პოეზია (თარგმანი)

გივი შაჰნაზარი – სომხური პოეზიის რჩეული თარგმანები

პარუირ სევაკი (1924-1971)

დიდი აქლემის პატარა ყურში

ოდესღაც თურმე
ჩვენთვის უცნობი კანონმდებელი დამსხდარა ხალხი
და უთქვამს:
აი, ეს იყო თეთრი!
აი, იმას კი ეწოდოს თალხი!
ეს მივიჩნიოთ უკუღმართ საქმედ!
ის – წაღმა ბრუნვად ჩავთვალოთ ჩარხის!
და განუსაზღვრავთ წესი და რიგი:
ეს უკუღმართი… წაღმართი – იგი…

და ჰა, ჩვენ ახლაც მშვიდად დავდივართ…
სისულელეთა ამ მუზეუმში,
სად ტანსაცმელი კი არ გვეხევა,
არამედ – სული, სული საბრალო!
რომლის ფსკერზედაც რაღაც ისეთი
აუტანელი რამ არის, როგორც
ფეხსაცმელებში – მარცვლები ქვიშის,
ბასრი ეკალი – შერჭმული ფრჩხილში…

და ბრუნავს, ბრუნავს,
ფირფიტის ირგვლივ წრეხაზზე ბრუნავს
ცხოვრების ნემსი
და იძულებით
ამღერებს მუდამ
მარად გამტანჯველ იმ მელოდიას,
უავტორო რომ გახლავთ დიდი ხნის! –
თუმც უავტორო, მაგრამ შეუვალ
ციხედ ცნობილი და მიღებული…

და უცნაური
მსდევს რამ სურვილი (ექსცენტრიკული,
თბილი, სხვაგვარი)
და… დღე და ღამე აღარ მასვენებს;
მე ახლა მინდა (თქვენს მაგივრადაც)
არა ღრენა და კრუტუნი მხოლოდ,
არამედ – ბრდღვინვა, ბრდღვინვა მხეცივით!
(ოდეს შევყმუვლებ, დრუნჩს ქვას მივადებ
თუ ახალ ტიპის ამ მრგვალ მაგიდას,
განა სულ ერთი არ არის სულაც?!.)

ვერ თანავუგრძნობ… ვეღარც კი ვიტან
იმ საბრალობელ ცხოველთ, რომელნიც
იარლიყს „შინაურს“ დაატარებენ,
მათივე აზრით – როგორც სამხრეებს,
ჩემი აზრით კი – სირცხვილის დამღას…
თქვენ გოლიათი აქლემი გიჯობთ?!
მე კი (ხუმრობად ნუ ჩამომართმევთ)
თაგუნას ვარჩევ, თუ გნებავთ – ვირთხას,
თაგვსა და ვირთხას, რომლებიც დღემდე
შინაურებად არა ქცეულან…

და როს კოშმარულ ძილში ვირთხები
თქვენ სიყვარულით ღრღნას დაგიწყებენ,
გამოფხიზლდით და სულ ერთი წამით
ასე იფიქრეთ: ღირს კი ნამდვილად,
საუკუნეთა მანძილზე ძილი
დიდი აქლემის პატარა ყურში?!.

მცდარი სიტყვა შეცდომის შესახებ

„მე არ მივმართავ არავის,
მაგრამ სადღაც რაღაცა შეცდომა არის“.

უ. საროიანი

გაგიჟებული – გაზაფხული.
ჰაერი – მთვრალი.
ისეთი შუქი განფენილა, ვერ შეიცხადებ,
მხოლოდ ნათლით რომ დაორსულდეს… თვით უშვილოც კი!..
მაგრამ მე ჩემს ტვირთს, აუტანელს, ვეწევი მაღლა,
ჩემი თავის და ჩემი გულის ტვირთს,
რომლის ქვეშაც
რვარიგად ვათრევ შვიდსახიერ ჩემს სხეულს ახლა.

ვათრევ.
არ ვფიქრობ!
ჩემი ფიქრიც სწორედ ეს არის!
არ ვისმენ!
არ მსურს, საიდანმე ხმა რამ ჩამესმას!
მაგრამ ჩემშიც და ჩემს ირგვლივაც ერთთავად ისმის –
„სადღაც რაღაცა შეცდომა არის“.

რაღაც შეცდომა დედამიწის ღერძშია სწორედ, –
სწორად არ გადის… რაღაც მრუდედ უჭირავს გეზი!..
რაღაც შეცდომა ნათელსაც კი ახლავს, ნათელსაც –
უნდა ჰქონოდა სიმძიმე და წონა ნამდვილად!

