ელკე ჰაიდენრაიხი – ეროვნული სამოსის მოდა

kenguru-89218

გერმანულიდან თარგმნა ნათია დათუაშვილმა

გერმანელი დოკუმენტალისტების ჯგუფი საღამოხანს ჯიპით ეროვნულ პარკს ათვალიერებდა. ისინი მიუნხენიდან იყვნენ, სამი კაცი და ერთი ქალი. ავსტრალიაში ცხოველების შესახებ დოკუმენტური ფილმების გადაღება უნდოდათ და ახალი ჩასულები იყვნენ ქვეყანაში. ეს მათი პირველი შემეცნებითი მოგზაურობა იყო. ჩემოდნები პარკის განაპირას მდებარე სადგომთან დაეტოვებინათ. როდესაც მათ რამდენიმე კენგურუმ გადაუჭრა გზა, პირველი ფოტოების გადასაღებად გაჩერდნენ. ერთი საშუალო ზომის, არცთუ მორიდებული კენგურუ ჯგუფს თან გაჰყვა, ხან მანქანის წინ მიხტოდა, ხან მის გვერდით. ერთ-ერთმა დოკუმენტალისტმა ვიდეოკამერა ამოიღო და  კენგურუს სასაცილო ხტუნვას იღებდა.

ჯიპის მძღოლმა ერთი წამით სიფრთხილე ვერ გამოიჩინა და, საუბედუროდ, ცხოველს გაჰკრა. ყოველ შემთხვევაში, კენგურუ უეცრად ძირს დაეცა და აღარ ინძრეოდა.

დოკუმენტალისტებმა მანქანა გააჩერეს და შეძრწუნებულები გადმოვიდნენ მანქანიდან. ცხოველი იწვა და არ იძვროდა, თუმცა სისხლი არსად ჩანდა. მათ ფრთხილად გაათრიეს კენგურუ გვერდზე და ხეზე მიაყრდნეს, რასაც ალბათ მაშინაც გააკეთებდნენ, კენგურუს ადგილას გულწასული ადამიანი რომ ყოფილიყო. ცხოველი მძიმე იყო, გაძვალტყავებული და მაგარი სხეული ჰქონდა. მის ცხიმიან ბეწვს ცუდი სუნი ასდიოდა. არ ინძრეოდა, იმის დადგენაც კი ძნელი იყო, სუნთქავდა თუ არა.

დოკუმენტალისტები ძალიან შეშინდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. ოპერატორი მაინც განაგრძობდა გადაღებას. მას ხეზე მიყრდნობილი თითქოს მძინარე კენგურუს ფოტოც საინტერესოდ მიაჩნდა. ფიქრობდნენ, ვინმე ხომ არ მოეყვანათ დასახმარებლად. საბოლოოდ ქალი და ერთ-ერთი კაცი მანქანით ბანაკისკენ წავიდნენ, ოპერატორი და მისი ბავარიელი მეგობარი ვალდი კი ჯერ კიდევ უსიცოცხლო ცხოველთან დარჩნენ.

მოგვიანებით არავის აღარ ახსოვდა, რატომ გაიხადა და ჩააცვა კენგურუს ვალდიმ თავისი ტრადიციული ტყავის პიჯაკი, რომელზეც ამოქარგული იყო მუხის ფოთოლი. ეს უფრო ზომიერად უგემოვნო ხუმრობას ჰგავდა. გაყურსულ ცხოველს მან თავისი არჩვის ბალნით დამშვენებული თექის ქუდიც დაახურა, ოპერატორი კი ყველაფერს აფიქსირებდა. ალბათ, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ პირველ საღამოს ანცობის ხასიათზე დადგნენ.

ისინი მოშორდნენ გარინდულ, უცნაურად დადუმებულ ცხოველს, რომელიც ტრადიციულ ქურთუკში გამოწყობილი, თექის ქუდით თავზე ევკალიპტის ხეს მიჰყრდნობოდა. იღებდნენ მას და იცინოდნენ. უეცრად კენგურუ გაინძრა. ღრმად, ხმაურიანად ამოისუნთქა, გამოფხიზლდა და წამოიმართა. ვიდრე კენგურუს მძლავრი უკანა ფეხებისა და ძლიერი კუდის გამო შეშინებული კაცები ცოტათი უკან დახევას მოასწრებდნენ, ცხოველი სწრაფად გაიქცა ტყისკენ. ამას არავინ მოელოდა.

კაცები აღარ იცინოდნენ. ისინი უყურებდნენ კენგურუს, რომელიც მათ შორდებოდა და  უჩინარდებოდა. პიჯაკში იდო თვითმფრინავის ოთხივე ბილეთი, ვალდის სამგზავრო პასპორტი და მისი ყველა საბუთი, მართვის მოწმობა, საკრედიტო ბარათები და სამოგზაურო ჩეკები, გარდა ამისა, ბაბუასგან ნაანდერძევი სათუთუნე, რომლის ემალის სახურავზე წითელლოყება ბერი იყო გამოსახული და რომელშიც კარგი დასაყნოსი თამბაქო ეყარა.

ახლა კი ჩვენი დოკუმენტალისტები მელბურნში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, თექის ქუდით თავდამშვენებული, თამბაქოს მყნოსავი კენგურუს გამოჩენას ელოდებიან, რომ იოდლის შეძახილით გაიარონ რეგისტრაცია მიუნხენის მიმართულებით.

© არილი