ბრუნო შულცი – გამოცხადებები

bruno-99934

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ჯერ კიდევ მაშინ, ჩვენი ქალაქი უფრო და უფრო ხშირად ეხვეოდა დაუსრულებელ მრუმე ბინდებში, ჩრდილის სირსველი, ფაფუკი ობი და რკინისფერი ხავსი ედებოდა.

მურა ბოლიდან, რიჟრაჟის ნისლიდან თავგამოხსნილი, დღე იმავწამს ნაშუადღევის ქარვისკენ მიისწრაფოდა, ერთხანს მუქი ლუდივით გამჭვირვალებას და ოქროსფერს იძენდა, რათა შემდეგ უთვალავჯერ დაშვებულიყო ფერმრავალი და უკიდეგანო ღამეების დანაწევრებულ ფანტასმაგორიულ თაღებში.

ქალაქის მთავარ მოედანზე ვცხოვრობდით, ერთ-ერთ იმ სახლში, რომელთა ცარიელი და ბრმა ფასადები ერთმანეთისაგან ძნელი გამოსარჩევი იყო.

ეს დაუსრულებელი დაუდევრობების მიზეზი ხდებოდა ხოლმე. მაგალითად, თუ ვინმე შეცდომით სხვა სადარბაზოში და სხვა კიბეზე მოხვდებოდა, სხვათა ბინების, შუშაბანდების, მოულოდნელ გზა-სავალთა ლაბირინთში, რომელთაც უცნობ ეზოებისკენ მიჰყავდათ ადამიანი და თავდაპირველ მიზანს ავიწყდებდა, რათა ბევრი დღის შემდეგ საოცარი და არამწყობრი თავგადასავლების უგზოობიდან დაბრუნებულს, რომელიღაც მკრთალ გარიჟრაჟში სინდისის ქენჯნით გახსენებოდა თავისი სახლი.

უზარმაზარი კარადებით, რბილი ტახტებით, ფერმკრთალი სარკეებით, ბაზრის ხელოვნური პალმებით გავსებული ჩვენი ბინა უფრო მივიწყებული და მოუვლელიც ჩანდა დედაჩემის უთავბოლობით, რომელმაც მაღაზიაში ჩასვლა კი იცოდა, მაგრამ ამოსვლა ავიწყდებოდა, და გრძელფეხება ადელას ქარაფშუტობით, ოჯახის დიასახლისის არყოფნაში სარკის წინ რომ ატარებდა დღეებს, აუჩქარებლად, ზლაზვნით კოხტავდებოდა და სადაც გაივლიდა, ჩამოვარცხნილი თმის, პატარ-პატარა სავარცხლების, მიყრილ-მოყრილი ფეხსაცმლის და კორსეტების კვალს ტოვებდა.

ბინაში დაუდგენელი რაოდენობის ოთახი იყო, რადგან არავინ არასდროს იცოდა, რომელი მათგანი გვქონდა გაქირავებული. ხანდახან ისეც მომხდარა, კარგა ხნის მივიწყებული რომელიღაც სათავსო გაგვიღია და ცარიელი გამომდგარა: მდგმური, თურმე, ბინიდან დიდი ხნის წინ გადასულიყო, თვეობით მიტოვებული კომოდების უჯრებში კი საინტერესო აღმოჩენები გველოდა.

ქვედა სართულზე ნოქრები ცხოვრობდნენ და ღამღამობით ხანდახან კოშმარულ სიზმრებში აღმომხდარი მათი კუთვა გვაღვიძებდა. ზამთრობით, როცა გარეთ ჯერ უკუნი ღამე იყო, მამაჩემი იმ გამოყინულ და ბნელ ოთახებში ჩადიოდა, გზადაგზა სანთლის შუქით აჩრდილთა გუნდებს აფეთიანებდა და ფანტავდა, რათა ყრუ, გაქვავებულ ძილში მძიმედ მხვრინავი ნოქრები დაეღვიძებინა.

მამაჩემის დატოვებული სანთლის შუქში ნოქრები უხალისოდ, ზლაზვნით იწეოდნენ საწოლებიდან, ზედ წამომსხდრები შიშველ, უშნო ფეხებს აჩენდნენ და, ამოსაცმელი წინდებით ხელში, ერთხანს მთქნარების ნეტარებას ეძლეოდნენ, ავხორცობამდე, სასის მტკივნეულ კრუნჩხამდე, გაგრძელებულმა გულისრევამ რომ იცის.

