პროზა (თარგმანი)

გერტრუდ ფუსენეგერი – წმინდა ნიკოლოზი

fusener-334

გერმანულიდან თარგმნა ნათია დათუაშვილმა

დასავლეთ ბოჰემიის ოდესღაც გერმანელებით დასახლებულ ქალაქში მდებარე ჩემი წინაპრების სახლში, ჩემთვის პატივსაცემ, დღეს უკვე დაკარგულ ამ სახლში, არსებობდა შუშის ყუთი, რომელსაც ყოველგვარი უცნაურობების შესანახად იყენებდნენ. გარდა მხედრის მუზარადისა, რომელიც ბაბუაჩემს სოლფერინოსთან ბრძოლაში ეკეთა, ნახავდით ვერცხლის სასმისს, რომლიდანაც ოლომოუცში გაქცეულ კეთილ იმპერატორ ფერდინანდს დაულევია; პატარძლის ჯიღჯიღა ოქროს გვირგვინებს, ძველ ლოცვანებს გაყვითლებული წარწერებით და ეპისკოპოსის მაღალ, ოქრომკედით ნაქარგ ქუდს, ჭუჭყიანსა და დაჭმუჭნულს, რაც მის მღელვარე იღბალზე მიგვანიშნებდა. ამ ქუდმა მაგნიტივით მიიზიდა ჩემი ბავშვური ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ მოგვიანებით შევიტყე, რადგან ბებია და ბაბუა, სხვა შემთხვევაში მუდამ მზად რომ იყვნენ ჩემს კითხვებზე დაწვრილებით ეპასუხათ, ყოველთვის ჩერდებოდნენ, როცა სასულიერო პირის ღირსების ამ ნიშანზე მიდგებოდასაქმე. მათი ფიქრიანი ტკივილნარევი დუმილი ამ უცნაურ ნივთს ჩემთვის კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა. მხოლოდ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ძველი სამშობლოს დაკარგვამდე გავიგე ამ ქუდის ისტორია, რომელსაც მოკლედ მოგიყვებით.

ბაბუაჩემის ახალგაზრდობაში მის სახლში ცხოვრობდა ღარიბი ნათესავი, სახელად ჰაინრიხი. მას ბავშვობაში უბედურება დაატყდა თავს და ფანჯრიდან გადმოვარდა. ხელხემალი დაუზიანდა, რამაც მისი გამრუდება გამოიწვია. ბავშვობიდანვე ჩუმი და გულჩათხრობილი ამ ფიზიკურმა ნაკლმა კიდევ უფრო მორცხვი, თითქმის უცნაური გახადა. მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოიხსნიდა ხოლმე შეუხედავ გარსს, ისიც ნაწილობრივ სერიოზული და ნაწილობრივ კი სახუმარო შენიღბვის წყალობით. წმინდა ნიკოლოზის სახელობის დღის წინა საღამოს ის ეპისკოპოსის ტანსაცმელს გადაიცვამდა ხოლმე და მურივით შავი ეშმაკის თანხლებით შემოდიოდა ოთახში, რომელშიც დიდიცა და პატარაც უკვე მოუთმენლად ელოდა. ჰაინრიხი, ახლა უკვე წმინდა ნიკოლოზი, არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ძველებური ციტატების წარმოთქმით, თაფლაკვერების დარიგებითდა თხილის მიმობნევით. თავის გამოსვლას, რომელსაც ლექსად იწყებდა და ამთავრდება, საზეიმო ელფერს ანიჭებდა.

