პროზა (თარგმანი)

გრემ სვიფტი – სიწითლე

 

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

ექიმმა კოულმა მანქანა გარაჟიდან გამოიყვანა. შემდეგ შეჩერდა,  უკანა ხედვის სარკეს თვალი შეავლო და დაინახა, რომ  გარაჟის კარი   ნელა დაეშვა ძირს, მის თავზე მოციმციმე ნათურა კი ჩაქრა. ოდესღაც ეს სანახაობა კოულს  უაზრო კმაყოფილებას ანიჭებდა, ახლა კი თითქოს ეთხოვებოდა აქაურობას. მანქანა ძვირადღირებული და მყუდრო იყო, სახლი – ვეება, სოლიდური, მდელოებითა და ხეებით გარშემორტყმული, ისეთივე, როგორც სხვა სახლები ამ დაცულ ტერიტორიაზე.

როდესაც  კოულმა მანქანა დაძრა,  სიჩუმე  ძრავის ბუყბუყმა და ხრეშის ტკაცუნმა დაარღვია. მართალია, ჩიტები  ჭიკჭიკებდნენ, მაგრამ მანქანაში მათი ხმები არ ისმოდა. აპრილის დილა იყო. ექვსი საათი.  აქ რვა საათზეც კი საოცარი სიჩუმე სუფევდა ხოლმე, მხოლოდ ჩიტები  ჭიკჭიკებდნენ ხმამაღლა, ისე, თითქოს განზრახ ძალას ატანდნენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ჩიტების ჭიკჭიკი ხმამაღლა გაისმოდა მხოლოდ ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში. ერთი საათის წინ კოული ჯერ კიდევ ლოგინში იწვა და ამ ხმებით ტკბებოდა. ამ ხმებით ტკბებოდა მარტოხელა მამაკაცი ვეება სახლში.

დილას გზები, თვით მთავარი გზებიც კი, უკაცრიელი იქნება. რვა საათზე ისეთივე უკაცრიელნი იქნებიან. ქალაქი-მოჩვენებააო, ხშირად ფიქრობდა ექიმი კოული, როდესაც   მანქანით მგზავრობდა. მოჩვენებითი სამყარო.  საავადმყოფოში, ალბათ, თხუთმეტ წუთში მივიდოდა. ჩვეულებრივ – როდის იქნება, რომ სიტყვა „ჩვეულებრივ“ აღარ თქვან? – ამ გზის გავლას ორმოცდახუთ წუთს ანდომებდა.

როდესაც ეზო გადაიარა და მანქანა გზაზე გაიყვანა, ფარების შუქზე დაინახა, როგორ გაირბინა მელიამ. ერთხელ ექვსი მელია დაითვალა.  ჩიტები და მელიები.  ძველი სამყარო.

მგზავრობისას არა მარტო მელიებს ითვლიდა, არამედ ფიქრობდა კიდეც.  უფრო ზუსტად, უნებურად წარმოუდგებოდა მოგონებათა წყება. მოჩვენებები. კოული დარწმუნდა,  რომ  როდესაც ვბერდებით, ყველაზე ნათლად წარმოგვიდგება  ადრეული მოგონებები, უფრო გვიანდელი ამბები კი ბუნდოვნად გვახსენდება.

უფრო გვიანდელი ამბები ასეთი იყო: ორი ქორწინება, ერთი განქორწინება, უშვილობა.  მეორე ქორწინება გაცილებით უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე – პირველი. მეორე ცოლი  მისი ერთადერთი სიყვარული იყო – ამაში კოულს ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ ქალი უკვე თითქმის  ორი წლის წინ გარდაიცვალა (ეს კოულის უდიდესი დანაკარგი იყო). ის გარდაიცვალა ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც კოული პენსიაზე გავიდა.  წლების განმავლობაში ისინი ერთად იწვნენ იმ საწოლში, რომელშიც კოული ახლა მარტო იწვა ხოლმე. რიჟრაჟზე ფრინველების ჭიკჭიკს უსმენდნენ. ერთხელ ქალმა ალერსით უთხრა ქმარს: „რა კარგია, რომ ახლა დილაობით არსად გეჩქარება“. ისე უთხრა, თითქოს გვერდიგვერდ წოლა  და ჩიტების ჭიკჭიკით ტკბობა უდიდესი ჯილდო იყო, რაც პენსიაზე გასვლამ მოუტანა მათ. მართლაც ასე იყო.

უკაცრიელი გზების მიუხედავად ან სწორედ ამ მიზეზით კოული ახლა უფრო ადრე გადიოდა ხოლმე სახლიდან, ვიდრე საჭირო იყო. ასე რომ, შეეძლო განზრახ შეენელებინა მანქანის სვლა, შორიდანაც კი მოევლო, რათა მოგონებების ნაკადისთვის ხელი არ შეეშალა. ეს იყო მოგონებები და არა აზრები. მისი გონება, უბრალოდ, ამ მოგონებებით ივსებოდა და ფეთქავდა, როდესაც მანქანა გზაზე მიჰყავდა.  ბუნდოვან სიამოვნებას ანიჭებდა გზის მშვიდობიანობა, რაც მოგონებებში ჩაფლობის საშუალებას აძლევდა.  ეს სიტყვაც მოაგონდა. „მშვიდობიანობა“. გარკვეული ხნის შემდეგ ხომ ბრძოლის ველზე უნდა გასულიყო.

