფეხსალაგი უფრო მომწონს. ჯერ ხომ ფონეტიკურად უფრო ჟღერს და მერე, ადგილის გარდა, ალაგიან ვერსიას ფეხების დალაგება-შემოწყობასთანაც მივყავარ. ეს სიტყვის შინაარსთან უფრო მაახლოებს.
რამდენი ვიფიქრე ამ ერთ სიტყვაზე ხედავთ? მართლა მყვარებია.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“ და ნაირა გელაშვილის „მე ის ვარ”.
თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა
ყველა თემა შეიძლება იყოს საინტერესო. უბრალოდ, კარგ გამგონს კარგი მთქმელი უნდა.
როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?
ძველ წიგნებში მიყვარს ხოლმე ფურცლებზე სხვების მინაწერების კითხვა და ხაზგასმულ სტრიქონებზე დაკვირვება. ცალკე პერსონაჟივითაა ასეთი მკითხველი. რაც აქვს ხაზგასმული, რაზეც გაამახვილა ყურადღება და რამაც ჩააფიქრა, იმის მიხედვით წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი ადამიანი იყო, რა აინტერესებდა, რა აწუხებდა, ესთეტიკის როგორი შეგრძნება ჰქონდა.
მოკლედ, ასე მწერლისგან დაუგეგმავადაც ახერხებენ პერსონაჟები ტექსტში შემოძრომას და ზოგი ისეთია, თვითმყოფადი, კაშკაშა, მთლიანად შეუძლია ტექსტს კალაპოტი შეუცვალოს.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
მე შენ მიყვარხარ.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
“მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა.
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”
ეს არის ჩემი საყვარელი და შეუცვლელი დოქტრინა სიყვარულზე. ჩემმა თაობამ სიყვარული ნამეტანი გააბიაბრუა სიყვარული, ამ აფორიზმის მიხედვით, თითქმის ღვთაებრივი სრულყოფის გზაა, რომელიც მარტივი არ ჩანს, მაგრამ მშვენიერია.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ბევრი ძალიან კარგი ლექსი გვაქვს ამ დალოცვილ ქვეყანაში, მაგრამ მოდი მე, როგორც სიყვარულზე შეყვარებული ადამიანი, ოთარ ჭილაძის „სიყვარულს” დავასახელებ.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
შემიძლია ოთხზე, მაგრამ, ძირითადად, ქართულად ვკითხულობ. რა ენაზეც ვფიქრობ, იმ ენაზე კითხვაა ჩემთვის კომფორტული და ეს ენა ერთმნიშვნელოვნად ქართულია.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
კონკრეტული პერსონაჟის გამოყოფა მიჭირს, მაგრამ ალბათ ვინმე ისეთი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ავიტანდი. რაც უფრო აუტანელია ადამიანი, მით უფრო საინტერესოა, როგორც პერსონაჟი.
ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ბევრი მწერალი მახსენდება და კონკრეტულად ერთის გამოყოფა მიჭირს.
არ მიყვარს მწერლებთან სერიოზული საუბარი. უფრო ალბათ ვიჭორავებდი მათთან, თუნდაც სისულელეებზე და დინება საითაც წაგვიღებდა, იმაზე დაველაპარაკებოდი. მიზანმიმართულად რაიმე კონკრეტულ თემაზე საუბარი მძაბავს. მეც და ეჭვი მაქვს მათაც.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
ცნობილი დასაწყისებიდან კამიუს „უცხოს” დაწყება რომ დავასახელო, ალბათ არავის გაუკვირდება.
ასე ერთი ამოსუნთქვით, ერთი სულის შებერვით გამოხატო აპათია, ანომიით გამოწვეული გაუცხოება და უსიყვარულობა – პოეზიაა.
აი, ნახეთ:
„დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ გუშინ. არ ვიცი.”
რომელია საუკეთესო დასასრული?
რადგანაც დასასრული ახსენეთ, ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდა“ გამახსენდა.
საუკეთესოზე რა მოგახსენოთ, მაგრამ კარგი დასასრული ჰქონდა. მაგრამ არც დასაწყისსა და შუა ნაწილს დაეწუნებოდა რამე.
ენა თუ ამბავი? რატომ?
პოლ ოსტერთან მაქვს წაკითხული, წერდა – ამბავი იმას გადახდება ხოლმე, ვისაც მისი მოყოლა შეუძლიაო.
სრულიად ვეთანხმები, ამიტომ – ენა.
რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?