ამ სიტყვაში ღრმა აზრი ხუმრობასთან იყო შეზავებული და ჰაინრიხი, რომელიც თანამობინადრეთაგან ჩვეულებრივ ნაკლებად საინტერესო ცხოვრებით გამოირჩეოდა, იმ საღამოს წარმოგვიდგებოდა მათზე მაღლა მდგომ დამკვირვებლად, გამაფრთხილებლად, თუ საჭირო იყო მოსამართლედაც კი. ზოგჯერ ის ოჯახის ტირან უფროსს უხსნიდა, რომ თუმცა საჭიროა გყავდეს მტკიცე პოლკი, მაგრამ სიყვარული და სიძულვილიღვიძლი და-ძმა არიან, რომელთაგანაც პირველად სიყვარული დაიბადა და ის ამ უკანასკნელის მოძღვარი უნდა იყოს. შემდეგ აქებდა დიასახლისის სათნოებასა და მოთმინებას, ამასთანავე ხანდახან კიცხავდა მის უგუნურ შიშს ცხოვრებისცვალებადობის წინაშე, რადგან ღმერთს მსხვერპლის, ლოცვებისა და საზრუნავის მაგიერ ურჩევნია, კეთილი მოკვდავი ჭეშმარიტი ნდობით იყოს მის მიმართ გამსჭვალული – ბრძნულად აღნიშნავდა ეპისკოპოსი.უმცროს ვაჟს, ბაბუაჩემს, თავისი წვრილ-წვრილი ამპარტავნული გამოვლინებების გამო დაცინვის მოსმენა უწევდა. დამდურებულ დებს არიგებდა, ზარმაც მოსამსახურე გოგონებს ტუქსავდა. ყველა იღებდა მისგან თავის წილ მეგობრულ და ფრთხილ შეგონებას. ბოლოს ეპისკოპოსი ბეჭდიან ხელს მაღლა სწევდა ყველას დასალოცად. მისი სახე სიკეთითა და კმაყოფილებით იყო გაცისკროვნებული.

1887 წელს, როდესაც ჰაინრიხი უკვე 50 წელს უკაკუნებდა, ჩვენს ქალაქში მსახიობების დასი ჩამოვიდა და შინაურულად მოეწყო ძველ, მიტოვებულ ხორცის მაღაზიაში, რომლის წინ მდებარე მოედანზე მსახიობებმა ღია ცის ქვეშ ააშენეს სცენა. დიდი ხეების გამო ეს სცენა მოსახერხებელი იყო წარმოდგენების გასამართად. დასი ძირითადად შებინდებისას დგამდა წარმოდგენებს, რათა განათების მაგიით დატკბობის საშუალება ჰქონოდა, თუმცა არ უნდოდა განათებაში დიდი თანხები დაეხარჯა. რა თქმა უნდა, მათი ხელოვნება მოკრძალებული იყო, მაგრამ შთამბეჭდავი არ არისო, მაინც ვერ იტყოდი,რამაც თავის ტრაგიკული კვალი დააჩნია კიდევაც ჰაინრიხის ბედისწერას.

კომედიანტებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომლის სახელი ზეპირ საოჯახო ქრონიკას არ შემოუნახავს. ამიტომ პირობითად მარიანეს ვუწოდებთ. მას შეეძლო ცეკვა, სიმღერა და გაჭირვებისას მხატვრული კითხვაც კი. მარიანე ლამაზი, თავაზიანი ქმნილება იყო და ჰაინრიხს შეუყვარდა, დაგვიანებულმა ვნებამ ისე შეიპყრო, რომ მან თითქმის უცნობ გოგონას ხელი სთხოვა. რამ აიძულა მარიანე, დასთანხმებოდა ჰაინრიხის წინადადებას, ჩვენთვის დღესაც უცნობია: კეთილშობილმა სახელმა მიიზიდა, რომელსაც ხეიბარი სთავაზობდა თუ ჰაინრიხის გულწრფელმა სიყვარულმა აუჩუყა გული. გოგონამ თანხმობა მისცა და სექტემბრის ერთ დღეს, დილაუთენია, შეუფერებელმა წყვილმა სოფლის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა.