კოული სამსახურში დაბრუნდა. განა შეეძლო, სხვაგვარად მოქცეულიყო? სამოცდათორმეტი წლის პენსიონერი გახლდათ. მაგრამ სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო?  რესპირატორული დაავადებების სპეციალისტი იყო. დედამისის სიკვდილის შემდეგ მალევე გავიდა პენსიაზე. დედა ოთხმოცდათორმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. ათწლეულების წინ, ქმართან განქორწინების შედეგ, სწორედ დედამ მოინდომა, რომ კოული ექიმი გამხდარიყო. შვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია და გახდა არა უბრალოდ ექიმი, არამედ საუკეთესო სპეციალისტიც თავის სფეროში. ასე რომ, კოულმა ხორცი შეასხა დედამისის ოცნებას და გადააჭარბა კიდეც.

წამყვანი სპეციალისტი იყო მედიცინის სფეროში, მაგრამ დედის გადარჩენა ვერ შეძლო. ვერც ცოლის. ორი წლის განმავლობაში ორივე ხელიდან გამოეცალა.  კოულის ცხოვრების მთავარი ქალები.

სამსახურში დაბრუნდა.  სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო?  ისე დაბრუნდა, თითქოს თადარიგში დათხოვნილი მუშაკი იყო, რომელიც კვლავ გაიწვიეს სამსახურში. რა თქმა უნდა, კოლეგები ძალზე გაახარა  კოულის დაბრუნებამ, მაგრამ რა უნდა გაეწყო მას ამდენი ავადმყოფით, ამდენი მომაკვდავით გადაჭედილ საავადმყოფოში? შესაძლებელი იყო – და ეს კოულს კარგად ესმოდა – რომ ამ სენის მსხვერპლი თვითონაც გამხდარიყო. ამას ყველა ხვდებოდა. არც ერთი  მათგანი არ იყო დაზღვეული ამ მომაკვდინებელი სენისგან.

მაგრამ არავინ იცოდა – რადგან კოულს ყოველთვის შეუვალი, გამომეტყველება ჰქონდა და მბრძანებლურად იქცეოდა  – რომ მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა საავადმყოფოში დაბრუნება. როგორც იტყვიან ხოლმე, „მუშაობას გულს აყოლებდა“. ბოლოს და ბოლოს, კვლავ საქმიანობდა. გვიან ღამით შინისკენ მიემგზავრებოდა და იძინებდა. მადლობა ღმერთს, დაძინების უნარი არ დაუკარგავს. მაგრამ მხოლოდ  დილაობით (როდესაც საავადმყოფოში მიემგზავრებოდა) გრძნობდა, რომ უბრუნდებოდა სიცოცხლე,  – საიდანღაც, სასწაულებრივი შორეთიდან.  სხვა დროს კი ეჩვენებოდა, რომ ყოველივე უკვე დამთავრდა ან მალე შეიძლებოდა დამთავრებულიყო.

დილაობით, როდესაც საჭეზე ხელები ეწყო, ბავშვობა ახსენდებოდა და თვითონაც ბავშვად იქცეოდა ხოლმე. ათი წლის ბავშვად.

ივნისის  ერთ საღამოს ათი წლის კოული  ლოგინში იწვა. ავად იყო.საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი  დედა  დროდადრო  ეფერებოდა ბავშვის საბნით დაფარულ ფეხს ან ხელს. თუმცა შვილი ავად ჰყავდა, მაგრამ დედას სახეზე მღელვარება არ ეტყობოდა.  ხალისიანი და მხიარული გამომეტყველება ჰქონდა.

დედა, ალბათ, ოცდაათიოდე წლისა იქნებოდა.  მის მსგავსად, მისტერ ჰენდერსონიც, რომელიც ექიმი იყო და, მაშასადამე, სერიოზული გამომეტყველება უნდა ჰქონოდა,  მაინც იღიმებოდა. საერთოდ, როდესაც კოულების ოჯახს სტუმრობდა, ექიმს ყოველთვის ხალისიანი გამომეტყველება ჰქონდა.  იმ დროს ექიმები „ვიზიტით სტუმრობდნენ“ ხოლმე პაციენტებს. კოულს თვალნათლივ წარმოუდგა კარებში მდგომი, უმეტესად ზამთრის შავ პალტოში გამოწყობილი ექიმი, სამედიცინო ჩანთით ხელში. მას ყოველთვის  ცივი ჰაერის ტალღა შემოჰყვებოდა ხოლმე. მაგრამ ექიმი შემოსვლისთანავე მეგობრულად, მხიარულადაც კი უღიმოდა ბიჭს. რამდენი წლისა იყო? ოცდაათი ჯერ არ შესრულებოდა. „ახალგაზრდა ექიმი“.

ახლა, რა თქმა უნდა, ცოცხალი აღარ იქნებაო, გაიფიქრა კოულმა.