სარწმუნოება მცდარი თუა, ეს უკვე ვიცით,
მაგრამ თვით რწმენაც ხომ არ არის მთლად შეუმცდარი?!
რაღაც შეცდომა ჭეშმარიტსაც კი ახლავს, – რასაც
ჭეშმარიტს ვარქმევთ, შემოწმებას მოითხოვს ისიც!

სისხლიც, სისხლიც კი შემცდარია: მაშ, რად იღვრება?
და თუ იღვრება, მერე რატომ, რატომ დედდება?!

ჭიქას თუ ხელი სასომიხდით სწვდება, ღვინოც კი
შემცდარი გახლავთ, –
ყელში რატომ გადადის მაშინ?!

წყალთა შეცდომა
ვარდნა არის მათი – მუდმივი!..
ზემოდან ქვემოთ
ეშვებიან,
ზემოდან – ქვემოთ!

არც ლანჩა არის შეუმცდარი –
გვწყვეტს დედამიწას.

მცდარია მიწაც, –
იყიდება და ყიდულობენ.

მცდარია ცეცხლიც, –
მაშ, ეს კვამლი რა ჯანდაბაა?!

შეცდომა გახლავთ დადუმება, –
ფრთებს გვაცლის იგი.
ხოლო გულწრფელი ლაპარაკი…
მთლად შეცდომაა.

მაშ, რითი, როგორ, რანაირად განესხვავება
შლაგბაუმი და ჰორიზონტი ერთმანეთს, როცა
ერთი თუ – ფეხებს და მეორე – მზერას გვიკეტავს?!

შეცდომა გახლავთ მსხვრევაც,
რადგან, ასე მგონია,
მიწისმზომელი თუ სარგებლობს ამგვარ დაყოფით…
დაქუცმაცება, მსხვრევა მხოლოდ ფორმებს ამრავლებს!

ისე გასინჯეთ, შეცდომაა იმათი ცდაც კი,
ვინც შეცდომების გასწორებას გულწრფელად ცდილობს,
რამეთუ ამ დროს, უნებლიეთ, თვითონვე ცდება
და ასერიგად შეცდომები ერთვის შეცდომებს!..

თავი და თავი შეცდომა კი, უეჭველია,
კაცის სხეულს სჭირს:
ერთი თავით აბა რას იზამს,
როცა ცხოვრება უშეცდომომ ასე ძნელია?!

მაშ, რა გამოდის:
სიყვარულიც,
წვაც,
სიძულვილიც
შეცდომა არის?! შეცდომაა?! (გადაირევი!):

დიახ, შეცდომა გახლავთ ასე განსჯის სურვილიც
და ეს ლექსიც ხომ… შეცდომაა, დასტურ, პირველი!

ნაჰაპეტ ქუჩაკი (XII-XIII სს.)

ჰაირენები

                 ***
შენ სანამ ჩემი იყავი,
მწვანეს შვენოდა ცის ნამი,
წახვედ და თოვა-ქარბუქის
ტორი დაგვეცა მრისხანი…
კვლავ ჩემკენ თუ მოიქცევი,

თუკი იქნები ის ქალი,
მზედ ამოგივალ, გაგითბო
მკერდს მოფიფინე სისხამი,

გაბრწყინებ ისე, არ შეგრჩეს
იმ დიდთოვლობის მისხალიც…

***

სით მოხველ, უცხო ყოილო,
ქება რომ გამაბედინე…
სულს დაემკვიდრე სინაზით,
თავს კი დამასხი რეტი მე;

გულის კარს რომ ვერ მიაგენ,
თავში ამასკდი (ბედი მე
მქონია როსმე?!) და მერმე
თვალთაგან ცრემლად მედინე…

                    ***

ამქვეყნად თავზარდამცემი
თუა, ორი რამ არისა…
ერთზე გიჟ მეტრფეს იტყვიან,
მეორეს – კუბოს კარისას…

ღირსებით დაიტირებენ
მკვდარ კარგ ყმას მის ხმლის, ფარისას,
ხალხო, წყალობა ჩემი თქვით,
არც ცოცხლის და არც მკვდარისა!..

                   ***

შინაურ კაკბის არმცნობი
ტყუის! – მე ვნახე, მიჰყავდა
ერთ ჯომარდს; ქალის ტუჩ-კბილმა
მიალმასა და მიყანდა.

ისეთი იყო, იტყოდი,
რა ყალმით ამოიხატა,
მკვდარს მკერდში ჩაიხუტებდა
და ცოცხალს ამოიყვანდა!

            

გრიგორ ნარეკაცი (951-1003)

გოდებათა მატეანედან

ა.

