ბუკერის პრემიის ლაურეატი ჰილარი მენტელი გახდა

hilary_mantel
ბრიტანელი მწერალი, ჰილარი მენტელი, 2012 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა რომანისთვის “ამოიტანეთ გვამები”.
ჰილარი მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე ავტორი, რომელმაც პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მეორედ მოიპოვა. ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ბუკერის პრემია.

ბრიტანელმა მწერალმა პირველი პრემია 2009 წელს რომანისთვის “მგლების დარბაზი” (“Wolf hall”) მიიღო. ნაწარმოების სიუჟეტი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ს მმართველობის პერიოდზეა და მოგვითხრობს სამეფო კარზე განვითარებულ პოლიტიკურ ინტრიგებზე. რომანის მთავარი გმირი ტომას კრომველი, მეფის მრჩეველი და მასთან დაახლოვებული ისტორიული პიროვნებაა. სწორედ ამ რომანის, “მგლების დარბაზის” გაგრძელებაა მენტელის “ამოიტანეთ გვამები” (“Bring Up the Bodies”).ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაა მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიის გამორჩეული გამარჯვებული. ის პირველი ავტორია, რომელმაც ასეთი მოკლე შუალედით აიღო ბუკერის პრემია 2009 და 2012 წელს . გარდა ამისა ბრიტანელი მწერალი პირველია, რომელსაც ტიტული რომანის გაგრძელებისთვის ერგო. მენტელის და ბუკერის ისტორია შესაძლებელია არც დასრულდეს მწერლის და მისი რომანების ზემოთჩამოთვლილი მიღწევებით. ჰილარი მენტელი ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობს. ჯერჯერობით ახალი რომანის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. მესამე წიგნის სამუშაო სახელწოდებაა “სარკე და სინათლე” “The Mirror and the Light”.

ბუკერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ: ეს იყო გრძელი და უნიკალურად საინტერესო მოგზაურობა, არა მხოლოდ ჰილარი მენტელისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბუკერის პრემიასთანაა დაკავშირებული. ჟიურის წევრებისთვის ეს მოგზაურობა 9 თვიან სამუშაო პროცესს ნიშნავდა, პროცესს, რომელიც სავსე იყო ნერვიულობით და ამავდროულად სიამოვნებით. ჟიურის წევრებმა “შორთ ლისტში” გასული რომანები სულ მცირე სამჯერ წაიკითხეს. ახლა ისინი მათ გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ვერდიქტს ელოდებიან. თუმცა მათ არ აქვს ნერვიულობის მიზეზი, რადგან “ამოიტანეთ გვამები” პუბლიკის და კრიტიკოსების მიერ ერთხმადაა მოწონებული”.