ჰაინრიხმა კარგად იცოდა, რომ ამ ქალს თავისი მდიდარი და პატივსაცემი ნათესავების სახლში ვერ მიიყვანდა. მაგრამ ყველაფრისთვის მზად იყო. მან თავისი მცირე პენსია აიღო და მოკლე გამომშვიდობების შემდეგ გაჰყვა ქალაქიდან წასულ კომედიანტებს, ისე, რომ თავისი კუთვნილი ნივთებიდან თითქმის არაფერი წაუღია. მასთან ერთად მხოლოდ ეპისკოპოსის თეთრ-ოქროსფერი ქუდი გაქრა. დასის ხელმძღვანელი თანახმა იყო, ჰაინრიხი მათ შეერთებოდა, ერთი მჭამელით მეტი არ დააქცევდა.მალე დარწმუნდა, რომ სანანებელი არაფერი ჰქონდა, ვინაიდან ხეიბარმა ერთხელ მოსაწყენი საწერი სამუშაო აიღო თავზე, მეორედ კულისები შეაწება. თამაშიც კი შეძლო მისთვის შესაფერი როლისა. ჰაინრიხისთვის ეს ცხოვრება მაინც სახიფათო მოულოდნელობებით იყო სავსე. იგი თავს ახლა უფრო ეულად გრძნობდა, ვიდრე აქამდე. ცოლი, რომელსაც აღმერთებდა, მალე გულგრილი გახდა ჰაინრიხის მიმართ და მას უაზრო კაპრიზებით აწვალებდა. დიდხანს იბობოქრებდა, ქმარს შეურაცხყოფებით აავსებდა და გააწამებდა ხოლმე, მერე კი ტირილით ყელზე მოეხვეოდა და პატიებას სთხოვდა. იგი გაუთვითცნობიერებლად იძიებდა შურს იმის გამო, რომ თავისი ჯანმრთელი ახალგაზრდობა ხანშიშესულ ხეიბარს შესწირა.შვილები არ ეყოლათ. ჰაინრიხმა შეიტყო, რომ მარიანეს მანამდე სხვა უყვარდა. ამიტომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოატყუებდა და სასოწარკვეთილი, მტანჯველი სიმშვიდით ელოდა ამას.

მოგზაურობის შემდეგი პუნქტი პრაღა იყო. იქ ჩასული დასი მოლაპარაკებების შემდეგ შეუერთდა სხვა უფრო მნიშვნელოვან დასს და უკეთეს თეატრში გამართა წარმოდგენები. მარიანეს ცეკვა დაავალესპასტორალურ პიესაში. ის ხალვათად ჩაცმული უნდა გამოსულიყო სცენაზე, მოშიშვლებული მხრებითა და მკლავებით და ისეთი თამამი დეკოლტეთი, როგორიც იმჟამად არსებული მკაცრი კანონებით დაუშვებელი იყო.ჰაინრიხი მტანჯველი აზრებით შეპყრობილიადევნებდა თვალყურს ამ სამზადისს. მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილების სიტყვაც არ დასცდენია, მარიანემ იცოდა, რასაც გრძნობდა. მარიანე თვალებიდან ღვარძლს და სიძულვილს აფრქვევდა, როდესაც ჰაინრიხს ჩაუარა და სცენაზე გავიდა. მას ისეთი მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ და გააცილეს, როგორიც კომედიანტების საცოდავ ნაშიერს მანამდე არასდროს ღირსებია.

წარმოდგენის შემდეგ მსახიობები შეიკრიბნენ, საჭმელ-სასმელი უხვად ჰქონდათ და მარიანე სიხარულისგან შეშლილივით იქცეოდა,მაგიდებს შორის ცეკვავდა და ხელზე ამბორითა და ქათინაურებით თვრებოდა. გულხელდაკრეფილი ჰაინრიხი კუთხეში კედელს მიჰყუდებოდა. უცებ შეამჩნია, რომ მარიანეს ფეხები გაუქვავდა და მზერა კარის მიმართულებით გაუშტერდა. ზღურბლზე უცხო, ღარიბულად ჩაცმული ქალი იდგა. ის შიგნით შემოვიდა, მიმოიხედა და მწყემს გოგოს ხელი დაუქნია. მარიანემ გულზე იტაცა ხელი, მერე კი საფეთქლებიდან გვირგვინი ჩამოიგლიჯა, თითქოს აკრძალული ჰქონდა, ქალს ქარაფშუტულად მოკაზმული შეხვედროდა. ფეხის ბორძიკით მიუახლოვდა უცხო ქალს და ჰაინრიხმა მის ფერმკრთალ ტუჩებზე ამოიკითხა ენის ბორძიკით წარმოთქმული – რა მოხდა?

ქალი მარიანეს ყურთან დაიხარა და რაღაც წასჩურჩულა. ქალებმა მაშინვე დატოვეს დარბაზი. ჰაინრიხი უკან გაჰყვა და კიბეზე დაეწია. მარიანეს მოსაცმელიმოეხსნა და აწეწილ თმებზე თავშლის მოხვევას ცდილობდა. ჰაინრიხის დაძახილს მარიანემ მკვახედ უპასუხა, თან თვალებს ველურივით აქეთ-იქით აცეცებდა. მისი შეღებილი სახე სასოწარკვეთილების ნიღბად ქცეულიყო. ქმარმა ხელი წაავლო და ჰკითხა, რა მოხდაო. მარიანემ ხელი გააშვებინდა და სთხოვა, გაეშვა. „სად“? – ჰკითხა ქმარმა. „ჩემს შვილთან“, – უპასუხა ქალმა.