მაგრამ იმ დილას ექიმ ჰენდერსონს ბაცი რუხი ფერის თხელი საზაფხულო კოსტიუმი ეცვა. ექიმი საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, რომელსაც ყოველთვის უდგამდნენ. ეს სკამი ბიჭის საწოლ ოთახში არ იდგა ხოლმე. დედას შემოჰქონდა. სკამი ექიმი ჰენდერსონისთვის! სკამზე  მოთეთრო ზოლებიანი წითელი ქსოვილი იყო გადაკრული.  მოგვიანებით კოულმა შეიტყო, რომ ეს სკამი ანტიკვარული იყო. ჩვეულებრივ, ის მშობლების საწოლ ოთახში იდგა, სადაც მასზე არავინ ჯდებოდა.  ამ სკამზე ყოველთვის მისტერ და მისის კოულების  ტანსაცმელი ეფინა.

„ჯიმი, იღბალი გქონია, – უთხრა ექიმმა ბიჭს, სანამ სკამზე ჩამოჯდებოდა,  – კიდევ კარგი, რომ მეათე დაბადების დღეს  ჯანმრთელად შეხვდი. მალე კარგად იგრძნობ თავს.  დედაშენმა მითხრა, რომ შესანიშნავი დაბადების დღე გადაგიხდია. აბა, ერთი, კარგად გაგსინჯო“.

ექიმი სკამზე დაჯდა. დედა საწოლზე ჩამოჯდა. ისევე, როგორც ყოველთვის. დედა კოულს ტერფსა და მუხლზე ეფერებოდა. ექიმი ჰენდერსონი კოულისკენ  დაიხარა.

ყოველთვის, როდესაც კოულთან ექიმი მოდიოდა, ბიჭი ფიქრობდა (თუმცა კი არ ამბობდა), რომ ისინი პატარა ოჯახს ჰგავდნენ. სამკაციან ოჯახს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. რა მოხდებოდა, რომ მამას, რომელიც ახლა სამსახურში იმყოფებოდა, უეცრად ექიმი ჰენდერსონი შენაცვლებოდა? განა ეს წარმოუდგენელი რამ იყო? ექიმი ჰენდერსონი  მამობრივად ექცეოდა ბიჭს. უფრო მამობრივად ხომ არ ექცეოდა, ვიდრე –  ღვიძლი მამა?

დედას სახე უბრწყინავდა. ამ დილას მათ ირგვლივ ყველაფერი თითქოს სიხარულს ასხივებდა.

კოული დედის სიხარულის მიზეზს ხვდებოდა. მან მოიხადა ყველა დაავადება, რომლებიც აუცილებლად უნდა მოეხადა. ეს ერთგვარი ვალი იყო, რომლის გადახდასაც ბიჭმა ათი წელი მოანდომა. მთელი თავისი სიცოცხლე! ყოველი ავადმყოფობა მძიმედ მოიხადა, მაგრამ ისინი სიამაყისა და სიამოვნების წყაროსაც წარმოადგენდა. ახლა კი  უკვე  ყველა მათგანი მოიხადა. მართლაც რომ, მისალოცი იყო – და არა მარტო იმის გამო, რომ ახლახან დაბადებიდან ათი წელი შეუსრულდა.

როდესაც ის  იწვა და დედა და ექიმი ჰენდერსონი თავს ევლებოდნენ, კოულს ბედნიერების ტალღამ გადაუარა. თვით სიტყვა „ბედნიერება“ თითქოს თავს დასტრიალებდა, ისევე, როგორც ექიმ ჰენდერსონის ჯერ უთქმელი დიაგნოზი, და ეს სიტყვა – ბედნიერება – შესაძლოა, სწორედ ის სიტყვა იყო, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში მის თავზე ილივლივებდა.

„ესეც ასე, ჯიმი. ჩემი აზრით, დედაშენი არ შემცდარა.  საბედნიეროდ,  ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა“.

ექიმმა ჰენდერსონმა კოულის დედას სწრაფი, შესაძლოა, თავხედური მზერა ესროლა. დედამისი ხშირად ამბობდა ამ სიტყვას (ჩვეულებრივ, შვილის მისამართით) – „ნუ თავხედობ!“.

„ქუნთრუშაა“ – თქვა ექიმმა ჰენდერსონმა. – „მეც ასე მგონია“.

კოულის დედამ კი ოდნავ შესამჩნევი ღიმილით შენიშნა: – „თუმცა, შესაძლოა, ეს სიწითლე არაფერს ნიშნავს“.

ექიმმა ჰენდერსონმა ჩაიფრუტუნა ან, შესაძლოა, გაიცინა. „არაფერს ნიშნავს? აბა,  ყმაწვილო, ხომ   გააღებ პირს“?

კითხვა დაუსვა, მაგრამ პასუხის გაცემის საშუალება აღუკვეთა. კითხვა ჰაერში ტრიალებდა, როდესაც ექიმი ჰენდერსონი კოულის ენას და ნუშისებრ ჯირკვლებს აკვირდებოდა.

– ნამდვილად ქუნთრუშაა. აბა, შენი გამონაყარი მაჩვენე.

