გივი ჩიღვინაძე – სოფელი ტყის პირას და სხვ. ლექსები

givi-chigvinadze-23

სოფელი ტყის პირას

ქედები ისევ ჩამოინისლა,

წვიმაც მოჰყვება ალბათ საღამოს

და მთელი ღამე ცის ნაპირებზე

მშვიდად ივლიან სქელი ღრუბლები.

მძიმე სიჩუმე გდია სოფელში

და მისი ძველი ცხოვრების კვალი

ნაგზაურებზეც არ ილანდება…

აღარ ირთვება ჩვეული შრომით

მიწა, რომელიც გვკვებავდა დიდხანს,

რომელზეც ავი არასდროს ითქმის,

რომ დაცლილია სოფელი თითქმის -

ცას სწვდება კვამლი ორიოდ კომლის,

იმ ფუძეების, მომავალს რომლის

ამ ქვეყანაზე ვერავინ იტყვის…

საძოვრებიდან ნახირის ნაცვლად

ქარი ნისლების ფარას მოდენის,

მიტოვებული ეზოებიდან

გამწყრალი ფუძის ანგელოზები

ლამის უღრანში გადაიკარგონ.

რაც აქ ოდესღაც ლექსად, არაკად,

მოსწრებულ სიტყვად და ამბად თქმულა,

დღეს დავიწყების ხავსს დაუფარავს…

მიწას კი ისე მონდომებია

ხელგამართული მკვიდრი პატრონი,

ლამის წამოდგნენ გარდაცვლილები,

ნატაძრალებთან შეიკრიბონ თოხით თუ ბარით

და ტყედქცეული ახოები დაამუშავონ…

და იკარგება შორი სოფელი -

ვაზი, ვაშლები, მსხლები, შინდები -

რომელსაც ისე ვემშვიდობებით,

როგორც ჩამოშლილ ბუდეს ჩიტები.

სადღა იქნება გამოსავალი,

ამ ქვეყნის საშველს ვინღა მოძებნის?! -

გაიფოთლება ერდოსთან სევდა

ობმოდებული დედაბოძების…

და მივიწყებულ მარანში ჭურებს

(თქვენსკენ რომ ქვევრად მოიხსენიებთ)

მონატრებიათ სარცხი, ორშიმო

და მადუღარი, შუმი მაჭარი…

საბძლის წინ, თივით სავსე ურემთან

აგვისტოს ღამით არ იცოხნიან

დიდი ოჯახის ბურჯი ხარები,

არც მარჩენალი ძროხა არა ჩანს,

არც წვერცანცარა თხები ნაცარა…

ვერ დაიჭირა ამაყმა ქმარმა -

აღარ ისურვა ლამაზმა ქალმა

მრუმე ნისლები სევდიან ცაზე,

უნდა, რომ ქვეყნის თვალწინ ელავდეს -

ელის ქალაქი, ქუჩები სავსე…

მომცრო მდინარე ისევ ხმაურობს,

თითქოს წარსულის ამბებს გვიყვება,

საუკუნეთა ფიქრი და ფერფლი

მის მოჩურჩულე ჩქერებს მიჰყვება…

და ინავლება ჩვენი გამჩენი,

ძირადძლიერი იმედი კვდება,

მიდის ხელიდან ძველი სოფელი -

კოკა წყაროზე ტყდება…

 

ზამთრის ქედები

მშვიდად დათოვილ,

უკაცრიელ მთის ფერდობებზე

თითქოს ღვთის სული დაქანაობს

სხივით მოსილი.

როცა აქაურ ცას შევყურებ

მშვიდსა და მაღალს,

ღრუბლების იქით წინაპართა ცხოვრებას ვხედავ,

ზეციერს მათი აჩრდილები მაახლოებენ.

მათ ხომ უფლის წინ გაუვლიათ

დიდი ხნის წინათ

და მომავლისთვის დაულოცავთ ეს ბილიკები…

 

აქ მიწიერი ხმებიც სწვდება ხანდახან სმენას -

თეთრ სიჩუმეში ჩაკარგული ჩიტების წყარო

ადგილის დედას იმ შვილებზე ეჩურჩულება,

მათ მოშორებით,

ბარისაკენ რომ იზამთრებენ.

სიზმრად ხედავენ ზაფხულის ცას

და თბილ ამინდებს

თოვლქვეშ იმედით გატრუნული მთის ყვავილები,

ზაფხულში თვალებს სველი ნისლით რომ დაიბანენ

და ამ სათიბებს მზიან ფერებს გადაათოვენ…

 

ახლა კი ქრება დღის ნათელი,

დგება საღამო

და ფიფქიან ბინდს მოყოლილი ღამის ქარები,

თეთრ ფერდობებზე უგზო-უკვლოდ მოფარფატენი,

წარსულის ჰანგებს ექოებად დაატარებენ.

 

დატირება ტელეფონით

გალია დღენი გამრჯე თამარმა,

სიბერის წლებში მარტოდ მავალმა

და დააფასა თუმცა მრავალმა,

ჭირისუფლებად არ უსხდნენ თავთან

ქალიშვილები თინა და თამთა,

არც ვაჟი ნიკო არ იდგა კართან

(აღარას ვამბობ შვილებზე ძმათა)…

 

და ბოლოს, როცა ღმერთი ახსენეს,

მწვანე ეზოში რომ დაასვენეს

(გადახრილი მზე ადგა აქ სერებს),

ატყდა ზარები მაშინ იქიდან -

ევროპიდან თუ ამერიკიდან,

დები ტიროდნენ, ძმა სკაიპიდან

ყვებოდა, მისთვის თუ რა იყიდა…

 

მოთქვამდნენ (ალბათ, ცრემლებსაც ღვრიდნენ),

ეცადნენ, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ

(ამასაც ვეღარმოსწრებით ხსნიდნენ)…

სოფელს ახსოვდა, რაც უთესია,

დაასაფლავეს, როგორც წესია

(სულმა მიმართა ძველ ეკლესიას),

თამადად დასვეს ბრძენი ბესია…

 

დრო მიდის – ყველა ჭირის დამტევი

(შორს გაუფრინდა ბევრ ჩიტს ბარტყები),

სევდიანობენ ემიგრანტები…

დაცლილა სახლი, გაცივდა კერა,

აღორძინების ბევრს აღარ სჯერა,

ზოგში იმედი კიაფობს ჯერაც -

ისევ ელიან ჩონგურის ჟღერას…

© არილი