ჰაინრიხი გაშეშდა. მერე კი უთხრა, შენთან ერთად წამოვალო. „ჩემთან ერთად?“ მკვახედ უპასუხა მარიანემ. – „ბავშვს ხუნაგი აქვს“. მაშინ ქალაქში ბობოქრობდა ხუნაგი, რომელსაც დღეს დიფტერიას უწოდებენ, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მაინც წამოვალ“! – თქვა კაცმა. – „შენთად ერთად წამოვალ“. ისინი სწრაფად გავიდნენ გარეთ. წყნარი და ნათელი ღამე იყო. ცაში თითქმის სავსე, რძისფერ არშიაშემოვლებული მთვარე ეკიდა. ცოტა ხნის წინ მოსული თოვლი ჩუმად შრაშუნობდა ფეხქვეშ. სამივენი ისე სწრაფად ჩამორბოდნენ ქუჩაზე, როგორც შეეძლოთ, მაგრამ წინ შორი გზა ჰქონდათ. მარიანეს ფეხი დაუცურდა და წაიბორძიკა, ჩუმი კვნესა აღმოხდა. ჰაინრიხმა ხელი მოჰკიდა და მარიანეც დაეყრდნო. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ სახლთან შეჩერდნენ, უცხო ქალმა კარი გასაღებით გააღო. ისინი ღარიბულ შესასვლელში შევიდნენ, საიდანაც ვიწრო სადარბაზოს გავლით ზედა სართულზე ასვლა შეიძლებოდა. რუხ, დამპალ კედელთან ჭრაქი ენთო. ერთ-ერთ ოთახში ნახეს ბავშვი, სამი-ოთხი წლის ყმაწვილი საწოლზე იწვა, სიცხისაგან იწვოდა და პირდაღებული, ხრიალით ლამობდა ჰაერის ჩასუნთქვას. მარიანემ ჰაინრიხს და ქალს ხელი ჰკრა და ტირილით დაემხო საწოლზე. მან ხელი მოხვია ბავშვის ფეხს და მისი სახელი ამოილუღლუღა. ბავშვის თვალებს არაფრით გამოუხატავთ, რომ მან იცნო დედა. ის შიშს შეეპყრო, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. ცდილობდა წამომჯდარიყო და ხელი წაევლო ძიძისთვის, რომელსაც ძლივსგასაგონი ბუტბუტით დაუძახა. ჰაინრიხმა თქვა, რომ ექიმის მოყვანა იყო საჭირო,რომელსაც თვითონ გადაუხდიდა ფულს. როცა მოხუცმა ქალმა ბუზღუნით უპასუხა, რომ ამას აღარ ჰქონდა აზრი, ჰაინრიხმა მკვახედ მიუგო, რომ მაინც ახლავე უნდა მოეყვანათ ექიმი. მარიანემ პირველად ამოიხედა ურწმუნო თვალებით, თითქოს ყურში სრულიად მოულოდნელი სიტყვა ჩაესმაო. ექიმი მოვიდა, თავი გადააქნია, გამოწერა სხვადასხვა საშუალებები და თავისი პროფესიისათვის შესაფერი თანამგრძნობი გულგრილობით თქვა, რომ ექიმის ხელოვნება თითქმის უძლურია დიფტერიასთან ბრძოლაში და რომ მხოლოდ ბუნებისა და ღმერთის იმედი უნდა ჰქონდეთ.