ახლა, როდესაც კოულს მანქანა აკლდამების მსგავს სახლებს შორის მიჰყავდა, თავისი პიჟამა გაახსენდა, რომელიც სკამივით ზოლიანი იყო. გაახსენდა თავისი გამონაყარიც, ქავილიც და ისიც, რომ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ის უკვე ჯანმრთელი იყო, კანი მაინც უხეში და ხორკლიანი ჰქონდა. გაახსენდა, აგრეთვე, იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სახელწოდებები რამდენადმე ბავშვურად და ზღაპრულად ჟღერდა, ისე,  თითქოს ბავშვებისთვის იყო გამოგონილი: წითელა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ყივანახველა… ყოველივე ეს უნდა მოეხადა და შემდეგ უკან მოეტოვებინა, ისე, როგორც უკვე უსარგებლო საბავშვო ტანსაცმელი.

ბავშვებს დედამიწის ყველა კუთხეში ემართებათ ასეთი დაავადებები. ოდესღაც ისინი საშიში იყო, ზოგჯერ – ძალიან საშიში და, შესაძლოა, მომაკვდინებელიც.  როდესაც კოული უფრო პატარა იყო, საშიში დაავადება იყო პოლიომიელიტი. თუმცა, ერთ დილას ეს საფრთხე კოულს თავიდან ააცილეს იმის წყალობით, რომ ხელში ნემსი უჩხვლიტეს.  შეეშინდა. მაგრამ არ უტირია. დედამისს ძალზე კმაყოფილი იერი ჰქონდა.  პოლიომიელიტი მოგერიებულ იქნა, ისე, რომ კოული საწოლში ორი დღეც კი არ წოლილა. მკლავში ნემსის ჩხვლეტა. ეს ნიშნავს, რომ პოლიომიელიტი არასოდეს დაგემართება, რადგან, ასე ვთქვათ, ეს დაავადება უკვე მოხდილი გაქვს. დედამ  განუმარტა, ამას ვაქცინაცია ეწოდებაო.

გზაზე კიდევ ერთმა მელიამ გაირბინა. ბინდბუნდში არ ჩანდა არც მისი თავი, არც მოწითალო ბეწვი, მაგრამ კოულს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მელიები იკრიჭებოდნენ.

საწოლ ოთახში ფარდები ნახევრად ჩამოშვებული იყო – ბიჭის ავადმყოფობის გამო. კვლავ აიძულეს დადუმებულიყო, რადგან პირში თერმომეტრი ჩაუდეს. ექიმმა ჰენდერსონმა თავისი ჩანთიდან წამლები ამოიღო და დედას რამდენიმე რჩევა-დარიგება მისცა. ბიჭს ორი აბი დაუყოვნებლივ უნდა გადაეყლაპა. ექიმმა კიდევ ერთი რეცეპტი გამოწერა. შემდეგ თერმომეტრი აიღო, დახედა, ფრთხილად გაწმინდა და  პატარა მილაკში შეინახა.

„მსუბუქი ფორმაა, ჯიმი. მაღალი სიცხე არ გაქვს. უარესი შემთხვევებიც მინახავს. რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდები, თუ დედაშენის რჩევებს დაუჯერებ.  ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ იარო“.

რა ბედნიერებაა!

„რაც შეეხება სიწითლეს, ყმაწვილო, ვერაფრით დაგეხმარები. ადრე თუ გვიან გაგივლის“.

ექიმმა ტუჩები მოკუმა. სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი დასთამაშებდა. შემდეგ თავისი ჩანთა დახურა, სკამიდან წამოდგა და საათზე დაიხედა. „დედაშენი დამპირდა, ჩაის დაგალევინებო“.

ექიმ ჰენდერსონს ყოველთვის ჩაით უმასპინძლდებოდნენ.

კოულის დედაც წამოდგა. ახლა ისინი გვერდიგვერდ იდგნენ  საწოლთან, ისე, თითქოს კოული მათი შვილი იყო. ექიმმა ჰენდერსონმა თქვა:  „მეგობრებთან თამაშსაც არ გირჩევ. თუმცა, ალბათ, თამაშით უკვე გული მოიჯერე.  შესანიშნავი დაბადების დღე იყო. იღბალი გქონია, რომ  ქუნთრუშა მოგვიანებით დაგემართა. ვნანობ, რომ პირადად ვერ მოგილოცე“.

შემდეგ ისინი ქვევით ჩავიდნენ და კოულმა რატომღაც გაიფიქრა, ალბათ, ექიმი ჰენდერსონი ჩემს საძინებელ ოთახში აღარასოდეს შემოვა, თუკი ეს უკანასკნელი ავადმყოფობა არისო.  შემდეგ გაუკვირდა: ნეტავ, რატომ ნანობს ექიმი ჰენდერსონი, რომ დაბადების დღეს ვერ დაესწრო? ნუთუ, სტუმრად მოიწვიეს?

უეცრად გაახსენდა, როგორ იწვა ლოგინში და  იგონებდა ერთი კვირის წინანდელ წვეულებას, წვეულების ყოველ დეტალს. ახლა, სამოცი წლის ასაკს გადაცილებულს, ყველაფერი ისევ ისე ცოცხლად ახსოვდა.

ის წვეულება, რომელზეც, შესაძლოა, ექიმი ჰენდერსონი ესწრებოდა! თუმცა, რატომ უნდა ყოფილიყო  ექიმი  წვეულებაზე?  რატომ უნდა მდგარიყო, როგორც საპატიო სტუმარი, ბავშვების დედებს შორის?  დედები ერთადერთი მოზრდილები იყვნენ იმ წვეულებაზე. მამები არ მოსულან.  სამსახურებში იმყოფებოდნენ. ყველა მამა. და ყველა ექიმი.