კითხვა ძალიან ინდივიდუალური პროცესია. არ ვაღიარებ უნიფიცირებული მკითხველის ცნებას. ზოგადადაც, კითხვის პროცესის დესაკრალიზაციის მომხრე ვარ. ალბათ ერთადერთი მცნება ე. წ მკითხველისთვის ის უნდა იყოს, რომ არ არსებობს არანაირი მკითხველის მცნება.
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
მე, როგორც გამოუსწორებელმა რომანტიკოსმა, რომეო და ჯულიეტა უნდა დავასახელო. ან კი სხვისთვის რომელია? ყველამ იცის ეს ამბავი, დიდმა თუ პატარამ.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ლიტერატურული პროცესების განვითარებისთვის აუცილებელია პირუთვნელი კრიტიკა. ასეთი კრიტიკა კი ემპათიისგან, მეგობრული დამოკიდებულებებისა და სხვა ამგვარი სენტიმენტებისაგან დისტანცირებას მოითხოვს. პატარა ქვეყანაში ეს განსაკუთრებით რთული ამბავია. ჩემგან, მაგალითად, კარგი კრიტიკოსი ვერ დადგებოდა. ზოგადად წერას რომ იწყებს ადამიანი, ე. ი უკვე რაღაც უჭირს, რაღაცის ამოთქმა უნდა და მე მივიდე, „ენას გიწუნებო” ვეძახო, არ შემიძლია. არ მაქვს ამის თავი, რადგანაც ჩვენთან კრიტიკა მეტისმეტად პერსონალურად აღიქმება.
ალბათ, ავტორებსაც სჭირდებათ თვითწვრთნა, რომ ეს ასე აღარ იყოს და კრიტიკა პერსონალურ თავდასხმად კი არ მიიღონ, არამედ განვითარებისთვის გამოიყენონ.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
იმდენად ბევრია, რომ რომელიც მახსოვს მათი ჩამოთვლა ნაკლებ დროს წაიღებდა. ჩემი წყევლა ის არის, რომ შინაარსები და კონკრეტული პასაჟები არ მამახსოვრდება. ძირითადად, ემოცია და შთაბეჭდილება მომყვება ხოლმე მხოლოდ.
ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ
გრეის 50 ელფერი. ოღონდ ვაღიარებ – ვერ დავამთავრე.
არადა, მდარე, ე. წ „თრეშ“ ლიტერატურის კითხვა მომწონს. აი, ისეთი ცუდი რომაა, რომ ამის გამო უკვე კარგია. ეს კონკრეტულად ასეთიც ვერ აღმოჩნდა, მოსაწყენად ცუდი იყო.
ისე კი, ცხოვრებაში ჯერ კიდევ იდეალურად ცუდი წიგნის ძიებაში ვარ.
არაა ეს მარტივი მისია.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
მარსელ პრუსტის შვიდტომეულს „დაკარგული დროის ძიებაში”.
იქნებ ასე მაინც წამეკითხა.
ახლა რას კითხულობთ?
სევდას ჩემს თვალებში.
სერიოზულად კი კატია პეტროვსკაიას წიგნს „ალბათ ესთერი“.
რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა
ძალიან ცოცხალი პროცესია. ვნებებითა და ქარიშხლებით სავსე. მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს კიდეც ამ ვნებების სიტყვაში დაურვებას, მაგრამ მე მეტი მინდა. ავტორებსაც მეტი უნდა უნდოდეთ. თვითკმარი ავტორი რაღა ავტორია ან რაღა ადამიანი.
რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?
ნომერი ბორხესის შესახებ.
ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?
ცოტა ხნის წინ გიორგი ჩუთლაშვილის პორტრეტის ყდაზე დანახვამ სასიამოვნოდ გამაოცა. მკითხველებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ამ ამბავს და ეს გასაგებიც იყო. მხატვრული თვალსაზრისითაც ხშირად მომწონებია ყდები. კარგი მხატვარი გყავთ, ავე მას.
ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?
ვალერი ოთხოზორიას ესე „გარყვნილი სიტყვა”. დე სადის ასეთ შესანიშნავ მთარგმნელს გარყვნილი სიტყვა რომ კარგად ესმოდა, კი ცხადი იყო, მაგრამ მაინც გაოცებული დავრჩი. აქ მოუხდებოდა, მეთქვა, თესლი იყო-მეთქი, მაგრამ…
ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?
მაგალითად, აღასი აივაზიანი. პერიოდულად იბეჭდება ხოლმე აივაზიანის მოთხრობები არილში და იმედია ოდესმე კრებულსაც ვეღირსები. ძალიან მომწონს.
როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?
ჩემგან ამის შეფასება უხერხულია. ეს თავად წაკითხულმა წიგნებმა უნდა გადაწყვიტონ.
© არილი