დალი კუპრავა – ის მხოლოდ ჰუმანისტია, ანუ ისევ ფოლკნერზე

william faulkner 343

უილიამ ფოლკნერი, „დროშები მტვერში“, მთარგმნელი ზაზა  ჭილაძე, თბ. “დიოგენე“, 2013  

        უილიამ ფოლკნერმა რომანი „დროშები მტვერში“ 1927 წელს დაასრულა. გამომცემელმა რედაქტირებისას, ავტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორმოცი ათასამდე სიტყვა ამოაგდო ხელნაწერიდან და ის 1929 წელს გამოიცა სათაურით “სარტორისი“. მხოლოდ 1975 წელს დაიბეჭდა რომანის ავტორისეული ვარიანტი სრულად, ამჯერად სათაურით  „Flags in the dust“, ხოლო „სარტორისი“ ბეჭდვიდან ამოიღეს. ის დღეს იშვიათი და ძვირად ღირებული გამოცემაცაა, რომლის ანალიზი არა მხოლოდ ლიტერატორებისთვისაა საინტერესო.

ეს  რომანი ფოლკნერის მესამე ნაწარმოებია. ძნელი წარმოსადგენია, რომ მაშინ ავტორს რედაქტორის ნამოქმედარი მოსწონებოდა, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ დამწყები მწერლისთვის ახალი რომანის გამოცემა იოლი არ იქნებოდა. თუმცა მან საავტორო უფლება მაინც „დაიცვა“ და გაკრეჭილ რომანს სახელი თავად დაარქვა. ან იქნებ „ხმაური და მძვინვარების“  ამავე წელს გამოცემამ გადაფარა რომანის დასახიჩრებით გამოწვეული მწერლის „მძვინვარება“?!

ყველაფერი კი სიყვარულით დაიწყო. სატრფოსგან მიტოვებულმა უილიამ ფოლკნერმა ბრძოლის ველზეც ვერ პოვა შვება, რადგან, ვიდრე საფრენოსნო სამხედრო სკოლას დაამთავრებდა, ომიც დამთავრდა. შემდეგ კი, 1919 წელს, პირველ ქმნილებას – ლექსს (Apres-midi dun faune) აქვეყნებს ჟურნალში. მაგრამ პოეტი მაინც ვერ გახდა.

ამერიკელ მწერალს, შერვუდ ანდერსონს ფოლკნერისთვის ურჩევია, რომ პროზაში ეცადა ბედი და აუცილებლად ეწერა იმაზე, რაც კარგად იცოდა – ამერიკის შტატების სამხრეთზე. ეს რჩევა ფორტუნას ღიმილივით გამოდგა, აი, როცა თავის დროზე აღმოჩნდები იქ, სადაც საჭიროა.

ასე, რჩევით, და არა ანდერსონის მიმბაძველობით, გაჩნდა ფოლკნერის მიერ დაარსებული იოკნაპატოფა – მხარე მისისიპიში და დაიწერა თანამედროვე საგა იოკნაპატოფაზე – თეთრკანიანების მოსვლიდან მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ამერიკის სამხრეთის ისტორია.

თავი რომ არ შეგაწყინოთ ფოლკნერის ბიოგრაფიის შეხსენებით, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ 1929 წელი უცნაურად კარგი წელი გამოდგა ფოლკნერისთვის. კარგი რა იყო იმაში, რომ რომანი დამახინჯებულად გამოუცესო, თუ შემეკამათებით, მაშინ შეგახსენებთ, რომ ამავე წელს გამოიცა მისი „ხმაური და მძვინვარებაც“ და ამ წელს შეირთო ცოლად აწ უკვე დაქვრივებული თავისი სატრფოც, ვისი სიყვარულითაც იყო ინსპირირებული მისი ლექსი. “ხმაური და მძვინვარებით“ და მოგვიანებით (1949) ნობელის პრემიით ევროპამ უფრო ადრე დააფასა ფოლკნერი, ვიდრე ამერიკამ, ასე რომ, ფაქტია, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, გლობალური ხასიათის თეზაა. თან, გაგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ის დროა, როცა ომგადახდილი და მრავალჭირგამოვლილიც კი, ევროპა თავისი გემოვნებით ამერიკას მასტერკლასს უტარებს.

ის, რომ ფოლკნერის გმირები მკითხველისთვის იოლად ცოცხლდებიან, ფოლკნერის მწერლობის ნიჭია და ის, რომ გმირები წიგნიდან წიგნში გადასვლით სიცოცხლეს იხანგრძლივებენ, ესეც ფოლკნერისეული ხელწერაა. ლოგიკას მოკლებულია, რასაც ზოგიერთი ლიტერატორი დაასკვნის – ფოლკნერი ბალზაკის სტილის მიმბაძველიაო! აბა, გაიხსენეთ, რა ხშირად ხდება ბუნებაში, როცა ორი განსხვავებული ადამიანი ერთსა და იმავეს აღმოაჩენს.