შემდეგ ექიმი წავიდა და ცოლ-ქმარი მარტო დარჩა ბავშვთან. ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ ტაბურეტზე, ერთი გადასაფარებელი ჰქონდათ გადაფარებული.ბიჭის მძიმე სუნთქვა ხან ძლიერდებოდა,ხან სუსტდებოდა. ბავშვს ტანჯვა არ უმსუბუქდებოდა. თუნუქის სანდალში სანთლის შუქი ციმციმებდა. იატაკის ქვეშ თაგვები ფხაკუნობდნენ. მარიანემ ლაპარაკი დაიწყო და მოუყვა, თუ როგორ შეეძინა ბავშვი, როცა სულ რაღაც17 წლისა იყო,როგორ მიატოვა ბავშვის მამამ და როგორ მიაბარა ძიძას ბავშვი, რომელსაც მერე იშვიათად ნახულობდა. ჰაინრიხს თითქმის არ ესმოდა მისი ლაპარაკი. მან შეხედა ქალს, სახეში შეაშტერდა, თითქოს პირველად ხედავდა, უყურებდა, როგორ უჩენდა ცრემლები ნაოჭებს შეღებილ სახეზე, რა უსუსურად უთრთოდა საცოდავი სულელი პირი, როგორ ადნობდა საზრუნავი და სინანულის გრძნობა დახატულ, თუმცა ბავშვურ სილამაზეს. ჰაინრიხმა აკანკალებულ ცოლს ხელი მოჰხვია და მიიკრა, სანამ ის დაწყნარდებოდა, გაჩუმდებოდა და გრძელი დღეების შემდეგ, ბოლოსდაბოლოს მის მკერდზე ჩაეძინებოდა.

მეორე დღეს ბიჭმა ცოტა უკეთ იგრძნო თავი. მახრჩობელა სიმსივნე ყელში დაუპატარავდა. აღარც პირიდან ამოსდიოდა ისეთი საშინელი სუნი. მისი ლუღლუღი უკვე გასაგები გახდა. მას წმინდა ნიკოლოზის ნახვა უნდოდა, უნდოდა, მათ სახლთანაც ჩაევლო წმინდა ნიკოლოზს.

4 თუ 5 დეკემბერი იყო. ბავშვს ალბათ გაგონილი ჰქონდა ზეცის კეთილი ეპისკოპოსის შესახებ, რომელსაც უყვარდა პატარები და ერთ ლამაზ ღამეს ბნელ დედამიწაზე მათთვის საჩუქრების მოსატანად ჩამოდიოდა. ეს კეთილი ბატონი ბავშვს მაშინ უნახავს, როდესაც სიცხე ჰქონია და ახლა ითხოვდა ვაშლებს, კაკალს და ნამცხვარს, რითაც წარმოსახვაში დაესაჩუქრებინათ. როდესაც დედამ უპასუხა, რომ წმინდანი ალბათ მხოლოდ მდიდრებთან მიდის, მისნაირთან მისასვლელ გზას კი ვერ პოულობს, ბიჭი ატირდა. ჰაინრიხი მდუმარედ იყურებოდა იატაკზე. ცოტა ხნის შემდეგ ის გაქრა და ვერც მარიანემ და ვერც სახლის პატრონმა ვერ ახსნეს მისი საქციელი. ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ ქვემოთ საზეიმოდ დააკაკუნეს კარებზე და მარიანემ, რომელმაც კარი გააღო, უცნაური პროცესია დაინახა. კარებთან იდგა ჯუჯასავით დაბალი კაცი, მოქარგული თეთრი მბრწყინავი თავსამკაულის ორმაგი სვეტი მას საგრძნობლად ამაღლებდა. მხრებზე პალტო ჰქონდა მოსხმული, რომელშიც მარიანემ შეიცნო რეკვიზიტი დასის კოსტიუმების ყუთიდან. სახე თეთრი ბამბის წვერით ჰქონდა დაფარული. „ჰაინრიხ“! – შესძახა გაოცებულმა მარიანემ. „ჩუმად“, – თქვა ოთახში შემოსულმა ჰაინრიხმა. „მინდა, რომ ბავშვისთვის წმინდა ნიკოლოზად ვიქცე, რომლის ნახვასაც ის ასე გულით ნატრობს“.