ოთახის კუთხეებში გაუნძრევლად ისხდნენ მსხვილ-მსხვილი ტარაკნები, კიდევ უფრო დიდები თავიანთი ჩრდილების წყალობით, თითოეულ მათგანს რომ სანთლის ალი ჩუქნიდა და რომლებიც მაშინაც კი არ შორდებოდათ, როცა ამ უთავო ბრტყელი ურჩხულებიდან რომელიმე უმიზნოდ, ობობის მსგავსად, შესაზარად იწყებოდა სირბილს.

მაშინ მამაჩემს პირველად უმტყუნა ჯანმრთელობამ. ადრიანი ზამთრის პირველივე კვირის დადგომიდან მთელ დღეებს საწოლში ატარებდა, წამლის ქილებს, აბებსა და მაღაზიიდან წამოღებულ დავთრებს შორის. ავადმყოფობის მწკლარტე სუნმა ოთახის ფსკერზე დაიწყო დალექვა, კედლის ქაღალდის არაბესკები უარესად ჩამუქებულიყვნენ წნულ-ხვეულებში.

საღამოობით, როცა დედა მაღაზიიდან მობრუნდებოდა, მამაჩემი ფორიაქით ხვდებოდა, კინკლაობისთვის გამზადებული, და ბუღალტრული დაუდევრობისთვის უწყებდა კიცხვას, წამოჭარხლებული, გულისყრამდე გაწიწმატებული. მახსოვს, ღამით გაღვიძებულმა ერთხელ დავინახე, როგორ მირბი-მორბოდა ტყავგადაკრულ ტახტზე ფეხშიშველი, ღამის პერანგის ამარა. ასე უჩვენებდა უსასოო დედაჩემს, რამდენად დიდი იყო მისი მძვინვარება.

ისეთი დღეებიც გამოხდებოდა ხოლმე, როცა მამაჩემს სიმშვიდე ეუფლებოდა, ყურადღებას მოიყრიდა და თავის დავთრებს მიეცემოდა, არეული ანგარიშების გაუვალ ლაბირინთებში იწყებდა ხეტიალს.

ახრჩოლებული ლამფის შუქზე ვხედავ, როგორ ქანაობს კედელზე უსიტყვო მედიტაციაში ჩაძირული მამაჩემის უზარმაზარი ლანდი, ნაჭრელი ხის სასთუმალთან, ბალიშებს შორის ჩაცუცქული.

ხანდახან მისი თავი ანგარიშებიდან ამოყვინთავდა, თითქოს ჰაერის ჩასაყლაპად, პირს ფართოდ მოაღებდა, ენას, მშრალსა და მწარეს, უკმაყოფილოდ ააწკლაპუნებდა, უმწეოდ დაიწყებდა თვალის ცეცებას, თითქოს ეძებდა რაღაცას.

ასეთ დროს უხმოდ იცოდა საწოლის კუთხეში შეყუჟვა, სასთუმალთან, რომლის თავზე სანუკვარი მოწყობილობა, წყლის კლეპსიდრის ნაირსახეობა ან შუშის დიდი ამპულა ეკიდა, უნციებად დაყოფილი და მუქი ფლუიდით ავსებული. მამა ამ მოწყობილობას ისე ერწყმებოდა, თითქოს ნაწლავის სიგრძის, მტკივნეული რეზინის ჭიპლარით ყოფილიყო მასზე მიერთებული, და სევდისმომგვრელ აპარატთან ამნაირად გაერთიანებულმა, განაბულმა იცოდა ჩაკვდომა, თვალები ებინდებოდა, ფერმკრთალ სახეზე კი გაუკუღმართებული ნეტარების გამომეტყველება ეფინებოდა.

მერე ისევ დგებოდა ჟინიანი მუშაობის ჩუმი დღეები, მარტოობის დიალოგებით განელებული, როცა ლამფის შუქში, უზარმაზარ საწოლზე მიყრილ ბალიშებში იჯდა, ოთახი კი აბაჟურის ჩრდილისგან უზომოდ იზრდებოდა, ჭერი ეწეოდა და ფანჯრის მიღმა დარჩენილ ღამის ქალაქის უსაზღვროებას უერთდებოდა – დაუნახავად გრძნობდა, როგორ იწოვდა კედლის მფეთქავი სისქით ეს სივრცე – ჩურჩულით, შიშინით და სისინით სავსე. თვალგაუხელელად უსმენდა ამ მრავლისმეტყველ თვალისჩაკვრებს, გამგებიან მზერას, ყვავილებსა და ბნელ ბაგეებს შორის გადაფურჩქნილ, მოყურადებულ, მოცინარ ყურის ნიჟარებს.