ეს იყო შესანიშნავი წვეულება. ახლა კოული ხვდებოდა ამას. საუკეთესო იყო იმ წვეულებებს შორის, რომლებსაც დაბადების დღეების აღსანიშნავად უხდიდნენ, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ათი წელი შეუსრულდა. დიდი ბიჭი იყო, მისი ასაკი უკვე ორნიშნა რიცხვით განისაზღვრებოდა. განსაკუთრებული წვეულება იყო, რადგან – ახლა მან უკვე იცოდა ეს – ერთ წელიწადში მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. და კოულის სამყარო დაიმსხვრა.

დედამისს და ექიმ ჰენდერსონს ერთმანეთთან სასიყვარულო კავშირი არ ჰქონიათ, თუმცა, ბიჭი  ამას ვარაუდობდა და ბუნდოვნად ოცნებობდა კიდეც. დედა ზოგჯერ მიდიოდა ჰენდერსონთან, მაგრამ –  მხოლოდ როგორც ექიმთან. ქალური ამბებიაო, თქვა ერთხელ კოულის მამამ ამ ვიზიტების შესახებ. შემდეგ  მხრები აიჩეჩა, ისე, თითქოს ამას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ახლა კოულმა გაიფიქრა, იქნებ ამ ვიზიტებს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდათ  პატარა დის ან ძმის შეძენასთან, რასაც  მშობლები ოდესღაც მპირდებოდნენო. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ მშობლებს ეს საკითხი გაცილებით უფრო ადრე გადაეწყვიტათ, ვიდრე ბიჭი ათი წლისა გახდებოდა. დედამისი ერთი შვილით დაკმაყოფილდა. კოულიც კმაყოფილი იყო, რომ დედისერთა გახლდათ. სწორედ მაშინ  გაბედა და ივარაუდა, რომ დედამისი მკურნალობის მიზნით როდი სტუმრობდა ექიმს.

თუმცა, ყველაფერი პირიქით იყო. როდესაც მამა ამბობდა, სამსახურში მივდივარო, სინამდვილეში ვიღაც ქალთან მიდიოდა.

მაგრამ ამ ფიქრებს როდი ჩაუმწარებია დაბადების დღე, ისევე, როგორც  – დაავადებას, რომელიც ერთი კვირის შემდეგ დაემართა.

ეს შესანიშნავი წვეულება ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გაიმართა, ბაღში, კოულის ოთახის ფანჯრის ქვეშ. საწოლიდან რომ წამომდგარიყო, თვალს შეავლებდა იმ ადგილს, მაგრამ ეს აუცილებელი როდი იყო – ყველაფერი კარგად ახსოვდა.

ახლაც კარგად ახსოვდა.

მდელობს კოულის უამრავი სტუმარი, მისი თანაკლასელები მოჰფენოდნენ. ერთი საათის წინ ისინი სკოლაში იმყოფებოდნენ და მდელობი, უბრალოდ, ივნისის მზით გასხივოსნებული ადგილი იყო კოულების ბაღში. მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილიყო. ბიჭებს, კოულის ჩათვლით, სუფთა პერანგები ჩაეცვათ, გოგონებს კი –  ლამაზი კაბები. შემდეგ ისინი კოულის ბაღში მოვიდნენ და მდელობს მოეფინენ.

სახლსა და მდელობს შორის, ვიწრო ტერასაზე იდგა მაგიდა, რომელზეც საჭმელ-სასმელი ეწყო. მის ირგვლივ მორთულ-მოკაზმული დედები შეგროვილიყვნენ. მაგიდის ქვეშ ელაგა საჩუქრები და თამაშებისთვის საჭირო საგნები. კოულს ესმოდა, რომ საჩუქრები ყველა ბავშვისთვის უნდა დაერიგებინათ, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მისი საჩუქარი საუკეთესო იქნებოდა.

ასეც მოხდა. სტუმრებმა ხორაგი სწრაფად გაანადგურეს.  მაგიდაზე გადაფარებულ სუფრაზე მხოლოდ ლაქები დარჩა. მდელობზე, სადაც მალე მხოლოდ ბავშვები დარბოდნენ, დახეული და დაჭმუჭნილი შესაფუთი  ქაღალდის ნაფლეთები, მუყაოს თეფშები და ჭიქები ეყარა, რომლებსაც ბავშვები ფეხებით თელავდნენ.

მთელი ეს ნამუსრევი კოულის დედის მძიმე შრომისადმი გადახდილი ხარკი გახლდათ. ალბათ, ძალიან დაიღალა იმ დღეს, როდესაც ამზადებდა პაწაწინა ნამცხვრებს  და  დიდ ტორტს და, ასევე, ნაყინს, ჟელეს, ლიმონათს, ფორთოხლის წვენს, რომლებიც ახალი მაცივრიდან გამოტანილ ყინულის ნატეხებზე უნდა დაესხა. იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც გავიდა სკოლიდან კოულის დაბრუნებასა და წვეულების დაწყებას შორის, ბიჭი ხედავდა, როგორ მშვიდად, აუღელვებლად, ღიმილით აწყობდა დედამისი სუფრას.  დიდი დრო მოანდომა საჩუქრების შეფუთვას. როგორ დინჯად ალაგებდა  მაგიდაზე საჭმელ-სასმელს.