რომანის ორივე სათაური მის შინაარსზეც გვიქმნის წარმოდგენას. “დროშები მტვერში“ – რა თქმა უნდა, სათაურიდან ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ამბავი სამოქალაქო ომსაც ეხება, ამერიკის ოთხწლიან ჯოჯოხეთს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. შესავალში ნათქვამზეც – პირველ სათაურად „სარტორისი“ ერქვა-მეთქი, – არ დაგჭირდებათ ფოლკნერისტ მკითხველებს თავის მტვრევა იმის თაობაზე, რომ რომანში სარტორისების ოჯახის ამბავია მოთხრობილი. სწორედ ამ რომანით დაიწყო ასორმოცდაათწლიანი იოკნაპატოფიადა.

ბავშვობაში ფოლკნერს უთქვამს, ჩემი დიდი ბაბუასავით მეც მწერალი გამოვალო. სრული ინფორმაციისთვის კი დავუმატებ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ფოლკნერის ბაბუა, კლარკ ფოლკნერი, მწერალი ყოფილა, სამოქალაქო ომზე ბესტსელერიც დაუწერია, რომელიც ისე იკითხებოდა, მეოცე საუკუნეშიც კი გამოუციათ. დიდი პაპა კლარკი პირველი იოკნაპატოფელი გახდა. ის იყო პოლკოვნიკ სარტორისის და არა მხოლოდ მისი პროტოტიპი.

ეს ფაქტიც იმას ამტკიცებს, რომ ფოლკნერს „დაუჯერებია“ უფროსი მეგობრის, შერვუდ ანდერსონის რჩევისთვის და იმას წერდა, რაც იცოდა, არაფერს იგონებდა – ამერიკისა და თავისი ოჯახის ისტორია იყო მისი მწერლობის წყარო. „სარტორისიდან“ მოყოლებული, მე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი საფოსტომარკისოდენა მშობლიური მიწა ამბის ამოუწურავი მარაგია, იმდენის, რომ ერთი სიცოცხლე არ ეყოფაო, უთქვამს ფოლკნერს.

ერთსა და იმავეს სხვადასხვა თვალით დანახულს, სხვადასხვა კუთხიდან შემჩნეულს რომ აღწერს, ესეც ფოლკნერის მხატვრული თავისებურებაა, თანდაყოლილი. რომანის პირველ ჯეფერსონელს -სარტორისს ერთი სახით ვერ დაიმახსოვრებ, ვერ იტყვი, რომ ის იყო „ასეთი“, რადგან „ისეთიც“ ვნახეთ. რომანს უამრავი წაიკითხავს, მაგრამ სარტორისის საერთო, მისაღებ სახეზე ვერ შეთანხმდებიან. ესეც ფოლკნერის მხატვრული შედეგია. ან იმ სირთულეს სად გავექცევით, რომ ფოლკნერის კითხვისას საკუთარი სახელების დამახსოვრებას არ უნდა ეცადო, თორემ ამასობაში მთავარი გამოგრჩება. სახელები თავს არ დაგავიწყებენ, სხვა რომანებში გამოჩნდებიან. ფოლკნერს კი ყოველთვის საზოგადოებას შებმული ადამიანი აინტერესებს, ადამიანი, შებმული საკუთარ თავთან, ადგილთან თუ დროსთან. სამხრეთის თეთრკანიანი აბორიგენები ძლიერი ადამიანები არიან, არც ისე უნაკლონი – მორალურად და დამნაშავეები – სამართლებრივად, ინდიელებსა და შავკანიანებზე „გადამლაჯველები“. ამერიკაში თეთრკანიანები პირდაპირ შავ ჯვარზე გაკრულები იბადებიანო, ამბობდა და წინაპართა ცოდვის განცდას, თავისი ახალგაზრდა გმირებივით, თავადაც ტრაგიკულად ატარებდა.

ამ რომანშიც ბევრი წარსულია, მაგრამ მნიშვნელოვანი აქაც თანამედროვეობაა, იმათი შვილები და შვილთაშვილები, ვინც „ამერიკა“ შექმნა.

დღეს ახალგაზრდობა ფოლკნერს არ წაიკითხავსო, ამბობენ. მე არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან კარგი მკითხველი ყველა ასაკში წაიკითხავს კარგ ლიტერატურას, მეოცე საუკუნის იქნება ის თუ მეთვრამეტესი; მით უმეტეს, რომ დღეს დედანში წაკითხვა  ბევრისთვისაა შესაძლებელი და კიდევ მით უმეტეს წაიკითხავენ  კარგად თარგმნილს (მთარგმნელი ზაზა ჭილაძე): ფოლკნერისთვის ბუნებრივ, თითქოს დაუმთავრებელ წინადადებებს. გრძნობა ისეთია, თითქოს შეუჩერებლად მოძრავი კამერა იღებს ყველაფერსო, არა და არ ჩერდება მკითხველის თვალი და გონება. ამის საშუალებას თარგმანის ენა იძლევა.

…თუმცა ყოველივეს  კითხვისას უკეთ იგრძნობთ.

© “არილი