მაშინ კი სულ მთლად ეფლობოდა სამუშაოში, თვლას და შეჯამებას თავს ვეღარ ართმევდა, შიშით, რომ იმ მრისხანებას აღმოაჩენდა, მის არსებას რომ ავსებდა, ცდუნებას იკლავდა, უცაბედი ყვირილით არ დასცემოდა თავს უბადრუკ ცხოვრებას, დაუფიქრებლად არ დარეოდა ხუჭუჭა არაბესკებს, თვალთა თაიგულებს და ყურებს, რომლებიც ღამემ გაააცოცხლა და ახლა მრავლდებოდნენ, ახალ-ახალ ყლორტებს ისხამდნენ, სიბნელის ნოყიერი ჭიპლარით ნასაზრდოებნი. და მხოლოდ მაშინღა მშვიდდებოდა, როდესაც ღამის უკანდახევასთან ერთად კედლის ყვავილოვანი ქაღალდი ჭკნობას დაიწყებდა, ფურცლებს და ფოთლებს დაყრიდა და შორ გარიჟრაჟს საცერივით გამოატარებდა. აქ, კედლის ფრინველის ჟივჟივში, ზამთრის გადაყვითლებულ ალიონზე, ორიოდე საათით მიეცემოდა შავ, ბლანტ ძილს.

იმ დღეების და კვირების განმავლობაში, როდესაც მამა რთულ თვლა-ანგარიშში იყო თითქოს თავფეხიანად ჩაძირული, მისი ფიქრები მისი შიგანის დერეფნებში დაეხეტებოდნენ. მამა სუნთქვას იგუბებდა, აყურადებდა. და როცა მისი მზერა, გათეთრებული და მღვრიე, იმ სიღრმეებიდან სააქაოს ბრუნდებოდა, მამაჩემს ღიმილით ამხნევებდა. შემაწუხებელი პრეტენზიებისა და წინადადების არსებობისა ჯერ არ სჯეროდა და ხმებს, რომლებიც კვლავ ჯიუტად ჩაესმოდა, უკუაგდებდა, როგორც რამ აბსურდულს.

დღისით განსჯას და დასაბუთებას უფრო ჰგავდნენ, ფიქრის ერთ გრძელ, გაწელილ ძაფს, რომელსაც ირონიული ინტერლუდიები და ონავრული ჩიჩხინი არ აკლდა. მაგრამ ღამღამობით ხმები ცხარდებდნენ. მოთხოვნები უფრო და უფრო მკაფიო და ხმამაღალი ხდებოდა და ხანდახან გაგვიგონია, როგორ ელაპარაკებოდა ღმერთს მამაჩემი, თითქოს თავს ავედრებდა, თან უძალიანდებოდა ვიღაცას, შემაწუხებელს, ძალის დამტანებელს.

ერთ ღამესაც ის ხმა მრისხანედ და საბედისწეროდ გაისმა, მისგან მოწმობა მოითხოვა, ბაგეებით და შიგანით მისით. მაშინ კი გავიგონეთ, როგორ შევიდა სული მასში, როგორ წამოაყენა საწოლიდან, მაღალი და გაბრგევებული წინასწარმეტყველთა მრისხანებისგან, ყელში მობჯენილ სიტყვებს პირიდან ქვემეხივით ყრიდა. ორთაბრძოლის ხმები და მამაჩემის კვნესა შემოგვესმა, თეძომოტეხილი ტიტანის კვნესა, ღვთის გმობის ჟინი რომ არ უნელდებოდა.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები არასდროს მინახავს, მაგრამ ღვთის რისხვისაგან დაცემული ამ კაცის დანახვამ, აყირავებული რომ ეგდო ფაიფურის უზარმაზარ საშარდველზე, რომელიც ხელების გახშირებულ ქნევაში და სასოწარკვეთილი მოძრაობების სიმრავლეში არც ჩანდა – თავს კი მისი ხმა დაჰგრგვინვდა, უცხო და მტკიცე, – მიმახვედრა, როგორი უნდა ყოფილიყო წმინდა მამების ღვთაებრივი მრისხანება.

მრისხანე იყო ის დიალოგი, როგორც მეხთატეხის ენა. მამაჩემის ხელისქნევის ზიგზაგები ცას ნაფლეთებად ხევდნენ და ნახევებიდან იეღოვას სახე იმზირებოდა, მძვინვარებისგან დაბიჟვინებული წყევლას წყევლაზე იფურთხებოდა. არ ვუყურებდი, ისე ვხედავდი გაცეცხლებულ დემიურგს, ღამის წკვარამზე სინაის მთასავით წამოწოლილს; ღონიერი ხელის მტევნებით ფარდის საკიდ წკირს ჩამოყრდნობოდა, ვეებერთელა სახით ფანჯრის ზედა შუშებს მოჰკრობოდა, ხორციანი ცხვირი საზარლად მოებრტყელებინა.