ბიჭი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, დედამისივით აუღელვებლად შეხვედროდა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას.

ბოლო წუთს დედა სწრაფად ავიდა თავის საძინებელ ოთახში, რომ კაბა გამოეცვალა. როდესაც ჩამოვიდა, წითელი ყვავილებით მოჩითული კაბა ეცვა და სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.

შემდეგ კარზე ზარი დარეკეს.

კოული ყოველივე ამას ხედავდა ახლა, როდესაც მიემართებოდა იქ, სადაც წვეულება სულაც არ ელოდა. ხედავდა ბავშვებს მდელობზე; ქალებს, რომლებიც მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ან   ნამცხვრები  და სასმელიანი ჭიქები დაჰქონდათ; არიგებდნენ საჩუქრებს. ზოგიერთ მათგანს ძალზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

კოულს ახსოვდა წვეულებაზე დაპატიჟებული ზოგიერთი მეგობრის სახელი, თუმცა ეს მეგობრები ათეულობით წლების განმავლობაში არც კი გახსენებია: ბობი სკოტი, ნაიჯელ უილსონი, ჰელენ ფლეტჩერი, ვენდი სიმსი…  მდელობზე დარბოდნენ… ნეტავ, ახლა სად არიან?

დადგა წუთი, როდესაც დედებმა მას დაუძახეს, გვერდზე გაიყვანეს და ეუბნებოდნენ: „არ დაგვივიწყო, ჯიმი“. ან „შენც მოგვინახულე!“.

ეს მისის სიმსმა უთხრა. „შენც მოგვინახულე.“ ნეტავ, რას გულისხმობდა? ეს სიტყვები მას შემდეგ წარმოთქვა, რაც თითქმის მთლიანად ჩაიტენა პირში პატარა ნამცხვარი. თვალები კინაღან გადმოსცვივდა, ისევე, როგორც მის პატარა გოგონას, რომელმაც სცადა, დედისთვის მიებაძა. ქალმა ნამცხვრის ნამცეცები მოიწმინდა პირიდან, შემდეგ ხელის თითები ჰაერში აათამაშა. მასაც ყვავილებით მოჩითული, მოკლესახელოებიანი კაბა ეცვა, ღრმად ამოჭრილი გულისპირით. როდესაც პირი მოიწმინდა, მსხვილი ნამცეცი გულისპირში ჩაუვარდა და გაუჩინარდა. იგრძნო თუ არა ეს მისის სიმსმა? შეამჩნია თუ არა ის, რაც ბიჭმა დაინახა? მაგრამ ქალმა მხოლოდ ბორძიკით წაილაპარაკა: „შენც მოგვინახულე, ჯიმი“  და დასძინა: „ჩვენც, გოგონები მოგვინახულე“. დედები ახლა „გოგონებად“ იქცნენ? ბიჭი დაიბნა.

შემდეგ მისის სიმსმა მდელობს თვალი შეავლო და ისევ ჯიმს მიმართა ისეთი შეკითხვით, რომელმაც ბიჭი კიდევ უფრო დააბნია: „აბა, ჯიმი, ახლა უნდა გვითხრა, რომელი მათგანია საუკეთესო? რომელი მათგანი უფრო მოგწონს?“ და მაშინვე დააზუსტა: „რომელი კაბა მოგწონს?“  ბიჭმა მაშინვე გაიფიქრა, ნეტავ, რომელიმე გოგონას გულისხმობს თუ რომელიმე კაბასო. ან შეიძლება ეს ერთი და იგივე იყო. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მას უნდა გაეცალკევებინა გოგონები და მათი კაბები? რა უნდა ეპასუხა?

ამიტომ  არაფერი უთქვამს. ნუთუ მისის სიმს მართლაც სურდა, რომ ბიჭს მისი ქალიშვილი – ვენდი სიმსი და მისი კაბა დაესახელებინა? კაბაც და გოგონაც?  შემდეგ სხვა დედამ – მგონი, ეს მისის სკოტი იყო – შენიშნა: „შეხეთ, როგორ გაწითლდა!“ და ბიჭმა კიდევ უფრო მეტი უხერხულობა იგრძნო.

მაგრამ ბიჭის დედამ სწრაფად, მაგრამ მშვიდად თქვა: „თავი დაანებეთ. შეეშვით. ეს ხომ მისი დაბადების დღეა“. დედა არ საყვედურობდა დანარჩენ ქალებს. ეს იყო უბრალოდ უწყინარი შენიშვნა, რომელმაც ბიჭი გადაარჩინა. იცოდა, რომ ახლა სამოცდათორმეტი წლის ბერიკაცი იყო და მანქანის საჭესთან იჯდა, მაგრამ დედის სიტყვები მასთან თითქოს ფრინველივით მოფრინდა  და დასაცავად ფრთები გადააფარა.