წყალობა შენი – სასოება ყოველთა ზედა,
პირველნათელი შენი – თვალის, გულის და გონის,
წყარო ჭვრეტისა, ო, იესო, რამეთუ შენ ხარ,
მხოლოდ შენ ერთი – მოვლენილი სიკეთედ ჩვენდა,
მიმნიჭებელი სიცოცხლის და უკვდავებისა.

შემიბრალე და შემამზადე მოქცევად შენდა,
დაუცხრომელმა სურვილმა რომ მომიცვას ერთობ,
თორემ ვინა თქვას შენი ნების გარეშე შველა,
სიკვდილმისჯილის შეწყალებას თუ არ ინებებ.

არა მიხსნის რა!
დიდმეგზურო, თუ შენსკენ მივალ
გზას არ მასწავლი,
ვერ დავიხსნი თავს უფსკრულთაგან,
მარჯვნივ და მარცხნივ ავბედითად რომ ამყოლიან.

ბ.

განწმენდა ჩვენი შენით ხდება, უფალო ჩვენო, –
ისევე, როგორც განიწმინდა შენგან შენივე
რჩეული მოსე, ეს შენა ხარ, მაღალო ღმერთო,
თვალი და ყური ვინც წამითაც არ მოაშორა
იაკობის ტომს, რომ ეგვიპტის წარმართულ ბნელში
არ დანთქმულიყო,
რომ შემეცოდე კანონმდებელიც
ჭეშმარიტ გზაზე შენ გადმოგყავს, რასაც დავითის
საგალობლებიც ღაღადებენ, ისევ და ისევ
გაყინულ გულთა გამლღობელი შენ ხარ, უფალო,
რათა მოიქცენ მსასოოვარ შენი სიტყვისკენ,
ხოლო მავანთა უსაშველო სიკერპეს მხოლოდ
ერთ გზას უჩვენებ: შენი შიშით ძრწოდნენ მარადჟამს…
შენ, შენ უნერგავ ურწმუნოთა, გონს, რომ მოეგონ
და ღმრთისმიერი სასოებით აღივსონ, როგორც
წინასწარმეტყველთ სიტყვებიდან გვსმენია ადრეც.

გ.

როგორც სულის ხსნა ვერ იქნება ქრისტეს გარეშე,
უთვალისჩინოდ როგორც ნათლით ვერ ინეტარებ,
ვით ვერ იგემებ მზის სასწაულს მზის ამოსვლამდე,
სწორედ ასევე – გაუმხელლის აღსარების და
მონანიების გარეშე ხომ ცოდვათა ჩვენთა
განსაწმედელთან ზიარებას ვერც როს ვეწევით!

საიათნოვა    (1712-1795)

სიყვარულით ავადა ვარ

სიყვარულით ავადა ვარ,
წამალს საშოვნელსა ვსტირი,
დამიგდო და დამანავლა,
ტანჯულ სახის ფერსა ვსტირი,
ფადიშაჰის ვექილივით
ამა სოფლის ბედსა ვსტირი,
ვით სახლიდან გაგდებული –
ადგილ-სამყოფელსა ვსტირი.

მძლე პატრონი მაინც მყავდეს,
ჩამაგდებდა მხსნელთა ხელად,
ლოხმანი რომ აღმსდგარიყო,
მომარჩენდა იგი ხელად,
დამაკვირდი, ჭკვა და გონი
ამრევია, მიცან ხელად,
წყალმა წელი გამომტაცა –
წვრილ შტოსა და წნელსა ვსტირი.

გული ეშხით დადაგულა,
წყლულზე დაღი რისთვის მინდა,
უზღუდო და მორღვეული,
აბა, ბაღი რისთვის მინდა,
მშვილდის ლარი გამწყვეტია,
რკალი საღი რისთვის მინდა,
ქვას ისარი მივამსხვრიე, –
წამახულსა წვერსა ვსტირი.

ვეღარ მიწერს საწერელსა,
დაშრა ფერი ყალმის ფრთაში,
ბრძენკაცივით ვეღარ მომდევს
სიმტკიცე და ძალი ხმაში,
ზღვაში დანთქმულ ტაძარივით
ვერ შევსულვარ გამოთქმაში,
აღმსრულებელს ვერსად ვხედავ, –
ცოდვას გაუმხელსა ვსტირი.

სოფლად დიდი ბატონი ხარ,
ქალაქ ადგილ – სულთან-ხანი,
ბაღში – ნაზი ია-ვარდი,
მთაში – შროშან-სუსამბარი.
ოღონდ შენის ხელით მოკვდეს,
საიათნოვა ყაბულს არი,
სიკვდილისთვის კი არ მოვთქვამ,
ნეტარ მომავლებსა ვსტირი.

© არილი

Facebook Comments Box