მესმოდა მისი ხმა – მამაჩემის წინასწარმეტყველურ ტირადებს შორის, მის ლაშებსგამოღწეული მძლავრი ბრდღვნვაც გავიგონე – შუშებს აზანზარებდა, მამაჩემის წყევლა-კრულვა, ვედრება და მუქარა რომ მინელდებოდა.

დროდადრო ხმები უფრო ჩუმად გაისმოდა, ლამის შეუმჩნეველი ხდებოდა, როგორც ბუხრის ყელში ქარის ბურდღუნი, მაგრამ მერე კვლავ ხმაურიან სკანდალამდე მაღლდებოდა და სლუკუნის და წყევლის მონაცვლეობად მეორდებოდა. უცებ, სიბნელის დამთქნარებასავით გაიღო კარი და უკუნმა ოთახში შემოუბერა.

მეხის გაელვებაზე მამაჩემი დავინახე მოფრიალე საცვლებში – საზარელი კრულვით, ნიჟარაში დაბუდებული რიალით შეასხა ფანჯრიდან ღამეს ქოთნის შიგთავსი.

 

2

თვალსა და ხელს შუა პატარავდებოდა და ჩიავდებოდა მამაჩემი.

საწოლის დიდ ბალიშებში ჩაცუცქულს ჭაღარა თმა წამოფოფროდა. არეულ შინაგან ცხოვრებაში ჩაძირული, თავს ჩუმად ემუსაიფებოდა. ვინმეს შეიძლებოდა მოსჩვენებოდა, რომ მისი პიროვნება ერთმანეთთან ნაჩხუბარ, ერთმანეთის გამომრიცხველ რამდენიმე ადამიანად იყო გაყოფილი, ისეთი ხმაურით უწყრებოდა თავს, ისე ცხარედ და ჟინით იწყებდა მასთან მოლაპარაკებებს, არწმუნებდა და ევედრებოდა, ან უცებ ჭირვეულთა ასეულის კრების მეთაურად იქცეოდა ხოლმე და დიდი დაძაბულობის და ენამჭევრობის ფასად ცდილობდა მათ მორიგებას. მაგრამ ნაპერწკლიანი ტემპერამენტების ეს ხმაურიანი ერთობლიობა ყოველ ჯერზე წყევლით, ლაფის სროლით და ლანძღვა-თათხვით ეშლებოდა. მერე მეტ-ნაკლები წონასწორობის, შინაგანი სიმშვიდის, ნეტარი უდრტვინველობის დღეები დგებოდა.

უზარმაზარი ფოლიანტები კვლავ იშლებოდა მის საწოლზე, მაგიდაზე, იატაკზე, რუდუნების რაღაც ბერ-მონაზვნული საუფლო მკვიდრდებოდა მისი თეთრი ქვეშაგების გარშემო, ლამფის შუქქვეშ, მამაჩემის დახრილ ჭაღარა თავს ზემოთ.

გვიან საღამოს კი, როდესაც დედა მაღაზიიდან ბრუნდებოდა, მამაჩემი უცებ გამოცოცხლდებოდა, ეძახდა და სიამაყით უჩვენებდა გასაოცარ ფერად-ფერად გადასაყვან ნახატებს, რომლებითაც მანამდე გულმოდგინედ მოერთო თავის დავთარი.

სწორედ მაშინ შევნიშნეთ ყველამ, რომ მამაჩემი დღითიდღე პატარავდებოდა, როგორც საკუთარ ნაჭუჭში ჩამხმარი თხილი.

ამ ატროფიას არანაირად არ ახლდა ძალაგამოცლილობა, პირიქით, ჯანმრთელობა, გუნება-განწყობა თითქოს უკეთდებოდა და ჯან-ღონეც მომატებოდა.

ახლა ხშირად იცინოდა, ხმამაღლა, ცელქად, შეიძლება ითქვას, პირდაპირ კვდებოდა სიცილით, ან საათობით აკაკუნებდა საწოლის ხეზე და, მობრძანდითო, თავს სხვადასხვა ინტონაციით პასუხობდა. დროდადრო საწოლიდან ხტებოდა, კარადის თავზე ძვრებოდა და ჭერქვეშ გამოკიდებული მოჰყვებოდა ძველი, დამტვერილი, ჟანგმოდებული ხარახურის ლაგებას.