და მეტად აღარ გაწითლებულა? საიდან უნდა სცოდნოდა? შესაძლოა, არავინ, თვით მისის სიმსმაც კი არ იცოდა, რომ ბიჭი დაბნეულობის გამო კი არ გაწითლდა, არამედ იმ  ნამცეცის გამო, რომელიც მისის სიმსს გულისპირში ჩაუვარდა.  სად გაქრა?  და ბიჭმა გაიფიქრა, რომ ეს ქალები, რომელთა კაბები, შრიალებდნენ და სხეულზე ეხებოდნენ, სწორედ მისი, ბიჭის გამო იყვნენ ასე ლამაზად  მორთულ-მოკაზმულნი.

წამით მას ქალები დაეუფლნენ და თავიანთი ძალაუფლება აგრძნობინეს. და აგრძნობინეს, რომ ისინიც გოგონები იყვნენ. დედის სასწაულებრივი ჩარევის შემდეგ ბიჭს ისიც კი  მოეჩვენა, რომ ყველაფერს მათი თვალთახედვით აღიქვამდა. არა მარტო თვით წვეულებას, მდელობზე მოთამაშე ბავშვებს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა გამოერჩია, არამედ – ყველაფერს. ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა. მდელობსაც, ბაღის დანარჩენ ნაწილსაც და მიმდებარე ბაღებსაც, თავიანთი მდელობებით, მესრებით, ვაშლის ხეებით, ვარდისა და ჰორტენზიის ბუჩქებით; და წითელკრამიტიან სახლებს, მოლაპლაპე ფანჯრებით. ბევრი ფანჯარა ღია იყო და სახლების მკვიდრნი ამ მოკაშკაშე შუადღით ტკბებოდნენ.

ის გარემოს თვალს ავლებდა, ისევე, როგორც ქალები – ბიჭმა ეს იცოდა – დროდადრო, ნება-ნება,  თვალს ავლებდნენ იქაურობას, რათა  ყველაფერი მეხსიერებაში აღებეჭდათ. ყველაფერი.

ერთხელ უთხრეს, ეს სახლები დაახლოებით შენი ასაკისა არისო. როდესაც ბიჭის მშობლები აქ დაბინავდნენ, ახალი სახლები იყო. პირველმოსახლეთა სახლები. ახლა მათ ათი წელი შეუსრულდა, მაგრამ  ახალაშენებულ ნაგებობებს ჰგავდნენ. სახლებში ახალი მაცივრები, ახალი ტელევიზორები იდგა.

ამ  სხივიან დღეს მამებს ვერც სახლებში და ვერც ბაღებში ვერ ნახავდით, რადგან – იცოდა თუ არა ბიჭმა მაშინ ამის შესახებ? – თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რათა ყოველივე ამის საფასური გადაეხადათ, ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ მთელი ეს სილამაზე.

რა საჭირო იყო  ექიმ ჰენდერსონის დაპატიჟება?

ბაღებში აქა-იქ იდგა ვეებერთელა ხეები, რომელთა ფოთლებს   შუადღის მზის შუქზე ოქროსფერი დაჰკრავდათ.  ეს ხეები იმ დროიდან იდგნენ, როდესაც აქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ცოცხალი ღობეები და მინდვრები იყო. ბიჭის დაწყებითი სკოლის ადგილას ოდესღაც  ფერმერის სახლი და ფარდულები იდგა.  ახლა ამის დაჯერება ძნელი იყო.

მან მიმოიხედა და გაიფიქრა, რომ დედებს, ალბათ,  ყოველივე ეს სამოთხედ მიაჩნდათ. სწორედ ამას ნატრობდნენ და  მიაღწიეს კიდეც. ამ სამოთხეში ზრდიდნენ შვილებს და წვეულებებს აწყობდნენ. უწინ კოული არ დაფიქრებულა ამაზე, ახლა კი  აღტაცებით ათვალიერებდა იქაურობას.

ბედნიერებისთვის სხვა რა იყო საჭირო… კოულს სუნთქვა შეეკრა, საჭეს ხელები მოუჭირა და  მოგონებათა ტკბილი სურნელი შეიგრძნო. სამოცდათორმეტი წლის კაცს მიჰყავდა მანქანა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

სუნთქვა ეკვროდა და მიხვდა, რომ ეს იყო ცხოვრების სურნელი. სურნელი.

კი მაგრამ, რატომ ვწითლდებით ხოლმე? რატომაა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი უხერხულობისგან წითლდება, რაც კიდევ უფრო მეტ უხერხულობაში გვაგდებს? შეიძლება თუ არა, რომ გავწითლდეთ ბედნიერებისგან, როდესაც ის აქვე, ახლოს შრიალებს და კანზე გვეხება? კოული კარგად იცნობდა ადამიანის ორგანიზმს, მაგრამ სიწითლეზე მეტი რამ როდი იცოდა, ვიდრე, როგორც ჩანს, ექიმმა  ჰენდერსონმა.  ეს მისი სფერო არ იყო. გაწითლება, ალბათ, ახალგაზრდებსა და უმანკოებს სჩვევიათ. მან გამოცადა ეს. „გოგოსავით წითლდებაო“, ამბობენ ხოლმე. ან ბიჭსავით.