მარიანე სწრაფად შევიდა ოთახში, რომ ბიჭისთვის ეს ამბავი ეხარებინა. მალე ჰაინრიხიც მიჰყვა უკან. აქამდე სიტყვაძუნწმა ლაპარაკი დაიწყო, თითქოს ჩაცმულობამ საიდუმლო ძალა შთაბერაო. ის ლექსად, რითმებით ლაპარაკობდა. აღფრთოვანებული, თავისუფალი. სიტყვები წყალივით მორაკრაკებდნენ. მან შეუძლებელი შეძლო. ის ორივეს მიმართავდა – მარიანეს და ბიჭს. უყვებოდა, რომ დიდი გზა გამოიარა, მის ირგვლივ სიბნელე იყო გამეფებული, ერთი ვარსკვლავიც კი არ კაშკაშებდა ცაში. უცებ ხმა მოესმა, ბავშვის ხმა, იმ ბავშვისა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ეს ძნელი გზა ტყუილად არ გამოუვლია. ეხლა კი მოუყვება მას სანეტარო, მხიარული ზეცის შესახებ. არ არსებობს ოქროს ზეცა, თუკი სიყვარული ოქროსავით არ ბრწყინავს, არ არსებობს სამოთხე, თუკი არ არის ადგილი, სადაც სუფევს ნდობა და მოთმინება, სადაც გაიზრდებოდა ბავშვი, რომელიც ძალიან უყვართ, სადაც აქვთ ყველაზე კეთილი იმედი. რადგან ერთხელ მხოლოდ ერთი ბავშვის გულისათვის ჩამოფრინდნენ ანგელოზები ბეთლემის საჯინიბოში; ბავშვის წინაშე მეფეები მუხლს იდრეკდნენ და მთელი მსოფლიოს ძვირფასეულობას და განძს ულაგებდნენ წინ. მას, წმინდა ნიკოლოზს, ეპისკოპოსს, ძვირფასი არაფერი აქვს, მხოლოდ პატარ-პატარა საჩუქრებს ურიგებს ბავშვებს. ამ სიტყვებით მან გადმოაპირქვავა პალტოში დამალული ტომარა და ავადმყოფი ბავშვის გაცრეცილ გადასაფარებელზე ვაშლების, თაფლაკვერებისა და კაკლების წვიმა წამოვიდა.

მარიანე ტიროდა, ბედნიერმა ბავშვმა გალეული ხელი მოჰკიდა საჩუქრებს, ეპისკოპისის მთრთოლვარე სახეზე თეთრი ბამბის წვერი ცრემლებით დასველდა. მან ტომარა დაახვია და გარეთ გავიდა. ისევე, როგორც ადრე თავისი ნათესავების სახლში, ღირსეული ნაბიჯებით ნელა ჩაუყვა კიბეებს, ქვემოთ ჩუმად გაჩერდა და ნიღბიანი სახე ხელებში ჩარგო.

ორი დღის შემდეგ ბავშვმა ჰაინრიხისა და დედის მკლავებში დალია სული. დიფტერია კი გადაიტანა, მაგრამ მისი სიცხისაგან დასუსტებული გული უცაბედად გაფუჭებული საათივით გაჩერდა.

ბავშვის დასაფლავების შემდეგ ხეიბარი ერთხანს კიდევ დარჩათავის ცოლთან, სანამ მარიანეს ტკივილი დაუამდებოდა და მისი გული ახალი ნუგეშის ძიებას შეუდგებოდა. მაშინ ჰაინრიხმა უთხრა, რომ ის მიდიოდა, ხოლო მას აძლევდა იმ თავისუფლებას, რომლის მიცემაც შეეძლო.

მარიანე უცებ ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ, შემდეგ კი ჰაინრიხისკენ გაიქცა, ხელები შემოაჭდო და ტკივილით აღსავსემ ქვითინით ჰკითხა, იმიტომ ხომ არ სტოვებდა, რომ ადრე ჩადენილი შეცდომისთვის სჯიდა, რომ ვერ დაივიწყა, როგორ გააუბედურა მარიანემ?

„არა“, – უპასუხა კაცმა და უკანასკნელად, ნაზად მიიხუტა ქალი მკერდზე. მან ის ბედნიერი გახადა, უფრო ბედნიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქალმა გაოცებით შეხედა, ჰაინრიხმა კი ყურში ჩასჩურჩულა, რაც შეიძლება ჩუმი ხმით:- „იმიტომ, რომ შენი ნამდვილი სახე ვნახე, ეს კი ადამიანის სახე იყო“.

ჰაინრიხი თავისი ნათესავების სახლში დაბრუნდა. იგი ცნობისმოყვარეობითა და საყვედურებით არავის შეუწუხებია. კიდევ მრავალი წელი ცხოვრობდა ჩუმად და ასაკში შესული უფრო მხიარული ჩანდა, ვიდრე მანამდე. თუმცა წმინდა ნიკოლოზის როლი აღარ უთამაშია. სიკვდილის შემდეგ მის ნივთებში იპოვეს ქუდი, რომელიც მარიანეს, მწყემსი ქალის, გაცვეთილ კაბაში იყო გახვეული.

© არილი

Facebook Comments Box