ხანდახან გვერდიგვერდ ორ სკამს დადგამდა, იმათ სახელურებზე აიზიდებოდა, ფეხებს ჰაერში აასხმარტალებდა და ანთებული თვალებით ეძებდა ჩვენს მზერაში გაოგნებას და პატიებას. ღმერთს, ისე სჩანდა, საბოლოოდ შეურიგდა მამაჩემი. ღამღამობით საძინებლის ფანჯარაში დროდადრო მაინც გამოჩნდებოდა წვეროსანი დემიურგის სახე ბენგალიური ცეცხლის მუქ მეწამულ ელვარებაში და ერთხანს მოწყალე თვალით დასცქეროდა მძინარე მამაჩემს, რომლის მელოდიურ ხვრინვას, როგორც ჩანს, შორს შეეღწია მთვლემარე საუფლოს შეუცნობ სივრცეებში.

იმ ნაგვიანევი ზამთრის გრძელ, ბინდბუნდიან საღამოსპირებს ხანდახან საათობით იკარგებოდა ათასი ნაგვით სავსე საკუჭნაოებში, თითქოს ეძებდა რაღაცას გააფთრებით.

ხშირად მომხდარა სადილის დროს, რომ მაგიდასთან შემომსხდრებს მამაჩემიღა შემოგვკლებია. დიდხანს უწევდა დედას ძახილი ,,იაკუბ!” და მაგიდაზე კოვზის კაკუნი, სანამ მტვერსა და ობობის ქსელში ამოგანგლული მამა რომელიმე კარადიდან გამოძვრებოდა, უგონო მზერით – მღვრიე, ჩამთრევ, მხოლოდ მისთვის გასაგებ საფიქრალში ჩაძირული.

ხანაც კარნიზზე ძვრებოდა და, ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე რომ გვეკიდა, ძერის იმ ფიტულის პოზაში შეშდებოდა. ასე, გაუნძრევლად, – დაბინდული მზერით და ონავარი, ირონიული გამომეტყველებით, საათობით იჯდა ჩაცუცქული, რათა მერე, მოულოდნელად, ვინმეს შემოსვლაზე, ფრთებივით მოჰყოლდა ხელების ქნევას და მამალივით აყივლებულიყო.

მის ამ უცნაურობებს უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევდით, მამა კი დღითიდღე ეფლობოდა ამ მდგომარეობაში. თითქოს სხეულებრივი მოთხოვნილებებიც აღარ ჰქონდა, რამდენიმე კვირით ამბობდა უარს საჭმელზე და უფრო და უფრო ეძლეოდა სიგიჟეს, რომლისაც ჩვენ არაფერი გაგვეგებოდა.

ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიმართ შეუვალი, თავისი შინაგანი მონოლოგის ნაწყვეტებით გვპასუხობდა და მის მდინარებას ვერანაირი გარე ძალა ვერ დაარღვევინებდა. მუდამ საქმიანად დაფიქრებული, ავადმყოფურად გამოცოცხლებული, ხმელ ლოყებზე წითელლაქებდასხმული, ვერავის გვხედავდა და გვამჩნევდა.

ჩვენც შევეჩვიეთ მის უწყინარ ყოფნას, მის ჩუმ ბურტყუნს, საკუთარი თავისადმი მიმართულ მის ბავშვურ ჟრიამულს, რომელიც თითქოს ჩვენთვის გამოზომილი დროის გარედან გვესმოდა. მაშინ უკვე იცოდა რამდენიმედღიანი გაუჩინარება, ბინის მიკარგულ კუთხე-კუნჭულებში იკარგებოდა და შეუძლებელი ხდებოდა მისი მოძებნა.

თანდათანობით აღარც ეს გაუჩინარებები გვაკვირვებდა, ამიტომ, ერთხელ, კარგა ხნის დაკარგული რომ გამოგვეცხადა, რამდენიმე გოჯით დამოკლებული და გალეული, აღარავის შეუცხადებია. უკვე არავინ ვისაკლისებდით – იმდენად იყო დაშორებული იმ ყველაფერს, რაც ადამიანური და ბუნებრივი გვეჩვენებოდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვშორდებოდა, ერთიმეორის მიყოლებით წყვეტდა ძაფებს, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებასთან აკავშირებდა. ერთადერთი, რაც მასში ჯერ კიდევ მისი რჩებოდა – სხეულებრივი გარსის მონარჩენი და აზრსმოკლებული უცნაურობები – ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლებოდა, ისე უკვალოდ და შეუმჩნევლად გამქრალიყო, როგორც კუთხეში მიგვილი ნაგვის ნაცრისფერი გროვა, რომელიც ადელას ყოველდღე გაჰქონდა გარეთ გადასაყრელად.

© არილი