მაგრამ კოულმა იცოდა, რომ შეიძლებოდა გაურკვეველი მიზეზთ გაწითლებულიყო. შესაძლოა, ის ახლაც წითლდებოდა თავის მანქანაში, როდესაც  ათწლეულების წინ განცდილს  იხსენებდა. ნეტავ, წითლდება თუ არა  ადამიანი – რაც ნამდვილად პარადოქსია – როდესაც  მას ვერავინ ხედავს? და რას გრძნობს, როდესაც  ცდილობს  დამალოს თავისი განცდები არა მარტო სახის ნიღბის, არამედ ტანსაცმლის ქვეშაც?

ნეტავ, რატომ გაწითლდა იმ წვეულებაზე – იმიტომ, რომ მისის სიმსს გულისპირში ნამცეცი ჩაუვარდა თუ  დამაბნეველი შეკითხვის გამო, რომელიც ქალმა  დაუსვა? იგულისხმებოდა თუ არა  ამ შეკითხვაში მომავალი, რომელიც ესოდენ მიმზიდველად წარმოუდგა მის მზერას? ხომ შეიძლებოდა, მისი სიცოცხლის არსი გოგონების დიადი არჩევანი ყოფილიყო. გოგონებისა! შესანიშნავია! რა ბედნიერებაა!

მაგრამ ახლა ყოველივე დამთავრებული იყო. მისი საყვარელი  ქალები ცოცხალნი აღარ იყვნენ. და მასაც უახლოვდებოდა სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ ზრუნავდა თავის ჯანმრთელობაზე.

ახლა ძალზე ახლო იყო სიცოცხლის დასასრული, ისევე, როგორც მისი დასაწყისი. ათი წელი. ამბობენ, ეს მაშინ ხდება, როდესაც იხრჩობიო.  თურმე, მთელი შენი ცხოვრება გაგირბენს თვალწინ. ასევე ხდება, როდესაც პაციენტები განყოფილებაში იხოცებიან. არსებითად, იხრჩობიან.

საავადმყოფო ახლა უკვე ძალზე ახლოს იყო. გზის ბოლოს, აპრილის დილის მკრთალ შუქზე ხედავდა ნაგვის საწვავი ღუმლის მაღალ მილს და განათებული ფანჯრების მოლაპლაპე მინებს. ნებისმიერ წუთს  შეიძლებოდა დასწეოდა სასწრაფო დახმარების მანქანა და გაეგონა სირენის ხმა. ერთ დილას სასწრაფო დახმარების სამმა მანქანამ გაუსწრო.

რამდენიმე წუთში იძულებული გახდება, მეხსიერება გამორთოს  და ყურადღება გადაიტანოს პროფესიულ საქმეებზე. მთელი სიცოცხლის გამორთვა დასჭირდება,

რით დამთავრდება ეს პანდემია? არავინ იცოდა. კოულს შეეძლო მხოლოდ უსასრულოდ გაჭიანურებული საათების განმავლობაში თავი არ დაეზოგა იქ, სადაც ადამიანები იტანჯებოდნენ.

რამდენიმე ექიმს უკვე სასოწარკვეთილებას ატყობდა. ფსიქიატრია კოულის სფერო არ იყო, მაგრამ ამგვარ განწყობილებებს ადვილად ამჩნევდა. ამ ექიმებს ოჯახები ჰყავდათ, მხოლოდ მოგონებებით როდი ცოცხლობდნენ. მათი სახლები ცარიელი არ იყო და არც  გარაჟების ავტომატური კარები აღუძრავდა სევდას.

ერთმა  კოლეგამ  ხანმოკლე შესვენებისას უთხრა, ეს უბრალოდ  აფეთქება, პანდემიის აფეთქება არისო. და რომ ეს იყო მხოლოდ წინასწარი მზადება რეალური უბედურებისათვის, რომლის შედეგად კაცობრიობა განადგურდებოდა. თუკი, რა თქმა უნდა,  სასწაული არ მოხდებოდა.

მან კვლავ დაინახა  ვეებერთელა ხეები, რომლებიც თითქოს დარაჯობდნენ ბაღს. დაინახა მდელობი, რომელიც მამამისმა საგანგებოდ გათიბა წვეულების წინა დღეს; დაინახა მოხდენილი კაბები;   დაინახა მისის სიმსი,  მისი მოშიშვლებული მხრები. დაინახა დედა. და დაინახა, როგორ იწვა ლოგინში წვეულებიდან ერთი კვირის შემდეგ, ასევე – სკამზე ჩამომჯდარი  ექიმი ჰენდერსონი და საწოლისკენ დახრილი დედა.

კოული დარწმუნებული იყო, რომ დედამისმა სწორედ ექიმ ჰენდერსონის გამო მოინდომა, მისი შვილი ექიმი გამხდარიყო. როდესაც ისინი ბიჭის საძინებელი ოთახიდან გავიდნენ და ჩაის დასალევად ქვევით ჩავიდნენ,  მათი ჩურჩული  ესმოდა. შემდეგ ექიმი ჰენდერსონი წავიდა.

კვლავ გაიგონა, როგორ უთხრა ზოლიან სკამზე მჯდარ ექიმ ჰენდერსონს დედამ, შესაძლოა, ეს სიწითლე არაფერს ნიშნავსო და  ლოგინში მწოლიარე შვილს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. ამიტომ მან იცოდა, რომ  სწორედ მაშინ, როდესაც ათი წელი შეუსრულდა, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, ქუნთრუშა დაემართა.

© არილი

The New  Yorker

Jan 18, 2021